• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

ანტიტყაოსანი

×
Paata Shamugia
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 07 იანვარი, 2009 7268

მესიჯი ტარიელისა ნესტან-დარეჯანისა თანა მიწერილი

(მინი პოემა)

 

ბოლოსდაბოლოს, ადრე თუ გვიან,
დღესა თუ ხვალე, ჩვენით თუ ღმერთით,
ის, რასაც ჩვენი სიცოცხლე ჰქვიან,
ისტორიისთვის იქნება წვეთი.

ბოლოსდაბოლოს, ლამაზ მეძავსაც
დაეკიდება ქათქათა მკერდი,
ბოლოსდაბოლოს ღმერთიც ბერდება,
და ვიღას უნდა ბებერი ღმერთი!

ბოლოსდაბოლოს, ის, რაც არ თქმულა,
შესაძლო არი, არცროდის ითქვას.
სამაგიეროდ, ჩვენში ვაგროვებთ
იმ დაუწერელ და უთქმელ სიტყვას.

შენ მეუბნები,
რომ წარსული ახლა იწყება,
მომავალი კი, დიდიხანია, თურმე დამთავრდა.

ნუ გეშინია
ვინაიდან მომავალში თუ ვერ შევძელით,
იქნებ წარსულში მაინც გავხდეთ გმირები.
ჰო, წარსულში გავხდეთ გმირები, სუპერსტარები,
როგორც რვაასი წლის მერე ნიკოლსონი ან ტარანტინო.

და შენ. ჰო, შენ-სწორედ ისეთო, როგორიც შენ ხარ,
სწორედ ისეთო თეთრო და თეთრო და მშვიდო,
როგორი თეთრი და თეთრი და მშვიდიც შენ ხარ,
გახსენი შენი უსასრულო სივრცეები,
რათა შემოვაჭენო ჩემი ვნების,
ჩემი აღვირახსნილობისა და სიგიჟის ქარბობალა
შენს სივრცეებში.

მეც მაგას ვამბობ:
მომავალი დიდიხანია უკვე დამთავრდა,
წარსული კი ადრე თუ გვიან უნდა დაიწყოს. 

ჰო, წარსული უსათუოდ უნდა მოხდეს,
ისევე როგორც მოხდა ადამიანი
და ადამიანმა მოახდინა ღმერთი და ა.შ. 

ჰოდა, ჩვენც მოვხდეთ,
აი, ახლა, ამწამსვე მოვხდეთ
და მოვახდინოთ ყველა ჩვენგანი
ისე, როგორც იესომ მოახდინა თითოეული წამი
და არ გამოაცალკევა ისინი
დროის მანქანიდან.

უბრალოდ, მოვხდეთ
როგორც ყოველდღიური რიტუალები,
როგორც დილის მენიუ
და ღამის მენიუ,
ან სამადაშვილის თავის ქალაზე
მიმხმარი ხვლიკის თავის ქალა
და შენი თავის ქალაზე
მიყრდნობილი ჩემი თავის ქალა
და მუზეუმში დაყუდებული
პირველი ევროპელის თავის ქალა
უბრალოდ მოვხდეთ,
როგორც ჩაი და ჩაიდანი,
როგორც ბურთი და მოედანი,
როგორც ბონი და კლაიდი,
როგორც ბონი და ბერლინი,
როგორც ლეონარდო და კეიტ მოსი,
როგორც ლეონარდო და ვინჩი.

უბრალოდ მოვხდეთ,
როგორც ხდება ცრემლი _ განშორებისას,
როგორც ხდება ცრემლი _ სინანულისას,
როგორც ხდება ცრემლი _ სიყვარულისას,
როგორც სიყვარული _ სიყვარულისას.

დე, სხვები მოხვდნენ სამოთხეში,
და ასკეზას მინდობილებმა
ზილონ სივრცითი წარმოსახვები,
სხვებმა აგროვონ ბალახის ფოთლები
და შეუერთდნენ ეთერულ სიმშვიდეს,
ჩვენ კი ვისხდეთ ყვითელ სკვერში და
ხანგამოშვებით მოვხდეთ ხოლმე. 

ისედაც მოხდა მოსახდენი:
ყველა სიტყვა დაუბრუნდა მნიშვნელობას,
ყველა სუნთქვა დაუბრუნდა ნესტოებს,
ყველა გმირი დაუბრუნდა ისტორიას,
ყველა ცრემლი დაუბრუნდა გუგებს,
ყველა ჯვარი დაუბრუნდა ქრისტეს
და ყველა ქრისტე დაუბრუნდა ჯვარს.

აი, შენც მოხდი და ახლა უკვე
შენ მიწყობ ღამით სასთუმალზე ლეგალურ სიზმრებს,
შენ მჩუქნი ღამეს ვარსკვლავიანს
და ფოთლებაკაპიწებულ შემოდგომას,
შენ მჩუქნი ნებას, რომ გავუღო მათ, ვინც კარებზე
დიდი ხანია, უიმედოდ აკაკუნებენ.
შენ მიჩენ იმედს, რომ ურცხვად არ გაიწელება
ქუთუთოებზე გაკიდული მოლოდინები. 

შენ მაძლევ ნიშანს, რომ უსათუოდ
მოვხდებით, თუკი შეიძლება, რომ
ითქვას და ალბათ შეიძლება, რომ
ითქვას და თანაც, ისე უბრალოდ, 
როგორც - `უფალი,”

რომელიც მოხდა.

თითქოსდა მორჩა, ჰეფი-ენდით დასრულდა სცენა
ერთურთს შეგვყარა პოეტმა და ჩადგა თავდებად,
ცხოვრება უფრო მწარე არის ვიდრე ჰგონიათ,
პოემები კი ორგაზმივით ტკბილად თავდება. 

დე იყოს ასე,
მე კი გეტყვი, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე... მაგრამ, არა! 

ასე ალბათ რვაასი წლის მერე იტყვიან
ჟანგიანი პოეტები,
მე კი მინდა, რომ წყნარად გითხრა, რასაც ახლა ვგრძნობ,
ამ დაწყევლილ (სავარაუდოდ, მეთორმეტე) საუკუნეში.

ჰო, მართალი ხარ, ასმათია ორსულად (თურმე!)
მიმიძღვის ბრალი...
მკერდი მისი _ ქათქათა ბროლი.
ტუჩი მისი მისი... ტუჩების ჭრილი...
კაბა მისი _ ჭრელი. 

ვერ შევძელი ძლევა ცდუნების,
მაცდური იყო მისი თმების ხოდაბუნები.

ისიც ძალუმად ცდილობდა რომ ვეცდუნებინე.
თანაც დღითიდღე ივსებოდა, ლამაზდებოდა,
მისი შემყურე რისხვის ღმერთიც განაზდებოდა.

ძუძუები ასკდებოდა,
თეძოებს კი ისე ჰაეროვნად
მიარწევდა ხოლმე,
რომ, მე მგონი, ხეები და კედლები და ქვებიც კი ერეგირდებოდნენ
და საგანთა ახალ ლოგიკას
უყრიდნენ საფუძველს.  

მე კი გავრბოდი, ტყე-ღრეებში ვკარგავდი ჩემს თავს
მინდოდა, სადმე გავქცეოდი საკუთარ სურვილს
და მოძალებულ ენერგიას ვანთხევდი ტყეში
დაბრუნებული ვივსებოდი უაზრო ურვით. 

ერთხელაც როცა ლომ-ვეფხს ხელით მოვუღე ბოლო
და დამაშვრალი დავბრუნდი და მივეგდე ქვაბში,
ღრმად ჩამეძინა გატანჯულს და და-ცა-ღლილს მაშინ... 

ანაზდად ვიგრძენ, რაღაც ძალამ მაღლა ამწია
(შუქი თვალთ მეცა, ვერ უძლებდა თვალი ამ ციალს)
და დამანარცხა მთელი ძალით ისევ მიწაზე.

შევხტი მყისიერ, დავინახე ჩემ წინ ასმათი,
ასმათს თვალები უელავდა, როგორც ას მაცილს
და გაცილებით დიიიიიიიდი მეჩვენა,
ისეთი დიდი, როგორც.. რა გითხრა,
როგორც, ვთქვათ, პიზა,
ან უფრორე ამერიკის სავაჭრო ცენტრი.

ემოსა ტანზე ეკლის სამოსი,
ჰგავდა ამოსულს
სიმშვიდის ტბიდან (თუკი ასეთი რამ არსებობს).
შემომთავაზა ტრაპეზი და არც ვიუარე,
წვნიანი იყო გემრიელად შეზავებული,
შიგან მას ქვაბსა ვიხედები, სადაც მე ვგდივარ,
ჰო, მე ვარ კარგად მოხარშული და შეკმაზული,
ასმათი იღებს ჩემი ხორცის აქნილ ნაწილებს,
და მშვიდად მაწვდის ჩემივე ტანს ქალი-ავსული. 

და უბნობს:
აჰა, აიღე მკლავი შენი და ბეჭი შენი,
თირკმელი შენი, კუჭი შენი და ტვინი შენი.
პირ-ბაგე შენი, ძუძუ შენი და მყესი შენი!..
მეც გიახელით საკუთარ თავს... 

გამომეღვიძა და გავედი ქვაბიდან წყლისკენ,
(წყარო კი იქვე ორ ნაბიჯში მოჩქრიალებდა)
და დავინახე საოცრება ენით უთქმელი,
რომლის აღწერას ვერ დაიტევს ვერც-რა ფურცელი.
ასმათ წყაროში ბანაობდა სრულად შიშველი,
უზადო იყო ყოვლი ნაკვთი მისი სხეულის,
ძუძუსთავები დაბურცვოდა, ზედ ხალიც ესხდა,
თეძოები კი თითქოს ხელით შეხებას მთხოვდნენ. 

მეც გამოვედი თავხედურად სათვალთვალოდან,
როს მივეახლე, შეკრთა, (რაღა დაგიმალო და)
უმალ მკლავებში მოვიმწყვდიე, როგორც მიმინომ,
და ოდეს ტანმა ჩემმა მისი გაინაბადა,
კარგა ხანს კიდევ კვნესოდა და ოხრავდა, მაგრამ
მერე ყუჩ იქმნა, როგორც წესი, გაინაბა და... 

კიდევ ერთხელ და არაერთხელ გავიმეორეთ. 

და ჩენს ორგიებს შურით მზერდნენ ხენიც, მფრინველნიც
და ხედვად მხეცნიც მოვიდიან. 

ჰო, საოცარი რამე იყო...
მე ვაჟიშვილი ვიყავი და ის კი ქალწული...
და დაქცეული სისხლის წვეთებით
ჩვენ ახალი ისტორიის ფურცვლას ვიწყებდით. 

კი, საოცარი რამე იყო,
რაღაცა მოხდა, რაღაც, ძილზე უფრო სანუკვი,
სურვილზე  უფრო საკრალური
და რეალური,
რაღაც ისეთი, რაც მაძლევდა სურვილს და ძალას,
გამომესხვრია ამ სულელურ პოემის ჩარჩო,
მაგრამ მოვიდა ავტორი და სურვილი ჩარჩა
ჩემი გონების სუყველაზე უღრან კუნჭულში.

გთხოვ, მაპატიო, მაგრამ უკვე რაღა დროსია
და ნუ იფიქრებ წამითაც, რომ ასმათ ბოზია,
ჩვენს ცხოვრებას ხომ შემთხვევები მართავენ ხშირად. 

ეს მოხდა მაშინ-მომავალში,
ახლა კი წარსული დაიწყება
და კინოკადრებივით ჩაგვირბენენ
ჩვენი უღიმღამო წარსულები,
უკვე მომაბეზრა თავი ყოფამ,
სადაც პრობლემების არი წყება,
სადაც ცხოვრება არასოდეს არ იწყება. 

შენ კი უსასრულოდ მიმეორებ,
რომ წარსული უსათუოდ მალე უნდა მოხდეს
ისევე, როგორც მოხდა ადამიანი და
ადამიანმა მოახდინა ღმერთი და ა.შ.

დე, იყოს ასე... ვიყოთ ასე
საკუთარ “განავალში გამომწყვდეულნი”,
მაგრამ მე მინდა იცოდე, კარგო,
მე შენ გეკუთვნი სულით, სხეულით,
ჩემი სხეულის სათითაო მოლეკულა
მოძრაობს შენი გულისცემის მიმართულებით;

მაგრამ სექსის ღმერთი
ყველაზე ღმერთზე ძლიერია,
რადგან შეგრძნების ახალ სამყაროს
სრულიად მარტივს, გასაგებს და ხელშეუხებელს
უყრის საფუძველს.

 

"ვეფხისტყაოსნის" ავტორმა კი, ეხ, გულუბრყვილომ

რა უწყოდა, რას ამბობდა მაშინ ეს გული,

მან არაფერი არ იცოდა. 

ტყუის ავტორი, ის მე არ მიცნობს,
თუმც, შეუძლია ჩემზე შლეგი თქვას.
ის ვერასოდეს გასცემს პასუხებს
დიაგნოზივით დასმულ შეკითხვას. 

და ერთადერთი, რაც აქ მაკავებს,
აქ, ამ პოემის რითმიან ტბაში,
არის იმედი, რომ ვიღაც მოვა,
და ყველა ტაბუს ამაყად წაშლის. 

და შენ... ჰო, სწორედ შენ-როგორიც შენ ხარ,
შენ მაღალო და მშვიდო და მშვიდო,
როგორი მაღალი და მშვიდი და მშვიდიც შენ ხარ.
შენ შენი სიმშვიდის მონავ და მეფევ,
მსურხარ და მსურხარ და
ცა როცა შავდება, შენი სუნთქვა
აწყვეტილ ქარს მოაქვს. 

ჰო, შენ ნესტან-დარეჯან (მომკლავს ეს ორი სათაური!)
ამავსე შენი აქარყოფნით,
შენი აქარწოლით აქ ამ ჩემს მკლავებზე,
შენი თეძოები ვერ ჩამოისვენებენ
ჩემს მრავალნაცად და მრავალნატანჯ მუხლებზე,
შენი მკერდი (ოხ, შენი მკერდი!) ვერ გაებმება
ჩემი პეშვების უხეშ მახეში,
შენი კერტები ვერ ამოავსებენ ჩემი პირის ჭრილის სივრცეებს.

ვიცი, არასდროს არ მაპატიებ,
არც მე ვპატიობ ამას ჩემს თავს
და შორს გავრბივარ ისევ ტყე-ღრეში, 

იქნებ, როგორმე ნადირებმა დამფლითონ და
დაინაწილონ ჩემი სხეული,
რომელიც დედამიწას ხელმეორედ დაუბრუნდება
ყველასათვის "ნაცნობი ხვრელის მეშვეობით. 

და კვლავ მარტო ვარ.
ჩვენ ყველანი ხომ მარტონი ვართ, ჩემო ძვირფასო,
მარტო ვართ მაშინ, როცა მარტო ვართ
და როცა სხვებთან ვართ,

მაშინაც ხომ მარტოდმარტო ვართ (იტყოდა მავანი).

და წარმოსახვით გეფერები, როგორც წიგნს
და წიგნს ვეფერები, როგორც შენ
და მე ვიცი, წიგნის შიგნით მიგნე-
ბასავით გამიხარდები,
თუკი სიზმრებში შემომიხანდახანდები, 

და შენ იცი, რომ თევზებიც კი
და მე ვიცი, რომ თევზებიც კი
და ჩვენ ვიცით, რომ თევზებიც კი
ფარფლით აღელვებენ წყლის ატომებს
მათაც ხომ აშინებთ სიმარტოვე

ხოლო (მხოლო-
ობითის ფორმით თუ ვიტყვით)
არა აქვს აზრი, რა სივრცეა ანდა რა დროა
ადამიანი ყველგან მარტოა.

პლატონი ამბობს: ვისაც უყვარს, ღვთაებრივია.
მეც ხომ მიყვარხარ. წარმოვიდგენ შენს ყელს მძივიანს,
ოცნებით მკერდზე მიგიკრავ და შენით დავთვრები
(ეხ, რას იტყოდა ამ თემაზე ძია ფროიდი? _
ვთქვი მე ავტორმა და გადავდე გვერდზე დავთრები). 

რა ვქნა, ძვირფასო, ვერ ავხტები ჩემს თავზე მაღლა.
ჰო, პერსონაჟი არ ვიყო და,
მე ვიცი, რასაც ვიზამდი ახლა... 

და ბედნიერია შენი ხელი,
რადგან შენი არი
და ბედნიერია ჩემი ხელი,
რადგან ჩემი არი
და ბედნიერია თევზის ფარფლი,
რადგან მისი არი
და ბედნიერია ქალის ტანი,
რადგან სხვისი არი
თუმცა, გზის  რუკა  მას ეკუთვნის, მას _ ადამიანს,
გაიხედავ და სხვა გზაა და სხვა სათავეა. 

მარტოა ზეცა, ქვე-ცა და ქვაცა
მარტოა მთვარეც სულს რო გვიალებს,
მეც ხომ მარტო ვარ, თუკი არ ჩავთვლით
ჩემს გარშემო მყოფ ადამიანებს. 

ვერ მცნობს ავტორიც, მე ახლა სხვა ვარ,
თუმც შეუძლია, ჩემზე შლეგი თქვას,
მე ახლა სხვა ვარ და ვცემ პასუხებს
დიაგნოზივით დასმულ შეკითხვას.

(send message: Nestana)

 ინტერპოლაცია

 გასრულდა მათი ამბავი, ვითა სიზმარი ღამისა..

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული