• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კადიში

×
ავტორის გვერდი ალენ გინსბერგი 17 ოქტომბერი, 2024 245

მთარგმნელისგან

„კადიში“, ან „კადიში ნაომი გინსბერგისთვის (1894- 1956)“, თანამედროვე ამერიკული აღსარებითი პოეზიის ერთ-ერთ პირველ ნიმუშს წარმოადგენს და ალენ გინსბერგის შემოქმედებაში  ყველაზე ემოციურ ლექსად არის მიჩნეული.
გინსბერგის დედა, ნაომი გინსბერგი, რუსი ებრაელი ემიგრანტი, 1956 წელს ფსიქიატრიულ საავადმყოფოში გარდაიცვალა. გარკვეული მიზეზების გამო, ალენი დედის დასაფლავებას ვერ დაესწრო. როგორც აღმოჩნდა, დასაფლავებას არ დაესწრო საკმარისი რაოდენობის ადამიანი იმისთვის, რომ  „კადიში“ - ებრაული სამგლოვიარო რიტუალური ლოცვა შესრულებულიყო. 
1958 წელს, ალენ გინსბერგმა, მეგობართან, ზევ პუტერმანთან ერთად, დედის სულის მოსახსენიებელად „კადიში“ წაიკითხა, ხოლო მოგვიანებით კი ლექსიც წერაც დაიწყო.  ლექსით გინსბერგი პატივს მიაგებს დედის ხსოვნას და იხსენებს დედასთან დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებმაც მის ცხოვრებაზე დიდი კვალი დატოვა. 
„კადიში და სხვა ლექსები“ 1960 წელს, ამერიკელი პოეტის ლორენს ფერლინგეტის გამომცემლობამ  „City Lights Pocket Poets“ - სერიით მე-14 წიგნად გამოსცა.

 

თარგმნა დალილა გოგიამ

 

    უცნაურია, რომ შენ, რომელიც კორსეტის & თვალების გარეშე წახვედი, გამახსენდი          
ახლა,ზამთრის კრიალა დღეს მანჰეტენის ცენტრში, გრინვიჩ ვილიჯში, 
    როცა მზიან ტროტუარზე მივაბიჯებ და წუხელ თავზე დამათენდა, ლაპარაკში, ლაპარაკში, 
კადიშის  ხმამაღლა კითხვაში, ვუსმენდი  რეი ჩარლზის ბლუზის ბრმა ყიჟინას ფონოგრაფში, 
   რიტმს რიტმს - და თავში შენზე მოგონებებს სამი წლის შემდეგ და ვკითხულობდი ადონაისის*                   
ბოლო ტრიუმფალურ სტრიქონებს, მთელი ხმით - მოთქმით და ნათლად ვხედავდი, 
თუ როგორ  ვიტანჯებით და როგორ გახდა სიკვდილი, ყველა მომღერლისთვის საოცნებო        
წამალი, და მას უგალობენ და ახსოვთ და წინათგრძნობენ, როგორც ებრაულ  ფსალმუნებში და 
ბუდისტურ პასუხთა წიგნში - და ჩემს ხილვაში  გამხმარ ფოთოლზე - გამთენიისას -
    სადაც ისევ დატრიალდა ჩვენი ცხოვრება, შენი დრო - ჩემიც სულ უფრო სწრაფად მიექანება 
აღსასრულისკენ, ახლოვდება აპოკალიფსი. ალმოდებული  ყვავილი დღისით, რა მოდის 
შემდეგ? 
ისევ უკან ვიყურები, მოგონებისკენ, რადგან მას ახსოვს ამერიკის დიდი ქალაქი, 
შორი ნათება,  და დიადი ზმანება ჩემზე, და ჩინეთზე, და შენზე, და ფანტომურ რუსეთზე
     და არეულ ლოგინზე, რომელიც არასოდეს არსებულა,
როგორც ლექსი წყვდიადში - უკან, ისევ არყოფნაში დაბრუნებული - 
აღარაფერი დარჩა სათქმელი, არც საქვითინო, გარდა ზმანების ბინადრებისა, და ისინიც, 
გაქრობის ხაფანგში მომწყვდეულები, ოხრავენ და ყვირიან,  და ფანტომის ნაკუწებს ყიდულობენ 
და ყიდიან და ერთმანეთს ეთაყვანებიან და ეთაყვანებიან  ღმერთს - 
რომელიც, ვიდრე გრძელდება ილუზია, ყველაფერშია  - სურვილსა თუ ბედისწერაში?  -   
    რა რჩება მეტი?
ის გარს მეხვევა, როცა გარეთ გავდივარ და დავსეირნობ, მეშვიდე ავენიუზე მხარს უკან, 
მაღლიდან დამყურებს  ღრუბლებქვეშ მოქცეული ლამის ცამდე აწვდილი ერთმანეთზე 
დაკიდებული ფართო ფანჯრებიანი ბიზნეს-შენობების ქონგურები,  და მათ ზემოთ ზეცა, 
    ისევ ის ძველი, ლურჯი ადგილი.  
მაშინაც, როცა ავენიუს ქვემოთ, სამხრეთისკენ მივუყვები, ლოუერ ისთ საიდზე - სადაც 50 
    წლის წინ  შენ დადიოდი, პატარა გოგო - რუსეთიდან,  მაშინ პირველად გასინჯე
    ამერიკული მოწამლული პომიდორი, დაგაფრთხო უცხო ნავსადგურმა -
 ბრბო გაარღვიე და გაიქეცი ორჩარდ სტრითისკენ. რა გიხმობდა? - ნიუარკი - 
საკონდიტრო, იმ საუკუნის პირველი - სახლის ლიმონათი - აშმორებულ ფარდულში იატაკის
    მოყავისფრო - ცისფერ დაფებზე ათქვეფილი - შინაურული ნაყინი.   
გიხმობდა სწავლა ქორწინება ნერვიული შეტევები, ოპერაცია, პედაგოგიური სასწავლებელი, 
    სიგიჟეში დახელოვნება წარმოსახვებით. - სულ ეს არის შენი ცხოვრება? 
გიხმობდა გასაღები ფანჯარაში - მოელვარე გასაღები თავის ნათელს ჰფენს გარეთ მანჰეტენს, 
    სახლში იატაკს, მისი სინათლე ეფინება ტროტუარსაც და თან დამყვება ერთ გაშლილ 
    სხივად, როცა პირველ ავენიუზე ებრაულ თეატრს ვუახლოვდები - ღატაკთა ადგილს, 
იქაურობას კარგად იცნობდი,  მეც კარგად ვიცნობ, მაგრამ ახლა ყველაფერი სულერთია - 
უცნაურია, გაიარო პატერსონი, დასავლეთი, ევროპა და დაბრუნდე იქ, 
სადაც სადარბაზოს შესასვლელთან  ლათინოსთა ხმაური ისმის,  ქუჩაში მუქკანიანი 
    ახალგაზრდები ირევიან, ხოლო სახანძრო კიბე კი შენსავით ხანდაზმულია 
- თუმცა, ხანდაზმულს ვეღარ გიწოდებ, ეს ყველაფერი აქ დარჩა, ჩემთან - 
მეც, უკვე ლამის ამ სამყაროს ხნის მოვიყარე - და მგონი, ისიც ჩვენთან ერთად იღუპება-
საკმარისია, უკუიქცეს ყველაფერი, რაც მომავლიდან ჩვენკენ  მოიწევს, - 
    ყოველ ჯერზე როცა რაღაც აქამდე აღწევს,  სამარადჟამოდ იკარგება -
და ეს კარგია! რადგან არ გვზღუდავს, უფლებას გვაძლევს, არ შევინანოთ - არც შიშის ფრქვევა, 
არც სიყვარულის ნაკლებობა, და არც წამება, და არც კბილის ტკივილი 
    ბოლოს -
თუმცა, ვიდრე გვიახლოვდება, ის არის ლომი, რომელიც ნთქავს სულს -  ხოლო კრავი კი, 
    ჩაბუდებული სული სხეულში, ვაი, რომ მსხვერპლად ეწირება ცვლილებების მძვინვარე  
    შიმშილს - თმასა და კბილებს -  ძვლების ტეხისგან ატეხილ ღმუილს, მოტიტვლებულ  
    თავის ქალას, დამსხვრეულ ნეკნებს, კანზე ჩირქგროვებს და ტვინარეულ სისასტიკეს.  
ვაი! ვაი! რას ვჩადივართ!  ჩიხში აღმოვჩნდით! შენ თავს უშველე, სიკვდილმა გიხსნა, 
მან შეგიწყალა. შენ ანგარიში გაუსწორე შენს საუკუნეს, ანგარიში გაუსწორე უფალს შენსას, 
განვლე შენი გზა -  როგორც იქნა, ანგარიში გაუსწორე  საკუთარ თავს - და დაუბრუნდი 
    შობამდელი უცოდველობის უკუნეთს - განიწმინდე, მამის  წინაშე, ჩვენს წინაშე - სამყაროს 
წინაშე - იქ განისვენე. ამით დასრულდა შენი ტანჯვა.  ვიცი, იქ, სადაც შენ წახვედი,  უკეთესია. 
    აღარ ხასხასებს  ზაფხულობით ყვავილები ნიუ-იორკის ვრცელ მდელოებზე. აღარ სუფევს
მხიარულება, გაქრა ძრწოლა ლუის წინაშე,
და აღარც მისი სილამაზეა, აღარც სათვალე, აღარც მისი სკოლის წლები, აღარც ვალები, 
აღარც  მისი სიყვარულები, თავზარდამცემი ზარები, აღარც საწოლი - 
    გოგოების გასანაყოფიერებლად, აღარც მისი ნათესავები, აღარც ხელები - 
აღარ არის ელეანორი, - შენი და - ჯერ ის წავიდა - ჩვენ არ გიმხელდით - ის შენ მოკალი -
    ან თავის თავი თვითონ მოიკლა ალბათ შენთან შესარიგებლად - გულის ართრიტით  
- თუმცა, სიკვდილმა ორივე მოგკლათ  - და ამაზე ფიქრს რაღა აზრი აქვს - 
აღარ არის დედაშენის მოგონებები, მუნჯი კინოს სეანსებზე გატარებული 1915 წლის გრძელი 
    კვირები, ცრემლის დენა, თავდავიწყება, მწუხარებით თვალის დევნება, 
როგორ მიმართავს  მარი დრესლერი კაცობრიობას, ახალგაზრდა ჩაპლინი ცეკვავს, 
მეტროპოლიტენ-ოპერაში შალიაპინი ბორის გოდუნოვის არიას მოთქვამს,
მგლოვიარე მეფის ქვითინი ავსებს შენობას - შენ ელეონორთან და მაქსთან ერთად  
    ქანდარაზე ფეხზე დგახარ, პარტერს დასცქერით, 
კაპიტალისტებს თეთრი ქურქებით და მოელვარე ბრილიანტებით,
1920 წელს, სოციალისტური ლიგის წევრებმა,  შავ ჩანჩურა სავარჯიშო კაბა- შარვლებში 
პენსილვანია ავტოსტოპით გადაიარეს, ფოტოსურათზე 4
    ნორჩი გოგონა დგას,  თვალებმცინარი, ქალწულებრივად მარტოსული, 
მეტისმეტად მორიდებული,  ერთმანეთს წელზე ხელებს ხვევენ.  ყველა მათგანი დაბერდა
ან გარდაიცვალა, და იმ წელამდე კულულებით საფლავში წვანან - თუმცა, მაინც ბედნიერები,  
რომ ამ ფოტოს გადაღებიდან ორიოდ წელში გათხოვდნენ და ქმრები ჰყავდათ,  
მათ შორის ხარ შენც - გათხოვდი და მეც გამაჩინე - ჩემამდე კი იუჯინი, უფროსი ვაჟი    
 (ის დღემდე გლოვობს - აღმოჩნდა, რომ  სიმსივნე აქვს - და იგლოვებს სიკვდილამდე - 
    ვიდრე კიბო  ხელს არ წაართმევს - ან არ მოკლავს,  ალბათ ის უკვე ფიქრობს ამაზე-)   
და ბოლო კადრში, რასაც ჩემი თვალებით ვხედავ, ყველა ერთად დგას, მაგრამ შენ ჩვენთან 
    აღარა ხარ. 
ვერც წარმოვიდგენ, რას იგრძნობდი - რომელი ბილწი ხახა გადაიხსნა შემზარავად შენს წინ 
    პირველად? მზად თუ იყავი?  სად წასასვლელად? 
იმ სიბნელეში - იქ - იმ ღმერთში?  ღვთიურ ნათელში? სიცარიელის  შემოქმედთან?  წახვედი
    როგორც ციური თვალი ჩაშავებულ სიზმრის ღრუბლებში? 
როგორც იქნა, არს შენთან ადონაი, უფალი ჩვენი?
არ მახსოვს! ჩემი აღქმის ზღვარს ცდება! ვერც გამოვიცნობ!  გაყვითლებული ქალა საფლავში,
მატლიანი ნეშტის ყუთი ან დათხვრილი  სამგლოვიარო ბაფთა კი არა -  რით უნდა ავხსნა 
    სიკვდილის თავზე შარავანდედი? ვის დავაჯერებ? 
ნუთუ ჩვენი არსებობა სულ ერთ წამს კრთება, გონებას მხოლოდ ერთადერთხელ გვინათებს 
მზე და მერე ისევ ისადგურებს სიცარიელე?  
არაფერია იმის იქით რაც  ჩვენ გვაქვს ახლა - ან რაც შენ გქონდა - დასანანია - 
მაგრამ მაინც ტრიუმფია, 
ამქვეყნად მოსვლა, განახლება, როგორც ახლდება გადატეხილი ხე ან ყვავილი - მიწით ნაკვები- 
გაგიჟებული,  გაფოთლილი, აჭრელებული, სამყაროს დარდით შეპყრობილი, თავში დაჭრილი,
ჩამომხმარი ფოთოლივით მიწას გართხმული,  კვერცხის კოლოფის მსგავს
    პალატაში ღრმად  ჩამალული, ტანზე ტილოშემოხვეული, გონდაბინდული, თავგასული.

    არცერთი ყვავილი არ ჰგავს იმ ყვავილს, რომელმაც თავი შეიცნო ბაღში და დამარცხდა -
დანასთან ორთაბრძოლაში - ის მოჭრა ერთი იდიოტი თოვლისკაცის - გაზაფხულზეც კი -  
გაყინულმა - უჩვეულო წარმოსახვამ,  თითქმის სიკვდილმა -  ხელში უჭირავს 
წაგრძელებული ბასრი ლოლუა - გვირგვინად დამჭკნარი ვარდები  ადგას- თვალად ჰყავს 
ძაღლი, ასოდ - რკინის მძიმე ქარხანა, გულად - ელექტრო მექანიზმები.
ბოლო მოგვიღო ცხოვრების გზაზე აგროვებულმა ჩვენმა ხორაგმა - მოვიმარაგეთ -
საათები, სხეულები, ცნობიერება, ფეხსაცმელი, მკერდი - 
    ორი შვილის გასაჩენად,  კომუნიზმი, საავადმყოფოს „პარანოია“.  
ერთხელ, მახსოვს, ელეონორს გამეტებით ფეხში ჩაარტყი, ის მალევე გარდაიცვალა, გულის 
     შეტევით. შენ კი ინსულტით. ჩაგეძინათ? ერთ წელიწადში ორი და მოკვდა.  
    ელეონორი კმაყოფილია? 
მაქსი ჯერაც ცოცხალია, ის ლოუერ ბროდვეიზე, ოფისში გლოვობს - შუაღამისას - ულვაშის 
ჩრდილი დავთრებს უფარავს. ალბათ. ცხოვრება გადის - თავადაც ხედავს - რაღა აეჭვებს? 
    დიდძალი  ფულის შოვნაზე ფიქრობს, ან წარმოიდგენს, რომ წარსულში ფული იშოვნა და
    ახლა მედდაც დაიქირავა, შვილებიც გაჩნდნენ და შენი უკვდავებაც მოიპოვა. ნაომი?
 
    მას მალე ვნახავ, მანამდე კი, დავასრულებ, რაც სათქმელი მაქვს - რადგან მაშინ ხმას არ
ვიღებდი - როცა ჯერ კიდევ მეტყველების უნარი გქონდა.  
მარადისობა.  განწირული ვართ სამარადისოდ - ემილი დიკინსონის ცხენების მსგავსად -
დასასრულისკენ მივექანებით. 
გზა მათ იციან - ბედაურებმა - მიაჭენებენ იმაზე სწრაფად, ვიდრე ჩვენ ვფიქრობთ - ჩვენს 
    ცხოვრებაში იჭრებიან და თან მივყავართ. 

    გასაოცარი, გამოგლოვილი, გულგატეხილი, გონდაბინდული, სიზმრებზე 
გათხოვილი, სასიკვდილოდ გადადებული -  ტრაკი და სახე მოსაკლავად გამეტებული.  
    მოცემულ სამყაროში, ჭკუიდან იშლება ყვავილი - ვერ აიხდინა უტოპია,
ფიჭვის ქვეშ მომწყვდეული, მიწას მიბარებული, მარტოობით მირონცხებული, 
მიიღე შენთან, იეშუა!  

     უსახელო, სახეუცვლელი, ჩემთვის მარად მიუწვდომელი, უსაწყისო, უსასრულო,  
    მამა სიკვდილში. წინასწარმეტყველად აქ არ მოვსულვარ, მე ვარ უოჯახო, მე ვარ უფსალმუნო,
    მე ვარ უღმერთო, მე ვარ განცხრომაში თავდაკარგული, მარად გადიდებ შენ, 
    ზეცავ, მიღმიერო, არყოფნაში მხოლოდ შენ ხარ კურთხეული, არც სინათლე არც
    წყვდიადი, მხოლოდ სხივსმოკლებული მარადისობა  - 
    მიიღე ჩემგან ეს, ეს ფსალმუნი, ჩემი ხელიდან ერთ დღეს შობილი, 
    ჩემი დროის შემადგენელი,  აწ გადასული არაფერში, -  შენს სადიდებლად -
    თუმცა სიკვდილი არის დასასრული, 
    ის არის ხსნა უდაბნოდან,  დამაშვრალის გზა, სანუკვარი სახლი, 
    შავი სამგლოვიარო ცხვირსახოცი, ცრემლით განწმენდილი - ამ ფსალმუნის მომდევნო გვერდი  
    -  ჩემი და ნაომის უკანასკნელი გაცხადება - უფლის სრულქმნილ წყვდიადში -
    სიკვდილო, შეაჩერე შენი ფანტომები!  

II
    კვლავ და კვლავ - რეფრენად საავადმყოფო - აქამდე არ დაწერილა შენი ამბავი - და დაე
დარჩეს, შეუცნობელი - 
    ტვინში მიტრიალებს ძველი კადრები - როგორც საქსოფონის სოლო სახლებისა და წლების 
თემაზე - ელექტროშოკივით მოგონებები.
    უსასრულო ღამეები პატერსონში - მე, ჯერ კიდევ ბავშვი, შენს ნერვულ აფეთქებებს 
ვდარაჯობდი - და ყოველ ნაბიჯს- შენ იყავი გასუქებული - 
    შენთვის თვალყურის სადევნებლად იმ დღეს სკოლა გავაცდინე - 
 - ერთხელ და უკანასკნელად - და დავდე სამუდამო აღთქმა, რომ 
    ოდესმე შევიქმნიდი სამყაროს შესახებ ყველასგან განსხვავებულ წარმოდგენას, დამაბნია 
და ტვირთად დამაწვა ჩემი მეორე, გვიანდელი აღქმა - განმენათლებინა კაცობრიობა - 
რაც ნიშნავს ყველა ნაწილაკის გაცხადებას - (სიგიჟე შენგან გადმომეცა) – 
(კეთილგონიერება კი არის მზაკვრული საყოველთაო შეთანხმება) -
     შენ, ფანჯარასთან ჩასაფრებული, გასცქეროდი ბროდვეის ეკლესიის კუთხეს -
ის-ის იყო, მიაკვლიე ნიუარკელ მისტიკურ მკვლელს. 
     ზარი ექიმთან: - „OK, გადით, გაისეირნეთ“ - პალტო ჩავიცვი და გარეთ გაგიყვანე, 
ქუჩაში სკოლის მოსწავლემ რატომღაც მოგაძახა - „საით მიდიხართ, მემ, სიკვდილს დაეძებთ?“  
მე დავიზაფრე - 
    შენ  ცხვირი ჩრჩილის ნაჭამ ბეწვის საყელოში ჩარგე, აირწინაღში, ბებიას გავრცელებული
 ბაცილებით გაჯერებული ჰაერისგან თავის დასაცავად - 
    და ყველის დამტარებელი მანქანის მძღოლიც ბანდის წევრი გამოდგა?  მისი სახის დანახვაზე 
აგაკანკალა, როგორც იქნა, დაგარწმუნე -  ავტობუსს გავყოლოდით ნიუ-იორკში, 
თაიმს სქვერამდე - 
    სადაც 2 საათი ვიბორიალეთ აღმა-დაღმა, მოვიგერიეთ გამჭვირვალე ხოჭოები 
და ებრაული დაავადება - რუზველტის ბრძანებით მოწამლული ნიავი -
    მათ შენც მოგაგნეს და მეც - რომელიც ფეხდაფეხ დაგდევდი იმედით, რომ როგორმე ტბის 
პირას მშვიდ ვიქტორიანულ ოთახამდე მივაღწევდით.
     3 საათი დავდიოდით გვირაბებში, გადავიარეთ ამერიკის მთელი ინდუსტრია, მეორე 
მსოფლიო ომის სამზადისში გართული ბეიონი*, რკინის ავზები, ჭაბურღილები,  გაზიანი
სასმელების ქარხნები, მუშათა სასადილოები,  ორთქლმავლის დეპოების კოშკურები - 
ნიუ ჯერსიში - ინდიელების  წიწვოვანი ტყეები, უშფოთველი ქალაქები, ქვიშიან ხეივნებში
გაკვალული უსასრულო ბილიკები  -
    ხიდები გადებული მკვდარ წყლებზე, სადაც წყურვილის მოსაკლავად აღარ ჩადიან
 ხარირმები, ხოლო  წყალსავსე ნაკადულების ფსკერი მოფენილია წლობით დაგროვილი მძივად 
ასხმული ნიჟარებით, ტომაჰავკებითა და პოკაჰონტას ძვლებით - და მაინც, ერთი მილიონი 
ხნიერი ქალბატონი ხმას აძლევს ყავისფერ ქოხებში რუზველტს - და თუ გიჟური ავტობანიდან  
გადაუხვევ - 
    შეიძლება შევარდენიც შეამჩნიო ხეებში, ან გზირი,  რომელიც დაეძებს ტოტს დახუნძლულს 
ჭოტებით - მთელი გზა გავიარეთ  კამათში - შენ დამფრთხალი შესცქეროდი ჩვენს წინ ტყუპ 
სკამზე გაწოლილ  ორ კაცს, რომლებიც უცოდველად ხვრინავდნენ - ნეტავ, 
რომელ ავტობუსში ხვრინავენ ახლა?
    -„ალენ, არ გესმის? - დამდევენ მას შემდეგ - რაც ზურგში სამი დიდი ჩხირი ჩამარჭვეს -
იმ ჰოსპიტალში, რაღაც დამმართეს,  მგონი, მომწამლეს, ჩემი სიკვდილი განიზრახეს - 
სამი დიდი ჩხირით, სამი დიდი ჩხირით -
     ბებერი ძუკნა, ბებიაშენი! ერთი კვირის წინ დავინახე, მოხუც კაცს ჰგავდა, 
შარვალი ეცვა,  მხრებზე ტომარა წამოიკიდა, ჩვენი სახლის აგურის კედელს სახანძრო კიბით 
მაღლა აჰყვა, ტომრით მიჰქონდა მომწამვლელი ბაცილები - და ღამით ზემოდან  დამაყარა - 
და შეიძლება, ლუიც დაეხმარა - რა გიკვირს, მასზე დიდი გავლენა აქვს - 
    ალენ, მე ხომ დედაშენი ვარ,  ლეიქვუდში წამიყვანე“ (იქვე ახლოს ჩამოვარდა „გრაფი 
ზეპელინი“ და ჰიტლერი იწვის)  „და დამმალე“ 
    როგორც იქნა, მივედით - თავშესაფარში დოქტორ ვიღაცასთან -  ნაომი შეძვრა კარადის 
უკან და მოითხოვა სისხლის გადასხმა.
    იქიდან გამოგვყარეს - რკინის ჩემოდანს მივათრევდით სახლების წინ მწვანე გაზონზე 
ფიჭვების ჩრდილქვეშ - ბინდში გავიარეთ ჩამკვდარი ქუჩა - ჭრიჭინებით და
შხამიანი სუროთი სავსე. 
    ბოლოს  ნაომი ნამდვილად გადავმალე - დიდ სახლში სახელად „საოჯახო პანსიონატი“ – 
ბინის პატრონს წინასწარ გადავუხადე მთელი კვირის ფული - რკინის ჩემოდანი ზემოთ 
ავათრიე - საწოლზე ჩამოვჯექი და გასაქცევად მოვემზადე - 
    სხვენის მყუდრო ოთახში დაგვხვდა საწოლის მოჩითული გადასაფარებელი - მაქმანის
 ფარდები - ხელით ნაქსოვი ხალიჩა - დალაქავებული შპალერი - ნაომის ხნის -
ზუსტად ისე, როგორც  შინ. 
    ნიუ-იორკში ავტობუსს გავყევი, დათრგუნული - ბოლო სკამზე თავი საზურგეზე გადავაგდე -  
რაღა მოხდებოდა ამაზე უარესი? - ნაომი მივაგდე და მე კი, გავრბოდი, ქვად ქცეული - მაშინ  
ვიყავი მხოლოდ თორმეტის. 
    ღამით ოთახში შეიყუჟება და დილით საუზმეზე  ჩავა თვინიერად? თუ კარს ჩარაზავს და 
ფანჯარასთან ჯაშუშებს დაუდარაჯდება? თუ გასაღების ღრიჭოს მიაყურადებს, რომ არ 
გამოეპაროს ჰიტლერული უხილავი გაზის გაფრქვევა? სარკის წინ მე გამომაჯავრებს მარტო 
დარჩენილი - თუ სკამზე  ჩამოეძინება?
    12 წლის ბიჭი, ნიუ ჯერსისკენ ღამის რეისით გავემართე. ნაომი ლეიქვუდში მოჩვენებათა 
სახლის მოირებს* გადავაბარე -  და ბედის გამოგზავნილ ავტობუსს მივენდე - სკამში ღრმად  
ჩავეფალი - მსოფლიოს ყველა ვიოლინო  ერთბაშად ახრიალდა - ნეკნებში გული 
დამიმძიმდა - თავი დამიცარიელდა - ნეტავ, კუბოში მაინც თუ იგრძნობს თავს დაცულად? -
    ან წარსულში, ნიუარკის სკოლაში, ამერიკის ისტორიის გაკვეთილზე, სადაც აცვია  
ფორმის შავი ქვედაბოლო,  
    ზამთარია, ქუჩაში ლანჩს ვერ იყიდის - ერთი პენი ღირს ერთი ცალი მჟავე  კიტრი - ღამით კი, 
უნდა მიხედოს ელეონორს -
    1919 წელი - პირველი ნერვული აშლილობა. სკოლა გააცდინა და სამი კვირა ბნელ ოთახში
გაატარა - რაღაც ცუდი მოხდა - ჩემთვის არასოდეს აუხსნია -  ხმები აგიჟებდა - სიზმრად 
ხედავდა უოლ სთრითის დანგრევას. 

    მწვავე დეპრესიის წინ - ნიუ-იორკის ჩრდილოეთით წავიდა და გამოჯანმრთელდა - ლუს 
გადაღებულ ფოტოზე - ბალახზე ფეხმორთხმით ზის, - გრძელ თმაში მოუჩანს ჩაწნული 
ყვავილები - სახეზე ღიმილი გადაშლია - მანდოლინაზე იავნანას უკრავს - შხამიანი სუროს 
კვამლი ასდის მემარცხენეთა საზაფხულო ბანაკებს და მეც ხეები მახსოვს ჩვილობიდან -
    ან წარსულში, სკოლაში, სადაც  შტერებთან ერთად იცინის, ასწავლის ჩამორჩენილ
მოსწავლეებს - მისი ჭეშმარიტი რუსული მოწოდება -  ჭკუასუსტების* გაურკვეველი კონტურის 
    ტუჩები, თვალები - გადიდებული, ფეხები წვრილი & თითები დასნებოვნებული, ზურგები
დატალღული, რაქიტული დიდი თავები - ჩარგული წიგნში  „ელისი საოცრებათა ქვეყანაში“ 
და შავი  დაფა, სავსე ცარცით უამრავჯერ დაწერილი სიტყვით „კატა.“
    ნაომი მათ მოთმინებით უკითხავს ზღაპრებს კომუნისტური კრებულიდან - „ამბავი 
დიქტატორის მოულოდნელ სიკეთეზე“ - „კუდიანების შემწყნარებლობა“ – 
„არმიის კოცნა“ - „მკვდარი თავები მწვანე მაგიდასთან“ - „მეფე და მშრომელები“ - მის 
მოთხრობებს „პატერსონ პრესი“  ბეჭდავდა 30-იანებში, ვიდრე ნაომის აერეოდა გონება,  სხვა 
სიტყვებით, ვიდრე ორივე დაიხურებოდა. 
    ძლივს, პატერსონი! შინამდე გვიან მივაღწიე. ლუი აღელდა. ასე როგორ მოვექეცი - რაზე
ვფიქრობდი? როგორ დავტოვე! შეშლილს რა უნდა ლეიქვუდში! სასწრაფოდ ექიმს
 დაურეკე! დარეკე ფიჭვებში ჩაფლულ სახლში! გვიანია!
    დასაძინებლად დავწექი ქანცგაწყვეტილი, მინდოდა დედამიწიდან გაქრობა (მგონი, იმ წელს
 პირველად შემიყვარდა რ. - სკოლის წლებში ჩემი იდეალი, ებრაელი ბიჭი, 
შემდგომში ექიმი, იმ დროს - მორცხვი, წესიერი ბავშვი.)
    მოგვიანებით, ცხოვრება შევწირე,  დაუფიქრებლად გავყევი კოლეჯში და მანჰეტენში 
გადავედი. გზად,  ბორანზე  ვლოცულობდი, დავხმარებოდი კაცობრიობას, თუ 
მიმიღებდნენ უნივერსიტეტში. გამოცდაზე მიმავალმა, აღთქმა დავდე, რომ გამოვიდოდი
მშრომელთა უფლებების დამცველი კეთილსინდისიერი რევოლუციონელი იურისტი, ხოლო 
ამისთვის წარჩინებით ვისწავლიდი, შთაგონებული საკო & ვანცეტით, ნორმან ტომასით, 
ალთგელდით, სენდბერგითა და პოთით - ლურჯი სერიული წიგნებით. ვგეგმავდი, სენატორი  
გავმხდარიყავი, ან პრეზიდენტი.
    მე - უმეცარი, დარდიანი - ოცნებებში განცვიფრებული რ.-ს წინაშე დაჩოქილი,
1941 წლის სიყვარულს ვაღიარებდი, ის კი სინაზეს უხვად მაფრქვევდა, რადგან ხედავდა 
ჩემს ვნებასა და სასოწარკვეთას. ჩემი პირველი სიყვარული - ძირს დანარცხება - 
გვიანდელი კი - სასიკვდილო ზვავი, ჰომოსექსუალიზმის თვალუწვდენელი მთები,
ფალოსების მატერჰორნები, ნაბიჭვრების გრანდ-კანიონები, მელანქოლიური სიმძიმე თავში. 
     ბროდვეიზე ვხეტიალობდი, მარადისობა მესახებოდა რეზინის ბურთად, რომლის 
გარეთ არაფერია. არის კი რამე? და კინოს შემდეგ, ოცნებებში ჩაძირული, შინ გრეჰემ ავენიუზე 
ვბრუნდებოდი და უცვლელი მელანქოლიით შევყურებდი ქუჩის გადაღმა მიტოვებულ 
გაკვირტულ ბუჩქებს.
    ღამის 2 საათზე რეკავს ტელეფონი-  სასწრაფოდ მოდით! ჭკუიდან შეცდა - ნაომი საწოლის 
ქვეშ იმალება და მთელი ხმით კივის - მუსოლინის ხოჭოები! მიშველე, ლუი! ბუბა! ფაშისტები! 
სიკვდილი!
  - სახლის პატრონი დამფრთხალია, მისი მომვლელი, ის ბებერი პედერასტი*, მთელ 
ხმაზე ბღავის, სახლის ბინადრებს ძილი დაუფრთხათ, წამოიშალნენ მეორე სართულის 
დედაბრები, მენოპაუზის შოკიდან რომ ვერ გამოსულან და ლაჯებს შორის გაჩრილ  ჩვრებში, 
ქათქათა ხალათებსა  და გახამებულ თეთრეულში დასტირიან მოწყვეტილ მუცლებს - ქმრების 
ფერფლებს - მათი შვილები იელის უნივერსიტეტში იკრიჭებიან ან  თმას იზეთავენ ნიუ-იორკის 
კოლეჯში - ან  მონტკლერის პედაგოგიურ სასწავლებელში იუჯინივით ცახცახებენ -
    ნაომის დაკრუნჩხული სქელი ფეხები მკერდთან მიუტანია, ხელებს იქნევს და არავის იკარებს, 
შალის კაბა თეძომდე ასწევია, ქურქი საწოლის ქვეშ შეუგდია, ჩემოდნებით და მატრასის 
ზამბარებით ბარიკადები მოუწყვია. 
    პიჟამიანი ლუი ტელეფონს უსმენს - „ჰო... ახლა რა ვქნათ? ვინ იფიქრებდა? ბრალს მდებთ  
იმაში, რომ ის თავს გრძნობს მარტოსულად?“ - ჩაბნელებულ ოთახში ტახტზე ზის, თრთის და 
ფიქრობს, რა ქნას. დილის მატარებლით ლეიქვუდში გაემგზავრა, ნაომი დახვდა ისევ საწოლის 
ქვეშ, მოეჩვენა, რომ ლუიმ მის მოსაწამლად პოლიციელები მიიყვანა და აჩხავლდა. ლუი, რა 
დაემართა შენს გულს მაშინ?  ნაომის სიგიჟემ მოგინელა?
    ლუიმ ნაომი სახლიდან გამოათრია, ქუჩის კუთხეში ტაქსი გააჩერა,  მასთან ერთად ჩატენა 
ჩემოდანიც, მაგრამ მძღოლმა ორივე აფთიაქთან ჩამოყარა. შემდეგ მოუწიათ ავტობუსის 
გაჩერებაზე ლოდინი. ორი საათი. 
     მე ვწრიალებ  4 ოთახიანი ბინის მისაღებ ოთახში, ვწევარ ლუის საწერი მაგიდის გვერდით 
ფართო საწოლში და მაციებს. - ლუი გვიან ღამით მოვიდა და  მიამბო, რაც მოხდა. 
     ნაომი აფთიაქში, ფარმაცევტების დახლთან თავს მტრებისგან იცავდა, მტრები აღმოჩნდნენ 
საბავშვო წიგნები, რეზინის ოყნები,  ასპირინის აბები, სისხლის მენზურები, - „არ მომეკაროთ 
ახლოს, მკვლელებო! არ მომეკაროთ! - კიოდა. „პირობას მაძლევთ, რომ არ მომკლავთ?“ 
    ლუი გაზირებული წყლის შადრევანთან გაშეშდა, გაშეშდნენ ლეიქვუდის გოგონა-სკაუტებიც,
კოკა-კოლას მოყვარულებიც, გადიებიც, განრიგის მორჩილი ავტობუსის მძღოლებიც, იმ უბნის 
პოლიციელები დამუნჯდნენ, დამუნჯდა პასტორიც, რომელსაც ელანდებოდა ღორები 
პრეისტორიულ კლდეებზე. 
    ლუი ჰაერს ისრუტავს და სუფთააო, ნაომის მიანიშნებს? იქ მყოფთ კოკა-კოლა ცხვირიდან 
სდით, დგანან და ნაომის მიშტერებიან, ლუის ფეხქვეშ მიწა ეცლება, ნაომი ზეიმობს - 
შეთქმულება ამხილა. როგორც იქნა, ნიუ-იორკის ავტობუსი გაჩერებაზე ჩამოდგა, მაგრამ 
მძღოლი მათ წაყვანაზე უარს ეუბნება. 
    ზარი დოქტორ ვიღაცასთან.  „ესაჭიროება დასვენება.“
   ზარი ფსიქიატრიულ საავადმყოფოში, გრეისტოუნის ექიმებთან: „მოიყვანეთ, მისტერ 
გინსბერგ.“
    ნაომი, ნაომი - მსუქანი, გაოფლილი, თვალებდაჭყეტილი, კაბაზე ცალ მხარეს  ღილები
დააწყდა,  თმა გაეწეწა და სახეზე ჩამოეშალა, წინდები მოეღრიცა და ჩაეჩაჩა, - სამართლიანი 
ხელი ზეაღმართა - მოითხოვს სისხლის გადასხმას - ფეხსაცმლით თავს იცავს - აფთიაქში
ფეხშიშველი დგას - 
    მტრებმა მიიმწყვდიეს - რომელი საწამლავი? ხმის ჩამწერები? ფედერალური ბიუროს
სამსახური? დახლის ქვეშ ჟდანოვს მალავთ? უკანა ოთახში ტროცკი თაგვის წამალს ხარშავს? 
ბიძია სემი ნიუარკშია, და ზანგების* უბნებში მომაკვდინებელი სასიკვდილო სუნების გაშვებას 
გეგმავს? მკვლელობებით რეტდასხმული ბიძია ეფრემი,  პოლიტიკოსის ამპლუაში ჰააგის 
ინტრიგებში გაიხლართა?  წყალს ესპანეთის სამოქალაქო ომის ნემსებში უშვებს დეიდა როუზი?
    ასე გაგრძელდა რედ ბენქის საავადმყოფოს 35 დოლარიანი მანქანის მოსვლამდე - ნაომის 
ხელები გაუკავეს - და საკაცეზე გააკრეს - ნაომი ღნაოდა, წარმოსახვებში მოწამლული,  
ჯერსის გზაზე ქიმიურ ნივთიერებებს არწყევდა, ესექსის საგრაფოდან  მორისთაუნამდე, ყველას 
დანდობას შესთხოვდა -
    და ისევ გრეისტოუნი, სადაც სამი წელი იწვა, ეს იყო მისი ბოლო აფეთქება, რამაც  
დააბრუნა საგიჟეთში -
    ხშირად დავდიოდი საავადმყოფოს პალატებში, -  სადაც გარინდებულ ბებრუხანებს სახეზე 
დაჰკრავდათ რუხი ფერი - როგორც ღრუბლებს ან ნაცარს ან კედლებს - მთელ სართულზე 
გაფანტულები,  გულშიჩამწვდომად მღეროდნენ - სარწეველებში - ერთიანად დანაოჭებული 
ალქაჯები ძლივს დაღოღავდნენ, თან რაღაცას მემართლებოდნენ - 13 წლის ბიჭს შეწყალებას 
მევედრებოდნენ - 
    „შინ წამიყვანე“- ზოგჯერ მარტოც მივდიოდი და გზააბნეულ ნაომის ვეძებდი ელექტროშოკის  
პროცედურებზე  - „შენ გიჟი ხარ, დედა, ვერ წაგიყვან, ექიმებს დაუჯერე!“ 

    და იუჯინი კი, ჩემი ძმა და მისი უფროსი ვაჟი, ნიუარკის ერთ კეთილმოწყობილ ბინაში 
სამართალს სწავლობდა - ის ჩვენთან, პატერსონის პალატაში მეორე დღეს მოვიდა - და 
მისაღებ ოთახში  გატეხილ ტახტზე  ჩამოჯდა -  „ისევ გრეისტოუნში დავაწვინეთ“ 
    – იუჯინი გაოგნდა - პატარა ბავშვივით - მერე თვალებში ცრემლები ჩაუდგა - მერე ლოყებზე  
გადმოუგორდა 
- „რატომ, რა მოხდა?“ - ყვრიმალები აუცახცახდა, თვალები დახუჭა, აზლუქუნდა,
ტანჯვისგან სახე დაეღრიჯა.  
    ის შორს გაიქცა, ნიუარკის ბიბლიოთეკის ლიფტში - დღიური ერთი ბოთლი რძე მუდამ ედგა  
კვირაში ხუთდოლარიანი კეთილმოწყობილი ბინის ფანჯრის რაფაზე,  ქუჩაზე, სადაც დადიოდა 
ტრამვაი - 
    კვირაში 20 დოლარად, დღეში 8 საათს მუშაობდა - სამართლის სკოლის წლებში შეინარჩუნა 
უმანკოება, თუმცა, ზანგების* საროსკიპო ჰქონდა მეზობლად. 
    უბიწო, საბრალო, შეურყვნელი - ლექსებს უძღვნიდა იდეალებს და პოლიტიკურ წერილებს 
სწერდა „პატ ივ ნიუსის“ რედაქტორს - (ორივე ვწერდით, სენატორ ბორისა და 
 იზოლაციონისტების წინააღმდეგ - მისტიური ბურუსი ეფინა პატერსონის მერიას -
    ერთხელ შიგნით შევიპარე - ვნახე ადგილობრივი მოლოქის კოშკის ფალოსური შვერილები & 
მოჩუქურთმებული გუმბათი, მარკეტ სთრითზე უცნაური გოთიკური პოეზია - 
ლიონის „ჰოტელ დე ვილის“ ზუსტი ასლი - 
    ფლიგელები, აივანი &  ორნამენტული კოლონები, ქალაქის გიგანტურ საათთან გასასვლელი 
ჭიშკარი, საიდუმლო რუკების საცავი, სავსე ჰოთორნით - ძველი ობლიგაციები - 
საგადასახადო კომიტეტში - რემბრანტი სიგარის ბოლში  -
    უტყვი ლაპლაპა მაგიდები უზარმაზარ სხდომის დარბაზში - ოლდერმენები? ფინანსური 
კომისია? მოსკა - დალაქი, შეთქმულია, კრეპი - განგსტერი, ბრძანებებს იძლევა პირდაპირ 
ჩეჩმიდან - შლეგები ებრძვიან ზონალურ დაყოფას, სახანძრო ბრიგადას, პოლიციას 
& ფარდულისეულ მეტაფიზიკას - ჩვენ დავიხოცეთ - ავტობუსის გაჩერებაზე ეუჯინი ჩვენს  
ბავშვობას მიშტერებია - 
    სადაც ევანგელისტი გიჟივით ქადაგებს 3 ათწლეული, თმაგაფშეკილი, შერყეული & თავის 
შარიან ბიბლიაზე თავგადაკლული - ცარცით ქუჩებში წერს 
„გაემზადე  შენი ღვთის შესახვედრად!“  - რკინიგზის გასასვლელებში, ბეტონზე - 
    „ღმერთი არის სიყვარული“  - ის ბოდავს, როგორც მერე ვიბოდებ მეც, მარტოხელა 
ევანგელისტი - სიკვდილი ქალაქის მერიას - ) 
    ყმაწვილმა ჯინმა,  - მონტკლერის პედაგოგიურ კოლეჯში 4 წელი ისწავლა - ნახევარი 
წელი მასწავლებლად იმუშავა & თავი დაანება რათა ცხოვრებაში გზა გაეკაფა - დააფრთხო 
დისციპლინის პრობლემებმა - თავქარიანი გოგოები - გამომწვევი შავგვრემანი იტალიელი
მოწაფეები, მუდამ მზად იყვნენ მასთან დასაწოლად - რა ინგლისური, რის სონეტები! - ჯინმა 
მათ ვერაფერი გაუგო - მაგრამ მიხვდა, რომ იქ არ დაედგომებოდა  - 
    ასე რომ,  ცხოვრება ორად გახლიჩა და იურისტობისთვის მწარედ დაისაჯა - ვეებერთელა 
ლურჯი წიგნები შეისწავლა 13 მილის მოშორებით ნიუარკში ლიფტს დაჰყვებოდა 
აღმა-დაღმა & და მომავალი წარმატებისთვის გულდასმით მეცადინეობდა 
    და ნაომის განწირული კივილი უიღბლობის კართან წამოეწია - ბოლოჯერ, როცა ნაომი 
წავიდა და ობლად დავრჩით - ახლა თავადაც შინ არის და ტახტზე ზის - 
    რადგან აქ ხარ, ქათმის წვნიანიც გეჭამა, იუჯინ - ევანგელის კაცი ხავის ქალაქის მერიის წინ. იმ 
წელს ლუის გაუჩნდა - ნაადრევი - შუა ასაკის შესაფერისი -  საიდუმლო - გარეუბნების მიმართ 
პოეტური  სიყვარული - მუსიკა მისი 1937 წლის წიგნიდან - სწრაფვა მშვენიერებისკენ - 
გულწრფელად - 
    არავინ ყვარებია მას შემდეგ, რაც ნაომიმ დასჩხავლა - 1923 წელს? – ახლა ნაომი ჩაკარგულია 
გრეისტოუნის პალატაში - 40 ინსულინს მოჰყვა ახალი შოკი - ელექტროთერაპია - 
    და მეტრაზოლმა საკმაოდ გააფუა.    

    ორიოდე წლის შემდეგ ნაომი შინ დაბრუნდა - მანამდე ბევრს ვფიქრობდით და გეგმებს
ვაწყობდით - ველოდებოდი იმ დღეს - როცა დედა სადილს ამზადებს და ფორტეპიანოზე 
უკრავს და მანდოლინაზე მღერის - ფილტვის წვნიანი & სტენკა რაზინი & კომუნისტების 
ფრონტის ხაზი ფინეთის ომში - და ლუის ვალები - ალბათ საეჭვო ფული ტრიალებს - 
მისტიკური კაპიტალიზმი   
    -& ნაომი შემოვიდა გრძელ დერეფანში & შეხედა ავეჯს. ვერ გაიხსენა. რაღაცნაირი ამნეზია. 
შეათვალიერა ხელსახოცები - სასადილო ოთახის  ავეჯი გავყიდეთ - 
    წითელი ხის მაგიდა - 20 წლის სიყვარული - მეძველმანესთან გადავიდა - ფორტეპიანო ისევ 
გვქონდა - და პოს წიგნიც, და მანდოლინაც, თუმცა სიმები დააწყდა და დაიმტვერა -  
     ნაომი გავიდა დასაწოლად ან დასაფიქრებლად, ან თვალის მოსატყუებლად, ან დასამალად - 
მარტო არ დავტოვე, თან გავყევი, - ფარდები ჩამოვაფარე, ბინდდებოდა - გვერდით მივუწექი 
- ლუი ალბათ წინა ოთახში მაგიდასთან იჯდა, ან ვახშმისთვის ქათამს ათუხთუხებდა -
     „ჩემი არ უნდა გეშინოდეს, მერე რა, თუ ფსიქიატრიულში ვიწექი - მე
 ვარ დედაშენი“ – საცოდავი, საყვარელი,  შიშში ჩაკარგული-  მხართან ვეწექი გახევებული,-  
„მიყვარხარ, ნაომი“ - ვთქვი და ცრემლი მომადგა - ნუთუ ერთად ასე ცუდად ვართ? – 
განერვიულდა და მალევე ფეხზე წამოდგა -
    კმაყოფილი იყო ოდესმე ნეტავ? - წინა ფანჯრებთან ახალ ტახტზე ჩამოჯდა, შეშფოთდა -  
სახე ხელებში მოიქცია - თვალები დაუწვრილდა - რას უმზადებდა იმ დღეს ბედისწერა? - 
    ფრჩხილებით კბილებს იჩიჩქნიდა, ტუჩები დაუმრგვალდა,  ფიქრობდა - აზრთა ძველი, 
გაცვეთილი ვაგინა - უმიზნო მზერა - გადაუხდელი ვალები კედელზე  - & ნიუარკის 
დაბერებული მკერდი მოახლოვდა -
    ტალღებს იჭერდა თავზე ანტენით, ხმები ესმოდა - აკონტროლებდნენ 3 ჩხირით, ზურგში
რომ ჩაარჭვეს ჰოსპიტალში ამნეზიის დროს განგსტერებმა - მწვავე ტკივილი დაუტოვა 
მხრებს შორის -
    და თავში   - „რუზველტმა უნდა იცოდეს ჩემი ამბავი“ - მითხრა - ეშინოდა, რომ მოკლავდნენ 
ახლა, როცა მათი ვინაობა გაიგო მთავრობამ - „კვალი მივიდა ჰიტლერამდე“ - და მოინდომა 
სამუდამოდ წასვლა ლუის სახლიდან.
      
    ერთ ღამეს - მოულოდნელი შეტევა - ხმაური აბაზანიდან - თითქოს სული უხრიალებდა- 
კრუნჩხვები და წითლად გულისრევა - დიარეის სითხე ზურგიდან ჩქეფს - უნიტაზთან დგას 
ოთხ ფეხზე - ფეხებს შორის შარდი მიჩუხჩუხებს, ნარწყევი შავ განავალს ერევა იატაკის 
ფილებზე - გონებას არ კარგავს - 
    ორმოცი წლისაა, განწირული, შიშველი, მსუქანი, ვარიკოზული ვენებით - გარბის, ლიფტთან 
იმალება და პოლიციას უხმობს, საშველად  ეძახის თავის მეგობარ როუზს -
    ერთხელ ტუალეტში ჩაიკეტა ხელში სამართებლით თუ იოდით - ნიჟარაზე გადაიხარა - 
გვესმოდა მისი სლუკუნი და ხველა - ლუიმ მწვანედ შეღებილი მინა ჩაამსხვრია და 
საძინებელში შეათრია. 
    ამის შემდეგ ზამთარმა მშვიდად ჩაიარა  - განმარტოება, სეირნობა ბროდვეის შემოგარენში, 
გაზეთი „დეილი უორქერი“  - ერთ დღეს მოლიპულ ქუჩაში დაეცა - მკლავი მოიტეხა - 
    და დაიწყო ფიქრი კოსმიურ ფინანსურ მკვლელობათა შეთქმულებისგან თავის დაღწევის 
გზებზე - მოგვიანებით  გაიქცა ბრონქსში დეიდა ელეონორთან და დაიმალა. და აქედან 
სათავეს იღებს ახალი საგა  - აწ განსვენებული ნაომი ნიუ-იორკში. 
    ელეონორის თუ „მშრომელთა წრის“ წყალობით, სადაც დაიწყო მუშაობა და კონვერტებს  
აწერდა მისამართებს, ის გამოკეთდა - ლუის გაგზავნილ ფულს იზოგავდა - მაღაზიაში 
„კემპბელის“ სუფს ყიდულობდა - 
    მოგვიანებით, შეყვარებულიც გამოუჩნდა - ექიმი - დოქტორი ისააკი მეზღვაურთა 
ნაციონალური პროფკავშირიდან - მელოტი იტალიელი, რომელიც ახლა დაემსგავსა პლუშის 
თოჯინას - მართალია, ის არის მარტოხელა - მაინც დაითხოვეს - გამოიჩინეს ჩვეული სისასტიკე-
   1943 წელია, ავეჯით გაწყობილ ბინაში, უნივერსიტეტთან, ნაომი, დასიცხული, მხოლოდ 

ლიფში, სკამზე ან საწოლზე ჯდება და ხილვებში დუდუნებს: „- ვსუქდები - მცხელა 

- ვიდრე ჰოსპიტალში მოვხვდებოდი, რა ლამაზი სხეული მქონდა - აბა გენახეთ ვუდბაინში“ – 

    შიშველი ბავშვის ფოტოებს დასცქერის - საბავშვო პუდრის და სტაფილოს პიურეს 

რეკლამებზე - „ვიფიქრებ მხოლოდ მშვენიერზე.“

    ზაფხულში, ფანჯრიდან შემოსულ სინათლეზე, თავს აქეთ-იქით უსასრულოდ ატრიალებს, 

დაჰიპნოზებული, ებრაულ ლოცვებში - იხსენებს სიზმრებს -

    „ლოყაზე ვეხები, ლოყაზე ვეხები, ის ხელს მადებს ტუჩებზე, რა მშვენიერი ხელი აქვს ამ

ბავშვს, ვიფიქრებ მხოლოდ მშვენიერზე.“ – 

    ან მთელი სხეულით როკავს, საზიზღრობაა -  რაღაც ბუჰენვალდს აგონებს - ინსულინი თავში 

ურტყამს - დროდადრო სახეზე უნებურად ნერვი უტოკავს (როგორც მე, როცა ვფსამ) – ტვინამდე 

რომელიღაც მომწამვლელი ქიმიკატი აღწევს „ჩამშვებია - არა, მასზე ვერ ვიფიქრებ“

    ნაომი: „და როცა ვკვდებით, ვიქცევით ხახვად, კომბოსტოდ, სტაფილოდ, გოგრად, 

ბოსტნეულად.“ მე ის-ისაა კოლუმბიიდან დავბრუნდი და თავს ვუქნევ. ის კითხულობს ბიბლიას 

და მთელი დღე ფიქრობს მხოლოდ მშვენიერზე. 

    „იცი, გუშინ ვნახე ღმერთი. როგორი იყო? შუადღისას კიბეზე ავცოცდი - უბრალო ქოხი აქვს

სოფელში, როგორც მონროს, ნიუ-იორკში და ქათმების ფერმა ტყეში - თეთრწვერა მოხუცია, 

მარტოსული.

    ვახშამი მოვუმზადე. კარგი ვახშამი - ოსპის სუფი, ბოსტნეული, კარაქი & პური - 

ღმერთი მაგიდას მიუჯდა და ჭამა და დანაღვლიანდა.

    მერე ვუთხარი  - აი, ქვევით ჩაიხედე, ხედავ, რამდენი ბრძოლა და მკვლელობაა. რა ხდება? 

რატომ წერტილს არ დაუსვამ? 

ვცდილობ - თქვა - მხოლოდ ეს შეძლო, დაღლილი ჩანდა. რა ხანია, მარტოხელაა, 

ოსპის სუფი კი ძალიან უყვარს. “

    ამავდროულად, მეც სუფრას მიშლის - თავისებურად მემსახურება - თეფშზე დამიდო ცივი 

თევზი - დაჭრილ კომბოსტოს წყალი გასდის - დამპალი პომიდვრები - 

ერთი კვირის წინანდელი „ჯანსაღი“ საჭმელი - სტაფილო & ჭარხალი - გაწყალებული -

გახეხილი - გული მერევა  გახსენებაზე - მოწყალე ხელები უყარს მანჰეტენით, სიგიჟით 

და სურვილით - როგორმე მაამოს - ნახევრად უმი თევზით - სისხლით შეფერილი 

ფხებით. ხშირად შიშველი დადის ოთახში - სდის სუნი, მე თვალს ვარიდებ, ვიყურები მხოლოდ 

პირდაპირ, ან თავს ზევით არ ვწევ და წიგნს ვშლი. 

    ერთხელ მეგონა, უნდოდა, საწოლში ჩამეწვინა - ნიჟარის წინ იდგა სარკესთან და თავის თავს

ეპრანჭებოდა - დაწვა ვეება საწოლზე, რომელიც ოთახს ავსებდა, კაბა წელამდე აუვიდა, 

გამოუჩნდა ბუჩქივით თმა, იარები ოპერაციის, პანკრიასის, აპენდიქსის, ქონმოდებულ 

მუცელზე ნაკერები, როგორც  გადახსნილი ელვის კბილანები, ფეხებს შორის -  ჩამოფლაშული 

ბაგეები - მომივიდა ანალური ხვრელის სუნიც -  გავიყინე, ზიზღი ვიგრძენი, მხოლოდ ოდნავ,

მომეჩვენა, რომ ცდად ღირდა, შემეცნო საწყისი საშოს ურჩხული - ამრიგად. და

იდარდებდა? საყვარელი სჭირდებოდა. 

    ითბარახ ვეიშთაბახ, ვეითფაარ, ვეითრომამ, ვეითნასე  ვეითჰადარ,  ვეითყალე  ვეითჰალალ,
  
შემეჰ  დეკუდშა  ბერიხ ჰუ.
   
    ლუი პატერსონის ზანგების* უბანში ჭვარტლიან სახლში დაფუძნდა - ცხოვრობდა ბნელ 

ოთახებში - თუმცა იპოვა გოგონა, რომელზეც შემდეგ იქორწინა - ისევ გადაეშვა სიყვარულში, 

მაგრამ მაინც იყო მორცხვი &  შებოჭილი - მძიმე კვალი დაუტოვა ნაომის 20  წლიანმა 

ცოფიანმა იდეალიზმმა.
  
    ერთხელ შინ დავბრუნდი, მანამდე დიდი ხანი მომიხდა დარჩენა ნიუ-იორკში, ის - ეული

საძინებელში დამხვდა - სკამით ჩემკენ შემობრუნდა, ტიროდა, ჩაწითლებულ თვალებში 

სათვალის ქვეშ ცრემლი სდიოდა - ამბობდა, რომ მივატოვეთ,  „უცნაურია, ჯინს ჯარში რა 

უნდოდა - ნაომი კი ნიუ-იორკში ავეჯიან ბინაში მარტო გადასახლდა და სულმთლად ბავშვს

დაემსგავსა“. ლუი ქალაქის ცენტრში ფოსტაში წერილებს აკითხავდა, უფროსკლასელებს

ასწავლიდა - პოეტურ მერხს შემორჩა - უბედური - ბიკფორდში დარდით იკვებებოდა, 

მთელი ის წლები - გავიდა. 

    იუჯინი დაბრუნდა ჯარიდან - მარტოსული და გამოცვლილი - ცხვირი დაიმოკლა ებრაული 

ოპერაციით - წლები აბამდა გოგოებს ბროდვეიზე, პატიჟებდა ფინჯან ყავაზე - მერე 

დასერიოზულდა და წავიდა ნიუ იორკში -  სწავლა დაასრულა.

    ჯინი ცხოვრობდა ნაომისთან, ჭამდა მდარე თევზის ნახევარფაბრიკატებს, ნაომი კი სულ 

უფრო გიჟდებოდა, ნახევრადშიშველი, მთვარის შუქზე, იუჯინის გვერდით საწოლზე, 1920 - იანი 

წლების ლამაზმანივით პოზირებდა - იუჯინი თანდათან გაძვალტყავდა და დაეუფლა 

სასოწარკვეთა, ახირებული მომვლელი - ვაჟი ფრჩხილებს იკვნეტდა და ბეჯითად მეცადინეობდა - 

და შემდეგ წელს დაიქირავა ოთახი ახლოს კოლუმბიის უნივერსიტეტთან - მოუხედავად იმისა, 

რომ ნაომის უნდოდა შვილებთან ცხოვრება  -

    „დედის თხოვნა შეისმინე, გემუდარები“ - ლუი ისევ უგზავნის ჩეკებს - იმ წელს მე თვითონ 

8 თვე ვიწექი საგიჟეთში - ამ გოდებაში არაფერს ვიტყვი ჩემს ხედვებზე - 
   
    და მერე ნაომი ლამის სულ შეიშალა - მის ოთახში ჰიტლერი გაჩნდა - ნიჟარაში ულვაშის კვალს 

გადააწყდა - და დოქტორ ისააკის  შეეშინდა, ეჭვი ჰქონდა, რომ ის  ნიუარკის შეთქმულებაში 

მონაწილეობდა - და გადავიდა ბრონქსში ელეონორის რევმატულ გულთან 

ერთად საცხოვრებლად.

    ბიძია მაქსი არასოდეს დგებოდა შუადღემდე, ნაომი კი დილის 6 - დან რადიოში ყურს
 
უგდებდა აგენტებს, ან იკვლევდა ფანჯრის რაფებს - 

რადგან გარეთ ბერიკაცი - უკაცრიელ ეზოში მიიპარება და შავ ფარფარა პალტოში იჩურთავს 

ნაგვით დატენილ ჩანთებს.

    მაქსის და ედი - 17 წელი ბუღალტრად მუშაობდა გიმბელსში - ქმარს გაშორდა და ქვედა 

სართულზე ცხოვრობდა ბინაში - ნაომი როშამბოს ავენიუზე გადაიყვანა - 

    ვუდლონის სასაფლაოს გადაღმა, წინ ედოთ თვალუწვდენელი საფლავთა ველი, სადაც ოდესღაც 

იყო პო - ბრონქსის მეტროს ბოლო სადგური - კომუნისტების სამყოფელი

   რომლებიც ეწერებოდნენ ბრონქსის ხატვის კურსებზე საღამოს სკოლაში - ნაომი 

ვან კორტლანდტსკის ხაზით მარტო დადიოდა გაკვეთილებზე - რათა ეხატა ნაომიზმები - 

     ადამიანები ბალახზე, სადღაც „ნუ-დარდობ“ საზაფხულო ბანაკში, საავადმყოფოს

წმინდანები, შეწუხებული სახეებითა და გრძელი ფართხუნა შარვლებით  - 
    
    ტანმორჩილი ნეფეების გვერდით ლოუერ ისტსაიდელი პატარძლები, ბრონქსში ბაბილონის 

სახლების სახურავებზე მოჩაქჩაქე კვალარეული ვაგონები - 

    მართალია, ნაღვლიანი გამოსდიოდა ნახატები - მაგრამ საკუთარი თავი გამოხატა.

მანდოლინა მოიშალა, მის ტვინში ყველა სიმი გაწყდა, ის მთელი გულით შეეცადა - ესწრაფოდა  - 

მშვენიერებას? თუ უტრიალებდა ადრინდელი ცხოვრების ამბავს?

    მერე ელეონორი ამოიჩემა - წიხლებს ურტყამდა - ელეონორს კი გული აწუხებდა - ნაომი

მასთან ადიოდა ზედა სართულზე და დაკითხვას უწყობდა საათობით - გაწამდა ელეონორი. 

მაქსი ოფისში აღამებდა, ადგენდა თამბაქოს მაღაზიების საბუღალტრო ანგარიშებს. 

    „დიდებული ქალი ვარ მე - ჭეშმარიტად ლამაზი სული - და ამის გამოა, რომ ისინი 

(ჰიტლერი, ბებია, ჰერსტი, კაპიტალისტები, დეილი ნიუსი, ოციანელები, მუსოლინი, ზომბები, 

ფრანკო) მაიძულებენ  მოვკეტო - და  ჯაშუშური ქსელის თავკაცია ბუბა“ -

    ნაომი  გოგოებს ფეხს ურტყამდა - ედის და ელეონორს - ედის აღვიძებდა შუაღამისას - „შენ ხარ 

აგენტი, ელეონორი კი ჩამშვები“. ედი მთელი დღე მუშაობდა - ევალებოდა პროფკავშირების 

ორგანიზება - და ნაომის ვეღარ უძლებდა - ზედა სართულზე მწოლიარე ელეონორი კი მივიდა

სიკვდილის პირას. 

    ნათესავების ზარი ჩემთან - მდგომარეობა გაუარესდა -  მხოლოდ მე დავრჩი ნაომის - მის 

სანახავად იუჯინთან ერთად  წავედი მეტროთი - და ვჭამეთ მისი ძველი თევზი  -
 
    „ჩემი დის ჩურჩული რაციით მესმის - ლუი სადღაც აქ ბინაშია - დედამისი კარნახობს, რა თქვას - 

მატყუარები - მე ჩემი ორი შვილისთვის მოვამზადე საჭმელი  - და ახლა დავუკრავ მანდოლინას“ – 

     წუხელ ღამის სიჩუმეში/ წუხელ ბულბულის გალობამ გამაღვიძა /მე ვუმღერე ოქროცურვილ

მთვარის სხივებს/ სუსხიანი მთიდან.  - იმღერა.

    კარს მივახეთქე და დავუყვირე - „ელეონორს თავი დაანებე!“ - შემომაშტერდა - სიძულვილით - 

რა ჯანდაბაა - ვერ იჯერებს რომ ასეთი გულუბრყვილო და ბრიყვები არიან მისი შვილები. 

„ელეონორი ყველაზე დიდი ჯაშუშია! მან მიიღო ბრძანებები!“

    „ - ოთახში არ გადის სადენები!“ - მე ვყვირი -  წვრილი ლერწამი კი, იუჯინი,  საწოლზე ზის და

ფიქრობს - თავი როგორ დააღწიოს ფატალურ დედას - „ლუისთან აღარ ცხოვრობ წელზე მეტია, 

ბებია კი ისე დასუსტდა, რომ სიარული არ შეუძლია“. 

    და უცებ ყველანი ვცოცხლდებით - მე & ნაომი & ჯინი მითიურ სამზარეულოში -

ერთიმეორეს  მარადისობაში ჩავყვირით - მე უნივერსიტეტის ფორმა მაცვია, ის კი სანახევროდ

გახდილია.

    მე ვუკაკუნებ თავში, რომელიც ხედავს რადიოს, ანტენებს, ჩხირებს, ჰიტლერებს - 

ჰალუცინაციების კალეიდოსკოპს - რეალურად კი - თავის სამყაროს - საიდანაც გზები მოდის 

ჩემკენ - და არსაით - და არც ამერიკა არსებობს, არც დანარჩენი მსოფლიო - 

       შენც ისე წახვალ, როგორც სხვები - ვან გოგი, შეშლილი ჰანა,  სულერთია ვინ - ბოლო
 
კიდემდე - სულები! ელვა! ქუხილი!

       მე ვიხილე შენი საფლავი! ო, ნაომი შეუცნობელო!  და გადახსნილი ჩემი სამარეც! – 

შემა ისრაელ! 

- მე ვარ სვულ ავრუმი - შენ ხარ სიკვდილში? 
    
    შენი ბოლო ღამე ბრონქსის წყვდიადში - მე ვრეკავ - საავადმყოფოდან საიდუმლო პოლიციაში,

რომელიც მოდის, როცა მე და შენ მარტო ვრჩებით და შენ ელეონორზე  ყურში ჩამყვირი რაღაცას 

- ის ძლივს სუნთქავს ლოგინში და სულ დაპატარავდა -

    არ მავიწყდება კაკუნი კარზე - შენ შიში გიპყრობს, გგონია ჯაშუშები - კანონი წინ მოიწევს, 

ჩემს დასაცავად - გეფიცებით  - 

-  ოთახში აღწევს მარადისობა - შენ - აბაზანაში შერბიხარ, შიშველი, პროტესტის ნიშნად თავს 

არიდებ ბოლო საბედისწერო გმირობას -
        
    თვალებში ჩამყურებ - მე გაგყიდე - სიგიჟის უკანასკნელმა პოლიციელებმა მიხსნეს - ელეონორის 

დამსხვრეულ გულში ჩაზელილი წიხლისგან,

     ედისთან მოლაპარაკე შენი ხმისგან, როცა ის, დაქანცული, გიმბელსიდან შინ მოშლილ

რადიოსთან ბრუნდება - ლუის ნაკლებად ხარჯიანი განქორწინება სჭირდება - მალე აპირებს

დაქორწინებას - იუჯინი სულ ოცნებობს,  125 -ე ქუჩაზე იმალება, შავკანიან გოგოებს იცავს, 

უვარგისი ავეჯის გამო ზანგებს სასამართლოში დაათრევს და ფულს ახევს - 
    
    საპროტესტო ხმები აბაზანიდან - ამბობენ, რომ ხარ სრულ ჭკუაზე - და გაცვია ბამბის 

ხალათი, ახალნაყიდი - ფეხსაცმელი, ხელში გიჭირავს ჩანთა და გაზეთის ამონაჭრები - 

თქვენო გულწრფელობავ - 
 
    ტუჩები პომადით თავმომწონედ გამოიკვეთე, სარკეში უამრავჯერ ჩაიხედე, რათა გენახა, 

სიგიჟე  ვიყავი მე თუ გაბეზრებული პოლიციელები.  

    ან იქნებ 78 წლის ბებია-მზვერავი - შენი წარმოსახვით - ის სასაფლაოს კედელზე ძვრება

გატაცებული პოლიტიკოსით ტომარაში - თუ ის, რაც შენ ბრონქსის კედლებზე დაინახე - გეცვა 

ვარდისფერი საღამური შუაღამისას, როცა ფანჯრიდან უკაცრიელ ეზოში გადაიხედე -

    ოჰ, როშამბოს ავენიუ - ფანტომების სათამაშო მოედნები - ბრონქსელი ჯაშუშების ბოლო 

ბუნაგი - ელეონორისა და ნაომის ბოლო სამყოფელი - რევოლუციონერმა დებმა იქ წააგეს 

რევოლუცია - 

    „კარგით, - პალტო მოიცვით ქალბატონო - და გამოგვყევით - მანქანა ქვემოთ გველოდება. 

განყოფილებაში მასთან ერთად თქვენც წამოხვალთ?“

    მთელი გზა ხელში მეჭირა ნაომის ხელი, და თავით მკერდზე მივიხუტე - მასზე მაღალი

 ვიყავი - ვაკოცე და ვუთხარი, რომ გავაკეთე ის, რაც უკეთესია - ელეონორი ავადაა - მაქსს გულის 

დაავადება აქვს - 

    ასეა საჭირო -    ის კი მეკითხება - „რატომ?“ „ჰო, ქალბატონო, თქვენი ვაჟი ერთ საათში წავა“ 

ორიოდე საათის შემდეგ მოვიდა სასწრაფო დახმარების მანქანა 

     და დილის 4 საათზე საავადმყოფოში წაიყვანეს სამუდამოდ სადღაც ბელვიუში ქალაქის 

ცენტრში - შევცქეროდი, როგორ მშორდებოდა - ცრემლი სდიოდა და ხელს მიქნევდა.

    ორ წელში, მექსიკიდან ჩამოსვლის შემდეგ: - ბრენტვუდის ახლოს პირქუშ ველზე, ჯაგნარი და 

ბალახი მოსდებია ფსიქიატრიულისკენ მიმავალ მიგდებულ ლიანდაგებს -

    აგურის ახალი, 20-სართულიანი ცენტრალური შენობა - ჩაკარგული შეშლილი 

ქალაქის გაშლილ გაზონებზე უზარმაზარ  მთვარეულ ქალაქებში, ლონგ აილენდზე. 

    თავშესაფარს ფრთები გაუშლია პატარა შავი ხვრელისკენ მიმავალ ბილიკზე - კარისკენ - 

პატარა უბეში შესასვლელად. 

    შევედი - და მეცა სასაცილო სუნი - ისევ დერეფნები - ლიფტს ავყევი - გეზი ავიღე ქალთა

პალატის შუშის კარისკენ - ნაომისკენ - ორმა ფაშფაშა თეთრმა ექთანმა - გამოიყვანა, 

ნაომი მომაშტერდა - სული შემეხუთა - გადაუტანია კიდევ ერთი შეტევა  - 
   
სულ გალეულა - მხოლოდ ძვლებიღა დარჩენილა - ასაკი დაეტყო ნაომის - გაჭაღარავდა - 

კაბა ჩონჩხზე დაეკიდა - სახე დაუდნა, დაბერდა! ჩამოჭკნა - ლოყები ბებრულად ჩაუცვივდა -

ცალი ხელი გაუშეშდა - მეხუთე ათწლეული & მენოპაუზა გულის შეტევამ დაუმძიმა - 

დაკოჭლდა - დანაოჭდა - თავზე დაეტყო ნაჭდევი - ლობოტომია - ბოლომდე  განადგურდა

უგრძნობი ხელით მიიწევს ქვემოთ, სიკვდილისკენ.     

    ო, ქალი ბალახზე, რუსული სახე - გრძელ შავ თმას გიმკობს ყვავილები, 

მანდოლინა მუხლებზე გადევს, 
    
     ლამაზო კომუნისტო, ჩაჯექი გვირილებში, დატკბი ნანატრი ბედნიერებით, ზაფხულის 

პატარძალო,

       წმინდა დედაო, ახლა უღიმი  სიყვარულს ახალს, ხელახლა დაიბადა შენი სამყარო, შიშველი 

ბავშვები ავსებენ ბაბუაწვერით მოფენილ მინდორს 

    მინდვრის ბოლოს ქლიავის წარაფში ხილს ჭამენ და აწყდებიან ქოხს, სადაც თეთრწვერა ზანგი*  

უმხელს წვიმის კასრის საიდუმლოს - 
  
    ნეტარო შვილო, ჩამოსულო ამერიკაში, ნატრული ვარ შენი ხმის, დედაშენის მუსიკა მახსოვს, 

„ბუნებრივი ფრონტის სიმღერები“ –

    ო, წარმტაცო მუზავ, რომელმაც მშვა უკუნიდან და მაწოვა  ცხოვრების უპირველესი 

იდუმალება & მასწავლა ლაპარაკი და მუსიკა, მისი მტკივანი თავიდან დავიწყე ხედვა - 
 
       წამებითა და გვემით აღსავსე ქალიდან - წყეულთა რომელმა შეშლილმა ჰალუცინაციებმა 

გამომაგდეს მე ჩემი საკუთარი თავის ქალიდან მარადისობის საძიებლად ვიდრე ვპოვებდი 

სიმშვიდეს შენთვის, ო, პოეზია - პირველსაწყისთან დაბრუნებისკენ მოუწოდებს კაცობრიობას -  
       
სიკვდილისაკენ, რომელიც არის  სამყაროს დედა -

    ახლა სამარადჟამოდ სიშიშვლე გმოსავს, თმაში მოგიჩანს თეთრი ყვავილი - რევოლუცია ვერ 

დაანგრევს ამ უბიწობას - ცაში გადაწყდა შენი ქორწილი -  

   ო, ჩემი კარმის მშვენიერო გარბო - 1920 წლის ყველა ფოტო „ნიჰთ გედაითეთ“ ბანაკში - 

უცვლელია, აი, ნიუარკელი მასწავლებლები, ელეონორი არსად  წასულა, არც მაქსი ელის

თავის მოჩვენებას და არც ლუი დაანებებს თავს ამ სკოლას -

    დაბრუნდი! ჰეი! ნაომი! თავი ადგილზე გაქვს! გაუდაბურებული უკვდავება და 

რევოლუცია ჩემკენ მოიწევს -  მოტეხილი პატარა ქალი - ჰოსპიტალში დამწყვდეული 

დანაცრული მისი თვალები, კანზე პალატების რუხი აჩრდილი - 

    „ჯაშუში ხარ?“ -  და თვალები მევსება ცრემლით, ვჯდები საძაგელ მაგიდასთან -„მითხარი, ვინ 

ხარ? ჩემთან ლუიმ გამოგგზავნა? - მავთულები - “

    თმებში, ხელს თავში იცემს - „კარგი გოგო ვარ - ნუ მომკლავთ! -  ორი შვილი გავაჩინე - 

ლაპარაკი მესმის ჭერიდან  -„
      

    ორი წელია აქ არ ვყოფილვარ - მე ვტიროდი - ის მიყურებდა - ექთანმა შეწყვიტა ჩვენი შეხვედრა 

თავი სააბაზანოს თეთრ კედლებს შევაფარე - ტუალეტში შევედი დასამალად

    „საშინელება“ - ვქვითინებდი  - „საშინელებაა მისი აქ ნახვა  - საშინელება“ - დავტიროდი - 

თითქოს უკვე მოკვდა და საფლავში დალპა - „საშინელება!“

    უკან დავბრუნდი -  ისევ ყვიროდა - და გაიყვანეს - „შენ ალენი არ ხარ“ - მე სახეზე შევცქეროდი - 

მან კი არ შემომხედა - და გვერდზე ჩამიარა  -

    პალატის კარი გააღო და შიგნით შევიდა, ისე, რომ უკან არ მოუხედავს, პალატაში სწრაფად 

დამშვიდდა - ვუყურებდი - მოხუცს ჰგავდა - ბებრუხანას სამარის პირას  - 

„ყველაზე დიდი საშინელება!“ 


    შემდეგ წელს ნიუ იორკიდან წავედი - დასავლეთის სანაპიროზე ბერკლის კოტეჯში
 
მეცხადებოდა მისი სული -  იმ ფორმით, რომლითაც ცხოვრობდა სხეულში, დაფერფლილში

თუ მანიაკურში, ბედნიერების ზღვარს გადასული - 

     ახლოს სიკვდილთან - თვალებით - მე ის მიყვარდა - იმ ფორმით, ნაომი, დღემდე ჩემი მიწიერი 

დედა -  გავუგზავნე გრძელი წერილი  - &  შეშლილთა ჰიმნი - ნამუშევარი პოეზიის 

მოწყალე მბრძანებლის 

   ვინც გათელილ ბალახს ამწვანებს, ან ბალახით შლის კლდეს - და დედამიწასთან აჩერებს მზეს

 - უკლებლივ ყველა მზესუმზირასა და  რკინის ბრჭყვიალა ხიდზე დამდგარი ახალი დღის მზეს - 

რომელიც  ანათებს ძველ ჰოსპიტლებსაც და ჩემს ეზოსაც   - 
       
     ერთ საღამოს შინ დავბრუნდი სან-ფრანცისკოდან - დამხვდა ორლოვსკი ჩემს ოთახში - 

უეილენი რბილ სავარძელში  - და დეპეშა ჯინისგან, რომ ნაომი გარდაიცვალა.
  
    გარეთ გავედი, ავტოფარეხთან თავი ბუჩქის ძირას ჩავრგე - ვიცოდი - ახლა ის იყო უკეთ - 

როგორც იქნა, აღარ უწევდა დედამიწის ყურება მარტოს - 2 წელი მარტოობაში - და არავინ 

მასთან ახლოს - თითქმის 60 წლის გახდებოდა ხნიერი თავის ქალა - ოდესღაც კულულებიანი 

ნაომი ბიბლიიდან - 

    თუ რუთი - რომელიც ამერიკაში აქვითინდა - რებეკა - რომელიც დაბერდა ნიუარკში - დავითი,

რომელსაც  ახსოვს თავისი ქნარი და ახლა არის იელში იურისტი 

    თუ სრულ ავრუმი - ისრაელ აბრაამი - რომელიც  ვარ მე - ის ვინც უმღერის უფალს უდაბნოში 

ო, ელოჰიმ! - და ასე ბოლომდე - სიკვდილიდან ორი დღის შემდეგ მისგან ბარათი 

მივიღე - 

    ახალი უცნაური წინასწარმეტყველება! - მომწერა - „გასაღები ფანჯარაშია, გასაღები მზის

ნათელშია ფანჯარასთან, მე მაქვს გასაღები - ალენ დაქორწინდი ნარკოტიკებს ნუ გაეკარები -

გასაღები გისოსებშია, ფანჯარაში, მზის ნათელში.“

                                                        მიყვარხარ,

შენი დედიკო
    
    სახელად ნაომი.

 


ჰიმმნნი

უფლის ნებით შექმნილ ქებულ სამყაროში გამრავლდეს გაბრწყინდეს ამაღლდეს იქუხოს კურთხეულ იყოს მისი წმინდა სახელი კურთხეულ იყოს უფალი!
ნიუარკის სახლში კურთხეულ არს უფალი! საგიჟეთში კურთხეულ არს უფალი! სიკვდილის
    სახლში კურთხეულ არს უფალი!
 კურთხეულ იყოს უფალი ჰომოსექსუალიზმში! კურთხეულ იყოს უფალი პარანოიაში! კურთხეულ იყოს უფალი ქალაქში! კურთხეულ იყოს უფალი წიგნში!  
კურთხეულ იყოს უფალი რომელიც ცხოვრობს ჩრდილში! კურთხეულ იყოს უფალი! კურთხეულ იყოს უფალი!
კურთხეულ იყავ შენ ნაომი ცრემლებში! კურთხეულ იყავ შენ ნაომი შიშში! კურთხეულ  კურთხეულ კურთხეულ იყავ შენ ავადმყოფობაში! 
კურთხეულ იყავ შენ ნაომი საავადმყოფოებში! კურთხეულ იყავ შენ ნაომი განდეგილობაში!
კურთხეულ იყავ ტრიუმფში! კურთხეულ იყოს შენი გისოსები! კურთხეულ იყოს შენი ბოლო წლების მარტოობა!
კურთხეულ იყოს შენი მარცხი! კურთხეულ იყოს შენი ინსულტი! კურთხეულ იყოს შენი თვალების
დახუჭვა! კურთხეულ იყოს შენი ჩაცვენილი ლოყები! კურთხეულ იყოს შენი ჩამომხმარი თეძოები! 
კურთხეულ იყავ შენ ნაომი სიკვდილში! კურთხეულ იყოს სიკვდილი! კურთხეულ იყოს სიკვდილი!
კურთხეულ იყოს უფალი რომელიც ყველა ვარამს ზეცისკენ მიუძღვება! 
კურთხეულ იყოს უფალი დასასრულში!
კურთხეულ იყოს უფალი რომელმაც ბაღი გააშენა უკუნეთში! კურთხეულ კურთხეულ
    კურთხეულ იყოს უფალი! კურთხეულ იყოს უფალი! 
კურთხეულ იყოს სიკვდილი ყველა ჩვენგანზე!  

III
ოღონდ არ დავივიწყო დასაწყისი, როცა ის სვამდა იაფფასიან სასმელს ნიუარკის მორგებში,
ოღონდ მენახა მტირალი რუხ მაგიდასთან მისი სამყაროს ვრცელ პალატებში 
ოღონდ გამეგო უცნაური აზრები ჰიტლერზე კართან, ანტენებზე თავში, სამ ჩხირზე ზურგში, 
ხმებზე, რომლებიც 30 წელი ჭერიდან დასძახოდნენ მის ადრეულ საზიზღარ სტროფებს  
ოღონდ მენახა დროის ცვლილება, მახსოვრობის ჩავარდნა, ომების კრახი, ელექტროშოკის
უსაშველო დუმილი და ღრიალი 
ოღონდ მენახა სასაცილოდ როგორ დახატა მატარებელი სახლის სახურავზე ბრონქსში
მისი ძმები დაიხოცნენ რუსეთში თუ რივერსაიდში, ის მარტოა ლონგ აილენდში და უკანასკნელ 
    წერილს წერს ჩემთვის - მისი სახე მზის სხივებში, ფანჯარასთან 
„გასაღები არის მზის ნათელში ფანჯარასთან გისოსებში გასაღები არის მზის ნათელი“,
ოღონდ მივიდეს რკინის საწოლით იმ ბნელ ღამეს ინსულტის შემდეგ ლონგ აილენდზე 
    მზის ჩასვლისას
უკიდეგანო ატლანტიკა ღრიალებს გარეთ და მოუხმობს  ამქვეყნადმყოფთ -
უკან აბრუნებს კოშმარიდან -  ღმერთის ქმნილებას - მიმობნეულს - ჰოსპიტალში თავი 
სასიკვდილო ბალიშზე უდევს - უკვე ნაცნობ სიბნელეში უკანასკნელი გაელვება - დედამიწა
    მარადიულ სინათლედ  მოჩანს - ცრემლი არ არის ამ ხილვაში - 
გასაღები დარჩეს იქვე - ფანჯარასთან - გასაღები მზის ნათელში - ცოცხლებისთვის -
    ვისაც აღება შეუძლია 
სინათლის ზოლის - კარის გაღება - და ვინც უკან მოიხედავს დაინახავს 
ღმერთის  ქმნილებას მოლიცლიცეს საფლავის ზემოთ - სამყაროს ზომის -
საავადმყოფოს თეთრი კარის თავზე თაღქვეშ დაკიდებული საათის წიკწიკის ზომის -


IV
ო დედა
რა გამომრჩა
ო დედა
რა დამავიწყდა
ო დედა
ვემშვიდობები
წვეტიან შავ ფეხსაცმელს
ო დედა
ვემშვიდობები
კომუნისტურ პარტიას  და თვალწასულ წინდას
ო დედა
ვემშვიდობები
ძუძუს კერტების ექვს შავ ბეწვს
ო დედა
ვემშვიდობები
ძველ კაბას და ვაგინის ირგვლივ გრძელ წვერს 
ვემშვიდობები 
შენს ჩამოწელილ მუცელს 
შენს შიშს ჰიტლერის წინაშე
შენს პირს ცუდი ამბების მაცნეს  
შენს თითებს ჭიანი მანდოლინების  
შენს მკლავებს პატერსონის გაშლილი სადარბაზოების შესასვლელების
შენს მუცელს გაფიცვებისა და საკვამურების  
შენს ნიკაპს ტროცკისა და ესპანეთის ომის 
შენს ხმას წელში გაწყვეტილი & ლპობაშეპარული მშრომელების მადიდებელს 
შენს ცხვირს ნიუარკის მჟავე კიტრის სუნით ამოქოლილს 
შენს თვალებს რუსეთის
შენს თვალებს უფულობის
შენს თვალებს ყალბი ჩინეთის
შენს თვალებს დეიდა ელეონორის
შენს თვალებს მოშიმშილე ინდოეთის
შენს თვალებს რომელიც ფსამს პარკში
შენს თვალებს დაღმა მავალი ამერიკის
შენს თვალებს რომელიც ვერ ცნობს ფორტეპიანოს კლავიშებს 
შენს თვალებს კალიფორნიელი ნათესავების
შენს თვალებს სასწრაფო დახმარების მანქანაში მომაკვდავი დედიკო რეინეის
შენს თვალებს ჩეხოსლოვაკიის სადაც შეიჭრნენ რობოტები 
შენს თვალებს ბრონქსში ხატვის გაკვეთილებზე 
შენს თვალებს მკვლელი ბებიის რომელსაც სახანძრო გასასვლელიდან ხედავ ჰორიზონტზე 
შენს თვალებს რომელიც   შიშველი კივილით დარბის დერეფანში
შენს თვალებს რომელიც პოლიციელს სასწრაფო დახმარების მანქანისკენ მიჰყავს 
შენს თვალებს დაბმულს საოპერაციო მაგიდაზე 
შენს თვალებს ამოკვეთილი პანკრეასის
შენს თვალებს აბორტების
შენს თვალებს ამოკვეთილი საკვერცხეების 
შენს თვალებს შოკის
შენს თვალებს ლობოტომიის
შენს თვალებს განქორწინების
შენს თვალებს ინსულტის
შენს თვალებს მარტოობის
შენს თვალებს
შენს თვალებს 
შენს თვალებს ყვავილებში ჩაფლული სიკვდილის  


V

ყვა ყვა ყვა კაშკაშა მზეში ყვავები დასჩხავიან საფლავის ქვას ლონგ აილენდში
ღმერთო ღმერთო ღმერთო ნაომი  ამ ბალახის ქვეშ განისვენებს ჩემი ნახევარი და მისი მთელი 
    ცხოვრება 
ყვა ყვა ჩემი თვალი დაიმარხება იმავე მიწაში რომელზეც მე ანგელოზად ვგავარ 
ღმერთო ღმერთო შენი ყოვლისშემძლე თვალი უყურებს ყველაფერს და დაჰყვება საავდრო
    ღრუბლებს 
ყვა ყვა ამქვეყნიერთა  უცხო ყვირილი მოშრიალე ტყის ზემოთ ავიდა ზეცად 
ღმერთო ღმერთო ო მიღმიერთა ვეება ჩარხი ჩემი ხმა შეოლის* უსაზღვრო ველსა შინა
ყვა ყვა დროის ყვირილი ფეხქვეშ გვეცლება და მიფრთხიალებს კოსმოსში წამი
ღმერთო ღმერთო ექო ცაში ქარის დაფლეთილ ფოთლებში მოგონებების ღრიალი 
ყვა ყვა ყველა წელიწადი ჩემი დაბადება სიზმარი ყვა ყვა ნიუ-იორკი ავტობუსი
დახეული ფეხსაცმელი ვეებერთელა სკოლა ყვა ყვა ღმერთის ყველა ხილვა
ღმერთო ღმერთო ღმერთო ყვა ყვა ყვა ღმერთო ღმერთო ღმერთო  ყვა ყვა ყვა ღმერთო


                                                                       Paris, December 1957—New York, 1959


*ჭკუასუსტი - 1950 -იან წლებში გავრცელებული დისკრიმინაციული მიმართვა  მენტალური შეზღუდვის მქონე პირთა მიმართ;
*ზანგი - 1950 -იან წლებში გავრცელებული დისკრიმინაციული მიმართვა აფროამერიკელთა მიმართ;
*პედერასტი - 1950 -იან წლებში გავრცელებული დისკრიმინაციული მიმართვა  სექსუალურ უმცირესობათა მიმართ;
*მოირები - ბედისწერის ქალღმერთები ბერძნულ მითოლოგიაში;
*„ადონაისი”- ინგლისელი რომანტიკოსი პოეტის, პერსი ბიში შელის მიერ, მეგობარ, ასევე რომანტიკოს ჯონ კითსის ხსოვნის მიმართ მიძღვნილი ელეგია;
*შეოლი - ძველ აღთქმასა და იუდაიზმში -გარდაცვლილთა სამყოფელი;
*ადონაი -ებრ. უზენაესი უფალი;

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული