• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

რომანტიკული ძაღლები

×
ავტორის გვერდი რობერტო ბოლანო 15 მარტი, 2025 64

ნინო ჩაჩავას თარგმანი

თარგმანები აღებულია წიგნიდან, „რომანტიკული ძაღლები“ (თბილისი, 2024)

 

წვიმა

წვიმს და ამბობ, თითქოს, ღრუბლები
ტირიან. მერე პირს იფარავ და უჩქარებ
ნაბიჯს. თითქოს, ტიროდნენ ეს გალეული ღრუბლები.
შეუძლებელია. მაშ, საიდანღა, მთელი ეს რისხვა,
ეს სასოწარკვეთა, ჯოჯოხეთის გზაზე რომ მიგვაქანებს?
ბუნება ზოგიერთ წესს
იდუმალებაში, თავის ნახევარძმაში იმალავს. და იმაზე მალე, ვიდრე
იფიქრებდი, ეს საღამო,
აღსასრულის საღამოდ რომ დასახე, მელანქოლიის
საღამოდღა მოგეჩვენება, ხსოვნაში გამქრქალ
საღამოდღა სიმარტოვის: ბუნების სარკე. ან, იქნებ
სულაც დაგავიწყდეს. წვიმა, ქვითინი, შენი ნაბიჯები
შვერილებზე სიარულისას ჭექენ. უმნიშვნელონი.
იტირე და გადნენ შენი ანარეკლები
ბულვარის გზაზე ჩამწკრივებული მანქანების
საქარე მინებში. მაგრამ, თავს ვერ დაკარგავ.

 


ფრაგმენტები

წალეკილი დეტექტივი . . . უცხო ქალაქები
ბერძნული დასახელების თეატრებით
მაიორკელმა ბიჭებმა დილის ოთხ საათზე
აივანზე მოიკლეს თავი
გოგოები პირველივე გასროლის გაგონებისას გადაეკიდნენ ფანჯრებიდან
დიონისე აპოლონი ვენერა ჰერკულესი . . .
მრავალგვარობა   გარიჟრაჟი
შენობების კონტურებზე
ტიპი, რომელიც მანქანაში მჯდარი უსმენს ახალ ამბებს
და წვიმა ძარაზე კაკუნებს
ორფეოსი . . .


Jus lo front port vostra bella semblança
(*შენი მშვენიერი სახე ჩემს შუბლქვეშ დამაქვს)
— ჯორდი დე სენ ჯორდი

ვეცდები დავივიწყო სხეული თოვაში რომ გამოჩნდა
როცა ყველანი მარტო ვიყავით პარკში, ან გორაკზე
კალათბურთის მოედნების უკან მე ვთქვი დაიცა და ის შემობრუნდა:
სულგრძელი გულით ანთებული თეთრი სახე არასდროს
მენახა ასეთი სილამაზე მთვარემ დედამიწისგან დაიხია
შორიდან მოისმოდა გზატკეცილზე მოსიარულე მანქანების ხმები: ადამიანები
სახლებში ბრუნდებოდნენ ყველანი სატელევიზიო
რეკლამაში ვცხოვრობდით სანამ მან თოვლის
ჩარიგებული ფარდები არ გადასწია და თავისი სახე არ დამანახა: სამყაროს
ტკივილი და მშვენება მის მზერაში თოვლზე
პაწაწინა ნაფეხურები დავინახე სახეზე სუსხიანი ქარი ვიგრძენი
პარკის მეორე მხარეს ვიღაც რთავდა და აქრობდა
ფარანს სულდგმული იყო ყოველი ფიფქი
სულდგმული იყო ყოველი მწერის კვერცხი და სიზმარში ვიფიქრე: ახლა
სამუდამოდ მარტო ვიქნები მაგრამ ცვიოდნენ
და ცვიოდნენ ფიფქები და ის არ წასულა

 

ჩემი ცხოვრება გადარჩენის მილებში

რადგან პატარა ტანის და ყვითელი ვიყავი და სასიამოვნო ნაკვთები მქონდა
და რადგან გონიერი ვიყავი და შრომით ბანაკში,
ან საიზოლაციო ოთახში წამებას ვერ მაიძულებდნენ,
ამ მფრინავ თეფშში გამომკეტეს
და მითხრეს, გაფრინდი და შენი ბედი იპოვე. მაგრამ,
რა ბედს ვიპოვიდი? ეს დაწყევლილი თეფში
სამყაროს ცაზე გამოკიდულ მფრინავ ჰოლანდიელს ჰგავდა, თითქოს
გაქცევა მნდომებოდა ჩემი უძლურებისგან, ჩემი უჩვეულო
ჩონხისგან: რელიგიის სახეში შეფურთხება რომ იყო,
ბედნიერების ზურგში ჩაცემული აბრეშუმი,
მორალისა და ეთიკის საკვები, ჩემი ჯალათი ძმებისა
და ჩემი უცნობი ძმებისაგან თავის დაღწევა.
საბოლოოდ, ყველა ადამიანური და საკვირველი, ყველა ობოლი და
ბრმა მოთამაშე უფსკრულის პირას. მაგრამ, მფრინავ თეფშში მჯდარს
ყოველივე მხოლოდ გულგრილს თუ გამხდიდა.
ან, შორეულს. ან, მეორეხარისხოვანს. ჩემი მოღალატე სახეობის ყველაზე დიდი ღირსება
გამბედაობაა. იქნებ, ერთადერთიც კი, ცრემლებსა და
გამოთხოვებებში თვალშისაცემი. სწორედ გამბედაობას მოვითხოვდი, გამომწყვდეული
თეფშში, ფერმერებსა და თხრილებში გაშხლართულ ლოთებს რომ
აცვიფრებდა. გამბედაობას ვიკრებდი, სანამ დაწყევლილი თეფში
გეტოებისა და პარკების თავზე დაქროდა, რომლებიც გამვლელს
ვეებერთელად მოეჩვენებოდა, ჩემთვის კი მხოლოდ უმნიშვნელო ტატუები,
მაგნიტური, გაუშიფრავი სიტყვები იყო, უბრალო ჟესტები
პლანეტის წავის ქურქზე რომ გადაეკრათ ნიშნებად.
შტეფან ცვაიგი ხომ არ გავმხდარიყავი და ჩემი თვითმკვლელობის დადგომას
ვესწრებოდი? ამ თვალსაზრისით, თეფშის სუსხი
უცილობელი იყო, და ზოგჯერ მაინც ვოცნებობდი
თბილ ქვეყანაზე, აივანსა და ერთგულ, თავდავიწყებულ სიყვარულზე.
ჩემი დაღვრილი ცრემლი დღეობით რჩებოდა
თეფშის ზედაპირზე, არათუ ჩემი ტკივილის, არამედ
ერთგვარი დიდებული პოეზიის ნიშნად, რომელიც სულ უფრო და უფრო
მიწურავდა გულს, საფეთქლებსა და გვერდებს. ოცნებებში აივანი,
თბილი ქვეყანა და ფართო, ერთგულთვალებიანი სიყვარული
თანდათანობით მიახლოვდებოდნენ, სანამ თეფში
ჩემი ძმების უმეცრებასა და უმანკოებაზე
მწველ ნაკვალევს ტოვებდა. მე და თეფში სინათლის ბურთი ვიყავით
ღარიბი გლეხების თვალის ბადურებში, ხანმოკლე იმიჯი,
ვერასდროს აღვწერ ჩემს სწრაფვას
და ვერც იმ მისტერიას, ამ გაუგებარი მოწყობილობის
დასაწყისიც რომ იყო და დასასრულიც. და ასე,
სანამ გაილია ჩემი ცხოვრება, ქართა ნებაზე მინდობილი,
ზოგჯერ ვოცნებობდი, რომ თეფში მთაგრეხილს ეჯახებოდა
ამერიკაში და ჩემი ხელუხლებელი ჩონჩხი
მთიელებისა და ისტორიკოსების დასანახად აღზევდებოდა:
კვერცხი დაგრეხილი ხუნდების ბუდეში. ვოცნებობდი,
რომ ჩემი და თეფშის მოხეტიალე ცეკვა,
რეალობის ჩვენი საცოდავი კრიტიკა პლანეტის რომელიმე უდაბნოში
უმტკივნეულოდ, უჩუმრად სრულდებოდა. სიკვდილი,
რომელსაც ჩემთვის სიმშვიდე არ მოუტანია, რადგან მას მერეც კი ვოცნებობდი,
რაც ჩემი ტანი გაიხრწნა.


აღდგომა

პოეზია ისე ერწყმის სიზმრებს,
როგორც მყვინთავი ტბას.
პოეზია, ყველაზე გაბედული,
ლოხ-ნესივით უძირო და
ბალატონივით უკუნ, ავბედით ტბებს
ერწყმის და მათში
ტყვიასავით იძირება.
ფსკერიდან დააკვირდით:
ნების ბუმბულით
შემოსილი
უცოდველი
მყვინთავი.
პოეზია ისე ერწყმის სიზმრებს,
როგორც მკვდარი მყვინთავი
ღვთის მზერას.


ჯოჯოხეთის სამკითხველოში

ჯოჯოხეთის სამკითხველოში სამეცნიერო ფანტასტიკის
მოყვარულთა კლუბში
სუსხიან ეზოებში გარდასვლის საძინებლებში
მოყინულ გზებზე როცა თითქოს ყოველივე ნათელია
და თითოეული წამი უკეთესი და ნაკლებ მნიშვნელოვანი
პირში სიგარეტითა და შიშით ზოგჯერ
მწვანე თვალებითა და 26 წლის თქვენი მონა-მორჩილი

 

რომანტიკული ძაღლები

მაშინ ოცი წლისა
და გიჟი ვიყავი.
ქვეყანა დავკარგე,
მაგრამ სიზმარი მოვიგე
და თუ ეს სიზმარი გამაჩნდა,
სხვას აღარაფერს ჰქონდა აზრი.
არც მუშაობას, არც ლოცვას
არც გამთენიისას სწავლას
რომანტიკული ძაღლების გვერდით.
და სიზმარი ჩემი სულის სიცარიელეში ცხოვრობდა.
ხის საძინებელი,
ჩაბნელებული,
ტროპიკების ერთ-ერთ ფილტვში.
და ზოგჯერ ჩემ შიგნით განვმარტოვდებოდი
და სიზმარს ვეწვეოდი: თხევად ფიქრებში
უკვდავყოფილი ქანდაკება,
თეთრი მატლი სიყვარულით
იკლაკნებოდა.
დაუოკებელი სიყვარულით.
სიზმარი სიზმარში.
კოშმარი კი მეუბნებოდა: გაიზრდები.
უკან მოიტოვებ ტკივილისა და ლაბირინთის იმიჯებს
და დაივიწყებ.
თუმცა, იმ დროს, გაზრდა დანაშაული იქნებოდა.
აქ ვარ, ვთქვი, რომანტიკულ ძაღლებთან
და რომანტიკულ ძაღლებთან დავრჩები.

ვირი

ზოგჯერ მესიზმრება, რომ მარიო სანტიაგო
თავისი შავი მოტოციკლეტით მაკითხავს.
ქალაქს უკან ვიტოვებთ და სანამ
შუქები უჩინარდება,
მარიო სანტიაგო მეუბნება, რომ
მოტოციკლეტი მოპარულია, უკანასკნელი მოტოციკლეტი,
რომელიც ჩრდილოეთის ღარიბი მიწებიდან
ტეხასისაკენ სამოგზაუროდ,
გამოუთქმელი ოცნების მისადევნებლადაა მოპარული,
აღუწერელის, ჩვენი ახალგაზრდობის ოცნების,
მაშასადამე, ჩვენს ოცნებათა შორის
ყველაზე გაბედულის. როგორ შემიძლია,
ამ სწრაფ, შავ, ჩრდილოურ მოტოციკლეტზე ჯდომაზე ვთქვა უარი,
იმ გზებს რომ მიაპობს, რომლებსაც ერთ დროს გადიოდნენ
მექსიკელი წმინდანები,
მექსიკელი მათხოვარი პოეტები,
უტყვი წურბელები ტეპიტოდან,
ან გუერეროს უბნიდან, ერთი და იმავე ბილიკით,
რომელზეც ერთმანეთში ათქვეფილი და ბუნდოვანია დრო:
ვერბალური და ფიზიკური, გუშინდელი დღე და აფაზია.

და ზოგჯერ მესიზმრება, რომ
მარიო სანტიაგო, ან ვინმე უსახო პოეტი მაკითხავს,
თავი თვალების, პირისა და ცხვირის გარეშე,
მხოლოდ კანი და ნება, და არაფერს ვეკითხები
ისე ვჯდები მოტოციკლეტზე, და ჩრდილოეთის გზებზე
მივდივართ, მე და თავი,
საცოდავ გზაზე დამდგარი უცნაური
ეკიპაჟი, მტვრითა და წვიმით წაშლილი გზები,
ბუზებისა და ხვლიკების მიწა, მშრალი ბუჩქნარი
და ქვიშის ქარიშხლები, ერთადერთი შესაფერისი სცენა
ჩვენი პოეზიისათვის.
და ზოგჯერ მესიზმრება, რომ ის გზა,
რომელზეც ჩვენი მოტოციკლეტი, ან ჩვენი ჟინი დამოგზაურობს,
ჩემს სიზმარში კი არა, სხვების სიზმრებში
იწყება: უცოდველების, კურთხეულების,
თვინიერების, მათი, ვინც, ჩვენდა სამწუხაროდ,
აქ აღარ არიან. და აი ასე მივდივართ მე და
მარიო სანტიაგო მეხიკოდან, რომელიც იმდენი
სიზმრის განვრცობაა, იმდენი კოშმარის
ხორცშესხმა, და ჩვენს პოზიციებს ვუბრუნდებით,
ყოველთვის ჩრდილოეთისაკენ, ყოველთვის კოიოტების   
გზაზე, და ჩვენი მოტოციკლეტი
ღამისფერდება. ჩვენი მოტოციკლეტი,
შავი ვირია, რომელიც ცნობისმოყვარეობის მიწებზე
მიიზლაზნება. შავი ვირი,
რომელიც ამ ღარიბი, უკაცრიელი პეიზაჟების
ადამიანურობასა და გეომეტრიაში მოძრაობს.
და მარიოს ან თავის სიცილი
ჩვენი ახალგაზრდობის აჩრდილებს ესალმება,
აღუწერელი და ამაო ოცნება
გამბედაობისა.

და ზოგჯერ მგონია, რომ შავ მოტოციკლეტს ვხედავ,
შავი ვირივით რომ უჩინარდება საკატეკასისა
და კოაუილას მიწიან გზებზე, სიზმრის
მიჯნაზე, და თუმცა არ მესმის მისი
მნიშვნელობა, მისი ჭეშმარიტი აზრი,
მესმის მისი სიმღერა:
მხიარული გამოსათხოვარი სიმღერა.

და შეიძლება, გამბედაობის უბრალო ჟესტებია, რომლებიც
ბრაზისა და გულისწყრომის გარეშე გვემშვიდობებიან,
თავიანთ უმიზეზობასა და ჩვენს თავებთან შერიგებულები.
ციცქნა, ამაო გამოწვევებია  — ანდაც,
წლებისა და ჩვეულებების გამო
მიგვაჩნია ამაოდ — გვესალმებიან,
და ხელებით ამოუცნობ ნიშნებს გვაჩვენებენ,
შუაღამისას, გზის პირას,
ჩვენი საყვარელი და მიტოვებული შვილებივით,
რომლებიც ამ კირქვის უდაბნოებში მარტო გაიზარდნენ,
იმ ნათებასავით, ერთ დღეს რომ ჩვენში გაიარა
და დავივიწყეთ.

და ზოგჯერ მესიზმრება, რომ მარიო სანტიაგო
თავისი შავი მოტოციკლეტით კოშმარში მაკითხავს
და ჩრდილოეთისკენ ვიღებთ გეზს,
იმ აჩრდილთა ქალაქებისკენ,
სადაც ხვლიკები და ბუზები ცხოვრობენ.
და სანამ სიზმარს
ერთი კონტინენტიდან მეორეზე გადავყავარ
ცივი, უმტკივნეულო ვარსკვლავების წვიმაში
შავ მოტოციკლეტს ვხედავ, სხვა პლანეტიდან მოსულ ვირს,
ორად გახლეჩილ კოაუილას მიწებს.
სხვა პლანეტიდან მოსული ვირი
რომელიც ჩვენი უმეცრების დაუოკებელი ლტოლვა,
და თანაც, ჩვენი იმედი
ჩვენი გამბედაობაა.
აღუწერელი, ამაო გამბედაობა, ცხადია,
თუმცა, ყველაზე შორეული სიზმრის
მიჯნაზე კვლავნაპოვნი,
უკანასკნელი სიზმრის ნაწილებში,
ვირებისა და პოეტების
ბუნდოვან და დამატყვევებელ გზაზე.

სტუმრობა სანატორიუმში

1976 წელია და რევოლუცია დამარცხდა,
თუმცა ჩვენამდე ეს ჯერ არ მოსულა.
22, 23 წლისები ვართ.
მარიო სანტიაგო და მე შავ-თეთრ ქუჩაზე მივდივართ.
ქუჩის ბოლოს, 50-იანების ფილმიდან გადმოსულ სამეზობლოში, დარიო გალისიას მშობლების სახლი დგას.
1976 წელია და დარიო გალისიას თავის ქალის ტრეპანაცია2 გაუკეთეს.
ცოცხალია, რევოლუცია დამარცხდა, ლამაზი დღეა
იმ შავი ღრუბლებისდა მიუხედავად, ჩრდილოეთიდან რომ ნელა მოიწევენ და ხეობას კვეთენ.
დარიო დივანზე წამოწოლილი გვხვდება.
თუმცა, ჯერ მის მშობლებს ველაპარაკებით, ორ ადამიანს, რომლებიც ბერდებიან, ბატონ და ქალბატონ ციყვებს, სიზმრებში ჩაძირული მწვანე ტოტიდან რომ ფიქრობენ იმაზე, როგორ იწვის ტყე.
და დედამისი გვიყურებს და ვერ გვხედავს, ან ისეთ რამეებს ხედავს, ჩვენც რომ არ ვიცით.
1976 წელია და იმისდა მიუხედავად, რომ თითქოს, ყველა კარი ღიაა,
თუკი ყურადღებით დავაკვირდებით, გავიგონებთ,
როგორ იკეტებიან ისინი ერთიმეორის მიყოლებით.
კარებები: მეტალის ნაჭრები, არმატურიანი რკინის ცხაურები ერთიმეორის მიყოლებით იკეტებიან უსასრულობის ფილმში.
თუმცა, ჩვენ 22 ან 23 წლისები ვართ და უსასრულობა არ გვაშინებს.
დარიო გალისიას თავის ქალის ტრეპანაცია ორჯერ გაუკეთეს!
და ერთ-ერთი ანევრიზმა სიზმრის შუაში გასკდა.
მეგობრები ამბობენ, რომ მეხსიერება დაკარგა.
და ასე ვიკვლევთ გზას მე და მარიო გზას ორმოციანების მექსიკურ ფილმებში
და მის გამხდარ ხელებთან მივდივართ, მუხლებზე რომ მშვიდი მოლოდინის ნიშნად დაუწყვია.
1976 წელია და ეს მეხიკოა და მისი მეგობრები ამბობენ, რომ დარიოს აღარაფერი ახსოვს
საკუთარი ჰომოსექსუალობაც კი.
და დარიოს მამა ამბობს, რომ უმიზეზოდ არაფერი ხდება
გარეთ თავსხმაა:
წვიმა რეცხავს სამეზობლოს ეზოს კიბეებსა და კორიდორებს
და მისრიალებს ტინ ტანის3, რეზორტესისა4 და კალამბრესის5 სახეებზე,
რომლებიც 1976 წელს ნახევრად გამჭვირვალედ იფარავენ.
და დარიო ლაპარაკს იწყებს. აღტაცებულია.
უხარია, რომ ვესტუმრეთ.
მისი ხმა ჩიტის ხმას ჰგავს: გამკივანი, გამოცვლილი
თითქოს, მის ხმოვან იოგებს რაღაც დამართეს.
თმა უკვე ეზრდება, თუმცა ტრეპანაციის ნაიარევები მაინც შესამჩნევია,
კარგად ვარო, ამბობს.
ზოგჯერ ძილი ისეთი მონოტონურია.
კუთხეები, უცხო ადგილები, თუმცა, ერთი და იგივე სიზმარი.
ცხადია, არ დავიწყებია, რომ ჰომოსექსუალია (ვიცინით)
ისე, როგორც სუნთქვა არ დავიწყებია.
ლამის მოვკვდი, ამბობს დიდი ხნის ფიქრის შემდეგ.
წამით ვფიქრობთ, რომ ატირდება,
მაგრამ, არ ტირის,
არც მე და მარიო ვტირით.
თუმცა, ვიღაც ტირის, სანამ გაუგონრად ნელა წვება ბნელი.
და დარიო ამბობს: საბოლოო მოგზაურობა და ჰყვება ვერაზე, რომელიც მასთან ერთად იყო საავადმყოფოში და სხვა სახეებზე, რომლებსაც მე და მარიო არ ვიცნობთ და ახლა ვეღარც დარიო ცნობს.
ორმოცი-ორმოცდაათიანი წლების ფილმების შავ-თეთრი მოგზაურობა.
პოლიციელებად გადაცმული პედრო ინფანტე6 და ტონი აგილარი7
მეხიკოს უსასრულო დაისს მოტოციკლეტებით მიარღვევენ.
და ვიღაც ტირის, თუმცა ჩვენ არა.
ყურადღებით რომ მოვუსმინოთ, ისტორიის, ან ბედის კარებების ჯახუნს გავიგონებთ.
თუმცა, მხოლოდ სადღაც მოტირალის სლოკინი მოგვესმის.
და მარიო ლექსების კითხვას იწყებს.
დარიოს უკითხავს ლექსებს, მარიოს ხმა ისეთი ლამაზია და გარეთ წვიმს
დარიო ჩურჩულით ამბობს, რომ ფრანგი პოეტები უყვარს.
პოეტები, რომლებსაც მხოლოდ თვითონ, მარიო და მე ვიცნობთ.
ბიჭები წარმოუსახავი პარიზიდან, თვითმკვლელობისგან ჩაწითლებული თვალებით.
როგორ უყვარს ისინი!
ისე, როგორც მე მიყვარდა მეხიკოს ქუჩები 1968 წელს.
თხუთმეტი წლის ვიყავი, ახალი ჩამოსული.
თხუთმეტი წლის ემიგრანტი ვიყავი, თუმცა პირველს რასაც მეუბნებოდნენ, მეხიკოს ქუჩები, იყო, ჩვენც ემიგრანტები ვართ, ემიგრანტები სულიდან.
ო, ლამაზი, ზედმეტად არასდროს ნაფიქრალი, საშინელი
უფსკრულზე გამოკიდებული მეხიკოს ქუჩები,
როცა მსოფლიოს სხვა ქალაქები
ერთგვარობასა და სიჩუმეში იძირებიან.
და ეს ბიჭები, მამაცი ჰომოსექსუალი ბიჭები, მთელი ეს დრო ფოსფორის წმინდანებივით დაშტამპულები,
1968 წლიდან 1976-მდე.
ისე, როგორც ჭიის ხვრელი8, რომელიც მაშინ იღება,
როცა ყველაზე ნაკლებად ელი,
მეტაფიზიკური ორმო ცისფერი თინეიჯერებისა, რომლებიც — ყველაზე გამბედავები! — პოეზიასა და ხიფათს უსწორებენ თვალს.
თუმცა, 1976 წელია და გარიო გალისიას თავს ტრეპანაციის წარუშლელი კვალი ეტყობა.
გამომშვიდობებათა წინა წელია,
რომელიც სამეზობლოს ჩიხებიდან
დროში გაჩერებული
უზარმაზარი, დაბანგული ჩიტივით მოიწევს.
შავი ფსლის მდინარესავით, მეხიკოს მთავარ არტერიაში რომ მიმოიქცევა,
ჩაპულტეპეკის9 შავი ვირთხების მიერ თქმული და გზაგაკვლეული მდინარე, მდინარე-სიტყვა, დროში დაკარგულ სამეზობლოთა თხევადი წრე.
და მიუხედავად იმისა, რომ მარიოს ხმა და დარიოს ახალი,
მულტფილმივით მჭახე ხმა
ჩვენს მტრულ ჰაერს სითბოთი ავსებენ,
ვიცი, რომ იმიჯებში, რომლებზეც წინასწარი ღვთისმოსაობით ვფიქრობთ,
მექსიკური ვნების გამჭვირვალე ხატებში,
დიდი გაფრთხილება და დიდი მიტევება გართხმულა,
ის უსახელო რამ, ოცნების ნაწილი, რომელსაც მრავალი წლის შემდეგ
დამარცხების აღმნიშვნელ სხვადასხვა სახელს დავარქმევთ.
ნამდვილი პოეზიის დამარცხების, რომელსაც სისხლით ვწერთ.
და თესლითა და ოფლით, ამბობს დარიო.
და ცრემლებით, ამბობს მარიო.
თუმცა, არც ერთი არ ვტირით.


ლუპე

გურეროში მუშაობდა, ჯულიანის სახლიდან რამდენიმე ქუჩის მოშორებით
17 წლის იყო და შვილი დაღუპული ჰყავდა.
მის გახსენებაზე ეტირებოდა სასტუმრო ტრებოლის იმ ნომერში, ტევადსა და
ბნელში, აბაზანითა და ბიდეთი, რამდენიმე წლით საცხოვრებლად
ზედგამოჭრილში. ზედგამოჭრილში აპოკრიფული მემუარების, ან საშინელებათა
ლექსების ბუკეტის დასაწერად. ლუპე
გამხდარი იყო და და ლეოპარდივით გრძელი,
დაწინწკლული ფეხები ჰქონდა.
პირველ ჯერზე ერექცია არც კი მქონია:
და არც მინდოდა, მქონოდა. ლუპე თავის ცხოვრებაზე
და იმაზე ლაპარაკობდა, მისთვის ბედნიერება რა იყო.
ერთი კვირის მერე ისევ შევხვდით. ქუჩის კუთხეში
ვიპოვე, სხვა თინეიჯერ ბოზებთან ერთად,
ძველი კადილაკის ფრთაზე მიყუდებული.
მგონი, გაგვიხარდა ერთმანეთის ნახვა. მას მერე
ლუპემ თავის ცხოვრებაზე დამიწყო მოყოლა, ზოგჯერ ტირილისას, ზოგჯერ
ტყნაურისას, თითქმის ყოველთვის საწოლში იწვა შიშველი
და ჭერს აჰყურებდა, ჩემზე ხელჩაკიდებული.
მისი ვაჟი ავადმყოფი დაიბადა და ლუპე ღვთისმშობელს დაჰპირდა,
რომ თავის საქმიანობას შეეშვებოდა, თუკი ბავშვი გამოჯანმრთელდებოდა.
პირობა ერთი-ორი თვით არ დაურღვევია, მერე კი დაბრუნება მოუწია.
შვილი მალევე მოუკვდა და ლუპე ამბობდა, რომ მისი ბრალი
იყო, რადგან ღვთისმშობლისათვის მიცემული სიტყვა გატეხა.
ღვთისმშობელმა პატარა ანგელოზი, დარღვეული პირობის ფასი წაიყვანა.
არ ვიცოდი, რა მეთქვა.
კი, ბავშვები მომწონდა,
მაგრამ ჯერ ბევრი წელი იყო იქამდე,
სანამ გავიგებდი, შვილის ყოლა რას ნიშნავს.
ამიტომ, ჩუმად ვიყავი და იმ უცნაურ შეგრძნებაზე ვფიქრობდი,
სასტუმროს სიჩუმიდან რომ მოიწევდა.
კედლები ან ძალიან სქელი იყო, ან ჩვენ ვიყავით მისი ერთადერთი მობინადრეები,
ანდაც სხვები პირს დასაკვნესებლადაც კი არ აღებდნენ.
მარტივი იყო, ლუპე გეხმარა და თავი კაცად გეგრძნო,
საზიზღრად გეგრძნო. მარტივი იყო შენს რიტმზე
მოგექცია და მარტივი იყო, გესმინა, როცა
იმ საშინელებათა ფილმებზე ლაპარაკობდა,
კინო ბუკარელში რომ ბოლო დროს ნახა.
თავის ლეოპარდის ფეხებს წელზე შემომაჭდობდა,
თავს კი ჩემს მკერდში ჩარგავდა და ჩემს ძუძუსთავებს,
ან გულისცემას ეძებდა.
აი, ეს მინდა მოვწოვო, მითხრა ერთ ღამეს.
რა, ლუპე? შენი გული.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული