• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

იოსების მიწა

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 08 ივლისი, 2025 98

აბა შენ იცი ჩემო გონიერო მკითხველო, აქ ისაც უნდა წაიკითხო, რაც გამოვტოვე: ჩემი ხმა!

 

- ..............................................................................

 

- არა, ბიჭო, რა „მამას გაექცნენ“, მამა დედას ამწარებდა, თორემ ჩემ დიდ ძმებისთვის და შვილებისთვის არცერთისთვის არა ყოფილა ცუდი, მითუფრო იოსებისთვის ან  შალიკოსთვის. იოსებ ისე კარგად არ მახსოვს, ძაან ბალღ ვიყავ, როცა გადაიკარგა, ხოლო შალიკო კი მახსოვს.  შალვა რომ მოვიდოდა, დასხდებოდნენ, ერთადა სვამდნენ მამა-შვილნი, თანაც ლექსობდნენ ფშაურადა. სულ მუშაობდა შალიკო, ხან სად, ხან სადა. ჩემთვის კი მკაცრ იყო მამაი, ერთხელ ცქიფაშვილ მერიაის დაბადების დღე იყო და რავი,  იმ მამაჩემსა და გიგოს რაღა უნდოდა იქა, იმხნისებსა, სუყველა თუ დაჰპატიჟეს. მე იმათ წინ ვიჯექ. საიდანღაც მოეხეტა მუშტათ ტარიელაი, ის დანელებული და მომიჯდა გვერდზე. გადმომიჩურჩულა მამამა, რომ ადექ ეხლავე და წადიო! ვაიმე, როგორ მეწადა დარჩენა! ვაიმე მამი, დავრჩები რა მამიო – მენა! არა, გინდა თუ არა, წადიო! ეტყობა  მექალთანე რომ იყო თავადა, ძაან ფრთხილ იყო მამაი. გიგომაცა, მამა რომ გეუბნება, ადექ და წადიო! ჰოდა, წამოველ მენაცა, აბა რა შორს სავალ იყო სოვათ სახლიდან ბატარიკთამდე, და რამდენი ვიტირე, როგორ  მეწადა ლხინში დარჩენა. აბა რა გვქონდა მეტი კანატიაში, ერთ დაბადების დღე მახსოვს და იქიდანაც გამომაგდეს ეს ციალაი. ნეტავ „ციალა“ რადღა მომაქვივნეს, როგორ არ მომწონს, მებეჩავება რადამა.

 

-……..........................................................

 

- როგორ გავთხოვდი და გამათხუეს? მე ხომ სკოლიდან ადრე გამოველ, მეცხრე კლასიდანა, დედას ვუვლიდი, თუშათ ნინოსა. დედა რომ გახდა ძაან ავადა. იმ შენ მოთხრობის გმირს - ჯუთუათ პავლესაც მე ვუვლიდი თავის ქალთამზეზე მეტადა. ისაც ხომ ლოგინად იყო ჩავარდნილი. მერე რომ დაიხოცნენ ის პავლე და დედაც და დავრჩით შინ მარტოკები მე  და მამა: შენაო, პატრონ გინდაო! ჯერ კინაღამ ი გომეწრელ მწარიათ პავლიკას გამაყოლეს. ვინც გინდა ყოფილიყო, ოღონდ ის არა. ფშავში არ მეწადა გათხოვება და იმიტომ უფრო გავყევ ამ დუშელ კაცსა. ძაან კი მინდოდა რომ ესაც ისეთი გამომადგარიყო ის შენი სიძე რომ  იყო, რობერტი. მარიამობას, საჯვარიაჩიით ხომ წვერზე ავლაც ვიცოდით, ჰოდა ბალღ ვიყავ, ავდიოდით აღმართ მთასა და იმ შენ სიძეს სულ ხელ ეკიდა ხელზე შენი დის - ეთერისათვის. როგორ მინდოდა რომ მეც ეგეთი ქმარი შემხვედრიყო! ეს ვინატრე მაშინვე პატარა ქალამა! ვუყურებდი და ვფიქრობდი: ნეტა მე თუ მეღირსება ასეთი სიყვარული-მეთქი!? ეჰ, არა! ...იმ დღეს გამახსენდა შენი და ეთერი. რა კარგი გოგო იყო. რა ცოდვაა რომ ისე ახალგაზრდა წავიდა იმქვეყნად. ნათელა და ეთერ კლასელებ იყვნენ და ჩვენთან ძაან ხშირად გადმოდიოდა, ნათელასთანა. როგორ თბილ და კეთილ იყო. სულ გვეფერებოდა და გვესიყვარულებოდა ჩვენ, პატარებსა.

 

-… ………………………………………………………………….

 

- მე არ მახსოვს შენც თუ იქ იყავ მაშინ ხატობაში და არც შენა გხსომებია ჩემ იქყოფნა. ბევრებ ვიყავით აბა, ბალღებიც რამდენი. შენც იცეკვე? ცეკვა კი იცოცხლე! რაც მე საჯვარიაჩი მითამაშია. მედოლეც მე ვიყავი. მთიულური და ფშაური! შემომიჩნდებოდენ ეს ჩვენ ქალები რომ ერთ ჭიქა დალიე რა ციალაოო! მეც, ერთ რო გადავკროდი, მეტ არც მინდოდა. რაც მე ლხინის გაჩაღება ვიცოდი! თურმე ეს მამაჩემი მკვლევს, მაკვირდება შორითაითა, ქალებ ხო აქათაისაკ, ცალკე ვისხედით და ეთქვა მერე დედისთვის, რომ ციალა ძაან კაი ხასიათისა არისო. არ ვიცოდი გადაჭარბება, ერთ ჭიქა მყოფნიდა.

 

- ………………………………………………………………….

 

- მერეცა, მაშაა! რამდენი ვიცეკვე ხორხში თახათ ვაჟაისა და ჟიჟიათ ეთერაის ქორწილში!

ელომაც იცოდა ცეკვა, მაშ, ჩემმა დებმა, სუყველამა, ვარდიკომაც, ნათელამაცა. ტონათ ზაირაის ქორწილში ელო წაიყვანა მამამა. ტრიალებს ეს ელო თურმე ქორწილში, ეგ დიდია ჩემზედა და მოსწონებია ვიღაც ბიჭსა და შეუმღერნებია მამაჩემისთვის:

 

ბიძასთან უნდა გადავხდე,

ქალი ჰყავ ოქროსფერაო,

 

მამამაც უპასუხა:

კი, შვილო, რატომაც არა,

დედა გყავ ჩემისწორაო!

 

მერე როგორ იყო, ყველაფერი აღარ მახსოვს და ბოლოს ცოტა ზედმეტად გამოსვლია იმ ბიჭსა:

შენ ქალთან უნდა გადავძვრე

როგორც ქათამთან მელაო!

ჰოდა, პასუხიც საფერო მიიღო:

მაშინ მოგიტყნავს დედასა

ბატარიკთ ნაგირგელაო!

თან დაუვლია ხელი სავსე ღვინიან ბოთლისთვის  და გაუქანებია იმ ბიჭისათვის „სასიმამროს“. ამტყდარა ერთ ჩხუბი, აქედან გიორგი, იქიდან ის ბიჭი და ძლივს დაუშოშმინებიათ და რავი... ქორწილს ხომ უხდება ცოტა ალიაქოთი! – ქორწილის ჩხუბი განა ნამდვილია, თეატრში დადგმულივითაა.

 

-………………………………………………………………..

 

ეგ მიწის ამბავი? ძოღანაც ხომ მოგიყევ… ნეტავ რად მაყოლებ ამდენსა? საიდან დავიწყო… მე ხომ არ მითხრეს თუ შალიკოც მოკვდა, გულმა კიდევ არ  დაარტყასო - მიფრთხილდებოდნენ. კაი ხანი არ ვიცოდი. ეს მანამდეა, ჰო: აი ირინას ქორწილში არ დაუპატიჟებია თავისები იოსებსა: მაინც ვერ ჩამოვლენ და ტყუილად დაღონდებიანო! ამათ გაუგიათ საიდანღაც, ჩამსხდარან  და ორი მანქანით წასულან ეს ჩემ დები - ნათელაი და ელო  თავის ქმრებიანად, ფშავიდან როსტოვში. ორივემ მაგარ ცეკვა იცოდა, იოსებმაცა და შალიკომაც. ერთად უცეკვია ირინას ქორწილში ძმებსა და გადარეულა სუყველა… შალიკო რადღა გადაიხვეწა რუსეთშია?  შალიკო ხომ მოგვიანებით წავიდა, ეგ ცოლ-სიდედრს გაექცა. იოსებ კი მალევე წავიდა. იოსებ ჯარში რომ მსახურობდა, შეჰყვარებია იქა ის გოგო  და მერე ჯარიდან რომ ჩამოსულა და  დედას შეუტყვია, ძაან ღონდებოდა, უთქვამს: წადი, იქნებ გამოგყვესო! წასულა. არ გამოჰყოლია... მერე და მერე ხომ ძაან არეულ ამბებ დაემთხვა და დარჩნენ რუსეთშია ეს ჩემ ძმები. გვიან მაინც რატო ვეღარ ჩამოვიდნენ? არ ვიცი. აბა რომ დაინახავდენ იმ აოხრებულ, თავგანებებულ სახლ-კარსა, ხომ უფრო დაღონდებოდნენ?

 

-………………………………………………………………………………..

 

- არა, ეგ მიწა ჩვენ დედ-მამის საფლავიდან კი არ წაიღო ირინამა, ჩვენი ეზოდან წაიღო. კი, მეც იქ ვიყავ, ნათელაი, სხვები, ვიგენტაის მანქანით ავედით კანატიაში, გადავიარეთ, გადავხედეთ იმ ჩვენ სახლსა ბატარიკთასა: სულ დანგრეული, გარშემო აჯაგებული. აი სახლის შორიახლოს, გორზე დავდექით, გაზაფხულ იყო მაშინა, სულ აყვავებული იქაურობა. შინ არც შევსულვართ ან როგორ შავიდოდით შინა, სადღა იყო შინაი… გაიარა იმ ირინამ და რკინა რაღაც იპოვა სახლის გვერდზე და ამოთხარა და ჩაყარა  პარკში და წაუღო თავის მამასაც, ბიძასაც და მიაყარა საფლავზე, ერთსაც, მეორესაც, როგორც დაუბარეს. ეგრეა მაგ იოსების მიწის ამბის თავ-ბოლო.

 

-…………………………………………………………………………………..

 

- ეგრე იყო, ბალახიც შეუყვებოდა კი. … შენ წარმოდგენაში ეხლაც იმ გორზე ვდგევართ სუყველანი. ჩვენ გავხედავთ და ის ირინა კიდევ თხრის და თხრის  იოსების მიწასა!.. თხრის და თხრის. არ ამოგდის თავიდან.

 

მერეცა ვცეკვავდი თუ არა? ვენაცვლე ჩემ ძმებსა! ჩონგურები გვქონდა, დავდიოდით დუშეთის ფშაველ რძლები ქორწილებშია და ვამხიარულებდით ქორწილიონებსა. შენ ისეთებს მაყოლებ, რომ კიდევ რაღაცის დაწერას აპირებ... ცეკვაც უნდა ისწავლო, მაშააა! სუყველაფერ ხომ ისწავლე და კი არაში გამოგადგა ეგ შენ სწავლა!.. ცეკვას რა უნდა, მენა და ჩემ ძმებმა სულ ცეკვა-ცეკვით დავანგრიეთ ეს დედამიწა  და ჩვენ წილ წუთისოფელიც სულ ცეკვა-ცეკვით ჩავიტანეთ საფლავებშია.

01.07. 2025.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული