მერვე სართულზე ფეხით ავიდა. შემოსასვლელშივე გაიხადა ბოტასები, აბაზანაში შეიტანა და ხელი დაიბანა. აივანზე გავიდა, ქუჩას გადახედა. სიგარეტს მოუკიდა. ოთხჯერ მოქაჩა და ჩააქრო. ტროტუართან წითელი მანქანა გაჩერდა, ქალი გადმოვიდა, ნაგვის კონტეინერში შავი პარკი ჩააგდო და სწრაფადვე უკან ჩაჯდა.
აბაზანაში შებრუნდა. ყველაფერი გაიხადა, ლიფიც სარეცხის კალათაში ჩააგდო. ღრუბელზე თხევადი საპონი დაასხა, ბოტასები ხელით გარეცხა. დუშის ფარდა გადაწია, წყალი მოუშვა და სახე ვიწრო ზოლად წამოსულ ჭავლს მიუშვირა.
საღამოს ხილი გაირეცხა. ორი ატამი და სამი ქლიავი. თეფში წინ დაიდო, გორგოლაჭებიან მაგიდაზე. ტელევიზორს ბოლომდე ჩაუწია, ვენტილატორი დივნისკენ მიატრიალა და რექორდერი ჩართო.
ვალერი შორიდან ჩანს. ბუჩქებისკენ მიტრიალებული. შარდავს. ან შეიძლება ჩანთიდან ამოიღო ბოთლი და ხელს იბანს. მაგრამ უფრო შარდავს.
ტრიალდება. ოდნავ შემცბარი.
- მოხვედი?
- როგორ ხართ?
- მე რა მიშავს, გამოჩნდი როგორც იქნა, გამოჩნდი, ორი კვირა მიაყოლე
- საქმეები მქონდა. რა ხდებოდა?
- გამიჭირდა მე ძალიან
- რატო?
- რატო და თოთხმეტშია ბანკი, პირველ საათზე ღამე ირიცხება, ცამეტის ღამეს, ჰოდა, ფულს ვერ ვსესხულობ, არ შემიძლია ორი ლარი სამი ლარი, მაღაზიაში რომ შევიდე ესენი მომცემენ. არ ვიკადრებ, შენ გელოდებოდი
სიჩუმე. ხმაური და ფოთლების შრიალი შემოდის.
- მერე, იშოვეთ?
- არა კაცო რა ვიშოვე, გუშინ საღამოს შვილიშვილი დამადგა თავზე
ზედა ქუჩაზე ნელა ადის სამშენებლო მანქანა. ვალერის ლაპარაკი არ ისმის. გუგუნი ახშობს.
- ჰოდა, ეს შეძლებული ხალხი, ერთი სიტყვით გეტყვი, თავში ისროლაო რომ იძახიან, ღამის ორ საათზე რეანიმობილით თვითმფრინავი დახვდა ქუთაისში, თურქეთში გადაიყვანეს, გესმის შენ? არ ენდეს, და მართალი გააკეთეს, იმის გასაღება ყველას უნდა, არ ალაპარაკონ, ახლა შენ წარმოიდგინე ამას რამდენი უნდა, მაგათთვის ეს არის ჯიბის, სემიჩკის ფული, ვისაც არა აქვს, ამას ხო ვერ გააკეთებდა
- ხო
- ეს მაგალითი რაზე მოგიყვანე, აი როგორ არი ცხოვრება, მარტო ჩვენ კი არა ყველა ასეა, მე ვნახე ბანგლადეში, ანახეს რა ბანგლადეში, აი მოგზაურები რომ მიდიან
- გისმენთ, თან ვივარჯიშებ
ზურგით დგება. ვალერი წინიდან უახლოვდება.
- მიდი, შენ აკეთე, ჰოდა, ანახეს რა ეს ბანგლადეში, სადაც აკეთებენ იქ ცხოვრობენ, იმიტო გამტანი არავინ არაა, ტონობით, ტონობით გროვდება, მერე აჩვენეს როგორ ცხოვრობენ მილიონერები, აი ავიღოთ ვთქვათ გლდანი, იმხელა, იმათი დასახლება, მდიდრების არის შემოღობილი კედლით და ყველგან დაცვა დგას იარაღიანი. რა კონტრასტია
- ინდოეთივით?
- ინდოეთი. პოლ მილიონი ინდოელი შემოყავთ რუსეთში, იმიტომ მუშები აღარ ყავთ, ეხოცებათ ომში, იმას ხომ კიდევ ვიღაცა გამოყვება, ესენი როგორ არიან იცი, მარტო გამოკვება და ბინა
კაცი შემოდის მოედანზე. გაურკვევლად აცვია, არც სპორტულად, არც საქმიანად. ტრენაჟორზე დგება. ფეხებს აქნევს.
ვალერი ლაპარაკს უწყებს.
- როგორა ხარ? შენგან ვერაფერი ვერ ვიყიდე, სანამ მე ვიყიდე, ყველაფერი გაყიდული დარჩა
კაცი უმისამართოდ იცინის.
- ავიღებ პენსიას და მოვალ, პამიდორს როგორ ყიდი?
- ლარნახევარი
- ა, მალადეც, იმიტომაა ხალხს რომ მიაქვს, მოდიან და დაიტვირთებიან შენთან
რამდენიმე წუთში კაცი შეუმჩნევლად გადის მოედნიდან.
- მარნეულიდან მოდის, მანქანა ყავთ, და აი აქ დადგება აქ, ყველაფერი აქვს, ხილი, მწვანილი, ყველაფერი, თავის ოჯახის, თუ გინდა რამე გახვალ აქვე
- კუთხეში?
- აი აქ კუთხეში, ქალი რომ იჯდა თუ გახსოვს?
- მწვანილს რო ყიდდა?
- ხო, იმ ადგილას არის ეს
- ის ქალი სად არის?
- გარდაიცვალა
- უი
- წვიმები იყო, წვიმები და არ მოდიოდა, არ მოდიოდა, არ მოდიოდა, შევეკითხე, მე რა ვიცი ახლა, აგერ ნოდარია ერთი, მერსედესი ყავს, აი აქ ტაქსაობს, მოყვა, ერთმანეთთან ლაპარაკობდნენ, რა ერქვა იმ ქალს, რაღაცა სახელი ერქვა, რაშია საქმე-მეთქი, მე მომიყვა ერთხელ თავის ბიოგრაფია, მარტყოფელი კაცისგან ქალიშვილი გააჩინა, გაიზარდა ეს გოგო, გათხოვდა რუსთაველ კაცზე, და მერე მოხიეს გერმანიაში, წავიდნენ, იქ ორი ბავშვი დაბადა, იყო ჩამოსული დედამისთან, ის ბინა ამას მისცეს და თვითონ წავიდნენ, გაპასტაიანდნენ გერმანიაში, ისეთი მომჭირნე იყო, შუქისას არ იხდიდა
- ვინ ეს ქალი?
- ხო, გაზს საერთოდ არ იხდიდა, წყალს არ იხდიდა, წყალი არ ქონდა სახლში, გარეთ ხო არი ონკანი რაღაცა, იქიდან ამოქონდა რომ დაებანა და რაღაცა, ახლა ტუალეტი ხო გინდა, ჩასარეცხი წყალი ხო არ არი, თვითონ თქვა, ცელოფანში ვაკეთებ და გარეთ გამაქვსო
- რაა?
- ოხრად დარჩა, რა ქონება მე რა ვიცი, რა ექნებოდა, პენსია ქონდა, სოციალური ქონდა, აქაც ვაჭრობდა, მეზობლებმა დაასაფლავეს, მაგის გოგო ჩამოსულა მერე, მოითხოვა პოლიციამ, ვიღაცა მემკვიდრეს მოსვლა, ბინას წაართმევდნენ, ჩამოსულა და ალბათ უთხრა, მე ქალიშვილი ვარო
- დაკრძალვის მერე ჩამოვიდა?
- ხო, ვერ მოვედიო, რა ერქვა კაცო ამ ქალს, ლიზა, ლიზა ერქვა
- რით გარდაიცვალა?
- არ ვიცი, რა დაამტკიცა ექსპერტიზამ, მე რა ვიცი, რომ არ გამოვიდა მილიციას დაუძახეს, იმან შეანგრია კარი, სახელმწიფომ დამარხა რა
კარზე დარეკეს. რექორდერი გათიშა. შემოსასვლელში გავიდა და კარი სანახევროდ გამოაღო.
- რა ხდება არ იცი?
- არ ვიცი, ზაირა, დილიდან არ არის.
- დამიკავე რა ერთი წამი, არ მინდა ძირს დავდო.
პარკები გამოართვა, მეზობლის კართან მივიდა და მიაწოდა.
- ხვალ ჩართავენ ალბათ.
- ვინ ჩართავს ერთი.
- მორიგე იყავი?
ქალმა თავი დაუქნია.
ბინაში შებრუნდა. კარი მიხურა და ხელები დაიბანა.
რექორდერი ჩართო.
- ქმარი არ ყავდა?
- იმ კაცმა ამასთან გაიგულავა, გაისეირნა, და გააჩინა ბავშვი, რათ უნდა ამას ამდენი მიკვლევა-მოკვლევა?! იმას ყავდა თავის ოჯახი. ერთხელ მისულა, გოგო რომ მოეწყო კარგად, გერმანიაში, მონახა ეს ქალი, ჩემ ქალიშვილთან მიშუამდგომლეო, მიპატრონონო, მიპატრონონ. ბავშვი მე გავზარდეო, ახლა გინდაო როცა გაიზარდაო კარგად. უარით გაისტუმრა
ვალერი მოედნის იქით იყურება.
ვალერის მზერის მიმართულებით იხედება.
- ყვავია?
- პირველი ადგილი დაიკავა, ადამიანის შემდეგ ჭკვიანი არსება, მე მეგონა ის აიღებდა, მაიმუნი, ან სპილო, ან რა ვიცი, ყვავმა აიღო ისეთი ჭკვიანია, შეიძლება ლაპარაკი ასწავლო, ოღონდ პატარაობიდან, ბარტყი იშოვე და ლაპარაკსაც სწავლობს, ადამიანის ენას
ვალერი ჩუმდება. ხმაური და შიშინი შემოდის.
- მე მყავდა ერთი, ბიჭვინთაში ცხოვრობდა, ყოფილი საპასპორტო განყოფილების უფროსი, პენსიაზე იყო და ორი ყვავი გაზარდა, საიდან იშოვა ახლა მე დეტალები არ მახსოვს, რომ მიხვიდოდი ჭიშკართან, თავის ჭიშკართან, უჩასტოკი ქონდა, სახლი ქონდა რა, და გაფრინდებოდა და უძახოდა მასპინძელს, თავის პატრონს, სტუმარი სტუმარი სტუმარი
კაცი შემოდის მოედანზე. თეთრებში ჩაცმული. ჩოგბურთელის გარეგნობით. პატენტები აცვია. ვალერის ესალმება და ჯდება. აპლიკაცია ამბობს пробежка приостановлена.
ვალერი ლაპარაკს უწყებს.
- არ იცი როგორ დამთავრდა გუშინ? ორი წუთი უკლდა, ჩამეძინა, სამით ნოლი იყო
რექორდერი გათიშა. ჩანაწერს დააწერა: ვალერი 27. 10.07.25. თეფშიდან ატამი აიღო და ტელევიზორს აუწია