• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

მაისი

×
ავტორის გვერდი ჰაიკ ჰოვიანი 06 ოქტომბერი, 2026 96
მაისი

მამა ნელა მოძრაობდა, ცდილობდა ნაბიჯების თანმიმდევრობა არ არეოდა... ერთი, ორი და კიდევ ორი.
თვითონ წინ არ უსწრებდა. ნაბიჯს გადადგამდა, მამას დაელოდებოდა, შემდეგ ისევ გადადგამდა ნახევარ ნაბიჯს.
მათ უბანში მაისი თელებიდან იწყებოდა. ბალბის მტევნები ტოტებს ებღაუჭებოდნენ და ქარს ელოდნენ, რომ ეზოები მწვანე ფანტელებით დაეფარათ. ისინი მოხრილ ტოტებზე ადიოდნენ, პირს ფრთიანი თესლებით ივსებდნენ და ასე იწყებოდა მაისი.
ერევანში საცხოვრებლად სამი ნორმალური თვე იყო: მაისი, ივნისი და სექტემბერი... დანარჩენი ან ცხელი იყო, ან ცივი, ან კიდევ ⎼ ნოემბერი. ამ სამიდან ყველაზე ძლიერი მაისი იყო.
⎼ ფრთხილად, მა... ⎼ არ უყვარდა მამას ან მამიკოს თქმა. მამა, მამი, მა... მამები ჩვეულებრივ ერისაა ხოლმე, მისი არა... მისი ⎼ მამი იყო.
ახლად აყვავებული მაისი თელებიდან მოედინებოდა, შთანთქავდა შარშანდელიდან დარჩენილ, დანესტიანებულ ფოთლებს.
ფეხსაცმლის წვერით გვერდზე გადასწია მამის ფეხქვეშ ჩავარდნილი აგურის ნატეხი… სანამ ჩვენ ვოცნებობდით, რომ ჩვენი მამები ჩვენი მეგობრები ყოფილიყვნენ, ისინი ცდილობდნენ, უკეთესი მშობლები მაინც გამხდარიყვნენ.
⎼ ციკლოფოსფანი იშოვეთ, არა? ⎼ მამა თავის ბრძოლებში იყო გართული.
⎼ კი, მა, ვიშოვეთ, ⎼ კიდევ ერთხელ უპასუხა.
⎼ რუსულია, ხომ?
⎼ მარტო უკრაინული იყო...
⎼ იგივე მილიგრამია?
⎼ კი, კი, ნუ ნერვიულობ...
⎼ ნამდვილად იშოვეთ?
⎼ მა!..
ალბათ ცოტა ხმამაღლა მოუვიდა, მამამ წარბები შეჭმუხნა და მკლავი უკან გასწია.
⎼ მაა... ⎼ ხმა დაურბილდა.
უკვე მამა იყო ბავშვი, თვითონ კი ⎼ მშობელი. ნაბიჯს აუჩქარა, რომ ჭირვეულს უკან არ ჩამორჩენოდა. ტროტუარზე გაშოტილ მოხუც ძაღლს განძრევაც კი ეზარებოდა, უძრავად იწვა და ელოდებოდა, სანამ ახლად ამოსული მაისი მასაც შთანთქავდა. მაისს შეგუებული იყო. მამა წამით შეჩერდა მოხუც ძაღლთან.
⎼ ადრე დაიწყო მაისი წელს, ⎼ წაილუღლუღა.
ერთმანეთს შეხედეს.
⎼ საპარიკმახეროში მივდივართ, ხომ? ⎼ მეათასედ იკითხა. მოხუცმა ძაღლმა დამძიმებული ქუთუთო წამოწია.
უბნის ძაღლებიც კი იცნობდნენ მამას. შეუძლებელი იყო არცნობა. იმ წლებში ექიმები უბნის ყველაზე პატივსაცემი ადამიანები იყვნენ ⎼ ბიზნესმენების გამოჩენამდე. ხალხს ბრალი არ უძღოდა… ფული არ იყო, დაავადებები კი ჯიბეს არ უყურებდნენ. ნაცნობი ექიმის ყოლა პურის ტალონზე ძვირად ფასობდა.
გატეხილი კიბის საფეხური საშიშად გადმოკიდულიყო და ეზოში მიმოსვლას ხელს უშლიდა. თვითონაც ეზოში დიდი ხანია არ ცხოვრობდა. თვალი შეავლო პანელურ მრავალსართულიანს: ერთი, ორი ⎼ და სცადა ცხრამდე დაეთვალა. პანელების ფასადი ტუფის ნატეხებით იყო მოჩუქურთმებული. საბჭოეთი, საბჭოეთი… გვიანი საბჭოეთი უკანასკნელ ამოსუნთქვაზე, ქვებით მოპირკეთებამდე რიგი აღარ მიდიოდა, ტუფის ნატეხები ჩაძირულიყვნენ ბეტონში და ქაღალდის კედლებივით ეწყვნენ ერთმანეთზე… გაახსენდა, წვიმის შემდეგ როგორ იცვლიდა ტუფი ფერს და მრუმე პანელურები როგორ იწყებდნენ წითლის ელფერებით თამაშს.
მზერით მე-7 სართულს მიაღწია.
ისევ მაისი იყო, როცა მე-7 სართულის ანუშავანს მუცელი დაეჭიმა, დოლივით გაუხდა და მეზობლები სირბილით ჩამოცვივდნენ ექიმის დასაძახებლად ⎼ გვიშველე, ბავშვი ხელიდან გვეცლებაო. ახლად გადატანილ ინფარქტსაც კი არ შეუჩერებია – მამა სირბილით ავარდა მეხუთე სართულზე… დენი არ იყო თუ ლიფტი არ მუშაობდა, ახლა აღარც ახსოვს․ მერე მამა რამდენიმე დღე მძიმედ ქშინავდა და წამლებს სვამდა. ანუშავანი ახლა ამერიკაში ცხოვრობს, ალბათ, ცოლი, შვილები…
2 სართულით ზევით, მე-9-ზე, ძია სურიკის სახლი იყო. ომგამოვლილი კაცი… ეზოში პურის საცხობი, გაქირავებული ავტოფარეხები და კიბო ჰქონდა. მამასთან გამომტყდარა, ტკივილებს ვეღარ ვუძლებ და მეცხრე სართულიდან გადახტომა მინდაო… მამამ მოუსმინა, უსაყვედურა: შენ კი წახვალ, მაგრამ შენი შვილები ვერ შეეგუებიან შენს ნამოქმედარს; სიბრძნეა საჭირო, სიცოცხლესა და სიკვდილს ფილოსოფიურად უნდა მიუდგეო.
ძია სურიკის დაკრძალვა მაისში იყო, და ორი მუცელგაბერილი დეპუტატიც კი მოვიდა; უბნის ბავშვები შეგროვილიყვნენ და გაოცებით უყურებდნენ იმ უცნაურ არსებებს. მამას ქელეხში ჭიქა აღემართა ⎼ სურიკის სიბრძნის სადღეგრძელო დაილია. ძია სურიკის შვილები შეგუებულები იყვნენ მაისს, და შეგუებული იყო მთელი კორპუსი.
⎼ საპარიკმახერო აქ არ იყო? ⎼ მამას დაბნეული მზერა ჰქონდა. ხელი მიიტანა, თმა გაისწორა. ყალყზე მდგარი, თეთრი ტალღებით. ყოველ დილით ფენით იშრობდა.
მამას თმას მხოლოდ დედა ჭრიდა, ყოველ შემთხვევაში, რაც თავი ახსოვდა. ომის წლებში პარიკმახერისთვის გადასაყრელი ფული არ ჰქონდათ, მერე კი ეს ჩვევად იქცა და ასე მიგორავდა მაისიდან მაისამდე.
სახლში თმის შეჭრა მთელი რიტუალი იყო. მამა ყოველ ჯერზე ნერვიულობდა, დედას ყური არ მოეჭრა, დედა კი ხუმრობდა, მაკრატელმომარჯვებული „ჰოპო!“ – შეაშინებდა ხოლმე. ის და მისი და კი კისკისებდნენ.
ნეტავ როგორ ცხოვრობდნენ მამა და დედა, როცა მათ არავინ უყურებდა? რა შიშებს იზიარებდნენ, როგორ უყვარდათ, როგორ აცხრობდნენ ჩხუბს, რას უმალავდნენ ერთმანეთს, როგორ იღლებოდნენ, სწყინდათ და მაინც უძლებდნენ.
რანაირი ადამიანები იყვნენ ისინი, სანამ მშობლები გახდებოდნენ?
მოხუცმა ძაღლმა ზარმაცად დაამთქნარა და მზერა გააყოლა, სანამ ისინი კორპუსის კუთხიდან მეზობელ ეზოში გადაუხვევდნენ.
⎼ ჰო, მართალია, აქ იყო საპარიკმახერო, ⎼ გაიღიმა მამამ. ცოტათი დავიწყებოდა, შემოტრიალდა, ძაღლისკენ გაიხედა და შვილს მკლავში ხელი გაუყარა. მარტოსული ძაღლი შეგუებული იყო მაისს და მწვანე ბალახში ზარმაცად გაწოლილს მოეჩვენა, თითქოს კუდიც კი გააქიცინაო.
⎼ ნო პტიჩკა ტოჟე ხოჩეტ ჟიწ, ⎼ მამა ისევ ძაღლისკენ იყურებოდა, ⎼ დამავიწყდა, რომელი სიმღერიდან იყო.
⎼ მე ასეთი სიმღერა არ ვიცი, მა, ⎼ უთხრა, ⎼ იქნებ სიმღერიდან სულაც არ არის...
⎼ არ მახსოვს... აქ არ იყო საპარიკმახერო?..
თვითონაც დიდი ხანია უბანში თმა არ შეეჭრა, თუმცა ყველა ადგილი ერთნაირი იყო: გვერდები ⎼ ერთზე, ზემოთ ⎼ მაკრატლით.
კარზე არ დაუკაკუნებია, თუმცა ალბათ დაკაკუნება უფრო სწორი იქნებოდა. დალაქი შიგნით ყავას ადუღებდა.
⎼ ვაა, ეს რა ქარმა გადმოგაგდო, ძმაო, ⎼ მათი კორპუსიდან იყო. მართალია, თმას მასთან არ იჭრიდა, მაგრამ ამის გამო ხომ არ გაებუტებოდა.
⎼ არაფერი, ძმაო... მამას თმები შევჭრათ, ⎼ ხმას დაუწია.
⎼ კი, ბატონო... ძიას თმები ყოველთვის აკურატულად აქვს შეჭრილი, დავარცხნილი, უბნის მოხუცებს კონკრეტულად შურთ მისი, დეიდებს ხომ... ნახე, ახლა როგორ ლამაზად შევჭრი... აქამდე რატომ არ მოდიოდით? დაჯექი, დაჯექი, დოქტორ ჯან, ხომ გახსოვარ, ერთხელ რომ მოვიწამლე?.. ⎼ ძალიან ენაჭარტალა ბიჭი იყო. მამა დუმდა და მზერას შვილის ზურგს არ აცილებდა.
⎼ დედა ჭრიდა ყოველთვის, ⎼ არ აცალა სიტყვის გაგრძელება.
⎼ ჰო... ალბათ ამჯერად ვერ მოახერხა, ⎼ დალაქი გაჩუმებას არ აპირებდა, ხელში თმის საკრეჭი მანქანა აიღო, ⎼ აბა, როგორ შევჭრათ?..
კუთხეში ჩაიდანი ადუღდა და გამოირთო.
⎼ გადაპარსე, ⎼ მისი ხმა იყო, მაგრამ უცხოდ მოეჩვენა. მამა კიდევ უფრო მეტად ამოეფარა შვილის ზურგს.
თმის საკრეჭი მანქანა დალაქის ხელში დადუმდა.
⎼ მთლიანად? ⎼ დაბნეულმა შეხედა.
⎼ ჰო... მაინც დასცვივდება, ⎼ შეხედა მამას, გაიღიმა.
სცადა მეხსიერებაში უკანასკნელად აღებეჭდა... მამას ყალყზე დამდგარი ჭაღარა თმები, ლამაზი ტალღებით უკან გადავარცხნილი.
მამამ გაიღიმა ⎼ მხოლოდ შვილს უყურებდა.
გაახსენდა, როგორ კრეჭდნენ ხოლმე მთლიანად უბნის ბავშვებს მაისის ბოლოს, სკოლების დახურვისას, ზაფხულის დამდეგს. მამა მათ გადაპარსვის უფლებას არ აძლევდა ⎼ არა უშავს, დედასთან ერთად ხშირ-ხშირად გააცხელებდნენ წყალს და ბავშვებს თავს დაბანდნენ, ოღონდ სხვებივით გადაპარსულებს არ ეარათ...
გარეთ მაისი ხმაურობდა, უბნის ბოლოში მდებარე სკოლაში ბოლო ზარის რეპეტიციას გადიოდნენ და ახალგაზრდული ხმები მოდიოდა, თმის საკრეჭი მანქანის ზუზუნს ერწყმოდა.

სომხურიდან თარგმნა ასია დარბინიანმა
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული