- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
იმ დილას, როცა სახლიდან სიამაყის მზერით გააცილა, ბაშა ტუჩებაძემ არ იცოდა, რომ მისი ოთხი შვილიდან ყველაზე საყვარელი დედას მოუტყნავდა.
და სიმართლე გითხრათ, როცა ვამბობ, დედა მოუტყნა-მეთქი შეიძლება გადაჭარბებულია, მაგრამ თავად ბაშა ტუჩებაძეს ელდა სწორედ ამ ენერგიით ეცა. ჟრუანტელმა დიაგონალზე კი არ დაუარა, როგორც ჩვეულერივად ხდება ხოლმე, არამედ შუაზე გადასერა.
დაიბნა.
ყველაფერს ელოდა ცხოვრებაში ამის გარდა.
ელოდა, რომ ჟურნალისტები ბოლოს და ბოლოს იპოვნიდნენ მის გადამალულ ქონებას გაძღონიაში, ქალაქში, რომელსაც დედამოტყნულნი ამა ქვეყნისანი თვითირონიულად ეძახდნენ ამ მეტსახელს. ნამდვილი სახელი უკვე ყველას დავიწყებოდა. უძრავი ქონების ელიტური დანაყოფებიც პირდაპირ გაძღონიას უწოდებდნენ, აგდებულად. ერთგვარი ფეტიშისტური ვნებებითაც კი.
“სეილსმენების” დამახასიათებელი თავდაჯერებული სითავხედე ჰო ცალკე სალაპარაკოა, მაგრამ აქ!!! სადაც სახლს ისინი ყიდულობდნენ, რომლებიც გაძღნენ, სიმბოლურად მორალურ ხარკსა და უშუალობის უღელს ზღრუბლზევე იდებდნენ.
და ყველაზე სასაცილო ამ ამბავში ის იყო, რომ მაინც ვერ ძღებოდნენ ეს დედამოტყნულები. მაგრამ დღეს ამის გამო არ იყო მოსული ტევე “პირველი”.
ეგონა, რომ ოდესმე მის ბიზნესსაც აღმოაჩენდნენ და ყავითა და კრუასანით გამოსულს ამის გამო დახვდებოდნენ ჟურნალისტები სახლის კართან. რომლებმაც ისიც კი არ იცოდნენ, ის კი არ იცოდნენ, რომ ამ ევროპულ საუზმემდე ჩახოხბილი გაეძოვა, პური კარგად ამოეწო და მერე დამხმარე ქალს რომ არ შეეძახა, “ბატონო ბაშა!” - შარვალზეც შეიწმენდდა.
ბრძანება იყო! თუ ოდესმე ჟურნალისტები დაადგებოდნენ - “გამოწკეპილი” და “თესლ ვიდზე” უნდა მდგარიყო.
“თესლ ვიდზე… ანუ? [ქრაინგსმაილემოჯი]” - ასე იკითხა ბაშას კოლეგამ ვოთსაპში, როცა კომიტეტის თავმჯდომარემ, რომელიც სინამდვილეში სულაც არ იყო თავმჯდომარე, “გატყვნის პროტოკოლი” გამოაგზავნა.
მაგრამ დღეს არც ამის გამო მოსულიყო “ნეტგაზეთის” ის “მაზგაიობი” გოგო.
ეგონა და ელოდა, რომ ოდესმე აღმოაჩნდნენ, რომ ძერწავდა. რომ ოთხი ნათლული ჰყავდა. მართალია, კაი ხანია არ ენახა არც ერთი, მაგრამ ნათლიის ვალი მოხდილი ჰქონდა. ორის მამა დასაქმებული ჰყავდა და ორის მამისთვის ფული ჰქონდა ნასესხები, “როცა გექნება მაშინ მომეცის” პირობით, მაგრამ თან პატარ-პატარა დავალებებით ჰყავდა შეჭმული.
უნდოდა, რომ აღმოეჩინათ, როგორ მღეროდა სუფრაზე. რამდენიმე ვიდეო კი იდო ფეისბუქსა და ტიკტოკზე, მაგრამ სრულ ნიჭს ვერ ასახავდა.
მაგრამ დღეს ამისთვის არ იყო მოსული ტევე “იმედი”.
უნდოდა. ძალიან უნდოდა, მასთან სულიერებაზეც ესაუბრათ. უფრო მეტად წარმოეჩინათ, რამდენად გულწრფელი და ერთგული იყო. უფრო მეტად დაენახა მისი პარტიის თავს, რამდენად სანდო იყო. როგორი სპეტაკი. დედამოტყნული, მაგრამ სპეტაკი… შავი ნაჭერი - თეთრი ბუსუსის გარეშე… ყავა ურძეოდ… მწვადი უტყემდლოდ… კუტი პური - ობის გარეშე… სანდო… ჩვენიანი… კაცური კაცი… სადა! მინიმალისტური პოსტერივით… მუქი… ხაზები… შრეები…
საყრდენი!
მაგრამ დღეს ამისთვის არ იყო მოსული რუსთავი 2.
ან რა კარგი გემოვნება ჰქონდა - ჭაჭის ქვით მოეკირწლა თავისი ეზოს ონკანი, რომელიც წყაროდ გადაეკეთებინა. იქვე თუჯის ჭურჭელიც იყო მიმობნეული, ბორბალი, ქვევრი. კეცი და ურემი. ღვინოს ქვევრიდან ორშიმოთი იღებდა ხოლმე და “შავლეგოც” უმღერია ქვევრისთავზე.
მაგრამ დღეს არც ამისთვის იყო მოსული პირველი არხი.
დღეს ყველას აინტერესებდა, რატომ მოუტყნა საკუთარმა შვილმა დედა.
და რას აპირებდა.
როგორ უნდა გამოეყო გარეთ ცხვირი?
აი, ეს იყო მთავარი კითხვა.
აი, რა გაუჩალიჩა შვილმა.
ხომ შეეძლო ვინმე დაეჭრა?
ან მოეკლა?
მოეტაცა მაინც ვინმე? გოგო! ცოლად მოაყვანინებდა და დიდ ქორწილსაც გადაუხდიდა. ფრენკ სინატრას რეპერტუარსაც ამღერებდა ვინმეს.
მანქანით დატაკებოდა დედა-შვილს.
ან მამა-შვილს…
რა მნიშვნელობა აქვს.
ვინმე გაელახა. თავზე ეხტუნავა. მკერდზე ქუსლებით ევლო. თავზე თხილამურები გადაელეწა. აი, იმ ძმაკაცს, ბაშა ტუჩებაძეს რომ ყველაზე მეტად ევასება, “კაი, კაი, შეჩემ”-ებით გამოეყავანა და სადმე გაქცეულიყვნენ... მალდივებზე თუნდაც... გადაუხდიდა ფულს, მაგ დედამოტყნულს. აბა რა ექნა, მაგის დედას რო შესცა!
ეს რა უქნა!!!
***
იმ დილას, ბაშა ტუჩებაძის შვილი ქვარჩილი - გაიზარდა.
გარდატეხის ასაკის ზუსტად შუაში პიროვნული გარდატეხის წერტილი დაუდგა.
ჭკვიანი ბავშვი იყო. ვერ მოაგტყუებთ.
ხშირად არის ხოლმე, როცა ბაშა ტუჩებაძისნაირ დედამოტყნულებს ასეთი კარგი შვილები ჰყავთ.
ქვარჩილს თავისი არჩევანი უკვე დიდი ხნის გაკეთებული ჰქონდა.
პირველი და უმნიშვლეოვანესი არჩევანი მან დაახლოებით თერთმეტი წლის ასაკში გააკეთა, როცა მამამისის ძმაკაცის აგარაკზე სტუმრობისას, მამამისის ძმაკაცის შვილმა დამხმარე ქალს დედის მუტელი აგინა და მხოლოდ “ახლავე წაეთრიე შენს ოთახში” და “მამაშენი ნახე რას გიზამს,” მიიღო პასუხად. იმ დღეს მამა ნასვამი მოვიდა და რადგან გამძღარზე შედარებით უფრო მკაცრი იყო. დამხმარე ქალმაც თავი შეიკავა დაჩივლებისგან. მეორე დილას “პახმელიაზე” იყო და ვერ შეჰბედეს. მერე სადღაც წავიდა მივლინებაში თუ საქმის გასარჩევად. ვინ იცის.
მაგრამ ქვარჩილმა იმავე დღეს გადაწყვიტა, რომ ასეთი ბავშვი არ იქნებოდა. ბაშა ტუჩებაძის მძღოლს დაურეკა და სთხოვა სახლში წაეყვანა.
“უი, რატოოოოოოო?” ჰკითხა არდასჯილი თანატოლის დედამ.
კბილის ტკივილი მოიმიზეზა.
მერე ბევრი ისწავლა. იკითხა. პიანინოზეც იარა. ინგლისურზეც. ერთი პერიოდი ცოტა კი გამოყლევდა და ვიღაც მუსიკოსა და მხატვარა ბავშვებთან დაიწყო მეგობრობა. ან რას ხატავდნენ, ან რას უკრავდნენ. ფუ!
მე არას ვერჩი, ბაშა ტუჩებაძეს სძულდნენ.
მერე ეს ბავშვებიც შემოეცალნენ.
თვითონაც გულჩათხრობილი გახდა თითქოს და ამიტომ ბაშა ტუჩებაძემ გადაწყვიტა ინგლისში გაეშვა. სასწავლებლად. საუკეთესო სკოლაში.
იმ დილას, როცა ქვარჩილმა გაიღვიძა, სიცარიელეს გრძობდა. თითქოს არ უხაროდა, რომ ორშაბათს ლონდონში მიფრინავდა სკოლის დაწყებამდე გარემოსთან შესაგუებლად.
ცოტა ხანი იდგა და მზეს უყურებდა. მზეს მიაშტერდა. იცოდა, რომ არ შეიძლებოდა და აუცილებლად დაბრმავდებოდა, მაგრამ ამ დროს გული გაეხსნა. გაიღიმა. თავი დაიქნა, თითქოს ვიღაცას დაეთანხმაო. მერე მივიდა, მთელი ღამე რომ იტენებოდა ტელეფონის სატენი აკუმულატორები(სამი თუ ოთხი) დენიდან გამოაერთა, ზურგჩანთაში ჩაიდო. კაბელი, შტატივი, პლედი, ორი მაისური, საცვლები, წინდები.
და ბორკილები.
ამ ბორკილებს დიდი ისტორია ჰქონდა. ნათლიამ აჩუქა, საკოლექციო ბორკილები.
ნათლიამისი ერთი ბობოლა ძაღლი იყო, რომელსაც ისტორია ევასებოდა. მაგრამ სხვა ძაღლებისგან განსხვავებით კრიმინალები და ვიღაც ნაბოზვარი მეკობრეები კი არა - პირიქით, მოურავები, სარდლები და თავისნაირი ძაღლები.
აი, სამ მუშკეტერში ათოსი კი არა, როშფორი რომ ევასებათ ეგეთი ტიპი.
ჰოდა, რომ გაუგია, მის ნათლულსაც, ჩვენი ბაშა ტუჩებაძის, ჩვენი ძმის, ჩვენი კაცური კაცის შვილსაც ევასებოდა ისტორია, ერთხელ პარიზიდან ეს ბორკილები ჩამოუტანა. რომ ყიდულობდა, კი ეგონა, რომ სენეგალელი შამანი რაღაცას ატყუებდა, მაგრამ მართლა რკინის მეტეორიტისგან იყო გამოჭედილი, გაუტეხელი, გაულღობელი, გაუხსნელი ბორკილი, რომელსაც თურმე ბასტილიის ყველაზე საშინელ დამნაშავეებს აბამდნენ, თან 650 ევრო ღირდა და რა გითხრათ...
ისეთი ფასია, რა! აი, თან რო ვითომ ნაღდია, მაგრამ შეიძლება გაგოიმებენ.
უცნაურად მსუბუქიც იყო და ამიტომ ქვარჩილის ეს გამოტენილი ზურგჩანთა არ დაუმძიმებია.
სწორედ ამ ზურგჩანთასა და ქვარჩილის თლილ კეფას უყურებდა ბაშა ტუჩებაძე, როცა სიამაყის ღიმილმა გადაურბინა ბაგეებზე. და სულაც არ იცოდა, რომ ამ ზურგჩანთაში ჩადებული წინდა, რომელსაც რომელიღაც კომიქსის გმირი ეხატა, მისი დედის ტყვნის გეგმის ნაწილი იყო.
ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, გეტყვით, სახლიდან გამოსულ ქვარჩილს მისი მეგობარი დახვდა. ვიღაც ტუტუცი მხატვარა გოგო. ბაშა ტუჩებაძე არ იცნობდა ამ ქაჯს, მაგრამ მისი არსი სძულდა.
შვილის ტოლი იყო, თორემ ყლექალასაც აუცილებლად უწოდებდა. მისი კოლეგები და ძმაკაცები - აი, ისინი, ვისი შვილებიც დამხმარე ქალებს დედის მუტელს აგინებდნენ (აი, რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს?!), უკვე მოიხსენიებდნენ კიდეც ამ გოგოსნაირ სხვა გოგოებს ამ სიტყვებით, მაგრამ ბაშა ჯერ კიდევ ყლებავშვაზე იყო შეჩერებული.
ისინი მშვიდად გაუდგენენ გზას და ლომთამზეს მოედანზე, ბაშა ტუჩებაძის პარტიის თავკაცის შვილის მიერ გამოძერწილ თუ გამოთლილ თუ 3დ დაპრინტულ ქანდაკებას მიადგნენ.
“ტრაწისფერი როაილი,” ასე ეძახდა ხალხი ამ ქანდაკებას იუმორით. ზოგიც პარტიის თავკაცის შვილისთვის შეურაცხყოფის მიზნით.
ზოგი შოკოლადის როიალს ეძახდა.
“პლიტიკის პიანინოს”.
ქალაქის “ბამბანერკას” - არ ვიცი, დებილები იყვნენ და მაგიტომ. იმიტომ რომ სწორედ ეს ხალხი იყო მერე, რომელთაც ავატარად დაიყენეს ეს როაილი. ერთმა სანაყინემ მისი “ფლეივორიც” გამოიყვანა. ზოგიერთ საკონდიტროში ეკლერების ნაცვლად ამ როიალებს აცხობნენ.
როგორც ამბობდნენ, თავკაცის შვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა. ერთხელ ამ როიალზე ვიღაც ტიკტოკერმა რაღაც ვიდეოების სერიის გაკეთება სცადა და სადღაც იპოვეს გაკოჭილი და ჩატრაწული. ლაქსატივები და “გერკულესი” მიუციათ ვიღაც ნიღბიან ტიპებს.
მაგრამ გარწმუნებთ! თავკაცის შვილმა ამის შესახებ არაფერი იცოდა.
ქვარჩილი და ის გოგო, ჩემი აზრით, კარგბავშვა, სახელად მზისკარი, ტურისტული სიმშვიდით, მაგრამ მოჩვენებითი ცნობისმოყვარეობით მიუხალოვნდნენ “ტრაწისფერ როაილს”. არავის უეჭვია რამე. ვისღა უკვირდა ტურისტები ამ ქალაქში.
ამავე მომენტში ქვარჩილის ფოლოვერებს, მათ შორის ბაშა ტუჩებაძეს, ნოტიფიკაცია მიუვიდათ, რომ მალე ლაივი დაიწყებოდა. ბაშა ტუჩებაძეს, ცხადია, ყურადღება არ მიუქცევია. მისი შვილი ძირითადად წიგნებზე საუბრობდა ხოლმე და მამასაც სწორედ ამიტომ უყვარდა. წიგნები რაში აინტერესებდა. უბრალოდ, ქვარჩილს საუკეთესო იმიჯი ჰქონდა, რომელიც (ხატოვნად რომ ვთქვათ, მაშასადამე, წიგნიერად!) მთელ ოჯახს დილის ცვარივით ეფინებოდა.
აი, ვინც ლაივი ამ ნოტიფიკაციის მიღებისთანავე ჩართო, მათ უცნაური სურათი დახვდათ. ქვარჩილი “ტრაწისფერი როიალის” უკანა ფეხთან იდგა, რომელიც ნოტებისგან იყო აპოპოლიკებული და ხელში ნათლიამისის ჩამოტანილი ბორკილები ეჭირა, რომელიც სწრაფად გაიკეთა მარჯვენა ხელზე, ხოლო მეორე ბოლოთი ნოტისფეხა როიალს მიეჯაჭვა. გასაღები მზისკარს ჰქონდა სადღაც გადამალული. მზისკარმა ტელეფონი შტატივზე დადო და ქვარჩილს ანიშნა ორმოცდაათი ადამიანი გვიყურებსო. იმინაც დაიწყო:
- გამარჯობა, გთხოვთ გადააშეაროთ ეს ლაივი, მოიწვიოთ თქვენი მეგობრები, მე ვარ ქვარჩილი, თქვენ ყველა მიცნობთ, იცით ჩემი ვიდეოები, მაგრამ დღეს სხვანაირი ლაივი გვექნება. მე ამ წუთას ვარ ტრაწისფერ როიალზე მიჯაჭვული და ვიწყებ შიმშილობას. ჩემი ერთადერთი მოთხვონაა, რომ მამაჩემი ბაშა ტუჩებაძე და მისი პოლიტიკური ძმაკაცები, ლეხა შერემია და ტინტო ასუკარაული გამოვიდნენ ტელეიმედის პირდაპირ ერთერში და თქვან, რომ არიან ყლეები!”
ლაივი მორჩა.
ეს ტექნიკური გადაწყვეტილება იყო, რათა ვიდეო ატვირთულიყო.
***
ბაშა ტუჩებაძეს სახლიდან გასვლამდე ტუალეტში შესვლა და სიგარეტის მოწევა ევასებოდა. ჩახოხბილსა და კრუასანს შორის ერთგვარი გარდამავალი რიტუალი. ამ დროს სქროლავდა კიდეც. რაღაც მომენტში ისიც ჰქონდა დამუღამებული, რომ ფეისბუკის “ფიდს” გასაახლებლად ზუსტად იმ დროს ჩამოსწევდა ხოლმე, რა დროსაც იჭინთებდა. დაცდილი ჰქონდა: თუ არაფერი გამოვიდოდა - კაი დღე იქნებოდა, თუ კურკლი გადმოვარდებოდა, “ზნაჩიტ ჩაეჯმებოდა გეგმებში”.
იმ დილას პრუწი გაუვიდა მხოლოდ და ამას, როგორც წესი, შუაშისტურ დღეს ეძახდა. ნე რიბა ნე მიასა, აზრი არ ჰქონდა, სახლში დარჩებოდა თუ სამსახურში წავიდოდა. აქ იქნებოდა თუ - იქ.
და ზუსტად მაშინ ამოუგდო ქვარჩილის მიერ ატვირთული ლაივის ვიდეო, რომელსაც ისე არ ნახავდა, მაგრამ ამჯერად პარტიის თავკაცის შვილის ტრაწისფერ… შოკოლადის როიალთან იდგა მისი ბიჭი და იქიდან გვმოძღვრავდა განათლების მნიშვნელობაზე.
ჩართო!
რა კარგი ბიჭია! არც უთხოვია, თავისითი არის ასეთი.
თვითონ მოიფიქრა.
“რაო?” თავიდან ვერ მიხვდა.
პირველად იმაზე დაუარა ჟრუანტელმა როიალს რომ ტრაწისფერი უწოდა.
მერე “რაო?”
ახლიდან ჩართო.
და აი! ამიტომ იყო ტევე პირველი ამ დილას მოსული!
***
- რვა მილიონი ნახვა როგორ აქვს, სულ 3 მილიონი ვართ! - შეიცხადა მერაბ ხმაურაძემ.
- ყველამ უყურა. ზოგმა ორჯერ, ზოგმა ხუთჯერ, ზოგმა ათჯერ, - უპასუხა თანაშემწემ.
- რამდენ ხანშიო? რა წერია? აპლოადედ ორი ჰაუერს ეგო. ორი საათის წინ.
- დიახ!
- და ორი საათია ამ ბავშვს არაფერი უჭამია? - გაიკრიჭა მერაბ ხმაურაძე. და აქვე გეტყვით, რომ კი, ქვარჩილი ცოტა პუტკუნა ნამდვილად იყო, მაგრამ აქამდე ამას მნიშვნელობა არ ჰქონია. და არც ახლა აქვს პრინციპში, მაგრამ აი, ლევან ხმაურაძეს ასეთი ყლეობა ხუმრობები ევასებოდა.
თანაშემწემაც გაიღიმა. ოღონდ მართლა.
- მოგიტყანთ აერო გადაღების კამერა! - მიაგინა მერაბ ხმაურაძემ ტევე პირველს და ტელევიზორს ხმა ჩაუგდო.
ზემოდან გადაღებულ კადრებში ტრაწისფერ როიალთან მჯდარი ქვარჩილი ჩანდა. მის გარშემო პოლიციელების სამზოლიანი წრე. მათ გარშემო პოლიციის მანქანების წრე და ამ შრის იქით - ხალხის ზღვა.
ამდენი ხალხი ბოლოს როდის გამოვდა აღარავის ახსოვდა. მაგრამ ხალხი უფრო სეირის საყურებლად იყო მოსული, ვიდრე საპროტესტოდ, რადგან ხელისუფლებას ქვარჩილის ლაივი ჩაეხშო.
იყვნენ ისინიც, ვინც მზისკარის დაკავებას აპროტესტებდნენ და სეირის მაყურებლებში მხარდამჭერებს ეძებდნენ და არც უჭირდათ პოვნა.
- კარგით რა! არ მოგბეზრდათ ეს გაუთავებელი პროსტესტი და ჩხუბი და ყვირილი, წივილი და წიოკი და ფართხალი? - ჩამოარაკრაკა სინონიმები ვიღაც ქალმა.
ამ ქალის ხმა რომ მერაბ ხმაურაძეს გაეგო, უთუოდ გაუხარდებოდა.
მერაბ ხმაურაძეს დაურეკეს.
- დიახ, ბატონო მაყა!
იქიდან რაღაც ჰკითხეს.
- არა, ზის სახლში, როგორც ვუთხარით, არ გამოდის. ჩვენებიც არ შეგვიშვია ჯერ. არა, რა საჭიროა. მაგრამ ერთს კი ვფიქრობდი, იქნებ მიგვეცა ლაივი? იქნებ დაშლილიყო ხალხი, არ ვიცი. ასე ამდენი გამოვდა და მაინც ყველას ჩართული აქვს და.
იქიდან რაღაც უთხრეს.
- ხომ არ დაგვეშალა? არაფერს აშავებენ, მაგრამ პრევენციისთვის. ბროწეულის ოყნა. ჰა... ჰა... ჰა... ჰა... ჰა! - მერაბ ხმაურაძემ იცოდა, რა ფილმები უყვარდა პარტიის თავკაცს.
მეც ძალიან მიყვარს ეგ ფილმი.
ხდება ხოლმე, ხანდახან პარტიის თავკაცისნაირ დედამოტყნულებსაც ევასებათ ისეთი კარგი რაღაცები, რაც ჩვენ.
- კარგი ბატონო, ღმერთმა დაგლოცოთ. კარგად ბრძანდებოდეთ. მიყვ… - კინაღამ წამოსცდა მერაბ ხმაურაძეს, მაგრამ ამ დროს პარტიის თავკაცმა გათიშა.
ეს სიტუაცია მერაბ ხმაურაძისთვისაც დიდი თავსატეხი იყო. მას უამრავი პროტოკოლი ჰქონდა შემუშავებული, “გატყვნის”, “წასვლის” თუ “წათრევის”, “გაჯმეინების” - ანუ როცა პარტიის თავკაცი ვინმეს გაუბრაზდებოდა და სადმე რაიონში ან ცხრა მთას იქით გაამწესებდა ვიღაცის მოადგილედ ან რაღაცის ატაშედ. ყველაფერი დალაგებული იყო და ყველამ იცოდა, როდის ყავა უნდა სჭეროდათ ხელში და როდის ყანწი.
მაგრამ ამას არ ელოდა.
“ან რანაირი მოთხოვნაა?” ფიქრობდა მერაბ ხმაურაძე ჩუმად და ჩუმადვე ხითხითებდა გულში. და უცებ თავში რაღაცამ დაარტყა! წამოჯდა, მხრებში გაიმართა, ტელეფონს ხელი სტაცა და ცოლს დაურეკა.
- მანანა! სანდრო სად არის?
ცოლმა რაღაც უპასუხა. დამშვიდდა.
- ნახა?
მეტად დამშვიდდა.
- გაუთიშე ინტერნეტი და წაართვი ტელეფონი! - მთელ ერს ჯერ ვერა, მაგრამ შვილს ხო მაინც შეუზღუდავდა საინფორმაციო სივრცეს? ჯობდა თავი დაეზღვია. მაგრამ როდემდე? ხალხი ხომ მაინც ილაპარაკებს ამ თემაზე? სადმე მაღაზიაში მოჰკრას ყური იქნებ? ან გუდაურში? ან სკოლაში.
“მანქანას ვუყიდი,” ჩაიფიქრა ხმაურაძემ.
აი, რა დაავიწყდა ბაშა ტუჩებაძეს! მანქანა არ უყიდა თავის საყვარელ ძეს.
***
- კი მაგრამ, ბატონო! თავის შვილს არ უნდა დაელაპარაკოს? არ უნდა ჰკითხოს, რა მოხდა? რატომ გადაწყვიტა ამ ბავშვმა ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა? - ეკითხებოდა ყურებამდე გაღიმებული ჟურნალისტი ტუჩებაძეების მეზობელს, რომელიც კოკერსპანიელს ასეირნებდა.
- არ ვიცი, რაზე მესაუბრებით! ბონი! - გაუღიმა რესპონდენტმაც და ცალი ხელით ძაღლი მოქაჩა, რომელიც რაღაცას ღრღნიდა.
- როგორ? თქვენ არ გინახავთ ქვარჩილის ვიდეო? ქვარჩილს იცნობთ, ბატონო? ამბობენ კარგი ბავშვიაო და რატომ გააკეთა ეს, ხომ არ იცით?
- ვერ გეტყვით.
- და მამასთან კარგი ურთიერთობა აქვს?
- ზოგადად მაგ ბავშვზე ცუდი არაფერი მსმენია. და, ჩემი აზრით, არც ეს ამბავია დიდი ტრაგედია, ეს ჯანსაღი ჯანყია მშობლის წინააღმდეგ. - და სათვალე გავისწ… უკაცრავად… და რესპონდენტმა სათვალე გაისწორა.
- მადლობა.
ქვარჩილის ნათლიამ ტელევიზორს ხმა გაუთიშა.
- რატო უყურებ ამას, ტო? - მიმართა ტახტზე მჯდარ ბაშას, რომელიც არც კი უყურებდა ამ ინტერვიუს. იმ კოკერსპსანიელიანი კაცის აზრი საერთოდ არ აინტერესებდა. თავად ჰქონდა გადასაწყვეტი, რას იზამდა, მივიდოდა თავის შვილთან თუ დაუჯერებდა ამათ და იჯდებოდა აქ.
აქამდეც უნდა მისულიყო.
მართალი იყო ტევე პირველზე მჯდარი ვიღაც ახალი პოლიტიკური სახე, რომელიც საშინლად აღიზიანებდა თავისი სიდინჯით.
ასეთი სახეები მათაც ჰყავდათ, არ იცოდა საიდან მიათრიეს. მაგრამ თავის საქმეს კი აკეთებდნენ. ჩამორაკრაკდებოდნენ და ავრცელებდნენ განცხადებას განცხადებაზე.
ახლაც გვერდში ედგნენ ბაშა ტუჩებაძესაც და პარტიის თავკაცს, რომელიც არავინ იცოდა როგორ ხასიათზე იყო და არც მერაბი ხმაურაძე ამბობდა რამეს.
მესიჯბოქსი ჯერ ჩამოყალიბებული არ ჰქონდათ. ჯერ უნდა გამოეცადათ, რომელი უფრო მოეწონებოდა ხალხს:
- ბატონი ბაშა თავის ოჯახთან ერთად არის და ის უბრალოდ ვერ დაუშვებს ამ სიტუაციის სეირად ქცევას. ამიტომ ჩვენ ვთხოვთ შოკოლადის როიალთან შეკრებილ საზოგადოებას, რომ დაიშალონ და მისცენ საშუალება ოჯახის წევრებს, ერთმანეთს გაესაუბრონ, გულის ტკივილი გაუზიარონ და გაუგონ, რაც მთავარია! - ჩამოაყალიბა ახალგაზრდა პარლამენტარმა, რომელსაც ბავშვობაში რომ ეკითხებოდნენ, რა გინდა გამოხვიდეო, ხუროთმოძღვარიო, პასუხობდა.
- ეს არის აშკარა პროვოკაცია რადიკალების მხრიდან. ჩვენ ვხედავთ, რომ გარე ძალებისა და პატრონების დაკვეთით მათ უკვე შვილების გადაბირება დაიწყეს. ვინ იცის იქნებ ემუქრებიან კიდეც ამ შესანიშნავ ბავშვს. როგორ?! ერთი კვირის წინ, ლაივში პრუსტზე ლაპარაკობდა და ახლა ასეთი სიტყვებით მოიხსენიებს მამას? ეს შეუძლებელია, - ცხარობდა ახალგაზრდა პოლიტიკოსი, რომელზეც ყოველთვის იცოდნენ, რომ წარმატებას მიაღწევდა და “ოჯახს ასახელებდა.”
- ქვარჩილთან უკვე იყო მისული მისი მოძღვარი და მათ ისაუბრეს, მე რამდენადაც ვიცი ეს სიტუაცია არის მართვადი და მალე ამოიწურება. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ეს სტრესი მოქმედებს ყველა ადამიანზე, განსაკუთრებით პოლიტიკოსების ოჯახებზეც. მე არ ვიცი, რა იყო ამ ყველაფრის მოტივი, მაგრამ მეც ვესაუბრე მამა ანდრიას…
- ამბობენ ქვარჩილი ათეისტიაო, - შეჰბედა კრიტიკულად განწყობილმა ერთ-ერთმა ჟურნალისტმა.
- აი, რასაც ვამბობ! ეს სიბინძურე შეთითხნეთ! აი! აქვე, ყველას თვალწინ! უღმერთოები და უსამშობლოები მოიკითხეთ თქვენკენ! ქვარჩილი არის ზრდილობიანი, ეკლესიური ახალგაზრდა, - განაგრძო ახალმა სახემ, რომელსაც “ვორკრაფტიც” ჰქონდა ნათამაშები ცხოვრების რაღაც ეტაპზე. - ქვარჩილს ჰყავს ნათლიაც…
- დიახ! - აღტაცებით გააწყვეტინა იმავე ჟურნალისტმა. - ბატონი მდელო, რომელიც განსაკუთრებული სისასტიკით არბევდა აქციებს ზამთარში, მაგრამ ქვარჩილს ის არ უხსენებია თავის მოთხოვნაში. ელოდებით თუ არა, ახალ მოთხოვნებს?
- ჩვენ არაფერს არ ველოდებით, გარდა სიტუაციის ნორმალიზაციისა. ხოლო თქვენ ხართ პროვოკატორი და სწორედ ამიტომ აღარ გეწერებით ხოლმე. დავამთავრე მე თქვენთან საუბარი.
ბაშა ტუჩებაძე ტახდიდან წამოხტა.
- უნდა წავიდეთ! - მიმართა მდელო გველავას მტკიცედ, მაგრამ ტონით თან დახმარებას სთხოვდა. - დაველაპარაკო ბავშვს! ხო იცი, როგორი ტიპია.
- ვიცი, ვიცი! - უპასუხა მდელომ. (არ იცოდა).
***
ბაშა ტუჩებაძე და მდელო გველავა მოსესა და მისი ხალხივით ადვილად და დაუბრკოლებლად გავიდნენ ერის ზღვაში.
- გაატარეთ! გაატარეთ! ბაშა მოვიდა! - დერეფანი გაუკეთეს.
- გაახსენდა შვილი! - ვინ გამაზავდა ახლა რაღაცების წამოძახების პერსპექტივას და თან ყველას თუ არა, ყველა მეორეს ტელეფონი ეჭირა... ან ლაივში იყვნენ, ან სთორავდნენ და ან სელფებს იღებდნენ ბაშა ტუჩებაძესთან, რომელმაც არ იცოდა რა უნდა ეთქვა შვილისთვის. მთელი გზა ფიქრობდა მდელო გველავას შავ ჯიპში, მაგრამ ვერ მოიფიქრა. თქვენ შეიძლება იფიქროთ, რომ მას ბევრი ვარიანტი ჰქონდა და უბრალოდ არ იცოდა, რომელი შეკითხვა დაესვა. მაგრამ არა! მას საერთოდ არ ჰქონდა ვერსია.
- აქამდე სად ეგდე? მაყუთებს ღუნავდი? - მოაკვანლა ვიღაცამ.
- აუ, მორჩით, რა! ძმაო! არ მოგბეზრდათ ეს ნეგატივი, ტო?! - სევდანარევი ქუჩური ტონით დაამღერა ვიღაცამ, დრამატულად, მრავალჭირნახული და გაბზარული ხმით.
- აუ, ტვინი ნუ მოტყანით ამ მშვიდობის მტრედებმა, რა! - გამოენთო ვიღაც, - გადაიწიეთ იქით, აღმოსავლეთისკენ არიან თქვენიანები და იქიდან აფრქვიეთ თქვენი პოზიტივი!
- აღმოსავლეთით რატო გადავიწიო, რო, ვითომ თქვენ დასავლეთით რო ხართ, ძაან ევროპელები ხართ? - ფილოსოფია და გეოგრაფია ჩააქსოვა იმავე გაბზარულმა ხმამ.
პოლიციელების პირველი შრე გაიხსნა.
მერე მეორე წრე.
მესამეც.
ბაშა ტუჩებაძეს კამათი და გამოსროლილი ფრაზები აღარ ესმოდა, მხოლოდ ჩოჩქოლი.
- რას ეტყვით თქვენს შვილს? - დილემა შეახსენა ჟურნალისტის კითხვამ, რომელიც ხალხის ხმას შეერია. ერთმანეთში აზელილი ზუზუნი, ისეთ ნოტზე უვლიდა ტრაწისფერ როიალს გარს, რომ მუსიკალურ სიმშვიდეს ჰგვრიდა იქ მყოფთ.
აი, პოლიციელთა მესამე შრემ სათითაოდ გაუღიმა როგორც მდელო გველავას, ასევე ბაშა ტუჩებაძეს.
მამის დანახვაზე ქვარჩილი შეიშმუშნა.
მუცელში პეპლები აფრიალდნენ, რომლებიც ქარიშხლად გადაიქცნენ და ცოტა გულსაც მოაწვნენ, ყელამდე ამოაბჯინეს და იქ აუგუგუნეს გამაყრუებლად.
რატომღაც ეგონა, რომ უფრო თავდაჯერებულად შეხვდებოდა.
ღრმად ამოისუნთქა და ამ დროს შვებაც იგრძნო. რადგან ცოტა არ იყოს უკვირდა, სად იყო აქამდე? ფიქრობდა, რომ თვითონ იმავე სიტუაციაში სხვანაირად მოიქცეოდა, უფრო მალე მივიდოდა შვილთან. ეს კი სად იყო აქამდე? რამდენი ხანი მოუნდა აქამდე მოღწევას?
- რომელი საათია? - ჰკითხა დრო შვილმა და ბაშა ტუჩებაძეს აღარ დასჭირდა იმის მოფიქრება თუ რა ეთქვა მისი შვილისთვის.
დრო უთხრა.
მდელო გველავა ტრაწისფერი როაილის პირველ ფეხთან დარჩა.
ბაშა ტუჩებაძე შვილს მიუახლოვდა და ჩაიცუცქა. მერე მიხვდა, რომ აქ დიდი ხანი მოუწევდა დარჩენა და ასეთ პოზაში ვერ გაძლებდა, ამიტომ ტრაწისფერ მარმარილოზე ფეხმორთხმით ჩამოჯდა. ინსტინქტურად ხელი ჯიბისკენაც კი გაექცა ტელეფონის ამოსაღებად და ვოთსაპში ჩასახედად. იქნებ იქ მაინც ყოფილიყო რამე მინიშნება, რა უნდა ეთქვა თავისი შვილისთვის ახლა. იმიტომ რომ რომელი საათი იყო, მაგის თქმამ, ვერაფერი შეცვალა. მაგრამ უცებ მიხვდა, რომ ახლა ტელეფონის დრო არ იყო და თავი შეაფრთხიალა, თითქოს “არაო”, გაიფიქრა და თან შეფხიზლდა.
- რა იყო, ბიჭო, რამეზე თუ იყავი ნაწყენი გეთქვა! ამას ვიმსახურებ შენგან? - საყვედურით დაუყვავა შვილს ბაშა ტუჩებაძემ.
ქვარჩილი თვალს არიდებდა.
- შეიყარა მთელი ქალაქი. ათი მილიონი ნახვა აქვს უკვე შენს ვიდეოს. ვნერვიულობთ ყველა, - განაგრძო ბაშა ტუჩებაძემ.
“რაზე ნერვიულობს?”
- წამო ჩვენს ადგილას წავიდეთ. როგორ ამობობ ხოლმე? გავძოვოთ ბურგერები, ამათ ჯინაზე! - და თავით ხალხის ზღვისკენ ანიშნა.
ქვარჩილმა ზედა ტუჩი მოპრუწა, თვალები მოჭუტა, ღრმად ჩაისუნთქა და თავი გააქნია. ამ დროს ბაშა ტუჩებაძეც მიხვდა თითქოს, რატომ ჰქონდა ეს მოთხოვნა მის შვილს. მაგრამ სულ ოდნავ აცდა, სულ ოდნავ დააკლდა, რომ ბოლომდე მიმხვდარიყო.
სწორედ ამ დროს ხალხმაც იხუვლა:
- ქვარჩილი! ქვარჩილი! ქვარჩილი!
- რა გინდა მითხარი! - უკვე ცოტა გაღიზიანებულმა ბაშა ტუჩებაძემ მოითხოვა პასუხი.
- ვთქვი უკვე, რაც მინდა. - სივრცეს უპასუხა ქვარჩილმა.
***
- ქვარჩილ! ქვარჩილ! გესმის ჩვენი?
ქვარჩილი ვერ მიხვდა, ჰალუცინაცია დაეწყო შიმშილისგან თუ მის წინ მართლა რაღაც ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ფარფატებდა, რომელიც ცდილობდა გაეგო, ესმოდა თუ არა ქვარჩილს.
უკვე თითქმის 8 საათი იყო გასული შიმშილობის დაწყებიდან. ამდენი ხანი აქამდეც ყოფილა უჭმელი და მხოლოდ ოდნავ წამოტკიებია მუცელი ან ცარიელ კუჭზე ერთი-ორი დაუბოყინებია, მაგრამ ახლა ცოტა თავბრუც ეხვეოდა, თვალიც უბნელდებოდასავით და ამოუცნობი მფრინავი ობიექტის ხმაც ყრუ ექოდ ჩაესმოდა.
თავი გამოიფხიზლა და დაინახა, რომ მის წინ მართლაც ფარფატებდა ტევე პირველის აეროგადაღების კამერა, ანუ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ და მატრაკვეცობას მოვეშვათ - დრონი!
“დრონი მეფობენ და არა მეფენი!”- გაიფიქრა ქვარჩილმა და წარმოიდგინა სამხედრო დრონი, რომელიც მტერი სახელმწიფოს ხელმწიფის სასახლეში შეფრინდა და მთელი ნაზირვ-ვეზირები ამოხოცა, მერე კი მეფეს გამოუდგა, ხალხსა და ქუჩაში შიშველი არბენინა და ბოლოს ლაზერი მისცა სახეში.
- მესმის, მაგრამ მეძინება და იქნებ ხვალ მოფრინდეთ?
- ჩვენ პირდაპირ ეთერში ვართ, ქვარჩილ! იქნებ გვითხრათ თქვენი მოთხოვნები? რას აპირებთ?
- მე ხომ უკვე ვთქვი ამის შესახებ, - გაღიზიანებულმა მიუგო ქვარჩილმა. ოღონდ ვერ მიმხვდარიყო, შიმშილმა გააღიზიანა თუ ჟურნალისტის ამ არასაჭირო ჩაზუსტებითი ხასიათის შეკითხვამ, რომელიც, საბედნიეროდ, არ შეიცავდა აღწერილობით ვნებით გვარს, მაგალითად: “იქნებ მოახდინოთ ჩვენთვის თქმა, რისი განზრახვის ჩაფიქრების განხორციელების გეგმის დასახვას განახორციელებთ?”
- დიახ! თქვენ უკვე მოახდინეთ ამის აღნიშვნა, მაგრამ იქნებ გაუმეოროთ ჩვენს მაყურებელს, ექსკლუზიურად პირდაპირ ეთერში?!
დაღლილი იყო ქვარჩილი. ყველაფრით. ემოციურად. და თან შიოდა. ამიტომ ბევრი აღარ უბრძოლია. ამოიხვნეშა და გაიმეორა:
- მე ვითხოვ! და შიმშილობას შევწყვეტ მხოლოდ იმ შემთხევაში, თუ მამაჩემი ბაშა ტუჩებაძე და მისი ძმაკაცები ლეხა შერემია და ტინტო ასუკარაული გამოვლენ ტელეიმედის ეთერში და განაცხადებენ, რომ ყლეები არიან!
- ჩვენ შეგვიძლია, ჩვენი ეთერი დავუთმოთ მათ, - შესთავაზა ჟურნალისტმა დრონიდან.
- არა!
ქვარჩილმა თვალები დახუჭა.
აერო გადაღების კამერა პატრონისკენ გაფრინდა, მაგრამ შუა გზაში რაღაც ხარვეზი მოუვიდა და რომელიღაც პოლიციელს ლოყაზე შეეჯახა, რომელიც ისე გაბრაზდა, რომ ამ შენს აეროგადაღების კამერას გამოეკიდა და ბოლოს ფეხსაცმელიც ესროლა.
ამ ბოლო რვა საათში ბევრი რამ მოხდა, თუმცა მნიშვნელოვანი არაფერი. როგორც არის ხოლმე, ბევრი რამ ხდება, ბევრი განცხადებაც ვრცელდება, ზოგიც ჟღერდება, მაგრამ არაფერი მნიშვნელოვანი.
მაგრამ ქვარჩილისთვის მნიშვნელოვანი ის იყო თუ რა არ მოხდა. მისი მშობლები მასთან არ მივიდნენ. აი, რვა საათის წინ დაბნეული ბაშა ტუჩებაძე რომ მივიდა და ცალყბად ელაპარაკა, მას მერე არავინ მისულა.
ბაშა ტუჩებაძეს და მის მეუღლეს (რიგით რომელიღაცას) ურჩიეს, რომ ახლა არ ღირდა იქ მისვლა. ქვარჩილს არაფრის გაგონება უნდოდა. ხმას არ იღებდა, თითქმის არც ინძრეოდა. ხმაურაძის ანალიტიკოსები და ფსიქოლოგები ამბობდნენ, რომ ქვარჩილი ცდილობდა თავისი სიმტკიცე ეჩვენებინა და ამაში ბავშვური სიჯიუტეც უწყობდა ხელს. ამიტომ ბაშა და მისი ცოლი ადვილად დაემორჩილნენ რჩევას - ახლა არ ღირდა. იქნებ მერე ეცადათ, როცა მოშივდებოდა.
როცა გვერდითა ქუჩებზე სეირის მაყურებელი ხალხი ფანჯრებს შეაღებდა და იქიდან სოუზის სუნი გამოვიდოდა. ან რომელიმე უკონფლიქტო და მშვიდობის მტრედი შოთის პურს გაძოვდა იქვე მოედანზე და ყუის ტკაცუნი მიწვდებოდა ქვარჩილის ყურებს. როცა გაახსენდებოდა, როგორი ნაირ-ნაირი საჭმელი ელოდა, რომელიც მათმა დამხმარე ქალმა მოამზადა.,, ჩახოხბილი ან სულაც კრუასანი.
და მერე ლოყაში რომ დრონი დაეჯახა იმ პოლიციელმა პიცა და შაურმა მოიტანა და თავის თანამშრომლებთან ერთად ტრაწისფერი როიალის პედლებთან გაშალა სახელდახელო სუფრა.
ქვარჩილს პიცის სუნმა ცხვირთან გაუელვა.
ჩაეძინა.
***
ლეხა შერემია და ტინტო ასუკარაული გაოცებულებიც იყვნენ და გაორებულებიც. განრისხებულებიც და შეშინებულებიც.
- რა ვქნათ??? - სამი კითხვის ნიშნით მისწერა მესიჯი ტინტომ ლეხას. იმედი ჰქონდა, რომ სამეულში ყველაზე ასაკოვანსა და გამოცდილს ამ სიტუაციაზე უკვე ექნებოდა პასუხი, მაგრამ უფრო გააღიზიანა.
ლეხამ მესიჯი ცალი თვალით წაიკითხა და ტელეფონი იქვე მიაგდო. ტახტის მეორე ბოლოში მოისროლა. საკუთარ თავთან მარტოდ დარჩენილს არ ესიამოვნა, რომ ამ ამბით შეაწუხეს. მართალია, ისედაც მთელი დღე ტელევიზორს უყურებდა და ცდილობდა ახალი რამ გაეგო, მაგრამ იმედზე რაღაც კრეტინულ ფილმს აჩვენებდნენ - აქ უჩვეულო არაფერი ხდებოდა და ხანდახან აქ მოითქვამდა ხოლმე სულს.
აქ იმედი იყო!
ჯერ კიდევ!
ტევე პირველზე კი ისევ ვიღაც ჭყიპინებდა და ნიშნს ნიშნზე უგებდა ლეხას, ტინტოს, ბაშა ტუჩებაძეს და პარტიის თავკაცს.
რამდენი რამ უთქვამთ მათზე, რამდენი უგინებიათ, რამდენი რამ დაუბრალებიათ, მაგრამ პარტია და მედია ყოველთვის ახერხებდნენ ამ ქარბუქების აცილებას, მიჩქმალვას, განეიტრალებას, შემსუბუქებას. ხანდახან ვიღაც კი წამოიკნავლებდა, მაგრამ აწი ყველაფერი დალაგებული იყო. და აი, სწორედ მაშინ, როდესაც ლეხას ეგონა, რომ მისი საქმე მორჩა და მისი ღვაწლი დაფასების ფაზაში გადადიოდა - ყველაფერი აურია ბაშა ტუჩებაძის წიწილმა! (მაგ დედამოტყნულმაო, ჯერ ამის გაფიქრებას მაინც მოერიდა, რადგან ძმაკაცის შვილი იყო).
და რა?
თქვენ გგონიათ ეს რამეს შეცვლიდა? ან მისი საქმე არ იქნებოდა დასრულებულ-შესრულებული თუ მისი ღვაწლი არ დაფასდებოდა? უბრალოდ ოდნავ დაგვიანდებოდა, ცოტა იქით გადაიწევდა. ვიღაცებს შეახსენებდა, რომ ჯერ კიდევ იყო სივრცე, სადაც ხალხის ხმას ექო ჰქონდა.
- დაველოდოთ! - უპასუხა ტინტოს.
- ვის??? - ისევ სამი კითხვის ნიშანი დასვა ტინტომ, რომელიც აშკარად ყველაზე მეტად ნერვიულობდა. ეს ახალგაზრდა, წარმოსადეგად დინჯი და პოლიტიკურად მოძველბიჭო არსება, რომელიც ხშირად ნანობდა, რომ ქუჩას არ გაჰყვა. თუმცა, მერე თავისი მოკლული ძმაკაცები და სადღაც “რუსეთებში” ჩაცხრილული უბნელები ახსენდებოდა და ღმერთს მადლობას სწირავდა, რომ აქ და ახლა იყო! და თანაც რა საჭირო იყო უშუალოდ ჩართულობა? პატივს აქაც სცემდნენ და იქაც.
და სწორედ ამიტომ აწუხებდა ეს ღირსების შემლახავი პროტესტი.
- აი, მივიდნენ ახლა - სასვენი ნიშნების გარეშე უპასუხა ლეხამ და ტევე პირველს ხმა ჩაურთო. აეროგადაღების კამერა ისევ ტრაწისფერი როიალის თავზე დაფარფატებდა.
- და აი, ახლა ჩვენ კადრში ექსკლუზიურად ვხედავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მუშათა დანაყოფი შემდუღებელი დანადგარით ცდილობს ქვარჩილის აშვებას ფაღარათისფერი როიალის ნოტებისგან აშენებული ფეხიდან. ეს უკვე მეხუთე მცდელობა იქნება. შეგახსენებთ, რომ წუხელ მთელი ღამის განმავლობაში ცდილობდნენ სხვადასხვა სტრუქტურის წარმომადგენლები ქვარჩილის პროტესტის დასრულებას და მისი ბორკილების ახსნას, მაგრამ უშედეგოდ.
- სვარკა თუ შველიდა აქამდე ვერ მიიტანეს??? - ტინტო უკვე ტვინს ტყნავდა თავისი კითხვის ნიშნებით.
მაგრამ არ შველიდა „სვარკა“, არც ურომ უშველა მანამდე, არც ტიტანის ხერხმა და ვერც ყველაზე ძლიერმა პარლამენტარმა გაწყვიტა ბორკილის ჯაჭვი, მაგრამ ნოტის ფეხი მოაყანყალა ოდნავ და შეშინებულმა უკან დაიხია.
- პოლიციელების მცდელობა ისევ უშედეგოდ დასრულდა! - იზეიმა ჟურნალისტის ხმამ ეთერში და ვიდრე კადრი ისევ სტუდიაში მოჭყიპინე აქტივისტებზე გადავიდოდა ლეხამ ხმა გათიშა.
- გასაღების სად არის, არ ვიცით? - ამ იდიოტურმა შეკითხვამ უკვე ნერვებიც მოუშალა და მარჯვენა ხელმა ტელეფონისკენ ისე წაიწია, ნუ შემეციო, უნდოდა ტინტოსთვის მიეწერა, მაგრამ შეაჩერა.
- აი, მოშივდება და იტყვის რამეს.
- ვიღაც პაძელნიკი ეყოლება ამას უეჭველი და იმას რო დავეცეთ?
- აიყვანეს უკვე, ვიღაც ნაბოზვარი პატარა გოგოა.
- მერე ვერ მოუტყნავენ დედის მუტელს????????????? - ლეხას ეს კითხვის ნიშნები უფრო და უფრო უშლიდა ნერვებს.
- აცადე!
- ბაშას ელაპარაკე??
- ველაპარაკე. არაფერი, ზის და ელოდება ეგეც. დაბნეულია.
- რამ დააბნია??? ჩემი შვილი რო იყოს, მოვუტყნავდი დამსმელს!
- აცადე!!!
- ძალით რო ვაჭამოთ?
- ჭამა რა შუაშია? - ლეხა ყოველთვის ხდვებოდა, რომ ტინტო ცოტა დებილი იყო, მაგრამ ამ საქმეში ცოტა უტვინო თუ არ იყავი, ისე ვერ გაქაჩავდი.
- ხო, რავი! ვბრეინშტორმინგობ რააა!!! ეს ძაღლები ვერ შეგვაპარებენ, მივიყვანდი ბიჭებს და წავარტყამდით ცოტას……. - მრავალწერტილებზე გადავიდა.
- ტელეფონი მიჯდება და მოგწერე მერე.
- სად ხარ???
- სახლში.
- შეაერთე მერე! - გადაჭრა პრობლემა ტინტომ.
***
მზისკარი დუმილის უფლებას იყენებდა. ელჩებიც მივიდნენ როგორც მზისკართან, ასევე ქვარჩილთან. ვერაფერს გახდნენ.
მზისკარის მამამ შვილს საქციელი და პროტესტის ფორმა მოუწონა, მაგრამ სთხოვა გასაღები დაეთმო. რაღა საჭიროა ეს ყველაფერი, ყველამ ისედაც ყველაფერი გაიგო და იმათ სამივეს თავს ლაფი ისე დაასხით, წლები ვერ ჩამოიბანენო.
მზისკარი მაინც დუმილი უფლებას იყენებდა.
დაკითხვის ოთახიდან გასვლამდე მამამ თვალიც ჩაუკრა.
***
- პულსი ნორმაშია, მაგრამ უნდა ჭამო რამე! არ შეიძლება ასე! თავს იღუპავ და რის გამო? მამასაც ასე ანერვიულებ? - დინჯად გაუბრაზდა ქვეყნის მთავარი ექიმი, რომელიც პროფესიით სულაც არ იყო ექიმი, მაგრამ რაფინირებული, მზრუნველი და დინჯი ადამიანის იმიჯი ჰქონდა.
ქვარჩილს ძალაუნებურად გაექცა თვალი მამისკენ, რომელიც მოშორებით იდგა და იმედიანად შემოსცქეროდა შვილს და მასთან მოსალაპარაკებლად მისულ მთავარ ექიმს.
- უკვე სამი დღეა არაფერი გიჭამია. ყველა ვაფასებთ შენს პრინციპულობასა და კრეატიულობას. ჩვენში დარჩეს, აღფრთოვანებულიც კი ვარ ასეთი სითამამით. აი, მე არასოდეს მყოფნიდა გამბედაობა, რომ ასეთი ავანტურა წამომეწყო, მაგრამ შენ უკვე ყველას აჩვენე რა მაგარი ბიჭიც ხარ. წავიდეთ ახლა სახლში. - განაგრძო რაფინირებული მსჯელობა დინჯმა ექიმმა. - ხალხს მაინც უსმინე. ყველა შენკენაა. მართლა გეუბნები. ყველას უყვარხარ. შენი მეგობარი რომაა, ის გოგო, მზისკარი. ეგეც იყო ტევე პირველზე და მოგიწოდა შიმშილობის შეწყვეტისკენ. არავინ დაგძრახავს. ხომ გესმის, როგორ ყვირიან ხოლმე “ქვარჩილ გაჩერდი!” მთელი ერი შენკენაა. დედაშენსაც ანერვიულებ, როგორ შეიძლება, უკვე ორი დღე გაუჩერებლივ ტირის ქალი. ან ასე მოქცევა შეიძლებოდა? მოვიდა აქ! მთელი ერი გიყურებდათ და ზურგი შეაქციე! მამა ანდრიასაც არ გაეცი ხმა.
და რატომ ეგონა, რომ ამას დაელაპარაკებოდა?
- გესმის? არ შე...
და მიხვდა ქვარჩილი, რომ ეს მზრუნველობას ატანილი დინჯი კაცი აქედან ასე მარტივად არ წავიდოდა.
- მამას უხმეთ, თუ შეიძლება, - რაფინირებულად სთხოვა მან.
ბაშა ტუჩებაძე უკვე ისეთი თავდაჯერებული აღარ იყო. მაგრამ სახეზე ბედნიერი ღიმილი მაინც დასთამაშებდა, ეგონა მისი შვილი ბოლოს და ბოლოს გონს მოეგო.
- როგორა ხარ, მამი? - ძველებური სიყვარულით მიმართა ბაშამ თავის საყვარელ შვილს.
- რა ქენი აბა? - პირდაპირ საქმეზე გადავიდა ქვარჩილი.
- რაზე?
- ანუ არაფერი.
- მე რა უნდა ვქნა, შვილო? არ მიშვებენ იმედში. მინდოდა მეთქვა.
- რა?
- რაც შენ გინდა, რომ ვთქვა! ასე აქაც გინდა დამამცირო? - ცოტა გაბრაზდა. ქვარჩილმა თავი ჩახარა. ცოტა შერცხვა კიდეც.
- რატომ არ გიშვებენ?
- არ ვიცი. ჩვენს სარედაქციო პოლიტიკაში არ ჯდებაო.
- ისინი რას ამბობენ?
- ლეხა და ტინტო? არ ვიცი. ტინტო არ მელაპარაკება საერთოდ. რაღაცები მომიმესიჯა, მეჩხუბასავით და ლეხა იმის მერე არ მელაპრაკება, რაც ვთხოვე, წამოდი, რა მოხდა, ერთი ვთქვათ, ბავშვი დამშვიდდეს-თქო. ხალხმა ხო იცის რატომაც ვაკეთებთ ამას და პირიქით, დაგვიფასებენ-მეთქი და არაო. გუშინ ორივეს სახლთან ხალხი იყო მისული და სთხოვნდნენ გამოდითო, მაგრამ არ გავიდნენ. რაღად უნდა, შვილო, თქმა! და თან იმედში. ისედაც ყველამ იცის, რომ ყლეები არიან. აბა ნორმალური ადამიანი ასე მოიქცეოდა?
ქვარჩილს გული წაუვიდა.
***
ტევე პირველის აეროგადაღების კამერაში კარგად ჩანდა ტრაწისფერი როიალის ნოტის ფეხთან მდგარი საწოლი, რომლის გვერდითაც წვეთოვანი იდგა და ქვარჩილს ფიზიოლოგიური ხსნარით აძლევდა ცოტ-ცოტა სიცოცხლეს.
ბავშვის მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული იყო და ბაშა ტუჩებაძე თვითონაც ჭკუიდან გადადიოდა ნელ-ნელა. არც მას ეჭამა რამე, უკვე მესამე დღე იყო. პირველი ორი დღე რა დანამ გაუხსნა პირი და რამ გადააყლაპა მდნარყველიანი ლორის სენდვიჩი, ვერ გეტყვით, მაგრამ ახლა უკვე თვითონაც ჯიბრში ედგა შვილს.
- შენ თუ თავს იკლავ, მეც მოვიკლავ! არც მე შევჭამ რამეს, დედაშენს საერთოდ არ უძინია უკვე ოთხი ღამეა! ჩვენც ჩამოგყვებით საფლავში თუ შენსას არ იშლი!
ქვარჩილს არაფრის გაგონება არ უნდოდა.
ტევე პირველის აეროგადაღების კამერაში კიდევ უფრო კარგად გამოჩნდა, როგორ გამოვარდა გაცოფებული ბაშა ტუჩებაძე ჟურნალისტებთან, როგორ დაავლო ხელი იმედის ჟურნალისტს და როგორ მიათრია თავის შვილთან.
- უთხარი!
- რა ვუთხრა? - დაიბნა ტელეიმედის ჟურნალისტი, რომელმაც ბაშა ტუჩებაძის უკან მდელო გველავა დაინახა, მაგრამ იმედი (ამ შემთხვევაში გრძნობა და არა თავისივე არხი) მალევე გაუქრა, რადგან მდელომ მათკენ წამოსული პოლიციელები შეაჩერა და თავის ძმაკაცს, კაცურ კაცს! ჯიგარს და ჩვენიანს! ბაშა ტუჩებაძეს თავისი შვილის გადარჩენის ოდნავი შანსი მისცა.
- უთხარი, რას ეუბნებით ხალხს, რა ხდება როიალთანო. რატომაა ამდენი ხალხი შეკრებილიო.
- მე რას ვეუბნები?
- შენ არ ერთვები ხოლმე პირდაპირ ეთერში, შე დედამოტყნულო? - შეაჭანჭყარა ბაშამ იმედის ჟურნალისტი, რომელსაც რიგი მიზეზების გამო მეტსახელად ნაპერწკალას ეძახდნენ. - უთხარი ბავშვს, რას ეუბნებით ხოლმე თქვენს მაყურებელს.
- არაფერს! სიმართლეს!
- სიმართლეს, არა? - გამწარებულმა ბაშა ტუჩებაძემ ყბაში მოადო.
ხელიდან მდელომ და ლოყაში რომ დრონი დაეჯახა იმ პოლიციელმა გამოგლიჯეს.
- ხედავ? არ მიშვებენ, არც ხალხს ეუბნებიან სიმართლეს. ის ორი დედამოტყნულიც არ მოდის. მე რა გავაკეთო? აი, რა ვქნა, მითხარი? - შეევედრა ბაშა შვილს.
- იცი, რაც უნდა გააკეთო! - მტკიცედ ამოილუღლუღა დასუსტებულმა ქვარჩილმა.
და აი, აქ უკვე ბაშა განრისხდა! როგორ? ის ამდენს აკეთებს თავისი შვილისთვის, მზად იყო ტელეიმედში მისულიყო და ეთქვა, რომ ყლეა! მისი ძმაკაცებს, ლეხას და ტინტოსაც კი შეჰბედა და სთხოვა, შვილს ნუ დამიღუპავთ, წამოდით ვთქვათო.
და ამ ყველაფრის მერე.
და იმ ყველაფრის მერე, რაც თავისი შვილებისთვის გაუკეთებია ცხოვრებაში ამას იმსახურებს? ამ სიჯიუტეს? ამ ფეხების ბაკუნს? ამ ნაწლავების ჭყაპუნს, ამ ბოყინს? ამ თვალების ტრიალს? ლაფს? სირცხვილს? ყლის იარლიყს? და ყველაზე უარესი! ხალხს, რომელიც ისედაც ყლედ თვლიდა, ახლა ეცოდებათ. ამათი შესაცოდი რა სჭირს!
- კარგი, მე შენ გაჩვენებ როგორ უნდა ვირზე შეჯდომა.
შუაღამისას, როცა ქვარჩილის მხარდამჭერები ჩვეულებისამებრ შეთხელდნენ, ჟურნალისტებმა ჩათვლიმეს და ტევე პირველის ოპერატორმა აეროგადაღების კამერა დასატენად შეაერთა, ტრაწისფერ როიალთან ჩაძინებულ ქვარჩილს ზურნა-დუდუკის ხმა ჩაესმა.
- აეეეეეეეეე! - დაიღრიალა მამამისის რომელიღაცა ღიპიანმა ძმაკაცმა და შალახო ჩამოუარა.
უცებ იქვე სუფრაც გაიშალა!
როიალის გვერდით გაზონზე სამი მაყალი ჩადგეს. ერთზე ღორის მწვადი, მეორეზე ხბოს თანთალა, მესამეზე ორაგული! ავარდა მწვადის სუნი და ოხშივარი, მაგრამ რა ავარდა! როცა უნიავებდნენ, თან ქვარჩილისკენ უშვებდნენ.
ქეიფიც მალევე გაჩაღდა. საჭმელიც მოჰქონდათ და მოჰქონდათ ზოგი ჯიპით და ზოგიც ჩვეულებრივი მანქანით. ზოგიც მოპედით.
ტრაწისფერი როიალის მოედნის გვერდითა ქუჩაზე ბაშას ერთ-ერთ თანამესუფრესა და ძმაკაცს თავისი პატარა რესტორანი ჰქონდა და სპეციალურად ამ ნადიმისთვის სამზარეულო აამუშავეს და ხინკალი-ხინკალზე მოდიოდა.
ჩაუსხდნენ ბიჭები!
ქაფქაფა ხინკალს კბეჩდნენ და წვენს ხმამაღლა ხვრეპდნენ, ისე რომ ქვარჩილს გაეგო.
მწვადს ძიძგნიდნენ და ყბებს ისე იქნევდნენ, რომ ქვარჩილს დაენახა.
თითებს იტლოკავდნენ და სიამოვნებისგან კრუსუნებდნენ. სადღეგრძელოებმაც არ დააყოვნა. მშვიდობის, მამაშვილობის, ვაჟკაცობის, წინაპრების, ღირსების. რაღაც მომენტში ქვარჩილი და აქ ღრეობის მიზეზიც დაავიწყდათ და “თავის პონტში” შეუბერეს.
ქვარჩილი ყურადღებას არ აქცევდა. ასეთი ქეიფები და ღრეობები ბევრი ჰქონდა ნანახი. ხშირად წამოუყვანია ასეთი სუფრიდან მამამისი ბაშა ტუჩებაძის მძღოლს ნახევარად მძინარე, მას შემდეგ რაც მამამისი ბაშა ტუჩებაძის ძმაკაცები და მათი შვილები დამთვრალან და დამხმარე ქალებისთვის ან “აფიციანტებისთვის” დედის მუტელი უგინებიათ (აი, რა მნიშვნელობა აქვს მიზეზს?).
მამის და მისი წრის ეს ღრეობა ერთგვარ თეთრ ხმაურადაც ჩაესმოდა და წათვლიმა კიდეც ტრაწისფერი როიალის ნოტისგან ნაშენები ფეხის ქვეშ, რომელსაც ზუსტად ამ დროს მამამისი ბაშა ტუჩებაძის ძმაკაცი ხუხულა მორგებაძე მოადგა მოსაფსმელად.
და ის იყო, საბედისწერო შეცდომა კინაღამ დაუშვა და პარტიის თავკაცის შვილის ტრაწისფერი როიალის ნოტებით ნაშენებს ფეხს კინაღამ მიაფსა, რომ ქვარჩილი შეამჩნია.
და აი, სწორედ ამ დროს, ტევე პირველის აეროგადაღების ბოლომდე დატენილი კამერაც მოფრინდა და პირდაპირ ეთერში ჩაერთო ბაშა ტუჩებაძისა და მისი საძმაკაცოს ქეიფი, პარტიის თავკაცის შვილის გამოძერწილი ტრაწისფერი როიალის მიმდებარე ტერიტორიიდან, რომელსაც პოლიციის სამი შრე იცავდა. იქ შეკრებილი ხალხი ისე შეთხელებულიყო ტელეიმედზე ნამდვილ კადრებს უშვებდნენ მათი რაოდენობის საჩვენებლად.
ხუხულა მორგებაძე ქვარჩილს მივარდა, გააღვიძა, ფეხზე წამოაყენა და ძმაკაცურად დაიუწყო ლაპარაკი.
- ჩვენ ხო ძმაკაცები ვართ? - მიაოხშივარა სახეში.
არა, არ იყვნენ ძმაკაცები და ქვარჩილმაც უარის ნიშნად თავი გაუქნია.
- ვა, ატაშოლი დამადე, ტო? ბაშა! ბაშა! ნახე შენი შვილი, რა მაგარი კაცია, სიმონ, მეთქი ძმაკაცები ხო ვართ და არაო! - გადაითახთახა ხუხულამ. - ეს რამდენი ხანია მშიერია? მიდი ერთი, ბაშუ! მიდი, ძმურად შოთის პურში მწვადი ჩაალაგე, ტყემალი მოასხი და მოიტანე, ჩემი ხათრით შეჭამს, ტო. მიდი, მოდი! ქვარჩო! მიდი ჩემი ხათრით, ძმაკაცურად შეჭამე რა! და ვინა, ტო? ესენი? მე ვათქმევინებ სუ ყველას რო ყლეები არიან, აი ჩამოვალაგებ აქა? რიგრიგობით და ყველა მოვა და გეტყვიან რო ყლეები არიან. შენ თავს (ვ)ფიცავარ, ტო! ყლეები არიან, მა რა ჩემი ყლეები არიან! მიდი! ეხლა არ გამიტეხო რა! ჭამე, გაიგე? ეგრე არ შეიძლება. ძმაკაცურად, ვიღაცა ყლე იქნება, ვიღაცა პროჭი, ჩვენი საქმე მოვაგვაროთ ჩვენ, ტო! რად გინდა ეს რაღაცა თემები, გაიგე? მიდი! ლიმონათი გინდა? კოკა-კოლა? წვენი ხო არ გინდა? აგერ გავუშვებ, სიმონ ვიღაცა თესლაკი, წავა მოიტანს, ტო! შენ რა გინდა, პროსტა თქვი, სიმონ. გინდა, დავაყენო, ესენი ყველა და ვაყვირო, ვირი ვარ და ვყვირივარ ან რამე ეგეთი? კოკა! მიდი გაიქეცი რა, ბავშვს წვენი მოუტანე, რა! რა გინდა, მითხარი, აბა? ვაშლი, მსხალი, ატამი, ფორთოხალი? გრეიფრუტი ხო არ გინდა? ჩემი შვილი, ეგეც მაგარი გამოყლევებულია, ვაბშე, რა თაობა ხართ, სიმონ, ეს, გრეიფრუტის წვენს სვამს, რა ასმევს, შენ აგერ მამაშენი მოაჩათლახე საქვეყნოდ, რა იყო! ბიჭო, რა დაგაკელით მაგის დედას შევეცი. იმ დღეს, ჩვენმა დამხმარე ქალმა, კომშის კამპოტი დაუსხა და სულ დედის მუტელი აგინა, იმ განდონმა ბავშვმა.
- ვინა? - იკითხა ხელმწვადდამშვენებულმა ბაშა ტუჩებაძემ, რომელიც მისი შვილის მიერ შიმშილობის შეწყვეტის პერსპექტივით გახარებული იყო. ის კი გაუტყდა, რომ ხუხულა მორგებაძემ მოაგვარა ეს საქმე და თვითონ თავისივე შვილთან ვერაფერს გახდა, მაგრამ ახლა ეს არ იყო მთავარი. ახლა მთავარი იყო ბავშვს ეჭამა და ეს თემა ტრაწისფერი როიალის შემოგარენიდან სახლში გადაეტანათ.
- რა ვინა? მოიტანე შენ რაც გითხარი? - ხუხულა მორგებაძე არ იყო არც ბაშა ტუჩებაძის უფროსი და არც მასზე მეტი ავტორიტეტი ჰქონდა, მაგრამ ამ სიტუაციაში ძმაკაცურად ყოყლოჩინობდა.
ბაშა ტუჩებაძემ მწვადით გამოტენილი შოთის პური მიაწოდა, რომლიდანაც წითელი ტყემალი ჟონავდა.
- ჰე, მიდი ეხლა! ჰო შევთანხმდით? - მიუტანა პირთან ქვარჩილს.
არ შეთანხმებულან.
ქარჩილს მწვადის, შოთის და ტყემლის სუნი ჯერ ცალ-ცალკე ეცა, მერე ერთმანეთში საამურად აზეზლილმა მიუთათუნა ცხვირის ნესტოებზე, მაგრამ ცდუნებას გაუძლო და სახე შეატრიალა.
- ეეეეეე! ეხლა ატრაკებ! - გაუტყდა ხუხულას. - რა გჭირს, ბიჭო, რა იყო, ვერ გავიგე?
შვილის სიჯიუტემ და სიმთვრალემ ბაშა ტუჩებაძეს ბრაზი და მრისხანება გაუათმაგა და კბილებს კრაჭა-კრუჭი გაადენინა.
- ჭამე, თორე ძალით ჩაგთხრი იცოდე! - შეუღრინა შვილს.
- მოიცა, რად უნდა ეგა! შეჭამს აბა რას იზამს! - გამოესარჩლა ქვარჩილს ხუხულა და მწვადიანი შოთით ტყემალი ცხვირ-პირ-ნიკაპზე წაუსვა.
ქვარჩილმა ტუჩებზე მოდებული ტყემალი გადმოაფურთხა!
- ეგერე არა!? - აიფხორა ბაშა ტუჩებაძე. - ბიჭო, მოდით ერთი აქა. გააკავეთ ეს დედამოტყნული.
გააკავეს.
პირი ძალით გააღებინეს და მწვადის ნაჭრების ჩატენვას შეუდგნენ, მაგრამ ვერაფერს გახდნენ. არ ნებდებოდა ქვარჩილი. აფურთხებდა.
ტყემალში ამოავლე და პირდაპირ ყელში ჩატენეო, დაებადა იდეა ერთერთ გამკავებელს.
არც ამან გაჭრა.
ამ დროს კი ვიღაცას გაახსენდა, რომ ადრე რომელიღაც არხზე, დისქავერიზე ან ნეიშენალ ჯეოგრაფიკზე ნახა, როგორ ამოაღებინეს ნაყლაპი საჭმელი ნიანგს. სუფრაზე არხეინად მოქეიფეებს შესძახა, ერთი ხინკლის ყუთიდან “ტრუბა” გააკეთეთო. გააკეთეს. მერე ქვარჩილს ხახაში ჩასჩარეს და ის იყო მთელ-მთელი მწვადები უნდა ჩაეყარათ მისთვის პირდაპირ ხორხში, მეორე გამკავებელს გონება გაეხსნა და მიხვდა:
- მოიცა, არ გაიგუდოს ბავშვი, შეჩემა!
და ამ დროს, იმ ტიპს, აი, ბუნება და ცხოველები რომ უყვარდა და დისქავერის და ნეიშენალ ჯეოგრაფიკს რომ უყურებდა, გაახსენდა, რომ ჩიტები თავიანთ ბარტყებს საჭმელს უღეჭავენ და ისე უგდებენ პირში.
- ჰო, მიდი, რა მოხდა, შენი შვილია. აბა მოკვდეს ბავშვი? - რაციონალიზაცია შესთავაზა ხუხულა მორგებაძემ, რომელსაც საიდანღაც კომშის კამპოტიც მოეტანა და ჩაღეჭილი ლუკმების ქვარჩილის საყლაპავ მილში ჩარეცხვას სწორედ ამ სასმელით აპირებდა.
ბაშა ტუჩებაძემ ღორის მწვადის ქონიანი ნაჭერი გაძიძგნა. ჩიტივით…
***
სანდო გოგიას ბავშვობიდანვე უყვარდა ფილმები და სერიალები საიდუმლო აგენტებზე. სულ დეტექტივებს კითხულობდა და ყოველთვის ცდილობდა, რაღაც ახალი ესწავლა. თუ მისი თანატოლები სისხლს და “სროლებს” უყურებდნენ, ეს მთავარი პერსონაჟებისა და მათი მოწინააღმდეგეების აზროვნებას აკვირდებოდა. მეთოდებს. ნელ-ნელა იმსაც მიხვდა, რომ ამ ფილმებსა და სერიალებზე ჭკვიანი იყო და ბევრ სისულელესაც აჩვენებდნენ, მაგრამ ბევრიც საინტერესო იყო.
ის უბრალო პოლიციელობაზე ან ჯარისკაცობაზე არ ოცნებობდა, ჯეიმს ბონდობა ან ფოქს მალდერობა უნდოდა. უნდოდა მსოფლიოს გარშემო საიდუმლოდ ემოგზაურა და სადღაც კრიმინალის სოროებსა და მიწისქვეშეთში არსებული ქსელები და დამნაშავეები გამოევლინა, ზოგი დაეჭირა, ზოგიც მოეკლა.
შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალისტიც იყო, რომელსაც ხშირად პრაქტიკული და რაციონალური გზის გავლა უწევდა და ამიტომ მორჩილად მიჰყვებოდა კარიერულ კიბესა და საფეხურებზე გადასასვლელად საჭირო არასასიამოვნო დავალებებს. ჭკვიანიც იყო, ცოტა განათლებულიც და ამიტომ ადვილად მოახერხა დაცვის სამსახურიდან პოლიციაში, შემდეგ კი მერაბი ხმაურაძის სისტემაში გადასვლა.
სწორედ ამაზე ოცნებობდა. მთავარია, რომ აქ მოხვდა და მთავარია, რომ ეს შანსი მიეცა. ახლა, როგორც აქამდე, ყველაფერი მასზე იყო დამოკიდებული და აქაც ისევე სწრაფად შეძლებდა კარიერულ კიბეზე ასვლას, როგორც სხვაგან. თან აქ ბევრად უკეთესი სამსახური იყო. მთელი დღე ფეხზე დგომა და ვიღაცა უზრდელი ბობოლების ან მათი ოჯახის წევრების საშვების შემოწმება არ უწევდა და არც ამავე ხალხის ქუჩაში დევნა, გადაყენება და მათი პრეტენზიებისა და მუქარების ატანა. ეს ყველაფერი რომ ჩაყლაპა, მორჩილება და მოთმინება რომ გამოავლინა და სისტემას ისე იმსახურა, როგორც საჭირო იყო და სადაც საჭირო იყო, იმიტომაც მოხვდა ბოლოს იქ, სადაც ჯეიმს ბონდები და ფოქს მალდერები იწრთობოდნენ.
მისი ამჟამინდელი დავალებაც სწორედ ამ სამჭედლოსთვის დამახასიათებელი და აუცილებელი პროცესი იყო. ასეთ მომენტებში შეგუების მექანიზმად სწორედ ფილმებსა და სერიალებს იყენებდა. წარმოიდგენდა, რომ ეს ჯერ მხოლოდ დასაწყისია, პირველი აქტი და სულ პირველი კადრი, როცა სასოწარკვეთილი გმირი თავისი მოსაწყენ და მოსაბეზრებელ დავალებებს ასრულებს, შეიძლება სულაც კარიერულ ფსკერზეა ან ცხოვრებაც კი აქვს ჩამოშლილი, მაგრამ წინ დიდი ბედნიერება და საგმირო საქმენი ელოდება.
ეს დავალებაც წინსვლას მოასწავებდა.
სათვალე გაიკეთა. მერე რეზინის ხელთათმანები. ხალათი არ ჰქონდა, ამიტომ საწვიმარი ლაბადა მოიცვლა, პინცეტი და ფანქარი დაიჭირა და მზისკარის მძღნერი გაქექა.
და რა თქმა უნდა, შედეგმაც არ დააყოვნა. ასეთ საქმეებში და ასეთ კარიერულ კიბეებზე ასეთ პიროვნებებს შედეგი ყოველთვის აქვთ.
იპოვა გასაღები.
და იმედიც (არხი არა, გრძნობა) განუმტკიცდა.
***
ბატონი მაყა გაღიზიანებული იყო და ამის შესახებ კარგად უწყოდა მერაბ ხმაურაძემ, რომელსაც უკვე თვითონ მოუწევდა პარტიის თავკაცისთვის იმის დამტკიცება, რომ კრიზისული სიტუაციების მართვა მართლაც შეეძლო. ქვარჩილის მოწყობილი ცირკი იყო “დასამენეჯებელი” ,თორე აქციას ყველა დაშლიდა.
ცრუ მოწმეს ყველა დაარიგებდა.
ნარკოტიკს ყველა ჩადებდა.
ჟურნალისტსა თუ აქტივისტს ყველა დახვდებოდა ქუჩაში და ყველა სცემდა, მაგრამ მერაბ ხმაურაძეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ბატონი მაყას გაღიზიანების წყაროს მოშთობა მხოლოდ მას შეეძლო. რომ მხოლოდ ის იყო უნიკალური კადრი, რომელიც მძღნერიდან ამოღებული გასაღებით, ტრაწისფერ როიალზე მიბმულ ვიღაც თესლს აუშვებდა და პარტიასაც ჩამორეცხდა სირცხვილს.
იმ დილას მწვადის ნაღეჭით გამოკვებილ ქვარჩილს აღებინებდა და ფაღარათიც მწვავედ უბუყბუყებდა მუცელს. ხალხის ზღვაც ღელავდა. ის ახალგაზრდა დეპუტატი, ჰაბიტუსით რომ სტერეოტიპულ ხუროთმოძღვარს ჰგავდა, მაგრამ სინამდვილეში ბაშა ტუჩებასძისგან არაფრით განსხვავებული შინაგანი სამყარო ჰქონდა, განცხადებას განცხადებაზე აქვეყნებდა. ზოგ საქციელს გმობდა, ზოგს ამართლებდა, ხალხს ამშვიდებდა, გამოძიების დასრულების დალოდებისკენ მოუწოდებდა და ბოლოს დასძინა, რომ ახლა მთავარი იყო ეს ბავშვი რამენაირად გაეთავისუფლებინათ.
მერაბ ხმაურაძე ხალხისგან უჩუმრად მივიდა ტრაწისფერ როიალთან. ჯიბეში მძღნერიდან ამოღებული გასაღები ედო - ერთგვარი ხსნა. ბაშა ტუჩებაძე და მისი ნამთვრალევი ძმაკაცები იქვე ეყარნენ, ზოგი როაილის ფეხთან თვლემდა, ზოგიც გაზონზე, ზოგიც არწყევდა და ზოგიც თავის მძღოლს ელოდებოდა, ხაშით ან ლუდით როდის დაბრუნდებოდა.
მერაბ ხმაურაძეს ზედაც არ შეუხედავს ბაშა ტუჩებაძისა და მისი საძმაკაცოსთვის. რამდენიმეს გადააბიჯა კიდეც. გუმანით ისიც იგრძნო, რომ ბაშა ტუჩებაძემ ვედრების თვალი გააყოლა ან შეიძლება იმედის (არხის არა, გრძნობის).
მერაბ ხმაურაძე სინემატიკური სიმშვიდითა და სიდინჯით, წელში გამართული, წარბშეუხრელი და მკერდში ჩაგუბებული ბრაზით მიუახლოვდა ტრაწისფერი როიალის ნოტებით აგებულ ფეხს და ისე რომ არც ქვარჩილისთვის შეუხედავს ზედ, მზისკარის მძღნერიდან ამოღებული გასაღები გაუტეხელ, გაუხსნელ და გაუდნობელ ბორკილს მოარგო.
მოერგო.
მერაბ ხმაურაძეს ჩაეღიმა.
თავდაჯერებულმა გადაატრიალა გასაღები.
ჭლუკ! გაისმა ტრაწისფერი როალის ქვეშ მეტალის რე ან დო, შეიძლება ფაც.
მზისკარის მძღნერიდან სანდო გოგიას მიერ ამოღებული გასაღები მდელო გველავას საფრანგეთიდან ჩამოტანილ ბორკილში ჩატყდა.
***
ოპერატორმა, რომელიც უბრალოდ თავის საქმეს აკეთებდა, განათება დააყენა და ჟურნალისტს, რომელსაც მეტსახელად ნაპერწკალას ეძახდნენ, ანიშნა მზად არისო.
- დაიწეთ! - გაუღიმა ნაპერწკალამ რესპონდენტს.
წარმოსადეგი, სანდო და ჩვენიანი მამა-კაცი, რომელიც კარგად ძერწავდა, თავისი ახალი ქანდაკების წინ იდგა. სახეზე სევდიანი სიამაყე დასთამაშებდა. აცრემლებულ თვალებს რიტმულაც ახამხამებდა:
- პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს ყველა თანაგუნდელს, მათი მხარდაჭერისა და გვერდში დგომისთვის. განსაკუთრებით ბატონ მაყას და მის შვილს. სწორედ მათი მეოხებითა და კეთილი ნება-სურვილით მოხდა ჩემი ჩართულობა ამ საშვილიშვილო პროექტში, რომელიც ასახავს ჩვენი ქვეყნის მომავალს და იმას თუ რას ვაშენებთ, რას ვუტოვებთ ჩვენს შვილებს და რას ვიცავთ გარე თუ შიდა მტრისაგან!
- შესანიშნავია! - გაიღიმა ნაპერწკალამ. - ახლა ზუსტად ეს მომავალი რომ დავანახოთ ჩვენს მაყურებელს დრამატურგიულად, თქვენი შვილები შემოვიდნენ კადრში და ერთად დადექით თქვენი ნამუშევრის წინ, გაიღიმეთ და მერე ამ კადრს გავაჩერებთ, როგორც ფოტოს და მარადიულობის ეფექტით გავალთ სიუჟეტიდან.
ბედნიერმა ხელოვანმა ამაყი ღიმილით დაუდასტურა და შვილებს უხმო.
მოქანდაკე და მძერწავი ბაშა ტუჩებაძე თავის სამ შვილთან ერთად შოკოლადის როაილის ქვით გამოთლილ ფეხთან იდგა. ქალაქელების საყვარელი ქანდაკების ბოლო ნაწილი მუსიკისა და განათლების სიმბიოზის სიმბოლო იყო და ერთმანეთზე დალაგებული წიგნების ფორმა ჰქონდა მიცემული.
დღეს სწორედ ამისთვის იყო მოსული იმედი (გრძნობა არა, არხი).