- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
Parva domus, parva cura (ლათ. პარატა სახლი, მცირე საზრუნავი) - ილუსტრაციის ავტორი: ალექსანდრე ჩუბინიძე; 2015
ურბანული ჯუნგლების ამბავი: ჰეშთაგ #ურბანფერმერი
ურბანული ფერმერობა ან ურბანული მებაღეობა არის ქალაქად ან ქალაქის მახლობლად საკვების მოყვანის, აღების, დამუშავებისა და დისტრიბუციის პრაქტიკა.
ვიკიპედია (ნანახია 29.02.2018)[1]
I ნარატივი
გამოვდივართ სამოქალაქო ინიციატივით: ვაქციოთ თბილისი ურბანული მეურნეობის ცენტრად. მოქალაქეებმა თუნდაც ჩვენს მოკრძალებულ აივნებზე ხელი მივყოთ ურბანულ ფერმერობას, დავამუშაოთ სადარბაზოებთან არსებული მცირე მიწის ნაკვეთები, ხელი შევაშველოთ თბილისის ბოსტნეულობით გაფერადებას და ერთად ვეცადოთ ქალაქის ეკოლოგიური მდგომარეობის გამოსწორებას. ასევე, გამოვდივართ ინიციატივით, რიყის პარკი და თემქის მინდვრები გადავაქციოთ საჯარო ურბანულ ბოსტნებად, სადაც ყოველი წლის დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს ერთად გავანაყოფიერებთ მიწას, ხოლო სექტემბრის ბოლოს, თბილისის ურბანულ ეკო-სათბურებში მოვაწყობთ სოფლის მეურნეობის გამოფენას. 2018 წელი თბილისში ურბანული მეურნეობის წლად უნდა გამოცხადდეს. #Ecopɒlɪs #CityJungle
რატომაა პროექტი შესაძლებელი, რა თეორიული და პრაქტიკული გამართლება შეიძლება ვნახოთ და როგორ შეიძლება ყველა ჩვენგანი ამ პროცესის ნაწილი გავხდეთ, ამაზე ვრცლად მოგახსენებთ. მესიჯი კი მარტივია: თბილისი ნელ-ნელა ჯუნგლებად უნდა ვაქციოთ, ურბანული ტომების გამწვანებულ ოაზისად, სადაც წაიშლება ზღვარი ურბანულსა და რურალურს შორის.
სინამდვილეში, როდესაც ურბანიზაციის პრობლემაზე ვსაუბრობთ, გამოსავალი ის კი არაა, როგორ ვაკონტროლოთ ურბანული მიგრაცია, არამედ ის, თუ როგორ შემოვიტანოთ რურალურის პოზიტიურობა ურბანულში და როგორ გავიტანოთ ურბანულის პოზიტიურობა რურალურში. თანამედროვე თეორეტიკოსები აღარ ცნობენ სასოფლო და საქალაქო დასახლებების კლასიკურ დაყოფას (Elizabeth Mylott 2009), რადგან განვითარებული ქვეყანა ის კი არაა, სადაც ურბანიზაციის დონე შეამცირეს, არამედ ის, სადაც აღარ იკითხება ნეგატიურობის ზღვარი ურბანულსა და რურალურს შორის. ამიტომაც, თბილისის მოვალეობაა თავის თავში შემოიტანოს სასოფლო. საჭიროა ბეტონებზე ფათალოები ავუშვათ, ბოსტნეულობა ავაყვავოთ, პოლისი გავაჯუნგლოთ და ძველი მითოსურობა დავუბრუნოთ ჩვენს ქალაქს, სადაც ისევ ვრცლად მოყვებიან ამბებს მიმინოსა და ხოხობის მეგობრობაზე[2].
ბეტონის კლუბიდან ჯუნგლებში ამოსულ ქალაქის სტუმარს, #ეკო სტაფილოს წვენებით უნდა გავუმასპინძლდეთ, სანამ ერთი კვირით ვარძიის ვეფხისტყაოსნის ცოცხალ მუზეუმში გავუშვებთ, რომელიც სტუმარს პოემის ზღაპრულობაში დააბრუნებს. არაფერია იმაზე ჯადოსნური, ვიდრე მასპინძლისა და მოგზაურის თავგადასავლებით სავსე მუსაიფი. მართალია, მსგავსი ტიპის აურის შექმნას დიდი ამბავი სჭირდება, მაგრამ რაც მთავარია, ეს ამბავი სავსებით თანხვედრაში იქნება იმ ისტორიულ მიწათმოქმედების ნარატივთან, რომელსაც ეს ქვეყანა ისედაც საუკუნეებია ამბებად ჰყვება.
დევებისა და ანგელოზების ამბავი
„მივიდა ხესთან ცულითა,
სთქვა: “უნდა მოვჭრა ესაო!”
შემოჰკრავს ცულსა და ამ დროს
ხის შამოესმის კვნესაო:
“ნუ მომკლავ, ჩემო მინდიავ,
ნუ დამიბნელებ მზესაო,
უიარაღო რომა ვარ,
მიტომ მიბრიყვებ ხესაო?!..”
ვაჟა; „გველისმჭამელი“
სოფლის მეურნეობა არა მხოლოდ ქართული საერო ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, არამედ მისითაა განმსჭვალული ჩვენი მითოლოგიაც. მიწათმოქმედების ნარატივი პროფანულს საკრალურად აქცევდა, რაც ტომების ერთიანობასა და მათ მყუდროებას უზრუნველყოფდა. ყველაფერი კი, როგორც ჩანს დევებისა და ანგელოზების ჯახით დაიწყო, რომელიც შესანიშნავადაა აღწერილი ზურაბ კიკნაძის შთამბეჭდავ ნაშრომში, „ქართული მითოლოგიები“.
დევი ბოროტი სულია, ერთგვარი „ლუციფერი“ - „შასახედავად ყროლ ყოფილან, ბეწვი სხმივან პირ-სახეზედავ; არც ტანისამოსი, ბეწვ სხმივავ. სხვადავ კაცთავით ყოფილანავ, სახე კაცისა ხქონიათ, მარტო ფეხებ სდგომივავ უკუღმავ“. თუმცა, კაცისა და დევის მთავარი განმასხვავებელი, არა ფეხების უკუღმა დგომაში, არამედ, სოფლის მეურნეობასთან მათ დამოკიდებულებაში უნდა ვეძებოთ. დევებმა ხვნა-თესვა არ იცოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ სასოფლო სამეურნეო იარაღების გამოჭედვა მხოლოდ მათ შეეძლოთ და გამოსდიოდათ. აყროლებული დევები ადამიანებს სამჭედლო საქმეს არ ასწავლიდნენ. კიკნაძის აზრით, დევის არსებობის პარადოქსი სწორედ ის არის, რომ დევი ინახავს მჭედლობის საიდუმლოებას, მაგრამ ვერ იყენებს მის მიერვე გამოჭედილ იარაღს. დევებს მჭედლობა მხოლოდ იმიტომ სჭირდებოდათ, რომ ადამიანი დაებეჩავებინათ, მათგან სამსხვერპლო მიეღოთ, რადგან ქართველი კაცისთვის იგივე უღელ-გუთანი სასიცოცხლო მნიშვნელობის უნდა ყოფილიყო. ეს ერთგვარი გაცვლა იყო.
დევებიც ამით სარგებლობდნენ და ყველანაირ სისაძაგლეზე მიდიოდნენ: ბოჰემურ ცხოვრებას დასჩვეოდნენ (ა. გელოვანი), ლუდით მუცელს ამოივსებდნენ და ხან კაცთა ცოლებს ბილწავდნენ, ხანაც მოსავალს უნადგურებდნენ. შეურაცხყოფილ ფშავ-ხევსურთ უკანასკნელი სარჩო ღმერთებისთვის სამსხვერპლოდ გაუღიათ და დევებისგან გათავისუფლება შეუთხოვიათ. კოპალამ, იაღსარმა და სხვა ღვთისშვილებმა ადამიანებს დახმარების ხელი გაუწოდეს და ეს პირველი შემთხევაა, როდესაც ჯვრის ავატარი დედამიწაზე ჩამოდის და განსხეულდება. ატყდება დევებისა და ანგელოზების სასიკვდილო ორთაბრძოლა, რაც ამ უკანასკნელთა გამარჯვებით სრულდება. ხალხურ სიტყვიერებაში შემონახულია ამ მძაფრსიუჟეტიანი მითის კულმინაციაც, როდესაც ღვთისშვილი იახსარი უკანასკნელ დევს კუდით ქვას ასროლინებს:
„ერთი ისივაც გამექცა, აღარ უბრუნე თავია,
საგმირო წამაუქადლე, კლდეს მოაფარა თავია.
კლდე სამად გავაგლეჯინე, ერთ გამოვთხარე თვალია...“
შემდგომ როგორც ჩანს, იახსარმა ცალთვალა დევი აბუდელაურის ტბაში მიახრჩო, რაშიც სხვა ყრმებიც დაეხმარნენ. ახიცაა მათზე: რომ ამბობენ „თაოდ დევი რკინეულს ვერ მახკიდებდა ხელსაო“. ვითომ რატომ? იმიტომ, რომ დევი მითოლოგიური სნობია, ანუ ის ვისაც აქვს სასოფლო სამეურნეო იარაღები [შესაძლებლობა], მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დალოცვილი მიწა გაანაყოფიეროს, მეტიჩრობს და ყოყლოჩინობს. ამ ავსულებმა ამიტომაც იგემეს ღვთიური ლახტის დამანგრეველი ძალა. რასაც ქმნიდნენ, მათსავე წინააღმდეგ შეტრიალდა.
ამგვარად, ცხადი ხდება, რომ სოფლის მეურნეობა ქართული მითოლოგიის ქვაკუთხედია: სწორედ სოფლის მეურნეობაა ის, რაც ჩვენ, ბანჯგვლიანი უცხოთესლისგან გვასხვავებს და მეორეს მხრივ, ის, რის დასაცავადაც ჯვარი ზეციდან მიწაზე დაეშვა, რათა დევებისგან მიტაცებული მამულები გასანაყოფიერებლად ადამიანისთვის გადაეცა[3]. აი სწორედ აქედან იწყება, როგორც საკულტო ნარატივის, ასევე პირველი საყრმოს - ტომის დაბადებაც[4].
სამწუხაროა, რომ მიუხედავად მსუყე მითოლოგიისა, რატომღაც გამარჯვებული ანგელოზი ჩვენს ურბანულ სივრცეში სამყოფელს ვერ პოულობს, ის თითქოს უცხოთესლთა ტყვეობაშია და ჩვენი პოლისის აურას დამატებით ღირებულებას ვერ სძენს. თბილისი დევსულთა სამოსახლოდ გადაქცეულა, სადაც მიწის ნაყოფიერება რკინა-ბეტონმა შთანთქა. თუმცა, ხატი რისი ხატია თუ მას ქვესკნელიდან აღდგომის ძალა არა აქვს?
ჩვენს ცოცხალ განცდაში დაცემას ყოველთვის აღდგომა მოჰყვება და ეს პატერნი ჯერ კიდევ პრე-ქრისტიანული ნარატივიდან მოყოლებული თავის თავს იმეორებს. ზღაპრებსა თუ მითოლოგიაში სამყარო ერთგვარ ჰოლოგრამად იხატება, რაც იმას ნიშნავს, რომ ნებისმიერი ნაწილი პოტენციაში მთლიანობას ატარებს - იმედის ნაპერწკალიდან კი, მხურვალე ცეცხლიც აგიზგიზდება ხოლმე. ამის მაგალითები მრავლადაა მითოლოგიაში და მისი ფესვები ასევე ღრმადაა გადგმული ჩვენს ზღაპრულ ნარატივშიც.
აი, ერთ-ერთი მათგანიც: როდესაც დედინაცვალი იასავით ლამაზი ხათუნის ლიკვიდაციის ბრძანებას გასცემს მშვენიერი ქალი სხვადასხვა საგნებში ტრანსფორმირდება, თანაც ისე, რომ მისი არსი არ იცვლება, რადგან თევზად, ფხად, ან ნაფოტად[5] გადაქცევის შემდეგაც კი მას უნარჩუნდება ქალად ანუ პირველად მთლიანობად აღდგენა-განახლების პოტენციალი. სწორედ ამიტომაა, რომ დედინაცვალი ხის მასალად ტრანსფორმირებული ია-ხათუნის საბოლოო განადგურებისთვის დაქირავებულ ქილერს შემდეგ მითითებას აძლევს: „მაგის ნაფოტს ისე აკრეფთ, რომ ერთიც არსად არ დაგივარდეს, [ამის შემდეგ] მოვრჩები, თუ არა და - მოვკვდებიო!“ რასაკვირველია, დედაკაცს კოვზი ნაცარში უვარდება და ერთ-ერთი ანათალი კვლავაც ნაყოფიერ მიწაზე ეცემა. ქაჯ დიაცს ცხენის ძუაზე გამობმით ნაფლეთებად აქცევენ, ხოლო ია-ხათუნის კარზე კი, ბედნიერება მიაკაკუნებს.
ასეა ჩვენი ქალაქის ამბავიც, მართალია დღეს მძიმე ეკოლოგიური მდგომარეობა გვაქვს, მაგრამ ეს ჯერ კიდევ არაა დასასრული. პირიქით, იქნებ შანსია, რადგან „სადაც არ არის განსაცდელი, იქ ხსნაც არ არის“ (ზ. კიკნაძე). თბილისის ფრაგმენტებში კვლავაც იკითხება ეკო-პოლისის აღდგენის შესაძლებლობა. თითქოს, ია-ხათუნის ტანჯული სული ჩვენს ქალაქში დაბუდებულა, რომელსაც დედაბერი საგულდაგულოდ ნაფოტებად ანაწევრებს. მაგრამ, იქნებ ამ ანათალებიდან ჯუნგლები მივიღოთ, იქნებ ნეო-გუთანმა გაჭრას-გამოჭრას, იქნებ ურბანული ფერმერობა ის ნიადაგია, რასთან შეხებითაც რკინა-ბეტონში დატანებული ნაფოტი მშვენიერ ია-ხათუნად დაგვიბრუდება.
ამიტომაც, ურბანული ფერმერობა ტრადიციული მითოლოგიისა და თანამედროვე ეკოფილოსოფიის გადაკვეთაზე უნდა დაიბადოს. მიწათმოქმედება ღვთიური კალთით შეიმოსება. ამისათვის, ჩვენს ცოცხალ განცდას უნდა დაუბრუნდეს აგრარული ტოტემი - მამალი, სიმბოლო რომელიც მიწის ნაყოფიერებას უკავშირდებოდა. შემდგომ კი, თავად აგრარული ღვთაებაც გავაცოცხლოთ: თედორე, რომელსაც დიდმარხვის პირველი კვირის შაბათს საგაზაფხულო კალენდარული დღესასწაული, თედორობა ეძღვნებოდა. მოდით, ამ დღეს სასოფლო-სამეურნეო იარაღებისა და ცხენების გამოსახულებებით, სარიტუალო პური დავაცხოთ და ამავე დღეს რიტუალური ხვნა-თესვაც მოვაწყოთ.
ჩვენი ტრადიციის გატექნოლოგიურებისთვის საჭიროა ჩვენს მეხსირებაში სოფლის მეურნეობის „აიკონები“ აღვადგინოთ. მოდით, დაწვენილი დოქების გვერდით [რიყეზე] ღვთისშვილი იახსარისა და თვალგამოთხრილი დევის უხორცო სახეხატი ლაზერული ილუზიით, ციფრული ქანდაკებით უკვდავყოთ: გთავაზობთ, ადრე გაზაფხულს, „წელიწადის დროთა დედოფალი“ რომ გვეწვევა, აღდგენილ ხატს გარშემო ია-ხათუნის სახელობის ურბანული ბოსტანი მოვუწყოთ, შემდგომ კი, მოსავლის დაბინავებისას ბერიკაობის რიტუალიც გავმართოთ.
ასე რომ, ურბანული ფერმერობა, ურბანული მითოსის ნაწილად უნდა გადაიქცეს.
წარმოსახვითის ამბავი
ურბანული ფერმერობის იდეა სულაც არაა ოქსიმორონი, ანუ გონებამახვილური სისულელე და ამაზე მსოფლიო ქალაქების გამოცდილებაც მიანიშნებს. რაც მნიშვნელოვანია ისაა, რომ ურბანულ ფერმერობაში ჩართვა არ მოითხოვს განსაკუთრებულად დიდ დანახარჯებს და რაც თავის მხრივ, პროექტში სხვადასხვა შემოსავლის მქონე შინამეურნეობების ჩართულობას ამარტივებს. ის ღატაკთათვის საკვებს ხდის ხელმისაწვდომს; ღარიბებისთვის იძლევა მცირე შემოსავალსა და მინიმალური ხარჯებით მიღებულ მაღალი ხარისხის საკვებს; საშუალო ფენისთვის, შესაძლებლობას იძლევა, რომ გააკეთონ დანაზოგი და მიიღონ ამონაგები ურბანულ საკუთრებაში ინვესტირებისას; ხოლო, მცირე და დიდი საწარმოებისთვის, ეს მომგებიანი ბიზნესია“ (J. Smit, J. Nasr, Annu Ratta 2001).
წარმოვიდგინოთ, რომ თბილისში მოსახლეობის 10%-მა თუნდაც მხოლოდ სამოყვარულო ურბანულ ფერმერობას მიჰყო ხელი, შედეგად ქალაქის იერსახე მნიშვნელოვნად შეიცვლება , მოქალაქეები მცენარეებთან ურთიერთობას უფრო ინტენსიურად შეძლებენ , მშვენიერებას მოკლებულ მზერას დაუბრუნდება მცენარეთა უამრავი სახეობა და თბილისი იქნება სავიზიტო ბარათი ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტისა და სოფლის მეურნეობის პოპულარიზაციის თვალსაზრისის #AgroEcology&Globalvillage.
მაგალითად, თუ თბილისში მცხოვრები 339,304 ოჯახიდან, ურბანულ მეპიტნეობას დაიწყებს ყოველი მე-10 ოჯახი (33,930 ოჯახი), და ვივარაუდებთ, რომ საშუალოდ თითოეულ ოჯახს აივნის 5 კვადრატული მეტრი აქვს გამოყოფილი მეურნეობისთვის, შედეგად მილიონ ლარზე მეტი ღირებულების პიტნას მივიღებთ (იხ. ცხრილი).
მცენარეთა ჩამონათვალი |
ურბანულ ფერმერობაში ჩართული შინამეურნეობების რიცხვი |
აივნების საერთო ფართობი (ჰა) |
მოსავლიანობა ერთ ჰა-ზე (კგ) |
მოსალოდნელი ჯამური მოსავლიანობა (კგ) |
მოყვანილი პროდუქციის მთლიანი ღირებულება ხარჯების გამოკლებამდე (ლ) |
წიწაკა |
33,930 |
2,267 |
16.97 |
38,460 |
384,597 |
პიტნა |
33,930 |
5,000 |
16.97 |
84,825 |
1,017,900 |
* წინამდებარე გათვლა ეყრდნობა ონლაინ პლატფორმა "ურბანული ფერმერის" მოსავლიანობის კალკულატორს
ეს ციფრები მხოლოდ სამოყვარულო ურბანული მეურნეობის კალკულაციაა და რეალური სარგებელი წესით მას მეტად აღემატება, თუ ამ პროცესში საჯარო სივრცეებსაც ავითვისებთ და კერძო ინვესტიციებსაც მოვიზიდავთ. კომერციული აგროეკოლოგია ქალაქში არსებულ მიწის ნაკვეთებს აითვისებს, ახალგაზრდებისთვის შექმნის უსაფრთხო და სუფთა სივრცეებს საგანმანათლებლო პროგრამების იმპლემენტაციისთვის, გააჩენს ახალ სამუშაო ადგილებს, წაახალისებს სხვადასხვა თემების კოოპერაციასა და მოქალაქეთა რაციონში გაიზრდება #Fresh ბოსტნეულობის წილიც #GlobalWarming. რაც მთავარია, პოლისში მცხოვრებთა მხრიდან ეს დიდი კონტრიბუცია იქნება ტურისტული ქვეყნისთვის, ქვეყნის ექსპორტიორების ჩვენი სოფლის პროდუქტებით დაინტერესებისთვისა და ურბალოდ, თბილისის გა-Cool-ებისთვის.
ეს ასევე გაზრდის დედაქალაქის მახლობლად არსებული დაჩა-აგარაკების კომერციულ პოტენციალს, რათა მაგალითად იგივე ნაფეტვრებს, მუხათწყაროს, მუხიანს, სოფ. გლდანს, დიღომს და სხვა მომცრო ტიპის დასახლებებს ურბანული მეურნეობის, ბიო და ეკო ტურიზმის შესაძლებლობა მიეცეთ. ინიციატივა ასევე ითვალისწინებს ქართული თიხის პოპულარიზაციას, არა მხოლოდ იმიტომ, რომ თიხის ქოთნებზე მოთხოვნა გაიზრდება, არამედ იმიტომაც, რომ მოგზაურთა მზერა უამრავჯერ აირეკლავს ჯადოსნური თიხის ნაკეთობებსა და მისგან დამზადებული სუვენირების აურასაც ვერსად გაექცევა. #ნეო-ქვევრი
მოკლედ, მებოსტნეობა ქალაქში უკვე დაწყებული ტრანსფორმაციისა და ახალი იმიჯის აუცილებელი ატრიბუტი გახდება. თანაც, ურბანული ფერმერობა ხომ უბრანულ პოეზიასაც ჰგავს?! ის სავსეა შემოქმედებითობითა და ინსპირაციით. მის ხიბლში კარგად რომ დაგარწმუნოთ, მცირე გამოცდილებასაც გაგიზიარებთ. #ურბანულიბოსტანი #მოქალაქე #EcoPhilosophy
II ნარატივი
ურბანული ფერმერობის ამბავი:
მარტოხელა მამაკაცმა ნუცუბიძის პლატოებზე წამოჭიმულ ბეტონის ჩონჩხზე მოკრძალებული ბოსტანი რომ მოაწყოს, ამაში გასაკვირი არაფერია, ის შეიძლება მარტოსულად გრძნობდეს თავს. დეკორაციულ ყვავილებთან ურთიერთობის გამოცდილება ალბათ ბევრ თქვენგანს ჰქონია და შესაძლოა ფიქრობთ, რომ ურბანული ფერმერობა მასთან შედარებით ნაკლებად მომხიბვლელია, მაგრამ, ვისაც ამ უკანასკნელზეც გსმენიათ ან მისდევთ მის პრაქტიკებს, თქვენ იცით, რომ ურბანულ ფერმერობას თან ნაყოფიერებისა და წლიური სასოფლო სამეურნეო კალენდარული ციკლის მაცდური ალქიმიაც დაჰყვება. ეს ბევრისთვის უცხო იმიტომ არის, რომ კატეგორიები, რომელთა მიხედვითაც მცენარეთა შესახებ ვაზროვნებთ, დაძველებულია. ჩვენეული მცენარეთა კატეგორიზაცია თანამედროვეობისთვის შესაძლოა ისეთივე სასაცილოდ გამოიყურებოდეს, როგორც რომელიღაც ჩინურ ენციკლოპედიაში ჩამოთვლილი ცხოველების კატეგორიები, რამაც საბოლოო ჯამში ფუკო გააოცა და „სიტყვები და საგნები“ დააწერინა: „ა. იმპერატორის კუთვნილნი ბ. კეთილსურნელოვანნი, სხვადასხვა ნელსაცხებლების წყალობით ... ზ. მაწანწალა ძაღლები ... ლ. აქლემის ბეწვის რბილი ფუნჯით მოხატულები ... ნ. ახლახან დოქი რომ გატეხეს და ო. შორიდან ბუზებს რომ გვანან“.
მსგავსმა კლასიფიკაციამ შესაძლოა გულიანად გვაცინოს, თუმცა, ღიმილსაც არ მოგვგვრის ჩვენს თანამედროვეობაში არსებული მცენარეთა კლასიფიკაცია:
1. სამომხმარებლო ანუ სასოფლო სამეურნეო და 2. დეკორაციული მცენარეები.
მიუხედავად იმისა, რომ ბევრი თქვენგანი ამ დაყოფის პრობლემურობაში დამეთანხმება და იტყვის, რომ უამრავი სასოფლო სამეორნეო მცენარე დეკორაციულიცაა, მაინც მცირეა იმ ადამიანების რიცხვი, ვინც სახლის ქოთნებში ბოსტნეულის თესლებს აღვივებს. შემდეგი კლასიფიკაციის მთავარი მოძველებულობა იმაში მდგომარეობს, რომ ის ეყრდნობა ესთეტიკურ ხედვას, სადაც ფორმა განდევნის ფუნქციურს და დომინირებს მასზე.
ის ამბობს: „თუ საგანი ფუნქციურია, ის სამომხმარებლოა და შესაბამისად მისი ხელოვნების საგნად ქცევა მდაბიო საქციელი, „ბარბაროსული ესთეტიკაა“.“
თუმცა, ეს პარადიგმა დღეს მოძველებულად მოჩანს. განსაკუთრებით მას შემდეგ რაც უორჰოლმა სუპერმარკეტის გამჭვირვალე[6] ვიტრინები გაარღვია და ხელოვნების მეტაფიზიკით მონუსხა ყველა საგანი და აკურთხა ისინი, როგორც მაცდურები. ცხადია, ხელოვნებაში მეტნაკლებად გარკვეულებს, ვისაც მაიკლ ჯექსონსა და ლედი გაგაზეც გვიცეკვია, გასიგრძეგანებული გვაქვს, რომ მატერიის ხელოვნების საგნად ქცევას მისი სოფლის მეურნეობაში ჩართულობა არ უნდა აფერხებდეს. პირიქით, სოფლის მეურნეობა უნდა მოინუსხოს ხელოვნების მანით და გახდეს ესთეტიკური, რადგან არის კიდევაც ესთეტიკური, თუ ესთეტიკას, როგორც შეფასებით კრიტერიუმს ისე გამოვიყენებთ და მასში ვიგულისხმებთ ზოგადად კრეატიულს. ამიტომაც, მცენარეთა წარმოდგენილი კლასიფიკაცია მოსარღვევია და სასურველია დაიწყოს სოფლის მეურნეობის მცენარეთა ემანსიპაცია, რათა ჩვენ, მშვენიერების სტატუსისთვის ბრძოლაში კვლავაც გავაჯიბროთ ბოსტნეულობა მაგალითად კაქტუსებს, ქოთნის მუხებსა თუ ენძელებს. მოდით ამას, ჩვენს ენაზე ურბანული ფერმერობა დავარქვათ. #მოქალაქე #ბიო #BioTbs2018
ჩემი გამოცდილებით გეტყვით, რომ მაგალითად, თუ ერთი სეზონის განმავლობაში თქვენს აივანზე პიტნა და წიწაკა გაიხარებს, თქვენ, წინ საოცრებებით სავსე ერთი წელი გელოდებათ. ასე მაგალითად:
#ბიო პიტნის ამბავი:
გვიან გაზაფხულს პიტნის გაზრდილი ყლორტები ცისკენ სვლას რომ დაასრულებენ, ისევ მიწისკენ იქცევენ პირს და პატარა ჭიაყელებივით ჩაძვრებიან განოყიერებულ ნიადაგში. ცოტაც და გაფესვიანებული პიტნის ყლორტი თავისმხრივ სხვა ყლორტებსაც გამოიტანს და ელვისებურად მოედება თქვენს ქოთნის ბოსტანს. ამიტომაცაა, რომ პიტნა რეკომენდირებულია ქოთნებში მოვიყვანოთ. შთამბეჭდავია პიტნის გამრავლების სისტემა. მიიძინებს ერთი წელი და შემდგომში უფრო გამრავლებული, ფესსვგადგმული ამობიბინდება. მძინარებაში გამყარებული ფესვები ისე შეიძლება დაიქსელოს #Network, რომ მთელს მინდორს მოედოს. ეს ნიშნავს, რომ თქვენ შესაძლოა ბოსტანში პიტნის ღეროები რამდენიმე მეტრის დაშორებით მოწყვიტოთ, მაგრამ პრინციპულად მაინც ერთ მცენარესთან ურთიერთობთ.
მართალია პიტნის ამ ოინებმა დამწყები ფერმერი შეიძლება შეაშინოს და წუთიერი წარმოსახვით გაბრაზებულ მცენარეთა აპოკალიფსში მოახვედროს, მაგრამ საბოლოოდ, პიტნის ჯადოსნური ჩაის მირთმევა მოადუნებს, რადგან პიტნა ეთეროვანი ზეთებით უხვადაა გაჯერებული.
#Bio წიწაკის ამბავი
წიწაკის თესლების გახარება ვერ მოვასწარი, ამიტომაც, დაგვიანებულმა მხოლოდ ჩითილების შვილად აყვანა მოვახერხე. ვცდილობდი ყურადღება არ მომეკლო, თავი რომ უცხოდ არ ეგრძნოთ და არ გაბუტულიყვნენ. ცოტა ხანში გათამამდნენ. აი უკვე ივლისის ბოლო იქნებოდა, საკმაოდ ცხელოდა და წიწაკებსაც არაფერი აწუხებდათ, ამიტომაც, დრო იხელთეს, ყლორტები ამოიყარეს და თეთრი ყვავილის ბუჩქებად იფეთქეს. მშვიდობიანობის ჟამს მუშაობა დააჩქარეს. წიწაკამ გაწიწმატებულმა დაიწყო მწარე, დამცავი ციხის აღმართვა. ის მალევე შამანური არომატით, სიტკბოების სიმწარით გაიჟღინთა და მისი გარსი იცავდა ნაყოფს, როგორც თავისივე მიძინებიდან ხელახლა აღდგომის მცირე ნეტარებას.
-„ფაუნამ თუ შემოგვიტია, წინასწარ იცოდეს, რომ ფლორის Chili მახვილითვე განიგმირებაო“. - წიწინებს ნუცუბიძის ნიავზე აცახცახებული წიწაკა და შემდეგ დინჯად დასძენსს: „მაგრამ, თუ ვინმე დაგვაფასებს, ჩვენი შეჭმაც შეიძლება, ოღონდაც ნაყოფობის ჟამს ნუ მიკბეჩო“.
წიწაკას კოკრობის დროს ხელი არ უნდა ახლო, სხვაგვარად ის სულაც არაა უკარება. პირიქით, პრანჭიაცაა. მოკლედ, სანამ არ მომწიფდება არ უნდა სწვდე და თქვენი წიწაკასთან ურთიერთობის ერთი წელიც ჰარმონიულად ჩაივლის. მომავალ წელს კი დარწმუნებული ვარ ახალი ამბით გესტუმრებათ.
დანაწევრებული გონების ამბავი
შრომის დანაწილებამ, ადამიანები რომ საკუთარ ჯურღმულებში ჩაკეტა, ამაზე უამრავი დაწერილა და ბევრს აღარ ვიტყვი. ბოტანიკოსები (ქადაგები სპეციალიზირებული მცენარეთა ამბების შესახებ) მაშინვე მიხვდებოდნენ, რომ მცენარეთა ჩემეული დესკრიფცია არამეცნიერულია და შესაძლოა უამრავ სუბიექტურ უზუსტობასაც შეიცავს. თუმცა, ცხადია, რომ მცენარეების მიმართ მიყურადება და ის პოეტური შარმი რაც მათი ამბების მოსმენისას დილეტანტებს გვეუფლება, სულაც არაა უცხო არც გამოცდილი ბოტანიკოსისთვის. უბრალოდ, ხშირად ისე ხდება, რომ როგორც ბოტანიკოსი ვერ „ერთობა“ ქალაქით, ისე ჩვენ ვერ ვუღებთ ალღოს ტყეს. თუმცა, ზოგს უცხო ამბის პოეტურობა მაინც გვაცდუნებს ხოლმე და მთავარიც ესაა. #აღმოვაჩინოთ ურბანული პოეზია ურბანულ მებოსტნეობაში.
ცხადია ვიწრო სპეციალობის დაუფლებასა და გადამზადებებზე ორიენტირებული ამა თუ იმ პროფესიის წარმომადგენელი ცოტას თუ წავიკითხავთ ბირთვულ ფიზიკაზე, კულინარიაზე, სომელიობასა და ბოტანიკაზე. ამავე მიზეზების გამოა, რომ ჩვენს უმრავლესობას მცენარეებთან არასდროს ჰქონია ურთიერთობა და ამგვარად, სოფლის მეურნეობის ამაღელვებელი ბუნებაც არასდროს განუცდია. ურბანული მებოსტნეობა კი შრომის დანაწილების პირობებშიც შესაძლებლობას გვაძლევს, ბოტანიკას ამბები თავად მოვაყოლინოთ. ჩვენ კი, მხოლოდ ყურის მიგდება გვევალება. გარწმუნებთ, ფერმერობის პოეტიკას შესწევს უნარი, ობიექტი ბუნებაც კი ცოცხალ ბუნებად გარდაქმნას, უსულო ნაფოტიდან სულქმნილი ია-ხათუნი დაბადოს. სხვაგვარად, თუ თვითრეფლექსიას არ მივეცემით და ჩვენი ინტერესის სფეროს გაფართოებას არ შევეცდებით, ჩვენივე სარკეების ანარეკლებში, მკვდარი აჩრდილების დევნაში დავიკარგებით. ამიტომაც, საჭიროა თვითრეფლექსია, რომელიც ამ შემთხვევაში ამბობს:
„ჩემი ვიწროსპეციალიზებით დავიწროვებული ცოდნები არც კი მაფიქრებინებს იმაზე, რომ ქალაქში სოფლის მეურნეობით დავკავდე. თუ არადა, რატომაც არა? ორი კვადრატული მეტრი აივანი მაქვს, რომელზეც შესაძლოა ორი კილო პომიდორი, უამრავი პიტნა და მთელი წლის სამყოფი წიწაკა მოვიყვანო.“
ურბანული ფერმერობა დღეს მოქალაქის მცენარეთა მცდარი კლასიფიკაციით არის შეზღუდული, რისი გონებამახვილური რეკლასიფიკაციის შემთხვევაშიც პროექტი სავსებით მოაზრებადი გახდება. ის უფრო დაგვაახლოებს ბუნებასთან, ვერტიკალურად გაამწვანებს ქალაქს და აწარმოებს ორგანულ პროდუქტსა თუ ჟანგბადს #თქვენი და თქვენი შვილების ჯანმრთელობისთვის.
მთავარი მაინც ისაა, რომ გამწვანებულ და ცოცხალი პროდუქტებით #BeFresh სავსე ქალაქს მივიღებთ. რომლის მთავარი სლოგანიც იქნება პოლისის მეურნეობა და დედაქალაქის მხრიდან ეკოლოგიურად სუფთა, ორგანული სოფლის პროდუქტების პოპულარიზაცია, თავის მხრივ სოფლის მეურნეობის ქართულ შინაარსსაც გააფერადებს და მას მიმზიდველ ნიშას მისცემს. #Eco #ბიო საქართველო გახდება ქვეყანა, იმიჯი, სახეხატი აღმოსავლეთ ევროპის სოფლისა, რომლის პოლისის მცხოვრებნიც ურბანულ ფერმერობას მისდევენ. მსგავსი ტიპის აქტი სასარგებლო იქნება არა მხოლოდ ჩვენი სულის საწრთობად, რაც მცენარეებთან ურთიერთობის კარგად ნაცნობი გამოცდილებაა, არამედ ეს სოლიდარობის აქტი საუკეთესო დახმარება იქნება ქალაქელების მხრიდან, რაც ქართველი ფერმერებისთვის შეგვიძლია გავაკეთოთ. ის ტურისტებსაც სოფლად გადაამისამართებს #Ruraltourism. ჩვენზე ამბებს BBC და Al Jazeera მოყვებიან. ორგანულ პროდუქტზე და ეკოლოგიაზე ზრუნვა, ეს არაა მხოლოდ თბილისის ვალდებულება თბილისელების მიმართ, არამედ, ამ განვითარებაზე დიდადაა დამოკიდებული ქართველი ფერმერის ბედიც!
ამიტომაც, მჯერა, „ამ დიად ბუნების კართან, ჩვენ თვით სიკვდილსაც გარდავქმნით ლექსად“.
იმპლემენტაციის ამბავი
ჩვენს ირგვლივ არსებული ნაკადების სწორი ადმინისტრირების პირობებში, სრულიად შესაძლებელია, რომ თბილისში სამოქალაქო სოლიდარობის ნიშნად ურბანული ფერმერობა დავიწყოთ. ამის იმედს #თეთრიხმაური მაძლევს. ნარკოტიკების მოხმარების დეკრიმინალიზაცია რომ მოხდება, მე გამიხარდება უპირველესად იმიტომ, რომ ეს პირველი წმინდად დემოკრატიული კანონი იქნება, რასაც ჩემი ისტორიული მეხსიერება გასწვდება. ინდივიდიდან დაწყებული ინიციატივა, გახდა უბრანული ტომის ინიციატივა, მან საერთო ნიშნის გარშემო შეკრიბა სხვა ურბანული ტომებიც და ამ რიტუალურობის შედეგად, მივიღეთ სამოქალაქო ინიციატივაზე დაფუძნებული წმინდად სეკულარული და დემოკრატიული კანონი. რაც არ უნდა აკრიტიკო კანონის შინაარსი, ან ეჭვი შეიტანო კულისებს მიღმა მიღებულ ელიტურ გარიგებებზე, ეს კანონი თავისი დემოკრატიულობის ილუსტრაციულობით ისტორიული კანონი იქნება. ის, მიღების შემთხვევაში ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების სიძლიერეზე მიანიშნებს. ნიკა რურუა, თავის წიგნში „ის რაც გვაძლიერებს“ წერს, რომ მიშას დროს სახელმწიფო ინსტიტუტები ვითარდებოდა და დღეს სამოქალაქო საზოგადოებაო. ეს ერთადერთი დებულება იყო ნიკას ტექსტში, სადაც ის ჩვენი რეალობის ინტერპრეტაციას სწორად ცდილობდა და რაზეც მეც უყოყმანოდ დავეთანხმე. #Civic #ჩავისუნთქოთსიცოცხლე
სწორედ ამ ეიფორიით გახარებული ვწერ ამ წერილს, რადგან მჯერა, რომ სამოქალაქო საზოგადოება ჩვენთან იმ ეტაპზეა, როდესაც იდეების იმპლემენტაციის შესაძლებლობა მოჩანს. ჩვენს სამოქალაქო საზოგადოებას შესწევს უნარი იყოს სოლიდარული, იყოს განვითარებაზე ორიენტირებული #Contemporary და დაიწყოს გამწვანება. #Green შესაბამისად, ჩვენ შეგვიძლია შევიმეცნოთ უსამართლო კატეგორიზაციით განდევნილი მშვენიერების ამბები და მათი მოსმენის პარალელურად, მათ ვინც ბოტანიკასთან დაახლოებულები არ ხართ, ჩემნაირად გაგაოცებთ, და გიბიძგებთ, რომ გახდეთ ურბანული ფერმერი. #Fresh
რასაკვირველია, გულანთებულობას ხშირად მხედველობიდან გამორჩება საკითხის კომპლექსურობა. ამიტომაც, სიდინჯით უნდა განისაჯოს და აიწონ/დაიწონოს მოკლე და გრძელ ვადიანი გეგმები. გაკეთდეს დეტალური ხარჯთაღრიცხვა. პირველ რიგში კი ის საჯარო განხილვის საგანი უნდა გახდეს, #Public #Brainstorming ასე რომ, ვისაც ისტორიული ნანგრევების ყურებისას წარსულის გაცოცხლების უნარი აქვს ან და; იდეების მოსმენისას შესაძლებელ მომავალს კითხულობს ყველას საკუთარი წვლილი აქვს შესატანი. #agorá
#ბიო #ქართული პროდუქტი #სოფლის მეურნეობა
ამიტომაც, ამ ერთიანი საქმის აღსასრულებლად უმორჩილესად გთხოვთ:
თბილისის მერიას და კერძოდ კახი კალაძეს, თქვენ ცხადად გვანახეთ ქართველ ახალგაზრდებს, რომ აცნობიერებთ იმ დისკურსებს, რომელიც ქალაქში ძლიერდება. იცნობთ ქალაქის პულსსა და რითმს. თქვენ გაქვთ იმიჯი თბილისის ყველაზე თანამედროვე მერისა და მე მჯერა ასეც გააგრძელებთ. აგერ, მომწონს როგორ მოძრაობთ, როგორ დგახართ სტენსილებთან და უპირობო პატივისცემა, რომ მოგვეცით უფლება ვხატოთ ქუჩაში. ამჯერად, გთხოვთ ჩაერთოთ ურბანული ფერმერობის სამოქალაქო ინიციატივაში, ჩვენივე თვითობისა და სოფლის მეურნეობის გადასარჩენად დაიწყეთ ურბანული ფერმერობის კამპანია. ეს სახელმწიფო ინსტიტუტსა და მოქალაქეებს შორის გასაკვირი კორდინაციის მაგალითად შემოინახება ჩვენს ისტორიულ მეხსიერებაში. კახი, გთხოვ, 2018 წელი გამოაცხადეთ ურბანული ფერმერობის წლად. წელიწადის დროთა დედოფალი ფრთებს რომ გაშლის, თედორობას მოვაწყობთ. ამავე წლის ენკენისთვეს ჩვენს ურბანულ სათბურებში ქვეყნის სასოფლო სამეურნეო პროდუქცია გამოვფინოთ, რაც ბერიკაობით უნდა დაგვირგვინდეს. გთხოვთ, გადადგით პირველი ნაბიჯები და დანარჩენი სამოქალაქო საზოგადოების მარიფათსა და ურბანული ტომების სიმარჯვეს მოგვანდე. #თბილისშიყველაფერიცოცხლობს #ეკო
ძვირფასო სასულიერო პირებო: მოგმართავთ დიდი სიყვარულითა და პატივისცემით. თქვენ ყოველთვის იდექით საქართველოს სოფლის მეურნეობის გვერდით. შეინარჩუნეთ უამრავი ვაზისა და ქართული ფუტკრის სახეობები. ქართული სოფლის მეურნეობის განვითარებაში თქვენი წვლილი ფასდაუდებელია. ამიტომაც, მოკრძალებითა და თავდახრით უმორჩილესად გთხოვთ, აკურთხოთ მრევლი და იდეა რათა დაიწყოს ურბანული ფერმერობა. ქართველები დაუბრუნდნენ საკუთარ მიწას, კვლავაც შემოვკრათ ერთად ჩვენს ზარებს და თქვენ ჩემზე უკეთ მოგეხსენებათ, რაოდენ სასარგებლო შეიძლება ეს აღმოჩნდეს ჩვენი ხალხისთვის. ერთი რამ კი ცხადია, გაამწვანებს ქალაქის იერსახეს, ამოგვასუნთქებს ერსა და ბერს დიდი ჯიპების გამონაბოლქვისგან და რაც მთავარია, ქართულ ეკოლოგიურ პროდუქტსა და ქართველი გლეხის შრომას პოპულარიზაციას გაუწევს. #ერთადავაყვავოთქართულიმიწა
აქვე მივმართავ პრეზიდენტს, ბატონ გიორგი მარგველაშვილს: ბატონო პრეზიდენტო, თქვენ უკვე არაერთხელ დაამტკიცეთ, რომ ძლიერი სამოქალაქო ინიციატივების ნამდვილი დამცველი ხართ. მთავარსარდალი, რომელმაც წმინდად მოქალაქიდან გაშლილი ინიციატივების რწმენა შეინარჩუნეთ და ეს დასტურდება თუნდაც თქვენი ჩართულობით, „მოითხოვე ქართული“ კამპანიაში. თქვენ არც ის კაცი ხართ სოფლის მეურნეობასთან ხელი რომ არ მიგიწვდებოდეთ. გესმით მისი ფასიც და პრეზიდენტობის დროსაც კი არ შეგიწყვეტიათ კარტოფილის მოყვანა. სრული გულწრფელობით ვაფასებ თქვენს ამ შეხედულებებს და გთხოვთ, ბატონო პრეზიდენტო ჩაერთეთ თბილისის ურბანულ ფერმერთა ქალაქად ქცევის კამპანიაში; ავლაბრის ხეივნიდან დაგვანახეთ თქვენი ვენახი ან თუნდაც პატარა, სიმბოლური ურბანული ფერმა. #ბიოსოფია #EcoGovernment
ბატონი ბიძინა ივანიშვილი დარწმუნებული ვარ სიამოვნებით ჩაერთვება აღნიშნულ კამპანიაში და თავის წვლილს შეიტანს, რათა რიყის დოქების გვერდით იახსარისა და გალახტული დევის სახეხატი ტექნო-ფუტურისტულ ქანდაკებაში ავსახოთ. ამასთან, მხოლოდ მას შესწევს უნარი, მივიწყებული მითოლოგია მწვანე ეკრანზე გადაღებულ სატელევიზიო სერიალში აფეთქდეს. ბატონი ბიძინა დაგვეხმარება, რომ „ნეტფიქსმა“ იახსარის თავგადასავალი მომნუსხველ კინო-ეკრანიზაციაში ასახოს, რის ფონზეც „ვიკინგები“ თუ „სამეფო კარის თამაშები“ სამხრეთ ამერიკულ საპნის ოპერად მოგვეჩვენება. მე გულწრფელად მჯერა ამის, რადგანაც საუბარი ეხება მეცენატს, რომელიც აფასებს კულტურას, აფასებს მცენარეს, იცნობს ხელოვნების ალგორითმებს, ამასთან, ჯანსაღი ცხოვრების წესს მისდევს, კარგად ესმის ბუნებასთან სიახლოვის ფასი, არც მისი ფესვებია შორს სოფლის სურნელებისგან. ბრწყინვალედ ერკვევა, როგორც ფიზიოლოგიაში, ფილოსოფიაში, ასევე ფსიქოლოგიაშიც და მარკეტინგის კუთხითაც ხომ ყველა ჩვენგანზე კარგად მოეხსენება, რაოდენ მომგებიანი შეიძლება გახდეს ქალაქის ამგვარი იმიჯი, როგორც თბილისისთვის, ასევე მთლიანად საქართველოს ეკონომიკისთვის. ამიტომაც, ჩვენ უბრალოდ გთხოვთ მათ, ვისაც ბატონ ბიძინასთან ხმა მიუწვდება, გადაეცით ჩვენი გულმხურვალე თქხოვნა: ბატონო ბიძინა, გთხოვთ ჩაერთოთ ურბანული ფერმერობის კამპანიაში და დაგვეხმაროთ რიყის პარკსა და კინოეკრანზე აღვადგინოთ დევებისა და ღვთისშვილების ცეცხლოვანი ორთაბრძოლა. #ჩვენმართლაშეგვიძლიაგავაოცოთევროპა
მედიის წარმომადგენლებს - თქვენ ხართ ჩვენი საზოგადოების ნერვული სისტემა. თქვენ აღიზიანებთ და აცხრობთ სამოქალაქო იმპულსებს. თქვენი ძალაუფლება განუზომელია. ჩემი თქმის გარეშეც ხვდებით, რაოდენ დიდი სარგებელი შეიძლება მოიტანოს ჩვენს მედიაში ურბანული ფერმერობის თემის წინ წამოწევამ. ამიტომაც, გთხოვთ, აღბეჭდეთ ჩვენს მეხსიერებაში ურბანული მემცენარეობა, როგორც Cool, დაგვბომბეთ მრავალგანზომილებიანი იმიჯებით, რადგან გაფერადებული ფერმერობით მონუსხულებმა ჩვენი აივნებიდან წიწაკის, კიტრის, სტაფილოს, ქინძისა და ქონდრის ქოთნები გადმოვკიდოთ. #newsworthy
და ბოლოს; თქვენ ჩემო ნეო/ურბანულო ტომებო და პოლისის რაინდებო, თქვენ საქართველოს ყველაზე ფერადი ისტორიები ხართ, რომლებმაც ბანალობა საკუთარი პერფორმატიულობით, არქაული რიტუალებით, საქმითა და ცეკვა-თამაშით არაერთხელ მოაჯადოვეთ. ამიტომაც, ეჭვი არ მეპარება, რომ აღნიშნულ ინიციატივასაც ჩვეული რუდუნებით მოეკიდებით და წარმოსახვითის ტყვეობიდან გამოიხსნით ურბანული ფერმერობის იდეას, რათა მან, გაჭრას მატერია, როგორც თესლში არსებული პოტენციალი აპობს ზამთარს გამოვლილი მიწის ზედაპირს. #citizens
დასასრულის ამბავი:
„თესავს და თესავს, თან ნელი
ხმით მხიარულად ღიღინებს,
სწამს მხოლოდ შრომა მძლეველი,
მოსავლით დააგვირგვინებს.”
გალაკტიონი; „თესავს და თესავს...”; ციკლიდან „ეპოქა“ 1928
#ჭირი – იქა, #ლხინი – აქა, #ქატო – იქა, #ფქვილი – აქა!
[1] სამწუხაროდ, ვიკიპედიას აღნიშნული გვერდის ქართული ვერსია არ იძებნება.
[2] ეს ცალკე წერილის საგანია, თუმცა დავძენთ, რომ განსავითარებელია ბაზიერების სკოლაც, რადგან გვინდა ჭეშმარიტი პროფესია დაუბრუნდეს ქალაქს, რათა ნადირობის აქტი ვანდალიზმიდან პოეტურობაში გადმოიტანოს და ქალაქის მითოსურობა აღადგინოს, თუნდაც როგორც ტურისტული ატრაქციონი. ბაზიერობა თბილისური ნადირობის პოეტიკაა, ბაზიერი კი #The Contemporary Knight in the Panther's Skin.
[3] ხოლო იმ შემთხვევაში, თუ ვინმე ურჯულო ჩვენს ჯვარს დაატყვევებდა და ჩვენი აოხრებული ქვეყნიდან გაიტაცებდა, მაშინ ღვთიური სასწაულით მოვლენილი ვირუსი მტრის მიწას შვიდი წლით უნაყოფოს ხდიდა (ზ. კიკნაძე).
[4] კიკნაძე შენიშნავს, რომ ფშავისხევის ზოგიერთ თემში წმინდა გიორგის დღესაც იაღსარად ან კოპალად მოიხსენიებენ.
[5] ნაფოტს ქართულ მითოლოგიაში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ის ზღაპრებსა და მითებში გვხვდება როგორც თესლის, აღდგენის, ახლის დაბადების სიმბოლო-იმიტაცია, რომელსაც ხატი იმისთვის იყენებდა, რომ საყრმოსთვის წმინდა ადგილის, ე.წ. „კვრივის“ დაფუძნების შესახებ ეცნობებინა (მაგ. ბერმუხის ანათლებიდან ლაშარის ჯვარი აღმოცენდება და ა.შ.).
[6] ბოდრიარის მიხედვით გამჭვირვალეობა ეშმაკური რამაა. მკვეთრი ფერებისგან განსხვავებით, მას აქვს უნარი დარჩეს შეუმჩნეველი, მაშინ როდესაც იგივენაირად შეასრულებს ამკრძალავი (!) ზღვრულის ფუნქციას, როგორც კედელი, ან რაიმე ზღვარი (მაგ. შუშის ვიტრინა).