- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ამასთან, შემდგომ განვითარებული მსჯელობისათვის, საგულისხმოა ისიც შევნიშნოთ, რომ ნაშრომის - “პოლიტიკურის ცნება“ — პირველივე თავში შმიტი უარყოფს რელიგიურის, კულტურულის, ეკონომიკურის, იურიდიულის თუ მეცნიერულის, როგორც პოლიტიკური „ანტითეზების“ არსებობას; როგორც საზოგადოებრივი აქტივობის სხვადასხვა სფეროებს, რომლებიც შესაძლოა პოლიტიკურის სტატუსს იძენდნენ, თუნდაც მასთან დაპირისპირებით. (მსგავსი კომბინირებები, შმიტის აზრით, მოცილებულ უნდა იქნას, რაც მისივე აზრით მე-19 საუკუნის ზოგიერთმა ღრმა მოაზროვნემ გააცნობიერა კიდეც.)
შესაბამისად, დემოკრატიული და ლიბერალური მოძრაობებიც, რომლებიც სხვადასხვა სფეროში (მაგ.: ეკონომიკურ, კულტურულ და სხვ.) საზოგადოების განსხვავებულ ინტერესებს წარმოადგენენ, პოლიტიკურის სტატუსს იმდენად იძენენ, რამდენადაც ისინი უზრუნველყოფენ ხალხის დაყოფას მტრისა და მეგობრის კატეგორიებად. ყველა სხვა შემთხვევაში, შმიტისათვის, ისინი არ შედიან პოლიტიკურის საზღვრებში.
შმიტიანური პრობლემატიკა აქტუალურია დღევანდელ დღესაც, მაშინ როდესაც უკრაინასა და რუსეთს შორის მწვავე ომი მიმდინარეობს. უკრაინას ომი არ დაუწყია, და შესაბამისად, არც პაციფისტური მიზეზებით, თუმცა ომი, რომელიც დღეს მიმდინარეობს, წარმოადგენს ომს, რომელიც „მტრის უარმყოფელმა“ ლიბერალურმა ეკონომიკურმა საზოგადოებამ უნდა იხილოს. იცის კი ამ ხალხმა რა უნდა მოუხერხოს ნანახს? რა კვალიფიკაცია მიანიჭოს მას?
მიუხედავად იმისა, რომ „მკვდრები ცოცხლობენ“[1] და ხალხთა დაყოფაც მტრისა და მეგობრის კატეგორიებად არ წყდება, ლიბერალურმა დისკურსმა დიდი სამუშაო შეასრულა (თუ მოტყუებით შეასრულებინა) იმისათვის, რომ მტერი მოწინააღმდეგით ჩაენაცვლებინა. და არა მარტო; — თავისუფლება, — ეკონომიკური თავისუფლებით, ინდივიდუალური ნება თუ ხმა, — ინდივიდუალური პასუხისმგებლობით, ყოველგვარი დამნაშავის დასჯა/გამოსწორება, — მისი სოციალური არსებობის შეწყვეტით, მისი „აღმოფხვრით“ (რასაც ეძახიან cancel culture-ს და რაც კაცობრიობის ‘მშვიდობიან’ ნაწილსაც შიშის ზარს სცემს, პარანოიით აავადებს). თუმცა, შეძლო კი ამოეძირკვა პოლიტიკურის ეს არსებითი კატეგორიები? ვინ არიან ის პაციფისტები, ვინც, პოლიტიკურის საზღვრები უნდა გადალახონ და დასაბამი მისცენ ახალ კაცობრიობას? ცხვრის ფარა, რომელიც ვერ გამორკვეულა სად მყოფობს ნამდვილი რეალობა? ვერ დაუნახავს, რომ განტევების ვაცთა რიცხვი უხმო თავისუფალ უმრავლესობას წარმოადგენს! უკრაინელი მოქალაქე, თავისუფალი უკრაინელების წინაშე პერფორმირებს ტანკის წინ, მის წინ განერთმხმევა, თითქოს ტანკი არ გადაუვლის, იმ თავისუფალი საზოგადოების სწამს, რომელიც თვითმხილველად მყოფობს მის უკან და ურიცხვია; უკრაინის პრეზიდენტი დაუღალავად აცხადებს, რომ უკრაინა თავისუფალი ქვეყანაა; და ის, რაც ხდება, ყველასთვის, გარდა უკრაინელებისა, ცხადში ხილულ სიზმარს გავს;
თუმცა, თავისუფალი ეკონომიკის დისკურსს წარმოადგენს რუსეთის მხარეც. მაშინ, იგი როგორღა გვევლინება პოლიტიკურ ძალად? შესაძლოა სწორედ პაციფისტთა როლის თამაშით; რადგან ლიბერალურ მსოფლიოშიც მოქმედებს პოლიტიკა და შესაბამისად არსებობს მტრისა და მეგობრის კატეგორიებიც, თუმცა არა იმ სახელებით, რომელიც შმიტის მიხედვით, ოდითგანვე არსებობს. ეკონომიკური დისკურსის მიერ განხორციელებული ჩანაცვლება ვერ ცვლის იმას, რომ ომები ხდება. ამდენად, მათში სხვადასხვაგვარად ჩართული ადამიანები რჩებიან მოტყუებულნი მხოლოდ; თუმცა, დღეს ასეთ რამესაც ვკითხულობთ: “Russia’s “peacekeeping missions” WARS for the last 30 years and their consequences”[2]. სადაც ხაზი ესმევა რუსეთის მიერ საკუთარი თავდასხმების „მშვიდობიან მისიებად“ სახელდებას, ხოლო სტატიის ავტორი, და არამარტო, აცნობიერებს, რომ არანაირი მშვიდობიანი მისია არ არსებობს, პუტინი აჩაღებს ომებს. მაშასადამე, დღევანდელი ომი პაციფისტთა ომია, სხვადასხვა აზრით. რადგან ეკონომიკურად თავისუფალი საზოგადოება არ ცნობს მტერს, არ ცნობს პოლიტიკას.
მაშინ, რა შეგვიძლია ვთქვათ დასკვნის სანაცვლოდ? — განდევნილი მუდამ ბრუნდება?!
Derrida, Jacques. 1994. Politiques de l’amitié suivi de l’oreille de Heidegger. Paris : galilée
Schmitt, Carl. 2007. The Concept of the Political. Transl. George Schwab. Chicago and London: The university of Chicago press.
Kulakovska, C. 2022. Russia’s “̶P̶e̶a̶c̶e̶k̶e̶e̶p̶i̶n̶g̶ ̶m̶i̶s̶s̶i̶o̶n̶s̶”̶ WARS for the last 30 years and their consequences. Ukrainer. https://ukrainer.net/russian-wars/
[1] « Dès lors les absents même sont présents [...] et,
ce qui est plus difficile à dire, les morts vivent... »
« Quocirca et absentes adsunt [...] et,
quod difficilius dictu est, mortui vivunt... »
Cicéron, Laelius de Amicitia
Derrida, Jacques. 1994. Politiques de l’amitié suivi de l’oreille de Heidegger. Paris : galilée
[2] Kulakovska, C. (2022). Russia’s “̶P̶e̶a̶c̶e̶k̶e̶e̶p̶i̶n̶g̶ ̶m̶i̶s̶s̶i̶o̶n̶s̶”̶ WARS for the last 30 years and their consequences. Ukrainer.