• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

დერიდას différance როგორც გასხვავება (და სხვა)

×
ავტორის გვერდი გიგლა გონაშვილი 08 თებერვალი, 2021 2704

როგორ ვთარგმნოთ დერიდას „დიფერანსი“?

უპირველესად, რა თქმა უნდა, თვალში ის მოგვხვდება, რომ différance არასწორი მართლწერაა სიტყვისა différence, რომელიც სხვას არაფერს ნიშნავს, თუ არა განსხვავებას.

დერიდას ეს გამონაგონი წმინდად გრაფიკული მოვლენაა, რაკი ის ფრანგულში გამოითქმის ისე, როგორც différence. ესე იგი, ჩვენ უნდა წავიკითხოთ (ან დავინახოთ) ის, რასაც ყურით[1] ვერ მოვისმენთ და გონებით ვერ გავიგონებთ. ამგვარად, ფონოცენტრიზმი გაღმა რჩება.

იგივენაირი ოპერაციის ჩატარება შეუძლებელია ქართულ ენაში, რაკი ქართულში როგორც იწერება, ისევე ითქმება. და მაინც: თუ დავწერთ, შემთხვევით, გასხვავებას, იქნებ ვერც შევამჩნიოთ, რომ დაიკარგა ერთი ასო; ან თუ შევამჩნევთ – მივიჩნიოთ, რომ იგი უბრალოდ გაგვეპარა.

ქართულში „გა“ და „გან“ თავსართები ერთი და იგივეა. თუმცა „გან“ უფრო მეტად აჩენს გან-დგომილობას, გან-მარტოებას, გან-შორებას და, ზოგადად, გან-ზე ყოფნას. გან-სხვავება გამყოფი ხაზის გავლებაა, ერთის მეორისგან გა(მო)ყოფა, მაშინ, როცა გასხვავება თავად ერთისა და იმავეს გასხვავება, თითქოსდა უკვე გასხვისება იქნებოდა?

დავუბრუნდეთ დერიდას. თუ difference, როგორც არსებითი სახელი, მხოლოდ განსხვავებას ნიშნავს, ზმნა différer-ს (საიდანაც ნაწარმოებია არსებითი სახელი) აქვს მეორე მნიშვნელობაც – გადადება[2]. ქართული გასხვავება იგივეს, რა თქმა უნდა, ვერ გადმოსცემს. და მაინც, თუ განსხვავება ორ ემპირიულ საგანს ერთმანეთისგან ყოფს, ანუ ყოფნაში (Sein) ყოფადებს (Seiende) განარჩევს, გასხვავება თავად შორისს ასხვავებს, თითქოს ასხვისებს კიდევაც. ანუ: არა სხვაგვარად ყოფნა, არამედ სხვაგვარად, ვიდრე ყოფნა[3].

Différer-ს აწმყო მიმღეობაა différant. ესე იგი, გვაქვს მოქმედება, ქმედებაში მონაწილეობა. მაგრამ თუ ამ აქტივობის (რომელიც ფრანგულში როგორც განსხვავებას, ისე გადადებას ნიშნავს) გაარსებითებას მოვინდომებთ და ance დაბოლოებას შემოვიმოქმედებთ, მაშინ ამგვარი გადასვლა გადაუწყვეტელი, გადა-დებული დარჩება.

„გან“ თავსართმა შეიძლება ზოგჯერ ნეგატიური, ასე ვთქვათ, განმტვირთავი ფუნქცია იკისროს, მაგალითად, როგორც (მეტწილად ტექნიკურ და კალკირებულ) სიტყვებში: განჯადოება, განფარვა, განიარაღება. ხშირად „გან“ უბრალოდ გაუვნებელ(მ)ყოფის როლს ასრულებს. განსხვავება უფრო რიგიდულია, გასხვავება – ფლუიდური და ზმნური.
 

და სხვა:

დერიდა და ჯოისი. ფინეგანის ვეიქი[4]. დერიდას დიფერანსი და ჯოისის რომანი.

სათქმელი რომ შევამოკლოთ: დერიდას მიხედვით, დასწრებულობის მეტაფიზიკა დამოკიდებულია ლოგოსთან სიახლოვეზე – ხმაზე, რომელიც სწრებულობს და იმთავითვე ყოველთვის მასწრებს, რაკი იჩემებს, რომ ხელთ უპყრია ტექსტი, რომელიც წინ უსწრებს ჩემი სხეულის ტექსტსა და ჩემი ჟესტის თეატრს (არტო). ამგვარია ლოგოსთან სიახლოვის ბედის-წერა.

შესამჩნევია, რომ დერიდა სიახლოვეს (proximité) დასწრებულობის[5] სინონიმად იყენებს. ალბათ ქართულშიც „ახლა“ და „ახლო“ შემთხვევით არ არიან ერთმანეთთან ახლოს.

რა ხდება ჯოისის რომანში? პირველსავე გვერდზე ვხედავთ, რომ ღმერთს (თვით დიდ ლოგოსს) ენა ებმება. ისმის მეხის ხმა: bababadalgharaghtakamminarronnkonnbronntonnerronntuonnthunntrovarrhounawnskawntoohoohoordenenthurnuk![6], ეს დაცემის ამბავია. ჯოისისეული თეოლოგია პირველყოფილ ცოდვას ღმერთს გადააბარებს: მას დანაშაულის გამო ენა ებმის.

ჯოისის ტექსტი რთული წასაკითხია – რთული გასახმოვანებელი, რაკი გახმოვანება დამოკიდებულია მნიშვნელობაზე, რომელიც თავის მხრივ ყოველთვის დეფერირებული ანუ გასხვავებულია[7]. თავში ხმები ირევა, ერთი მეორეს ეწევა, ასწრებს, უკან იტოვებს... ხმა ტალღად იქცევა ან უფრო კვალად, რომელსაც გემი წყალში ტოვებს. ამრიგად, ვრჩებით ტექსტის, კვალის ფენომენალობის, წინაშე, რომელიც უწყვეტად მდინარებს, მაგრამ მაინც არ ემორჩილება ლინეარობას. მოკლედ, მკითხველის თავში, ხმა წყვეტს გახმოვანებას – ჩუჩუნს.

თუ ჩუჩუნი ლოგოცენტრიზმია, მაშინ აჩუჩუნება – ფალოგოცენტრიზმი?

...

„მე, ანტონენ არტო, ვარ ძე ჩემი, დედაჩემი, მამაჩემი და მე“.

დერიდა. La parole soufflée – ჩაბერილი, ჩაჩურჩულებული, „სუფლირებული“[8] სიტყვა. სისასტიკის თეატრისა და თეოლოგიური სცენის შეპირისპირება[9].

ის, რომ შემოქმედება, შემოქმედებული, უნდა გამოიყოს სიცოცხლიდან, არტოსთვის გაუგონარი რამაა. მე ყოველთვის უქმნელში ვშრომობდი, წერს იგი სიცოცხლის ბოლოს (Je toujours travaillais dans l’incréé).

დერიდა: „ნაწარმოებზე [შენაქმნზე] უარის თქმა და ის, რომ არ დაუშვა, შენი სიტყვა, შენი სხეული, შენი დაბადება მალულმა [ქურდბაცაცა] ღმერთმა ჩაგბეროს [souffler], ნიშნავს, რომ თავი შორს დაიჭირო შიშის თეატრისგან, რომელიც ამრავლებს განსხვავებებს მე-ს და მე-ს შორის. თავის აბსოლუტურ და შემზარავ ახლოობაში აღდგენილი, სისასტიკის სცენა დამიბრუნებს ჩემი დაბადების, სიტყვის, სხეულის აუტარქიულ უშუალობას. „მე, ანტონენ არტო, ვარ ძე ჩემი, მამაჩემი, დედაჩემი და მე““.

„ღმერთი ჩემი ორეულია, რომელიც საკუთარ თავს შემოაპარებს [წარადგენს] იმ განსხვავებაში, რომელიც მე საკუთარ დასაბამს მაშორებს, ანუ - იმ არარაში, რომელიც ხსნის ჩემს ისტორიას. ის, რასაც ღმერთის დასწრებულობას ვუწოდებთ, სხვა არაფერია, თუ არა ამ არარას დავიწყება, განძარცვის განძარცვა, რომელიც არის არა შემთხვევითობა, არამედ თავად მოძრაობა ამ განძარცვისა“.

„ღმერთის ისტორია არის ისტორია შენაქმნისა, როგორც ექსკრემენტისა. თავად სკათო-ლოგია. შენაქმნი, როგორც ექსკრემენტი, გულისხმობს განცალკევებას (გამოყოფას) და საკუთარ თავს მასში აწარმოებს. მაშასადამე, ის გამოედინება სულიდან, რომელიც განცალკევებულია იმისგან, რაც წმინდად სხეულია. […] არტო: „მოსაქმება მხოლოდ სულის საქმეა; იმას, რაც წმინდად სხეულია, არ შეუძლია მოსაქმება““.

მძღნერთი.

 

 

 

 



[1] საინტერესოა, რომ ქართულში ყურება დაკავშირებულია ყურთან, ანუ სმენასთან, რაც ნამდვილად არადერიდიანული ჟესტია ჩვენი ენის მხრიდან.

[2] მაგალითად, შეხვედრის გადადება. ან სხვა კონტექსტში: აზრის ან საზრისის არა დადება (thesis), არამედ გადა-დება.

[3] ამგვარად ვუახლოვდებით „ალტერისტულ“ ლევინასს, რომლთან სიახლოვეს თავად დერიდაც ყოველთვის გრძნობდა.

[4] ჯოისის ბოლო რომანის სათაურის (Finnegans Wake) თარგმნა ალბათ კიდევ უფრო უიმედო საქმეა, ვიდრე დერიდას „დიფერანსის“. თავი რომ დავანებოთ ფინეგანს, რომელიც სახელიცაა და, ამავდროულად, დასასრულსა და კვლავ დასაწყისზე (?) მიანიშნებს (fin-again), თავად wake-ს სამი მნიშვნელობა აქვს: 1) გაღვიძება; 2) ვიჯილი (?) ანუ მკვდრის ირგვლივ ცერემონიული ღვიძილი; 3) კილვატერი ანუ გემის (ან თუნდაც თვითმფრინავის) მიერ დატოვებული კვალი. ეს მესამე, ბოლო მნიშვნელობა, განსაკუთრებით ყურადსაღებია.

[5] ცხადია, დასწრებულობა უიღბლო თარგმანია და სათანადოდ ვერ ანაცვლებს presence-ს. ალბათ უფრო ზუსტი იქნებოდა არქაულად მჟღერი „მუნმყოფობა“...

[6] ჯოისმა ამ სიტყვის შესადგენად მრავალი ენიდან (ფინური, იაპონური, ძვ. ბერძნული, ფრანგული...) აიღო სიტყვები, რომლებიც მეხს ნიშნავს.

[7] თუნდაც ბეკეტთან: ველოდებით გოდოს; გოდო არ მოდის; მაგრამ მოდის პოცო, რომელსაც გულის ფანცქალით ვეკითხებით, იგი ხომ არ არის გოდო...

[8] ამგვარად, ღმერთი სუფლიორია, რომელიც მე, მსახიობს, სიტყვას ჩამჩურჩულებს, ჩამბერავს...

[9] „სცენა თეოლოგიურია იმდენად, რამდენადაც მას განაგებს სიტყვა, სიტყვის ნება, პირველადი ლოგოსი, რომელიც არ ეკუთვნისს თეატრალურ ტოპოსს, არამედ შორიდან მართავს მას. თეოლოგიური სცენა შემდეგი ელემენტებით ხასიათდება: ავტორი-შემოქმედი, რომელიც არ სწრებულობს და შორსაა, ტექსტით შეიარაღებული, ზედამხედველობს რეპრეზენტაციის (წარმოდგენის) დროსა თუ საზრისს; ამრიგად, რეპრეზენტაცია წარმოაჩენს შემოქმედის აზრებს, ზრახვებსა და იდეებს. რეპრეზენტაცია რეპრეზენტანტების მიერ: რეჟისორების თუ მსახიობების მიერ, რომლებიც დაქვემდებარებული ინტერპრეტატორები არიან. ამგვარად იქმნება იმიტაციური და რეპროდუქციული კავშირი“.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული