• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

ხელmotწერა

×
ჟაკ დერიდა
ავტორის გვერდი იოანე ჯიბლაძე 27 აპრილი, 2022 1470

„მომეცი, გთხოვ მომეცი... რა? კიდევ ერთი ნიღაბი, მეორე ნიღაბი.“
ნიცშე, კეთილსა და ბოროტს მიღმა“

 

„‘...გადაწყვეტილების წამი სიგიჟეა...’ (კ ი რ კ ე გ ო რ ი)“
დერიდა, „წერა და განსხვავება“

 

„სიგიჟე და სისულელე, კითხვის რისკი“

ჯეფრი ბენინგტონი, „სიგიჟის წამი: დერიდას კირკეგორი“

 

უჩვეულო „სტრუქტურა“ თუ „მორფოლოგია“, რომლითაც დერიდას „წერა და განსხვავება“ (“L'Écriture et la différence”) წარმოგვიდგება, „უცნაური“, ობსესიური აკვიატების ელფერით გაბუნდოვანებული კითხვების დასმისაკენ გვიბიძგებს (ყოველ შემთხვევაში, გვაცდუნებს მაინც საამისოდ). ის, რომ წიგნი „დამოუკიდებელი“ სტატიებისა თუ ლექციათა ჩანაწერების გაერთიანებითაა შექმნილი, არათუ არ ამარტივებს და ვერ ახერხებს ამ უჩვეულობისა თუ უცნაურობის გაფანტვას, მეტიც, შეიძლება კიდევ უფრო მაცდუნებელი იყოს ამ კითხვებისადმი. როგორც, ალბათ, უკვე ცხადი გახდა, აქ სრულებითაც არ შევეხები წიგნის შინაარსს და მხოლოდ წმინდად მისი ფორმა გვექნება მხედველობაში (ოღონდ, თან ვიცით, ან გვგონია კი, რომ შინაარსი/ფორმის ეს ტრადიციული დაყოფა, გარკვეული აზრით, სრულიად უაზროა). წიგნის თითქმის ყოველი „თავი“ ეპიგრაფით იწყება (ზოგჯერ ორითაც კი) და თითქმის ყოველი მათგანი ციტატით მთავრდება (ზოგჯერ კი ორივე მათგანი ერთდროულად არის სახეზე ტექსტში).  ამავდროულად, თუკი წიგნს ერთიანობაში შევხედავთ, მისი  პირველი თავი[1] „ძალა და აღნიშვნა“ (“Force et signification”) ფლობერის ეპიგრაფით იწყება, ხოლო უკანასკნელი თავი „ელიფსისი“ (“Ellipse”) ედმონ ჟაბეს ციტატით მთავრდება. უფრო მეტიც, მთელ წიგნს ეპიგრაფად მალარმეს სიტყვები აქვს წამძღვარებული, რომლის ქვეშაც, მალარმეს სახელის გამოტოვებით, მითითებულია: „‘კამათლის გაგორების’ შესავალი“ (“Préface à Un coup de dés”)[2]. ხომ არ ვაწყდებით აქ უცნაურ შემთხვევას? იქნებ აქ დერიდა მალარმეს მეშვეობით ლაპარაკობს; იქნებ ის მალარმეს, — უფრო ზუსტად კი, ციტატას მისი პოემიდან და განსაკუთრებით მისი პოემის სათაურს — ალაპარაკებს თავის ადგილას (“In place of…” როგორც ეს ინგლისურშია); იქნებ ის ამბობს, რომ ეს წიგნი კამათლის გაგორებაა, ექსპერიმენტი, „ცდომილ ნაპერწკალზე“ მიყოლა? განა ყოველი ეპიგრაფი არ არის საუბარი სხვისი მეშვეობით; მცდელობა, ალაპარაკო სხვა შენს ადგილას და შენს მაგივრად და სწორედ ამის შედეგად ილაპარაკო? (მაგრამ ჯობს შევეშვათ ამგვარ გიჟურ აზრს; ვინ იყენებს სხვისი პოემიდან ნაციტირები სიტყვების ქვეშ მითითებული სხვისი პოემის სათაურს ამგვარად!).

წიგნი სხვისი სიტყვებით იწყება და სხვისი სიტყვებით მთავრდება. ყველასთვის ცნობილია კირკეგორისადმი დერიდას დამოკიდებულება.[3] სწორედ კირკეგორის ფსევდონიმებისადმი აკვიატებული, ლამის „სიმპტომატური“ მიდრეკილების შესახებ დერიდა წერს:

[კირკეგორის მიერ გამოყენებული ფსევდონიმები] გვახსენებს, რომ საიდუმლოებებთან დაკავშირებული შეკითხვები მაშინვე წამოსწევს კითხვებს პასუხისმგებელი პირის სახელთან და ხელმოწერასთან დაკავშირებით. [...] ზოგჯერ ფსევდონიმის არსებობა არის უფრო ეფექტური, უფრო ავთენტური, უფრო შეეფერება გარკვეულ მოვლენას სახელად, ვიდრე მისი ოფიციალური, ლეგალური, წარმომავლობის სახელი.[4]

მაშასადამე, ფსევდონიმის საკითხი (ილაპარაკო სხვისი სახელით, იყო გასაიდუმლოებული, incognito, დატოვო „დანაშაულის ადგილას“ სხვისი ანაბეჭდი (რომელიც, მაინც, შენივე ნაკვალევია), შეინიღბო (ნიცშეანური აჩრდილები[5]), აირიდო პასუხისმგებლობა, დააკისრო შენი პასუხისმგებლობა სხვის სახელს (არის ეს აბსოლუტური უპასუხისმგებლობა თუ, იქნებ, — პირიქით?!), ხელი მოაწერო, სხვისი სახელით, სხვის ადგილას (რომელიც შენი ადგილია, შენი ადგილი უნდა ყოფილიყო), დასვა წერტილი სხვის ნაცვლად, რომელიც შენივე ნაცვალია; იყო სხვა, შენსავე ადგილას, — რომელიც სხვისი ადგილია, სხვისი სახელით აღბეჭდილი და
სხვისგან ხელმოწერილი, — შენივე თავის ნაცვლად.) პასუხისმგებლობისა და ხელმოწერის საკითხთან (ქვემოთ ერთი-ორი სიტყვა კიდევ გვექნება სათქმელი ამასთან დაკავშირებით) არის ჩაწნული. მაგრამ განა ასეთივე ფუნქცია არ აქვს (ხანდახან მაინც) ეპიგრაფსა და ციტატას (განსაკუთრებით ტექსტის დამასრულებელ ციტატას)? განა ეპიგრაფი ხანდახან არ არის მცდელობა სხვისმა სიტყვებმა ჩვენს ნაცვლად იმეტყველონ, ბრჭყალებს ქვეშ მოქცეულებმა და იტვირთონ ჩვენი სათქმელის პასუხისმგებლობა? ან, ხომ არ იქცევა ხოლმე ციტატა, რომელიც ტექსტის ბოლო სიტყვებს წარმოადგენს (და ერთდროულად ტექსტის განუყოფელი ნაწილიც არის და, მაინც, ბრჭყალების მეშვეობით, ერთგვარად, მისთვის გარეგანიც (როგორც სხვისი სიტყვა)?), ერთგვარ ხელმოწერად, სხვის ხელმოწერად? არის ეს, ის, რასაც დერიდა აკეთებს?

ერთ-ერთ გვიან ინტერვიუში ინტერვიუერი დერიდას მისი ავტობიოგრაფიული ტექსტის, “Circonfession”-ის (1991) შესახებ უსვამს კითხვას: „‘Circonfession’-ში შენ ამბობ, რომ შენ მართებულად ხარ ჩათვლილი ათეისტად, იმის მაგივრად, უბრალოდ, რომ შენ ხარ ათეისტი. რატომ უბრალოდ არ ამბობ: ‘მე ვარ ათეისტი’, ‘მე მართებულად ვარ ჩათვლილი...’-ს მაგივრად? ...“ ამ კითხვაზე დერიდას პასუხის დასაწყისი (და აქ ჩვენ მხოლოდ ეს დასაწყისი გვაინტერესებს) ამგვარია: „მე არა ვარ ის, ვინც ამბობს ‘მე’...“[6] რას ნიშნავს იყო ის, ვინც არ ამბობს — ‘მე’ ან არ იყო ის, ვინც ამბობს — ‘მე’?[7] არ არის ესეც ერთგვარი გან-პასუხისმგებლობა? როგორ არის შესაძლებელი პასუხისმგებლობა, პასუხის გაცემა, პასუხისგება იქ, სადაც არ არის ‘მე’? სადაც არავინ ამბობს — ‘ეს მე ჩავიდინე’, ‘მე გავაკეთე’, ‘მე ვარ პასუხისმგებელი’?  არ არის ეს ხელმოწერა ხელმოწერის გარეშე? ხელმოწერა სახელის გარეშე? არ არის ეს კიდევ ერთი ნიღაბი? ისეთვე ნიღაბი, როგორიც ‘მე’-ა, რომელიც ფარავს იმას, რომ ‘მე’ არ არის? „მომეცი, გთხოვ მომეცი... — რა? — კიდევ ერთი ნიღაბი, მეორე ნიღაბი.“

წიგნი სხვისი სიტყვებით იწყება და სხვისი სიტყვებით მთავრდება. მაგრამ წიგნი არ მთავრდება უბრალოდ სხვისი სიტყვებით. „წერა და განსხვავების“ უკანასკნელი სიტყვები ედმონ ჟაბეს ციტირებს (და ეს არ არის უბრალო ციტირება):

«„‘ხვალ არის ჩრდილი და არეკვლადობა ჩვენი ხელებისა’

რაბინი დერისა“»[8] [9]

რაბინი დერისა (Reb Derissa); არ არის ეს უცნაური, შენიღბული, დამახინჯებული და გადასხვაფერებული ჟაკ დერიდა (Jacques Derrida)? ან, სულაც, რაბინი დერიდა (Reb Derrida)?[10]

„რაბინი დერისა“ — ეს არის „წერა და განსხვავების“ უკანასკნელი სიტყვები; ტექსტში მყოფი და ამავდროულად გამოყოფილი ტექსტისაგან, გამოცალკევებული, ცოტათი განზე მდგომი, სწორედ ისე, როგორც ხელმოწერა. „რაბინი დერისა“, ასე აწერს ხელს დერიდა თავის წიგნს. და ეს არ არის უბრალო ხელმოწერა. რაბინი დერისა ედმონ ჟაბეს პოემის პერსონაჟია, ლიტერატურული პერსონაჟი, მხატვრული პერსონაჟი. გავლით უნდა შევნიშნოთ: ეს ხელმოწერა არ არის ტიპური ფსევდონიმი (ისეთი, როგორთანაც კირკეგორის შემთხვევაში გვაქვს საქმე, მაგალითად); ყველამ ვიცით, რომ წიგნის ავტორი დერიდაა, წიგნის გარეკანზეც დატანილია ავტორის სახელი — ‘ჟაკ დერიდა’ და მაინც, წიგნის უკანასკნელ სიტყვას სხვა ამბობს, მას სხვა აწერს ხელს.

მაგრამ რაბინი დერისა ჟაბეს პერსონაჟია; იქნებ უკანასკნელ სიტყვას ჟაბე ამბობს? უეჭველია! მაგრამ დერიდა, ეს უცნაური, შენიღბული, დამახინჯებული და გადასხვაფერებული რაბინი დერისა, არის ის, რომელიც ჟაბეს ციტირებს, რომელიც ბრჭყალებში აქცევს მის სიტყვებს („პერსონაჟი“ „ავტორს“ ციტირებს?! მის ციტატაზე აწერს ხელს?! „ავტორი“ თავად იქცევა თავისი „პერსონაჟის“ პერსონაჟად?!). უკანასკნელი სიტყვები ედმონ ჟაბეს ეკუთვნის, მაგრამ ის მხოლოდ ციტატაა რაბინი დერისასი, რომლის სახელიც უკანასკნელია წიგნის სიტყვებს შორის. აქ რამდენიმეჯერადი გავლითობა გვაქვს: დერიდა წერს უკანასკნელ სიტყვებს, ჟაბეს გავლით, რომელიც ციტატაა ჟაბეს ტექსტიდან. ჟაბე არის წიგნის უკანასკნელ სიტყვათა დამწერი, მაგრამ წერს კი მას რაბინი დერისას გავლით. რაბინი დერისა ამბობს უკანასკნელ სიტყვებს და მას ხელს აწერს.

წიგნი სხვისი სიტყვებით მთავრდება. ის ამბობს:

„ხვალ არის ჩრდილი და არეკვლადობა ჩვენი ხელებისა“

და ხელს აწერს:

„რაბინი დერისა“

 

„...და ეუბნება მათ: „რას ეძებთ?“ მათ უთხრეს: „რაბი (რაც თარგმანით ნიშნავს: მოძღვარო), სად დგახარ?“ ეუბნება მათ: „წამოდით და ნახავთ“...“

 იოანე 1:38-39

 

 

 

ბიბლიოგრაფია:

 

 

Derrida, Jacque. 1967. L'Écriture et la Différence. Paris: Le Seuil.

Derrida, Jacques. 2001. Writing and Difference. Transl. Alan Bass. London and New York: Routladge.

Derrida, Jacques. 1981. Positions. Transl. Alan Bass. Chicago: The University of Chicago.

Derrida, Jacques and Ferraris, Maurizio. 2001. A Taste for The Secret. Transl. Giacomo Donis. Cambridge: Polity Press.

Deleuze, Gilles. 2001. Nietzsche. In: Pure Immanence (53-101). Transl. Anne Boyman. New York: Zone Books.

დერიდა, ჟაკ. 2013. MYSTERIUM TREMENDUM. შემზარავი საიდუმლო, რომელიც ძრწოლას გვგვრის. წიგნში: ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან. (185-215) მთარგმნ. თამარ ქებურია. რედ. ლუკა ნახუცრიშვილი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი.

 

[1] თუკი დავუშვებთ, რომ ამგვარად აგებულ ტექსტს საერთოდ შეიძლება ჰქონდეს პირველი და უკანასკნელი თავი (ჩვენ ხომ ისიც ვიცით, რომ დერიდას მიხედვით, მისი ამავე წელს გამოსული კიდევ ერთი წიგნის „გრამატოლოგიისა“ (“De la Grammatologie”) (1967)  პირველი ნაწილი „წერა და განსხვავების“ (1967) შესავლად შეგვიძლია განვიხილოთ(და პირიქითაც)). (შდრ. ალან ბასის წინასიტყვაობა „Writing and Difference”-სათვის. (Jacques Derrida. 2001. Writing and Difference. Transl. Alan Bass. London and New York: Routladge.) და ასევე Jacques Derrida. 1981. Positions. Transl. Alan Bass. Chicago: The University of Chicago.
Pg.4-5.)

[2] Jacque Derrida. 1967. L'Écriture et la Différence. Paris: Le Seuil. (“Routledge”-ის გამომცემლობის ინგლისურ ვერსიაში, ციტატის ქვეშ მალარმეს სახელი დაბრუნებულია. (შდრ. Derrida. 2001. Writing and Difference.))

[3] „სწორედ კირკეგორია ის, ვისადმიც ყველაზე ერთგული ვიყავი“. (Jacques Derrida and Maurizio Ferraris. 2001. A Taste for The Secret. Transl. Giacomo Donis. Cambridge: Polity Press.)

[4] ჟაკ დერიდა. 2013. MYSTERIUM TREMENDUM. შემზარავი საიდუმლო, რომელიც ძრწოლას გვგვრის. წიგნში: ბიბლია პოსტმოდერნული პერსპექტივიდან. (185-215) მთარგმნ. თამარ ქებურია. რედ. ლუკა ნახუცრიშვილი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. გვ.190

[5] „ნიცშესთან ყოველივე ნიღაბია. […] ნიცშეს ფილოსოფიის უძლიერეს მომენტთა შორის არის ის გვერდები, სადაც იგი შენიღბვის საჭიროების შესახებ საუბრობს, ნიღბის სათნოებისა და დადებითობის შესახებ.“ (Gilles Deleuze. 2001. Nietzsche. In: Pure Immanence (53-101). Transl. Anne Boyman. New York: Zone Books. Pg.59.)

[6] SAT Feed. 2011. “Jacques Derrida On Atheism and Belief”. Dec. 4, 2011. YouTube video, 6:33. https://www.youtube.com/watch?v=hcl00tc-WHc

[7] ცხადია, აქ ვერ ჩავუღრმავდებით ყველა იმ საკითხსა და პრობლემას, რომელსაც ეს მოკლე და პარადოქსული ფრაზა წამოჭრის; ვერ ჩავუღრმავდებით სუბიექტის და მისი დასავლური ფილოსოფიის ისტორიაში (რაც ამავდროულად ზოგადად დასავლური აზროვნების ან თუნდაც კიდევ უფრო ზოგადად, აზროვნების, როგორც ასეთის, ისტორიაც არის და შეგვეძლო კიდევ უფრო ზოგადადაც გვეთქვა, რომ იგი ზოგადად ისტორიაც არის (და საერთოდაც განა „ისტორია“ დასავლური კონცეფცია არ არის?!) გადგმული ფესვების საკითხს; რაც აქ შეგვიძლია, ისაა რომ ამ ქსელში მხოლოდ ერთ (არა უმთავრეს, თუმცა ჩვენს საკითხთან ყველაზე უფრო არსობრივად დაკავშირებულ) პრობლემას ჩავებღაუჭოთ.

[8] Derrida. L'Écriture et la Différence. Pg.436.

[9] ბრჭყალების ეს სიუხვე, რომელიც შესაძლოა დამაბნეველი იყოს, აქ აუცილებლობას წარმოადგენს; პირველი მათგანი ‘...’ ედმონ ჟაბეს ეკუთვნის, რომელიც თავისი პერსონაჟის სიტყვებს ბრჭყალებში აქცევს, მეორე „...“ — დერიდას, რომელიც ჟაბეს ციტირებს. უკანასკნელი კი «...» — ჩემია, ვციტირებ რა დერიდას, რომელიც ციტირებს ჟაბეს, რომელიც, ასევე, გარკვეული აზრით, თავადაც ციტირებს თავის პერსონაჟს —რაბინ დერისას.

[10] ფანტომები არაბი ებრაელისა.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული