- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ახლანდელ ღარიბაშვილებს კი არა
უწმინდესი
ლეონიდ ილიას ძე ბრეჟნევსაც იცნობდა,
რაღაც დროს ალექსი ინაური ეგონა
ღმერთის-ნაცვალი დედამიწაზე,
ხოლო თავად ღმერთი - იოსებ სტალინი.
როდესაც ბელადის გვამი,
სკკპ XXII ყრილობის დადგენილებით
მავზოლეუმიდან კრემლის კედელთან დაფლეს,
მისი ულვაშებიანი სული 1961 წელს
მღვდელმსახურ შიოლაშვილს გამოეცხადა:
“შვილო ირაკლი -
აი, ამ ხელებით მორწყულ
სისხლიან მინდვრებზე
აძოვე ცხვარი ჩემი,
რომელსაც სულ მალე მოგცემ
და რკინის კვერთხით დამწყემსე იგი.
ჩემი სახელით გიპოვნოს ტყუპის-ცალმა შენმა,
სახელი მისი ედუარდ,
რათა თანა-გაიყოთ
და დაიუფლოთ ქუეყანაჲ ესე,
და ყოველი ბინადარი მისი,
და ყოველი წიაღისეული მისი,
და ყოველი, რაც გამოვალს მისგან,
და ყოველი მდებარე მასზე,
ხოლო ედუარდ, ტყუპის-ცალი შენი
უფროის ადრე და უწინარეს შენსა
მოვიხმო ჩემთან და შემდგომად მისსა
მოვიდნენ მიხეილ და ბიძინა,
ხოლო შენ არა მიგეახლნენ,
არამედ შენ დაგრჩეს სრულად,
რომელი ქართლად ფრიადი ქუეყანაჲ
აღირაცხების...“
ერთხელ თვითმფრინავში დათო ტურაშვილს
უწმინდესმა თავისი მშვიდი
და სათნო ხმით უთხრა: „დათო,
ხომ იცი სტალინს მე სამოთხეში ვხედავ...
ხოო, უწმინდესო,“ უპასუხა ტურაშვილმა
და გაიფიქრა (ალბათ)
თუ, სად ხედავს ის (ჩვენი პატრიარქი)
სტალინის მოკლულ მილიონობით ადამიანს?