• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

კატასტროფა

×
Henri Cartier-Bresson
ავტორის გვერდი სემუელ ბეკეტი 30 მარტი, 2026 18

სემიუელ ბეკეტი

მთარგმნელი: ალექს ჩიღვინაძე

ვაცლავ ჰაველისთვის

 

მოქმედი პირები:

რეჟისორი (რ)

ასისტენტი ქალი (ა)

პროტაგონისტი (პ)

ლუკა, გამნათებელი, სცენის მიღმა (ლ)

რეპეტიცია. ბოლო სცენის დასკვნითი შტრიხები. ა-მ და ლ-მ განათება დააყენს. რ ახლახან მოვიდა.

ზის სავარძელში, პარტერში, მაყურებლისგან მარცხნივ. აცვია ბეწვის ქურქი და იმავე ბეწვისვე ქუდი. ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს მნიშვნელობა არ აქვს.

ა დგას მის გვერდით. თეთრი ხალათი. თავშიშველი. ყურზე ფანქარი. ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს მნიშვნელობა არ აქვს.

პ სცენის სიღრმეში დგას, 41 ანტიმეტრიან შავ კვარცხლბეკზე. ახურავს შავი, განიერფარფლებიანი ქუდი. შავი მოსასხამი კოჭებამდე სწვდება. ფეხშიშველია. თავი დახრილი აქვს. ხელები ჯიბეებში. ასაკსა და ფიზიკურ მონაცემებს მნიშვნელობა არ აქვს.

რ და ა ათვალიერებენ პ-ს. ხანგრძლივი პაუზა.

ა: [ბოლოს და ბოლოს] გარეგნობა მოგწონთ?

რ: ისე რა. [პაუზა] კვარცხლბეკი რაღად უნდა?

ა: პარტერიდან ფეხები რომ გამოჩნდეს.

[პაუზა]

რ: ქუდი რატომ ახურავს?

ა: სახის დასამალად.

[პაუზა]

რ: მოსასხამი?

ა: მთლიანად შავებში რომ იყოს.

[პაუზა]

რ: შიგნით რა აცვია? [ა მიდის პ-სკენ] თქვი.

[ა ჩერდება]

ა: ღამის პერანგი.

რ: ფერი?

ა: ფერფლისფერი.

[რ იღებს სიგარას]

რ: ცეცხლი. [ა ბრუნდება, უკიდებს სიგარას, უძრავად დგას. რ ეწევა]

თავის ქალა როგორ აქვს?

ა: ნანახი გაქვთ.

რ: დამავიწყდა. [ა მიდის პ-სკენ] თქვი.

[ა ჩერდება]

ა: თითქმის სულ გასცვივდა. აქა-იქ აქვს, ბღუჯად.

რ: ფერი?

ა: ფერფლისფერი.

[პაუზა]

რ: ხელები ჯიბეებში რატომ უწყვია?

ა: სრული სიშავისთვის.

რ: არ შეიძლება.

ა: ვინიშნავ. [იღებს ბლოკნოტს და ფანქარს, იწერს] ხელები გამოჩნდეს.

[ბლოკნოტს და ფანქარს ინახავს]

რ: როგორია? [გაღიზიანებული] ხელები, ხელები როგორია-მეთქი?

ა: ნანახი გაქვთ.

რ: დამავიწყდა.

ა: დაკრუნჩხული. ფიბროზული დეგენერაცია.

რ: კლანჭივით?

ა: თუ გნებავთ.

რ: ორი კლანჭი?

ა: თუ მუშტებს არ შეკრავს.

რ: არ უნდა შეკრას.

ა: ვინიშნავ. [იწერს] ხელები ჩამოყრილი.

[ინახავს]

რ: შუქი. [რ ეწევა.] კარგია. აბა, ვნახოთ. დაიწყე. მოაშორე მოსასხამი. [საათს დახედავს.] იჩქარე, თათბირი მაქვს.

[ა ხდის მოსასხამს. პ ძველ ფერფლისფერ ღამის პერანგში. თავჩაქინდრული, მუშტებშეკრული. პაუზა.]

ა: ასე უკეთესია? [პაუზა] ცახცახებს.

რ: არაფერია. ქუდი.

[ა მიდის, ხდის ქუდს, უკან იხევს, ქუდი ხელში უჭირავს. პაუზა]

ა: თხემი როგორ მოგწონთ?

რ: გათეთრება სჭირდება.

ა: ვინიშნავ. თხემის გათეთრება.

რ: ხელები. მუშტები. დაიწყე. [მუშტს უხსნის] და გაათეთრე.

ა: ვინიშნავ. ხელების გათეთრება.

რ: რაღაც რიგზე ვერაა. რა ხდება?

ა: [მორიდებით] იქნებ... გადაგვეჯვარედინებინა?

რ: ცდად ღირს. [ა ხელებს აჯვარედინებინებს] უფრო მაღლა. [ა წევს] ცოტაც. შეჩერდი! ასე უკეთესია. ჩანს. ცეცხლი.

ა: ცახცახებს.

რ: რა უსუსურია.

ა: [მორიდებულად] იქნებ პირში რამე ჩავჩაროთ?

რ: ღვთის გულისთვის! ყველაფერი უნდა დაგიმარცვლო! დროა. წავალ, ვნახავ დარბაზიდან როგორ ჩანს. [რ გადის. ა წმენდს სავარძელს და ჯდება]

რ: [ხმა სცენის მიღმ] თითებს ვერ ვხედავ. წინა რიგში ვზივარ და ფეხის თითებს ვერ ვხედავ.

ა: [დგება] ვინიშნავ. კვარცხლბეკის ამაღლება.

რ: სახის კვალი კიდევ ჩანს. თავი დაბლა. [ა თავს კიდევ უფრო უხრის.] შეჩერდი! კარგია. იკვეთება. მეტი სიშიშვლე არ აწყენდა.

რ: დაიწყე! ყელი გამოუჩინე. [ა უხსნის ღილებს] ფეხები. წვივები. [ა შარვლის ტოტებს უკაპიწებს] უფრო მაღლა. მუხლები. გასათეთრებელია.

ა. ვინიშნავ. ხორცი მთლიანად გაუთეთრდეს.

რ: ლუკა აქ არის?

ა: ლუკა!

ლ: [შორიდან] მესმის. ახლა რაღა მოხდა?

რ: ჩააქრე სცენა.

[საერთო განათება ქრება. მხოლოდ -ა განათებული.]

რ: მხოლოდ თავი. [შუქი მხოლოდ თავს ურტყამს] მშვენიერია.

ა: [მორიდებით] იქნებ... თავი რომ აეწია... სახე რომ ეჩვენებინა... მხოლოდ ერთი წამით.

რ: ღვთის გულისთვის! კიდევ რა? თავი აწიოს? სად გგონია თავი? პატაგონიაში?

რ: კარგი. ესეც, ჩვენი კატასტროფა. საქმე მოთავებულია. კიდევ ერთხელ და წავედი.

ა: კიდევ ერთხელ და წავა.

რ: ახლა... აჩვენეთ მათ. [შუქი ქრება, რჩება მხოლოდ თავი] დიდებულია! ფეხზე წამოუდგებიან. აქედანვე მესმის ოვაციები.

[ისმის შორეული აპლოდისმენტები. პ თავს სწევს და მაყურებელს უშტერეს მზერას. ტაშის ხმა წყდება. სამარისებრი სიჩუმე ჩამოწვება. ხანგრძლივი პაუზა. სახეც ბნელდება]

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული