- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ჰო, არა?
სამართალი არ არსებობს ამქვეყნად,
და ეს თავისთავად უხეში უსამართლობაა,
ასე რომ, უსამართლობა, რასაკვირველია, არსებობს.
მაგალითად:
ასიმეტრიული უსამართლობაა, როცა ლამაზი დედები
შეუხედავ გოგოებს აჩენენ,
რაღაცნაირად სასაცილოდ უსამართლოა, როცა
ნაყიდი კიტრი ხრაშუნა და ტკბილია,
ხოლო შენი ნახევარი წლის შრომით მოყვანილი-მწარე.
ისტორიულად უსამართლოა, რა თქმა უნდა,
თურქეთის სახმელეთო მეზობლობა,
ყველაზე დიდი უსამართლობა კი ისაა, რომ
ჩვენ, ყველანი, მწერლიან-მსმენელ-მკითხველიანად,
ერთ მშვენიერ დღეს უნდა მოვკვდეთ,
მაგრამ არდაბადება, მოდით,
ესეც ვთქვათ, გაცილებით უსამართლო იქნებოდა.
უსამართლოა იდიოტის თავდაჯერებულობა,
რომელსაც ადამიანი ფუნდურას ჯავშანივით ატარებს,
უსამართლოა სიყვარული, რომელიც
სამართლიანია მხოლოდ პავლეს ეპისტოლეებში,
სინამდვილეში კი, ერთისადმი თავის შეწირვის ნაცვლად,
ყველა დანარჩენისგან დახვევაა სამართლიანი.
უსამართლოა, წარმოუდგენლად უსამართლო,
როცა უშაქრო ყავის მსმელს ტკბილ ყავას სთავაზობენ,
უსამართლოა იმედი, თავისთავად უსამართლო,
როგორც ლოტოს წამშლელის მიმართვა
კვანტური ბუნდოვანებისადმი-
აი, ბეწვზე დაკიდებულ კოსმოსში
ბეწვზე დაკიდებული მზის
ბეწვზე დაკიდებული პლანეტის
ბეწვზე დაკიდებული სახელმწიფოს
ბეწვზე დაკიდებულ ცხოვრებაში
ბეწვზე დაკიდებული სხეულით
რომ ატარებს ტერეზა დეიდა
ურევმატიზმოდ გაღვიძების მოლოდინს
ლოგიკის კვერცხებზე წიხლების რტყმასავით უსამართლოა
სასაცილო სტატუსზე, სიცილაკის ნაცვლად, ერთი მშრალი ლაიქის დადება,
და უსამართლოა, ღმერთო ჩემო, რწმენა
როგორც წარმატების საეჭვო ინსტრუქცია
და წარმატება, როგორც სიკვდილის შემდგომი მედალი
და მედალი, როგორც სიცოცხლის ფასი
და ფასი, როგორც საზომი
და გაზომვა, როგორც ამოცნობის ინსტრუმენტი
და მხოლოდ, ძვირფასო რადიომსმენელებო,
სამართლიანია თუმანიანის შაურმა კომიტასზე
სამართლიანია ზომა, სამართლიანია ხორცის სიქორფე
სამართლიანია მომზადების სისწრაფე
სამართლიანია გემო და ინგრედიენტების არჩევანი
და სანიტარიულ-ჰიგიენური პირობები ხომ
ყველაზე სამართლიანია რეგიონში.
05․07․2022
დღის მცნება
ხალხი უცნობ სოკოს ჭამს
არა იმიტომ რომ შია ანდაც გემრიელია -
ჭამს, რომ ნახოს რა მოხდება.
გადავწყვიტე იმდენ ხანს ვიცხოვრო,
სანამ არ ვნახავ, რა მოხდება ბოლოს.
18.01.2024
გზავნილი
დაგღალა წიწიბურას ფაფამ?
დაგღალა ერევნული ზაფხულის მხუთავმა სიცხემ?
დაგღალა საყვარელ ადამიანთან ერთნაირმა პაემნებმა?
დაგღალა საახალწლო ტრადიციულმა კერძებმა?
დაგღალა წარბების ყოველდღე ფანქრით ხაზგასმამ?
დაგღალა ეგვიპტის კლდოვანმა პლაჟებმა?
დაგღალა საფულეში ნაღდი ფულის ტარებამ?
დაგღალა ეროვნული ნაკრების წარუმატებლობებმა?
დაგღალა ჩატბოტების მყისიერმა პასუხებმა?
დაგღალა კაფელებს შორის ვიწრო ზოლების გაუწმენდავმა ლაქებმა?
დაგღალა გაჭაღარავებული თმების დამალვამ?
დაგღალა პაკეტში მეგაბაიტების შეზღუდვებმა?
შენ დაიღალე, მას კი კიდევ სურს?...
დაიღალე? დაწექი და მოკვდი
ეწერა მოუღალავი ოსტატი ბოგდანის
ვანაძორის სახელოსნოს კედელზე,
რომლის ყოველწლიურად გაორმაგებული
ქვაჯვარ-საფლავის ქვების შეკვეთებში
მგონი არაა არც ერთი ეპიტაფია
დაღლილობაზე.
27․10․2023
დღის მცნება
ადამიანისთვის
ყველაზე გემრიელი ადამიანის ხორცია
და ეს გასტრონომიული ფაქტია.
05.09.2023
მთარგმნელი ასია დარბინიანი