• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მარტივი ბინარულობანი და სხვა ლექსები

×
Käthe Kollwitz
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 26 ოქტომბერი, 2026 35

ენაქრონული

მე არაფერი არ მიშავს მართლაც,
სანამდე მწყალობს ურჩი იღბალი,
სანამ შენს ნერვის წვერებს ვეხები
და ხელზე შენი ხელი მიყვავის.

ვიცი, ძველია ასეთი ლექსი, 
იმდენად ძველი, და მე ვიტყოდი,
იმდენად უშნო, რომ შენ კი არა,
გულო ბებიაც შემიძულებდა
მოძველებული ლექსიკის გამო

მაგრამ მომინდა, ასეთი ფორმით
მომეწერა ქვემორე-ამორე ლექსი
რადგან უსაფრთხოა დატესტილი სიმბოლოებით ოპერირება,
ის არ მოითხოვს მსხვერპლშეწირვას
და მუდმივად შეგვახსენებს,
რომ ენაში ყველაფერი უკვე მოხდა
რომ ენისსოფლის სტუმრები ვართ
და მასპინძელი მკვდარი სიმბოლოები ვერაფერს დაგვაკლებენ,
წარბსაც კი ვერ შეგვიტოკებენ
(ცოცხლები, იცოცხლე, საშიშები არიან
და მით უმეტეს, ცოცხალი სიმბოლოები),
ამიტომაც სიყვარულის ასახსნელად 
მკვდარ ენაში მუშაობა გაცილებით პრაქტიკულია
(მართალია, ამით ნაგავი ლიტერატურა იქმნება, 
მაგრამ არა უშავს, სიყვარულისთვის შეიძლება ღირდეს კიდეც)
სიყვარული უნდა იყოს უსაფრთხო, დაცული, 
ცოცხალი, ჩვილი სიმბოლოებით მუშაობა კი საფრთხეს შეიცავს,
ის ვერ გვაძლევს გარანტიას,
რომ არ დავმარცხდებით
რომ ნიშანთა უსიერ ტყეში
თუნდაც ერთ ხმელ მეტაფორას წამოვკრავთ ლანჩას,
რომელიც მავან x-სა და პირობით y-ს შორის 
კორელაციების ცეცხლოვან ბადეს მოქსოვს

და ამიტომაც ვასრულებ ამ ლექსს
როგორც დავიწყე - არქაულ ენით
და წესისამებრ, გეტყვი: მიყვარხარ.
გკოცნი. მშვიდობით. მარადის შენი.

             კრებულიდან "შიზოგადოება"

 


მოდადაო 


გადაივსო ზნეობით ქართული პოეზია
უმეტესობა მათგანი ცარიელი პოზაა
მინდა დატეხილი რიტმით მივაღწიო ჰარმონიას,
მაგრამ ვინაიდან მთელს ნაწილით ვერ მოიხელთებ,
რამეს მივაღწიო, არ მგონია.
ისინი, ვინც მორალზე წიკვინებენ, უმეტესობა წაკლაა,
ჩვენზე თითს იშვერენ და ამბობენ, უნდა ზედ საწოლზე წააკლა.
ვინც ჩვენ ზნეობის და ეთიკის დარაჯები უხვად მოგვისია, 
არც ერთი არ ეკუთვნის საკუთარ თავს,  ზოგი მღვდლისაა ან მოგვისაა,
ზოგიც მინისტრის, ზოგიც იმის, ზოგიც ამის
მე კიდე ვმუშაობ, დრო არ მაქვს ორი წამიც,
და როგორც კი მოვიხელთებ, ლექსებს ვწერ ალაგ-ალაგ,
მაგრამ ვხვდები, რომ პოეზიამ ვერაფერიც ვერ დაალაგა
პირიქით კარგა ბლომად აურია,
ისმის ქუჩებიდან ხმაური,
ტვინში კი კარავს შლის უხიფათოდ
აზრები მეზოზოური.

                                კრებულიდან "შიზოგადოება"

 

 

საქმიანი პოეტი

 

მიმოვდივარ ენაში (უვიზოდ),

ვდებ საქმიან კონტრაქტს ზმნებთან და არსებით სახელებთან,

შორისდებულებს შორის ვდებ ზავს.

მე საქმიანი პოეტი ვარ.

 

ვაწარმოებ დიპლომატიურ მოლაპარაკებებს ბინარულ ოპოზიციებთან,

ზმნისწინის უკან ვდგები - თავაზიანი ვარ,

მაგრამ წარსულ დროს ზურგს ვაქცევ - თავხედი!

ფუძეს ვუსინჯავ საკუთარ თავს - მყარად უნდა ვიდგე.

მე საქმიანი პოეტი ვარ.

 

ვხვეწ ურთიერთობის ფორმებს - ფორმაში ვარ.

ვაწესრიგებ ჩემი სხეულის

ჩამოქცეულ ინფრასტრუქტურას - დავრბივარ. 

განტვირთვის მიზნით, პირველსავე შემხვედრ გოგოში

ვდებ ჰორმონების ინვესტიციას - ოჰო!

არაფერი პირადი, მხოლოდ ლექსი. 

მე საქმიანი პოეტი ვარ.

 

ის, ვინც წლობით ცხოვრობდა მზა პასუხების ციხეში,

ყველა ამნისტიით გამოვუშვი.

დროა, ყველას მოგვესაჯოს მშვიდობა!

დროა, ყველას მოგვესაჯოს სიყვარული!

ახია ჩვენზე!

ნულოვანი ტოლერანტობა წვრილმან გატაცებებს!

მე საქმიანი პოეტი ვარ.

 

ვცდილობ აღმოვფხვრა სეპარატიზმი - 

გაუცხოება ენას (ანუ სახელმწიფოს) 

და ადამიანს (ანუ ადამიანს) შორის.

ის, ვინც ლაპარაკობს, ყოველთვის ტყუის.

ვინც წერს, მას კი მუდამ ამჟღავნებს

ის, რასაც წერისას ტყუის.

ჩემი ტყუილი საშუალოა,

ჩემი ლექსები - უშუალო.

 

მე საქმიანი პოეტი ვარ.

                                         კრებულიდან "შიზოგადოება"

 

ალიბი

დავკითხოთ სიტყვები
ყოველი მათგანის მნიშვნელობა ყალბი ალიბია
რომლის მიღმა სისხლი იმალება
დანაშაულის კუდი მოჩანს აბზაცის ბოლოდან
სისხლითაა მოქსოვილი მისი გარსი
ფარდასავით უნდა გადასწიო გაქვავებული მნიშვნელობები
და აღმოაჩენ სიტყვა „კარადაში“ გადამალულ სიტყვა „გვამს“
სიტყვა “სიყვარულში” ჩაშენებულ სიტყვა “ეჭვს”
სიტყვა “თავისუფლების” უკან მიმალულ ლაჩარს
წარმოსახვის ფრაგმენტებს ვეღარ აწებებს ცხელი სინტაქსი
დავკითხოთ სიტყვები
ცრუმოწმეა მათი საზრისი
კვალს გვირევენ
რომ სამუდამოდ ჩავიკარგოთ ფუძეკუმშვადი სიტყვის ნაპრალში
შეხედე
სიტყვა “პატარა” უფრო დიდია ვიდრე სიტყვა “დიდი”
თვითმფრინავის შავი ყუთი არის ნარინჯისფერი
სიყვარული კი… აბა რა გითხრა…
ოდესღაც მეც ვიცოდი მისი მნიშვნელობა
ახლა კი საიდანაც უნდა გადმოხტე
მაინც ენის ფსკერზე ეცემი.

                                       კრებულიდან "დედა ენა"

 

კაზუსი

დამნაშავე ყოველთვის უბრუნდება დანაშაულის ადგილს -
კრიმინალის კლასიკური ქცევა. 
ხშირად ვუბრუნდები საწერ მაგიდას,
ვყნოსავ, ხელით ვეხები, ფრთხილად ვამოწმებ.
ვაღიარებ, მე არაერთი ლექსი ჩამიდენია
და კიდევ არაერთის ჩადენას ვაპირებ.
დამალვას აზრი არ აქვს -
განსაკუთრებული სისასტიკითაც ჩამიდენია ზოგი ლექსთაგანი,
წინასწარი განზრახვითაც.
იყო ერთი-ორი წვრილმანი ტაეპი, 
გაუფრთხილებლობით რომ მომივიდა,
(იქნებ, შემამსუბუქებელ გარემოებად გამოდგეს!) 
სერიული პოეტი ვარ, ვაღიარებ.
არსებითად კი ასე იყო:
ვხედავდი, როგორ სხლტებოდნენ, 
როგორ ცდილობდნენ განწირულები
ჩემი მყიფე ფანტაზიისგან თავის დაღწევას,
მაგრამ უმეტესად ხელთ ვიგდებდი.
შინაგანი ტრადიციის ძალა 
მეწეოდა უმწეო მსხვერპლისკენ - ახალი ლექსისკენ...
დაუწერელი ტექსტის გამჭოლი სხეული
ვის არ აღძრავს დანაშაულისკენ?!

პირველი ლექსი სიყვარულით ჩავიდინე,
მეორე ლექსი - აფექტის მდგომარეობაში, 
შემდეგ უკვე ჩვევაში გადამეზარდა.

ერთი კია, 
არაფერს ვნანობ.

                            კრებულიდან "დედა ენა"

 

 

კითხვითი წინადადება

რა უნდა ქნას ადამიანმა,
თუ 8-გვერდიანი CV არა აქვს
და ბედის საძებნელად მიდის უცნობ ქვეყანაში?

როგორ დაასიზმროს თავი ზღაპრულ უფლისწულს
მან, ვისაც გენეტიკურ ლატარიაში
მოხდენილი ფეხები არ ერგო,
და მხოლოდ დაგრაგნილი ცხვირის
მოგებიანი ბილეთი ამოუვიდა?
როგორ იპოვოს ისეთი პრინცი,
დაუდგენელი ხალხის მიერ დადგენილ
სილამაზის ნორმებს 
რომ აირიდებს? 

სად მოძებნოს მუდმივად დამარცხებულმა
მუდმივად გამარჯვებული,
ის, ვისი CV-იც სავსე მთვარესავით სავსეა
და ვისი გულიც თბილი სახლივით თბილია
და ვისი გრძნობაც ნაზი ფერმენტივით ნაზია
და ვისი სიყვარულიც მყარი ნარჩენივით მყარია?
როგორ აღადგინოს სამყაროს ბალანსი?

სამყაროს ბალანსი ჯვარზე დასრულდა.
ახლა ჯვარზე ადგილი ვაკანტურია,
ვინ შეცვლის მას,
ვინც შეცვალა ადამიანი?
ვინ ამოაცურებს მესამე ყივილს მამლის ყელიდან?
ვინ გამოჰკიდებს ჰაერში პეტრეს გამგმირავ კივილს?
ვინ შეუშვერს ხელებს სიცარიელეს,
რომელიც გაჩნდა მარიამის თვალებში?

სად არის თოვლი შარშანწინდელი?
კითხულობს კაცი,
მთელი ცხოვრება მშვიდად რომ განვლო.
ან თაისი და არქიპიადე სად გაიტაცეს დროის ცხენებმა?
კითხულობს კაცი,
მთელი ცხოვრება მშვიდად რომ განვლო.
უნდა გვჯეროდეს თუ არა კაცის, 
მთელი ცხოვრება მშვიდად რომ განვლო,
მაგრამ ერთხელაც საკუთარ მეზობელს დანა ჩასცა
და სამუდამო ნათელში ნაადრევად შეაგრიალა?

ვინ უნდა გასცეს პასუხები კითხვებს?
ვინ უნდა გასცეს კითხვები პასუხებს?
როდემდე უნდა გავცეთ?
როდემდე უნდა ვიყოთ ასე კარგად?!
ხომ შეიძლება, ცუდადაც გავხდეთ,
ისე, უბრალოდ,
ჟანრის კანონის პატივსაცემად -
თითქოს მარაო დაგვექნიოს სიცივეში
ან ხელები აგვეწიოს მშვიდობიანობისას...

რა უნდა ქნას ადამიანმა?!

                                            კრებულიდან "დედა ენა"

 

ქველმოქმედება

რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
ტოტი, რომელზეც ცდუნებები გვიყვაოდა, მოჭრილია,
მეტაფორებსაც ვეღარ მოეჭიდები,
რამე უფრო სანდო გვჭირდება. 
ვინ დაგვიცავს სიყვარულისგან?
სიკეთისგან?
დანასავით მოქნეული კეთილგანწყობისგან?
ვინ შეაჩერებს გამოწვდილ ხელს, 
როცა მშვენივრად ვიხრჩობით ზღვაში
და საკმაოდ მაცდუნებლად
მობჯენილია შუბლზე ლულა?
ვინ შეუყუდებს ეჭვის ბზარებს
მოულოდნელად გაჩენილ სიყვარულს?
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?
როგორ მოვიშინაუროთ ზომიერება - დროის ნიშანი -
მისხალ-მისხალ რომ გვიწონის სათქმელს.
ჩვენი სხეულები გადავსებულია სათნოებით
და არავინ არ ჩანს მშველელი.
რა შეგვიძლია გავაკეთოთ?

                                            კრებულიდან "დედა ენა"

 

დედაენა

იმ დროს, როდესაც ეს ლექსი ხდებოდა, 
მე იქ არ ვყოფილვარ.
მე არ ვიცი ვინ დაწერა,
ან რას შეიძლება ის ნიშნავდეს,
ან რას განსაზღვრავს,
თუ შეიძლება საერთოდ რამე განსაზღვროს ლექსმა.
როდესაც ვამბობ “მე”,
ვგულისხმობ პირველი პირის ნაცვალსახელს
მხოლობით რიცხვში,
და არა ვინაობას,  
რადგან მას, ვინც ამ ლექსში “მე”-დ სახელდება,
წარმოდგენა არა აქვს იმის შესახებ,
ვინც ლექსის ბოლოს
პაატა შამუგიად დამოწმდება. 
მე მხოლოდ სიტყვები ჩავმოწერე,
და თუ სიტყვებმა თავად შეძლეს ის, 
რასაც მომავალში ლექსი ეწოდა,
მე ამაში არაფერი ბრალი არა მაქვს.
ყურმოკვრით მაინც რომ ვიცოდე ბარტის თეორიული ნაშრომები,
დაუყოვნებლივ განვაცხადებდი, 
რომ ავტორი 
მოკვდა, 
ღვთივმიიცვალა,
განისვენა, 
გაღმა გავიდა, 
დედა ეტირა, 
ჩაილურის წყალი დალია… 
მის ადგილას კი ანონიმური მკითხველი გაჩნდა,
რომელიც თავს აფარებს პირველი პირის ნაცვალსახელის
მხოლობითი რიცხვის ავატარს (იხ: ისევ ბარტი, ოღონდ უკუღმა).  

                                            კრებულიდან "დედა ენა"

 

 

სისულელის ქება

როგორმე უნდა დავიმახსოვრო, 
თუ ვინა ვარ.
რადგან ბევრი ვარ, უთვალავი.
ჩემმა სახემ ათასი პირი გამოიბა 
და უკვე ათასი სისულელის ერთბაშად წარმოთქმა შემიძლია.
როგორ უნდა დავიმახსოვრო ეს ამდენი ჩემი თავი,
ან ამდენი ჩემი პირი, 
მითუმეტეს, როცა თითოეული პირიდან სხვადასხვა სიმართლე ისმის
და ყველა მათგანი 
ერთმანეთს ეთანხმება და ზოგჯერ, განსაზღვრავს კიდეც. 
როგორ უნდა ავრიო ეს ამდენი პირი,  
გამოვიწვიო ეთიკური ჯახი,
როცა ზოგიერთი ჩემი პირიდან რამდენიმე ასოციალურიცაა,
მაგრამ საერთო ჰარმონიის მბზინავ შენობაში
ბზარი ვერ შეაქვს. 
მხოლოდ კულინარიული კამათი ჩაღდება პერიოდულად,
როცა ხორცისმჭამელი პირი და ვეგეტარიანელი პირი
იდეოლოგიურ კამათს შეჰყვებიან.
ოჰ, ეს ბიოეთიკა! 
მარჯვენა პირმა არ უნდა იცოდეს,
რას ჭამს მარცხენა, 
არც შუამ უნდა იცოდეს, რას გიახლებათ განაპირა, 
არც ზედა პირმა უნდა შეამოწმოს ქვედა პირის რეცეპტორები.

როცა ცუდად ვარ,
ბალახები ამომდის წარბებზე,
შუბლზე ძოვენ ცხვრები
წარბებზე კი ტყეები შრიალებენ
და ჩემი აურაცხელი პირი
მღერის სისულელის სიმფონიას
და ეს მშველის.
უთვალავი პირი კარგია სისულელის საქადაგებლად,
უთვალავი პირიდან გადმოღვრილი სისულელე
სიბრძნედ ფორმდება (უმრავლესობის დიქტატურა!).

ღმერთო, მომეცი სისულელის თქმის შნო და ლაზათი,
რომ ამოვთქვა უთვალავი პირიდან უთვალავი სისულელე
და განვფინო პლანეტაზე სისულელის შედედებული ლავა.

მე ხომ ვიცი, რომ სისულელე ყველას სჭირდება,
ზოგჯერ ისეა, თითქოს ბედზე მიგესწროს განწირული ადამიანისთვის,
სისულელე გეჩურჩულოს,
ყოვლად სულელური სისულელე...
და გადაგერჩინოს.

 

ბოლოსწინა წამები

დედამისი მოკვდა ორი წლის წინ 
და ახლა ანგელოზად მუშაობს ცაში -
ნახევარ განაკვეთზე.
მამამისი პოეტი იყო
მწუხარებაში ვარჯიშობდა ყოველდღიურად,
და როლში ჩარჩა. 
თავად იყო კომუნიკაბელური - ჰქონდა სალამი,
შვიდ მომაკვდინებელ ცოდვასავით სასიამოვნო,
მაგრამ მემკვიდრეობით სიღარიბეს ვერაფერს შველოდა,
მუშაობდა დაცვაში, 
სუპერმარკეტში,
მუშაობდა მშენებლობაზე, 
სადაც შეფითხნის ხელოვნებას ეზიარა,
მაგრამ მაინც ვერ ამოვიდა სიღარიბიდან,
და როგორც ხდება, წერდა ლექსებს 
სოციალურ ასიმეტრიაზე, 
იმაზე, თუ როგორ შევეჩვიეთ სიღარიბეს, 
შევიჩვიეთ, მოვიშინაურეთ
და არ გვეუხერხულება,
უკვე ჩვენიანია,
მხარზე ხელებს ვუტყაპუნებთ ფამილარულად,
ჩამოსულ უცხოელებთანაც თავს ვიწონებთ
თუ რა შესანიშნავად ღარიბები ვართ
თუ რა მიმზიდველად დაეცა ჩვენი ეკონომიკა
და რა გადასარევად შია ხოლმე 77 ათას ბავშვს ქვეყანაში.
უცხოელები ვერაფერს იგებენ
და დაბნეულები იუმორს უქებენ. 

                                            კრებულიდან "დედა ენა"

 

მარტივი ბინარულობანი

ვინც ქარს დათესავს, ქარიშხალს მოიმკის,
თუმცა, ვინც ქარიშხალს მოიმკის, 
მისთვისაც იქნება რამე მეტეოროლოგიური მოვლენა,
უფრო მძაფრი და ინტენსიური,
რადგან უფალი მოწყალეა.
ვინც პოეზიას შეაკვდება, 
ცხოვრების პროზა მოკლავს.
ვინც მოკვდება, აღდგება, 
ან სულაც აღსდგება [გააჩნია, რომელი ლექსიკონით სარგებლობს].
ვინც ჩიტებს ესვრის, 
სიბნელეში ჩაძაღლდება,
მაგრამ გაიგებს უცნაურ ჟივილს
კედლის მიღმიდან
და ეს არ იქნება ჩიტების ჟივილი.
ვინც გაფრინდება, 
ვერ მოფრინდება, 
თუმცა, დავიწყოთ იქიდან, რომ 
ვერ გაფრინდება,
რაც ძალიან სამწუხაროა, 
მაგრამ ასეთია ცხოვრების დიალექტიკა
და მისი შეცვლის არც სურვილი 
არც ხალისი ჯერ არა ჩანს.
ვინც ბოლოს იცინის, 
ის მასწავლებელია,
ხოლო დრო - სემესტრის ბოლოა,
თუმცა ეს დიქოტომია ზოგჯერ უხერხულად ირღვევა
და ბოლოში განათლების სისტემა იცინის. 
ვინც ომისთვის გაჩნდა, 
ომში არ მოკვდება,
რაც უცნაურია, 
მაგრამ ვერაფერს გააწყობ.
ვინც ორიგინალურად წერს,
არაორიგინალურად ცხოვრობს,
და პირიქითაც,
ეს ერთგვარი მობოდიშებაა, ერთისა - მეორის წინაშე
და შესაბამისად, პირიქითაც.
ვინც ფილოსოფიურ ქვას ეძებს,
სწორედ ამ ქვით გაუჭეჭყავენ თავს,
რაც კიდევ უფრო ლოგიკური იქნებოდა,
პრომეთე რომ ცეცხლში მოესროლათ,
ხოლო ბრუნო - კავკასიის ქედზე,
მაგრამ მოგვიწევს ვიცხოვროთ 
დაუმტკიცებელი სიმართლეების ტვირთქვეშ,
რაკი ასე მოიტანა ცხოვრებამ. 
ვინც დამარცხების შიშით ცხოვრობს,
ერთხელაც გაიმარჯვებს,
და მიხვდება, რომ დიდად არაფერი შეიცვლება,
თუ არ ჩავთვლით მტრების მოყვრად გადაქცევის 
სახელდახელო ჯადოსნურ პროცესს
და რამდენიმე ასეულ ნათესავს, 
რომელთაც, ღმერთო, როგორ ჰყვარებიხარ, აი, როგორ.
ვინც სამართლიანობას ითხოვს,
მას მიიღებს,
ვინც სიკეთეს და სოციალურ თანასწორობას ითხოვს,
მიიღებს,
და მშვიდობას ვინც ითხოვს, 
ისიც მიიღებს -  
რადგან კარგი ლექსი კარგად უნდა დასრულდეს.
 

                                            კრებულიდან "არგადარჩენა"

 


რას იზამები

აი რას იზამ თქვი რას იზამ
ადამიანები რომ გაგეცალონ
და სიმარტოვის ხალხმრავალ უდაბნოში აღმოჩნდე
თქვი რას იზამ
სისხლძარღვები რომ მელნით გაგევსოს
მაგრამ სათქმელად ვერა და ვერ რომ ვერ იქცეს
კარგი ნაცნობი გზად რომ შემოგხვდეს
და გაკვრით ილაპარაკოთ
მათ შორის დაუწერელ წიგნებზეც
და ცხადია საჭმელზეც
და ერთმანეთს თავი ისე მოაჩვენოთ
ვითომც ცხოვრება მშვენიერი იყოს
ცხოვრება კი სულაც არ იყოს მშვენიერი აი რას იზამ
სიყვარული რომ მორჩეს რას იზამ
თქვი რას იზამ სიყვარული რომ
ვთქვათ სიყვარული თქვი რას იზამ ვთქვათ რომ მორჩეს
სიყვარული 
ისე როგორც მორჩა ილია და
მირჩა ელიადე მორჩა 
და როგორც ყველა ცნობილი თუ უცნობი მკვდარი მორჩა
თქვი რას იზამ აი რას იზამ
ერთ დღესაც 
შფოთიანი სიზმრების შემდეგ 
რომ გაგეღვიძოს 
და აღმოგეჩინოს რომ 
იუმორის გრძნობა დაგიკარგავს თქვი რას იზამ
აი რას იზამ იუმორის გარეშე ხომ ლექსს ვერ იზამ
და ვერც დაცემულის თანაგრძნობას იზამ ანუ რას იზამ
კატა რომ მოგიკვდეს თქვი რას იზამ
ძაღლი? რას იზამ
თქვი რას იზამ მაგალითად შვილმა რომ უარგყოს
დედამ რას იზამ და მამამაც აი რას იზამ რომ უარგყოს 
და სამომავლო 
პერსპექტივები სულ მამობრივი 
მზრუნველობით დაგინგრიოს აი რას იზამ 
თქვი რას იზამ ერთ დღესაც რომ ბედნიერი გახდე და გახდე 
ვთქვათ გამვლელების კეთილი ღიმილის მიზეზი
აი რას იზამ ასეთ უხერხულ ვითარებაში
სადაც სრულიად დაუცველი ხარ 
ნებისმიერი შემხვედრის კეთილგანწყობისგან

თქვი რას იზამ 

                                            კრებულიდან "არგადარჩენა"

 

დიდების გზაზე

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
მოიქცე დიდივით -
იცინო მხოლოდ სასაცილოდ იდენტიფიცირებულ რამეებზე,
ხოლო არასასასაცილოდ იდენტიფიცირებულებზეც იცინო,
ოღონდ - სხვანაირად. 

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
გქონდეს სახლი, 
გყავდეს ოჯახი,
ლაბრადორი
და მტრები. 

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
იყო ყურადღების ცენტრში
იყო ბანკის VIP კლიენტი 
და იყო აქ და ახლა. 

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
გრამატიკულად გამართული სიცილი,
და იდეოლოგიურად მწყობრი დუმილი,
რომ ცხოვრების აღმართზე შემდგარმა
შორისდებულები მომჭირნედ იხმარო,
ხოლო ზმნიზედები - პირიქით.

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება 
მხარი დაუჭირო გამარჯვებულებს,
ოღონდ მას შემდეგ, რაც გაიმარჯვებენ.

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
გაასეირნო საკუთარი თავი ხმაურიან ადგილებში
გაიცნო ახალი ადამიანები
და შეიცნო ძველი საგნები,
ძალაგამოცლილი ფუნქციებით.

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება 
შენი ჰო ნიშნავდეს ჰოს
და არა - არას,
და ამავე დროს - პირიქითაც,
თუ საქმე მოითხოვს. 

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
გახამებული პერანგი გეცვას,
გქონდეს მაღალი რეპუტაცია,
დაბალი წნევა
და საშუალო ასაკის კრიზისი.

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
იყო შემაღონებლად ტაქტიანი,
შეურაცხმყოფლად კეთილშობილი
და ცოტათი გმირი,
და შიგადაშიგ  გქონდეს ზომიერი დეპრესია.

უკვე დიდი ხარ და მოგეთხოვება
ისე იცხოვრო, თითქოს სიკვდილისთვის ემზადები,
თუმცა სასურველია, ჯერ სხვებს დაუთმო
ამ გამოცდილებით გამდიდრების შანსი,

რადგან უკვე დიდი ხარ
და ეს არაა პატარა საქმე.
 

                                            კრებულიდან "არგადარჩენა"

 

ზოგადი უნარების ტესტები აბიტურიენტებისთვის

რამდენ კილომეტრს გაივლის შეყვარებული ადამიანი
A წერტილიდან B წერტილამდე,
თუ მას გრძნობები აემღვრა C წერტილში,
სადაც ყოფილი შეყვარებული გადაეკვეთა?

როგორ უნდა დაიჭიროს ანონიმმა ბრძენმა 
შავი კატა ბნელ ოთახში
მაშინ როცა: ა) შავი კატა საერთოდ არაა ბნელ ოთახში
და ბ) არც ბნელი ოთახია სადმე, 
და კაცმა რომ თქვას, გ) არც ის ანონიმია ბრძენი? 

ქვემოთ ჩამოთვლილთაგან რომელი დებულება იქნება ჭეშმარიტი, 
თუ ორჯერ ორი ოთხია, მზე კი - მაღლა?

ა) ბედნიერება ილუზიაა.
ბ) ყველაფერი ცვალებადია.
გ) ორივე ვარიანტი სწორია. 

თუკი ბედნიერება ილუზიაა:
ა)  რატომ არ არის ისეთივე ხელმისაწვდომი, როგორც დეპუტატის მანდატი?
ან ბ) საყოველთაო დაზღვევა?
ან სულაც გ) ქართული სცენის ვარსკვლავის სტატუსი?

თუკი ყველაფერი ცვალებადია:
ა) რით ვერ ამოვედით ღმერთის ვალიდან?
ბ) რით ვერ გავისტუმრეთ იმ შეცოდებებათა ხარკი,
რომლებიც არცკი ჩაგვიდენია? 
გ) რა ხდება საერთოდ?!

თუკი ქვეყანა დგას სოციალური და ეკონომიკური კოლაფსის წინაშე,
პოლიტიკური ელიტა კი მსუქანი და ბედნიერია: 
ა) დაამხე პოლიტიკური ელიტა.
ბ) დაამხე ბრუტალურად. 
გ) დედა მოუტყანი.

თუ ცხოვრებას საზრისი გამოეცალა
და დავრჩით მნიშვნელობებისგან დაწურულები,
რა უნდა ქნას ადამიანმა?
ა) არავინ იცის.
ბ) არავინ იცის.
გ) არავინ იცის.
დ) არავინ იცის.
ე) არავინ იცის.
ვ) ყველა ზემოთ დასახელებული პასუხი სწორია.

თუ ტვინის მარცხენა ნახევარსფერო აკონტროლებს 
სხეულის მარჯვენა ნაწილის მოძრაობას (და პირიქითაც)
და ეს მეცნიერულადაც აღიარებულია,
ეს ნიშნავს, რომ: 
ა) მემარჯვენეობა და მემარცხენეობა იდეოლოგიური ტავტოლოგიაა.
ბ) უკეთუ გასცემდე მოწყალებას, 
მარცხენამ ძალიანაც კარგად იცის, რასა იქმს მარჯვენა. 
გ) მარჯვნივ წახვალ მოკვდები, მარცხნივ წახვალ, მოკვდები. 
დ) ჭირი იქა, ლხინი აქა. 

                                            კრებულიდან "არგადარჩენა"

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული