• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

სასიყვარულო მრავალკუთხედი

×
ავტორის გვერდი დალილა გოგია 03 იანვარი, 2014 4485

დღემდე დიდია საზოგადოების ინტერესი იმ  დრამის მიმართ, რომელიც ინგლისელი პოეტის,  ტედ ჰიუზისა და ამერიკელი პოეტის სილვია პლათის,  მეოცე საუკუნის ლიტერატურულ სამყაროში ერთ-ერთი ყველაზე მომხიბლავი და ქარიზმატული წყვილის ცხოვრებაში გათამაშდა.  ამ სტატიაში მოყვანილია ფაქტები მათი ცხოვრებიდან, ლიტერატურათმცოდნეებისა და ბიოგრაფების კვლევები,  ახლობლების მოგონებები, ამონარიდები  დღიურებიდან, პირადი წერილებიდან.

აღნიშნული დრამის შესახებ  ძალიან მოკლედ იმის თქმა შეიძლება, რომ  6 წლის განმავლობაში,  ტედ ჰიუზმა ოთხი უახლოესი ადამიანის სიკვდილი გადაიტანა.  1963 წლის თებერვალში მისმა იმ დროს უკვე დაშორებულმა მეუღლემ, სილვია პლათმა თავი მოიკლა. იმ ხანად ტედ ჰიუზს სასიყვარულო ურთიერთობა ჰქონდა ასია ვევილთან, რომელთან ერთადაც ცხოვრობდა სილვიას სიკვდილის შემდეგ. 1969 წლის მარტში ასია ვევილმა მოკლა მათი 4 წლის ქალიშვილი შურა და შემდეგ თავადაც  მოიკლა თავი. როდესაც ტედის დედამ ეს ამბავი შეიტყო, კომაში ჩავარდა და სამ დღეში გარდაიცვალა.

ყველა, ვინც ასია ვევილს იცნობდა, აღნიშნავს, მის გამორჩეულ,  თვალშისაცემ სილამაზეს. ნოველისტი ვილიამ ტრევორი, რომელიც მასთან ერთად ლონდონში, სარეკლამო სააგენტოში  მუშაობდა, ამბობს, რომ ასიას სოფი ლორენის იერი ჰქონდა, ხოლო დევიდ როსი, მისი მეგობარი, ასიას ლიზ ტეილორს ადარებს. გარდა საოცარი სილამაზისა, გასული საუკუნის სამოციან წლებში ის ექსტრავაგანტულობითა და  ელეგანტურობითაც გამოირჩეოდა.

ასია ვევილი ბერლინში, რუსი ებრაელი ექიმის, ლონია გუთმანისა და და ლუთერან-ქრისტიანი გერმანელი ელიზაბეტა გაედეკეს ოჯახში დაიბადა. 1933 წელს, როდესაც ის ექვსი წლის იყო,  ებრაელებზე გამოცხადებული ნადირობის გამო,  ოჯახი ჯერ იტალიაში, ხოლო შემდეგ კი პალესტინაში  გაიქცა. ომის წლები იქ, გერმანელი დედის გამო, მუდმივ შიშში გაატარეს. ამ წლებმა მასზე ღრმა კვალი დატოვა და დაუცველი ქალის თავისებური, მსხვერპლის ეგზოტიკური  ხიბლი მიანიჭა, რამაც პირველ რიგში, სილვია პლათი, და ტედ ჰიუზი მოხიბლა.

ასია მამას ნებიერა იყო, სწორედ მამამ შთააგონა მას, რომ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებდა. გოგონა ბრიტანულ სკოლაში სწავლობდა, სადაც  არისტოკრატული, ე.წ. „ცხელი კარტოფილის“ ინგლისური აქცენტი შეიძინა. იმისთვის, რომ ინგლისში გადასულიყო, 20 წლის ასია ინგლისელ ჯონ სტილზე დაქორწინდა. მალე ჯონმა   კანადაში ემიგრირების გადაწყვეტილება მიიღო, რის გამოც ასიამ არაერთხელ სცადა  თვითმკვლელობა.  ამის მიუხედავად, წყვილი მაინც გაემგზავრა კანადაში, სადაც მათი ქორწინება დასრულდა კიდეც.

ასიას მეორე ქმარი, კანადელი ეკონომისტი, მდიდარი ოჯახიშვილი, რიჩარდ ლიპსია. მისი წყალობით ასია ინტელექტუალურ წრეში  ტრიალებს. მას ოცნება აუხდა, ყოველთვის სურდა, ამ წრეში ეკაშკაშა. რადგან რიჩარდმა სადოქტორო ნაშრომის დასრულება ლონდონში გადაწყვიტა, ისინი ინგლისში გაემგზავრნენ. ასია თავს ბედნიერად გრძნობს,  თუმცა, მაინც ფიქრობს, რომ გაცილებით უკეთესის ღირსია. მალე ასიამ თავისი მომავალი ქმარი, მასზე რვა წლით უმცროსი დევიდ ვევილი გაიცნო და სასწრაფოდ რომანიც გააბა. რიჩარდი დაშორდა ასიას, თუმცა, ქალი თავს დამცირებულად გრძნობდა იმის გამო, რომ ქმარმა მისი დაკარგვა ადვილად გადაიტანა.

1962 წლისთვის, ასია უკვე დიდ სარეკლამო კომპანიაში მუშაობს, ნიჭიერ  და იმედისმომცემ პოეტ დევიდ ვევილთან  ბედნიერად ცხოვრობს და ახალ ბინას ეძებს ლონდონში.

ახალი ბინა კი, რომელიც ვევილებმა იპოვეს,  ტედ ჰიუზსა და  სილვია პლათს ეკუთვნოდათ. თავად ტედი და სილვია დევონში, ახლად შეძენილ სახლში, სახელად „ქორთ გრინი“  ცხოვრობდნენ და მეორე შვილის შეძენის შემდეგ გართულებული ურთიერთობის გამოსწორებას ცდილობდნენ. როგორც სილვიას ახლო მეგობარი, ელიზაბეტ ზიგმუნდი იხსენებს, ტედს და სილვიას დევონში ლონდონის ლიტერატურული წრეებისგან შორს ცხოვრება და სერიოზული  შემოქმედებითი მუშაობა,  საკუთარ ბოსტანში ფუსფუსი, ფუტკრების მოშენება და ხუთი შვილის გაჩენა სურდათ.  

ბედისწერამ მათთან ვევილები მიიყვანა. სილვია აღაფრთოვანა ასიას სილამაზემ, არისტოკრატულმა იერმა,  „ცხელი კარტოფილის“  აქცენტმა. ამასთან, ასია ხუთ ენაზე თავისუფლად ლაპარაკობდა, კარგად ერკვეოდა ხელოვნებაში, არაჩვეულებრივად ხატავდა.  ვევილები და ჰიუზები ერთმანეთის მიმართ დიდი სიმპათიით განეწყვნენ.

1962 წლის მკაცრი ზამთრის შემდეგ, 18 მაისს ასია და დევიდი ჰიუზებთან შაბათ-კვირის გასატარებლად გაემგზავრნენ.  ასია მოუთმენლად ელოდა დევონში გამგზავრებას და თავის კოლეგებთან აღტაცებას ვერ ფარავდა. როგორც ერთ-ერთი მათგანი, ანგელა ლანდელსი იხსენებს, მას გეგმა ჰქონდა : „აუცილებლად  ვაცდუნებ ტედს.“

დევიდ ვევილის თქმით,  ჰიუზებთან სტუმრობის პირველმა  დღემ მშვენივრად ჩაიარა. „კვირა დილით გვიან ავდექით. ასიამ სამზარეულოში სალათის მომზადება დაიწყო, ტედი ეხმარებოდა. მე და სილვია გარეთ ვისხედით და ვსაუბრობდით. სამზარეულოდან ისმოდა ასიას და ტედის ხმები, ხმადაბლა ლაპარაკობდნენ. უცებ სილვია გაირინდა, მერე ხელი მუხლზე დამადო და მითხრა „ ახლავე მოვალ“, წამოხტა და სამზარეულოსკენ გაიქცა.“

ლანჩზე სილვიას ხმა თითქმის არ ამოუღია, დევიდმა ჩათვალა, რომ ის ან დაიღალა, ან ტედთან უსიამოვნება მოუვიდა. ლანჩის შემდეგ სილვიამ ვევილები სადგურზე მანქანით მიიყვანა.  ტედი წინა სავარძელზე იჯდა, სილვიას გვერდით.  სილვია ძალიან აღელვებული იყო, ეტყობოდა, რომ ზღვრამდე იყო მისული. 

მატარებელში დევიდის შეკითხვაზე, ხომ არ იცის, რა მოუვიდა სილვიას, ასიამ უპასუხა: „ სამზარეულოში ტედმა მაკოცა. სილვიამ კი დაგვინახა.“
დევიდი ამ ამბავს დიდად არ შეუშფოთებია, რადგან მსუბუქ ფლირტად ჩათვალა „ეს შესაძლოა მეგობრებს შორისაც  მოხდეს, ხოლო ტედმა კი იმიტომ გააკეთა, რომ ბიჭები ყოველთვის ბიჭებად რჩებიან. ამას გარდა, ასიას ეტყობოდა, რომ ეს კოცნა მოულოდნელი იყო, და ამიტომ ჩავთვალე, რომ  ამას გაგრძელება არ ექნებოდა.“

ამას გაგრძელება მაშინვე მართლაც არ მოყოლია. თუმცა, ხუთი კვირის შემდეგ, ტედმა ასიას ოფისში მიაკითხა. ასია არ დახვდა, ტედმა მას ბარათი დაუტოვა, სადაც წერდა: “მთელი ამ ქორწინებების მიუხედავად, აუცილებლად უნდა მენახე.“

ასიამ ცდუნებას ვერ გაუძლო და უპასუხა. თუმცა ბარათი კი არ მისწერა, ახლადმოჭრილ ბალახს დიორი დააპკურა და ტედს გაუგზავნა. სამი დღის შემდეგ ასიას ოფისში კონვერტი მოვიდა, მასში ლონდონის ბალახთან ერთად მეორე ბალახი იდო - დევონიდან.

ასიამ ტედის ეს რომანტიული ნაბიჯი დევიდს აცნობა, რომ ქმრის სურვილი გაეძლიერებინა, ან სულაც იმიტომ, რომ ეჭვიანობა გამოეწვია. თუმცა, დევიდი ისევ  ნაზ და მოსიყვარულე ქმრად რჩებოდა.

9 ივლისის სატელეფონო ზარმა დევონში ყველაფერი შეცვალა. რეკავდა ქალი, რომელმაც კაცის ხმით ტედი იკითხა.  სილვიამ ტელეფონის კაბელი გამოგლიჯა და საძინებელში გაიქცა. ტედი გაჰყვა. მათ რამდენიმე საათი დაჰყვეს ოთახში, საშინლად ჩხუბობდნენ.  მოგვიანებით, სილვიამ კოცონი დაანთო და ტედის წერილები და ხელნაწერები დაწვა.

ტედი დევონიდან ლონდონში, მეგობრის ბინაში გადავიდა.  მან მეგობარს აუხსნა, რომ სხვა ქალზე იყო შეყვარებული და ოჯახს ტოვებდა.

ისე მოხდა, რომ ასიამ და დევიდმა  მესაიდუმლედ  ერთიდაიგივე ადამიანი აირჩიეს, ნათანიელ თარნი. ამ დრამის  თითქმის ყოველდღიური  განვითარება მის თვალწინ ხდებოდა.

ასიამ ოთხშაბათი დღე, 11 ივლისი ტედთან გაატარა. ის უყვებოდა თარნს, რომ ტედი თავის გადაწყვეტილებაში ძლიერი და მტკიცე იყო, და რომ ის ისეთ რაღაცეებს აკეთებდა, რაც დევიდმა დიდი ხნის წინ დაივიწყა. ორი დღის შემდეგ, 13 ივლისს, პარასკევს, ტედმა ასია სასტუმროში წაიყვანა. თარნის ჩანაწერებში ამის შესახებ წერია:  „ტედი  გარეული  ცხოველივით იქცეოდა, ლამის დაგლიჯა ასია. ეს მას ცუდად მიუბრუნდება“.

ასია ტედის ველურ ქცევებს არავისთან მალავდა. თავის თანამშრომლებს უამბობდა, რომ „საწოლში ტედი  ყასაბივით ყარს“.

იმ ავბედით პარასკევ დღეს, 13 ივლისს, ასიამ ქმარს დაურეკა და გააფრთხილა, რომ დააგვიანდებოდა, რადგან ტედს ხვდებოდა ვატერლოოს სადგურზე. დევიდმა მოთმინება დაკარგა, დანა აიღო და სადგურისკენ გაეშურა, თუმცა ტედი ვერ ნახა. სახლში დაბრუნებულმა ახლად დასრულებული ლექსების ციკლი სანაგვეში მოისროლა და 30 საძილე აბი მიიღო. თენდებოდა, როცა ასია სახლში დაბრუნდა. სასწრაფო დახმარების მანქანაში კი, რომელიც დევიდს საავადმყოფოში მიაქროლებდა, ნახევრად უგონო მდგომარეობაში მყოფ ქმარს დაუნდობლად  განუცხადა, რომ ტედმა გააუპატიურა.

კვირა საღამოს ექიმებმა  დევიდს სახლში დაბრუნების ნება დართეს. სახლში მისვლისთანავე დევიდმა ბარათი მისწერა მეტოქეს: „თუ ჩემს ცოლს ახლოს გაეკარები, მოგკლავ.“

ამის მიუხედავად,  ტედსა და ასიას ურთიერთობა  არ შეუწყვეტიათ.  ტედი ლონდონში რჩებოდა და ყოველ კვირას ჩადიოდა დევონში ცოლ-შვილის სანახავად.  მას ასიასა და სილვიას შორის არჩევანის გაკეთება არ სურდა.  რაც შეეხება ასიას, მას, ერთის მხრივ, ქმრის მიმართ სიბრალული სტანჯავდა, მეორეს მხრივ კი, არანორმალური ვნება  ტედის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ დევიდი თავს შეურაცყოფილად გრძნობდა, მაინც ინარჩუნებდა სიმშვიდეს და  იმედი ჰქონდა, რომ ასიას ეს ვნება გადაუვლიდა.

სექტემბრის შუა რიცხვებში ტედი და სილვია ბავშვებთან ერთად ირლანდიაში გაემგზავრნენ დასასვენებლად. მეოთხე დღეს ტედი გაუჩინარდა.  შემდეგ გაირკვა, რომ  მას უკან, ლონდონში დასაბრუნებელი ბილეთი ჰქონდა. ტედმა სილვია ირლანდიაში დატოვა და ლონდონში გაეშურა ასია ვევილთან შესახვედრად. საყვარლები ათი დღით ესპანეთში წავიდნენ, სადაც ტედმა და სილვიამ თაფლობის თვე გაატარეს. მაშინ სილვიამ ვერ აიტანა ესპანეთი, ტედი და ასია კი თავს შესანიშნავად გრძნობდნენ, ამასთან, შემოქმედებითი თანამშრომლობაც დაიწყეს -  მუშაობა ფილმის სცენარზე.

როდესაც ტედი დევონში დაბრუნდა, მას და სილვიას დიდი უსიამოვნება მოუვიდათ.  იმ დღეს ტედმა, რომელიც მანამდე სილვიას ეფიცებოდა, რომ ასიასთან ურთიერთობა არ ჰქონდა, აღიარა მისი საიდუმლო კავშირი, და სილვიას მიახალა, რომ მობეზრდა ის და ისიც, რომ გასაქანს არ აძლევდა. მან ასევე აღიარა, რომ უკვე დიდი ხანია შემთხვევას ეძებდა, რომ მისგან თავი დაეღწია. მიუხედავად იმისა, რომ ტედი არწმუნებდა ცოლს, რომ ასიასთან  ერთად მომავლის გეგმებს არ აწყობდა, სილვია დარწმუნებული იყო, თუ ტედს დაშორდებოდა, ის მაშინვე  დაქორწინდებოდა თავის საყვარელზე. ასიას სახელს სილვია არასოდეს ახსენებდა, მას ის ბოზს ან ბერწს უწოდებდა.

რაც შეეხება ასიას, ის არასოდეს ყოფილა ინიციატორი, ის უბრალოდ პასუხობდა ტედს.  იმ წლის ემოციურად დატვირთულ ოქტომბერში, ასია მზად არ იყო დევიდისთვის განქორწინება ეთხოვა, ის არც მეოთხე ქორწინებისთვის იყო მზად, თანაც  ეჭვობდა, რომ ტედს მასზე დაქორწინება არ სურდა, და ქმარს რომც გაყროდა, ტედი მაინც მიატოვებდა.

დევიდი სიმშვიდეს ინარჩუნებდა, თვალებს იბრმავებდა და ცოლის სიამოვნებასა და სიმშვიდეზე ზრუნავდა.

დეკემბრის დასაწყისში სილვია პლათი  ბავშვებთან ერთად ლონდონში გადავიდა. მან ბინა იქირავა და მთელი წლის თანხა წინასწარ გადაიხადა.  ტედი ბავშვების სანახავად ყოველ ხუთშაბათს დადიოდა.

28 იანვრიდან და 5 თებერვლამდე სილვიამ თორმეტი  ლექსი დაწერა. (მისი ბოლო პერიოდში დაწერილი ლექსები გამოქვეყნდა, როგორც ციკლი „არიელი“)  ტედ ჰიუზმა ასიასთან რომანი 26 ივნისს დაიწყო. პლათის „ფუტკრის ლექსები“ კი, რომელიც სავსეა რეალური ობიექტებითა და მოვლენებით, წარმოადგენს მისი და ტედის ურთიერთობის დასასრულის მეტაფორას: „ეჭვიანობა სისხლდენას იწვევს/და შავ ვარდებს ახარებს.“

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ დროს სილვია საშინელ დეპრესიაშია და ექიმ ჯონ ჰორდერის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ის მუდმივად ანტიდეპრესანტებს სვამს, რაც არც ისე კარგ გავლენას ახდენს მის ჯანმრთელობაზე.

 კვირას, 3 თებერვალს,   სილვიამ დაურეკა ტედს და მასთან მისვლა სთხოვა. ტედი მასთან ღამის 2 საათამდე დარჩა, სილვიას ჩანაწერების მიხედვით, ერთად თავს  კარგად გრძნობდნენ. სილვიამ ლექსები წაუკითხა ტედს, მეორე დღეს კი ისევ დაურეკა და ორი კვირის ვადა მისცა, რომ ქვეყანა დაეტოვებინა, რადგან მის შესახებ ჭორების მოსმენა აღარ სურდა. 

5 თებერვალს, სამშაბათს, სილვიამ ორი ლექსი დაასრულა „ბუშტები“ და „ზღვარი“ სადაც სიკვდილ-სიცოცხლეზე მეტაფორების საშუალებით საუბრობს და ხატავს იმ ტვირთს, რაც სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის მოსიარულე ადამიანს ამძიმებს.  „ბუშტები“ მთავრდება ბუშტის გახეთქვით.  „წითელი ნაკუწები ბავშვის მუჭში“. ლექსში „ზღვარი“ ის გარდაუვალი სიკვდილის გამო მწარე, თუმცა მაინც მშვიდ მზადყოფნას გამოხატავს: „აქამდე მოვედით, ამბავი დასრულდა“.

ოთხშაბათს გაცოფებულმა ტედმა იმის სათქმელად დაურეკა სილვიას, რომ ადვოკატის დაქირავებას აპირებდა, რათა სილვიას მეგობრების მიერ მის შესახებ გავრცელებული ჭორებისთვის ბოლო მოეღო - ისინი ხმებს ყრიდნენ, თუ რა დაუნდობლად ეპყრობოდა მას ტედი.

7 თებერვალს სილვიამ ტედს აცნობა, რომ მასთან განქორწინებას არ აპირებდა და მთელი ეს აურზაური განქორწინების შესახებ სრულ  სისულელედ მიაჩნდა.

ამ დროისთვის ტედი და ასია უკვე აღარ მალავდნენ თავის ურთიერთობას, ერთად ჩნდებოდნენ ხალხში,  როგორც შეყვარებული წყვილი და თანაც, ასია ფეხმძიმედ იყო.

ელიზაბეტ ზიგმუნდი, სილვიას ახლო მეგობარი ამბობს: „ბოლო წერილი თვითმკვლელობამდე სულ რამოდენიმე დღით ადრე მომწერა. ის მომავლის გეგმებით იყო სავსე, რადიოგადაცემაში აპირებდა მონაწილეობის მიღებას, და ასევე, ლონდონის თეატრში პოეზიის სესიის წაყვანას.  მწერდა, თუ როგორ ენატრებოდა დევონი: „იქ წავალ და ტედიც ჩამოვა. დაკარგულ ედემს ვერ ვივიწყებ.““

ელიზაბეტი ასევე   გამოთქვამს თავის ვარაუდს: „იმასაც ვფიქრობ, რომ შესაძლოა, სილვიამ ასიას ფეხმძიმობის შესახებ გაიგო. ამას გარდა,  იმ დღეებში, რადიოში ტედის ახალი რადიოდადგმა, „შეყვარებული კაცის პრობლემები“ გადმოსცეს. ეს პიესა, ტედის თქმით, დაფუძნებულია მის სიზმარზე, რომელშიც, ლონდონის გზაზე ახალგაზრდა კაცმა მანქანით კურდღელი გაიტანა. შემდეგ მან ეს კურდღელი ყასაბს მიჰყიდა, ხოლო იმ ფულით თავისი შეყვარებულისთვის წითელი ვარდები შეიძინა.

პიესის მეორე ნაწილში აღწერილია შეყვარებულთან დაკავშირებული  აკვიატებული შიში და შეპყრობილობა.  ამის მოსმენის შემდეგ, სილვიას შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მთელმა ლიტერატურულმა წრემ იცოდა ტედის ახალი სიყვარულის შესახებ. მის ირგვლივ შექმნილი რეალობა,  უკვე საშინლად დამამცირებელი ხდებოდა.“

 

ის შაბათი - კვირა სილვიამ და ბავშვებმა ჯილიან ბეკერთან გაატარეს.

ორშაბათ დღეს,  1963 წლის 11 თებერვალს, ექიმმა ჯონ ჰორდერმა მისი პაციენტის, სილვია პლათის სხეული დაათვალიერა და დაასკვნა, რომ ის 6 საათის წინ გარდაიცვალა.  სილვიამ თავი გაზით მოიწამლა სამზარეულოში, მაშინ, როცა ბავშვებს მეორე სართულზე ეძინათ, მან მანამდე მათ საუზმე მოუმზადა, ხოლო თავისი ექიმის ტელეფონის ნომერი და მისამართი კი ფურცელზე დაწერა და იქვე, ბავშვის ეტლზე მიამაგრა.

 

სილვიას ახლო მეგობარი, ანე სტივენსონი ამბობს: „დღიურებში, რომლებსაც  სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში წერდა, სილვია აღწერს იმ საშინელ ინტერვალს, როდესაც ერთი აბი ძალას კარგავდა და მეორე აბის დალევის დრო ჯერ არ იყო.  ეს, როგორც წესი, დილით ადრე, ორი საათი გრძელდებოდა.   მისი სიკვდილის შემდეგ, როგორც სილვიას დედამ თქვა,  ის წამალი სილვიას სამკურნალოდ მისი  თვითმკვლელობის პირველი მცდელობის შემდეგ გამოიყენეს,  მაგრამ წამალს ძლიერი უკუჩვენება აღმოაჩნდა  - სილვიას თვითმკვლელობის სურვილი გაუმძაფრა, ამიტომ, ექიმებმა მკაცრად გააფრთხილეს, რომ ეს აბები არასოდეს მიეღო. სილვიას ექიმმა არაფერი იცოდა ამის შესახებ. თავის დღიურში პლათი აღწერს იმ აუტანელ მდგომარეობას, რომელშიც ის იმ ავბედითი ორი საათის განმავლობაში იყო ხოლმე.“

იმავე „საშინელ ინტერვალზე“ და  სილვიას ზოგად სავალალო მდგომარეობაზე საუბრობს ჯილიან ბეკერიც.

სილვიას სიკვდილის შემდეგ, ტედი მაშინვე გადავიდა ბავშვებთან. ორი დღის შემდეგ, ტედისა და სილვიას ამერიკელი მეგობარი, ლუკას მაიერსი სილვიას ბინაში მივიდა მისასამძიმრებლად. როგორც ის ამბობს, ფეხმძიმე ასია სილვიას საწოლში ისვენებდა.

რადგან ერთი წლის ქირა წინასწარ იყო გადახდილი, ტედ ჰიუზმა იმ ბინაში გადაწყვიტა დარჩენა. იმავე კვირას, დევიდ ვევილი დედის ავადმყოფობის გამო სასწრაფოდ ოტავაში გაემგზავრა. ასია სამსახურის შემდეგ საღამოებს ტედთან და ბავშვებთან ერთად ატარებდა, თუმცა, ღამეს თავის ბინაში ათევდა.  ბავშვები ყველა ქალს ეხუტებოდნენ, ფრიდა კი ბედნიერი იყო, რომ „მამა დაბრუნდა“. ასიას ტედთან და ბავშვებთან გადასვლის ფაქტს საგულდაგულოდ უმალავდნენ სილვიას დედას. მას ასევე უმალავდნენ ასიას ორსულობასაც.

ის, რომ ასია ნამდვილად ტედისგან იყო ფეხმძიმედ, ეჭვს არასოდეს იწვევდა, მაგრამ ტედს მეტი შვილი არ უნდოდა, ხოლო თავად ასიას, კი, მიუხედავად იმისა, რომ ფრიდასა და ნიკოლასთან ურთიერთობა დიდ სიამოვნებას ანიჭებდა, თავად ფეხმძიმობა და შვილის გაჩენა შიშს გვრიდა. საბოლოოდ, მან აბორტი გაიკეთა.

ასიამ ბინაში სილვია პლათის ლექსების ციკლი „არიელი“ აღმოაჩინა და აღფრთოვანებული დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ სილვია ამ ლექსებში თავის აგრესიას გამოხატავდა საყვარლების მიმართ. ასიამ საკუთარ თავს ტრაგიკული მუზა უწოდა.

ასიამ ასევე წაიკითხა სილვიას დღიურები და ძალიან გაუკვირდა, რომ ტედისა და სილვიას ქორწინება გაცილებით მოსაწყენი აღმოჩნდა, ვიდრე ტედი უამბობდა.  განცვიფრდა იმის გამოც, რომ იქ მის მიმართ სილვიას მტრული დამოკიდებულება დაინახა.  ასიამ აღმოაჩინა სილვიას რომანის ხელნაწერიც, სადაც პერსონაჟების პროტოტიპები ის და დევიდი იყვნენ.

ასიას იმედი ჰქონდა, რომ ტედი ამ რომანს გაანადგურებდა. არავინ იცის, ტედმა მართლაც მისი სურვილი შეასრულა თუ არა, მაგრამ ფაქტია, რომ ის რომანი არავის უნახავს. ჰიუზი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ რომანი სილვიას დედამ წაიღო.  რაც შეეხება სილვიას დღიურებს, ტედმა მოგვიანებით აღიარა, რომ თავად გაანადგურა ისინი, რადგან არ სურდა ბავშვებს ოდესმე წაეკითხათ.

თუმცა, აღმოჩნდა სხვა დღიურებიც, რომლებიც სილვიას სხვა ადგილას  ჰქონდა  შენახული. ისინი, მართალია განადგურებას გადაურჩა, მაგრამ ადგილ-ადგილ- ფურცლები ამოხეულია. დღიურს აკლია ბოლო ფურცელი, სილვიას უკანასკნელი, სავარაუდოდ, 7 თებერვლის  ჩანაწერი, რადგან ბოლო დღეებში, რომელიც  სილვიამ ბავშვებთან ერთად ჯილიან ბეკერის სახლში  გაატარა, დღიური თან არ ჰქონდა.   

ერთ თვეში დევიდ ვევილი ლონდონში დაბრუნდა. საინტერესოა, რომ ტედ ჰიუზისა და ასია ვევილის სასიყვარულო ურთიერთობა დევიდისგან მალულად გრძელდებოდა, მათ ერთმანეთთან დასაკავშირებლად საიდუმლო კოდი მოიგონეს, ჰიუზი ყოველ დღე სასიყვარულო ბარათებს სახლში უგზავნიდა ასიას. უცნობია, რატომ არ უგზავნიდა ის ამ ბარათებს ოფისში,  სავარაუდოდ,  მათ ცეცხლთან თამაში მოსწონდათ.

ამასობაში ტედ ჰიუზი მიხვდა, რომ ძიძა ბავშვებს დედობას ვერ გაუწევდა და ასიას მასთან გადასვლა მოთხოვა. ასია დათანხმდა, თუმცა იქვე აუხსნა, რომ სამუდამოდ დარჩენას არ აპირებდა.  დევიდი და ასია, მაშინდელი კანონების მიხედვით, ექვსთვიან განქორწინებაზე შეთანხმდნენ. დევიდი ესპანეთში გაემგზავრა, ხოლო ასია ტედთან და ბავშვებთან გადავიდა.

ასიამ გადასვლისთანავე  დიასახლისობა დაიწყო და სილვიას მეგობრებს, რომლებიც იქ ხშირად ჩნდებოდნენ,  კარისკენ მიუთითებდა. როგორც ველდონი, ასიას თანამშრომელი ამბობს, ასია არ იყო ზარმაცი, სახლში მუდამ სისუფთავე სუფევდა, ყველაფერი კრიალებდა, ასია ბავშვებს გერმანულს ასწავლიდა, ტედს მაქსიმალურად უქმნიდა მშვიდ სამუშაო გარემოს, მაგრამ ის უდაოდ, უკეთესს იმსახურებდა, ვიდრე ქორთ გრინი იყო.

ბუნებრივია, სილვია პლათის მეგობრები ტედსა და მის საყვარელს ადანაშაულებდნენ სილვიას თვითმკვლელობაში, თუმცა, ასიას არც დანაშაულის გრძნობა აწუხებდა და არც სინდისის ქეჯნა. პირიქითაც კი, ის აცხადებდა, რომ სილვიამ ეს სპეციალურად ჩაიდინა, რომ მისი და ტედის ბედნიერებისთვის ხელი შეეშალა. 

ერთ ღამეს, ტედს ესიზმრა, რომ სილვიას თმა გაუთეთრდა, ხოლო თავად ტედმა კი იმ კატას ესროლა,  ბოსტონში რომ ჰყავდათ, მაგრამ კატა არ მოკვდა. ტედს გაეღვიძა და ისტერიულად უყვებოდა ასიას სიზმარს.  იმ პერიოდის ღამის კოშმარები მის პოეზიაშიც აისახა. „მგლების ყმუილი“ და „ვირთხის სიმღერა“,  „სამი სიზმარეული შეხვედრა სილვიასთან. “

ტედის შეშფოთებას ისიც აძლიერებდა, რომ დევიდი დანებებას არ აპირებდა, ისევ იმედი ჰქონდა, რომ ასიას ვნება  ტედის მიმართ ჩაიფერფლებოდა და მასთან დაბრუნდებოდა. ასია ისევ ორ კაცს შორის იხლიჩებოდა. ის თავის დღიურში წერს: „ტედი ღამეებს კოშმარში ატარებს. ამის ყურება მიჭირს. ვერ მშვიდდება. თუ მივატოვებ, ერთი ქალიდან მეორეზე გადავა.“

1963 წლის 27 მარტს ტედი წერილს სწერს ასიას: „დილით გირეკავდი. შენი ნახვა მინდოდა....

თუ შენ და დევიდი დაშორებას აპირებთ, მაშინ ჯობს ეს ახლავე გააკეთოთ.

ახლა რაც ხდება, ყველასთვის მტკივნეულია. თუ ჩემთან დარჩები, დევიდი დაიტანჯება, თუ მასთან დარჩები, შენ დაიტანჯები, და გგონია ამით მის ტანჯვას ბოლო მოეღება? ვერ ვხვდები,  ბედნიერებას როგორ დაიბრუნებს, თუ მე მას შენ თავს  ჩემი ნებით  გადავცემ, როგორც პატიმარს, ან უსიცოცხლო სხეულს? სულ არ ედარდება, რას განიცდი....

მხოლოდ გამოსავალზე ვფიქრობ, სხვა ვერაფერს ვაკეთებ. ერთადერთი ხსნა ისაა, რომ დევიდმა უნდა გააცნობიეროს შენი გრძნობები და თვალი გაუსწოროს რეალობას. თუ ასე მოიქცევა, მაშინ რაღაც იმედი კიდევ არსებობს ჩვენთვის ყველასთვის, თუმცა, ძალიან  მტკივნეული იქნება მისთვის. თუ არა და, მაშინ რისი იმედი უნდა გვქონდეს ან შენ,  ან მე, ან მას? მე მთელი ჩემი ყურადღება ბავშვებზე მაქვს გადატანილი და იმაზე, რაც ჩვენ შეგვიძლია ერთად გავაკეთოთ, შენც ამბობ, რომ ესაა შენთვის მთავარი. მე მჯერა შენი და თუ დევიდთან დარჩენას ამჯობინებ, მაშინ არც კი ვიცი, რა უნდა ვქნა.

დევიდს სჯერა, რომ შენი გრძნობები ჩემს მიმართ დროებითია, მე კი მჯერა, რომ მუდმივია. ასე, რომ შენ უნდა გადაწყვიტო, ისე მოიქეცი, როგორც გული გიკარნახებს და დაგვანახე, რომელი ჩვენგანი ცდება. ამ პრობლემის გადაჭრის სხვა გზას ვერ ვხედავ.

კარგად იცი, შენს მიმართ რას ვგრძნობ. ჩემი გრძნობების შეცვლა რომ შემეძლოს, მაშინ ბოლო ექვსი კვირის განმავლობაში შევცვლიდი. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ჩემი სიყვარული სამუდამოა, მაგრამ იმას არ ნიშნავს, რომ ის სხვის გრძნობაზე ძლიერია, მაგალითად, დევიდის გრძნობაზე, მაგრამ ის უფრო სრულყოფილია და უცვლელი, და შეგიძლია მთლიანად დაეყრდნო, თუ მე ამირჩევ.....

როგორც ამბობ, დევიდის მიტოვება ახლავე  გინდა. თუ მართლაც ასეა, მაშინ როგორ შეიძლება ექვსი თვის შემდეგ დაბრუნება მოგთხოვოს? ... “

მიუხედავად იმისა, რომ ასია აღფრთოვანებული იყო ტედით და  გენიოსადაც მიიჩნევდა, მას აშფოთებდა მისი სექსუალური გაუმაძღრობა, ცრურწმენები ქორწინებასთან დაკავშირებით და უხასიათობა.

მალე ასიამ  აიკვიატა, რომ სილვიას ბედისწერა იზიდავდა. თანდათან ეუფლებოდა განცდა, რომ ტედი მისი ერთგული არ იყო, მიაჩნდა, რომ სილვია ტედისთვის მუდამ საყვარელი ცოლი იქნებოდა, ხოლო თავად კი ყოველთვის საყვარლის როლში დარჩებოდა.

1963 წლის 15 მაისს ასია ვევილს 36 წელი შეუსრულდა, მაგრამ თავს ასი წლის მოხუცად გრძნობდა. აქამდე, ასე თუ ისე, მაინც  აკონტროლებდა სიტუაციას, ახლა კი, თავს ვეღარ ართმევდა. „ტედის ჩრდილქვეშ ვარ, ტედის და სილვიას ჩრდილქვეშ.“ - ვკითხულობთ მის დღიურში. „მე ვარ უსუსური საყვარელი, რომელიც სამუდამოდ დარჩება მათი მისტიური შვიდი წლის ჩრდილში“. ის დასტიროდა თავის „მესამე და ყველაზე ტკბილ ქორწინებას. რა სიგიჟე შემიჩნდა,  რა ძალა მადგა, რომ ამ კოშმარულ დომხალში ამოვყავი თავი. ....   სილვია, ჩემი წინამორბედი, ღამით ჩვენ თავებს შორისაა.“

თითქმის მთელი მაისი, ასია ლოგინს იყო მიჯაჭვული ქრონიკული ცისტიტის გამო. „მარცხენა ძუძუზე სილურჯეს ტედი დიდი სიხარულით შეჰყურებს.“ წერდა ის თავის დღიურში. „თუ ლოგინში ასეთი ველური დარჩა, მალე უბრალოდ მოვკვდები“.  ავადმყოფობამ საკუთარი თავის რწმენა ბოლომდე დააკარგვინა „აღარც სურვილი მაქვს, აღარც ნიჭი, აღარც პატივმოყვარეობა. აღარც ქმარი მყავს.“

ასიამ მტკიცედ გადაწყვიტა, რომ ცალკე ეცხოვრა და ტედისგან შორს დაეჭირა თავი. მართლაც, თვის ბოლოს თავისთვის ბინა იქირავა, თუმცა, როგორც კი იქ გადავიდა,  საძილე აბები დალია, რათა თავისი საბრალო მდგომარეობისთვის წერტილი დაესვა.

როცა  მომჯობინდა, ასია ცხოვრებას თავისი უწინდებური სულისკვეთებით დაუბრუნდა.

მან შესანიშნავად შეითავსა დედინაცვლის მოვალეობა.  „ბავშვები ძალიან მიყვარს, და მგონი, უფრო შემიყვარდება, როცა წამოიზრდებიან.“ წერს ის თავის დღიურში.

ორივე, ტედიც და ასიაც ყოფილი მეუღლეების შემოქმედებას აწესრიგებდნენ. ტედი სილვიას ლექსებს არედაქტირებდა და  სხვადასხვა გამომცემელთან აგზავნიდა,  ასია კი დევიდის ლიტერატურული აგენტის როლს ასრულებდა.

ტედმა სილვიას დედის წერილი მიიღო, სადაც აურელია სურვილს გამოთქვამდა,  ზაფხული ბავშვებთან ერთად გაეტარებინა. ამაზე ტედმა სასტიკი უარი განუცხადა:

„...მეშინია, რომ მთელი დღეები ისე იგლოვებ ბავშვებს, როგორც სილვიას, რადგან მას ძალიან გვანან, განსაკუთრებით, ფრიდა. ან, შესაძლოა, უარესიც მოხდეს - ბავშვებს შენი სიყვარული თავს მოახვიო, რათა ამით  სილვიას სიყვარული აუნაზღაურო. ეს ნამდვილი საშინელება იქნება. შენს სიყვარულს, ისევე, როგორც ჩემსას, რეალური ობიექტი აღარ ჰყავს, ასე, რომ, ის შესაძლოა ნებისმიერი გზით განვითარდეს, რელიგიურ თაყვანისცემაშიც კი გადაიზარდოს, ხოლო თუ ის ბავშვების სახით ობიექტის შემცვლელს იპოვის,  მაშინ ფრიდასა და ნიკლასის ქვეცნობიერი  არარეალურ სამყაროში აღმოჩნდება, გაუგებარ გრძნობებში, რაც აუცილებლად დააზიანებს მათი რეალობის აღქმის უნარს...“

 ის ზაფხული ყველამ ერთად ტედის მშობლებთან გაატარა. თავის დღიურებში ასიამ აღწერა ოჯახური ვახშამი, რომლის დროსაც, როცა ის ფრიდას ვახშამს უსხამდა, მან  და ტედმა ერთმანეთს აკოცეს. და საერთოდ, ყოველთვის კოცნიდნენ ერთმანეთს, როცა გვერდიგვერდ აღმოჩნდებოდნენ.

სექტემბერში, ტედი და ბავშვები დევონში დაბრუნდნენ, ხოლო ასია კი ლონდონში, სილვიას ბინაში დარჩა. ტედს დრო სჭირდებოდა, და ასიას გაუჩნდა ეჭვები ტედის მის მიმართ დამოკიდებულების შესახებ. როდესაც დევიდ ვევილი ესპანეთიდან დაბრუნდა, ის ასიასთან ერთად იმავე ბინაში ცხოვრობდა.  

ტედი მუდმივად იცვლიდა აზრს იმის შესახებ, თუ სად სურდა ცხოვრება. ასია შიშობდა, რომ ის თავისი მშობლების ახლოს დასახლდებოდა.  „ჩრდილოეთი თავზარს მცემს.“ აღიარებდა ის და ცხადად წარმოედგინა ცივი ჩრდილოეთის ქვის სახლი, საკუთარი თავი „დაქანცული, წითელი, დამსკდარი ხელები, ბავშვები მაიმუნებივით ჭყავიან, ტედი პატარა გაყინულ ოთახშია ჩაკეტილი, და გარეთ მხოლოდ დღეში სამჯერ გამოდის, დათვივით მშიერი, მე სრულ იგნორირებას მიკეთებს. ყველანი ჭუჭყიანები და მოუვლელები ვართ, ცხვირაწეული სტუმრები ლონდონიდან ჩამოდიან,  მე ოჯახის დიასახლისი ვარ. მასზე ოდესმე დაქორწინების იდეაც კი საზიზღრობაა. დაე, მის ღმერთად დარჩეს.“

სილვიას მსგავსად, ასიას გაუჭირდა ტედის ოჯახთან ურთიერთობა, მათ პურიტანულ იდეებთან შეგუება. ტედის მშობლები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ მათი ვაჟის ურთიერთობის გამო სამჯერ განქორწინებულ ქალთან, ისინი შიშობდნენ, რომ ეს კავშირი ტედის რეპუტაციას ვნებდა და რაინდობის მოპოვების შანსს უკარგავდა.

როდესაც ასია და ტედი მათთან ღამე რჩებოდნენ,  ცალ-ცალკე ოთახებში უწევდათ ძილი. როდესაც დილით ასიას ტედთან ყავა შეჰქონდა, სულ იმაზე ფიქრობდა, რომ იმ ოთახში „ალბათ ტედი და სილვია ერთად იწვნენ.“    

რა უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, ასიას და დევიდს ურთიერთობა არ შეუწყვეტიათ. დევიდს ბოლომდე ჰქონდა იმედი, რომ ასიას დაიბრუნებდა. ალექსანდრა ტატიანა ელიზი (შურა) 1965 წლის 5 მარტს დაიბადა. დევიდს ყველა საფუძველი ჰქონდა, ევარაუდა, რომ ის მისი შვილი იყო, თუმცა ასია მამად ტედს ასახელებდა. ბავშვის დაბადებიდან  ათი თვის შემდეგ ასიამ დევიდი საბოლოოდ მიატოვა და ტედთან ერთად ირლანდიაში გაემგზავრა. ეს პერიოდი მათთვის ნეტარების ხანა იყო. ტედი თავს ბედნიერად გრძნობდა, რომ მისმა შვილებმა  პატარა და კარგად მიიღეს და ასიაც გამორჩეულად მზრუნველი დედა აღმოჩნდა.

თავიდან, ისინი ირლანდიაში ხუთი წლით გეგმავდნენ დარჩენას, თუმცა, ტედის დედის, ედიტის  ავადმყოფობის გამო, ხუთი თვის შემდეგ დევონში დაბრუნდნენ. ტედის  მშობლები ისევ თვლიდნენ, რომ ასია ტედის რეპუტაციას ანადგურებდა. ტედის მამა სრულიად აიგნორებდა ასიას, არასოდეს ესაუბრებოდა, არც მაგიდასთან ჯდებოდა მასთან ერთად.  ნებისმიერი უთანხმოების შემთხვევაში, ტედი მშობლების მხარეს იჭერდა.

ასია ვევილი იდეალური პარტნიორი გამოდგა: არტისტული ნატურის, წერდა ლექსებს და შესანიშნავად ხატავდა. მიუხედავად ნიჭიერებისა, ის არ იყო ამბიციური, და არც ხელოვანებისთვის დამახასიათებელი ეგო გააჩნდა.  „ტედს უბრალოდ არ შეუძლია ერთი სიტყვაც კი არასწორად დაწეროს.“ წერდა დღიურში აღფრთოვანებული ასია. მისთვის პატივი იყო, რომ „ღმერთის საუკეთესო ქმნილებას“ შეხვდა.

ჰიუზი უამრავი ახალი იდეით იყო სავსე. მან თავის თავში იპოვა ძალა, რომ სილვიას თვითმკვლელობას ჩაწვდომოდა  და ცნობილი პოეტური ციკლის „ყვავის“ („ყვავის ცხოვრება და სიმღერები“)  წერა დაიწყო. ის ამ ციკლის ხელნაწერებს ასიას აძლევდა კომენტარებისთვის. ასია ყოველთვის  იწონებდა ტედის ლექსებს, და ამით დიდ სტიმულს აძლევდა მას. ასიას ჰქონდა ენის საოცარი შეგრძნება და კარგი ლიტერატურული გემოვნება. საუკეთესო ლექსები ტედ ჰიუზის ორ პოეტურ ციკლში ვუდვო (Wodwo)  და ყვავი (Crow) , მისი მონაწილეობით დაიწერა.

ამასთან, ტედი და ასია ერთად მუშაობდნენ წიგნზე, სადაც ჰიუზის ლექსები და ასიას  ნახატები უნდა შესულიყო. თემა იყო „Full Houze” (ფულ ან ფულ ჰაუსი - ერთნაირი ღირებულების (სამი) კარტის და მეორენაირი ღირებულების ორი კარტის კომბინაცია.)  ტედმა და ასიამ ბანქოს ქაღალდები, რომელზეც ტრადიციული მეფე, დედოფალი და ა.შ. მითოლოგიური და ისტორიული  პერსონაჟებით შეცვალეს. ასია ხატავდა, ხოლო ტედი ამბებს თხზავდა.

ჰიუზის ახლო მეგობარი, პოეტი და მთარგმნელი მ. ჰამბურგერი იხსენებს მათ სხვა ერთობლივ ნამუშევარსაც: ასიამ ერთხელ აჩვენა „მინიატურული ნახატები, ბრწყინვალე ფერებში შესრულებული პატარა ცხოველები და მცენარეები, ტედის ახალი წიგნის ილუსტრაციები.“ არც ერთი წიგნი ბოლომდე არ მისულა. ჰიუზის იმდროინდელი ლექსების ნაწილი გადარჩა, ხოლო ასიას ნახატები მთლიანად დაკარგულია.

ასია ვევილის დღიურები შესანიშნავად გვიხატავს ტედ ჰიუზს მუშაობის დროს:

„ფეხებგადაჯვარედინებული ტედი სილვიას საწერ მაგიდასთან გვერდულად ზის,   რადგან მაგიდა ძალიან პატარაა  მისთვის და ხეირიანად ვერ ეტევა. ცალ ხელში სენდვიჩი უჭირავს, მეორეში კი კალამი. წერის დროს ნესტოები ებერება, თმა ფარშავანგივით  ეშლება, თვითონ კი წინ და უკან ირწევა.  უზარმაზარ მხეცს ჰგავს, დღესასწაულს რომ გასცქერის და ბრწყინვალებისა და მრავალფეროვნებისგან თვალები უჭრელდება და იბნევა.“   

ასიას შეეძლო საათობით ეყურებინა ტედისთვის. ტედი სამუშაოზე  მთლიანად იყო კონცენტრირებული, ციებიანივით მუშაობდა,  შეპყრობილივით, და არანაირ ხმაურზე არ რეაგირებდა. „როცა ბრაზდება, ტედს სახეზე შავი ფერი ეფარება და თვალებში სიყვარული უქრება. ღამით მისი ატანა არ შემიძლია, ვერ ვიტან მის მკლავს ჩემი თავის ქვეშ, თითქოს ხელი კი არა ხის ძელია.“

მისი საშინელი ხასიათი განსაკუთრებით მაშინ იჩენდა თავს, როცა მუზა ღალატობდა.

ასიას დროდადრო თავს ახსენებდა დეპრესია და სილვიას აჩრდილი.

ამასობაში, ედიტის ჯანმრთელობა უარესდებოდა, ამის გამო, ტედი, ასია და ბავშვები ტედის მშობლებთან მიდიოდნენ იორკშაირში, ან ისინი ჩამოდიოდნენ დევონში. 1968 წელს, დევონში ბოლო ასეთი თანაცხოვრების შემდეგ, ტედი მიხვდა, რომ ვიდრე ედიტი და ასია ერთ ჭერქვეშ ცხოვრობდნენ, დედას გამოჯანმრთელება არ ეწერა. მან კონფლიქტის მოგვარების გეგმა შეიმუშავა: ასია და შურა ლონდონში გაემგზავრებოდნენ და იქ დაელოდებოდნენ, ვიდრე  ედიტი მომაგრდებოდა და სახლში დაბრუნდებოდა. ამ პერიოდში ტედი ლონდონში დადიოდა ასიასა და ბავშვის სანახავად, ან ისინი კვირაგამოშვებით ჩადიოდნენ დევონში.

ასე ცხოვრება აღარ შეიძლებოდა. ტედი და ასია თავისთვის სახლს ეძებდნენ, თუმცა, ასიას უკვე უჩნდება ეჭვი, რომ ტედი მასზე არასოდეს იქორწინებს. „ტედთან ერთად ცხოვრებაზე ვოცნებობდი, და ამ ოცნებას ბოლო მოეღო, გაქრა. სხვა კაცი აღარასოდეს იქნება. აღარასოდეს.“ წერს ის მამას სიკვდილის წინ.  

ფეი ველსონი, რომელიც  სარეკლამო სააგენტოში ასიასთან ერთად მუშაობდა, საუბრობს იმ სატანჯველის შესახებ, რაც ასიამ ლონდონში დაბრუნების შემდეგ გამოიარა:  „ხალხი მას სილვიას სიკვდილში ადანაშაულებდა და ზურგს აქცევდა, ხოლო ხმებმა ტედისა და კაროლ ორჩარდის რომანის შესახებ, მას  ბოლო მოუღო.“ ტედი, მიუხედავად იმისა, რომ უკვე ორჩარდზე ქორწინებისთვის ემზადებოდა, ასიას მაინც მომავლის იმედს აძლევდა, მასთან და შურასთან ერთად ცხოვრებაზე ესაუბრებოდა და ბინას ეძებდა, სადაც ერთად იქნებოდნენ.

1969 წლის 23 მარტს ასიამ შურას დასაძინებელი წამალი მისცა, შემდეგ სამზარეულოში თავის გვერდით დააწვინა და გაზი ჩართო. შურა იმ დროს მისი არსებობის ღერძი იყო. ის ფიქრობდა, რომ თუ 4 წლის გოგონა დედის გარეშე დარჩებოდა, ჰიუზები მას არასათანადოდ მოეპყრობოდნენ, ის შიშობდა, რომ 4 წლის ბავშვი უკვე დიდი იყო გასაშვილებლად, არც ის უნდოდა, შურა მარტო გაზრდილიყო, როგორც ობოლი, ან დედინაცვლის შვილი. შურას მკვლელობა მის მიმართ გადაჭარბებული პასუხისმგებლობის გრძნობის გამო ჩაიდინა.  სიკვდილის წინ ასიამ ორი წერილი დაწერა: ტედისთვის,  რომელიც ტედის გარდა არავის უნახავს, და მამასთვის. მამას ის წერს: „...გთხოვ, ნუ იფიქრებ, რომ შეშლილი ვარ და ეს ამის გამო ჩავიდინე...“ თავის დღიურში კი, ის თავის სიკვდილში  სილვიას აჩრდილს ადანაშაულებს.

ამასთან დაკავშირებით, არსებობს მოსაზრება, რომ სილვია პლათის დაკარგულ დღიურში, რომელიც მხოლოდ ასიამ, ტედმა და ტედის დამ, ოულინმა წაიკითხეს, ნამდვილად ეწერა ის, რაც ბავშვებს არ უნდა სცოდნოდათ.

სილვია თავის ბოლო ლექსში, „ზღვარი“ „ბერძნული დასასრულის“ აუცილებლობაზე საუბრობს:

 

„სრულქმნილი ქალი.

მკვდარ სხეულზე ვალმოხდილი

ღიმილი ადევს.

ბერძნული დასასრულის ილუზია  

მისი ტოგის კალთებში იკარგება.

შიშველი ფეხები თითქოს ამბობენ:

„აქამდე მოვედით,   ამბავი დასრულდა“.

დაკლაკნილი მკვდარი ბავშვები, თეთრი გველები, ორივეს

თავისი რძის ბოთლი აქვს, უკვე დაცლილი,

დედამ ისინი საკუთარ სხეულში დაიბრუნა, როგორც

ვარდი ხურავს ფურცლებს, როცა ბაღში ჰაერი

სქელდება და ღამის ყვავილის ღრმა, ტკბილი დვრილებიდან

სურნელება სისხლივით მოჩქეფს....“

 

„სილვია თავზარდამცემ სურათს ხატავს.“ ამბობს ჯილიან ბეკერი. ეს ნიშნავს, რომ ის ბავშვების მოკვლას აპირებდა, რათა მედეას მსგავსად, ქმრისთვის სამაგიერო გადაეხადა.“

„ასია ვევილმა ნამდვილად წაიკითხა სილვის დღიურის ბოლო ჩანაწერი. იბადება კითხვა, რა როლი ითამაშა ამ ფაქტმა ასიასა და შურას სიკვდილში? საშინელი სათქმელია, მაგრამ იქნებ სწორედ ასე აჯობა თავის მკვდარ მეტოქეს ასიამ, გააკეთა ის, რაც სილვიამ ვერ შეძლო?“ - მოსაზრებას გამოთქვამს დევიდ ტრინიდადი.

ამას ხომ არ გულისხმობდა, როცა სილვიას აჩრდილს ადანაშაულებდა თავის გადაწყვეტილებაში? ან იქნებ, თავისი და თავისი შვილის სიკვდილით მან ტედს სილვიას სიკვდილშიც დასდო ბრალი? 

იმხანად, ტედის დედა, მძიმე ოპერაციის შემდეგ, უკვე გამოჯანმრთელების გზაზე იდგა, მაგრამ ტედს ეშინოდა, რომ ასიასა და შურას სიკვდილის ამბავი მის ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედებდა, ამიტომ, სახლში არც რეკავდა, და არც წერილებს წერდა. რამდენიმე კვირის შემდეგ ტედის მამამ ქალიშვილს ტედის უცნაური ქცევის მიზეზი ჰკითხა, ქალიშვილმა ეს ტრაგიკული ამბავი გაუმხილა, თუმცა სიტყვა ჩამოართვა, რომ დედას დაუმალავდა,  მამამ ვერ მოითმინა და ცოლს ყველაფერი უამბო. ქალი კომაში ჩავარდა და სამ დღეში გარდაიცვალა.

ასიასა და შურას სიკვდილის შემდეგ ტედ ჰიუზმა დაწერა ლექსი, სადაც აღიარებდა,რომ  იტანჯებოდა იმის გამო, რომ ყველაზე ძვირფასი და ახლობელი ადამიანების დაღუპვის მიზეზი გახდა, მათი,  „ ვინც ჩემი ცხოვრება იყო.“ მას ეს ლექსი არასოდეს გამოუქვეყნებია.   1990 წელს გამოვიდა ტედ ჰიუზის ლექსების კრებული, Capriccio (კაპრიჩიო) სადაც შედის 20 ლექსი, რომელიც ასია ვევილს ეძღვნება, და სადაც  ჰიუზი ბრალს დებს მას, რომ თავის შეგნებულად დაიწვა სილვია პლათის სასიკვდილო კოცონზე.          

მთელი თავისი შემდგომი ცხოვრების განმავლობაში, ტედ ჰიუზი თავს არიდებდა ჟურნალისტებსა და ბიოგრაფებს, და სთხოვდა თავის მეგობრებს, რომ ის, და განსაკუთრებით, ასია და შურა არსად ეხსენებინათ, არც ინტერვიუებში და არც მემუარებში. როდესაც ემორის უნივერსიტეტში მისი პირადი არქივი  გაიხსნა, იქ ასიას კვალიც კი არ აღმოჩნდა, არც მათი მიმოწერა იყო შემონახული, არც ჩანაწერები, არც ნახატები და არც ფოტოები.

იმ უაღრესად იშვიათ შემთხვევებში, როცა ჰიუზი თანხმდებოდა თავისი ბიოგრაფიული მონაცემები წარედგინა, ის აცხადებდა, რომ სილვია პლათის სიკვდილის შემდეგ, 1970 წლამდე, ვიდრე კაროლ ორჩარდზე დაქორწინდებოდა, ის ბავშვების აღზრდით იყო დაკავებული და ამაში დახმარებას მხოლოდ ოჯახის წევრები და ძიძა უწევდნენ. მაშინ, როცა რეალურად, ასია ვევილი ცხოვრობდა პლათის, „მოჩვენებათა სახლში“, როგორც ასია მას უწოდებდა.

საყურადღებოა, რომ 1969 წლის 14 აპრილს ტედი ასიას უმცროს დას, სელიას წერს: „...ჩემი ცხოვრება დაცარიელდა. ვიცი, მხოლოდ ერთი ნაბიჯი რომ გადამედგა, ბოლო საუბრისას სულ მცირე იმედი რომ მიმეცა მისთვის, სულ ცოტა უფრო დაბეჯითებით რომ მელაპარაკა, ახლა ის კარგად იქნებოდა. .... საერთოდ კი, ერთ-ერთ ჩვენთაგანს შეეძლო მეორე იმ უკიდურესი დაძაბულობიდან გამოეყვანა, მაგრამ იმ დღეს ორივე უკვე დაქანცულები ვიყავით. აზრზე არ ვარ რა უნდა ვქნა. შურა ყველაზე საოცარი პატარა გოგონა იყო, და ყველაზე ლამაზი.

არ ვიცი, როგორ მოვიქცე. ალბათ დავტოვებ იმ უიღბლო სახლს და ირლანდიაში გადავალ.....

ასია იყო ჩემი ცოლი და საუკეთესო მეგობარი, ვინც კი ოდესმე მყოლია.“

მართალია,   ციკლი „ყვავის“ წერის დროს ტედი სილვიას თვითმკვლელობის მიზეზებს ეძებდა, მაგრამ დასრულებული ციკლი ასიასა და შურას მიუძღვნა. ელიზაბეტ ზიგმუნდი იხსენებს:  „ამ ციკლის გამოქვეყნებამდე ტედმა მიამბო, თუ რას ხილვა ჰქონდა მას:  ეს იყო კაცი, რომელიც უდაბნოში მარტო ზის, ხელში იარაღი უჭირავს, რომელშიც მხოლოდ ერთი ტყვია დევს. იქვე ხეზე შავი ფრინველი ზის ხეზე; კაცს ვერ გადაუწყვეტია, თავი მოიკლას თუ ყვავს ესროლოს.“

ჰიუზი ყვავის სახით საყვედურს ეუბნება ღმერთს მისი შექმნილი სამყაროს გამო და თავად იწყებს სამყაროს ხელახლა შექმნას. „პირველად იყო კივილი....“  ასე იწყება ყვავისთვის სამყარო - პირველად იყო არა სიტყვა, არა ღმერთი, არა ნათელი, არამედ კოშმარი და სასოწარკვეთა. ის იყო პირველადი ენერგია, რამაც საბოლოოდ შექმნა ყვავი.

ტედი ახლო მეგობარს, ლუკას მაიერს წერდა, რომ სილვიას თვითმკვლელობა თავად სილვიას  „ავადმყოფური გადაწყვეტილება იყო“ მაშინ, როდესაც ასიას თვითმკვლელობა ტედის „ავადმყოფური გადაუწყვეტელობის“ ბრალია. 1996 წლის ოქტომბერში ტედ ჰიუზი თავის ინტერვიუში ამბობს, რომ სილვია პლათის თვითმკვლელობა „ იყო გარდაუვალი, ის თავისი ცხოვრების უმეტესი ნაწილი იქით მიექანებოდა, მაგრამ ასია ვევილის სიკვდილის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.“ ალბათ ამ დანაშაულის გრძნობის გამო ცდილობდა ის ასიას კვალი თავისი ცხოვრებიდან სრულიად წაეშალა.

რაც შეეხება სილვია პლათის მუდმივ სვლას სიკვდილისკენ, უნდა გავიხსენოთ, რომ მან თვითმკვლელობა პირველად  1953 წელს, 20 წლის ასაკში სცადა. თავისი ცხოვრების ეს პერიოდი და განცდები სილვიამ 1963 წელს გამოქვეყნებულ  რომანში „ზარხუფი“ აღწერა.

აქვე უნდა აღინიშნოს ერთი დეტალი. სილვია 1951 წელს თავის დღიურში წერს: „მშურს ყველასი, ვინც ჩემზე ღრმად აზროვნებს, ვინც უკეთ წერს, უკეთ სრიალებს თხილამურებზე, უკეთ გამოიყურება, უკეთ ცხოვრობს, მეტად შეუძლია სიყვარული.“

დაკვირვებული მკითხველი „ზარხუფში“ აუცილებლად დაინახავს იმ უზარმაზარ შიშს, რასაც ის განიცდიდა. სილვია თავს ირწმუნებდა, რომ ასე გაგრძელება აღარ შეიძლებოდა, თავადაც აუცილებლად უნდა შეცვლილიყო და თავისი ცხოვრებაც უნდა შეეცვალა.

რომანის გმირი, თინეიჯერი გოგონაა, რომელმაც სტიპენდია მოიგო და ნიუ-იორკში გაემგზავრა. წესით, ის ბედნიერი უნდა იყოს, მაგრამ ნიუ-იორკის კაშკაშა სინათლეების, ზღაპრული ცათამბჯენებისა და არაჩვეულებრივი ადამიანების ნაცვლად ის სიბინძურესა და ავისმომასწავებელ ბედისწერას ხედავს. გაზეთები როზენბერგების სიკვდილით დასჯაზე წერენ, და გოგონა თავიდან ვერ იშორებს ამ სურათს. ის იმითაცაა გაწბილებული, რომ ხვდება - არც ერთ აკადემიურ ჯილდოს, რომლის გამოც ის თავს არ ზოგავს, არანაირი რეალური ფასეულობა არ გააჩნია.

სილვია პლათის ცხოვრებაშიც იგივე მოხდა. მან სტიპენდია მოიგო და 1953 წლის ზაფხულში ჟურნალ Modemoiselle –ის მიწვევით სამი თვე გაატარა  „სტუმარ- რედაქტორად.“ 1930 -იანი წლებიდან მოყოლებული, ამერიკაში ეს ძალიან პრესტიჟულ სტიპენდიად ითვლებოდა თინეიჯერ გოგონებში, რომელთაც ლიტერატურული ამბიციები ჰქონდათ. Modemoiselle იყო ჟურნალი, რომელიც აქვეყნებდა პროზას, პოეზიას,  ფილმების კრიტიკას, ერთი სიტყვით, ყველაფერს ხელოვნების შესახებ, ხოლო კონკურსში გამარჯვებული „სტუმარი - რედაქტორები“, გოგონები,  რომლებიც მთელი ამერიკიდან ჩადიოდნენ ნიუ-იორკში,  წერდნენ სტატიებს, იღებდნენ ინტერვიუს, განიხილავდნენ კულტურულ სიახლეებს, აწყობდნენ წვეულებებს, ერთობოდნენ, ცეკვავდნენ. ეს მათთვის იყო ერთდროულად    გამოცდილების გაზიარება, მუშაობა, გართობა და ახალ ადამიანებთან ურთიერთობა.

სილვია პლათი, რომელიც 10 წლიდან სმიტის კოლეჯში ცხოვრობდა, მიჩვეული იყო, რომ მისი ლიტერატურული ნიჭის გამო ყველასგან გამოირჩეოდა, მაგრამ მისთვის დამთრგუნველი აღმოჩნდა, რომ ნიუ-იორკში მისი შესაძლებლობები სხვა გოგონებისას არ აღემატებოდა. ის წერილებში დედას ეწუწუნება დიდი დაღლილობისა და გამოფიტულობის შესახებ. მას მთელი ივნისის განმავლობაში ჟურნალისთვის არაფერი დაუწერია. ეს თავისთავად მიანიშნებს მის სრულ დაბნეულობასა და უარყოფით განწყობაზე. როგორც ჩანს, სილვიას სხვა გოგონებთან ურთიერთობის პრობლემებიც ჰქონდა:  ერთ-ერთი გოგონას სიტყვებით, სილვიამ ის მაშინვე აბუჩად აიგდო მისი აქცენტის გამო, ხოლო მეორე კი მასზე საუბრობს, როგორც უხეშ და ჩაკეტილ ადამიანზე. მოკლედ რომ ვთქვათ, სილვიასთვის ეს ზაფხული  მარტივი არ გამოდგა.

როგორც წიგნის გმირი ამბობს, მას აღარც კი უნდა რაიმე წარმატებას მიაღწიოს იმ სამყაროში, და რომ ამბიციები, რომელიც მას მთელი ცხოვრება ამოძრავებდა, უკვალოდ გაქრა.

როცა პლათი ნიუ-იორკიდან დაბრუნდა, სახლში არასასიამოვნო ამბავი დახვდა - მას ჰარვარდიდან ფრენკ ოკონერის  ჯგუფში ჩარიცხვაზე უარი უთხრეს. ეს უკვე მეტისმეტი იყო. სილვიამ საკვების მიღებაზე უარი თქვა, ვეღარც ძილს ახერხებდა და ვეღარც წერას. დედამ ჩარევა გადაწყვიტა და გოგონას, იმჟამად პოპულარული,  ელექტროშოკით მკურნალობის კურსი ჩაუტარდა, რამაც, ელექტროშოკის არასწორი გამოყენების გამო, უარყოფითი შედეგი გამოიღო - სილვიას ძლიერი ტკივილები დაეწყო და თვითმკვლელობაზე ფიქრმა შეიპყრო. მოგვიანებით, სილვია მეგობარს, ედი კოენს უამბობს: „მთელი დარჩენილი სიცოცხლე ფსიქიატრიული საავადმყოფოს ჯოჯოხეთში გატარების  ერთადერთი ალტერნატივა ის იყო, რომ ჩემი თავისუფალი არჩევანი გამეკეთებინა და სწრაფი, სუფთა დასასრული ამერჩია.“  მან გადაწყვეტილება მიიღო - წერილი დატოვა, რომ სასეირნოდ მიდიოდა, თვითონ კი სარდაფში ჩაიკეტა და საძილე აბები გადაყლაპა. სილვია  ორი დღის შემდეგ იპოვეს, როცა უკვე ყველა იმედი გადაწურული ჰქონდათ.

სილვიას კოლეჯში მთელი სემესტრი არ უვლია -  ბელმონტის საავადმყოფოში მკურნალობდა, სადაც  მცირე დოზებით იყენებდნენ ელექტროშოკს და ფსიქოთერაპიაც  ეფექტური გამოდგა. თუმცა, აქაც მოხდა საბედისწერო ფაქტი: იმხანად ფსიქოანალიზი პოპულარობის  მწვერვალზე იყო. მისმა მკურნალმა ექიმმა, დოქტორმა რუთ ბუშერმა, რომელმაც სილვიას დიდი ნდობა მოიპოვა, დაასკვნა, რომ მისი თვითმკვლელობის სურვილი განპირობებული იყო მამის დაკარგვით გამოწვეული ტრამვით, ანუ, მისი დაკვირვებით, სილვიას ელექტრას კომპლექსი ტანჯავდა.  სილვიას არ გაუპროტესტებია ეს დიაგნოზი, პირიქით, დიდი სიხარულითაც მიიღო, რადგან იმდროინდელ ამერიკაში ფსიქოანალიზი ლამის რელიგიის დონეზე იყო აყვანილი, ფროიდისა და იუნგის სახელები ყველას პირზე ეკერა, ძველი ბერძნული მითები და ღმერთები უნივერსალურ არქეტიპებად მიიჩნეოდა და ახალგაზრდა ამერიკელები, რომლებსაც ცხოვრებაში  წარუმატებლობის შიშით იყვნენ შეპყრობილნი ( იმ დროს ამერიკაში წარუმატებლობა სამოქალაქო ცოდვად ითვლებოდა), სულიერი რეაბილიტაციისთვის ფსიქოთერაპევტებს აწყდებოდნენ და მათ ბრმად ენდობოდნენ. როგორც პლათის ბიოგრაფები  ამბობენ, მხოლოდ ამ დიაგნოზის შემდეგ ჩნდება სილვია პლათის დღიურებში ჩანაწერები 8 წლის ასაკში დაკარგული მამის შესახებ, ამის შემდეგ ის შეპყრობილია მამის ხატით, თავის შემოქმედებაში დიდ ადგილს უთმობს მას.   დოქტორმა ბუშერმა, რომელიც კიდევ რამდენიმე წელი მკურნალობდა სილვიას, მოგვიანებით ასევე აუხსნა, რომ შესაძლოა ქმარი და დედა ყოფილიყვნენ მისი „მტრები“. როგორც სილვიას ჩანაწერიდან ჩანს, ექიმმა მას მისცა „უფლება სძულდეს დედა“.  უნდა აღინიშნოს, ამ ექიმთან ურთიერთობამ და არასწორმა მკურნალობამ ბევრწილად განსაზღვრა სილვიას შემოქმედება და ცხოვრება.

როცა საავადმყოფოდან  უკან, კოლეჯში დაბრუნდა, სილვია უკვე ძალიან პოპულარული იყო, როგორც მისი მეგობარი, ლუკას მაიერსი აღნიშნავს,   „მისი თვითმკვლელობის მცდელობის მიუხედავად თუ ამის გამო“. ლუკასი იმასაც აღნიშნავს, რომ სილვია მას მერე ძალიან შეიცვალა, უფრო მარტივად უყურებდა ყველაფერს, ეძებდა სექსუალურ თავგადასავლებს, ხვდებოდა ბიჭებს. კოლეჯის დამთავრების შემდეგ, მან კემბრიჯის უნივერსიტეტის სტიპენდია მოიპოვა და ინგლისში გაემგზავრა, სადაც თავის მომავალ მეუღლეს, ტედ ჰიუზს შეხვდა.

 „დიდი, ფეთქებადი, სახიფათო სიყვარული.“ ასე განმარტავს სილვია მათ ურთიერთობას.

პლათი, რა თქმა უნდა ბედნიერი იყო ტედთან, მათ ჰქონდათ საერთო გეგმები, ტედი სილვიასთვის არა მარტო  ქმარი და მისი შვილების მამა იყო, არამედ ასევე იყო შემოქმედებითი  პარტნიორი  და გიდი ლიტერატურულ სამყაროში. სილვიას ყოველთვის ახასიათებდა დეპრესიისადმი მიდრეკილება,  მთელი მისი ცხოვრება იყო ამერიკული ღიმილის ნიღბიდან საკუთარი თავის სიძულვილს შორის სვლა. ის იტანჯებოდა მუდმივი კონკურენციის გრძნობით და სურდა, ამერიკაში პოეტი ქალის სიმბოლოდ ქცეულიყო. 1958 წელს ის თავის დღიურში წერს:  „მგონი, ისეთი ლექსები დავწერე, რომ ამერიკის საუკეთესო პოეტესად მაღიარებენ. ვინ გამიწევს კონკურენციას? ჰმ, წარსულიდან საფო,  ელიზაბეტ ბარეტ ბრაუნინგი, ქრისტინა როსეტი, ემი ლოუელი, ემილი დიკინსონი - ეს რაც შეეხება მკვდრებს, ცოცხლებიდან კი - ედიტ სიტველი და მარიანა მური - მოხუცი გიგანტები და პოეზიის ნათლიები, ფილის მაკგინლი უკვე ვეღარ, უფრო მეი სვენსონი, იზაბელა გარდნერი და ყველაზე მეტად - ადრიანა რიჩი, რომელიც მალე დაიჩრდილება ჩემი ლექსებით. ჩემი ნიჭით მე თვითონ ვარ აღფრთოვანებული და მჯერა მისი. უბრალოდ, უნდა განვავითარო და ბევრი რამ ვისწავლო. მალე პუბლიკაციებსა და ფულს ვეღარ დავითვლი, აი, ვნახოთ.“

თუმცა, ყველაფერი ისე არ ხდებოდა, როგორც მას წარმოედგინა. როგორც თავად სწამდა, ღვარძლიანი ადამიანები მის წარუმატებლობას ელოდნენ. თავადაც ეჭვი ეპარებოდა საკუთარ თავში. ჟანრი, რომელშიც ის ტედის რეკომენდაციით მუშაობდა, აღსარებითი პოეზია იყო, მას კი ეშინოდა, პოეზიაში მხოლოდ საკუთარი თავით არ შემოსაზღვრულიყო და სურდა, მასში „სამყაროს ნაწილიც“ შემოეტანა. ის ცდილობდა, გაეძლო იმ კრიტიკისთვის, რომელსაც ლექსების გამო იღებდა. ამ დროს ტედიც მასთან ერთად იყო, ის სილვიას კრიტიკას ისე იღებდა, როგორც საკუთარს.

სილვია თავს არ ზოგავდა, მისი მიზანი იყო ერთდროულად შემოქმედებითი წარმატებების მიღწევა და ბედნიერი ოჯახური ცხოვრებით ტკბობა. მას მტკიცედ სჯეროდა, რომ ორივე ერთად შესაძლებელი იყო, განსაკუთრებით, თუ ფინანსური პრობლემები მოგვარდებოდა. ის ცდილობდა ყოფილიყო მაგალითი იდეალური ქალისა, რომელიც ერთმანეთს უთავსებს შემოქმედებით  ამბიციებს, პირად სიამოვნებასა და კარგ დედობას და თანაც სოციალურად აქტიური რჩება. თუმცა, მას ასევე აწუხებს ხშირი დეპრესია, ტედის ზღვარგადასული სექსუალური აქტიურობა, ციება, პარანოია იმის შესახებ, რომ  არაკეთილმოსურნე ადამიანებითაა გარშემორტყმული, რომ არავინ აღიარებს და მხოლოდ ტედ ჰიუზის ცოლად დარჩება, (იმ დროისთვის ტედმა უზომო  პოპულარობა და შემოქმედებითი წარმატებები მოიპოვა) და ა.შ.

მეორე შვილის გაჩენის შემდეგ, სილვია და ტედი დევონში გადავიდნენ საცხოვრებლად, მათ ლონდონის ბინის  გაქირავება  და ამით დამატებითი ფინანსური შემოსავალის მიღება სურდათ,  ოცნებობდნენ ახალი ცხოვრების დაწყებაზე. დევონი მათთვის ედემის ბაღი გახდა.

თუმცა,  სილვიასთვის სახლი ყოველთვის ედემი არ იყო. მას ბევრჯერ ღალატობდა მოთმინება. ერთი კვირით ადრე, ვიდრე დევიდ და ასია ვევილები დევონში ეწვეოდნენ, სილვიამ მათ მეზობელზე, 16 წლის გოგონაზე, რომელიც ტედთან ერთად მუსიკას უსმენდა, ისე იეჭვიანა, რომ როგორც თავად წერს, ლამის ფირსაკრავი გადმოაგდო და დაამსხვრია.

თუმცა,  მაინც, სილვიას არასოდეს შეპარვია ეჭვი, რომ ტედი მათი დასახული გეგმის ერთგული იქნებოდა. ამიტომ, შემდგომი მოვლენების გამო, ის თავს სამოთხიდან გაძევებულად თვლიდა და  სიმშვიდეს ვერსად პოულობდა. როგორც სილვია „არიელის“ ერთ-ერთ ლექსში, „ცხვრები ნისლში“ ამბობს,  „ადამიანები თუ ვარსკვლავები სევდიანად შემომყურებენ, მე მათ იმედი გავუცრუე.“  სავარაუდოა, რომ ბოლოს თავს იმედგაცრუებულად გრძნობდა, არა მარტო  ტედის, არამედ საკუთარი თავის გამოც -  მიზანს ვერ მიაღწია, ვერ შექმნა სრულყოფილი ქალის სახე. ამასთან, მისი რომანი „ზარხუფი“, რომელიც სიკვდილამდე ერთი თვით ადრე გამოიცა,  წარუმატებელი აღმოჩნდა. ბედის ირონიაა, რომ ლექსები, რომელთაც სილვია პლათი  ნამდვილად აქციეს ამერიკის ერთ-ერთ გამორჩეულ პოეტად, მისთვის ტრაგიკული  მოვლენების ფონზე დაიწერა.

1962 წლის 9 ივლისს, რამდენიმე საათით ადრე, ვიდრე ის საბედისწერო სატელეფონო ზარი გაისმოდა, როცა ასიამ ტედი მამაკაცის ხმით იკითხა, სილვიამ დედასთან, რომელიც იმხანად მათთან სტუმრად იყო,  დაიკვეხა, რომ ყველაფერი ჰქონდა, რაც სურდა: „არაჩვეულებრივი ქმარი, ორი ბრწყინვალე ბავშვი, მყუდრო სახლი და ლექსები.“  ისტორიის მომენტალურად ასე შემობრუნება ნიობას მითს გვახსენებს, როცა მან ქალღმერთი ლეტო გამოიწვია და განარისხა. როგორც ჩანს, ღმერთებმა სილვიას კვეხნაც ცუდად გაიგეს და არ დააყოვნეს.

 

P.S. ტედ ჰიუზი  1974 წელს ინგლისის დედოფლის ოქროს მედლით დაჯილდოვდა, ხოლო 1984 წელს კი ინგლისის პოეტი-ლაურეატის წოდება მიენიჭა. 1998 წელს, სიკვდილამდე სამი თვით ადრე მან გამოსცა ლექსების კრებული „დაბადების დღის წერილები“, რომელიც სილვიას მიუძღვნა. ეს კრებული მაშინვე გახდა ბესტ-სელერი და დიდი მითქმა-მოთქმა და მსჯელობა გამოიწვია.

1971 წელს სილვია პლათის „ზარხუფი“ ამერიკაში გამოიცა და საკულტო რომანად იქცა. 1982 წელს სილვია პლათის „რჩეული ლექსები“ პულიცერის პრიზით დაჯილდოვდა.

 

 

დაიბეჭდა "ახალ საუნჯეში"

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული