• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

პერიოდული სისტემა - ქიმიის სახელმძღვანელო თუ ლიტერატურის ახალი მისიის აღმოჩენა?

×
პრიმო ლევი
ავტორის გვერდი მათე წიკლაური 28 სექტემბერი, 2022 1022

“ერთხელ დილით, როცა გრეგორ ზამზამ შფოთიანი სიზმრების შემშდეგ გამოიღვიძა, აღმოაჩინა, რომ თავის საწოლში რაღაც საშინელ მწერად ქცეულიყო.” - ასე იწყებს ფრანც კაფკა “მეტამორფოზას” და მკითხველს თავიდანვე ეუბნება, რომ ეს წიგნი გარდასახვაზეა, რომ რაღაც ისეთს მოვისმენთ, აქამდე რომ არავის გაგვიგია და, ალბათ, ვერც მომავალში ვერ გავიგებთ.

 

ებრაული წარმოშობის იტალიელი ესეისტი, პოეტი და მწერალი, პრიმო ლევი, განათლებით ქიმიკოსია. მას პირადად შეეხო ფაშისტური სისასტიკე, რაც მომავალში მისსავე შემოქმედებაზე მკვეთრად აისახა - 1938 წელს ფაშისტურმა ხელისუფლებამ ებრაელებს სკოლებსა და უნივერსიტეტებში სწავლა აუკრძალა, პრიმო ლევიმ უმაღლესი განათლების მიღება ვერ შეძლო. გარდა ამისა, მწერალი აქტიურად იყო ჩართული ანტიფაშისტურ საქიმიანობაში, მალევე პარტიზანული დაჯგუფების წევრიც გახდა, რასაც მისი დაპატიმრება და 1944 წელს ოსვენციმში გადაყვანა მოჰყვა.

 

პრიმო ლევის შემოქმედებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ლიტერატურული შედევრი მისი მოთხრობების კრებულია, რომელსაც ავტორმა “პერიოდული სისტემა” დაარქვა. კრებული 1975 წელს დაიწერა,  ის ოცდაერთი მოთხრობისგან შედგება და სამყაროს ავტორისეულ “ქიმიურ” თვალთახედვაზე გვიამბობს. საინტერესო დეტალია, რომ ყველა მოთხრობას ქიმიური ელემენტის სახელი ჰქვია, - უმრავლესობა ნაწარმოებებისა ავტობიოგრაფიულია და მწერლის ოჯახის, ახალგაზრდობის, წინაპრების, ოსვენციმისა და მეორე მსოფლიო ომის პერიოდს მოგვაგონებს.

 

მოთხრობებში მთავარ პერსონაჟებად მენდელეევის ცხრილში არსებული ქიმიური ელემენტები გვევლინებიან. ლევი მიმართავს ისეთ მხატვრულ ხერხებს, როგორებიცაა, მაგალითად, გაბრიელ გარსია მარკესის მიერ წვიმის გაპერსონაჟება ან ბალზაკის შემთხვევაში - ტყავის მთავარ გმირად ქცევა. თანამედროვე ლიტერატურა ერთ-ერთი ასპექტით ცდილობს, რომ მეცნიერება დაიკავშიროს. სწორედ ამიტომ, შემთხვევითი სულაც არაა, რომ მოთხრობებში მთავარ გმირებად ნახშირბადი, ოქრო, არგონი, აზოტი, ურანი, ვერცხლი და სხვა ქიმიური ელემენტები გვევლინებიან. მოთხრობაში “არგონი” ებრაელთა სანათესაო წრეა აღწერილი, ერთი მხრივ, ნათესავთა სპექტრი ძალიან ფართოა, მაგრამ, მეორე მხრივ, პრიმო ლევი მკვეთრად გამოყოფს მთვარ პერსონაჟებს და მათ მკითხველისთვის მარტივად ამოსაცნობს ხდის. ქიმიკოსი მწერალი პერსონაჟებს ქიმიური ელემენტების თვისებებს მიაწერს და ამ მეთოდით ახერხებს მეცნიერებისა და ლიტერატურის შერწყმას. არგონი თვითკმარი აირია. ის სუფთა, ინერტულ აირადაა მიჩნეული და, ამდენად, ბარბაბრამინის თავს დატრიალებული მოვლენებიც არგონის ქიმიურ მახასიათებლებზე მიგვანიშნებს.

 

კრებულის ბოლოსკენ არსებულ მოთხრობებში ავტორი ყოფიერებიდან მაღალ მატერიებზე გადადის, მეტიც, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მთელი კრებული მარტივი, აუტანელი ყოფიერებიდან აბსტრაქტულ ასპექტებზე გადასვლის პროცესია. სწორედ ამ პროცესის მიღმა ხდება ნათელი პრიმო ლევის მეტამორფოზა, რომელიც, როგორც ქიმიკოსი ისე გაგვეცნო, მაგრამ ბოლოს მზის ნათებითა და სამყაროს სხვადასხვა განსაცვიფრებელი მოვლენებით დაინტერესდა, ოღონდ ამჯერად მხოლოდ ქიმია აღარაა ამ კვლევის ინსტრუმენტი.

 

მოთხრობაში “ცერიუმი” მწერალი ძალიან ღიად ინტერესდება ადამიანთა რაობით და წერს: “საკუთარი ან სხვისი უგუნური საქციელის შეფასება ყოველთვის ძნელია, მით უმეტეს, როცა კარგი შედეგებით მთავრდება.”  სიუჟეტი ოსვენციმის პერიოდში გვაბრუნებს და იქ გაჩენილ სამყაროსეულ აღქმებსა და ადამიანურ ტკივილებზე გვიყვება.

 

ბიოგრაფიიდან გამომდინარე, მწერალმა მთელი ცხოვრება საფრთხის ქვეშ გაატარა, თითქოს, რაღაც სულ უნდა აფეთქებულიყო მის გარშემო. ცხოვრების ასეთმა განვითარებამ ძალიან დიდი კვალი დაატყო ავტორის შემოქმედებას, რის საუკეთესო ნიმუშადაც, ვფიქრობ მოთხრობა “ტიტანი” გვევლინება. ქიმიურ ელემენტი ტექსტში პირველად საფრთხის გარშემო ჩნდება: “არ შეეხო, ტიტანიანია!”  ჩვენ ვიცით, რომ ტიტანი თეთრი ფერისაა და მის მტვერს აფეთქებისკენ აქვს მიდრეკილება. თუ კარგად დავაკვირდებით, დავინახავთ, რომ პრიმო ლევი სწორედ ამ ტიპის კავშირებს ხედავს ქიმიურ ელემენტებსა და ადამიანთა განწყობებსა თუ გარდაქმნებში.

 

პრიმო ლევის შემოქმედებაში ერთ-ერთი გამორჩეული ხაზი ქიმიური ელემენტების პოეტურ ჭრილში დანახვა და მათი ლიტერატურაში, როგორც საუკეთესო ცხოვრებისეულ გზამკვლევში, გადმოტანაა. ამ ფაქტის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად კი შეგვიძლია ავტორის ერთ-ერთი საუკეთესო მოთხრობა “ნახშირბადი” მივიჩნიოთ. ეს კრებულის უკანასკნელი მოთხრობაა, რომელშიც ფოტოსინთეზის პოეტურობასა და ნახშირბადის მახასიათებლებს გვაცნობს. “პერიოდული სისტემის” მთავარი არსის გასაღები, ვფიქრობ, სწორედ ამ მოთხრობაში იმალება. “ასე რომ, თითოეულ ელემენტს ვიღაცისთვის რაღაც აქვს მოსაყოლი… გამონაკლისად მხოლოდ ნახშირბადი შეიძლება ჩავთვალოთ.” - ვკითხულობთ ნაწარმოებში და ვხვდებით, რომ შემთხვევითი სულაც არაა, თუ რატომ შეირჩა “ნახშირბადი” კრებულის უკანასკნელ მოთხრობად. პრიმო ლევის კრებულის მთავარი დანიშნულება ადამიანის შინაგან სამყაროში მოგზაურობა გახლავთ. ის უბრალოდ ქიმიულ ელემენტებს იყენებს გზამკვლევად და თვისებებს, განწყობებსა და ადამიანის ხასიათის გარდაქმნებს სხვადასხვა ქიმიურ კანონებს უკავშირებს. ნახშირბადი მოგზაური ატომია, მოგზაური, რომელიც პერიოდულად იღებს მონაწილეობას სიცოცხლის ციკლში, ამდენად, მისი როლი განუზომელია. ავტორი ადამიანის ცხოვრებისეულ გზას ყველაზე მეტად ნახშირბადს ამსგავსებს, - ის ერთადერთია, რომელსაც სხვა ატომებთან შეკავშირება დიდი ენერგიის დახარჯვის გარეშე შეუძლია, მაგრამ თავისი კუთვნილი სირთულე და გამოწვევა მასაც სდევს თან - ცოცხალ სამყაროში მოსახვედრად მძიმე, რთული და ჩახლართული გზა უნდა გაიაროს.

 

მოთხრობების კრებულის ყველა ასპექტი მჭიდროდაა გადაჯაჭვული სამყაროში არსებულ ადამიანის როლთან, მაგრამ მაინც ჩნდება კითხვა: რა არის ეს კრებული? უბრალოდ ქიმიის სახელმძღვანელო, რომელიც მწერალმა ცხოვრებას დაუკავშირა თუ მცდელობა იმის ახსნისა, რომ ლიტერატურა სამყაროა, რომელიც მეცნიერების, ამ შემთხვევაში, ქიმიის გარეშე არ არსებობს?

 

ამ შეკითხვაზე პასუხის გასაგებად სიმბოლოებს უნდა ჩავუღრმავდეთ. პრიმო ლევი ცდილობს გვიჩვენოს, რომ მოთხრობებში არსებული მთავარი ხაზი ქიმიური ელემენტებისა და ადამიანის დაკავშირებაზე გადის. ამ გზაზე კი ადამიანი ლიტერატურის სიმბოლოა, ხოლო ელემენტები - მეცნიერებისა. შესაბამისად, თუ ამ მსჯელობას გავყვებით, აღმოვაჩენთ, რომ პრიმო ლევის მეცნიერებაში ლიტერატურა შემოაქვს და არა, პირიქით, როგორც ამას მიშელ უელბეკი და სხვა მსგავსი სტილის ავტორები აკეთებენ. იტალიელი მწერალი ამ ოცდაერთი მოთხრობის სახით წარმოგვიდგენს ლიტერატურისა და მეცნიერების უწყვეტ გადაჯაჭვულობას, რომელიც სამყაროს შექმნის მთავარი გამომწვევი ფაქტორია.

 

საუბარი ფრანც კაფკას “მეტამორფოზით” დავიწყეთ და, ვფიქრობ, მართლები ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ “პერიოდული სისტემა” არის თვისებათა, გარდაქმნათა ენციკლოპედია, რომელიც სამყაროს არსის მიგნების მცდელობაა და თან, ნამდვილად, ძალიან წარმატებული.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული