• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

ომის შვილების სევდა, ანუ მშვიდობით, იარაღო!

×
ავტორის გვერდი მათე წიკლაური 23 ივნისი, 2022 878

(... და გრებერს თვალები დაეხუჭა)

XX საუკუნის 20-30-იანი წლებიდან ლიტერატურაში გაჩნდნენ „პერსონაჟები“, რომლებიც არ იყვნენ ადამიანები, არანაირი მსგავსება არ აკავშირებდათ მათთან, გარდა იმ ემოციისა, რომლებიც მწერლებმა ჩაუნერგეს. ვინ იყვნენ ეს აბსტრაქტული თუ კონკრეტული „პერსონაჟები“? - ამ შეკითხვაზე დიდ მწერლებს სხვადასხვა პასუხი აქვთ: ჰემინგუეისა და რემარკისთვის ეს ომია, ცოტა უფრო თანამედროვე მწერლები, მარკესი და კორტასარი, გეტყვიან, რომ პერსონაჟი წვიმაა, გამოგონილი ადგილი მაკონდოა, ან სულაც საცობი და მასში შექმნილი ემოციაა, რომლის დასაბამიც გაუგებარია...  მაგრამ ახლა საინტერესოა, თუ რა პასუხი აქვთ ომის პერსონაჟად ქცევაზე რემარკსა და ერნესტს და, ვფიქრობ, მათი შემოქმედების გასაღები მათსავე ნაწარმოებებში უნდა ვეძებოთ.

პირველი, რაც თვალში მოგვხვდება „მშვიდობით, იარაღოსა“ და „დასავლეთის ფრონტი უცვლელიას“ წაკითხვის შემდეგ სიუჟეტის ბუნებრივობაა. ეს ყველაფერი კი იქიდან მოდის, რომ რემარკსაც და ჰემინგუეისაც ომის საშინელებები გამოვლილი აქვთ და მათი შემოქმედებაც მათსავე ემოციაზე, ნანახსა და განცდილზეა აგებული და, ამდენად, ავტობიოგრაფიულ რომანებად ითვლება.

რემარკის ნაწარმოების მთავარი პერსონაჟი 18 წლის პაულ ბოიმერია, რომელსაც ჯარში გაიწვევენ და დასავლეთის ფრონტზე მიუჩენენ ადგილს, სადაც ის მასზე უფროსსა და გამოცდილ სამხედროს, კატჩინსკის დაუმეგობრდება და ისწავლის მისგან, თუ როგორ უნდა გაუმკლავდეს ომის სისასტიკეს, დაუნდობლობას და იმ ათასგვარ ქარტეხილს, რომელიც ელოდება. ნაწარმოებში ჩვენ ვხვდებით ისეთ ბუნებრივ დეტალებს, რომლებიც ფილმივით გვიცოცხლებს გონებაში იმ ტექსტს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს მხოლოდ ფურცელზეა აღბეჭდილი.

მიენდო ტვინს და წერო ფანტაზიის ხარჯზე ეს კიდევ ერთი ხაზია ლიტერატურაში. მწერალმა შეიძლება დაინახოს, როგორ წოვს ფუტკარი ყვავილიდან ნექტარს და იმ წამსვე ზოგად-საკაცობრიო თემაზე შეუდგეს წერას, მაგრამ ასეთი ტექსტი, ვერასდროს ვერ იქნება აზრობრივად ჭეშმარიტი. იმიტომ, რომ ისიც სწორედ ისეთივე ფანტაზიის ნაყოფია, როგორც ბევრი სხვა. მწერალს, როცა ნანახი აქვს ესა თუ ის ამბავი, როცა გადაწყდომია ნაწარმოებში განხილულ პრობლემას, სათქმელიც უფრო კონკრეტული და ბუნებრივი ხდება, სხვა შემთხვევაში მკითხველი მინდობილია მხოლოდ და მხოლოდ მწერლის კარგი თხრობის უნარს, რომელიც მას ან ღიმილს მოჰგვრის ან ცრემლს. ამ აზრის ნათელსაყოფად დაგვეხმარება სამხრეთ ამერიკელი მწერლების მაგალითი, კერძოდ, კი ლიოსასა და მარკესის რომანები. შეგვიძლია ავიღოთ „ვაცის ნადიმი“, „ხუთი კუთხე“, „პატრიარქის შემოდგომა“ და ა.შ. ეს ნაწარმოებები იმიტომაა ერთი მეორეზე ბუნებრივი, რომ მწერლებმა თავიანთ სიცოცხლეშივე ნახეს, თუ როგორია, როცა ქვეყანას ტრუხილიო მართავს, როგორია როცა მთელი ცხოვრება ერთ სასტიკ ადამიანს უყურებ,რომლის შემოდგომა არა და არ დადგა და როგორია, როცა ხარ წარმატებული ბიზნესმენი და მთელი ქვეყანა იგებს შენი ცხოვრების ყოფითი დეტალების შესახებ... ეს სამივე ტექსტი არის ერთმანეთზე ბუნებრივი და მართალი, რადგან მწერალთა თანამედროვე პრობლემასა და ტკივილზეა დაწერილი.

ერიხ მარია რემარკი არ წარმოგვიჩენს პერსონაჟებს, როგორც გმირებს და ეს სულაც არაა შემთხვევითი, რადგან მისთვის მთავარია მკითხველს შეზიზღდეს ომი და დაინახოს, თუ რას უშვრება ის ჩვეულებრივ ადამიანებს. ნაწარმოებში გმირის იდეის არსებობა ამ მიზანს გაანადგურებდა, რადგან გამოჩნდებოდა ვიღაც, ვინც მოიხიბლებოდა გმირით და ცხოვრების მნიშვნელოვან ნაწილს მიუძღვნიდა იმაზე ფიქრს, თუ როდის მოხვდება ასეთ ვითარებაში, რომ ისე მოიქცეს, როგორც ერთ-ერთ წიგნში ერთი ახალგაზრდა. რემარკი იმ ადამიანთა შესახებ გვიყვება, რომლებსაც ჯერ არაფერი უნახავთ ცხოვრებაში და პირველივე გამოცდად ომის სისასტიკესთან გამკლავება შეხვდათ. ნაწარმოები ძალიან დრამატულად ვითარდება, როცა პაული შვებულებას იღებს და სახლში ბრუნდება... ხვდება კიბოთი დაავადებული დედა და ათასი მატერიალური პრობლემა. მის სულში იმდენად ღრმადაა ომის მარწუხები გამჯდარი, რომ პაულს წაერთვა უნარი, გამონახოს საერთო ენა ადამიანებთან და, თვით ოჯახის წევრებთანაც. ნაწარმოების ბოლოს ყველა იღუპება, რემარკი პაულს, თავის პროტოტიპსაც, კი არ ინდობს, რაც მის ნაწარმოებებში ძალიან გავრცელებული მეთოდია. რომანი „ჟამი სიცოცხლისა და სიკვდილისა“ მთავრდება ფრაზით:“... და გრებერს თვალები დაეხუჭა.“ გრებერიც რეალურად რემარკია, მწერალმა ამით უიმედობის თემა წამოწია წინა პლანზე.ეს რომანიც სტრუქტურული თუ სიუჟეტური თვალსაზრისით ძალიან ჰგავს „დასავლეთის ფრონტი უცვლელიას“, რადგან ორივე ნაწარმოების მთავარი იდეა ისაა, რომ ომი კლავს იმედს, ომი კლავს მომავალს. რემარკის პერსონაჟები ყოველთვის მიდიან დასკვნამდე, რომ ომი უაზროა. ასე ფიქრობს გრებერი, ასე ფიქრობს პაული, ასე მიაჩნია ემიგრაციაში მოყოლილ ექიმ რავიკსაც და თითქმის ყველას. XX საუკუნის ეს მიმდინარეობა ძალიან მნიშვნელოვანი გახდა მსოფლიოს ახალგაზრდობისთვის. რემარკი გვიყვება განცდილს, მაგრამ პარალელურად სხვადასხვა პერსონაჟებში ავითარებს იმ აზრებს, რომლებსაც ის არაერთხელ შეუპყრიათ. ადამიანს ამ დროს ეკარგება სილამაზის განცდა, ეკარგება სიკეთის განცდა და ერთადერთი, რაზეც ფიქრობს, გადარჩენაა. ნაწარმოებში არის ასეთი მომენტი, როცა ორმოში მიმალულ პაულთან შემთხვევით მისი თანარაზმელი ჩახტება, ისე, რომ მან სულაც არ იცოდა, იყო თუ არა იქ პაული, მაგრამ მთავარ პერსონაჟში თვითგადარჩენის ინსტიქტი იმდენად აქტიურადაა გამოღვიძებული, რომ იგი ინსტიქტურად კლავს ჯარისკაცს.

ჰემინგუეისაც ეზიზღება ომი, 200 ჭრილობა მიიღო, მაგრამ ეს არაა ის მთავარი მიზეზი, რატომაც სძულს მას ეს საშინელი პროცესი. აქ მთავარია იდეური ბრძოლა ომთან, როგორც ყველაზე სასტიკ ფენომენთან. „მშვიდობით, იარაღო“ - ეს სათაური არის ომის მარწუხებიდან გამოსვლა, ჰემინგუეის პერსონაჟი უბრუნდება ადამიანურ საწყისს... უყვარდება ქალი და ავტომატის ნაძალადევი სიყვარულიდან უფრო ამაღლებულ გრძნობაზე გადადის, რომელიც მის ცხოვრებაში სრულიად სხვა საფეხურია. 

საბოლოოდ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ლიტერატურაში ამ პერიოდმა ძალიან მნიშვნელოვანი კვალი დატოვა, რადგან საზოგადოებაში გაჩნდა იდეა, რომ ომი უაზრობაა. საზოგადოებამ ნახა, რომ არავინ უნდა იცხოვროს იმ ქვეყანაში, სადაც „ომი მშვიდობაა“,  რემარკის და ჰემინგუეის შემოქმედება მკითხველს მოუწოდებდა, რომ კარგია, თუ დავემშვიდობებით იარაღს, კარგია, თუ ადამიანი შეძლებს დაეხსნას ომის მარწუხებს, მაგრამ ამ მოძღვრებებით სავსე ნაწარმოებებმა დატოვა ერთი დიდი შეკითხვა: მართლა დაემშვიდობა ჰემინგუეი იარაღს? მართლა აღარ მიიხედავს რემარკი არასდროს ფრონტისკენ?

პასუხი მარტივია: არა, ვერც მან და ვერც რემარკმა ვერ შეძლეს, რომ ბოლომდე შეეძულებინათ ომი. ომი არ უნდათ, უნდათ კი არა, აღარც შეუძლიათ, მაგრამ იომებენ როცა საჭიროა მტერთან, როცა საჭიროა საკუთარ თავებთან, რადგან ერთადერთი, რისკენაც ეს ხალხი არ გაიხედავს, - მონობაა, მონობა და არაფერი სხვა. ამიტომ, შემთხვევითი არაა, რომ მათ ნაწარმოებებში სადღაც შორს, ღრმად ოდნავ მოსჩანს მწერალთა დამოკიდებულება და ხასიათი. ეს ხომ მაინც თავისებური, წარსულთან დაკავშირებული მოგონებაა და ადამიანს მისგან საბოლოოდ დახსნა, ალბათ, ამიტომაც არ შეუძლია.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული