შუშის ესსე
(ნაწყვეტი)
I
სიზმარში წყლის წკაპუნი მესმის.
ღამე ვერცხლის ონკანიდან
ზურგზე წვეთ-წვეთად ჩამომდის.
დილის 4- ზე ვიღვიძებ. ვფიქრობ
კაცზე, რომელმაც
სექტემბერში მიმატოვა.
ლო ერქვა.
ჩემს სახეს აბაზანის სარკეში
თეთრი ზოლები გასდევს.
სახეს ვიბან და საწოლში ვბრუნდები.
ხვალ დედასთან მივდივარ.
ის
ის ცხოვრობს ჭაობზე ჩრდილოეთით.
ის ცხოვრობს მარტო.
იქ გაზაფხული სამართებელივით იშლება.
მთელი დღე მატარებლით ვმგზავრობ და თან ბევრი წიგნი მიმაქვს-
ზოგი დედასთვის, და ზოგი ჩემთვის,
მათ შორის ემილი ბრონტეს რჩეულიც.
ის არის ჩემი საყვარელი ავტორი
და მთავარი შიშიც,
რომელიც უნდა დავამარცხო.
ყოველთვის, როცა დედასთან ვარ,
ვგრძნობ, როგორ ვხდები ემილი ბრონტე:
ეული ცხოვრება გარს მაკრავს ჭაობივით,
ჭაობზე - ჩემი ტლანქი სხეული, გარდასახვის მოსურნე მზერით მოთელილი,
მზერით, რომელიც კვდება, როგორც კი სამზარეულოს კარში ვჩნდები.
ემილი, რა ხორცია ის, ჩვენ რომ გვჭირდება?
სამნი
სამი მდუმარე ქალი სამზარეულოს მაგიდასთან.
დედაჩემის სამზარეულო ბნელია და პატარა, მაგრამ ფანჯრის იქით
ჭაობია, ყინულით დადამბლავებული.
ყველგან ჭაობია, სადაც კი თვალი წვდება
ბრტყელი კილომეტრებიდან მყარ, უსინათლო თეთრ ცამდე.
მე და დედა სალათის ფოთლებს ვღეჭავთ გულმოდგინედ,
სამზარეულოს საათი გამოსცემს დაგლეჯილ ზუზუნს, რომელიც
წუთში ერთხელ ახტება თორმეტს.
216-ე გვერდზე გადაშლილი ემილი საშაქრეზე მიდევს
და მალულად დედას ვუყურებ.
მე ათასი შეკითხვა მეჯახება შიგნიდან თვალებზე.
დედა სალათის ფოთოლს იკვლევს.
გადავდივარ 217-ე გვერდზე.
„სამზარეულოში შევვარდი და შევეჯახე ჰერტონს
რომელიც ლეკვებს კიდებდა
სკამის ზურგზე შესასვლელში.“
შეგრძნება მაქვს, თითქოს ყველანი ჩამოგვკიდეს შუშის ატმოსფეროში.
წარწერა დაჰყვება შუშას, აქა - იქ.
უკანა ნაწილზე მოსჩანს ფასები. არაა კარგი ნესვი,
ჯერ ძალიან ადრეა ნესვისთვის.
დალაქმა ქალაქში იპოვა ღმერთი, სალონს ყოველ სამშაბათს კეტავს.
თაგვები ისევ ძვრებიან ჩაისტილოს უჯრაში,
პატარ- პატარა გუნდებად. ხელსახოცების
დაღრღნილი კუთხეები! - მათ რომ იცოდნენ
რა ღირს დღეს ქაღალდის ხელსახოცი!
ამაღამ წვიმა.
ხვალ წვიმა.
ის ვულკანი ფილიპინებზე ისევ იღვიძებს. იმას რა ქვია?
ანდერსონი მოკვდა. არა, შირლი კი არა
ოპერის მომღერალი. ზანგი ქალი.
კიბო.
რატომ არ ჭამ, არ გიყვარს წიწაკა?
ფანჯრიდან ვხედავ როგორ დასტრიალებენ მკვდარი ფოთლები მიწას
და ფიჭვის წიწვებში გადაზელილ თოვლის ნარჩენებს.
შუა ჭაობში
სადაც მიწა ღრმად ეფლობა დეპრესიაში,
ყინული უკვე ლღობას იწყებს,
შავად გადახსნილი წყალი
მოედინება, ბრაზივით აჭრილი. უცებ დედა ამბობს:
ფსიქოთერაპია მგონი ბევრს არას გშველის,
ვერ დაივიწყე.
დედა ყველაფერს თავისებურად აფასებს.
ლო დიდად არ ყვარებია არასოდეს,
მაგრამ მოსწონდა თავად ფაქტი, რომ კაცი მყავდა და ცხოვრებასაც ვუმკლავდებოდი.
ის წამღებია, შენ კი გამღები, იმედია, შეეწყობით საბოლოოდ,
მხოლოდ ეს იყო, რაც თქვა მისი გაცნობის შემდეგ.
წაღება და გაღება ჩემთვის მხოლოდ სიტყვები
იყო. არასოდეს მყვარებია მანამდე და
ის სიყვარული გორგოლაჭებით მთიდან დაშვებას ჰგავდა.
მაგრამ დილით, როცა დედას ჯერ კიდევ ეძინა
მე კი "ქარიშხლიან უღელტეხილს" ვკითხულობდი,
სწორედ იმ ადგილს, როცა ჰიტკლიფი ქარიშხალში გისოსებს ებღაუჭება და
მოთქმით ევედრება სატრფოს აჩრდილს: შემოდი, შემოდი,
მუხლებზე დავეშვი და მეც ავქვითინდი.
მან იცის, როგორ ჩამოკიდოს სკამის ზურგზე ლეკვები -
ემილიმ იცის.
იცი, ეს არ ჰგავს ასპირინის გადაყლაპვას, ხმადაბლა ვპასუხობ.
დოქტორი ჰაუ ამბობს, რომ გლოვა ხანგრძლივი პროცესია
და იღუშება. რას მივაღწევთ
წარსულის ქექვით?
ოჰ - ხელებს ვშლი ფართოდ,
მე ამას დავძლევ! და პირდაპირ თვალებში ვუყურებ.
ის კი იცინის: შენ ამას დაძლევ.
პოეზია
შუშის ესე
ავტორის გვერდი ენნე კარსონი
22 ოქტომბერი,
2026
20


