- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
არაფერს ვგეგმავ ხვალ დილით
და ეს ძალიან კარგია,
რადგან არ არის ადვილი
ადგომა დილაადრიან.
რა ვქნა, არ მიღირს გასავათებად
ოცდათხუთმეტი ფრანკი საათში:
თვეში გამოდის ხუთი ათასი,
რაც მეხარჯება მხოლოდ სამხარში.
დილით არ მიყვარს მძაფრი ნოტები,
გვიან ვდგები და წყნარად ვბოლდები.
არ ვდარდობ, თუკი არ მომიტანა
ბევრი დოლარი ჩემმა გიტარამ.
უტოპიაა ჩემი ცხოვრება,
სადაც სიყალბე და ბოროტება
გამქრალა; სადაც სუყველამ იცის,
რომ როცა გასცემს, მეგობარს იძენს.
თუმცა ვერ ვხედავ პოლიტიკოსებს,
ვინც ხალხზე ფიქრით თვალებს იოსებს,
ვინც არ ივიწყებს, რომ ჩვენც ვარსებობთ
და სურს სიკეთით ჩვენი ავსება,
ვინც ფიქრობს, რომ ჩვენ არ ვართ მონები,
ჩვენც გვწამს და გვტკივა! დაუყოვნებლივ
მოვითხოვ, მათი გვაჩვენონ სია,
ვინც იცის, რომ ჩვენც გვცივა და გვშია.
ვინც საფრთხისაგან დაიცავს ბავშვებს,
ვინც უსახლკაროს შეიყვანს სახლში!
თავს არ იწუხებს ფიქრით არავინ,
ფიქრს დრო სჭირდება, დრო კი არ არის:
ძალაუფლება ბევრ დროს არ ტოვებს
მათთვის, ვინც ამ ცივ ღამით მარტოა.
გადამეწურა უკვე იმედი,
გულში ოდესღაც რომ ციმციმებდა.
არაფერს ვგეგმავ ხვალ დილით
და ეს ძალიან კარგია,
რადგან არ არის ადვილი
ადგომა დილაადრიან.
მოგვეცით დრო, რომ ბავშვებს გავუგოთ,
რომ მეზობელი გავიცნოთ უკეთ,
რომ გავატაროთ კვირა ქეიფში,
რომ საქმოსნები ჩვენი ქეისით
ვერ აკეთებდნენ ბინძურ დოლარებს,
რომ გავუღიმოთ ლამაზ მოლარეს,
ჭიქას გავანდოთ გულისნადები
და ვარსკვლავების დავტკბეთ ნათებით.
მე ვერ გავყვები ისეთ სისტემას,
რომელიც ხალხის ცოდვით ივსება,
რომელშიც გვმოძღვრავს მინისტრ-ლობისტი,
რომ ჩვენ შექმნილი ვართ მონობისთვის,
რომელიც დევნის სუსტს და მათხოვარს
და დღენიადაგ მაღალფარდოვან
ტყუილებით რომ თავგზას გვირევს და
განსხვავებულის ზიზღს რომ გვინერგავს!
ხომ შეიძლება, დავრჩეთ ბავშვებად,
სანამ სიცოცხლის წყარო დაშრება,
ხომ შეიძლება, უფლება გვქონდეს,
აჩეჩილ თმაში ქარი გვიქროდეს,
ხომ შეიძლება, სპორტით დავკავდეთ
და არ ვისუნთქოთ ნახშირწყალბადი,
და, რაც ყველაზე ამაზრზენია,
აღარ გავჩეხოთ ამაზონია?!
ერთად ცხოვრება უნდა ვისწავლოთ,
ძმამ, მეგობარმა თუ ტყუპისცალმა,
რომ ერთმანეთი არ გავწიროთ და
რაც ზედმეტი გვაქვს, სხვას ვუწილადოთ.
არაფერს ვგეგმავ ხვალ დილით
და ეს ძალიან კარგია,
რადგან არ არის ადვილი
ადგომა დილაადრიან.
ჯგუფი „ტრიო“
თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე
https://www.youtube.com/watch?v=B0FDTlnPa9c&list=RDB0FDTlnPa9c&start_radio=1