• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

სამხედრო სავალდებულო სამსახური, როგორც პაროქსიზმი

×
ავტორის გვერდი ლუკა ეხვაია 04 იანვარი, 2012 3752

რამდენიმე დღე ვფიქრობდი რა ფორმით გადმომეცა სათქმელი, თავსგადახდენილი ამბის აკადემიური ანალიზი გამეკეთებინა და ავტორიტეტული პოლიტიკური თეორეტიკოსების ციტატებით დამომოწმებინა, მასზე ვერლიბრი დამეწერა ჰაიკუს წერის ტექნიკის გამოყენებით თუ გონზო-ჟურნალისტიკისთვის მიმემართა დახმარებისთვის. საბოლოოდ, ამ უკანასკნელზე შევჩერდი. საერთოდაც, ღირს კი რეალური ადამიანების რეალურ პრობელემებზე წერა, დღესდღეობით ხომ აბსოლუტური უმრავლესობა ფანტომებთან ბრძოლითა და წვრილმანებზე ფეტიშითაა დაკავებული (ეშმაკი წვრილმანებში იმალებაო, ასეთი ტრივიალური არგუმენტი არ მიიღება. თავისთავად, შერლოკიანების პრეტენზიებიც უადგილოა, რადგან სუბსტანციისგან დაცლილ წვრილმანები მაქვს მხედვლობაში). ასე რატომ იქცევიან, ამას შეიძლება განსხვავებული ახსნები მოეძებნოს, მაგრამ ამჯერად ეს ჩვენი განხილვის საგანი ვერ იქნება და კომფორტის ზონას არ დავურღვევ მათ.

ყველაფერი დაიწყო იქიდან, რომ სამხედრო-რეგულარული სამსახურიდან გაწვევა მომივიდა, რადგან ბაკალავრის ხარისხის მოპოვების შემდეგ ოთხწლიანი აგონიიდან გამოსვლა, მაგისტრატურისთვის ძალების მოკრება და უცხოეთში გასამგზავრებლად ჯეროვნად მომზადება ვამჯობინე. სხვა სიტყვებით, საერთო სამაგისტრო გამოცდაზე არ გავედი, რადგან ვთვლი, რომ საქართველოში განათლების მიღების ერთადერთ გზად კვლავ თვითგანათლებაზე გადის. საინტერესო და ტრაგიკომიკული მოვლენების ათვლა დიდ დიღომში გალავნით შემოღობილ შენობაში აღმოჩენის შემდგომ იწყება. თავიდან წვევამდელების დაზაფრულ და დამწუხრებულ სახეებს რომ ვუყურებდი, ჯერ კიდევ ადეკვატურად ვეღ აღვიქვამდი, თუ რამდენად არ უნდოდათ სამხედრო სამსახურის უღელში შებმა, მაგრამ გავიდა რამდენიმე საათი და ჯანმრთელობის მდგომარეობის კვლევა-დიაგნოსტიკის ინფერნალურ გზაზე გავიცანი ადამიანები და მოვისმინე მათი სატკივარი.

დაახლოებით ოცამდე პერსონასთან შევძელი ერთ დღეში გამოლაპარაკება და მათ შორის არავინ ყოფილა ისეთი, ვინც თავისი ნებით მიდიოდა სამხედრო სამსახურში. ცხოვრებაში პირველად მთელი თავისი პომპეზურობით შევიგრძენი დესპოტური ძალაუფლების განხორციელება უმწეო, „უპატრონო“ ადამიანებზე და მათი უფლების სრული იგნორირება. ძალიან მტკივნეული იყო იმის გათვითცნობიერება, რომ მოქალაქეების უფლებები ტოტალურად უარყოფილია სახელმწიფოს მიერ. მათი ისტორიების მოსმენისას თავს უფრო და უფრო უმწეოდ ვგრძნობდი, არაფრით შემეძლო დავხმარებოდი, ვერც იმ პატარა ბიჭს გავუწოდე დახმარების ხელი, რომელსაც ხელზე „სიკვდილის საჩუქრები“ ჰქონდა ტატუირებული. წარმომიდგენია, რა მძიმე გადასატანი იქნებოდა მისთვის გეგუთის კარანტინი და საერთოდ, ასეთ სულისშემხუთველ, მტარვალ ტირანიასთან პირისპირ დგომა. ერთადერთი რაც შევძელი, ეს გალავანს მიღმა ორიოდე წუთით გასვლა იყო თანმხლებ დაცვასთან ერთად - რომელიც იმდენად იყო როლში შეჭრილი, რომ მასში ახალგაზრდულ ვერანაირ ნიშანწყალს ვერ მივაკვლიე ასაკის მიუხედავად - და სიგარეტის შეძენა. მართალია, კარგა ხნის წინ დავანებე მოწევას თავი, მაგრამ მივხვდი, რომ ამ ბიჭებთან ერთად სიამოვნებით გავუკიდებდი სიგარეტს და შევეცდებოდი რამენაირად მათი გასაჭირი გამეზიარებინა, მათი გულისწყდომა იმასთან დაკავშირებით, რასაც აქ, ჩვულებრივ ცხოვრებაში ტოვებდნენ.

ამ უსახურ და ავისმომასწაველებელ შენობაში ვნახე, როგორ ნატრობდნენ ახალგაზრდები მხედველობის პრობლემა ჰქონოდათ, როგორ დასცინოდა მომსახურე პერსონალის წაქეზებით მთელი დარბაზი მსუქან და გამხდარ ბიჭებს, რომლებიც თავიანთი წონის გამო „დაიბრაკნენ“,  როგორ წამებში გაანთავისუფლეს ახალგაზრდა, რომელსაც მეუფის რეკომენდაცია ჰქონდა და ალტერნატიულ სამსახურში მოეწყო. ნეტავი, რა ჯდება ეს მეუფის რეკომენდაცია, რაზედაც მომენტალურად ინდულგენციები გამახსენდა, ღიმილის მომგვარელია... მეეჭვება იმაზე იაფი დაჯდეს, ვიდრე სამხედრო სავალდებულო სამსახურის წელიწადნახევარით გადავადებაა. ამ ყველაფერთან ერთად ვნახე, რამხელა იმედგაცრუება მოჰქონდა ცნობას, რომ ბრტყელი ტერფის გამო არ დაიბლოკნენ, ვნახე ტუბერკულოზგადატანილი ბიჭი, რომელსაც „ახარეს“ რომ უკვე საწუწუნო აღარაფერი ჰქონდა, რადგან პრეპარატებს ფილტვებში გაჩენილი ხვრელები ამოევსო და ჯარისთვის „ვარგისი“ გამხდარიყო. ადამიანების ვარგისად და უვარგისად დახარისხება ხომ, მინიმუმ, დეჰუმანიზაციის გამოვლინებაა, ამგვარი ხელოვნური სელექცია რაღაცით ჰგავს ევგენიკის პრაქტიკას, რადგან ადამიანების კლასიფიცირება სწორედ ფიზიკური და „სულიერი“ მდგომარეობის გათვალისწინებით ხდება. სულიერებაზე გამახსენდა, დანტესეულ ჯოჯოხეთის წრეებზე სიარულისას ერთ-ერთი ბოლო პუნქტი ფსიქიატრთან გასაუბრება იყო, სადაც თავბრუ დამახვია მომხდარმა. რამდენიმე ახალგაზრდას ხელები დაესერა და სიგარეტი დაეწვა იმის გამო, რომ როგორმე სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან თავი დაეძვრინა. დუღილის ტემპერატურამ პიკს მიაღწია, როდესაც ერთმა შარდის ანალიზის ჩაბარებისას მასში სისხლი გაურია, მაგრამ სამწუხაროდ გამოიჭირეს და რა ბედი ეწია მერე, ეს ვეღარ გავარკვიე.

და ამ ყველაფრის მერე ვინმე გაბედავს და მეტყვის, რომ სისტემა ძალადობრივი არაა? თუ ეს ადამიანები პოტენციური დეზერტირები და სახელმწიფოს მოღალატეები არიან? ისიც უნდა დავუშვათ, რომ ზოგს „პატრიოტიზმი“ სხვანაირად ესმის, მაგალითისთვის, ესმით, როგორც ბრძოლა ძალადობრივ, კორუფციულ, დილტეტანტიზმით და ნეპოტიზმით გაჯერებულ სისტემასთან და დგომა ადამიანის უფლებების სადარაჯოზე. პირადად მე სულაც არ მგონია, რომ ის ბუტაფორიული მდგომაროება, რაც რომელიმე სახელმწიფო დაწესებულულების დაცვაა, უფრო მეტადაა ნაკვები პატრიოტული და საზოგადოებრივი თვითშეგნების სენტიმენტებით, ვიდრე სხვა ნებისმიერი სამსახური. ჩემს მონაყოლს როცა ადამიანი საკუთარ თავზე გამოცდის და რაციონალურ მსჯელობას დაჰყვება, გაუჭირდება არ დაეთანხმოს ალექსანდრე ბერკმანს, რომელიც ამბობს, „ჯარში გაწვევა არის სასაფლაო, სადაც დაკრძალულია ჩვენი თავისუფლების ყველანაირი კვალი.“ მგონი, დროა მტკიცედ მოვითხოვოთ დესპოტური მოპყრობის და მიდგომის შეცვლა და არჩევით სამხედრო სამსახურზე გადასვლა. ეს ვერ იქნება მაქსიმა, მაგრამ დასაწყისისთვის საკმარისია.

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული