• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ღმერთი ბოლო სტადიაში

×
ავტორის გვერდი შარლი ებდო 30 ივნისი, 2026 68

ეროვნული ასამბლეის მიერ სიცოცხლის დასასრულის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის განხილვამ კიდევ ერთხელ გამოიწვია კამათი ევთანაზიასთან დაკავშირებით. ხუთი მაღალტიტულოვანი რელიგიური წარმომადგენელი ღიად დაუპირისპირდა „ღრმა და განუწყვეტელი გაყუჩებით“ მოკვდინების იდეას. „პატივი უნდა ვცეთ თითოეული ადამიანის სიცოცხლეს“, „სამოქალაქო კანონმა ადამიანს სიცოცხლე არ უნდა მოუსწრაფოს“, „სიცოცხლის მიწურულს, ადამიანს უნდა იცავდეს მკვლელობის აკრძალვა“, „ვისი სახელით ვაპირებთ სიკვდილის ჟესტის დაკანონებას?“ - განაცხადეს მათ 10 მარტის „ლე მონდში“.

კანონი, რომელიც ზოგადი უნდა იყოს, ვერასდროს მოგვცემს ისეთ იურიდიულ გამოსავალს, რომელიც სიცოცხლის მძიმე დასასრულის უამრავ სხვადასხვა შემთხვევას დააკმაყოფილებს. ევთანაზიის მომხრეებსაც და მოწინააღმდეგეებსაც, საკუთარი თეზისის გასამყარებლად, თავიანთი გულგამგმირავი ამბები გააჩნიათ, ცხარე ცრემლით რომ აგვატირებს. ერთნი შეუქცევადი ვეგეტატიური მდგომარეობიდან გათავისუფლებული პაციენტით გამოწვეულ შვებაზე მოგიყვებიან, მეორენი კი მკვდრად მიჩნეულ ავადმყოფზე მოგითხრობენ, რომელიც გაცოცხლდა და რომელსაც კანონის ზედმეტად ნაჩქარევი გატარება უბრალოდ მოკლავდა. ერთი რამ ცხადია, არავის სურს, ერთ დღეს, იძულებული შეიქნას, აპარატიდან გამორთოს ცოცხალი, თუნდაც სიკვდილის პირას მყოფი ადამიანი. ადამიანის ტანჯვაში მიტოვება ისევე ძნელია, როგორც აგონიაში მყოფის აპარატიდან გამორთვა.

ამიტომაა უსინდისობა ევთანაზიის გაიგივება მკვლელობასთან, როგორც ამას რელიგიები აკეთებენ. სიცოცხლის შეწყვეტა, როცა იგი ცნობიერებისგან, სიამოვნებისგან, სიცილისგან და ინტელექტისგან დაცლილა და მხოლოდ სუნთქვაშიღა გამოიხატება, კავშირში არ არის ყველა სასიცოცხლო უნარით აღჭურვილი ადამიანის მკვლელობასთან. სიცოცხლე არ არის მხოლოდ მექანიკა. სიცოცხლე არ შემოიფარგლება ფილტვებისა თუ სისხლის მიმოქცევის კარგი ფუნქციონირებით. სიცოცხლე, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი თავის გაცნობიერება და საკუთარი ყოფის თავად წარმართვაა. რელიგიებისთვის, საღი გონების მქონე და ჯანმრთელი ადამიანი იგივეა, რაც საკუთარი სიცოცხლის მართვის უნარების არმქონე. ეს ბევრს მეტყველებს იმაზე, თუ ადამიანის რა კონცეფცია გააჩნიათ რელიგიებს: ჯანმრთელი ადამიანი ისეთივე თვინიერი უნდა იყოს, როგორც ბოლო სტადიაში მყოფი.

მაღალტიტულოვანი რელიგიური წარმომადგენლების ეს განცხადება სხვა მხრივ არის გასაკვირი. არცერთი მათგანი არ ახსენებს მორწმუნისთვის ყველაზე მთავარს, მიწიერ ცხოვრებაზე ბევრად მნიშვნელოვანს: მარადიულ სიცოცხლეს. თუ მორწმუნეს რამის სწამს, ეს ხომ იმქვეყნიური ცხოვრებაა. სხვანაირად, მას არც ვუწოდებდით „მორწმუნეს“. ესენი კი თითქოს შიშობენ, ნათელმხილველობა არ დავწამოთ. ხუთიდან არცერთს არ უთქვამს რომ მიწიერი ცხოვრების შემდეგ, სიცოცხლე იმქვეყნად, შემოქმედის მფარველობის ქვეშ გრძელდება. არადა, რა მარტივი იქნებოდა ხმამაღლა ამის თქმა. ეს ხომ ევთანაზიის პრობლემას გადაჭრიდა. ვინღა დაგიდევდათ ინექციით სიკვდილს, როცა მთავარი მერე მოვიდოდა: მარადიული სიცოცხლე. ჯამში, ყოველივე ეს გვაეჭვებს იმაში, რომ ამ მაღალტიტულოვან რელიგიურ წარმომადგენლებს მართლა სწამთ იმის, რასაც ქადაგებენ.

ამ საკვირველების ახსნას ბიბლიაში ვპოულობთ. უთვალავია იმ მოწამეთა, მოციქულთა და მათ მიმდევართა რიცხვი, ვინც სასუფეველი დაიმკვიდრა ერთი პირობით: საშინლად დატანჯულიყვნენ. ამგვარად, ცოცხლად გატყავებულები, მაყალზე შებრაწულები, ლომის მიერ ცოცხლად შეხრამუნებულები ამხიარულებენ წიგნთა წიგნის გვერდებს. არ არსებობს სიკვდილი ტანჯვის გარეშე, არც სასუფეველი - მოწამეობის გარეშე. აი, რატომ არ სურთ რელიგიებს ევთანაზია. ქრისტესავით უნდა ვეწამოთ, რომ სამოთხეში, ყოვლისშემძლეს გვერდით მივუსხდეთ.

მსგავსი რამ ანდრია მოციქულს გადახდა. იესომ იგი ერთ ქალაქში გააგზავნა, რომლის მცხოვრებლები ანთროპოფაგები იყვნენ. მათ ისე სასტიკად აწამეს მოციქული, რომ ამ უკანასკნელმა უფალს შესჩივლა: „უფალო იესო ქრისტე, მაკმარე ეს ტანჯვა. გაიხსენე, რომ შენ ჯვარზე სამი საათი გაატარე, მე კი მესამე დღეა, რაც ამ ქალაქის ქუჩებში მათრევენ. მომეცი ნება, უფალო, სული განვუტევო და შვება ვიგრძნო“. გარჯა ამაო გამოდგა, ანდრიას კიდევ მოუწია წამების ატანა, სანამ სასწაულებრივად ფეხზე არ დააყენა უფალმა. დღეს ამგვარი სასწაულები არ არსებობს და მხოლოდ ევთანაზია ან ღრმა გაყუჩება თუ შეძლებდა ჩვენი მამაცი ანდრიასთვის ტანჯვის შემსუბუქებას.

ევთანაზიის შემთხვევაში, რაღა დარჩებოდა ტანჯვებისგან დაცლილი ბიბლიისგან? იგი ხომ უშოკოლადო შოკოლადის ეკლერს, უვაშლო ვაშლის ნამცხვარს დაემსგავსებოდა. არავის დააინტერესებდა ჯვარზე ევთანაზირებული ქრისტე. ჩაქოლვის ნაცვლად, „ღრმა და განუწყვეტელი გაყუჩებით“ მოკვდინებული სტეფანე პირველმოწამეც მხოლოდ გულგრილობას გამოიწვევდა. რელიგიისთვის, ევთანაზია არა სიცოცხლისადმი ზიზღი, არამედ მისი ბიზნესის სიკვდილია.

რელიგიას ხომ ყოველთვის სძაგდა ისინი, ვინც ბედისგან თავის დასაღწევად, თვითევთანაზიას მიმართა. წყეულმა იუდამ, ლაჩრულად, თავი ჩამოიხრჩო. პილატემ გულში სატევარი დაიცა. მათ ჯოჯოხეთი გარანტირებული აქვთ.

ღვთისმოშიში კი, პირიქით, ბედს ნეტარებით ემორჩილება. ყველას გვახსოვს, სიცოცხლის ბოლო დღეებში, როგორ მიაფორთხებდა საკუთარ, ჰაერგამოცლილი საბურავივით მოფამფალებულ სხეულს იოანე-პავლე II. მისი ტანჯვის ეს გულისმომკვლელი სანახაობა აღტკინებულ სულებს აღაფრთოვანებდა.

ევთანაზიის დაკანონება ისევე რთული იქნება, როგორც თავის დროზე ეს აბორტისთვის გართულდა. ამის გასაპროტესტებლად, რელიგიებს დღესაც იგივე არგუმენტები მოჰყავთ: „სიცოცხლისადმი პატივისცემა“ თუ „უარი სიკვდილის კულტურას“. დაბადებისას, ისევე, როგორც მოკვდომისას, უნდა ვიტანჯოთ. იქ, სადაც ტანჯვა არ არის, არც რელიგიაა. მით უკეთესი, რადგან იქ, სადაც რელიგია არ არის, ხშირად, ბევრად უკეთ ცხოვრობენ.

რისი

„შარლი ებდო“ n°1182

თარგმანი ფრანგულიდან: ბაჩანა ჩაბრაძე

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული