• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ჩემი და შენი

×
ავტორის გვერდი ნაზიბროლა ქორთუა 12 მარტი, 2021 2292

 

ზაფხულის სამი თვე სწრაფად გადის. ვერც კი შეიგრძნობ, ისე შემოგეძარცვება გაუთავებლად მზიანი დღეები. სკოლაში სიას ითხოვდნენ ხოლმე, იმ მზიანი დღეების ანგარიშს, როცა სახლში უნდა ვმსხდარიყავით და საათობით გვეფურცლა წიგნები. საკმაოდ გვიან გავიაზრე, რომ ეს სია, რვეულიდან ამოგლეჯილ შუა ფურცლებზე კოხტად დაწერილი, ერთი, ორი, სამი, ოთხი, და ა. შ., დიდი უაზრობა იყო. მაგრამ უფრო დიდი საცოდაობა იყო დამრგვალებამდე მისაყვანად აღებული ლექსების კრებულის ჩასმა ნანატრ მეათედ. ანა კალანდაძის ლექსები ავიღე, ვარდისფერი ყდა იყო და, მგონი, პატარა ოქროსფერი ორნამენტიც ჰქონდა. შიგანი არ მახსოვს, არც ერთი ლექსი, გარდა იმ ერთისა, თუთაზე, ორი წლიდან რომ აზეპირებინებენ  ბავშვებს. სამაგიეროდ, „ყოჩაღ, ნაზი!“ მოვისმინე და დავჯექი. არასდროს ვცდილვარ, ჩავძიებოდი პოეზიის არსს. ძუნწად შეკოწიწებული სიტყვების ამარა დარჩენილს, უშნოდ მხვდებოდა დაუსრულებელი სიტყვათშეთანხმებები, მოკლე სტრიქონები, ახალი ამოსუნთქვა აბზაცების სახით, განყენებული ზედა და ქვედა სართულებისგან. ნებისმიერი ჩაძიება შემოძარცვული ხესავით აქცევს თუნდაც კარგად გაგებულ ლექსს. ხელოვნების ნიმუში, მოხვედრილი არა მხოლოდ კრიტიკოსის, არამედ ჩვეულებრივი მკითხველისა თუ მნახველის გრძნობისმიერ ორგანოთა შორის, თავისდაუნებურად ამახინჯებს პირველსაწყის წმინდა მოცემულობას, ათასნაირად გადაგვარებულსა და გადასხვაფერებულს ამოანთხევს. პოეზიასთან გარდაუვალი  მიახლოებისას ყოველთვის გამოიკვეთებოდა ხოლმე რაღაც საერთო მახასიათებლები. ყველაზე ხშირად მაინც მუსიკასავით ახმაურებული ბუნების აღწერა მხვდებოდა, თითქოს ვიგებდი, ყურსაც სიამოვნებდა, მაგრამ მერე პოეტი ბუნების ამ წყნარ, ლამაზ აღწერაში ერთ სიტყვას ჩაურთავს და იწყება ის ნაცნობი აღრევ-დაღრევა, რომელიც არაფერში ჯდება და თან ყველაფერს ეხამება. მოკლე ბწკარები იჟღინთებიან, მძიმდებიან იმ ერთი სიტყვის ან იმ ბოლო ბწკარის წონით. და როგორც ლურჯის ყვითელთან ოდნავი მიახლოება ბადებს მწვანეს, ისე ემართება სიტყვებსაც. უჩვეულოდ დაწყვილებულნი ითქვიფებიან ერთმანეთის არსობაში, რათა ახალი სამყარო შექმნან, ახალი კუთხე შექმნან, ახალი ადგილი შექმნან „ ფიქრთ გასართველად“.

მათი ბუნება განსაკუთრებულია, მათ აისსა და დაისს პირველად გრძნობს მკითხველი, პირველად დგება დღეცა და ღამეც, პირველად ასხვავებენ სინათლეს სიბნელისგან. ბუნდოვანი პეიზაჟების შემდეგ, რომლებშიც ოდნავ გასაგონად ჩურჩულებს წინასიტყვაობა, შესავალი რეალური ფორიაქისა, ერთგვარი შემზადებაა ხოლმე ლექსისთვის, თხელი სარჩულივით გადაეფინება ხოლმე თავზე ერთი შეხედვით ჩვეულებრივი ბუნების სურათის აღწერა მთლიან ლექსს. და სადღაც ბოლოში, მიწურულში ნაუცბათევად ცხადდება გონებაში დიდხანს ნაფიქრი და ნაწვალები აზრი. პეიზაჟი იშვიათადაა უბრალო მეტაფორა, ლექსის მოსართავად მოხმობილი, მას თავისი მყარი ადგილი უჭირავს პოეზიაში. ბუნებაში იპოვება და ცხადდება ჭეშმარიტება ცხოვრებისა, თუმცა რაკი რეალურ სამყაროში ადამიანები თავს განკერძოებულად ვგრძნობთ მისგან, ამიტომაა ალბათ საჭირო მისი მეტაფორული გააზრება.

 

არც სრულიად დღე, მაგრამ არა სრულიად ღამეც:
მათ შორის რაღაც მოლივლივედ გარდამავალი.
როგორც სინათლე და სიბნელე აის-დაისის
ერთმანეთს ისე შეერევა, რომ ერთურთისგან
მათი განწვალვა და გარჩევა არავის ძალუძს;
სიცოცხლის გზებსაც ამგვარადვე დამსგავსებია
ეს უჯიათი წარმონაქმნი ჩემის და შენის:
ზედმეტად თეთრი საიმისოდ, რომ შენი იყოს,
ზედმეტად შავი საიმისოდ, რომ იყოს ჩემი.
 

მიხაელ გუტერბრუნერის ეს ლექსიც - „ჩემი და შენი“ - ამგვარადვე დაიწყო, და ჩემი მწირი გამოცდილება პირველივე სიტყვიდან მკარნახობდა, რომ სადღაც ჩასავარდნი იქნებოდა, სადღაც ფეხი დამიცდებოდა და გამისხლტებოდა ის რაღაც. მიუხედავად იმისა, რომ დღის სინათლესა და ღამის სიბნელეს შორის არსებული განათება საკმარისია დამალულის საპოვნელად. სათაურიდანვე დაწყებულ მოპირდაპირე წყვილთა დაპირისპირება ლექსის ბოლო ბწკარამდე გრძელდება. ერთ მხარეს ღამის, სიბნელის, შავისა და „ჩემის“  მონათესავე სიტყვებია აღებული, მეორე მხარეს დღის, სინათლის, თეთრისა და „შენის“. თუმცაღა აქ მათი შეპირისპირება არავის აინტერესებს, ისინი მხოლოდ კიდურა წევრები არიან, სახელებიან უკიდურესობებს წარმოადგნენ. მთავარი ყურადღება მათ შორის არსებულზეა გამახვილებული, არა დღე და ღამე, არამედ - „მათ შორის რაღაც მოლივლივედ გარდამავალი“. არა აისი და დაისი, არამედ - მათი ნაერთი. არა ჩემი და შენი, არამედ, ალბათ, ჩვენი.

თითოეული ანტონიმური წყვილი დაუკონკრეტებელ აღწერას იძლევა მათ შორის არსებულზე. დღესა და ღამეს შორის მოლივლივედ გარდამავალი რაღაც. „რაღაც“ - ეს განუსაზღვრელი ნაცვალსახელი მკითხველს აძლევს საშუალებას, თავად  განსაზღვროს საგულისხმო დრო. მომდევნო ბწკარები კვლავ აისსა და დაისს ელამუნებიან, ვერ შორდებიან სინათლე-სიბნელის თემას, და მაინც ჩუმად, გამოცანებით საუბრობენ იმ შუალედურზე, მათი შეზავებით რომ მიიღება.

ამავდროულად, ერთმანეთთან მიახლოება, შერევა თითქოს აქრობს იმ საწყის დაპირისპირებულთა წყვილს. სინათლისა და სიბნელის შერწყით არც ერთის უკიდურესობა რჩება შესამჩნევი, ორივე მქრქალდება და შუალედურ მდგომარეობაში უღიმღამოდ უფერულდება.  მაგრამ იქნებ სწორედ ეს შერევა ბადებს რაიმე ახალს, არც სინათლე არც სიბნელე, მაგრამ - ის დრო, რომელიც ამ აის-დაისს შორის, ამ ზენიტებს შორის არის მოქცეული. 

მერე მოდის მოსალოდნელი სიტყვა „მსგავსად“. ბუნების ყოველდღიური, რუტინული უკიდურესობების განხილვის შემდგომ, პოეტი  თავისიანებთან გამოდის, და თითქოს სწორედ აქედან ცოცხლდება, აღიქმება, დაიშვება, შედის დიალოგში მკითხველთან პოეტი. თითქოს მხოლოდ ახლა მოგიბრუნდა ზურგშექცევით მდგარი, ახლა გაგხადა ყურადღების ღირსი. მანამდე თითქოს იყავი და თან არც იყავი, ან სულერთი იყავი, ან უბრალოდ სიჩუმე მოგეთხოვებოდა. ლანდივით უნდა მიყუჩებულიყავი, მაგრამ მერე... თითქოს მხოლოდ შენს გასაგონად საუბრობს. ალბათ, აქ იწყება ჩემი, არა მხოლოდ როგორც მკითხველის, არამედ როგორც კრიტიკოს-მწვალებლის ფორიაქი, რადგან გაფართოებული თვალებითა და დახშული გულით ვცდილობ იმის გაგებას, რაშიც ავტორმა მთელი თავისი სული ჩააქსოვა.  „სიცოცხლის გზებსაც ამგვარადვე დამსგავსებია / ეს უჯიათი წარმონაქმნი ჩემის და შენის“. კიდევ ერთი დაპირისპირება და ახალი გაურკვევლობა. მე მომმართავს ამ „შენით“? თუ კვლავ უჩინარი ვარ, რომლის ყოფნა-არყოფნა არსებით მნიშვნელობას არ იძენს. იქნებ - სატრფოს, ან აბსტრაქტულ სხვას, ან საკუთარი თავიდან ამობარგებულ ობიექტს. ან ეს კუთვნილებითი ნაცვალსახელი რის მფლობელობას გულისხმობს? თან ფერამდე არსებული შავისა და თეთრის საზღვრებშია მოქცეული. მაგრამ საბოლოოდ არცერთის არაა, ერთისთვის ზედმეტად თეთრია, მეორესთვის - ზედმეტად შავი.

 „ზედმეტად“ - კარგად აღწერს მათ იდეალურ მიუწვდომლობას. ჩემი და შენი ვერ გახდება, ვერ მოვიხელთებთ მათ ჩვენს საკუთრებაში. მაგრამ ლექსს მაინც ჩემი და შენი ახურავს თავზე, ალბათ მაინც ეპოტინება ერთი იმ ზედმეტად თეთრს და მეორე - ზედმეტად შავს. მაგრამ, ალბათ, ესენიც სადღაც სიჭრელეში ლივლივებენ, გამოზავებულნი შავსა და თეთრს.

 

 სინათლის იმპერია - რენე მაგრიტი

 

სინათლისა და სიბნელის, დღისა და ღამის დაპირისპირება ზედმეტად მძაფრადაც კია გადმოცემული. შუადღის მზიანი, მაგრიტისეული ღრუბლებით დაფარული ცისფერი ცა უცებ ეჯახება შუაღამის შავ გაურკვევლობას. ხეთა ყრუ, დაუნაწევრებელ სილუეტებსა და ადამიანებიან სახლებს უმზეობა ხელოვნური სიყვითლით აქვს შეცვლილი. მაღლა არსებული დღის სამი საათის უგულველსაყოფად დაბლა პატარა ლამპიონიცაა ანთებული.

მაგრიტთან არაა შუალედური სირბილე. არაა სულ ოდნავი გადასვლაც კი, თუნდაც - სახლის სახურავზე; თითქოს, ერთი სამყარო რაღაც ზღვრამდე მიდის და მერე, უეცრად, გაუფრთხილებლად, გზას უთმობს მეორეს. ორი გაღმა ნაპირია ძალით შეერთებული და მიწებებული ერთმანეთზე. მოულოდნელი კონტრასტი დაუკმაყოფილებლობის შეგრძნებას იწვევს, ეს კი თავისთავად ბადებს გუტერბრუნერის „რაღაც მოლივლივედ გარდამავალის“ არსებობის აუცილებლობას. ცალ-ცალკე ორივე მშვენიერია, მაგრამ მათი ერთობლიობა მხოლოდ მაშინ იქნება ჰარმონიული, თუ ორივე, თავ-თავის მხრივ, დათმობს თავის წილ უკიდურესობას.

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული