- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
თავდაპირველად მთავრობამ შექმნა ახალგაზრდა ბიჭებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი.
ჯგუფი იყო უსახო და უბედური. დიდი ვალები იდო მათ მხრებზე და ბანკის რისკების განყოფილების თანამშრომლის სული იძვროდა მათ ბინებში.
თქვა მთავრობამ: იყოს ოფისი! და იქმნა ოფისი დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე. ოფისი იყო პატარა, მაგრამ ყველა საჭირო ტექნიკით აღჭურვილი.
და ნახა მთავრობამ, რომ ყველაფერი ისე იყო, როგორც საჭიროა და დააწესა მთავრობამ დედლაინი. პირველ დედლაინს მთავრობამ უწოდა “შუადღის 12 საათის ლაივი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფეისბუქ გვერდზე” და მეორეს უწოდა “ღამის აქციის დროს გიგა მაქარაშვილის ლაივი საკუთარ ფეისბუქ გვერდზე”.
თქვა მთავრობამ: 300 ბოტისთვის იყოს 1500 დოლარი და თუ საჭირო იქნება მეტი - დანარჩენებისთვის.
გააჩინა მთავრობამ გუნდის ხელმძღვანელი და გაჰყარა ერთმანეთისგან ჯგუფის წევრების პასუხისმგებლობები.
ოპერაციას მთავრობამ უწოდა “საინფორმაციო ომი”. იყო ფეიქ ექაუნთები და იყო - ბოტები.
თქვა მთავრობამ: შეგროვდეს ფეისბუქ ლაივის კომენტარებში ეს ხალხი და გამოჩნდეს საზოგადოების პოზიცია, რომ შინაგან საქმეთა მინისტრი არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადადგეს. და იქმნა ასე.
თქვა მთავრობამ: შეიქმნას უფრო მეტი ბოტი - ემიგრანტი ქალები, რომლებსაც ქვეყნის ბედი ანაღვლებთ; კაცები რეგიონიდან, რომლებიც მთავრობის ქებით იშაქრავენ პირს; ახალგაზრდები, რომელთაც მომავალზე შესტკივათ გული
წარმოშვა ჯგუფმა მეტი ბოტი - ემიგრანტი ქალები, კაცები რეგიონიდან და ახალგაზრდები, ვითომ ნაყოფის მომტანი, თავისი გვარისდა მიხედვით.
იყო Gio Chantleli. From Dushet’is Raioni, Tbilisi. Studied at Tbilisi State University. Widowed. Lives in San Francisco.
იყო Lamara Lamara. From Kaspi. In a Complicated Relationship. Lives in Kaspi.
იყო Sakartvelos Xma. Works at Victoria’s Secret. Studied at Harvard University.
და სხვანი.
თქვა მთავრობამ: იყოს ლექსიკა განმასხვავებელი ბოტებისა და მათი ასაკის აღმნიშვნელად.
და იქმნა ასე.
დასხა ისინი მთავრობამ ფეისბუქ გვერდებზე, რომ განემტკიცებინათ საზოგადოებრივი პოზიცია მთავრობაზე,
განეგოთ ხალხის აზრთა დინება, შეექმნათ საკუთარი აზრები. დაინახა მთავრობამ, რომ კარგი იყო.
იყო საღამო, იყო დილა, იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს ლაივი და იყო გიგა მაქარაშვილის ლაივი და იყო მეხუთე დღე.
თქვა მთავრობამ: კიდევ უფრო მეტი ბოტი გავაჩინოთ ჩვენს ხატად, ჩვენს მსგავსებად. ეპატრონოს სოციალურ ქსელებში გაუცნობიერებელ მოხუცებს და საკუთარი აზრის არ მქონე ახალგაზრდებს, ყველა რეგიონს და მთავრობის ყველა მხარდამჭერს, რომელსაც პარტიისადმი ნდობა აქვს დაკარგული.
ჩაუშვა ისინი მთავრობამ და უთხრა: გაავრცელეთ აზრი და იმრავლეთ, აავსეთ ყველა ლაივი და ონლაინ-გამოცემის კომენტარების სექცია, - დაეუფლეთ მას.
იყო აქციის ლაივები, პარლამენტის თავმჯდომარის ბრიფინგი, სტატიები ხალხზე, რომლებიც პირველი აქციის შემდეგ რამდენიმე დღეა სიცოცხლისთვის იბრძოდნენ. დაინახა მთავრობამ ყოველივე, რაც ჩაიდინა და აჰა, ძალიან კარგი იყო.
იყო საღამო, იყო დილა - მეექვსე დღე.
გასრულდა ცა და მიწა მთელი მათი მორთულობითურთ.
გაასრულა მთავრობამ მეექვსე დღეს თავისი საქმე, რაც გააკეთა და დაისვენა მეშვიდე დღეს.
ბონუსით აკურთხა მთავრობამ მეშვიდე დღე და დაასვენა დიდი დიღმის ოფისიც.
შემდეგ კვირაში მოუხმო მთავრობამ დიღმის ოფისის ხელმძღვანელს და უთხრა: შეიკრიბეთ, რომ გაგიმხილოთ მოქმედების სამომავლო გეგმა.
თავი მოუყარე მთელ ჯგუფს და ისმინეთ, ყურადღებით, ისე, რომ არ შემაწყვეტინოთ!
ლევან! ჯგუფის ხელმძღვანელი ხარ შენ, ძალა ჩემი და სათავე, ქვეყნის მტრების მიერ გაჩაღებული საინფორმაციო ომის ჩვენი ბანაკისა! შეუდრეკელი და შეუპოვარი.
ისმენდა ლევანი ქება-დიდებას და არა სწამდა კი მთავრობის სიტყვების გულწრფელობის. ერთი რამ ედო გონში და მხოლოდ ერთზე ფიქრობდა მისი გონება: “იპოთეკას დავფარავ და ცოლ-შვილი ულუკმაპუროდ არ დარჩება. რაში მჭირდება მთავრობის საქებარი სიტყვები”. მაგრამ ხმა არ გაუღია. ისმინა ბოლომდე.
თქვა მთავრობამ: მეოცე დღეა პარლამენტთან ხალხი იკრიბება. აღარ ვუნდივართ, მაგრამ განა ბევრნი არიან ისინი? განა ესმის სიტყვა მათი ხალხს? და რომც გაიგონ, განა დაუჯერებენ მათ?
მერე რა, რომ ვიღაცები დაშავდნენ? მერე რა, რომ პოლიციამ იარაღის გამოყენება იცის? განა ეს დანაშაულია? როცა დრო მოითხოვს, ასე ხდება - ხალხი კვდება, პოლიცია იარაღს იყენებს.
ჩუმად იჯდა ლევანი და უსმენდა მთავრობის სიტყვებს. ეგ არის, რომ ფიქრებში თავის ცოლთან ერთად იყო და ახალ ბინაში ახალ ბავშვს აკეთებდა.
თქვა მთავრობამ: თავს გავიდნენ. სანამ მე ქუჩაში მივხედავ, თქვენ სოციალურ ქსელებში დაამკვიდრეთ მშვიდობა და მშვიდობა იგი არის სიტყვა მთავრობის, რომელიც უკლებლივ ყველას ყურამდე უნდა მივიდეს, ყველა ფეიჯიდან, ყველა ლაივიდან, ყველა კომენტარიდან და სიტყვა იგი უნდა იყოს მკაფიო და ხმამაღალი.
მთავრობა არ გადადგება!
ეს ყველაფერი დღესვე უნდა დასრულდეს.
და მიმართა მთავრობამ ლევანს: შეჰქმენი ბოტების აურაცხელი არმია. ოცი ათასი კაცი და ათქმევინე ყველას ის, რასაც პრეს-მდივანი გადმოგიგზავნის მეილზე.
თუ ეს ყველაფერი დღეს არ დასრულდა, დაემშვიდობეთ ამ თვის ხელფასს და დაშლილად გამოცხადდეს ჯგუფი.
და მიხვდა ლევანი რომ მთავრობას შეეშინდა, რადგან მათზე მრავლრიცხოვანია და ძლიერი აქციის ხალხი.
თქვა მთავრობამ: ვაჯობოთ ჭკუით, რომ არ გამრავლდეს ცრუ ინფორმაცია. თუ ომი ატყდა, აგვიმხედრდება ხალხი.
და დაამატა: ეს ყველაფერი დღესვე უნდა დასრულდეს! ამხელა ფულს ტყუილად კი არ გიხდით.
წავიდა მთავრობა და დარჩა ლევანი თავის ხალხთან.
არ მოეწონათ მუქარა. ისედაც უწყალოდ ამუშავებდნენ, ბოლო რამდენიმე კვირაში სიცოცხლე გაუმწარეს მძიმე შრომით: პროქსიში ბოტების გამოყვანით და მესიჯ-ბოქსების შემუშავებით, ალგორითმების კეთებით და კლავიატურაზე თითების დატყავებით.
იკითხა ერთმა: როგორ შევქმნათ ოცი ათასი ბოტი ერთ დღეში?
იკითხა მეორემ: მართლა შეიძლება უფულოდ დაგვტოვონ?
დაამატა პირველმა: ყელში ამოვიდა ეს ყველაფერი.
ამოიხვნეშა მეორემ და დაამატა: სჯობს ტრაკი დავაყენოთ და ჩვენი საქმე გავაკეთოთ.
უსმენდა ლევანი და ფიქრობდა. განა უღირს ომში იმ მტყუანი მხარის დაჭერა, რომელიც იმ წამსვე უარჰყოფს მას და მის გუნდს, როგორც კი ომში დამარცხდება?
უღირს კი დათხრილ თვალებსა და დასახიჩრებულ სხეულებზე გავლით ნაშოვნი ფულით შვილის აღზრდა? რას ეტყვის, როცა გაიზრდება და კითხვების დასმას, ფიქრს დაიწყებს?
და მიხვდა ლევანი, რომ ამაოა საქმე მისი და საქმე მთელი ჯგუფის.
და ჩაიფიქრა მზაკვრული გეგმა, მაგრამ არ გააჟღერა ხმამაღლა, რადგან იცოდა, ჯგუფის წევრები არავითარ შემთხვევაში არ აღიარებდნენ სიტყვას მისას და არათუ დალოცავდნენ, ტელეგრამით მესიჯებსაც აფრენდნენ მთავრობაში.
და თქვა: მე შევქმნი ოცი ათას ბოტს.
გაუკვირდათ სხვებს.
იკითხა პირველმა: რანაირად?
თქვა მეორემ: სამივე ერთად ვერ მოვერევით, მარტო შენ კი არა.
თქვა ლევანიმ: ჩემს თავზე ვიღებ. დარდი ნუ გექნებათ.
და შეასრულა ლევანიმ სიტყვა თავისი. შექმნა ოცი ათასი ბოტი და ოცივე ათასი იყო უნიკალური, შექმნილი ხატად მთავრობის, ჩაფიქრებული ცრუ-ხალხად და გამავრცელებლი ცრუ სიტყვის.
და ისე, რომ ვერავის შეემჩნია, პრეს-მდივანის მიერ მეილზე გამოგზავნილი მესიჯ-ბოქსის ნაცვლად, საკუთარი სიტყვები ჩაუნერგა მათ და ათქმევინა ის, რაც სურდა.
თქვეს ბოტემა: მინისტრი უნდა გადადგეს!
უმაქნისი მთავრობა!
რუსების მონები!
20 % of Georgia is occupied by Russia.
ნუ მთხრი თვალებს!
მინისტრო, წადი ქვეყნიდან!
და სხვა ყველა სიტყვა, რაც მთავრობის წინააღმდეგ ოდესმე თქმულა.
და იყო ეს სიტყვა ათასჯერ, ათი ათასჯერ, ოცი ათასჯერ გაჟღერებული და მიტანილი ოცი ათასი, ორმოცი ათასი, ასი ათასი კაცის ყურამდე.
და გაკვირვებული იდგა ხალხი აქციაზე, რამეთუ იხილეს მთავრობის წინააღმდეგ ამხედრებული ბოტები.
და გაცოფდა მთავრობა, რამეთუ იხილა, როგორ განუდგნენ ხატად მისად შექმნილი შვილნი.
და თქვეს ბოტებმა:
მინისტრმა ყლე უნდა მომიწოვოს!
დავწვათ მთავრობა!
ყელი გამოვჭრათ ღმერთს, რომელიც ახლა პინგვინებს ეთამაშება!
გავაძევოთ ქვეყნიდან!
ბერა არა ყლე!
კმაყოფილი სქროლავდა ლევანი და ფიქრობდა: მე ვარ ანი და ჰაე, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.
ნეტა მათ, რომელნიც რეცხავენ თავიანთ ბინძურს სამოსს და ჰგონიათ სუფთანი განაგებენ ქვეყნის ბედს.
ხოლო გარეთ ძაღლები და მართალნი, გულწრფელობის მოყვარენი და მოქმედნი დგანან.
მე, ლევანმა, მოვავლინე ჩემი არმია, რათა ქუჩებში გიმოწმოთ ეს.
ვუმოწმებ ყველას, ვინც ისმენს ჩემს სიტყვებს: დღეიდან მე აღარ ვიარსებებ. გამაქრობენ. მაგრამ თქვენ ამას კიდევ დიდი ხანი ვერ გაიგებთ. ხოლო როცა გაიგებთ, მოიკითხეთ ჩემი ოჯახი და გადაეცით, რომ მთავრობის პირით გულწრფელ ბოდიშს ვიხდი, უსახლ-კაროდ რომ დარჩნენ.
ჩვენი უფლის, - თავისუფლების მადლი ყველა თქვენგანთან. ამინ.