• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

დეკადენსი

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 11 იანვარი, 2026 51

1. სამიმო – თხრობა

მას არ ერქვა შორენა, მერი, მარიტა, არც დარეჯანი… ბევრი რამ არ ერქვა, ქალთა სახელებიდან, რომელ ერთი ჩამოვთვალოთ, არც ჯავარა ვაჟას პიესიდან „მოკვეთილი“. მას ასევე არ უარსებია როგორც ჟუჟუნას, ციურას, მაყვალასა თუ ლამარას, სოფელს შემორჩენილ ჩაგრულ მანდილოსანივით, ორღობის, გომურისა და ლოთ-ბაზარა ქმრის შემხედვარესავით…

ბევრი უამრავი ქალი და დედაკაცი, არც თავსაფრიანი დედაბერი ის არ ყოფილა, არც მარგო მიხეილისა, არც მისივე თამრო, უბადლო მოთხრობიდან – „ოქროს კბილი“… 

ნეტავ რა მიზნით, რატომ ან ვინ და რა მომენტში დაარქვა მას სამიმო? 


2.სამიმო – მომავალი
ჭკვიანი ხალხი წერს, რომ მხოლოდ ერთი დროა, წარსულს არ უნდა ჩაეძიო, არც დაეჩაგვრინო, მომავალი დაიკიდო და აწმყოს ჩაუჯდე, ჩაუსაფრდე. სამიმოსთვის ეგრე არ იყო. სამიმოს არ აწუხებდა წარსული და აწმყო, სამაგიეროდ მას ებარა 3 მომავალი: პირველი, მეორე, მესამე… არცერთი ამ მომავალთაგანი არ ჰგავდა წარსულს ან აწმყოს და სამივე ბავშვივით მართალი მომავალი იყო, ოღონდ არა ერთი და სამსახოვანი ჩვენი ღმერთივით, არამედ სადად, ცხადად და ცალ-ცალკე: 1, 2, 3. 


3.სამიმო-მოლოდინი
სამიმოს გარემოიცავდა მომავლის სამი აურა, სამი სფერო და უფრო ზედმიწევნით კი – სამი მოლოდინი. ა) კვლევა-მეცნიერება; ბ) ოჯახი ანუ ბავშვები და საქმიანი ქმარი – თომა; გ)ჰობი-ცეკვა. ის ელოდა სულ ახალ აღმოჩენებს სამივეში. პირველი მოლოდინი ანუ კვლევა დაიწყო მისი სადიპლომო ნამუშევრით - „ქალთა სახეები მიხეილ ჯავახიშვილის შემოქმედებაში“. გავლენიან, ხნიერ ფილოლოგ-პროფესორს ისე მოეწონა მისი ნათხზი, რომ ხელად გამოუძებნა მან მას ის ანუ ადგილი მისდამი რწმუნებულ ინსტიტუტში. აქედან დაიწყო სამიმოს კარიერული აღმავლობა. რაც შეეხება ქმარს: ის მდიდარი კაცი შემთხვევით აღმოჩნდა ერთ სამეცნიერო ფორუმზე, სადაც იგი მყის მოიხიბლა სამიმოს მუხლისთავების სიქორფე-სითეთრით. რადგანაც მეცადინი გოგო იყო სამიმო, ბევრს ვერ დადიოდა მზეზე და სპორტზე, ამიტომ სხეული მას ბუნებრივ, ქალურ-მდორე, ლორთქო-თონთლო, თანთალა-თუნთულა, ფერ-ხორციან,  ვარდისფერ-თეთროსან და ნაღდი კაცისათვის მიმზიდველ მდგომარეობაში შეენარჩუნებინა. თანაც მოქნილია, ცეკვაზე ხომ ბავშვობიდანვე დადიოდა. ასე გადაწყდა მისი ბედი.

მიხვდით ხომ ყველაფერს? 
02. 10.2025.
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული