• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

ამერიკა! ამერიკა!

×
ავტორის გვერდი სილვია პლათი 02 ივლისი, 2024 625

 

მთარგმნელი: ნანა გაგუა

 

ჩვეულებრივ საჯარო სკოლაში დავდიოდი- ჭეშმარიტად საჯაროში.  ყველა ბავშვი იქ დადიოდა: სიცოცხლით სავსე,მორცხვი, მსუქანა,  მეზღაპრე, მომავალი ელექტრო მეცნიერი,  მომავალი პოლიციელი რომელიც ერთ საღამოს დიაბეტიან მამაკაცს ცემისაგან სიკვდილის პირას მიიყვანს, მხოლოდ იმ მიზეზით რომ ჰაერის ჩასაყლაპად გარეთ გამოსული კაცი მთვრალი ეგონა. ღატაკი რომელსაც სახლიდან მოყვებოდა   მატყლის,  ჩაფსმული  ბავშვისა  და ტრადიციული საჭმლის სუნი; მდიდარი ვირთხისბეწვიანი საყელოთი, ოპალის ქვის ბეჭდით და  მანქანიანი მამიკოებით (,,მამაშენი რას საქმიანობს? არ მუშაობს, ავტობუსის მძღოლია.’’ და  ამის თქმაზე სიცილის ატეხა.)  განათლება აქ იყო, ჩვენს თვალწინ სრულიად უფასოდ  ბევრი ჩვენგანისათვის,  დეპრესიული ამერიკული საზოგადოების საყვარელი ნაწილისათვის. მაგრამ, ჩვენ არ ვიყავით დეპრესიაში, რა თქმა უნდა.  დეპრესიულობა ჩვენ მშობლებს დავუტოვეთ, რომლებიც ძლივს აუდიოდნენ ერთი ან ორი შვილის რჩენას და სამსახურის შემდეგ ქანცგაწყვეტილები,  მოკრძალებულ სადილს მიირთმევდნენ   რადიოს  ხმის  ფონზე.  ახალ ამბებს  უსმენდნენ ,,სამშობლოზე“  და შავულვაშიან კაცზე, სახელად ჰიტლერი.

რაც ყველაზე მთავარია,  თავს  ვგრძნობდით ნამდვილ ამერიკელებად. იმ ხმაურიან ზღვისპირა ქალაქში, სადაც ჩემი პირველი ათი წლის სკოლის განათლება მივიღე- მათ შორის იყვნენ კათოლიკე ირლანდიელები, გერმანელი ებრაელები, შვედები, შავკანიანები, იტალიელები და ასე იშვიათი, ნამდვილ გემ მეიფლაუერს გამოყოლილი უცნობი ინგლისელები. ამ გემბანზე მყოფი  ბავშვებისათვის, როგორც მომავალი  მოქალაქეებისათვის, თავისუფლებაზე და თანასწორობაზე ქადაგება უფასო  ადგილობრივი სკოლის საშუალებით ხდებოდა, რაც ერთგვარად შთამბეჭდავიც იყო.  თუმცა შეგვეძლო საკუთარი თავისთვის  თითქმის ბოსტონელები დაგვეძახა (ქალაქის აეროპორტი თავისი ლამაზი მოლივლივე სამგზავრო თვითმფრინავებით და ვერცხლისფერი სამხედრო თვითმფრინავებით   ღმუოდა  და ანათებდა ყურეზე), ნიუ იორკის ცათამბჯენების პოსტერები  ხატებივით გვეკიდა  „სახლის ოთახებში“  კედლებზე, ნიუ იორკი და დიდი მწვანე დედოფალი ლოგინის სანათით ხელში, რომელიც   თავისუფლებას ქადაგებდა.

 

 

ყოველ დილით, ხელის გულზე მიბჯენით  ერთგულებას ვეფიცებოდით ამერიკულ დროშას, ერთგვარ ჰაეროვან  საკურთხევლის ქსოვილს მასწავლებლის მაგიდაზე. და ვმღეროდით სიმღერებს სავსეს დენთის კვამლით და პატრიოტულს, შეუძლებელს არცთუ ძლიერი სოპრანოს ნოტებით. ერთი რთულად შესასრულებელი, მშვენიერი სიმღერა ,,მეწამული მთის სილამაზისთვის ნაყოფიერ მდელოზე,’’  ჩემში მიჩქმალულ  პატარა პოეტს ყოველთვის გულს უჩუყებდა. იმ დროისთვის ვერ ვარჩევდი ხეხილიან მდელოს მთის სილამაზისაგან და ღმერთი ჯორჯ ვაშინგტონში მერეოდა  (რომლის ბატკნის მსგავსი ბაბუის სახე დაგვნათოდა საკლასო ოთახის კედლებიდან.) თუმცა მაინც აკანკალებული ხმით ვმღეროდით მე და ჩემი  ნორჩი, შემაწუხებელი თანამემამულეები „ამერიკა, ამერიკა! ღმერთო, მოავლინე შენი დიდება მასზე, და დააგვირგვინე შენი სიკეთით ძმობა ზღვიდან მოკაშკაშე ზღვამდე.’’  

ზღვა, რომელზეც რაღაც ვიცოდით, კრავდა და რეცხავდა და გამორიყავდა ნაპირზე   ფაიფურის თეფშებს, ხის მაიმუნებს, ელეგანტურ ნიჟარებს და მკვდარი კაცის ფეხსაცმელს. სველი მარილიანი ქარები  ჩვენს სათამაშო მოედნებიდან დაუსრულებლად გვიდნენ საფლავის, ხრეშის, გრანიტის ამ გოთიკურ ელემენტებს  და უცნაური  მყიფე დედამიწა ბოროტად დაგეგმილი რომ იყეფოს, ფრთხილად ეძებდა სუსტ მუხლებს. და აი აქ,  ჩვენ ვცვლიდით ერთმანეთში კარტებს  და საზიზღარ ამბებს, ვხტუნავდით ტანსაცმლის თოკზე, ვისროდით  მარმარილოს და  ვდგამდით რადიო პიესებს და კომიქსებს ჩვენებურად  (,,ვინ იცის, რა ბოროტება იმალება კაცთა გულში? აჩრდილმა იცის-წინ, წინ გასწი! ’’ ან „ცაში მაღლა აიხედე! ჩიტია, თვითმფრინავია, სუპერმენია!’’) ჩვენ რომ უკვე ვიყავით განწირული განსაკუთრებული დასასრულისთვის-დაღარული, მსჯავრდებული, შეზღუდული, განაჩენგამოტანილი, ჩვენ ამას  ვერ ვგრძნობდით.  ვიღიმოდით ბედნიერად და   მერხებიდან   ხმაურით ავიშლებოდით ფრენბურთის სათამაშოდ მოედნისკენ,  გახსნილები და იმედიანები როგორც თვით ზღვა.

ამის შემდეგ, ჩვენ შეგვეძლო ვყოფილიყავით ნებისმიერი პროფესიის ადამიანი თუ ვიმუშავებდით საკუთარ თავზე,  ბევრს ვიმეცადინებდით და ვისწავლიდით. ჩვენი აქცენტი, ფული და მშობლები არაფერს ნიშნავდა. განა იურისტები მაღაროელთა ფესვებიდან  არ აღმოცენდნენ, და ექიმები მენაგვებიის ურნებიდან? განათლება იყო ყველაფერზე პასუხი, და უფალმა უწყის, ჩვენამდე ის როგორ მოდიოდა. უხილავად, მე ვფიქრობ ადრეულ დროში- მისტიკურმა წითელმა ნათებამ თითით გამოსახა გამრავლების ტაბულა, საოცარი ლექსები თვითონ ადიდებდნენ ოქტომბრის კრიალა ცას და თბილ  ამინდს და მსოფლიო ისტორიაში ყველაფერი  იწყებოდა და მთავრდებოდა ბოსტონის ჩაის წვეულებით- ხოლო პილიგრიმები და ინდიელები იყვნენ ჰირაკოთერიუმები, პრეისტორიული არსებები.

მოგვიანებით კოლეჯში ჩაბარებამ და სწავლამ შეგვიპყრო მსუბუქი საშიში ვირუსივით. ყველა უნდა წასულიყო  ნებისმიერ კოლეჯში. ბიზნეს კოლეჯში, უფროსების კოლეჯში, სახელმწიფო კოლეჯში, სამდივნო კოლეჯში, აივი ლიგის კოლეჯში, ღორის ფერმერთა კოლეჯში. ჯერ წიგნი და მერე მუშაობა.  იმ დროისთვის სანამ ჩვენ (მომავალი პოლიციელი და ინჟინერ ტვინიკოსი ერთნაირად) ავშენდებოდით, ომის შემდგომ უფროსკლასელებს, სრულ განაკვეთზე მომუშავე სკოლის მრჩეველები გულს გვიწყალებდნენ ყოველ შესვენებაზე, გვთხოვდნენ განგვეხილა მოტივები, იმედები, სკოლის საგნები, პროფესიები და კოლეჯები. ბრწყინვალე მასწავლებლები მეტეორივით გვეყრებოდა თავზე: ბიოლოგიის მასწავლებლები  ადამიანის ტვინით ხელში, ინგლისურის მასწავლებლები შთაგონებას გვაძლევდნენ პირადი იდეოლოგიური სისასტიკით აღვსილნი  ტოლსტოიზე და პლატონზე, ხელოვნების მასწავლებლები ჯერ ბოსტონის ღარიბულ უბნებში მიგვიძღოდნენ, შემდეგ სკოლაში  მოლბერტზე უნდა აგვესახა ჩვენი  სოციალური ცნობიერების ამაღლება და სამოქალაქო რისხვა. ექსცენტრიკულობა, როგორც საფრთხე განსაკუთრებულად ყოფნისა, გააზრებული გვქონდა მაგრამ მაინც ჩვილი ბავშვებივით ვიქცეოდით.

გოგონების სასკოლო მრჩეველმა დიაგნოზი მაშინათვე დამისვა. მე ვიყავი უბრალოდ საშინლად ჭკვიანი.  ჩემს უმაღლეს აკადემიურ შეფასებებს, შესაბამისი დამატებითი აქტივობების მართვის გარეშე, შეეძლო ჩემი  სიცარიელეში გადასროლა.  უფრო და უფრო მეტ კოლეჯს უნდოდა მრავალმხრივ განვითარებული და უნარიანი  მოსწავლეები. იმ დროისთვის, უკვე ნასწავლი მქონდა მაკიაველი მიმდინარე ამბების გაკვეთილზე.  ჩემი მოწოდება ვიპოვე და ხელი ვტაცე.

ახლა ეს სასკოლო მრჩეველი მართავდა, ჩემთვის უცნობ, ქერათმიან იდენტურ ტყუპს რომელსაც სუპერმარკეტებში ან კბილის ექიმთან ვხვდებოდი. ამ ტყუპისცალს, მე გავანდე ჩემი ფართო წრე აქტივობებისა - ფორთოხლის ღეჭვა გოგონათა კალათბურთის თამაშებზე (გუნდი მე შევქმენი),  უზარმაზარ  ლილ აბნეს და დეიზი მაეს ფიგურების  ხატვა  ცეკვის გაკვეთილზე.  ამოჭრილი სურათების ერთი ნაწილის  მეორეზე მიკვრა, სკოლის გაზეთებში შუა ღამეს, სანამ ჩემი  აწ უკვე ყოფილი თანარედაქტორი ხმამაღლა კითხულობდა ხუმრობებს ჟურნალ ნიუ იორკერის რუბრიკების  ბოლოში. უემოციო, უცნაურად დამუნჯებული გამომეტყველება ჩემი მფარველი მრჩეველი ტყუპისა ქუჩაში არ მაბრკოლებდა, არც მისი აშკარა ამნეზია გაორმაგებულა სკოლის ოფისში. მე გავხდი განრისხებული და  პრაგმატულად მოაზროვნე მოზარდი.

„გამოყენება ჭეშმარიტებაა, ჭეშმარიტება, გამოყენება“, - შეიძლება ჩავიბუტბუტე, ავიწიე ჩემი გრძელი წინდები რომ ჩემი კლასელებისას შეესაბამებოდეს. არ არსებობდა უნიფორმა მაგრამ იყო ჩაცმის სტილი - ბიჭის ვარცხნილობით, სუფთა ქვედაბოლოთი და სვიტერით, დაბალძირიანი ფეხსაცმლით, ინდიელთა მოკასინების მგავსი. ჩვენ, ჩვენს დემოკრატიულ  ნაგებობაში ველოლიავებოდით ორ ანტიკური სნობიზმის რელიქვიას - ორ ქალთა  საზოგადოებას: დებიუტანტი და შაქარი და სანელებელი. ყოველი სასწავლო წლის  დასაწყისში  მოსაწვევი ბარათები ძველი წევრებიდან ახალ წევრებს გადაეცემოდა- ყველაზე ლამაზ, პოპულარულ და კონკურენტულ გოგონას. საორიენტაციო კვირეული მიმდინარეობდა პომპეზური მიღებიდან ჩვეულებრივ დღემდე. მასწავლებლები ქადაგებდნენ საორიენტაციო კვირეულის წინააღმდეგ, ბიჭები ილანძღებოდნენ, მაგრამ ვერაფერს აკეთებდნენ.

როგორც ყოველი წევრი, დავინიშნე  უფროს დად, რომელიც სისტემატურად ჩემ ეგოს ანადგურებდა. ერთი კვირის განმავლობაში არ შემეძლო მაკიაჟის გაკეთება, დაბანა, თმის დავარცხნა, ტანსაცმლის გამოცვლა ან ბიჭებთან გასაუბრება. ალიონისთვის უკვე უფროსი დისთვის განკუთვნილ სახლში ვიყავი და ლოგინს ვულაგებდი და საუზმეს ვუმზადებდი. შემდეგ მივათრევდი მის აუტანლად მძიმე წიგნებს, ასევე ჩემს წიგნებსაც, მივდევდი ფინია ძაღლივით სკოლამდე. გზაზე შეეძლო ჩემთვის ებრძანებინა  ხეზე ასვლა ან ტოტზე ჩამოკიდება სანამ ჩამოვვარდებოდი, მეკითხა გამვლელისთვის უხეში შეკითხვა ან გავყოლოდი მაღაზიებში  დამპალი ყურძნისა და დაობებული ბრინჯის სამათხოვროდ.  თუ გავიღიმებდი - ეს მიანიშნებდა ირონიულობას ჩემს მონობაზე, საჯაროდ ტროტუარზე უნდა დამეჩოქა და სახიდან ღიმილი უნდა მომეწმინდა. სკოლის დასრულების მაუწყებელი ზარის დარეკვისთანავე უფროსი და მართვის სადავეებს ხელში იღებდა. საღამოს ყველაფერი მტკიოდა და ვყარდი. საშინაო დავალება ბზუოდა მოწყენილ და დამუნჯებულ ტვინში. 

როგორღაც  ეს  წამოწყება არაფერს მიკუთვნებისა არ გამოვიდა.  ვთქვათ, შეიძლება მე ვიყავი ზედმეტად უცნაური. ეს ამერიკული ქალობის მოწყვეტილი ვარდის კოკრები რას აკეთებდნენ ქალთა საზოგადოების შეხვედრებზე? რას აკეთებდნენ და,  ნამცხვარს მიირთმევდნენ და შაბათ საღამოს რომანტიკულ შეხვედრებს დაეძებდნენ. პრივილეგიამ ვინმედ ყოფნისა სახე იცვალა და გარდაიქმნა ყველად ყოფნად,  შესაბამისად, არავინად ყოფნად.

ცოტა ხნის წინ,   ამერიკული დაწყებითი სკოლის ფანჯარაში შევიჭყიტე და თვალი მოვკარი ბავშვის ზომის მერხებს და   მსუბუქი ხის სკამებს, სათამაშო ღუმელს  და მინიატურულ სასმელ შადრევნებს. ყველგან მზის სინათლე. ყველა ანარქიზმი, დისკომფორტი და კენჭები, რომელიც  ასე თბილად მახსოვდა, წინა წლებში, გალღვა. გამახსენდა თუ როგორ გაატარა ერთმა კლასმა დილა ქალაქის  ავტობუსში, რათა ესწავლათ თუ როგორ გადაიხადონ მგზავრობის საფასური და შესაბამისი გაჩერება მოითხოვონ. კითხვა (რომელიც შესაძლოა ბევრმა უკვე იცოდა ოთხი წლის ასაკში) გახდა ისეთი ტრავმული და ქარიშხლიანი ხელოვნება, რომ ნებისმიერი თავს  იღბლიანად გრძობდა  თუ ათი წლის ასაკში მოახერხებდა მის სწავლას. მაგრამ ბავშვები იღიმოდნენ თავიანთ პატარა საბრძოლო არენაზე. ნუთუ  პირველადი დახმარების ოთახში თვალი მოვკარი  ბოთლების ბზინვარებას - საწოვარებს და  დამამშვიდებლებს მეამბოხე  ემბრიონებისთვის, ხელოვანებისთვის და განსხვავებულებისთვის?

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული