- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
აღარც ვეძებ უკვე. ოცი წელი გავიდა, რაც დამეკარგნენ. ვცდილობ დავივიწყო, მაგრამ… დავივიწყო კი არა, გადავიტანო ეს ამბავი, არაფრად ჩავაგდო. ალბათ მხოლოდ ჭაბუკური გატაცება იყო – თითოეული მათგანი ოდენ რომანის დაწერის მცდელობა. რამდენჯერ ვიფიქრე, მომეთხრო მათ შესახებ… მხოლოდ ვიფიქრე. დღეს კი გადავწყვიტე. უბრალოდ აღვწერო, რას მოგვითხრობდნენ.
ჯერ იმ დაკარგული რომანების დაკარგვის ისტორიას მოვყვები. 1999 - 2003 წლებში სამაგისტროზე ვსწავლობდი გერმანიის ერთ უნივერსიტეტში, ქალაქ ტიუბინგენში. სამაგისტროსაც ვწერდი. მაგრამ ამ დეტალებზე არ შევჩერდები. მთავარი სათქმელი ისაა, რომ დღე და ღამე ბიბლიოთეკაში ვიჯექი, დასავლეთ სადგურის ქუჩაზე, ნუმერ ხუთში. წერა ყოველთვის მიჭირდა, მანამდეც, სანამ საქართველოში ვცხოვრობდი ანუ 1997 წლამდე, კანტი-კუნტად თუ მოიძებნება ჩემი გამოქვეყნებული ოპუსები, „ლიტერატურულში“ ან „კლდეკარში“: „იქნებ ამიტომაც დამარცხდა განდეგილი“ ან „რომელ არს დედაჲ ჩემი“… ასე ვთქვათ, მწერლური ბიოგრაფია არც მქონია. არც რამე საინტერესოს ველოდი ჩემი შემოქმედებითი ცხოვრებიდან. სასაყვედუროდ ან გამკილავად არ ვამბობ, ქართულ ლიტერატურას, ქართულ მასალებს მე ბევრს ვერაფერს გამოვრჩი, თუმცა მათით და მათ ხარჯზე ზოგმა გენიოსად იქცია თავი. ეტყობა, გერმანულმა საკითხავებმა, რელიგიურმა კი არა, რელიგიის შესახებ წაკითხულმა წიგნებმა ცოტა შემძრა, - როგორ ავხსნა, არც ვიცი, - წერა დავიწყე. თან განუწყვეტლივ, არ ვჩერდებოდი. საიდან მომდიოდა თავში ის სათაურები ან ტექსტები, ჩემთვის დღესაც გაუგებარია. სამი მოზრდილი რომანი შემომეწერა ასე, ოთხ წელიწადში. მთავარი მოქმედი გმირი კი სინამდვილეში იყო ის ფერდობი, გაღმა რომ მოჩანდა ბიბლიოთეკის ფანჯრიდან, რაღაც პატარა სოფლის ნაგლეჯი, იქაური ნათესები, კარტოფილი იდგა, მგონი. ის მაძლებინებდა, ძალას მაძლევდა, რადგან ჩემსას ჰგავდა, ჩემი მამულისას… ეს რომანები ხომ დავაცხვე, ამათ გარდა, ცალკე პატარ-პატარა ჩანაწერებიც გამიჩნდა, მოთხრობები თუ ჩანახატები. ჯერ ჩანაწერების ბედზედ. ეს პატარები ხელბარგშიც ჩამეტია, წამოვიღე ასე და 2004 წელს ორ წიგნად დავაბეჭდინე უცნაურ ფილოსოფოს ბადრი შარვაძეს… ცოტა ველურად და ნაჩქარევად გამომივიდა, მკითხველამდე ვერ მივიყვანე. არც ვიცოდი, თურმე გამომცემლობა უნდა მომეძებნა, მერე პრეზენტაცია მომეწყო. მე მეგონა, თავისით მიესეოდა მკითხველი და წაიკითხავდა. რატომღაც, ასე მეგონა. თავიდან არც ვაპირებდი მათ დაბეჭდვას, მაგრამ ჩემმა ერუდირებულმა მეგობარმა რომ მოიწონა და თან ურედაქტორა, გავბედე გამოქვეყნებაც… სხვაგვარად ვერ წარმომიდგენია, ალბათ ოდესმე წაიკითხავენ ჩემს ჩანაწერებს: „ხეტეს აღდგომასა“ და „როჭოზე ნადირობას“… იმ ვრცელი, დაკარგული რომანების ნაწვერალებს.
ის სამი თუ ორნახევარი დიდი რომანი კი ძაან მძიმე იყო. ზემოთ, სამიო, არა? მესამეს თბილისში ვუპირებდი დამთავრებას. ჩავალაგე ჩემი პროფესორის – ბურკჰარდ გლადიგოვის მიერ ნაჩუქარ ალუმინის ჩემოდანში და გავუყენე თვითმფრინავით თბილისის გზას. არ ჩამოვიდა. სად დაიკარგა? არ ვიცი. ფრანკფურტშივე მოსტაცა ვინმეს თვალ-ყური თუ თბილისში აწაპნეს? შიგ რომ მხოლოდ ქაღალდების დასტა დახვდებოდათ, სულ გადაირეოდნენ! ხელნაწერებად მქონდა, თან თითო რომანი კიდევ ორ-სამ ვერსიად. კომპიუტერზე ბეჭდვას არ ვიყავ ჯერაც დაუფლებული, ხელით წერა უფრო მომწონდა და მეხერხებოდა. რატომღაც მგონია რომ სტამბოლის რეისში შეეშალათ, ვიღაც გონიერმა თურქმა სხვენზე შემოდო და მომავალ საუკუნეში გამოჩნდება. ხშირად მესიზმრება მათი იქ ყოფნა. სტამბოლში ნამყოფი ვარ, მოგვიანებით ერთ თეოლოგ პროფესორს ვახლდი, სახელად რიჰარდს. რიჰარდმა სტამბოლის თურქ თეოლოგებთან დაამყარა მეგობრობა. მოლას ყივილმა გამაღვიძა დილით, სასტუმროში. კარგი ხალხი გამოდგა ის თურქი თეოლოგი გოგო-ბიჭობა, უცებ დავძმაკაცდით. მე უფრო პანთურქული მოტივები დავინახე მათში, ვიდრე ისლამური. კი, ბატონო, გავერთიანდეთო, დავეთანხმე, ხან თურქი პრეზიდენტი გვყავდეს, ხანაც გურჯიო! მე ჩემი ქვეყნის წარსული მადარდებდა, იმათ – თავისა. ამ პროფესორს ვატიკანშიც ვახლდი. რომი მოსაწყენ ქალაქად მომეჩვენა, მზეზე გამხმარ-გახუნებულ შოკოლადს ჰგავდა. რიჰარდს ძალიან ლამაზი, კეთილი და ჩათქვირებული დოქტორი ჰყავდა ასისტენტად, რუმინული წარმოშობის მონიკა. მონიკა უშუალოდ ხელმძღვანელობდა ჩემი სადოქტორო დისერტაციის ამბებს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ვატიკან-ქალაქში, ვახშამზე ბოთლით შევუკვეთეთ ღვინო მე და მონიკამ. თურქები არ სვამდნენ, მარტო გვიყურებდნენ. უცებ არ გადაკრაო, ადრეც ვყავდი მონიკას გაფრთხილებული. არ ვიცი, საიდან იცნობდა ქართული სმის კულტურას. რუმინულიდან ალბათ. ერთი ჭიქა ვწრუპე და დანარჩენი თან გავიყოლე. ჰოდა, იმ თურქმა დოქტორანტმა გოგონამ მოგვიანებით მომიკაკუნა კარებზე: მეც დამალევინეო! სახელი აღარ მახსოვს…
მოკლედ, დაიკარგნენ ის რომანები. ასევე, მოკლედ, მათი შინაარსის მოთხრობას ვაპირებ. ვიცი, არ იქნება იოლი, მაგრამ დავიწყებ…
1. კედელი
(ტრილოგია)
ძალიან პატივმოყვარული რომანია. თანაც რამხელა, სულ მცირე, ათასხუთასგვერდიანი. მოქმედება მიმდინარეობს ერთდროულად სამ დროში.
„1700 წლის ქარიანი გაზაფხული იდგა“. და ა.შ. უძილაურთიდან მოდიან ჩემი პაპეულები და ახალ სოფელს – კანატიას აარსებენ. ახალშენის გარშემო ტყეში ვეებერთელა გარეული ტახები დაშლიგინებენ, ერთი გაფატრული მგელი მართლაც უნახავთ ტყიან ტაფში, ხეზე გაკიდებული. გაუკრავს ეშვი ტახს, მოუსროლია და ხის ტოტზე მანდიკურად გადაუკიდებია თავდამსხმელი მგელი. ოთხი ძმა – ბაზიერ, გენჯელა, გუტია და თახა უძილაურები და მათი ნაგრამი ახოებს არჩევენ, სამოსახლო-საარსოებს მონიშნავენ. ნადირისაგანაც საშიშია და ვაითუ ტყეში სადმე დაღესტნური მომხვდურებიც ჩასაფრებულან!? ქართული ხმლებითაც შეიარაღებულან და გუთნებითაც ჩემი პაპეულები.
მანამდე და პარალელურად, ზოგადად ფშავის ფონზე ნაჩვენებია უძილაურთის არქაული ცხოვრების წესი, ხევისბრული თემი, თემის დემოკრატიულ-იერარქიული წყობა; „კაიყმობის“, „ოქროსღილობის“, „ხატში გაყვანისა“ თუ „მოკვეთის“ საკრალური წეს-ჩვეულებანი. ზოგადად საკრალური ფენომენი თავისი ორლესულობით, ექსტაზურობითა თუ საშინელებით, მადლითა თუ ძალადობით. აქვე გათვალისწინებულია და სტრიქონებსშუა იკითხება „წმინდა ძალადობა“: საკრალურ ფენომენზე ვალტერ ბურკჰარდისა და რენე ჟირარის გამოკვლევების სულისკვეთებანი. ერთხანობას თავხევისბრის საბჭეო ტახტზე გოდერძაულის ქალი ზის.
წაწლობის ანუ სწორფრობის წესები, სიყვარულის ანატომია. ომები და ომის ანატომია. ზოგჯერ მოქმედება მითიურ ზედროში გადადის. არენაზე გამოდიან დევები და ხთიშვილნი. წარსულის მრავალი ტრაგიკული ამბები, - როგორიცაა მაგ. ზურაბ ერისთავის შემოჭრა, ლაშარის მუხის მოჭრა რომანში აირეკლება. რომანში დროდადრო შემოიჭრება აგრეთვე დეტალები მეზობელი ხევსურებისა და ქისტების ცხოვრებიდან...
რომანის ძირითადი თემა ახალი სოფელია, იგივე სამყარო. ახალი სოფელ-სამყარო ახალ იდეას საჭიროებს. ახალი იერუსალიმის ნიშნებსაც შეიცავს, მაგრამ იუდაურ-ქრისტიანული სახისმეტყველება ძალიან ფრთხილად და შეფარვითაა მოცემული, მხოლოდ ეიდეტურად, თითქმის არ ჩანს. მხოლოდ ინტუიტიურად გრძნობს მკითხველი. ახალ სოფელში ანუ ახალ სამყაროში სიკვდილი ანუ სასაფლაო ჯერ არაა. სასაფლაოს დაწესება ჯერ არაა დღის წესრიგში. გამოსწალავენ, დააკრავენ ცხენზე და საძვალეში, უძილაურთისაკენ მიაქვთ ეს გამოწალული, მერანზე ტახის გაფატრულ მგელივით გადაკიდებული უსულო.
ერთ გაზაფხულზეც კი სოფლის ბოლოს, ლიტონ გორაკზე ყევარ ხარ-უღლით მიიტანენ დიდ სიპებს, უკვე მობერებული ბაზიერი, გენჯელა, გუტია და თახა. შემოსაზღვრავენ და წესდება, შემოდის სიკვდილი. ცვალება, გასვლა. – ხიდი შუამდინარულ და ბიბლიურ მითოსთან. სასაფლაოთ გორს სიპებით შემოსაზღვრავენ. სიკვდილს ამით საზღვარი უწესდება. ეს გორ რო შაივსება, დრონიც მობრუნდებიანო! – იტყვიან. დრონიო, დრო კი არა ცალკე. ანუ მეორედ მოსვლა მოიწევა და სიკვდილი გაუქმდებაო! მათ სჯა-ბაასში ჩანს. ზეცის, მეორედ მოსვლის ჟამი დგება მართლაც. მართალია, ეს იმედია, რელიგიური ოცნებაც, თუ გნებავთ, მაგრამ ამ თეორიით ძლებს, ცოცხლობს სიცოცხლე. ბოლოს დაიკვლება დიდი ქორა ხარიც.
რომანში სხვადასხვა დროებია ერთმანეთში არეული, მაგრამ წუთი-სოფელი ერთია. საზღვრები ზეშთასოფელსა და წუთისოფელს შორის გარდამავალია. თითქმის წაშლილი, სოცოცხლე ერთიანია, სააქავ-საიქაო.
საზღვრების დარღვევა ორ სამყაროს შორის ჩვეულებრივადაა აღწერილი, თითქოსდა არც ხდებოდეს რაიმე განსაკუთრებული: „აიწია ბაზიერმა (დიდი პაპა, არქონტი) ერთი ადლის სიმაღლეზე, ერთხანს ასე იარა ხშირ ნისლში, მერე ჩამოხდა ნიშის სიახლოვეს, თაყვანისცა კვრივს“... აღწერილი ქმედების საიდუმლოება ძალიან უბრალოა: რამდენიმე წუთის განმავლობაში მიწა ტაბუიზირდება.
ცნება „მაგიური რეალიზმი“ არც გამეგონა მაშინ. შესაძლებელია უნებლიე დამთხვევაც ამ ლიტერატურულ ხერხთან. მგონი უფრო სხვა რამეა. რომანის ავტორი ერთდროულად ემპირიკოსი და მისტიკოსია, მისტიკური რეალობები ჩვეულებრივი ემპირიაა, ხოლო ემპირიული ფაქტები მისტიკურ განზომილებაში გადადის. რომანი არაა ცალსახოვანი, სამოთხური იდილიის მაჩვენებელი, ტრილოგია ფშაური ფარდაგივითაა მოქსოვილი, აჭრელებული კი არაა, არამედ დამჯდარი, ღრმა, არისტოკრატიული ფერებითაა შემკული.
რომანის ერთ-ერთი მთავარი მოტივი მარტოობაა, მარტოობა თაობიდან თაობაში გადადის, მოძრავი მარტოობაა, ასის კი არა, არამედ სამასი წლის მარტოობაა, მარტოობა თანდათან მატულობს და სადღაც მეორე დროის შუაში, ტრილოგიის მეორე წიგნის შუაში იგი გუბდება. გუბდება დედის გულში.
მეორე დრო ზოგადად მეოცე საუკუნეა, თავისი „წითლებითა“ და ომებით, ომების გამოძახილებით, პაპაჩემის სამჯერ გაკულაკებაში, წართმეული ხარების სასოწარკვეთილი ბღავილით და ა.შ. მეორე დროში შემოდის ლირიკული გმირი. დედა და მამა, გმირის დაბადება და სახლში მოყვანა. პატარა, 9 წლის და ზემომთაშია, სამწყემსოდ, კატა დაკარგვია, საღამოს მტირალი მოდის, სახლში ხვდება საყვარელი კატაცა და ახალშობილი ძმაც. ამ ამბებზე სხვაგანაც ვწერდი, ამიტომ აქ აღარ გავიმეორებ. აკი ვთქვი, ძაან პატივმოყვარული რომანიაო.
ახლა აღარ მახსოვს, რა ადგილას ჩაერთვის რომანს ტრაგიკულად დაღუპული ბაზიერთ ნიკალას ამბავი. როგორ დაიტირა ეს პაპაჩემისძმა თავისმა დანიშნულმა, ხუცურაულის ქალმა, თავის მოქსოვილი ფარდაგი და ხურჯინი შესწირა ნიკალას სახლს და მერე აღარც გათხოვილა. სიყვარული რომანში ძალუმად ფეთქავს, სიყვარული ის თბილი ქაოსია, რომლისაგანაც სამყარო შეიქმნა და რომლის ძალითაც ის მარადიულ და ზედროულ ქმნაშია და ესაცაა ამ რომანში ნაჩვენები. ძაან ბევრი მოვინდომე, იძულებული ვარ ზოგი გამოვტოვო...
მესამე დრო, რითაც რომანი მთავრდება, ლირიკული გმირის მოწიფულობის დროა. ეს ინტენსიური ფიქრის, უნივერსიტეტის წლებს ემთხვევა. ყველაფერი ნაფიქრია, რისი ფიქრიც კი შეიძლებოდა. დროდადრო ღვივის კაცობრიული ფიქრის ნაპერწკლები „ფედონიდან“ ვიდრე „მოხუც-ზღვამდე“... მოთხრობილია იმ ინიციაციაზე, რაც გმირში „ფედონის“ წაკითხვას მოჰყვა. ერთი საკუთარი დიალოგიცაა ჩართული. სასიყვარულო ისტორიებიც.
მთავარი გმირი – 23 წლის, სიყვარულითა და შემოქმედებით სავსე, თეორიულ-ფორმალური განსწავლის შემდეგ, უბრუნდება საკუთარ ძველ სახლაკს, სადაც ფეხი აიდგა, შორს, მთაში შემორჩენილს, მიტოვებულს, დასანგრევად გამზადებულს. ესაა პაპეულების დაარსებული სოფლისა და მათგანვე დაწესებული დროის დასასრული. სოფელი თითქმის დაცლილია, სასაფლაოც აღარ ივსება. გმირის ამოცანაა შექმნას საკუთარი დრო, თავისი სოფელი ანუ სამყარო და სიკვდილიც ხელახლა დააწესოს.
ამ ბავშვობისდროინდელ, მიტოვებულ სახლში ხდება მთავარი მოქმედება. მთელი მოქმედება ერთი უძილო ღამის ფიქრშია გარდატეხილი და მთელი მოქმედება გაივლის ერთი თეთრად შეფეთქილი კედლის ფონზე. ეს შუალა კედელია. გმირი წევს ღამეულ სიბნელეში და შესცქერს ამ ოროთახიანი საარსოს შუაკედელს. ეს კედელი „იქითა სახლს“ „აქეთა სახლისაგან“ ჰყოფს. იმ კედელს მისი ბავშვობისას სამარქაფო საგებ-სახურავი ეფარებოდა, ამიტომაც მიწა-კირით შეფეთქილი კედელი ისევ თავის ფერზეა, შეუმჭვარტლავად, სიბნელეში მოთეთრო-მოყვითალოდ მოსჩანს.
ამ კედლის ყურებაში, ამ კედლის ფონზე მიმდინარეობს მთელი მოქმედება. თუ სხვასაც უქვიან „კედელი“, ეს უბრალო დამთხვევაა, ავტორს მისთვის არ მიუბაძავს. მთელი ეს ათასხუთასგვერდიანი ტრილოგია ფაქტიურად ერთი ღამის რომანია. ამ რომანში ნაჩვენებია გზა მარტოობისაკენ. სიყვარული და შემოქმედება თავის მესამე ნაწილს – მარტოობას იპოვნის და ეს სამნი შეერთდებიან განუყოფლად.
წინაპრების სახეები, სასიყვარულო რომანები, მოვლენები, ნაცნობები, უცნობები, გადაივლიან, გადაირიალებენ ამ კედელზე. შესაძლებელია აქ არაცნობიერად პლატონის ცნობილი გამოქვაბულის მაგალითიც ამოქმედდა. ვინ იცის! მწერალი არ ზოგავს თავს რომ ოსტატურად გადმოსცეს ყველაფერი. გმირის ამ ცოცხალ წარმოსახვას მკითხველი ისე განიცდის როგორც საკუთარს.
კედლიდან ბოლოს გამოდიან ქალები, ქალები წარსულიდან, გმირისაგან მიღწეულნი თუ ვერმიღწეულნი. ისინი ერთი წამით გამოდიან, დაენახვებიან გმირს შუაკედლიდან, და სამუდამოდ ქრებიან გმირის თვალსაწიერიდან, სადღაც უკანა კედელში იკარგებიან, ემშვიდობებიან მას და სამუდამოდ ქრებიან გმირის თვალსაწიერიდან...
ეს ყველაფერი ისე ცხადადაა დანახული, მკითხველო, როგორც შენ ახლა ამ ნაწერს ხედავ. იმხანად უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიდამოებში უამრავი მშვენიერი არსება დაბორიალებდა. იოლი იყო მათი დამახსოვრებაც და ყველას ერთდროულად შეყვარებაც. მერე მათი დაკარგვაც.
ყველაფერმა გადაიარა. რჩება მარტოობა და სახლი. რა უნდა შექმას გმირმა მარტოობისაგან?
მახსოვს, თარიღიც რომ მივაწერე რომანს: 18. 06. 2003.
დღეს კი ეს დროა: 22.05. 2025.
მე ახლაც იქვე ვბინადრობ დაახლოებით, ორი კვარტლის მოშორებით, სადაც მაშინ იმ რომანს ვწერდი. აღარაა იქ ანუ დასავლეთ სადგურის ხუთში „პრეზენტბიბლიოთეკა“, კარგა ხანია, რაც წაიღეს ის წიგნები უნის მთავარ ბიბლიოთეკაში, კატალოგითღა თუ იპოვნით.
ერთხელაც გავუვლი ალბათ, შევხედავ. არ ვიცი, ვინაა იმ დასავლეთ სადგურ ხუთის ბინადარი ამჟამად, რა უწყება. ვიცი რომ გაღმა ფერდობზე ისევ გამოჩნდება ჩვეული ნათესები, ჩემსას რომ წააგავს და იმ რომანის წერისას რომ მაძლებინებდა.
ის პროფესორიც გარდაცვლილა, მე რომ ის დასაკარგავი ალუმინის ჩემოდანი მაჩუქა, მოხუცთა თავშესაფარში მომკვდარა ბებერი და მოწყენილი.
...დანარჩენ დაკარგულ რომანებსაც აღვწერ, აქ მეტი აღარ დაეტია.