- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
სასტუმრო ოთახში გამოდის, ნაძვის ხე მთელი ღამე ციმციმებდა. დილის შვიდი საათია, ჯერ ისევ ბნელა. ქმარს და შვილს სძინავთ. სავარძელთან ლამპას ანთებს. სამზარეულოში ჩაიდანს რთავს, ლიმონიან წყალს იკეთებს და სასტუმრო ოთახში ბრუნდება.
ნოუთბუქში ფაილს ხსნის, არქაული ხანის კერამიკა, ოცამდე სლაიდს აკეთებს. თვალები ეხუჭება. დგება, აივნის კარს აღებს, სახეს ცივ ჰაერს უშვერს და ღრმად ისუნთქავს. უკან ჯდება სავარძელში, ეკრანს უყურებს. ჰიპნოსი და თანატოსი მოკლულ სარპედონს მამამისს მიუყვანენ. ქრისტეს წააგავს, უფრო სწორად, პირიქით. მომდევნო სლაიდზე უნდა გადავიდეს, მაგრამ თვალები არ ემორჩილება.
სწრაფად დგება, სწრაფადვე იცვამს და გარეთ გადის. პირდაპირ პარკის მიმართულებით მიდის. პარკში შესვლისას სავარჯიშო მოედანს უყურებს, ცარიელია. მოშორებით ახალგაზრდა ქალი ზის, ეწევა. პარკის სიღრმეში შედის და ორ მამაკაცს ხედავს, ერთი აშკარად ვიტალია. მათკენ მიდის.
ა, ღმერთი ხომ არსებობს, შენ რომ მოხვედი, ამბობს ვიტალი, რამ მოგიყვანა? კი ვიფიქრე იქნებ მოვიდეს-მეთქი, მაგრამ კარგ დღეებში არ დადიხარ
ჰოო, პასუხობს და ვიტალის გვერდით სკამზე ჯდება
აბა მრავალს დაგასწროთ, ამბობს მეორე კაცი და მიდის
როგორ შეხვდით? დალიე გუშინ? ეკითხება ვიტალი
არა, ცოტა არაყი, ორი თითით უჩვენებს მოცულობას
მე ერთმა კაცმა საჩუქრად მომიტანა, ისა ხუთი ლიტრა საფერავი, მომეწონა, მაგრამ საფერავი დასათრობად არ შეიძლება, მძიმე გემო აქვს
არ გინდათ ყავა დავლიოთ?
როგორ?
შორს არაა
დგებიან. ხეივანს ჭრიან და ცენტრალური ქუჩისკენ ეშვებიან.
რა გიყვართ ქალებს ეს ყავები
სამი დღეა არ დამილევია
რატომ?
კბილები გავითეთრე, და რამდენიმე დღე არ დალიოო
ყავას შოკოლადიც უნდა
იქნება
გზაში ვიტალი რაღაც ამბებს ყვება, მაგრამ ყურადღება ეფანტება, ვერ უსმენს, გზადაგზა ეკითხება, ხომ არ დაიღალა. არა კაცო, პასუხობს ვიტალი, სანამ მოხვიდოდი, სამი კრუგი დავარტყი.
კაფეში ყველა მაგიდა დაკავებულია, რიგი კარამდე დგას. უცხოელები არიან. რიგში დგება, ვიტალის ეუბნება, მაგიდა თუ გათავისუფლდა, მაშინვე დაიკავოს. ვიტალი ასეც იქცევა, კარგი ადგილი თავისუფლდება და მაშინვე იკავებს.
რიგი მალე გადის. ნერვებს არავინ უშლის. ორ კაპუჩინოს და კრუასანს იღებს და ვიტალისთან მიაქვს.
ეს ტოჩკა საიდან? რეკლამაში ნახე?
არა, მოვდივარ ხოლმე, კარგი ყავა აქვთ. ჯდება და ახლა ამჩნევს, რომ კაფე ჯადოსნურად მოურთავთ
მახსენდება ჩემი თავი, ყავას რომ ვაკეთებდი, ამბობს ვიტალი
ჯეზვეთი? უყვარდათ ყავის სმა გაგრაში?
აბა, ფანატიკოსები იყვნენ, მე ვაკეთებდი კაბინეტებში
ვიტალი კოვზით აგემოვნებს ყავას.
ყოველ წელს, როგორც კი წამოიზარდნენ ბავშვები, მოსკოვში გვპატიჟობდნენ კრემლის იოლკაზე, ბავშვებს, ჩვენ კიდევ, მე და ჩემი ცოლი მივყავდით, ნუ, თავიანთ სახლში
მართლა?
ახალგაზრდები, როგორც ისინი იყვნენ ახალგაზრდები, ჩვენც ახალგაზრდები ვიყავით, პირველ ჯერზე არ ვიყავი მზად, მერე მეორე წელს, მესამე წელს, მეოთხე წელს, უკვე საცივის წაღება, კალმახთან ერთად, სადაც ჩვენ ვჩერდებოდით, ოთხი ქალბატონი იყო და მათი ოთხი მეუღლე, ერთ წელს ექვსი ქალი და ექვსი მამაკაცი ვიყავით, დილამდე დარჩენით, გესმის?
ჰო, ყველაფერი ესმის.
დილას უკვე ყველას ეძინა, ყავას იცი, როგორ ვაკეთებდი? მე ჩემს თავზე ავიღე, წინასწარ გავაფრთხილე იმ ოჯახის ხაზეიკა, რომ ყავის ასადუღებელი იყოს არანაკლებ ექვს პერსონაზე, ორიანს ხომ არ გააკეთებ, ორი ორი ორი, ტანჯვა არი, ყავა, რა თქმა უნდა, მე მიმქონდა, დაფქული, უნალექოც მიგვქონდა, როგორც ქვიშაზე ძალიან ბევრ ყავას აკეთებენ, რომ კარგი გამოვიდეს, შაქარი თავისთავად, ორი შაქარი უნდა, მიმქონდა თაფლი, მიმქონდა კონიაკი, კარგი კონიაკი, ყველაფერს ამას ვაკეთებდი ბორჯომის წყალზე
მერე? კარგი გამოდიოდა?
აუუ, ბოდიში სიტყვაზე და ნიფხავზე იფსამდნენ ქალები სიამოვნებისგან, გიჟდებოდნენ, გიჟდებოდნენ, ახლა კიდე მავიწყდება, კიდე რაღაცას ვუმატებდი, თაფლი, კონიაკი, ის, შენ რომ თქვი, ჭაჭაც მიმქონდა, წვეთებზეა ლაპარაკი
იოლკაზე ყოველ წელს დადიოდით?
კიდევ გეუბნები, როგორც კი წამოიზარდნენ, პამპერსიან ბავშვს ხომ ვერ წაიყვან
და რა ხდებოდა ამ იოლკაზე?
თითქმის თუთხმეტი დღე ვიყავით ზეიმზე, ის არ იყო, უბრალო პლაჟზე რომ ბანაობენ და ისინი გაიცანი, დონე იყო დიდი რა, გენერლების ოჯახი, საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტის ოჯახი, საბჭოთა კავშირის სახალხო მხატვარის ოჯახი და იმათ სახელოსნოებში ვაკეთებდით სუფრას, სახელოსნოები ჰქონდათ სამასი ოთხასი კვადრატიული, მხატვარს დავუშვათ, ბინაში კი არა
მერე?
ერთხელ ასეთ წვეულებაზე გამაცნეს ვისოცკი, ვისოცკი ყოველთვის ჩამოდიოდა გაგრაში და სულ ერთ და იმავე ოჯახში რჩებოდა, იმ კაცმა რელიკვიად გადააქცია, ვისოცკის გიტარა მოქონდა და ტოვებდა, ჰოდა, ეს გიტარები რამოდენიმე ცალი ეკიდა იმ ოთახში, და რომ უთხრეს გაგრიდან არიო ჩემზე, გაგიჟდა, დალევა უყვარდა, და შენ არ გეხსომება, ანსამბლი შეიქმნა, ოთხი გიას ეძახოდნენ, მარტო ოთხი გია იყო, ამათმა კონკურსი მოიგეს მოსკოვში და ვიღაცამ შესთავაზა, დარჩითო და შემდგომში ყველამ მოიყვანა რუსი გოგო მეუღლეებად, ცოლებად, აი იმ ხალხში გამაცნეს და ამ კონცერტ-კონცერტ ვატარებდით ახალ წელს, ერთხელ იმდენი ბევრი მოვხვდით, ცოლ-ქმარი, ცოლ-ქმარი
რო?
სადღაც ვიქნებოდი მაშინ ოცდახუთიდან ოცდაათამდე, არ ვეტეოდით რა, ვინ ვის ცოლთან იწვა, ღმერთმა იცის, ჩემი ისეთ ადგილას დავაწვინე, რომ სხვა არ შესულიყო, მერე პახმელიაზე პარკი იმენი გორკოვო, აი იქ ვატარებდით, ბავშვებისთვის ატრაქციონები იყო. ჩვენთვის წინასწარ ერთი თვით, ორი თვით, სამი თვით, ჰქონდათ ბილეთები აღებული, ბოლშოი თეატრი, იქ რა მიდის სპექტაკლი, ნახევრად მთვრალი ვიყავი. საბჭოთა კავშირის ტელევიდენიე ვრემია, ვრემია ხომ იცი, ახლა პროდიუსერს უძახიან, მაშინ ვრემიას დირექტორი ცენტრალური კომიტეტის წევრი იყო, ისეთი დონე იყო, იგივე სახელმწიფოში სახელმწიფო იყო
ჰო
გაგრაში გამაცნეს ამ ვრემიას დირექტორი, ერთხელ ამ ქალმა იკისრა ვა დვარცე სზიეზდოვ, ლოჟაში ვიჯექით მე და ჩემი ცოლი, ბავშვები ბებიებთან, ამას თუ ტყუილს გეუბნებოდე, ეს ბოლო ყოფილიყოს ჩემთვის, ამბობს ვიტალი და ხელს კიდებს ფინჯანს. ყველაფერს ხომ ვერ მოგიყვები, ისედაც ბევრი გითხარი
და იოლკაზე რა ხდებოდა? შიგნით კრემლში იყო?
კრემლში იყო, ჩვენ არ გვიშვებდნენ, ესე იგი ცეკვა სიმღერები. რომ შეეკითხები, ბავშვმა რა უნდა მოგიყვეს, პროგრამები იყო დაწერილი და საცერზე იყო ეს ყველაფერი, არაფერი ლიშნი არ ყოფილიყო, მთელი თუთხმეტი რესპუბლიკის პირველი პირების ბავშვები და შვილიშვილები იყვნენ, ის უბრალო ბავშვი კრემლში ხომ ვერ მოხვდება, კრემლს იცი, რამდენი შესასვლელი აქვს? რამოდენიმე, რომ ნახავ აქედან მავზოლეუმის მხარეს კი არა, უკნიდან არის და იქ ვიდექით, იქვე ტაქსი, იქვე ყველაფერი, სად იყო მაშინ გამოძახებით ტაქსი, ყველაფერი იყო დაპროგრამირებული, სამაგიეროდ სამი თვე, ბოდიში და, ერთი ადგილი უნდა გამოგებანა. ამას მხატვრულად ვამბობ
მესმის
ესე იგი ყავა მაგრად გიყვარს, შენ არ აკეთებ თითონ სახლში?
კი, მოგეწონათ?
ვაკეთებდი მე ამას, კაცო, კაბინეტებში ვაკეთებდი, ემალირებული რომ არის პატარა კრუშკები, ხომ იცი, რკინაა და ემალია შიგნით, აი იმაში ჩაყრიდი ენ რაოდენობით ყავას, რამოდენიმე წვეთი ადუღებული წყალი, რომ ის შედედდეს, ის მასა შაქრის გარეშე, აი ეს ქაფი სანამ არ დადგებოდა, თითქმის ნახევარი საათი ატრიალებდი, ეს ქაფი დადგებოდა და მერე მდუღარე წყალს რომ დაასხამდი ზემოდან, იმას აურევდი და აი ეს იყო, მეტი არაფერი
ვიტალი ვიღაცის ოჯახის ისტორიის მოყოლაზე გადადის, თხრობის დინებას ვერ მიჰყვება, თვალი მეზობელი მაგიდისკენ გაურბის, წინ კედლის სარკეში იხედება, მშვენივრად გამოიყურება, თხრობის ხაზს საბოლოოდ კარგავს, მაგრამ ვიტალის თვალებში უყურებს და თავს უქნევს, ფრაგმენტები ესმის, მერე გაგრაში დაიწყო ის უბედურება, ის გოგო დარჩა, დედა არ იყო, მამა არ იყო და ქალიშვილი იყო მარტო დარჩენილი, ორი თვე ატანჯეს, აწამეს და რაც იყო, წაიღეს ყველაფერი, გაუპატიურებით არ გაუუპატიურებიათ, სიკეთის მეტი არაფერი არ ქონდა მამამისს გაკეთებული და ალბათ იმან უშველა, რაიკომის თანამშრომელი იყო, მერე ჩერეზ ადლერი გაიყვანეს, კასინკაზე რაც ჩაეტეოდა, არაფერი მეტი არ გამოატანეს, არც ტანსაცმელი, ლია ერქვა, ლიანა და ის ქალი კიდე, იმ კაცის მეუღლე მშვენივრად არის, მისი მამა იყო ერთ-ერთი სანატორიუმის დირექტორი, ემვედეს სანატორიუმის დირექტორი იყო, ექიმი კაცი იყო, კოლხიდა ერქვა, ყველა სანატორიუმს თავის სახელი ერქვა, ჰოდა, იმის ქმარი კიდევ გადიდკაცდა, რუსეთში დაამთავრა, არ ვიცი მე სარატოვში თუ ვოლგოგრადში.
ვიტალი ჩუმდება.
და იცი, რა მითხარით, გორკის პარკში რა ხდებოდა? მოსკოვში
გორკის პარკი იყო, იმას რომ ვეძახით პუტანკებს, მაშინ ამას არავინ არ ეძახდა, მთელი მოსკოვის, ქალაქის სტუმრების მომმარაგებელი, ქალების ნუ, ნაშები იქ იყო, ყველამ იცოდა მათი თავშეკრების ადგილი, ჰოდა, ოთხ-ოთხი, ხუთ-ხუთი, გააჩნია, რამდენი მამაკაცია ჩამოსული, გინდა საქართველოდან, გინდა ჩეხეთიდან, მაშინ ჩეხოსლოვაკიას ეძახოდნენ, სოც სტრანი ხომ იცი, ეს ხალხი მოსკოვში თავისუფლად დაგულაობდა
და კარუსელებიც იყო?
კარუსელები იყო ენ რაოდენობით, ათასობით, ათასი რაღაცა სახეობა, თუ რამე ევროპაში იყო, იქ იყო დამონტაჟებული, იქ ბავშვებს ჩვენ კი არ ვატარებდით, იყო იქ სპეციალურად, ფულს უხდიდი, გარანტია იყო, რომ არაფერი არ მოუვიდოდათ, ის უყვარდა ჩემს ბავშვებს, შენობაში რომ შეხვალ და ვარსკვლავები და პლანეტები რომაა, რა ქვია? პლანეტარიუმი
ადგომა არ უნდა, მაგრამ ლანგრებით ხელში ადამიანები თავზე ადგანან, მათაც უნდათ მაგიდასთან. საათზე მეტია, აქ სხედან. გავიდეთ? ეკითხება ვიტალის.
გავიდეთ, მაგრამ ახლა ჩაცმა არ გინდა
მაგიდიდან დგება. კართან ელოდება, სანამ ვიტალი ჩაიცვამს. გარეთ გადიან. სასიამოვნო ჰაერია, ცივი. კიბის საფეხურებზე ჩადიან.
მომავალ წელს გავიმეოროთ? ეკითხება ვიტალის
თუ ვიცოცხლე, ეღიმება ვიტალის და მისკენ ტრიალდება, ოცდარვაშია ჩემი დაბადების დღე, არ ვაპირებთ ოჯახში არაფრის გაკეთებას, ჰოდა, ოცდაშვიდში წამომიყვანე