- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ეძღვნება ციცის!
ქალ-ვაჟი გვყავს მე და ნათიას: მალხაზი და ციცი ანუ „ჩემი დედ-მამა“. მესამესაც ველოდებით, ბიჭია. ეს ხუტა იქნება, ჩვენი საყვარელი ბაბუა, რომელიც მაშინ გვეთამაშებოდა ხოლმე მე და თაკოს, - ჩემზე ორნახევარი წლით პატარას, - როცა მამა თავის ფშაურ სოფელში გაგვეპარებოდა...
ხუტა ბაბუას რაობასა და ცელქობა-თამაშობებს ვინ ჩამოთვლის, ცალკე დიდი თემაა და აბა რა მოთხრობა გასწვდება მათ?! და მე და თაკოს ყოველდღე თითო ლარს გვჩუქნიდა. მულტფილმებსაც ერთად ვუყურებდით და მეგრულიც იმან შეგვასწავლა ორივეს ისე კარგად რომ მეგრელისაგან ვერავინ გვარჩევს, როცა მეგრულად ვსაუბრობთ!... ბაბუას უყვარდა დედიკო რომ ჩქარა გააქროლებდა მანქანას, ამ დროს გაიძახოდა რაღაც რუსულ ფრაზებს, აფხაზეთიდან გამოყოლილს, მაგ: ბეი სვაიხ, ჩტობ ჩუჟიე ბაიალის! ერთხელ მამიკო ადგა სავარძლიდან, შემოვიდა ბაბუა, დაჯდა მამიკოს ადგილზე, თან დააყოლა: „ხაზიაინ გულიაეტ, მესტა ტერიაეტ!“ მისი აზრით, შეუგნებელი ადამიანი სხვა არაფერი იყო თუ არა „ლობუტი“, ხოლო მთლად აჯამი კიდევ უფრო უარესი: „კუღუტი“. მთავრობის მეთაურებს, ყველა დროში, ვისაც კი მოესწრო, ხან ლობუტს ეძახდა, ხან კუღუტს. ეს უკანასკნელები თავიდანვე განსაკუთრებულად ელობუტ-ეკუღუტებოდა.
ერთი კარგი ბებიაც გვყოლია, რაჭველი ეთერი, იგივე ფოფია! ბოლოს თურმე გუდაუთაში მსახურობდა მღვდლად ხუტა ბაბუა და ამ ფოფია ბებიას ჰყვარებია გუდაუთიდან აქეთ-იქით მატარებლით მოგზაურობა. ასე დაქროდა მატარებლით წინ და უკან: გუდაუთა-სოჭი-გუდაუთა-სოხუმი-თბილისი! ხან რაჭასაც მიამატებდა, მოსაკითხებიანად; იქ და-ძმებისაკენ მიუწევდა გული. ჟაკეტის შიდა ჯიბით ჩამოჰქონდა თურმე ხუტა ბაბუასაგან გამოგზავნილი ბევრი მანეთები „ღვთის სახელით“ ჩემ დედ-მამასთან ანუ მალხაზო-ციცინოსთან და ამ ჟაკეტის ჯიბეს საიმედოდ იცავდა, გველვეშაპივით ჰყარაულობდა და არა მხოლოდ ქურდ-მურდლებს, ასევე ცივ ნიავსაც კი არ აკარებდა ახლოს ერთი დიდი გულაპკა.
გადაჭარბებულად მორწმუნე ყოფილა ბებია ეთერი. ჟამი ახლოსააო, სკოლაშიც არ მიუყვანია პატარა ციცი, - ჩემი მომავალი დედიკო, - კომუნისტების სკოლა ეშმაკის სკოლააო! მაშინ თბილ აფხაზეთში, მოსალოცად რუსეთიდან ჩამოდენილან რაღაც რელიგიური ჯგუფები, განდგომილნი ე.წ. ოფიციალური ეკლესიისაგან, აპოკალიპტურად განწყობილნი ანუ უფლის მოსვლის ყოველწამიერად მომლოდინენი. ასეთებიც იცის ქრისტიანულმა სავსებამ და მაინცდამაინც ფოფია მოექცა მათი გავლენის ქვეშ. ღმერთი მალე მოვაო მეორედ, ამიტომ არაფერი მიწიერი აღარაა საჭირო! ოქროს კბილებიც კი დააძრეს თუ თავად დაიძრო და გადასცა ამ ასე ვთქვათ, აჩქარებულ ჯგუფს. ხუტა, ფოფია და ციცი იმ დროისათვის სოხუმში ცხოვრობდნენ. როგორ განვითარდა ოჯახური დრამა ამ რელიგიური გადახვევის შედეგად ფოფიასა და მის მეუღლეს შორის, ძნელი მოსაყოლია, მოდი, გამოვტოვებ. ხუტა ბაბუას იმ დროს ბენზინის გამყიდველად უმუშავია და რაც კი მოინაგრა მან, ადგა ფოფია და იმ რუსულ ჯგუფს გადაულოცა. სახლიც მათ დაუთმო; ერთ მშვენიერ დღეს სამსახურიდან დაბრუნებულ ხუტას ათამდე კონკია დახვდა სახლში, ერთი კაცი - მათი ლიდერი, რამდენიმე ქალი და არასრულწლოვანი გოგოც. ლიდერის მოწოდებით ქალებს კამანზე, წმინდა წყალში შიშვლად უნდა განეცადათ ღვთის მადლი და სასოება, თანაც ტუჩებში კოცნით უნდა მისალმებოდნენ ერთმანეთს! ქალებს ქვედა საცვალი არ უნდა სცმოდათ, რადგან „ღვთისმშობელს იგი არ ეცვა!“...
მალევე ჩამოშორდა მათ ფოფია, მაგრამ ეს აპოკალიპტური და არამიწიერი რწმენა ბოლომდე შემორჩა მის გონებას: „რაც ერთხელ ცხოვლად სულს დააჩნდების!...“ თანდათან და როგორღაც, არა იმ შიშვლოვანი ჯგუფის გავლენით, მაგრამ ხუტაც მოქცეულა. მოქმედება ხდება 1960-იანი წლების ბოლოსა და 1970-იანი წლების დასაწყისში, გაგანია კომუნისტური ათეიზმისა და საბჭოური სოციალიზმის პირობებში...
ბედად მეუფე ილიას, მაშინ სოხუმის ეპარქიის ხელმძღვანელს, შეუმჩნევია, გაუცნია ეს ზედმეტად მორწმუნე, ეკლესიური ოჯახი, დაინტერესებულა ბავშვის ბედითაც და მშობლებისთვის „წაურთმევია“, თავის საეპარქიო სახლში მიუყვანია ჩემი პატარა დედიკო, ნამდვილ მშობელივით უპატრონებია და სკოლაშიც მისი დავალებით მიუყვანიათ. წირვებზე გაზრდილ დედიკოს უკვე იმდენი სლავური და ძველქართული სცოდნია, რომ მესამე კლასში დაუსვამთ ათი წლის ბავშვი. სლავური იმიტომ სცოდნია რომ მაშინ წირვა-ლოცვა ამ ენაზე ტარდებოდა აფხაზეთში და შესაბამისად, მრევლიც რუსული იყო: სულ „ბაბუშკები“. ქართველი ეკლესიაში არ შედიოდა, მისივე ქუდიც კი რომ შეგეგდოთ იქ მისთვის. ძველქართული იმიტომ სცოდნია რომ თავისით, ძველქართული სახარებით შეისწავლა დედიკომ ქართული წერა-კითხვა. ორივე მშობლიური ენაა მისთვის: ძველქართულიც და სლავურიც. დედა ჩვენც გვასწავლიდა მამაო ჩვენოს სლავურად და თავიდან ბოლომდე მახსოვს: „ოტჩე ნაში, იჟე იესი ნა ნებესეხ...იაკოჟე...იაკო...“ სხვათაშორის, მამიკომ და დედიკომ მთავარი ლოცვის განსხვავებული ქართული ვერსიითაც დაგვაპურეს: „პური ჩვენი არსობისა მომეც ჩვენ დღითი-დღედ!“… „დღითი-დღედ“ სჯობია, რადგან ყოველდღე იგულისხმება, დღესაც, ხვალაც, ზეგაც და ასე დაუსრულებლად!
ციცის საეპარქიო სახლში ერთი უკრაინელი გუვერნანტკა, ანტონინა გავრილოვნა ჰყოლია, ბევრი რამ მასწავლაო და მათ შორის უკრაინულიც – ძველი სლავურის მემკვიდრე. ერთხანს დათვის პატარა ბოკვერიც შეუსახლებია დედიკოსთვის მეუფე ილიას იმ პატარა, მოსწავლისათვის საგანგებოდ გამოყოფილ ოთახში. კარადის თავზე იმალებოდა ის ცელქი, თამაშით გაუმაძღარი ალერსის გუდა და დედიკო რომ შევიდოდა, უცებ დაახტებოდა თავზე ღმუთუნით... რატომღაც ხშირად მესიზმრება ის ჩემთვის უცნობი დათუნია და მეც სულ მეთამაშება!..
სოხუმში, მშობელთა კრებაზე დედაჩემის „მშობლად“ პატრიარქის ძმა, ეპისკოპოსი ძმის ერთგული მცველი, ვიქტორი დაიარებოდა და ისე არაფერი უხაროდა მას, როგორც ამ მისიის შესრულება! ცხონებული ვიქტორი! საგანგებოდ გამოეწყობოდა თურმე და მიდიოდა, მიდიოდა და ბედნიერდებოდა, ისმენდა რა მასწავლებლებისაგან მისი შვილობილის ანუ დედაჩემ ციცის გარჯილობის, წესიერებისა და ნიჭიერების ქებათა-ქებას!
მოდი, არ გამოვტოვებ: ერთხელ, საეპარქიო სახლში ატყდა ერთი ხმაური, რახა-რუხი და გნიასი, თან შუაღამეა. ერთი რუსალკა შესჩენია მეუფე ილიას, გინდა თუ არა, უნდა შეცდე ჩემთანაო. ჯერ წირვაზე და ტრაპეზზე რამდენჯერმე ცდილა დაედნო მისი ბერული გული. ამით რომ ვერაფერს გახდა, ამდგარა და შუაღამებნელში საძინებელში სწვევია შილიფად ჩაცმული. როგორღაც აპარულა... ჰოდა, გაბრაზებულა მოხევე, რომ ვეღარ მოიშორა, ადგა, გამაისახა პირ-ჯვარი, ხოლო იმ აბეზარ რუსალკას ჰკრა ხელი და დააგორა კიბეებზე. რამსიგრძე იყო ის ხის შიდა კიბე და თუ რამე მოტყდა იმ ქალბატონს, არაა ცნობილი. ბევრი არ უგორიალია, დედიკო ამტკიცებს, არაფერი მოსტეხია, ის კიბეც ამ ჩვენი მანსარდის კიბესავით შუაზე უხვევდაო!
სასწაულად მოქცეული ხუტა ბაბუა მეუფე ილიამ მალევე აკურთხა დიაკვნად, მღვდლადაც სასწრაფოდ, უწოდა „ლეონტი“ და ილორში განაწესა. იქ სულ საწყევრად დადენილან მეგრელები და კამეჩებიც კი მიჰყავდათ თურმე როგორც საწყევარი მსხვერპლი. ასე როგორ და რას წყენულობდნენ ერთმანეთისაგან, ვერ გამიგია!.. გამოუკრავს ხუტა ბაბუას ტაძარზე: „ღორონთიშ კანონი!“ დიდი ასოებით, ქართულადაც და მეგრულადაც დაუწერია, ეგრე არააო, ღმერთის კანონი წყევას არ იწყნარებსო! ტანმორჩილი ხუტა ბაბუა ხორცს საერთოდ არ მიირთმევდა, მაგრამ ილორში მსახურებისას გაზეთში გაუწერიათ, ჩიჩქების მოყვარული მღვდელიაო, სადილად თითო კამეჩსა ნთქავს ამირანივით და ვახშმად არც სამი ეყოფაო! ჩაუხტნენ დები თუ ბიძაშვილ-დები სოხუმიდან ხუტა ბაბუას, რატომ გვარცხვენო და ფოფიასაც შეუტიეს, შენ გადააგვარე ეს კაცი და ანაფორაც შენ ჩააცვიო! მაშინ გამოუცდია ფოფია ბებიას მეგრული ხელის სიმწარე რაცაა!..
ფოფია ბებია ხაჭაპურების ცხობის ნამდვილი გენიოსი იყო. სახაჭაპურე არაჟანს სოჭიდან ეზიდებოდა, დააჯდებოდა თავის საყვარელ ტრანსპორტს - მატარებელს, ჩაიქროლებდა გუდაუთიდან სოჭში, წამოიღებდა სოჭურ არაჟანსა და თან იქაურ ტკბილეულობასაც გამოაყოლებდა; მერე დააცხობდა გუდაუთაში იმ ანგელოზებივით ხაჭაპურებს, რძეში მოზელილი ცომით, შეკრავდა ბარგს, ჩამოუტანდა თბილისში მალხაზ-ციცინოს თავის ფულ-გულაპკიანად, „მამა ლეონტისაგან, ღვთის სახელით“ და ჰაიდა 2-3 დღეში ისევ უკან. უკან გამგზავრებამდე კი უამრავ ამბავს მოყვებოდა რაჭისა თუ აფხაზეთის ცხოვრებიდან: რა გაჭირვებული ბავშვობა გამოიარა, როგორ ატანდნენ პურის ნატეხს ჭადს, ყველივით. როგორ გააშვილეს და რა დაწინაურებულ ოჯახში მოხვდა, ბიძადრგებულ ნათესავთან, იმხანად რესპუბლიკის პროკურორთან. მაგრამ იმ პროკურორის თავზე მოულოდნელად ბოლშევიკური ტერორი დატრიალდა. შეუკვეცეს საცხოვრებელი, სახლი წაართვეს და როგორც სჩვეოდათ, მთელი ოჯახი ერთ ოთახში შეყარეს. დედობილ თამარას დისშვილებიც იქვე ცხოვრობდნენ. თამარას და პროკოფის საკუთარი შვილები არ ჰყავდათ. ბოლოს დაიჭირეს კიდევაც ეს რესპუბლიკის პროკურორი. დაცალებულმა თამარამ ეს ნაშვილები ბავშვი ისევ რაჭაში გამოუშვა, თავის დედამთილთან. ცოტა ხანში თამარამ შემოუთვალა ფოფიას: ჩემი ქმრის წიგნები რაცაა რაჭაში, სულ დაწვიო! და როგორ გაჰქონდა ეს წიგნები ნელ-ნელა და წვავდა მათ 12 წლის გოგო, შეშინებული, ღამ-ღამობით სადღაც მოფარებულში! თან რასაც ასწრებდა იმ კოცონის ბრკიალა შუქზე, კითხულობდა კიდევაც. ცხრა წელი მჯდარა დახვრეტას გადარჩენილი პროკოფი ციმბირულ გადასახლებაში და რომ დაბრუნდა, ძაან შეშფოთდა, წიგნები რამ დაგაწვევინათო! ფოფია ბებიაც ძაან ნანობდა, ნეტავ თამარასთვის არ დამეჯერა, სადმე გადამემალაო! ეჰ, იმ სასტიკი რეპრესიების ხანაში ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაზე იყო მთელი აქცენტი გადატანილი და წიგნიც ამას ეწირებოდა და ადამიანთა ნიჭიც...
ფოფიას დედ-მამას ონისიმე და ეკატერინე რქმევია. ეს ონისიმე ერთადერთი ყოფილა სოფელში, ვისაც სააღდგომო კვერცხის ნიკორწმინდის თავზე გადატყორცნა შეეძლო! მაინც მორევია სიბერე და სიკვდილიც, გმირ როსტომისა არ იყოს. ერთი ამოუგმინია სიკვდილის წინ დიდ ბაბუა ონისიმეს:
- „მოვდივარ ღმერთო, შემოვევლე ჩემ შვილებს!“ - და დაულევია, ჩაუბარებია უფლისათვის ის ძლიერი და მართალი სული.
მალხაზ-ციცინოც ხშირად ჩადენილან თუ ადენილან აფხაზეთში, მამიკომ ერთხელ თქვა, ბოხოხიანი აფხაზი მოხუცები გუდაუთაში სულ თავდაკვრით მესალმებოდნენ, ვაჟკაცურ იერს მიფასებდნენ და მეც ასევე თავდაკვრით ვპასუხობდიო!!! ასეთი პატივისცემა არავისგან და არასოდეს მიგრძვნია ჩემ ცხოვრებაშიო! ყოფილა ასეთი დროც, დიახ! ჩემი უფროსი დები მარიამი და იაკო მოესწრნენ ამ დროსაც, იქით რაჭველ ფოფიას და აქეთ კიდევ ფშაველ მიხა პაპასაც. ჩვენ ხუტაღა შეგვრჩა, მე და თაკოს, ხან სისხლსაც კი ვუშრობდით, ისე გვიყვარდა.
ხუტა ბაბუას ორი და და ერთი ძმაც მახსოვს: ლიდა, ნორა და ზაური. მეორე ძმა - რევაზიც ჰყოლია, თავის გულისაიანად, სამეგრელოს არ გამოსცდენია. ბაბუა მანამდევე გადმოიყვანა პატრიარქმა გუდაუთიდან და თბილისის „ღვთისმეტყველში“ დანიშნა წინამძღვრად, ხოლო ბაბუას და-ძმებმა კი აფხაზეთის იმ სამწუხარო ამბების მერეღა ჩამოაღწიეს თბილისში.
ლიდა ბებია გვეუბნებოდა: „სკან სანთელო ჩქიმ დუდი!“ ყვებოდა ასეთ ნოველას: „მომიკვდა ქმარი, მოვიდა ერთი მეზობელი კაცი და შემომწირა 200 მანეთი! მოუკვდა ცოლი იმას და მეც წავედი, მეც 200 დავუდე! ადგა მერე ის კაცი და 100 უკან დამიბრუნა, შენი შეძლება და ჩემი შეძლება ერთი არააო!!! ღმერთმა ააშენოს იმის ოჯახი!“ აჯიკის რეცეპტი იცოდა განსაკუთრებული ლიდა ბებიამ და რატომღაც თან წაიღო ეს უდიდესი საიდუმლო!
ბაბუას ძმა ზაური, სოხუმელი მფრინავი, თავის ცოლ სვეტაიანად, შვილებითურთ ანუ ირაკლი-ზურიკოიანად, როგორც აფხაზეთიდან დევნილი - ჭუბერის გოლგოთაგამოვლილი, რაღაც სამედიცინო კლინიკაში, ახლანდელი აღმაშენებელის დასაწყისში შეასახლეს. იმათთან სტუმრობას არაფერი სჯობდა ამ ბოლო ორი საუკუნის მიჯნების მოსაწყენ ზამთრებში, როცა მამიკოც გერმანიაში გადახვეწილიყო და გარშემოც მხოლოდ ნავთის სუნი იდგა, ტალახი და „ტელეგრეიკა“ ალუფხულიყო ერთმანეთში! სვეტა ბებია გამზადებულ თბილ-თბილ ღომ-სულგუნს გვახვედრებდა, მფრინავმა ზაურიმ კიდევ ნარდის თამაში გვასწავლა და უამრავი სოხუმური დამრიგებლური გამოთქმითაც დაგვაკვალიანა, ისეთებით, როგორიცაა მაგალითად: „სკოლაში შალაპუტებს არ აყვე!“
ერთხელ სვეტა ეკითხება სამი წლის თაკოს:
- მამიკო როგორი კაცია?
- კარგი კაცია, მაგრამ ცოტა უზრდელია: რაც ჩამოვიდა, სამჯერ თქვა „დედა ვატირე“ და ორჯერ – „ტრაკი!“
თაკო სულ ითვლიდა ხოლმე ყველაფერს 2 წლიდან მოყოლებული. ითვლიდა და ანგარიშობდა. რომ გავიზრდები, ოთხ შვილს ვიყოლიებ, ორს დავხარჯავ, ორს შევინახავო.
სოხუმიდან ჩვენები თავიდან ჩვენს ხარფუხულ ბინაში ჩამოვიდნენ, 1993 წლის 21 ოქტომბერს, გათოშილები, ჯვარცმულები... ლანდებს ჰგავდნენ ხუთივე: ზაური, სვეტა, ლიდა, ირაკლი და ზურიკო. მაინც გამიღიმესო, ციციმ. ჩავეხუტეთ ერთმანეთს, აგვიტყდა ქვითინი, მანამდე არც ვიცოდით, ცოცხლები თუ მაინც იყვნენ?!
ახალგაჩენილი ვიყავი მაშინ, სულ რაღაც თვენახევრის!!!
ერთხელ ძაან მოუწყენია ჩვენთან 15 წლის, სოხუმური სკოლის მერხიდან იძულებით გამოქცეულ ზურიკოს, გაუხედავს ჩვენს ხარფუხულ ფანჯარაში და უთქვამს:
- „ეჰ, გათენდება, დაღამდება,
ისევ გათენდება და დაღამდება!...“
ბაბუას მეორე დას – ნორას დიდხანს უმუშავია ბებიაქალად სოხუმში და იქვე დარჩენილა თავის კუკურიანად: ნახევარი აფხაზობა ჩემ ხელშია დაბადებული და ეგენი მე არაფერს დამიშავებენო! არც შემცდარა! მართლაც არაჩვეულებრივი მადლიერების გრძნობა გამოუჩენიათ აფხაზებს. მალხაზის მეგობარმა აფხაზმა აიდამ გვაპოვნინაო ტყეში გაქცეული ბებია ბარბარე, ბაბუა ხუტას დედა და მოგვიანებით, 1994 ზაფხულში, მანვე დაამარხვინა თავისივე მეუღლის - ანტონის გვერდზეო!
ხუტა ბაბუას დედის - ბარბარეს მამას ანუ ხუტას ბაბუას ძაკუ რქმევია, ძაკუ ტრაგიკულად დაღუპულა თავის მშობლიურ სოფელ ვარჩეში ადიდებულ კოდორიდან კამეჩების გამორეკვისას. კი გამოუყვანია წყლიდან როგორღაც დამხმარე მწყემსს ძაკუ, მაგრამ ვეღარ გადაურჩენია, ვეღარ ამოუსუნთქია ძაკუს. ვერ გაუძლია მის ცოლ ანასტასიას, - ტასიას ეძახდნენ, - ქმრის სიკვდილისათვის და ცოტა ხანში თვითონაც თან გაჰყოლია თავის საყვარელ და სათაყვანებელ მეუღლეს.
ერთი ნამდვილი ამბავიც: ხუტა ბაბუა ხომ დეკანოზი იყო და სეფისკვერზე სულ იხსენიებდა თავის მამასაც, ანტონს. ჰოდა, ეს ანტონი დაესიზმრა ჩემს ფშაველ მამიკოს, უკანასკნელი მეგრული სიტყვებით აგინებს თურმე თავის მღვდელ შვილ ხუტას, გამიხმო ყელი ამ ხმელი პურების ყლაპვითაო და თან წინ ხაშლამიანი დიდი თასი უდგას! გაქანდა დილითვე მამიკო ბაზარში, მოიტანა კარგი სახაშლამე, მოხარშეს, აასახელეს, და დაუდგეს დედიკომ და მამიკომ ცხონებულ ანტონს ისე როგორც ითხოვა და როგორც ეკადრებოდა მის სულს, თავის ღვინიანად და „ზაკუსკიანად“. როგორ მოძებნა ჩემმა დიდმა ბაბუამ - ანტონმა თავისი შვილიშვილის მეუღლე მალხაზი - თავისი ჭკუის სიძე და შესჩივლა თავის გასაჭირი საიქიოდან, ხორცი რომ ენატრებოდა?! მეორე მსგავსი ამბავიც: ფერისცვალებას ხომ ხილის კურთხევა იციან, დედაშენს რა ხილი უყვარდაო, უკითხავს ციცის თავის ქმრისათვის... მთაში რა ხილი, რა ხილი... ალბათ მარიამობა მსხალიო! იმ ღამესვე დასიზმრებია ვერმოსწრებული დედამთილი ციცის, გამიღიმა და მითხრა: საზამთრო მიყვარდაო!
ზემოხსენებული სოხუმელი მალხაზი ანუ მალხაზ მეორე ვინღაა, აღარ მახსოვს, ალბათ ნორასა და კუკურის ბიჭი. მანანა რომ ამათი გოგოა, ეს მახსოვს. დედიკომ მოგვიყვა, მარიამი რომ გაჩნდა, - ეს უფრო ადრე, 80-იანების შუაში, - ნორა და კუკური გვეწვივნენ მოსაკითხებითურთ სოხუმიდანაო! კუკურის სამართლიანი საყვედური უთქვამს თურმე მაშინ მამიკოსათვის: მალხაზ, ასეთ პატარა ბინაში რატომ გყავს ცოლ-შვილიო!? მეორე დღესვე ვიპოვეთ და სხვაგან გადავედით ქირითაო! ჩემი მშობლები თავიდან ქირით ცხოვრობდნენ ბერძნის ქუჩაზე და თბილისის სხვა უბნებშიც, მერე, წმინდა ნიკოლოზის ბერძნული ტაძრის ახლოს ანჟელას ბინაც უპოვიათ და იმ დროს გუდაუთაში მწირველმა ბაბუამ უყიდა ეს ბინა და ამგვარად დაიწყო ხარფუხის ეპოქა და ჩვენი მკვიდრი ცხოვრებაც დედაქალაქში... მე და თაკო კი სად ვიყავით მაშინ ანუ წინასაუკუნის 80 - იანების ბოლოს, მაგრამ უფროსმა დებმა - მარიამმა და იაკომ გამოიარეს ეს ამბები...
ერთხანობას ვაგზლის მახლობლადაც უცხოვრიათ ნაქირავებში, ხედავს მამიკო, სიცხიანი მარიამი დროდადრო იშვერს თითს ჭერისაკენ და იძახის: ე წიპია!
- ციცი, ამ ბავშვს მგონი ძაან მაღალი სიცხე მისცა, არიქა ვუშველოთ, ტვინი არ გადაეწვას!
მიმხვდარა დედაჩემი, გუდაუთიდან სტუმრად ჩამოსული ხუტა ბაბუას ოინი რომ იყო ეს: ნახე ჩიტი ჭერშიო და მარიამსაც უცებ აუთვისებია!...
ერთ მშვენიერ დღესაც მოჰკიდა ხელი კალათას ჩვენმა მარიამმა,- სამი წლის იქნებოდა მაშინ დაახლოებით, - და დეზერტირებისაკენ გაეშურა! კიდევ კარგი, მეზობელი შეხვედრია წინ, ჩვენი ეზოდან უკვე კაი დაშორებით,
- „საით გოგო?“
- „ბაზარში მივდივარ!“
მეზობელმა მოაბრუნა ჩემი უფროსი და, თორემ ვინ იცის, ვისი შვილი იქნებოდა ახლა და სად? ერთ-ერთი იყო იმ სამ მეზობელ დათაგან ჩვენი გადამრჩენელი: ან ფისო ან ციცო და ან ნანა.
ჩემი მეორე უფროსი და, იაკო პატარაობისას ძაან ჩუმი ყოფილა; ჩუმი, მაგრამ გაბედული. ქვიშა ეყარა ჯიბეებში და სულ ახრამუნებდა. ერთხელ ფშავში, ჭერიდან ანუ ოთახზე ჭერადდასხმული ცემენტიდან პატარა ფეხების პაკი-პუკი გავიგონეთო და რას ვხედავთ, წლისა და რვა თვის იაკო არ აბობღებულა იმ სახელდახელო კიბიდან მაღლა?! იაზე წლითა და რვანახევარი თვით დიდი მარიამი კი ქვევიდან იდგა და შეძახილებით ამხნევებდა თავის ყოჩაღ დას: „მიდი ია, მიდი!“
იაკოწისა და მარიაკოწის (ასე ვეძახდი ჩემზე 7-8 წლით უფროს დებს) ოცნება იყო რომ მამიკოს სოფელში გაჰყოლოდნენ. რიგ-რიგობით დაჰყვებოდნენ. გაეღვიძებოდა იას, აიღება თავის ერთ ციდა ტუფლებს, გააღებდა კარებს და ელოდა, როდის გამოიხედავდა ეზოში მოჩუჩუნე მამა რომ მისთვის ჩაეცმია ის ტუფლები. არასოდეს უკუღმა არ დაუჭერია ტუფლები იაკოს, ყოველთვის მარცხენა მარცხნივ ეკავა და მარჯვენა – მარჯვნივ.
მარიამს უყვარდა მზის გულზე დგომა!
- მზეში ნუ დგახარ, მზეში ნუ დგახარ! - კივის გაბრაზებული მამა მალხაზი.
- არა ვდგავარ მამი მზეში!
ახედა მაღლა მზეს მარიამმა, მზე ცაზე არ ჰკიდია? დახედა თავის ფეხებს და სად მზე და სად მაგის ფეხები. პატარა მარიამსა და იას ატყუებდა თურმე მამიკო, ვარსკვლავები რომ ცვივა, შეიძლება ჩვენ ეზოშიც დაეცას რომელიმეო! დილით ადრე დგებოდნენ თურმე ეძებდნენ იმ პაწაწინა მნათობებს ჩვენი ფშაური ეზოს კუთხე-კუნჭულებში.
ერთხელაც დაღონებული მოსულა იაკოწი სკოლიდან, დანა პირს არ უხსნიდა: მასწავლებელმა გვითხრა რომ ვარსკვლავები სინამდვილეში ძალიან დიდებია და არც ცვივიან, არც გვაცვივიანო!
მესამე, ჩემზე უფროსი დაც მყავს, ნატო, მაგის მოყოლება მე ვარ; ნატო ანუ ბარბარე, - ბაბუამ თავის დედის სახელიც დაარქვა, - ყივანახველამ დაამიზეზა და ავადაა. დედიკო უვლის, ამბობს ანგელოზი გვყავს სახლშიო!
მართალია, სოხუმში დაიწყო სწავლა ჩემმა ცქვიტმა დედიკომ, მაგრამ სკოლა მიზეზთა გამო თავის დედულეთში – ნიკორწმინდაში დაასრულა. პირველმა დარეკა თურმე კაი ხნის დადუმებული საეკლესიო ზარები ნიკორწმინდის დიდებულ ტაძარში! ჯერაც მოსწავლე ყოფილა, თან მანამდე სიმღერის წრეც ჩამოუყალიბებია ნიკორწმინდაში!
მაშინ როცა მე ზარებს ვაგრიალებდი და მეუფე ამბროსის ვმოსავდი, ჩემი ათეისტურად განწყობილი მასწავლებლები ტაძრის გარეთ, შორიახლოს იდგნენ და მწყველიდნენო! ახალამოქმედებულ ნიკორწმინდაში საპატრიარქოდან ერთი მხიარული მღვდელმონოზონიც, მიქაელი წაუყოლებია მეუფე ამბროსის თანამწირველად. მაშინ ძაან ცოტანი იყვნენ და ასე ასარჩევად არ იყო საქმე, როგორც დღესაა! საპატრიარქოში ორნი იყვნენ სათადარიგოდ: ეს ჟღალწვერა, ხშირად თავ-ყბაგვერდზეგადაწეული მიქაელი და ევსები, ვისაც ნიადაგ იშიაზი აწუხებდა და მორკალული დაიარებოდა. ამ გახსენებულზე, ევსებიც კარგი ხალისა იყო: ყვებოდა როგორ ჩააბარა გამოცდები მცხეთის სემინარიაში. როცა გამოცდაზე ჰკითხეს თუ როგორ მოექცა რწმენაზე და რამ გადააწყვეტინა სემინარიაში მოსვლა, ასე მიუგო: „გამექცა ძროხა, სადაცაა უნდა გადახტეს ის ჩემი ჭრელო უფსკრულში და მეც თან გადამიყოლიოს. უცებ ვწვდი მე მას კუდში და დაამუხრუჭა კიდევაც მან უფსკრულის პირას. - გადავრჩით ორივენი! ე მაშინ ვიწამე ღმერთი!“ ... საბედნიეროდ, გამომცდელსაც არ უღალატა იუმორის გრძნობამ და ევსებმაც ამაყად შეაბიჯა მცხეთის სასულიერო სემინარიაში.
წირვის მსვლელობა ჯერ კარგად არ სცოდნია იმ ახალნაკურთხ, მეუფის თანმხლებ მიქაელს, იდგა დედიკო საკურთხევლის პირას და ჰკარნახობდა: „მერმე და მერმე მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოოოთ!“ და ა.შ .
საინტერესოა ისაც რომ იმ რაჭველ, ანტიეკლესიურ და დედიკოს მქირდავ მასწავლებლებს, სულ ბიბლიური სახელები რქმევიათ, კაცსაც და ქალსაც: იოველი და იონა, ადამი და იაკობი, სელა და ადა, ისაკა და მარკოზა… მაშინვე ამბროლაურის გაზეთში გაუწერიათ დედიკო, რელიგიის მსხვერპლიაო თუ რაღაც ასეთი!!! თანაც „დასაჯეს“ და კომკავშირში აღარ მიიღეს. მაშინ ხომ ინგრეოდა, მაგრამ მაინც არ ნებდებოდა უღმერთო სსრკ...
ფოფია ბებიას ერთ-ერთ დას, შურას, წამოუწყია ნიკორწმინდის გახსნისათვის ომი. საბჭოთა კანონმდებლობით ათეული თუ შეიკრიბებოდა, ეკლესიის გახსნის უფლებასაც აძლევდნენ. შურა ბებიას „მამაო ჩვენო“ თავისებურად დაუსწავლია. ე.წ. ე მერვე ასო ცანი ჰგონებია და ასე ლოცულობდა თურმე: „მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა...იყავნ ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუცყანასა ზედა...“ არაფრით არ უჯერებდა თურმე დედაჩემ ციცის ანუ საკუთარ დისშვილს რომ „ქუეიყანასა ზედა“ სწორია! - „რავა ბოშო!?“ მიუხედვად ამისა, ცანი მაინც სწყალობდნენ და ტაძრის ამოქმედებაც შეძლო.
შურა ბებიასთვის საპატრიარქოდან ერთი იშვიათბუნებოვანი მღვდელი გაუგზავნიათ. იმჟამად ბევრი საოცარი, საოცრად ნიჭიერი მღვდელი გვყავდა, რადგან რწმენა და მღვდლობა მაშინ პრივილეგიებს კი არ იძლეოდა, არამედ პირიქით... და ეს „პირიქითი“ მხოლოდ ნიჭიერებისა და ნამდვილებისთვისაა. ამ „საპატრიარქოსაც“ დღევანდელ, უზარმაზარ სრასახლად ნუ წარმოიდგენთ, ერთი პატარა სახლუკა იყო, სიონის გვერდზე რომ დგას ჯერაც, მეორე სართულზე პატრიარქი ცხოვრობდა, კაბინეტი, სასადილო ოთახი, საძინებელი და აივანი. აგრეთვე კორიდორი, სადაც მისი პირადი მდივანი იჯდა. ეს „კორიდორი“ ყველა სხვა ოთახს ესაზღვრებოდა. ხშირად სტუმრობდნენ არამხოლოდ ქართველნი წარჩინებულნი, არამედ ასევე რელიგიის კონტროლის აპარატის უშიშროების ჩინოსნებიც. მოდიოდნენ მეცნიერ-ისტორიკოსები, საქართველოს ეკლესიის ისტორიის მთხზველობაში წახალისებულნი; მოდიოდნენ ხელოვნების სხვადასხვა სფეროდან, სხვადასხვა გამოხატულებითა და ზრახვით. ყველას სურდა რაიმე სარგებელი მოეტანა ახალაღორძინებული საეკლესიო ცხოვრებისათვის, თავისი ცოდნა და ხელოვნება სიკეთის სამსახურში ჩაეყენებინა. ეს იყო დიდი ეპოქა, რადგან გამოჩნდა თვითგანხორციელების ახალი ალტერნატივა იმ ტოტალიტარულ სახელმწიფოში. მოდიოდნენ ასევე მარგინალები. მარგინალები და უარყოფილნი იქნებ სსრკ-თან შეუწყობლობის გამო? მოდიოდნენ გიჟებიც, უშიშროებასთან შეკრული მღვდლებიც და მიამატი მორწმუნეებიც თავის ხილვებიანად. განსაკუთრებულად ფასობდა სტაროვერი ეპისოპოსი მურთაზ ჩახავა, შუბლზე ბოლნური ჯვარი რომ ესახებოდა თუ წარბებს მაღლა აწკაპავდა. არიგებდა ახალგაზრდა კაცებს, ხანაც ცოლ-ქმარს ერთად: „იმ საქმის მერე დაუყოვნებლივ ჩაიბანეთ!“ ყველას პატრიარქთან დამეგობრება სურდა. ერთი შავტუხა ქალი, პითიასავით გაალმასებული, დაჟინებით ითხოვდა, სიონში დამსვით და მამკითხავეთო!
ერთხელ ვახტანგ რაზიკაშვილიც გამოჩნდა, მიეგება პატრიარქის მემატიანე და ვახტანგმა უთხრა მას რომ ფშავლებს ეგრევე გცნობთ, მამაჩემსა ჰგევიხართ იერზეო! ვახტანგმა მოყვა პატრიარქთან სუფრაზე თუ როგორ დაჰპარეს მთელი წიგნები მამამისს. ქურდობის მიზანი იყო საპაპიროსე, წეკოს გასახვევი ქაღალდის მოპოვება. დასდევნებიან ქურდებს, მაგრამ მამა-შვილს ჯაგებში გადაყრილი ყდებიღა უპოვნიათ იმ უამრავი სქელტანიანი წიგნისა! მამაჩემი რომ დაწვებოდა ასე იტყოდაო: „ღმერთო შენითა და არა ჩვენითა!“
პატრიარქს ზოგი სტუმარი აივანზე გაჰყავდა და იქ ჩუმად ემუსაიფებოდა. ცხადია, რომ საბჭოთა ეპოქაში საპატრიარქოს დაყენებული ჰქონდა მოსასმენი მოწყობილობა და როგორც ჩანს, ეს მოწყობილობა იმ პატარა, სიონის ტაძრისკენ გამყურე აივანს ვერ მოიცავდა. იქნებ მოიცავდა კიდევაც და საგანგებოდ დაყარეს ჭორები, ვერ წვდება აივნამდეო!? საბჭოთა უშიშროების ხრიკებიც ხომ ადამიანურ სისულელესავით ამოუწურავი იყო!
ეშმაკის განდევნის ლოცვებს საპატრიარქოში ქორ-ეპისკოპოსი კონსტანტინე ატარებდა. კეთილი მელიქიძე. დანარჩენები მეუფეები წიწილა-ეპისკოპოსებიაო? - ვიღაცამ იკითხა ერთხელ. ეშმაკები, ძირითადად, გამოსეულები იყვნენ თბილისის მარტოხელა დიასახლისებს, რომელთათვის ერთადერთ ხსნად მეუფე კონსტანტინე ქცეულიყო. სამ კაცს ეკუთვნოდა ერთი კაბინეტი, შესასვლელიდან მარჯვნივ: ქორ-ეპისკოპოსს, მეუფე თადეოზსა და მეუფე ვახტანგს. ქორეპისკოპოსის იქით სამზარეულო იყო გაწყობილი, იქ უფროსობდა მორჩილი ნორა - ზუთხის ხინკლებხარშვია. სამზარეულოს წინ - ტუალეტი. შესასვლელშივე მარცხნივ - სამდივნო, კანცელარიადწოდებული საერთო ოთახი. დიდი სივიწროვე სუფევდა მაშინდელ საპატრიარქოში: იმ ერთ საყველაო ოთახში იყვნენ შეყრილები: მდივანი გრიგოლ მშვიდობაძე, ორივე ბუღალტერი, შავი და თეთრი თამარა, (დადიოდა ლექს-სიმღერაც ამ შავ-თეთრზე: „შავი და თეთრი თამარაააა, ორივე ბუღალტერიააა, ორივე ფულის მტერიაააა..“), მთარგმნელები, მაგ. ლედი დოდო. იქვე ვიღაც, მაგალითად სამონაზვნე თამრიკო ხატიაშვილი ჩხაკ-ჩხუკობდა ანუ „მანქანაზე“ ბეჭდავდა. ხშირად შემოდიოდნენ სხვადასხვა რანგისა და ტვინწყობის თანამშრომლები, პატრიარქის რეფერენტები, მაგალითად „მიხთახი“ ანუ მიხეილ თარხნიშვილი, პატრიარქის წონიანი, თვეში სამასმანეთიანი რეფერენტი; პატრიარქის რომელიღაც მემატიანე, - ეს მემატიანეები ისე ჩქარა იცვლებოდნენ, არცერთი არ დამამახსოვრდაო, - დედიკომ. ზოგჯერ ლანდივით გამოცხადდებოდა საეკლესიო კალენდრის გამომცემელი, მკვდრისფერი მერაბ ლორთქიფანიძე, რომელიც სიკვდილ-სიცოცხლის სახედ გამოიყენა მეუფე კონსტანტინემ, აღნიშნა რა ჟურნალ „ჯვარი ვაზისაში“ გამოქვეყნებულ თავის ოპუსში რომ „ყოველი სხეულებრივი არსება ყოფნა-არყოფნის ზღვარზე დგას, მაგ. მწერალი ნიკო ლორთქიფანიძე გარდაიცვალა, დარჩა შვილი მერაბი, მაგრამ...“ ვატყობ რომ ისაც, ხვალ თუ ზეგ მარილზე გავაო! - დაახლოებით ასე. მეუფე კონსტანტინე არამხოლოდ ფილოსოფიურ ნოველაში, არამედ პოეზიაშიც იწაფებოდა. ასე მაგ. მისი ერთ-ერთი ლექსი იგივე „ჯვარი ვაზისაში“ ასე იწყებოდა: „მოციქულმა ანდრიამ / გაგვანათლა ადრიან/ მთა-მთა შემოიარა/ არ უგრძვნია იარა“...
მაშინდელი საპატრიარქოს სკა-სამდივნოში მოფუსფუსე მაგ ერთ დუნია ხალხს ზოგჯერ ემატებოდა კიდევ რომელიმე ავტორი და ჟურნალის რედაქტორი ქალბატონ თინა კობალაძის სახით, თავისი წიწინა მოთხოვნებითა და ჟურნალის საჭიროების ჩამონათვალით. დრო და დრო შეიხედავდა ხოლმე შიგნით მთარგნელი და სემინარიის ბერძნულის ლექტორი თამარა მესხიადი, - სულ ბიზანტიურ დელეგაციებს რომ ასდ-ჩასდევდა, - და დააგდებდა ამბად: „კონსტანტინეპოლიდან ჩამოვიდნენ!“ აქვე მოკალათებულიყო საპატრიარქოს მდივან მშვიდობაძის ტანსრული ქალიშვილი ნანა, რომელიც მამის განუყრელ თანმხლებად გვევლინებოდა. პატრიარქის შარვალ-კოსტუმიანი მცველი შოთა, ხელმოკუმული მაჯებით რომ სულ მაღლა იწევდა თავის უქამრო შარვალს, აქაოდა პეწი არ დავუკარგოო, - შიგნით არ შედიოდა, თუ რამე საქმეზე თანამშრომლებისათვის უნდა ეუწყებინა, თავს შეჰყოფდა ხოლმე და გარედან შესძახებდა. შემოდიოდნენ სამშენებლო საქმეებზეც. სადღაც რაღაც სულ იყო ასაშენები, დასამშვენები, შესალესი. აი, როგორც იქნა, ცალკე ოთახი გამოუძებნიათ მთარგმნელებისათვის, საგარეო განყოფილება გადაიტანეს ახლანდელი აკადემიის სამრეკლოს ქვეშ, მაგრამ პრარაბმა სოსოიამ არა და არ დააყენა საშველი იმ სათარჯიმნე ოთახის შეგაჯვას! ერთხელაც შემოყო თავი ამ ჯეელმა, ჩასუქებულმა რაჭველმა კანცელარიაში, - თავი იმიტომ რომ მეტი აღარ შემოეტია, - და უცებ აუყვირდა მას მთარგმნელი, ზემოხსენებული სოლიდური ქალბატონი დოდო ველიაშვილი: „ბიჭო, რა გახდა ერთი შეგაჯვა!?“ ცოტა შეყოვნდა და დააზუსტა: „რა გახდა ერთი გაგაჯვა!?“ არ გამოუვიდა გამოსწორება დოდოს და ისედაც დიდი თვალები კიდევ უფრო გაუფართოვდა. სოსოიასაც იგივე დაემართა თვალებზე და ზუსტად ერთნაირი გამომეტყველებით შეჰყურებდნენ ერთმანეთს! ატყდა ერთი სიცილ-ხარხარი და ამის მერე ორივეს ყოველ შეხვედრაზე უსაზღვრო მხიარულება ეუფლებოდა.
მეუფე თადეოზი კოლორიტული პიროვნება გახლდათ, თან ფშავლობდა, თან პოეტობდა, ღვთისმოსაობა ხომ ისედაც ევალებოდა. „მე ჩემი პაპის/პაპის პაპების/პაპის პაპები/მგონია მთები!“ - ასე იწყებოდა მისი ციცქნა პოეტური კრებული. ყველაფერთან ერთად, საქართველოს ბედითაც შეწუხებულიყო ფრიად. იქვე მორეფერენტე ზეზო ჯალაბაურს ებაასებოდა ეროვნულ საკითხებზე, კიტა ბუაჩიძის ახლადგამოჩენილ წიგნზე. შეხუმრებულები იყვნენ მეუფე და ზეზო: „ყინჩ ეპისკოპოს დასდექ და პოეტიც ჰა და ჰა მეუფევ, მაგრამ ფშავლობამდე ჯერ ბევრი გიკლია!“
მამაჩემს, - ასევე ერთხანობას იქვე მობოგინესა და მემატიანედწოდებულს, - ჩამოჰკიდებდა თურმე თავის პანაღიას მეუფე თადეოზი, სანამ თვითონ გვერდზე, საპატრიარქოს ტუალეტში თავის წვრილმან საქმეებს აგვარებდა.
საპატრიარქოში დავანებული მესამე მღვდელთმთავარი ვახტანგი ძაან თანამედროვედ, ლაღად აზროვნებდა, კარატეზეც დადიოდა და თან ფილოსოფიითაც იყო გატაცებული, სულ როზანოვებსა და კიდევ ვიღაც მსგავსებს აციტირებდა საუბარში.
მაშინ ეკუმენიზმი არ იკრძალებოდა, ამიტომ უცხოელი სტუმრებიც, სხვადასხვა ევროპული თუ ამერიკული ეკლესიების დელეგაციებიც უხვად დაშლიგინებდნენ იმ პატარა საპატრიარქოში, ადიოდნენ მეორე სართულზე პატრიარქთან, ჩამოდიოდნენ დაბლა, გაივლიდნენ მეუფეებისა და სკა-ოთახს შუა, შედიოდნენ სიონში და ლოცულობდნენ... ცოცხალი სიტუაციები იჩითებოდა! საპატრიარქოს ქალები გადაირივნენ, როცა ერთხელაც ერთი მკერდსავსე, მომხიბლველი ფერადკანიანი, თანაც მკერდზე ოლარჩამოკიდებული, საყურეებიანი ქალბატონი ეპისკოპოსი ეწვიათ!
- მაშ ეპისკოპოსია ეგა, უწმინდესო? - იფხრიწებოდნენ სიცილით სიონის „თავმჯდომარე“ მარიამი და მისი და თამარი, ერთობლივ ვახშამზე პატრიარქთან!
- კი აბა, მაშა! მეუფე ეპისკოპოსია ჩემსავითა, მეც ხო ვარ მცხეთა-თბილისის ეპისკოპოსი! ...
- ვაიმე უწმინდესო, როგორ მოგვეწონა, რო დავტოვოთ აქა და რომელიმე ეპარქია ჩააბარო, არ შაიძლება? ...
ცალკე ჯგუფად ბორიალობდნენ მხატვრები, მაგალითად ჯემალ სიფრაშვილი, ტიხრული მინანქრის საიდუმლოს აღმომჩენი; დასანანია, მალევე გარდაიცვალა. მოქანდაკე ჯემალ ბჟალავა მას „სიფრიფანას“ ეძახდა. მხატვრები იმ საყველაო ოთახში არ შედიოდნენ, საპატრიარქოს წინ, პატარა ბაღში ქუჩობდნენ. ყველას რაღაც ევალებოდა, ყველა თავის შემოქმედებას სთავაზობდა ეკლესიას და გასამრჯელოსაც ელოდა და იღებდა. დიდუბის მომხატველი შურა ბანძელაზე თავის მეუღლესთან ერთად მორჭმულად გამოიჭიმებოდა ხოლმე პატრიარქის სუფრაზე. პატრიარქსაც ეხმარებოდა ვახტანგ გორგასლის დახატვაში! სიონში თავისთვის ფერმწერობდა ლევან ცუცქირიძე. სიონის ახალი, ბრინჯაოს კანკელის ავტორის გვარ-სახელი დამავიწყდა. ხშირად არ მოდიოდა, ერთხელ გაიელვა საპატრიარქოში. მოქანდაკე ჯემალ ბჟალავამ ხომ სულ გადააქანდაკა იქაურობა და ბოლოს საფრანგეთისაკენ მოკურცხლა. ალბათ ცოცხალია, აღარაფერი გაგვიგია მისი.
საუბარია 1977 წლიდან მოყოლებული, 80-იანი წლების საპატრიარქოზე.
ჰოდა, პირველსავე სიტყვას რომ მივხედოთ ანუ ისევ ნიკორწმინდაში დავბრუნდეთ, იმ დუშელ მამა-მღვდელს გვირაბები გაჰყავდა ნიკორწმინდაში, ორმეტრიან თუ სამმეტრიან რაჭულ თოვლში და გვირაბებს ამოხვრეტილებიც დაუტანა სინათლისათვის. ერთხელაც, 20 თუ 30 შალითა აღმოუჩინა მის საბანს შურა ბებიამ. გარეცხვის ნაცვლად ახალს უკეთებდა ხოლმე მამა ამბროსი. რომ შემოაკლდა, მოიკითხა შურა ბებიამ ის თავისი შალითები და იპოვა ყველა ერთად, მამა ამბროსის საბანზე შემოკრული.
რადგან მგალობლები არ ჰყავდა, თვითონვე გალობდა მამა ამბროსი ცალ-ცალკე რამდენიმე ხმაში; არ ვიცი, როგორ ახერხებდა მაშინდელი ტექნოლოგიით, მაგრამ ამ ხმებს ერთმანეთზე ალაგებდა და საბოლოოდ გამოდიოდა სამხმოვანი საეკლესიო გალობა. ამ დალაგებულ გალობას ჩართავდა ხოლმე წირვისას, ააყოლებდა ბანს და ასე სწირვდა ეს მღვდელი-საოცრება! ეს კიდევ არაფერია მისი ტექნიკური გაწაფულობის დასახასიათებლად. ნახაზებსაც ადგენდა, პატრიარქთან უნდა მივიტანოო! რაღაც მფრინავი აპარატი გამოიგონა, ზუსტად ისე ადგილიდანვე მაღლა უბერავდა, როგორც უფოს ვიდეოებშია და ამას ყველაფერს ჯერ შურა ბებიასთან განიხილავდა! შურასაც რა მეტი გზა ჰქონდა, უნდა მოესმინა, გაეგო და მხარი დაეჭირა მისთვის მიბარებული მამა ამბროსისათვის! მოკლედ, რაც კომუნისტებმა დააკლეს და ვერ აცვეს ჯვარზე ხეირიანად, იმ ძაან თავისებურად ნიჭიერმა მამა ამბროსიმ დაუმატა შურა ბებიას! ეს ხუმრობით, ბოშო! სად დაიკარგა ნეტავ ის ნახაზები, საპატრიარქოში მიაგდო ვიღაცამ თუ სულაც გადააგდეს, ვინ იცის? არავინ იცის, იქნებ მსოფლიოსაც გააოცებდა? სხვა რამდენი მსგავსი აღმოჩენა დაიკარგა, ფიროსმანისებრი ხალასი ნიჭით შექმნილი, ამ ჩვენ გულგრილ ქვეყანაში, ვინ მოთვლის?!
ერთხელაც იყოს კიდევ „ამ გახსენებულზე“, - რადგან მფრინავ თეფშზე ჩამოვარდა საუბარი, - ერთ იმერელ არქიმანდრიტს, მოგვიანებით გაეპისკოპოსებულს, „მართლა დაუნახია“ თეფში – უფო იმერეთში! ეზოში ვდგევართ და ცოლმა დეიძახა უცებ, ე ბოშო, საინიო! „გევიხედე და არ გადიქროლა ჩვენს ეზოში პტყლიურად?“ საპატრიარქოში მოუყოლია ეს ამბავი მომავალ მეუფე გიორგის და ციცისაც გაუგონია. მეტი არც უნდოდა! დღემდე ხალისობს ამ ამბით და გვიყვება იმის ცოლის აქცენტით: „ე ბოშო, საინი!...“
თოთხმეტ წელიწადს იღწვოდნენ ჩემი ბაბუა და ბებია გუდაუთაში.
ფოფია ბებიას გაშლილი ჰქონდა დიდი საქველმოქმედო საქმიანობა, ვიდრე მთიან აფხაზეთამდე, მატერიალურად თუ შეგონებით, ცდილობდა შინაურისა თუ გარეულის რწმენაზე მოქცევას, გაქრისტიანებას, გამოსწორებას.
ფოფიას ჰყოლია ერთი ძაან ჯანიანი, მაგრამ ცოტა არ იყოს, მსმელი ძმა - გოგია. ოღონდ სულ მსმელი კი არა, თავის უმშვენიერეს დასთან - ფოფიასთან რომ მოჩანს ფოტოზე, სულ ახალგაზრდა, ამ ტექსტის ბოლოში, მაგ დროს ჯერ არ სვამდა. ასაკში შესვლამ და რაჭულმა გრძელმა ზამთარმა მიაჩვია, ეტყობა. თუმცაღა, მისდა სასახელოდ უნდა ითქვას, რომ არა მარტო სვამდა, იტანდა კიდევაც დალეულს არაჩვეულებრივად.
ვიღაცას უსწავლებია ფოფიასთვის რომ თევზნამყოფი არაყი დაალევინე და შენი ძმა სასმელს ჭირის დღესავით შეიძაგებსო! თან იმ ცოცხალ თევზს არაყში უნდა დაელია სული და ცოტა სისხლიც გამოეშვა...
ესტუმრა ერთხელაც ძმა დას გუდაუთაში; ამასობაში ის უმი კალმახებიც უკვე კარგად ჩაბუჟბუჟებულარიან არაყში. სისხლიც გაუშვეს და შეიჟანგა, შეჟანგისფერდა არაყიც.
უსხამს ფოფია და ევლება თავზე თავის უმცროს ძმას.
- ე ბოშო, რას მოვესწარი, აქამდე სულ მიშლიდი, ახლა კი თვითონ მისხამ, მგონი ბოლოს და ბოლოს ვიწამებ იმ შენ უფალ იესოს, ძეს ღვთისას, მაცხოვარს!... ზემოთაც აღინიშნა, გაგანია საბჭოთა კავშირია, ათეიზმი და მსგავსი და იმ დროს ვის სწამდა?! რა სარგებელს იძლეოდა რწმენა, გარდა ზიანისა?
უხარია ფოფიას ისე რომ სულ მეცხრე ცაზეა: როგორც იქნა იხსნა თავისი საყვარელი ძმა სმა-გადამკვრელობისაგან!
მეორე დილას გაიღვიძა გოგია პაპამ, მიართვა საუზმე გულუხვმა დამ და თან მოთმინებით ელოდება როდის შერისხავს გოგია არაყსა და სმეულობას და გოგიამაც დაძრა ბოლოს და ბოლოს თავისი დინჯი, რაჭული სიტყვა:
- აბა ფოფია, მაიტა ბოშო, კიდევ ვხუხო ის შენი ჟანგიანი არაყი, რაღაც ძაან მეჭაშნიკა გუშინ!
მართალია სმას ვერ გადააჩვია ფოფიამ გოგია, მაგრამ უკეთესი ჩაიდინა: თევზის გზით ქრისტიანულ რწმენაზე მოაქცია თავისდაუნებურად. თევზ-არაყამდე გოგიას მოქცევის ყოველნაირ მცდელობას ამაოდ ჩაუვლია. ბოლოს გამოჩნდა თევზი - გახსნილი არაყში, როგორც სიწმინდის ძალა და გასაგისი ანუ დევნილი ქრისტიანების თევზი-სიმბოლო, ბერძნულად „იხთვის“, რაც ასე იკითხება ასოთანმიმდევრულად: „ძე ღვთისა, მხოლოდშობილი, მხსნელი!“
ასეთი ყოფილა ჩემი დასავლეთი, ჩემი დედულეთი, ჩემი საციციეთი!
***
თხრობა ამით არ დასრულებულა. მართალია, აქ ბოლოში ქრისტიანული იდეა გამოჩნდა, მაგრამ ეგ მოთხრობა მაინც უიდეოაო, - ასე შემიფასა მწერალ-კრიტიკოსმა ლოლამ, - უფრორე მემუარულიაო, ვიდრე მხატვრული! მხატვრულ ნაწარმოებს რაღაც იდეა უნდა უჩანდესო! როგორც გოგოს ლამაზი მუხლისთავები მოკლე კაბაში! – მეც მივაყოლე ჩემი ფიქრი მისეულ დარიგებას! აბა მაშ რატომ წერსო ეგ ბიჭი?! ალბათ ასეცაა, არ ვიცი. მე მარტო ის ვიცი რომ გულით ვწერდი. ისე უხაროდათ, ვიზეც ვწერდი, რომ სულ ხტოდნენ სიხარულისაგან! ვინც გამომრჩა, იმაზეც დავწერ, ისინი კიდევ ცალკე მელოდებიან მოუთმენლად!
- „ეს ამდენი საპატრიარქო კიდევ!“ – დასძინა თან მწერალ-კრიტიკოსმა. „თანაც ყველა დადებითი, თუმცა, ავტორის ნებაა!“ მეც დავუბეჯითე, მორწმუნე ბიჭიაო ჩვენი ახალგაზრდა ავტორი! გამიმართლა რომ ლოლა ავტორში მაინც მოვატყუე! მართალია, თხრობა მოთხრობად ვერ შევასაღე, მაგრამ ავტორში ხომ შევაცდინე?!
- „თითქოს იდეა უნდა ყოფილიყო ქრისტეს სიმბოლოში გაერთიანება!“ – თავის მართლებასავით შევეწინააღმდეგე! რატომ მომინდა ასე, ესაც არ ვიცი, მე ხომ ანტიქრისტიანად უფრო მიცნობენ!?
ბოლოს შევიყარეთ ყველა ერთად, ამ მოთხრობის მკვდრებიც და ცოცხლებიც. ისე რომ იცოდეთ, მე დავაბრალე, თორემ გოგია მართლა კი არ მოექცა. რაჭაში რომ ჩავიდა, ცოლ-შვილს პირიქით, ნიშნი მოუგო: აი თქვენ რომ მიშლით და მეჩხუბებით, ფოფიამ პირიქით, სულ მასმია და მასმია გუდაუთაშიო!
გოგია მოექცა მერე, საიქიოში, ფოფიას ლოცვამ გაჭრა მაინც.
ჰოდა, დგას ახლა ყველა აქაური, ამმოთხრობელი და ნიკორწმინდის ტაძარში წირვას ისმენს! ბევრნი ვართ, მეც, მათთან ერთად და ვერ ვიგებ, ნეტავ მე რამღა გამაეკლესიურა? ცოცხლებიც მიგვიწვიეს წირვაზე, მოქანდაკე ჯემალ ბჟალავაც მათ შორის! - დგას გაბოტიტნებული შუა ტაძარში, თვალები ეცრემლება და სულ მათ წმენდაშია. ყველა მოწიწებით, გულხელდაკრეფილად, მოლოდინით ვდგავართ. ამ დროს კარები იღება და შემოდის ლოლა. ტაძრულ ბნელ-ნათელში ირეკლება მისი ნაზი სილუეტი. დარცხვენილი ჩანს; მიიხედეს, ნაწყენი თვალები მიაპყრეს: იციან რომ „იხთვისს“ არ მიაქცია სათანადო ყურადღება! აღარ იცის ლოლამ, რა ქნას, შემოგვიერთდეს თუ უკანვე გაბრუნდეს? აშკარად მე მეძებს იმ თავისი ცისკრიანი თვალებით, რათა უხერხულობისაგან ვიხსნა!.. მოჰკრა თუ არა თვალი საიქიოში სასწაულებრივად გაახალგაზრდავებულმა გოგიამ ამ ეშხიან, აშოლტილ ქალს, უყოყმანოდ დაუტკბა: „მობრძანდი გეთაყვა, შენ ქვე რავა გეტყვით უარს?!“
ქალმაც გაბედულად გადმოაბიჯა ზღურბლს და გოგიას ამოუდგა გვერდით. მე ვითომ იქ არა ვარ. ძაკუს ფართო ბეჭების უკან ვიმალები და მეცინება.
ამ დროს დაიგუგუნა მამა ამბროსისაგან ერთად შეკონილმა საგალობელმა: „ზე გვაქვნდინ გულნი!“
და მე ვხედავდი როგორ აიჭრნენ მაღლა და მიფრინავდნენ ჯერ გუმბათისაკენ და მერე კი ცისაკენ ჩვენი, ყველას გულები, მათ შორის ლოლასიც და ჩემიც!