- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
მე მიყვარს მოდა, მიყვარს და ყოველთვის მიყვარდა. მოდა ჩემთვის განსაკუთრებული მოვლენაა, რადგან ახალი სტილის შექმნა და შემდეგ პოდიუმზე ჩვენება, არ არის მხოლოდ ტანსაცმლის წარდგენა - ესაა ერთგვარი ცხოვრებისეული ფილოსოფია, რომელიც სოციალურ ცხოვრებას ასახავს. დღეს მოდების ჩვენება არის პერფორმანსი, რეფლექსია მიმდინარე თუ წარსულ მოვლენებზე. ჩემს მოსაზრებას ამყარებს მოდის სახლის „ბალენსიაგას“ შემოქმედებითი დირექტორი დემნა გვასალია. ის ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს: „მე ტყეში არ დავდივარ, ჩიტებს არ ველაპარაკები და ვარსკვლავებს არ ვაკვირდები შთაგონებისთვის. მე პოდიუმზე რეალური სამყარო გამომაქვს. ზოგადად, არარეალური და წარმოსახვითი რაღაცები არ შთამაგონებს. ღრუბლებში ფრენა არ მიყვარს.“
სწორედ რეალური ცხოვრება გადაიტანა დემნამ პოდიუმზე მაშინ, როცა მთელი მსოფლიო თავზარდაცემული ადევნებს თვალს უკრაინაში მიმდინარე შემზარავ ომს. მან 7 მარტს პარიზში, „ბალენსიაგას“ შემოდგომა/ზამთრის კოლექცია წარმოადგინა. მიუხედავად უაღრესად შთამბეჭდავი სამოსისა, არა მგონია, ვინმეს ამ პერფორმანსში მოდის სიახლეები დაენახა.
ხსენებული პერფორმანსი დამსწრეთაგან შემოსაზღვრულ სივრცეში მიმდინარეობს. მოდელები, ხელში ცელოფანის პარკებით თოვლსა და ქარბუქში გაჭირვებით მიიკვლევენ გზას. კომფორტულად დამსხდარ მაყურებელს მათგან მინის კედელი ყოფს. ჩვენს წინაშეა იზოლაციაში მოქცეული უკრაინა და ამავდროულად, მანამდე, სამყაროსგან უფრო მეტად იზოლირებული საქართველო, რომელმაც აფხაზეთის ომის დროს მსოფლიოს ხმა ვერ მიაწვდინა. მაშინ უამრავი მიზეზითა და ბედის ირონიით, რუსეთის სამხედრო აგრესიის გამო აფხაზეთიდან დევნილებმა, რუსეთს შეაფარეს თავი. ეს ძალიან დიდი, საბედისწერო (არ ვიტყვი, რომ უსასრულო) წრეა საქართველოსთვის, რომელზეც, შეიძლება ითქვას, საქართველო დღემდე დადის.
შემთხვევითი სულაც არ არის, რომ დღეს, როცა რუსეთი უკრაინის სახელმწიფოებრიობის განადგურების მიზნით დაუნდობლად ბომბავს და ანადგურებს განურჩევლად ყველაფერს, განსაკუთრებით ეტანება სამშობიაროებს, არ ინდობს ორსულებს და ბავშვებს, როცა მთელი ცივილური სამყარო მხარს უჭერს უკრაინას და ებრძვის წითელ ტერორს, როცა რეალურად გაჩნდა წითელი მონსტრის დამარცხების იმედი, ჩვენ, ქართველები გაასმაგებული ტკივილით ვგულშემატკივრობთ უკრაინელებს და მათში საკუთარ თავს ვხედავთ. რა გასაკვირია, რომ ბელა ჰაბიბის გრძელმა, უღელტეხილივით დაკლაკნილმა ლაჟვარდოვანმა შლეიფმა მოგვაგონა „ზღვა, რომელიც შორია“ და აფხაზეთის ომი.
ჩვენთვის, ქართველებისთვის, დემნა განსაკუთრებული ფიგურაა - ის წარმატებული, მსოფლიოში ცნობილი ქართველია, თანაც ომგამოვლილი, აფხაზეთიდან დევნილი, რომელმაც დევნილობის რამდენიმე წელი უკრაინაში გაატარა.
რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ჩვენ დემნას მოდელები არ გვიყვარს. ვცდილობთ, დემნას შექმნილ ტანსაცმელს სერიოზულად არ შევხედოთ, ან თვალი ავარიდოთ, ხოლო თუ მაინც გადავაწყდით, სასაცილოდ ავიგდოთ. დემნას წარმატება ყველას გვიხარია, თუმცა, ვამბობთ, რომ დემნა მაგარია, რადგან ის მსოფლიოს „ტროლავს“, ანუ ატყუებს და ნამდვილი მოდის ნაცვლად „ბაზრობის საქონელს“ აწვდის. საქართველოში აგდებით ვუყურებთ უზარმაზარი ზომის ტანსაცმელს, მასში ჩაყუდებულ გამხდარ სხეულებს, უზარმაზარ მხრებს, ე.წ. „ბაზრობის“ ჩანთებს. ასეთი რეაქცია კი მგონი, იმიტომ გვაქვს, რომ დემნას ყოველი ახალი კოლექცია ჩვენს დიდ ტკივილს, როგორც ახლა რატომღაც მიღებულია თქმა, „ტკბილ“ 90-იანებს უკავშირდება.
მე კი, დემნა გვასალიას კოლექციების თვალიერებისას, თვალწინ მიდგას პატარა ბიჭი, რომელიც ქვემოდან აჰყურებს უფროსებს. ალბათ, ბავშვის თვალით დანახული წოწოლა, გრძელ შავ ტანსაცმელში ჩაკარგული ხალხი მართლაც საზარლად ჩანდა. ეჭვი არაა, დემნას საოცარი კოლექცია, ტანსაცმელი უსაშველოდ ფართო მხრებით, წაგრძელებული მოქუფრული სილუეტები, ინსპირირებულია წარსულის აჩრდილებით. ვფიქრობ, იმაში გამოიხატება ადამიანის წარმოსახვის რეალური უნარი, დროის შეგრძნება, გაბედულება, რომ საკუთარი წარსული, დადებითი თუ უარყოფითი გამოცდილება, ხელოვნებად აქციოს. ალბათ, ამაში ჩანს ადამიანის უნიკალური ნიჭი, მოუსმინოს საკუთარ ხმას.
თავად დემნამ ერთ-ერთ ინტერვიუში თქვა: "ჩემი ესთეტიკა პირად გამოცდილებას უკავშირდება, მაგრამ მე მას კომპანიის სამსახურში ვიყენებ." „ბალენსიაგას“ დიზაინ და იმიჯ დირექტორი, დემნას მარჯვენა ხელი, მარტინა ტიფენტალერი კი დემნას შესახებ ამბობს:
„არ ვიცი, ეს მისი ბავშვობიდან მოდის თუ არა, მაგრამ ძალიან გაბედული და
თავისუფალი წარმოსახვის უნარი აქვს.“
პირადად მე, საკუთარ თავში ჩაღრმავების უნარს, რაც უდაოდ დიდი ნებისყოფისა და შეუპოვრობის მანიშნებელია, რა ხანია, საკუთარი თავის ერთგულება დავარქვი.
ქართველებმა უნდა აღმოვაჩინოთ დემნა, რომელსაც წარსული დღემდე თან სდევს. ის საკუთარ თავზე ამბობს: "საკუთარ თავს შემოქმედებით აქტივისტად ვხედავ".
7 მარტს პარიზში გამართულ ჩვენებაზე მიწვეულ სტუმრებს სკამებზე დახვდათ უკრაინის დროშისფერი მაისურები და დემნას ბარათი:
„უკრაინის ომმა გამიახლა ტკივილი და ის ტრავმა, რომელიც 1993 წლიდან მომდევს, როცა იგივე მოხდა ჩემს ქვეყანაშიც და მე სამუდამო ლტოლვილად ვიქეცი. გამიახლდა შიში, სასოწარკვეთა და განცდა, რომ არავის ვჭირდები“
ერთი შეხედვით, ქართველებს გვიყვარს წარსული. მაგრამ იქნებ, ჩვენ მხოლოდ ის წარსული გვიყვარს, რომელიც თავად არ გვინახავს, და რომლის შესახებ მხოლოდ ჰეროიკული ისტორიები გაგვიგონია? ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ რეალურად, ჩვენ ძალიან გვეშინია წარსულისთვის თვალის გასწორების. ალბათ იმიტომაა, რომ დემნას ფეისბუქ-გვერდზე ქართველები კომენტარებში სხვადასხვა სიტყვებითა და ფორმით, პირდაპირ თუ ირიბად, უწერენ, რომ არ არის საჭირო 90-იანების გახსენება.
როგორც ჩანს, წარსულის ფობია გლობალურია და ამაზე ხმამაღლა ლაპარაკი განსაკუთრებულ გამბედაობას მოითხოვს. თუ საკითხს ამ კუთხით შევხედავთ, გასაკვირი არაა, რომ ლექსებად დაწერილ ოჯახურ ისტორიებში, ბავშვობის ტრავმებისა და შეუხორცებელი ჭრილობების „გარეთ გამოტანაში“ 2020 წელს ამერიკელ პოეტ ლუიზ გლიკს ნობელის პრემიაც მისცეს. გამარჯვებულის გამოცხადების დროს, ნობელის კომიტეტის მდივანმა, ანდრეს ოლსონმა განსაკუთრებით აღნიშნა ლუიზ გლიკის „გულწრფელი და უკომპრომისო“ ხმა და თქვა, რომ „ის სიცხადისკენ მიისწრაფვის. ლექსებში ლუიზ გლიკის ლირიკული მე გულისყურით აკვირდება იმას, რაც მისი ოცნებებისგან და ილუზიებისგან დარჩა….“
ხოლო ლუიზ გლიკის გამომცემელი კი ამბობს: „ლუიზ გლიკი არ არის ის პოეტი, რომელიც ცდილობს, რაღაცაში დაგვარწმუნოს, ის გვეხმარება, კარგად გამოვიკვლიოთ გარემო, რომელშიც ვცხოვრობთ. ის ნათელს ჰფენს სამყაროს ჩვენს გარშემო. მის პოეზიაში ის გვესაუბრება ინდივიდზე, რომელიც ამ სამყაროში ცხოვრობს.“
იმავეს აკეთებს დემნაც, ის მის ირგვლივ სამყაროს იკვლევს და ბავშვობის ტრავმების გახსენების არ ეშინია. ვფიქრობ, მისი რეფლექსია უკრაინის ამბებზე შემთხვევითი არ უნდა იყოს.
გახსოვთ საზღვრისკენ მარტო მიმავალი ბავშვები ცელოფნის პარკით ხელში? მის მოდელებს პოდიუმზე მოწყობილ ქარბუქში ხელში ცელოფნის პარკი უჭირავთ. ეს პარკები, შეიძლება ნაგვის პარკებადაც ჩავთვალოთ. თავად დემნა მათ „ყველაზე ძვირადღირებული ნაგვის პარკს“ უწოდებს. პირდაპირი და ირიბი მნიშვნელობით, ის პარკი მართლაც ყველაზე ძვირად ღირებულია, რადგან სწორედ ერთი პარკით გამოგაქვს მთელი შენი ცხოვრება, როცა შენს ქვეყანაში შემოჭრილი სხვა ქვეყნის ჯარი სახლს გინგრევს და ლტოლვილად გაქცევს. ამ პარკს, შესაძლოა, გარედან მომზირლებისთვის, ან, რომელიღაც პოლიტიკოსისთვის, ან რაღაც გაურკვეველი იდეოლოგიის მომხრეებისთვის, ნაგავზე მეტი ღირებულება არც ჰქონდეს.
მაინც, რა ღირს მთელი ცხოვრება? სახლის ნანგრევები? დაღუპული ბებო, ან მამა, ან შვილი? იქნებ ფისოს და ძაღლის ხსენება არც ღირდეს, არც საყვარელი სათამაშოს, არც ქოთნის ყვავილის. რა ვიცით მათზე, ვინც ნაგვად აქცევს, ან ნაგვად აღიქვამს სხვათა განადგურებულ ცხოვრებას? ვინ ადებს ფასს სხვის ცხოვრებას? ვისი იმედი უნდა გვქონდეს ჩვენ, უბრალო ადამიანებს?
არ ვიცით. ამ შეკითხვებზე პასუხი დღემდე არ გვაქვს ჩვენ, ქართველებს, რომლებმაც არაერთი ომი გადავიტანეთ და ათასობით დევნილი ვნახეთ. საქართველოში დღემდე იგივე შეკითხვები ისმის: „ვინ აგებს პასუხს? ვის აწუხებს მშვიდობიანი მოსახლეობის ბედი?“
მახსენდება სცენა, რომელსაც 2008 წლის აგვისტოში სრულიად შემთხვევით შევესწარი. სამაჩაბლოს ომის დროს, როცა რუსების დაბომბვის შედეგად სასწაულად გადარჩენილი მოსახლეობის ნაწილი სამაჩაბლოდან ავტობუსით პარლამენტთან მოვიდა. თვალწინ მიდგას ატირებული ხალხი, ზოგს ფეხსაცმელიც არ ეცვა. მათთან სალაპარაკოდ ორი „დენდი“ პარლამენტარი გამოვიდა და ხალხს შეუტია: „წადით, პუტინს მოსთხოვეთ პასუხი. ჩვენ ხომ არ დავიწყეთ ომი?“
ხოლო ხალხის შეკითხვებზე, თუ სად, ან როგორ უნდა ეცხოვრათ, ცივად უპასუხეს: „ხალხი ციხეში წლობით ძლებს. თქვენც გაძლებთ!“
პერფორმანსის დაწყებამდე, დემნამ კიმ კარდაშიანი თავიდან ბოლომდე ლენტით
„დასკოჩა“. ასე „დასკოჩილი“ მოდელები შემდეგ ჩვენებაზეც გამოვიდნენ. ლენტი
ყვითელი ფერისაა, შავი წარწერით და მოგვაგონებს ლენტს, რომლითაც პოლიცია
დანაშაულის ადგილს საზღვრავს. „დანაშაულის ადგილი“ – ასე აწერია ხოლმე პოლიციის ლენტებს. დემნა ამ აქტით მთელ სამყაროს ეუბნება: „აქ გადის ზღვარი! არავის აქვს ადამიანების განადგურების უფლება!“
ბავშვობაში დემნას ალბათ ხშირად გაუგონია „ნუთუ შეიძლება, დაიწუნო ტანსაცმელი, რომელიც ძლივს ვიშოვეთ?“
მართლაც, სად იყო საბჭოთა კავშირში, ან 90-ანებში ტანსაცმელი? დემნა ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ მას ბავშვობაში მოდის ჟურნალები არ უნახავს. სხვა უამრავ უბედურებასთან ერთად, საბჭოთა კავშირში მოდის ჟურნალები, ისევე, როგორც ტანსაცმელი, გარდა იმისა, რომ რთული საშოვნელი იყო, ძალიან ძვირიც ღირდა. დღევანდელ თინეიჯერებს ვერაფრით ვაჯერებ, რომ ოდესმე ჟურნალების და ტანსაცმლის დეფიციტი არსებობდა, რომ ჯინსი აკრძალული იყო, რომ ჩვეულებრივი ფეხსაცმლის საყიდლად ხალხი მოსკოვში, ან გადამყიდველებთან დადიოდა. ასეთი იყო ქვეყანა, რომელსაც დღემდე მისტირის საზოგადოების ნაწილი და რუსეთი არაადამიანური ომის ფასად მოითხოვს მთელი პოსტ-საბჭოთა სივრცის ამ ტიპის სტრუქტურასთან დაბრუნებას.
პერფორმანსის დაწყებამდე დემნამ უკრაინულ ენაზე წაიკითხა გამოჩენილი უკრაინელი მწერლისა და პოეტის ალექსანდრ ოლესის ლექსი, რითიც უკრაინელებს გამძლეობა უსურვა. ჩვენც ვუერთდებით დემნას და უკრაინას მთელი გულით ვუსურვებთ გამარჯვებას.
დიდება უკრაინას!
დიდება გმირებს!