• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

"ღმერთო ჩემო, ვხედავ"...

×
ავტორის გვერდი ნაზიბროლა ქორთუა 01 დეკემბერი, 2020 2360

 

ნივთებში ჩაკარგული ადამიანი, რიგ შემთხვევებში, თავადაც ნივთდება, სრულყოფას კი მაშინ გრძნობს, როცა ფლობს ყველა იმ ნივთს, რომელიც ავსებს მისთვის მნიშვნელოვან სივრცეს. შევსებული სივრცე, თავის მხრივ, იმ სიმყარეს ქმნის, მარტოობის დასათრგუნად რომ შეგვეშველებოდა. მაგრამ სივრცის ამოვსება შეუძლებელია, რაკი ის უსასრულოა; ამავდროულად დროც არსებობს, რომელიც წვალებით  შეგროვებულ ჩვენს ნივთებს ანადგურებს. ამ სრულიად ამაო ქმდებას მაინც დიდი მონდომებით ვახორციელებთ, თუმცა მეტ-ნაკლებად გააზრებული გვაქვს, რომ მხოლოდ პირდაპირ მოძრავი დრო „ვ“ თავსართსაც მოუღებს ბოლოს. ერთადერთი, რაც დროსა და სივრცეში რჩება, არის ის ქმედება, რომელსაც ჩვენ ხელოვნებას ვარქმევთ. თუმცა სიტყვა „რჩება“ ძალიან მატერიალურად აღწერს მას. პოლიეთილენის პარკის გასახრწნელად საჭირო დროც - მილიონი წელიც (თუ ადამიანურ დროს შევუფარდებთ) - უსასრულობად შეიძლება მივიჩნიოთ. ხელოვნება იმ მოცემულობის საზღვრებს არღვევს, რომელსაც ჩვენ რეალობას ვეძახით. ხელოვანის წარმოსახვა არ საჭიროებს იმ შეზღუდულობის გათვალისწინებას, რომელიც სინამდვილეს ახლავს. უსაზღვრო წარმოსახვის გამოთავისუფლება ფორმაში თავისთავად ნივთს ქმნის, თვით შემოქმედისგან დამოუკიდებელს. მასში უსუსურდება ფიზიკა, არაფრისმთქმელი ხდება  მათემატიკა, აღარ არსებობს „ამა წლის რიცხვი და თვე“, გადამდნარია დროისა და სივრცის ცნება.

ხელოვნება ათავისუფლებს ნივთებს მათი საყოველთაო გაგებისგან, დანიშნულებისგან, ფორმისგან, შინაარსისგან. შემოქმედებაც აქედან იწყება, გაშიშველებული, ცარიელი საგანი ხელოვანისგან იღებს ყველაფერს, რაც ზემოთ ჩამოვთვალეთ.

ჯაკომო ბალლას „შუქურა“ (Street light): კომპოზიციის ცენტრში მოკაშკაშე ღამის ლამპიონი ძალ-ღონეს არ იშურებს, რომ დაჯაბნოს სიბნელე, გაარღვიოს მისი უკუნი. შუქურიდან გამობრდღვიალებული სინათლის სხივები ოქროსფერ, ყვითელ, ვარდისფერ, წითელ რკალებად მიემართებიან ღამის სიბნელისკენ. თითქმის მთლიან ტილოზე მიმობნეულ სინათლეს რომ შევყურებთ, კარგა ხანს ვერ ვამჩვნევთ მარჯვენა მაღალ კუთხეში მთვარის გამოსახულებას. თითქოს ზედმეტიც კია. თითქმის სიმეტრიული კომპოზიცია ამ ერთმა ნამგალა მთვარემ უნდა გადახაროს მარჯვნივ. მაგრამ აქვს კი მას ამის ძალა?! შეუძლია კი, შეეპაექროს ადამიანის ძლევამოსილ ქმნილებას? მისი ნათება დაკნინებულია, გამქრალია მისი რომანტიკული დანიშნულება, სრულიად უფუნქციოა, წმინდა ირონიის გამოა შემოყვანილი ტილოზე, ისიც - კუთხეში. ლამპიონის სხივები გადადიან ყვითლად გადაღებილი მთვარის გამოსახულებაზე. ადამიანმა აჯობა დედაბუნებას, მისმა ქმნილებამ დაჩრდილა მთვარე. ეს ფუტურისტული ხედვის ერთ-ერთი საუკეთესო გამოვლინებაა. ტექნოლოგიები, მორახრახე მანქანები, ქარხნები, „მოძრაობა და მხოლოდ მოძრაობა“ ინდუსტრიის. მაგრამ...

არ ვიცი, ბალლას, იმ კაცს, რომელიც ფუტურისტული მიმდინარეობის ღირსეულ წარმომადგენლად მიიჩნეოდა, რამდენად, უფრო სწორედ, როგორ, ჰქონდა გააზრებული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დეტალი თავის ტილოზე, არანაკლებ შესამჩნევი, ვიდრე - ნათურა და მთვარე.

ლამპიონის ნათება იმდენად ძლიერია, რომ თვალისთვის უფრო მშვიდ გარემოს ვეძებ ტილოზე, მინდა მივაგნო იმ რბილ გრადაციას, სადაც სიბნელე და სინათლე გემრიელად შეზავდება ერთმანეთში. და სწორედ აქ ვაწყდები იმ ლურჯ ზღვარს, სადაც წყდება აგრესიული სხივების ბრძოლა სიბნელესთან. სინათლის  მთავარი წყარო ერთიან დაუნაწევრებელ ლაქად აღიქმება მნახველის მიერ, მისგან გამომავალი სხივები არანაკლებ კაშკაშებენ, თითქმის ვერ გაარჩევ, სად მთავრდება ლამპიონის ფორმა და სად იწყება მისგან გამომავალი სხივები, მთელი ძალით მიემართებიან სიბნელისკენ, მაგრამ ამ დროს იმ ლურჯ ზოლს ეჯახებიან. მის იქით უკუნი სიბნელეა, სხივის ერთმა ნაფლეთმაც ვერ გაარღვია ის ზღვარი, რომელიც მთავარ კომპოზიციას ირგვლივ აკრავს. რა მოუვიდა ადამიანის ძლევამოსილებას? ჩარჩოში გამომწყვდეულმა საგანმა ლურჯ საზღვართან დაკარგა ის სიკაშკაშე,  რომელიც ნამუშევრის პირველად ნახვისას  გვაბრმავებდა. ახლა, თითქოს, მთვარე იყურება დამცინავად.

როგორი ძლიერია სინათლისა და მისი შემქმნელის სურვილი - თავი დააღწიოს, გაარღვიოს ეს ზღვარი, მაგრამ მცდელობა უშედეგოა. შეიძლება, ვცები და ბალლამ, უბრალოდ, ადამიანის შესაძლებლობების ნელ-ნელა გაფართოებას გაუსვა ხაზი და საერთოდ არ ჰქონია მიზნად, მსგავსად გააზრებულიყო მისი ქმნილება, მაგრამ, ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც უკვე დასრულდა მოქმედება, მაქვს უფლება - საკუთარი გონება საჯაროდ მოვიხმარო (კანტი).

ადამიანების რეალობაც ამ საზღვრებშია მოქცეული, ვერ ვცდებით ლურჯ ხაზს, რომელიც ირგვლივ გვაკრავს. მხოლოდ იმას ვხედავთ, რაც განათებულია, თუმცა სურვილი გვკლავს - გავიგოთ შეუცნობელი სამყარო, ზღვარს მიღმური. მაგრამ ეს კონკრეტული ტილო, რატომღაც, არ მიღიზიანებს ცნობისმოყვარეობას, მიუხედავად იმისა, რომ საკმაოდ კარგად დამანახა - სად ვიმყოფები. ალბათ, იმიტომ, რომ ლამპიონს უკავია მთლიანი კომპოზიცია, ის სჭარბობს იმ სიბნელეს, რომელიც ირგვლივაა. უმნიშველოდ მცირე ტერიტორია, სინათლესთან შედარებით, მაინც უკანასკნელს ანიჭებს უპირატესობას. მყუდროდ ვგრძნობთ თავს ამ საზღვრებშიც. ბუზებივით ვეხვევით სინათლესა და სითბოს, არ ვგრძნობთ იმის აუცილებლობას, რომ აქედან გავაღწიოთ.

პლატონის მღვიმის ალეგორია მახსენდება. არ ვიცი რამდენად გაუხარდებოდა ედისონს, რომელმაც უამრავი დრო და ენერგია შეალია ნათურის გამოგონებას, მის ქმნილებას მღვიმის ალეგორიას თუ შევადარებდი. მაგრამ ხომ არ ემსგავსება ხელოვნურად განათებული სივრცე (და, ამ შემთხვევაში, არც მთვარე უნდა დაგვავიწყდეს) და ამ სივრცეში მოთავსებული ნივთები იმ ჩრდილებს, რომლებსაც სრულ სიბნელეში საცოდავად ანათებდა ცეცხლის ალი. მღვიმეში გამომწყვდეული, შებორკილი ადამიანებისთვის საგნების ჩრდილები წარმოადგენდნენ რეალობას. მას შემდეგ, რაც განვანსხვავებთ ერთმანეთისგან ჩრდილს და ნამდვილ საგანს, თავისი ჩახლართული ფორმებით, წარმოუდგენლადაც შეიძლება მოგვეჩვენოს ადამიანის მსგავსი ჭკუასუსტობა. იქნებ, არც ის საგნებია სრულყოფილად აღქმული, რომლებსაც ჩვენ მზის შუქზე ვხედავთ? ცალკე ნათურა, ცალკე მთვარე, ისიც - ნამგალა, ზღვაში წვეთს ანათებს იმ სინამდვილესთან შედარებით, რომელიც არსებობს.

ამ მხრივ, არანაკლებ საინტერესოა რენე მაგრიტი. ისიც იმ მეოცე საუკუნის ხელოვანებს მიეკუთვნება, რომლებმაც თავის თავზე ფილოსოფიის მფარველობა იკისრეს. „გამოსახულებების ღალატი“  - ბალლას შუქურის მსგავსად, მაგრიტის ტილოზეც მთავარი აქცენტი მხოლოდ ერთ საგანზეა გადატანილი. ალბათ, სურს, მაყურებლის ყურადღება არ გაფანტოს ზედმეტ, არაფრისმთქმელ ფიგურებზე. მან, ბალასგან განსხვავებით, კიდევ უფრო გაამარტივა კომპოზიცია, თავი აარიდა ფერწერის ხუჭუჭა დამაბნევლობას. არც ფუნჯის განსაკუთრებული მონასმები ეცემა მნახველს თვალში, არც დაცემული ჩრდილი ამძიმებს საგანს. სიბრტყეზე, აუცილებელი ფერებისა და ფორმების გარდა, არაფერია ზედმეტი. ფონი მინიმალურად სადაა, არა აქვს იმის პრეტენზია, მასაც მიაქციონ ყურადღება. მასზე საკმაოდ ბუნებრივად გამოსახული ჩიბუხია მთავარი გმირი, რომელიც ჩიბუხი არაა. „რა თქმა უნდა, ეს ჩიბუხი არაა, სცადეთ  თამბაქოთი მისი გავსება“.  მაგრიტი მის დანიშნულებას, მის იდეას გვამცნობს, მაგრამ ასევე გვეუბნება, რომ შეუძლებელია გამოსახულებიდან, მატყუარა ნახატიდან, ის სარგებლობა მიიღო, რასაც რეალური საგანი გთავაზობს. რეალურს მიმსგავსებული ნახატი რეალობა არაა. ალბათ, ასეთივეა ზღვარს მიღმა თავისთავად არსებულ ნივთებს მიმსგავსებული რეალობაც. თუ ოდესმე შევძლებთ მის მიღმა გასვლას, ალბათ, ჩვენც ჰანს კასტორპივით აღმოგვხვდება: „ღმერთო ჩემო, ვხედავ“, როდესაც რენტგენის ქვეშ გაწოლილი მეგობრის კანქვეშ მფეთქავი გული იხილა. ხუთ შეგრძნებაში და ამ შეგრძნებებიდან გამოტანილ არეულ დასკვნებში გაფილტრული სინამდვილე სამუდამო დაუნახაობისთვისაა განწირული, იმ ადამიანებისთვის, რომლებსაც საყრდენად სწორედ ეს მატყუარა დამხმარეები ჰყავს არჩეული.

 

ჯაკომო ბალლა, Street light

 

რენე მაგრიტი, გამოსახულებების ღალატი

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული