• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ჯოზეფ კონრადის `შვიდი კუნძულის ფრეია` - მყარად დადექი, - ტალღამ არ უნდა წაგაქციოს

×
Joseph Conrad
ავტორის გვერდი მათე წიკლაური 04 თებერვალი, 2022 1761

“მოჟამულ ცისქვეშ მთელი დილა ყურეში წყალი მატულობდა და მატულობდა, მანამდე არნახულ ნიშნულს მიაღწია, მომცრო ტალღები კი ჯიუტად ედებოდნენ გამომშრალი ქვიშით დაფარულ სანაპიროს…” - ჯონ ბენვილი, “ზღვა”.

პოლონელი არისტოკრატი თოედორ იუზეფ კოჟენევსკი, იგივე ჯოზეფ კონრადი, პოლონური წარმოშობის ინგლისელი მწერალია. მას ქართველი მკითხველი რამდენიმე ნაწარმოებით იცნობს, თუმცა კონრადის “ბუმი” აქ არასდროს ყოფილა. მიუხედავად იმისა,რომ ავტორი  არაერთ მარადიულ თემას-სიყვარულს, მშვენიერებას, პრინციპებს, მორალს შეეხო, ჩვენთან პოპულარულ მწერლად მაინც ვერ დამკვიდრდა. 

...მე-20 საუკუნის, ერთმა ყველაზე დიდმა მწერალმა და მკითხველმა, ხორხე ლუის ბორხესმა, მხატვრული ლიტერატურა ოთხ სიუჟეტად დაყო: 

  • ისტორია ალყაშემორტყმულ ქალაქზე, რომელსაც თავს ესხმიან და რომლის დაცემაც გარდაუვალია. (“ილიადა”)
  • ისტორია სახლში დაბრუნებაზე. (“ოდისეა”)
  • ისტორია ძიებაზე (“არგონავტიკა”)
  • ისტორია ღმერთის თვითმკვლელობაზე.

მას შემდეგ, რაც ბორხესის ეს თეორია წავიკითხე, მექანიკურად ყველა, აბსოლუტურად ყველა ნაწარმოებს ამ ჩარჩოს ვარგებ და შემდეგ ვიწყებ იმ დეტალების ამოკრეფას, რომელიც რომანის არსის გასაღებს მაპოვნინებს. ერთხელ აკა მორჩილაძემ “მორიდებული ზურმუხტის” პრეზენტაციაზე ჟურნალისტს უთხრა, რომ როგორც ყველა წიგნი, ისე მისი ახალი რომანიც ომსა და სიყვარულზეა. ჯოზეფ კონრადის რომანი “შვიდი კუნძულის ფრეია” კი ბორხესის ოთხ სიუჟეტსა და აკა მორჩილაძის იდეას გვერდს ნამდვილად ვერ უვლის.

ნაწარმოებში ამბებს სიყვარულზე, ერთგულებასა და საბედისწერო დამთხვევებზე ვკითხულობთ. რომანის მთავარი გმირი დანიელი მეზღვაურის ქალიშვილი, ფრეია ნილსენია. მას კაცების ყურადღება ნამდვილად არ აკლია, მეტიც, მასზე შეყვარებულები თვალსა და ხელს შუა შლიან ხელის გულზე თავიანთ ადამიანურ სისუსტეებსა და ბავშვურობას. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ტექსტში არცერთი გმირი არასდროს არ იღებს სწორ გადაწყვეტილებას, მაგრამ მაინც ყველა მართალია. სიყვარულითა და თავიანთი სიმართლით გაბრუებული გმირები კი ჭეშმარიტებას ვეღარ აგნებენ და სწორედ ესაა მათი ამოცანაც - დაინახონ რეალური სურათი. ჯოზეფ კონრადმა   ძალიან კარგად იცის მკითხველთან ურთიერთობა. მწერალი სვამს ზუსტად იმ აქცენტებს, რომლებიც ყველაზე ახლოსაა ჩვენთან, რომლებსაც ყველა ხშირად განვიცდით ჩვენ. ავტორი ამ რომანშიც ზღვის პირას დარჩა, ისევ მორალისა და ადამიანურ ვნებათა შერწყმა აირჩია მთავარ საკითხად, მაგრამ როცა ავტორის სხვა ტექსტებს კითხულობ, თითქოს, გრჩება განცდა, რომ ის სიყვარულზე, საბედისწერო სიყვარულზე არასდროს დაწერს, სწორედ ამ წარმოდგენის მსხვრევაა “შვიდი კუნძულის ფრეია”. პერსონაჟები მხოლოდ საკუთარ სინდისს უწევენ ანგარიშს, თითქოს მათ მორალურ კანონს ვერაფერი ამსხვრევს, მაგრამ უცბად ჩნდება ფრეია ნილსენი და მისი სახით კუნძულზე ჩნდება სიყვარული, სიყვარული, რომელიც მამაკაცებში მორალსა და ემოციებს დააპირისპირებს.

რომანში სასიყვარულო ისტორია თამაშდება. “შვიდი კუნძულის” ჯგუფის ფრეისა და სავაჭრო ბრიგო “ბონიტოს” კაპიტანს, ჯესპერ ალენს ერთმანეთი უყვარდებათ. მათ მთავარ პრობლემად კი ის ბრიგი იქცევა, რომელიც ჯესპერისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია. ნაწარმოების კითხვის პროცესში მკითხველი ამჩნევს, რომ რაც უფრო მტკიცდება მათი სიყვარული, მით უფრო საშიში ხდება ბრიგი. ეს რომანი ადამიანის შინაგან სამყაროში არსებულ დაპირისპირებებზეა. თუ ზევით აღვნიშნეთ, რომ რომანში პერსონაჟთა მორალური სიმტკიცე ვნებებს ებრძვის, ჯესპერ ალენის გულის მოსაგებად ბრიგი და ფრეია იბრძვიან. ამ ბრძოლას დამარცხებული არ ჰყავს, ჯესპერი ორივეს იყვარებს და ახალ ბრძოლას იწყებს, შეუძლებლის, წარმოუდგენლის რეალობად ქცევას ცდილობს, ცდილობს შეინარჩუნოს ფრეიაც და ბრიგიც, მაგრამ არის, რაღაც, რაც ჯესპერს ამ სიამოვნებას არ მიანიჭებს. ეს რაღაც თავად ბრიგია, უმშვენიერესი გოგონასა და კაპიტნის სიყვარულის შემქმნელი და დამანგრეველი. წყვილს სურს, რომ “ბონიტოზე” იცხოვროს, იქ მოიპოვოს თავისუფლება, უფრო განამტკიცოს ისედაც მტკიცე სიყვარული, მაგრამ რამდენადაც მშვენიერია ეს სურვილი, იმდენად წარმოუდგენელი ხდება მისი ასრულება.  არაერთხელ ვახსენე და, ეს შემთხვევითი სულაც არ გახლავთ, რომ ნაწარმოებში მორალური პრინციპები ერთგვარად  მთავარი პერსონაჟია.  როცა “ბონიტო” რიფს ეჯახება, ჯესპერი ვეღარ ახერხებს ფრეიასთვის იმ სიმაღლის, მწვერვალის შეთავაზებას, რომელზეც ოცნებობდა. თითქოს ამ შეჯახებამ ჯესპერი გაანადგურა, თითქოს ბრიგის მსხვრევასთან ერთად იმსხვრევა მისი სიყვარულიც.

ჯოზეფ კონრადი რომანის სიუჟეტს უცნაურად ავითარებს. მკითხველს ჰგონია, რომ რაღაც დიდებულ, ამაღლებულ, არასდროს რომ სმენია, ისეთ სიყვარულთან ექნება საქმე. ამის მიზეზად ბევრი რამ შეგვიძლია მივიჩნიოთ, მაგალითად მკითხველი პირველს “ბებერ ნელსონს (თუ ნილსენს)” გაიცნობს, შემდეგ ჩნდება კითხვა: “მაინც ვინ იყო ეს ჰეემსკირკი?”. არ ვიცი, იყო თუ არა ეს კონრადის მწერლური ჩანაფიქრი, მაგრამ პირადად მე, როცა ვკითხულობდი რომანს რაღაცნაირად ვივიწყებდი ყველას და ყველაფერს, ჯესპერის, ფრეიას და მათი საოცნებო “ბონიტოს” გარდა. ცხადია, სხვა პერსონაჟებს ნაწარმოებში განუზომელი როლი აქვთ, მათ გარეშე ტექსტის მთლიანობა წარმოუდგენელი იქნებოდა, მაგრამ ვინ იყო შულცი, ვინ იყო ჰეემსკირკი და ვინ იყო თუნდაც ნილსენი? - ამ კითხვებზე პასუხის გაცემა ავტომატურად რომანის მოყოლას ნიშნავს...  მწერალს ნაწარმოებში არც უფიქრია, რომ სიყვარულის ყველა გამოხატულება, ყელა შრე და ასპექტი განეხილა. მან, ვფიქრობ, მიჯაჭვულობის საკითხი აირჩია და ტრაგიზმი რომანს სწორად ამით შესძინა. ჯესპერი და ფრეია ერთმანეთს ეჯაჭვებიან, ხოლო უკვე ერთად კი ეჯაჭვებიან ბრიგს. თითქოს, ბრიგის მსხვრევასთან ფრეიასა და ჯესპერის სიყვარულის მსხვრევა შაგრენის ტყავისა და რაფაელ დე ვალენტინის ურთიერთობას მოგვაგონებს. ისინი ხომ პირდაპირ, უწყვეტი ჯაჭვით არიან ერთმანეთზე მიბმულნი, მათ იქით ხომ მხოლოდ ტალღებია, რომელიც მთავარი გმირების მიწიდან მოწყვეტასა და მათში მორალური კანონის ჩაკვლას ცდილობს.  კონრადი მიჯნავს მარადიულ, ენითუთქმელ და დიდ სიყვარულს. ნაწარმოებში დიდი სიყვარულია, ცოტა მატერილაიზირებული, და მაინც დამარცხებისთვის განწირული.  

პირველ სიტყვასთან მოვიდეთ- ნაწარმოებზე მსჯელობა ბორხესის შემოთავაზებული ოთხი სიუჟეტით დავიწყეთ. დიახ, აქ ყველაა, აბსოლუტურად ყველა, მთელი თავიანთი სიცხადით. ჯესპერისა და ფრეიას ურთიერთობა ის ლეგენდარული, დასანგრევად განწირული ქალაქია, ჯესპერისა და ფრეიას მცდელობა, გადაარჩინონ სიყვარული, სახლში დაბრუნების სურვილის, მაგრამ წარუმატებელი სურვილის გამოხატულებაა. მთელი ნაწარმოები ძიებაზეა, - მთავარი გმირები ეძებენ, თუ რა არის მათთვის უფრო ღირებული, მორალური პრინციპები, თავიანთი სიმართლე თუ სიყვარული? და ბოლოს ღმერთის თვითმკვლელობა, რომელიც რომანში ბრიგის რიფთან შეჯახებისას განსხეულდა. ეს წიგნიც ომზე და სიყვარულზეა, უბრალოდ კონრადმა განსახილველად შინაგანი, ადამიანის სულში არსებული ომები აირჩია.

როცა რომანის კითხვა დავასრულე, ვიფიქრე, რომ ასეთ ტექსტებს ხომ აღარ კითხულობენ, ასეთი ტექსტების ფინალი ხომ ისედაც ყველამ ვიცით, მაგრამ - არა! ჯოზეფ კონრადის გენიალურობა სწორედ ისაა, რომ ის ეხება  ასპექტებს, რომლებიც  ერთ  რომელიღაც დროს  ყველამ განვიცადეთ და სადღაც სულის უფსკრულში მივაძინეთ, რომელსაც აღარასდროს ვუბრუნდებით, რომლიდანაც გაქცევა გვინდა. ჯესპერი ვერასდროს გაწმენდს თავის სულ ბრიგის ნამსხვრევებისგან, ვერასდროს აიხედავს ამაყი, რადგან სულ ემახსოვრება, რომ ფრეიასთან დადებული პირობა ვერ შეასრულა. ამ ნაწარმოებში მწერალმა დრო გააჩერა… რომანში არაფერი ისმის ,გარდა უბედური ჯესპერის სულის ოხვრისა. ის ყოველდღე მიდიოდა და უყურებდა, როგორ ნადგურდებოდა, როგორ ცამტვერდებოდა ბრიგი და როგორ ცამტვერდებოდა მისი სიყვარულიც. 

“შვიდი კუნძულის ფრეია” ერთი ამოსუნთქვით იკითხება. ამის მიზეზი სწორედ ისაა, რომ მკითხველი ვერ იოკებს ინტერესს, რადგან თითოეულ სცენაში, თითოეულ პერსონაჟსა თუ მათ პრობლემაში, საკუთარ თავს ხედავს. იცის, რომ ასეთი რამ დამართნია, იცის, რომ შეიძლება ასე გაუნადგურდეს ყველაფერი, იცის, რომ რაღაც დოზით ეს უბედურება გარდაუვალია. (ან არაფერიც არ იცის, მაგრამ ერთი სული აქვს, ვიდრე გაიგებს)...ჯოზეფ კონრადი მკითხველს ეხმარება გააღვიძოს სპეციალურად მიძინებული მორალური თუ სასიყვარულო ემოციები და შეებრძოლოს მას, რადგან შეიძლება გემი დაინგრეს, შეიძლება ადამიანი განადგურდეს, მაგრამ ეს მაინც გაკვეთილად რჩება. გაკვეთილად, რომელშიც დიდი, ძალიან დიდი ხნის განმავლობაში მორალური კანონი, სინდისი და სიმართლე სასიამოვნო სისულელეებსა და ვნებებს უპირისპირდებოდნენ. 

  ნაწარმოების ბოლო  ფრაზით მწერალი თითქოს გვიხსნის,  რატომ ღირდა მისი ტექსტის წაკითხვა. “მე კი ისეთი გონიერი გოგო მეგონა!”- ამ წინადადებით  კონრადი პერსონაჟისადმი დამოკიდებულებას უსვამს ხაზს. ასეთი დასასრული წარმოუდგენელი იყო, თითქოს შეეძლო ამ ფრაზითაც დაეწყოო, მაგრამ ის გზა, რომელიც ავტორმა აირჩია, თავისთავად მოიაზრებდა, რომ მკითხველმა უნდა გაარკვიოს, ჰქონდა თუ არა ჯესპერს შანსი სიყვარულის გადარჩენისა, მკითხველმა თავად უნდა გაარკვიოს, რა როლი აქვთ სიყვარულში სხვებს, რატომ დაიჩაგრნენ სხვა გმირები და მთავარი, ჩვენ გვევალება დავადგინოთ ვინ იყო ფრეია? უბრალოდ მზეთუნახავი, რომლის შესახებაც ამბავს ვიგებთ, თუ კიდევ სხვა, მაგალითად,  ჩვენი სული, ადამიანურობის განუყოფელი მახასიათებელი? 

რომანში პასუხები ყველაფერზეა, უბრალოდ მწერალს უნდა მიყვე ბოლომდე და არ გადაუხვიო მის გზას, ის საინტერესო სამყაროში მოგახვედრებს , ბევრ კითხვაზე  გაპოვნინებს პასუხს და ბოლოს ეგებ  ისიც გავარკვიოთ,- ნეტავ, იყო კი “გონიერი გოგო”?

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული