- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
(ხორხე ლუის ბორხესი - “შემოჭრილი”)
ლექსიკონში მოთხრობა განმარტებულია, როგორც საშუალო ზომის ეპიკური ჟანრის ნაწარმოები, რომელიც რომანზე პატარაა და ამავდროულად შედარებით მარტივი სიუჟეტი აქვს. ერთი შეხედვით, ყველაფერი, რაც ამ განმარტებაში წერია, - სწორია, მხოლოდ მარტივი სიუჟეტის ირგვლივ შეიძლება დავა, მაგრამ, ვფიქრობ, რომ ლიტერატურას კონკრეტული, ჩარჩოში ჩასმული განმარტებები არ უხდება, რადგან რამდენი მკითხველიც არსებობს, იმდენი განმარტება აქვს მოთხრობას.
ლიტერატურულ სამყაროს ლაკონური თხრობის ბევრი ოსტატი ჰყავს, მაგრამ, ვფიქრობ, რომ არავის განუდიდებია მოთხრობა, როგორც ჟანრი, არგენტინელი კლასიკოსის, ხორხე ლუის ბორხესის მსგავსად. ბორხესი ამბობდა, რომ რომანისგან განსხვავებით მოთხრობა ყველა შესაძლო შემთხვევას ერგება და არასდროსაა კონტექსტიდან ამოვარდნილი. სწორედ ამის დასტურად, მინდა, მისი მოთხრობის “შემოჭრილის” მნიშვნელობაზე ვისაუბრო.
ეს არის პატარა ისტორია ორ ძმაზე, რომლებსაც ერთი ქალი შეუყვარდათ. ბორხესის მოთხრობა თითქოს ჭორიდანაა აღმოცენებული და ეს შემთხვევითი სულაც არ გახლავთ, - ავტორმა ძალიან კარგად იცის, რომ მკითხველს მსგავსი მოკლე და ტრაგიკული ამბები აინტერესებს და ამიტომაც, მისი პირველი წინადადება ყოველთვის ჰგავს ჭორაობის დაწყებას მკითხველთან:“ამბობენ (რაც, ძნელი სარწმუნოა), რომ ეს ამბავი თავად ედუარდ ნილსენმა მოჰყვა უფროსი ძმის, კრისტიანის ცხედართან ღამისთევის დროს.” თავიდანვე ვიგებთ, თუ რა არის ბორხესის მიზანი - მისი თქმით, ამ ისტორიაში, როგორც სარკეში, ისე აისახება სანაპიროს მაცხოვრებლების ტრაგიკული ბუნება და პირდაპირ გვეუბნება, რომ ამ ამბავში ბევრ რაღაცას მოგვატყუებს… დიახ, ბორხესი მატყუარა მწერალია, - მან ხომ კინაღამ სერვანტესს ჩამოართვა დონ კიხოტის ავტორობა… ხოლო ის ამბავი, რომ ძმებს ერთი ქალი უყვართ, უკვე გვაინტრიგებს, მაგრამ ამ რამდენიმე გვერდში არგენტინელი ბიბლიოთეკარი ისე გადაშლის მთელს ტურდერას სამყაროს მკითხველის მიღმა, რომ ფაქტობრივად არასდროს გააკეთებს აქცენტს ბუნების სურათთა აღწერაზე. ბორხესი ამბობს, რომ ეს იყო ადგილი, სადაც მამაკაცი არასდროს, იტყოდა, რომ ქალი დაუფლების გარდა სხვა მხრივაც შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი, რადგან ეს კაცის ღირსების შელახვა იქნებოდა. ამ მონაკვეთით ჩვენ უკვე ზუსტად ვიცით იმ საზოგადოებაზე ყველაფერი, ყველაფერი, რაც გვჭირდება, რაც გადამწყვეტი იქნება ჩვენი დამოკიდებულებისა თუ წარმოდგენების ჩამოსაყალიბებლად… მკითხველს უკვე აღარ სჭირდება იმის გაგება, როგორი ზამთარი ან ზაფხული იცის იმ მხარეში, როგორია სამხრეთ ამერიკული მზე და ა.შ. ავტორი ამ პატარა ისტორიით ყურადღებას ამახვილებს საზოგადოებაზე, სოციუმის როლსა და ამ სოციუმში გაჩენილ ძმებზე… ბორხესმა გვერდი არ აურა არც სოფლის ტყუილ-მართლის გამრჩევ მეზობლებს და ერთი წინადადებით მოგვითხრო აბსოლუტურად ყველაფერი ამ ხალხზე. ტექსტში ვკითხულობთ, რომ ეს ადამიანები ძმებს შორის ქალის გამო გაჩენილ კონფლიქტს სულმოუთქმელად ელოდებიან. მწერალი მიყვება სტანდარტულ ხაზს - ავითარებს სიუჟეტს, აბუქებს ამბებს, მიდის დასასრულისკენ და საოცარ მოულოდნელობას გვთავაზობს, მაგრამ გარდა იმისა, რომ სიუჟეტური თვალსაზრისით მოთხრობა საოცრად ვითარდება, მაინც უნდა ვთქვათ, რომ ეს არის ლიტერატურა, რომელშიც შინაარსზე მეტად, მისი მისიაა საინტერესო, რომელსაც ერთი პატარა ისტორიით, მთელი სოციუმის წარმოჩენა უნდა და, რომელიც მზადაა მოატყუოს ყველა, აბსოლუტურად ყველა, ოღონდ გვითხრას, თუ როგორია მისი თვალით დანახული ერთი პატარა საზოგადოება.
როცა ვფიქრობ ხოლმე, როგორ აღწევს ბორხესი მკითხველის ინტერესებსა და სურვილებში ასე ძლიერად, სულ ერთი რამ მომდის თავში - მან საოცრად კარგად იცის მკითხველთან ურთიერთობა, რადგან სწორედ თვითონ იყო ყველაზე დიდი მკითხველი და ბრწყინვალედ ესმის, თუ რა არის მთავარი ამოცანა მაშინ, როცა ათიოდე გვერდით აპირებ მილიონობით ადამიანის გაოცებას. საბოლოოდ კი, უნდა აღვნიშნოთ, რომ ბორხესმა დაგვანახა ლიტერატურა, როგორც ლაბირინთი და თავადვე შეძლო გამოსასვლელი გზის ჩვენება, - სწორედ ესაა მისი გენიალურობის მიზეზი.