• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

Aserejé თან წაიღე

×
ავტორის გვერდი იოანე გელას ძე 08 იანვარი, 2020 2987
ამ მოთხრობას პირველი გვერდიც ჰქონდა, მაგრამ წავშალე, მოვშალე, დავშალე, თან წავიღე -  Aserejé!
 
...აიოვა ისევეა ამერიკა, როგორც ზესტაფონი - საქართველო. აიოვას “ტარგეტი” აქვს, ზესტაფონს - ლავაცას ყავა; „თან წაიღე“ ქვია ერთ-ერთს, ან ბევრს, ან ყველას ერთად.
თეიქ ევეი ლავაცცას ყავა მაწ ტვაიო !!!
თან წაიღე კაპიტალიზმის ნაჯვარი ენები, ლამაზო. 
- ლამაზოო… -  სარა ქვია და ცვეიგია გვარად… ან ცვაიგი, გააჩნია რუსულად გაქვთ წაკითხული თუ ქართულად. 
“უცნობი სარას წერილები”, “სარას ცხოვრების ოცდაოთხი საათი” - ვაფშემც ლამაზია ეს სარა… ხოდა მე, სარა და სალაჰი ვართ. უფრო სწორად, სარა და სალაჰი არიან, მე უკვე ისეთი მთვრალი ვარ რომ აღარ ვარ, მაგრამ რაც ვარ ძალიან ლამაზი ვარ და ისეთი ლამაზი ვარ, რომ ფეხზე ვერ ვდგავარ და თან წამიღეთ, მაწ ვაშუ… მე ვარ ქართველი და მაშასადამე, მე ვარ ევროპელი, სალაჰი ალჟირელია და მაშასადამე, არის არაბი, სარა კიდევ არის ავსტრიელი და მაშასადამე, არის ებრაელი და მაშასადამე - ამერიკელიც, მაგრამ რავარი ევროპელიც მე ვარ, ეგეთივე არაბია სალაჰიც და ეგეთი ამერიკელია სარაც. მე რასაც ვსვამ, სარაც იმას სვამს და სალაჰიც, ოღონდ სალაჰი კიდე იმეებს აყოლებს, რასაც მე არასდროს დავლევ - რომი-კოლას მაგალითად, კუბა ლიბრე… თან წაიღეთ კაპიტალიზმი და ფიდელ კასტრო, მთვრალი ქართველები, ებრაელი ჯანქები და გეი ალჟირელებიც გაიყოლეთ… 
- სალაჰ, ოე! სირო! დავეცი, შეჩემისა, ამაყენე - „შეჩემისა“ არ ესმის ჯერ, სამაგიეროდ „სიროზე“ იხედება. ხო, ნუ, გურჯი ბიჭი ვარ, ღარიბი ღატაკი და ამერიკაში ამოვყავი თავი, ალჟირელ ბრატს „სიროს“ როგორ არ ვასწავლიდი? ხოდა, ვასწავლე… 
- იე იბენ ალ შარ მუუ ტაო! -  მომაგინა. 
- იმანა სუ ინე პროსტიკასა ინეკა, სალაჰ! შე ბოზო, ჰელადოს, ალჟიროს, მაწ ტვაიო! ამაყენე! - ამაყენე, აეგრე. საქართველო ვერსუს ალჟირი - აძინ ნოლ, დავწინაურდით, ქართული სოკერი და ამერიკული ფეხბურთი, უკუღმართი და იმპერიული საზომი ერთეულები… 
- სარა, შენი ლამაზი წვივების კვნესამე. შენა, იცი, რომ მე იქა - ჩემს ქვეყანაში, არასწორ ჯორჯიაში, რომელშიც თქვენი ჯორჯიასავით გადასარევი ციტრუსი ყვავის, ოღონდ კი ბედის უკუღმართობით მაინცდამაინც იმ მხარეებში, რომელი მხარეებიც რუსებმა მიითვისეს, მაგათ რომ მოვუტყან… მოკლედ იქ, იმ ჩემს საქართველოში და ქართულ ენაზედ ერთი მოთხრობა მაქვს დაწერილი, პოპულარული მოთხრობაა, ცოტა მეინსტრიმულიც - სოკერის მოთამაშეებზეა და კიდევ მაგათ ცოლებზე და სადღაც სამშენებლო მაფიაზეც - სარას ქინძედ კიდია ჩემი მოთხრობები, მეც მკიდია ჩემი მოთხრობები, ყველას კიდია ჩემი მოთხრობები, მეც ყველას ვკიდივარ… კაი, მართლა კი არა, უარსკვლავბიჭუნა ვარ, შაოლინის ქალღმერთთა სწორფერი. შენ რო შეგეცი, სარა ცვეიგ, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით… 
ქალები ზოგადად… ქალებს… აი ქალებმა… რაც დღეს ქალებს…  - ლეგალ მითინგი გვქონდა გუშინ... ან დღეს… ლეგალ მითინგი არა, შე პროვინციიდან ჩამოთრეულო? ორი სიტყვა ისწავლე ინგლისურად და ქართული შესატყვისები ესე, ერთ წელში დაგავიწყდა, არა? 
ცუდი იოანე! ცუდი იოანე! ცუდი! 
 
მოკლედ, ამ ლეგალ მითინგზე გვითხრეს - ქალებზე ან კარგს ამბობენ, ან არაფერსო. მეთქი, ეგ მიცვალებულზეა, ვერ გაიგეს - ა, ჟალ! პოლიტკორექტულობა ამერიკის იავნანაა, ჩემი კიდევ კაილი მინოუგის “ინ იორ აის”. სადღაც უთრეშეს ღამის კლუბში კი არა, აი ჩვეულებრივ დისკოტეკაზე წამიღეს. სტრეპტოციდი, ქობულეთი, ჟანა ბაბაიანი, თუ კასოიანი თუ აღაიანი? ჟანა რა, კაროჩე!  ჟანა როგორ არის, ნეტა?
ჟანას მოკითხვა და შენდობა, ხო აზრზე ხარ, გვარი შეგიცვალე, რომ არ დამეწვი. შენები როგორ არიან? გამოჩნდი ხოლმე, არ დაიკარგო!  
- სალაჰ, ვაჟიშვილობა ვისთან დაკარგე?
- რომლის?
- რა რომლის?
- წინის თუ უკანის?
- წინის!
- ბოზებში!
- კაც ბოზებში თუ ქალ ბოზებში?
- ქალებში რა მინდოდა?
- ალჟირში კაცებიც ბოზობენ?
- ალჟირში ბოზობენ თუ ბოზობენ… შენა?
- ლანასთან.
- ბოზია?
- არა!
- ესე იგი რუსია!
- სომეხი... რუსი რა შუაშია?
- რავი, ყველა ქართველები რუსებთან არ კარგავთ ვაჟიშვილობას?
- არა, შეჩემანალა, რუსებს წაკუზული ვყავართ-მეთქი, ოღონდ მორალურად, პირდაპირი მნიშვნელობით კი არა... თან წაიღე თარგმანში დაკარგული სოფიო კოპოლა და ბილ მიურეიც ზედ მიაყოლე - სოფია კოპოლა იმ კოპოლასი ვინ არის? რა ჭირთ, ბიჭო, ამ ასოციაციებს, საიდან შემომრჩნენ?! მე რომ ვქრები, ესენიც ქრებიან ხოლმე, მარა არა, დღეს ბოლომდე უნდა შემიკიტინონ. კსტაწი, დღეს უკვე ხვალაა, ორია, ან სამი, ან ორს და სამს შორის. საათს ვგულისხმობ, თვალებში გაორებებს არა, მარა ისე სარა ორი რომ  იყოს, გაასწორებდა; აი, ორი სალაჰი კიდე მაგრად გატეხავდა, ორივეს ალჟირში მოუწევდა დაბრუნება, სალაჰს კიდე, გასაგები მიზეზების გამო, ალჟირი არ უყვარს. არც მე ვგიჟდები ალჟირზე, მამენტ არც ამერიკაზე და არც საქართველოზე, ვაფშეტა ესე ცალკე აღებული ქვეყნები არ მიყვარს, არც ხალხები, არც რუკები და არც ტერიტორიები - უელბეკს რო გავერჭე, ბარემ მურაკამისაც და პაულო კოელიოსაც, არა, მამენტ კოელიოს რას ვერჩი, მაგის ტალღამ გადაიარა, მარა ორზე დამთავრება არ მინდა. ვინმე მესამე მწერალსაც უნდა გავერჭო -  ცვეიგს? ცვაიგს? 
- სარაჯან, იცი, მე მყავდა ერთი კლასელი - სალომე ფაცაცია, ვგიჟდებოდი მაგ გოგოზე და მაგ გოგოსთვის, კაილი მინოუგის და ვერა ბრეჟნევას გავდა. კაილის - სახით, ვერას - ტანით. მამენტ, კაილი და ვერა სახითაც გვანან ერთმანეთს, რაღაც პონჩი… პონჩში... პონტში… პორტში… კამპოჩში... კამპოტში… ბორში… შჩი… კარგიიიი! ბოლოც - დეაჩემი, დეაჩემმა, დეაჩემს… 
- ჰუ და ფაქ იზ ვერა?
- ელის, სარა - ელის, ჰუ და ფაქ იზ ელის!  - “მე გავარღვევ ყინულებს და გადავივლი ზღვას, გადავლახავ უდაბნოს და გადავცურავ ზღვას, როცა ვიცი, რომ ის დგას და მე პაემანზე მელიის” - ამას ვერ ვთარგმნი, მაგდენი ინგლისურიც არ ვიცი. სამაგიეროდ, ვიცი, ვაკის პარკი, საუკუნის ნოსტალგია, მამუკა ღლონტი, ლექს-სენი, ბიგ თიკო და სლიმ თიკო, ცისფერი, თეთრკანტიანი შორტები და ჩექმები, სექსი აუტფიტი და უკადრებელის კადრება ორიათასიანების თბილისში და შიგ სპორტის სასახლეში. სპორტის სასახლეში რეპკონცერტზე მეთერთმეტე კლასელმა თაბაგარმა მცემა, მერე მე სკოლის ტუალეტში დავჭერი, მერვე კლასში ვიყავი მაშინ ან მეცხრეში... თაბაგარს რო შევეცი… 
 
ვაკის პარკზე ვიყავი, მარა ისე პარკშიც ნამყოფი ვარ, აი „ვაკის პარკის“ ბოი ბენდის ვოკალისტს კი ქვია ზაზა, ზაზა რაღაცაშვილი. მოკლედ, ზაზა პოლიტიკოსია. ზაზას სივი დავგუგლე. ცალი თვალით დაგუგვლა რა ძნელია, იცი? ცალით იმიტომ, რომ ორი თვალით ოთხი გუგლია, ოთხი ზაზა და ოთხი ვაკის პარკი და თბილისის მერი ამ ოთხივე ვაკის პარკში მაღალსართულიან კორპუსებს აშენებს და იმ კორპუსებში კიდევ ლამაზი და დაბანილი ხალხი ცხოვრობს… ოეე! ზაზას სივი დადე დროზე! აჰა - 
1. საზოგადოებრივი რადიო, „პიკის საათის“ წამყვანი (2015 - 2016)
2. „მაესტრო“, მაგთიფანის სკოლის დირექტორი (2013)
3. „მაესტრო“, გადაცემა „პირდაპირი საუბარი“, წამყვანი (2012 - 2013)
4. რადიო „უცნობი“, გადაცემა „მონკავშირის“ წამყვანი (2008 - 2010)
5. შპს „სტუდია მაესტრო“, მუსიკალური პროექტების ხელმძღვანელი (2000 - 2002)
6. „საქწყალპროექტი“ (1989 - 1990)
საქწყალპროექტში რას შვებოდი ზაზა? ზაზა სამუშაო ადგილი რატომ დამალე, ზაზა? 89-90 წლებში რითი იყავი დაკავებული ზაზა? ზაზა ვინ და რატომ აირჩიეთ, ზაზას ვინ მისცა მანდატი? მანდატურები? არა, მანდატურები მე რომ სკოლა დავამთავრე, მერე შემოიყვანეს, თორე თაბაგარს როგორ დავჭრიდი? 
 
თაბაგარ, ამერიკიდანაც შეგეცი, ისე რო იცოდე, შენ დას ახლოდან ვიცნობ ძაან… ორივეს… ოღონდ ერთდროულად ვერა. ნიჩიო, მალე ჩამოვალ და მაქამდეც მივალ… 
 
თაბაგარს ქურდობა უნდოდა, ამიტომ ტრაკში ვთხარე… ვაა... რავარი ორაზროვანი წინადადება გამოდის, რაც არ უნდა მეთხარა, ქურდობა მაინც არ გამოუვიდოდა, მარა ის არ მითხრია, რაც თქვენ გინდათ, დანა დავარტყი, ეგ დანა კიდევ ანდროპოვის ყურების უკანა მხარეს რომ “მონადირე” მაღაზია იყო, იქ ვიყიდე. მერვეკლასელს დანა რატომ მომყიდეს? თაბაგარმა რატომ მცემა? მერე რაზბორკაზე რომ დავიბარე, რატომ მახრჩობდა?  
- სალაჰ, რო გაიგო რო ქურდებმა მომკლეს? 
- ქურდი რა კაცია?
- ქურდი ის კაცია, ფულს რომ კრავს და ობშიაკში აწყობს.
- ჰუ და ფაქ იზ ვერაო - ისევ სარამ.
- ჰუ ლეთ ზე დოგს აუთ უ-უ-უ - სარა გამეშვი, მთვრალი ვარ და ყოფილი პრეზიდენტივით პლასტელინი და მოწყვლადი, ვიტყოდი რამეს ყოფილ პრეზიდენტზეც, მაგრამ ყოფილებზე ცუდს არ ამბობენ. არა, ეგ ქალებზე იყო, ან მიცვალებულზე… შაინინგ…  აზრზე ხარ - ყოფილ და მიცვალებულ ქალებზე ვაფშე ყველაფერს კარგს ამბობენ… 
ყველაფერს ვეტყვი მინისტრებს, სულ ყველაფერს ვეტყვი მინისტრებს - ეს მეფეა, შვილი ოღონდ - მამა არა. მამებმა ვერ ივარგეს, დიდად ვერც ცოლებმა და იმიტომაა, რომ მაგ ციტატაში პრეზიდენტი მინისტრებით არის შეცვლილი, საავტოროებზე ჭიდაობის თავი არ მაქვს…  ხო, მამებმა ვერ ივარგეს...  ბაბუების თაობის მამები თუ ჰომო სოვიეტიკუსები იყვნენ, ჩემი თაობის კაცები დივნებზე იწვნენ, მამაჩემი არ იწვა, მამაჩემი სულ ციხეში იჯდა, მაგრამ ეგ სხვა წიგნია, მეცხრე ბე კლასი ერქმევა, ან მერვე ბე კლასი, წლები ვერ დავალაგე ჯერ, არაუშავს, დავალაგებ და მაგ წიგნამდეც მივალთ, მანამდე კი სარასთან მისვლაა საჭირო, გაიბუტა თუ რაღაცა, მინდა გაგებუტო ხანდახან? ჩურჩულები? სარააა!
-  სარააა, მე შენთან ყოფნა მიჯოოობს, ნუ შეგაშინებს ეს ჭორები - სარა. კიდევ ორი შოთი ტეკილაა, სალაჰი კუბა ლიბრეა და მე აღარ ვარ, ვაფშე თან, აი ისე აღარ ვარ რომ აწი ჩემზეც მარტო კარგი უნდა ილაპარაკონ…
 
ფაცაცია საიდანღა მოვიდა? სოხუმიდან, ხო აფხაზეთიდან დევნილია, სასტუმრო ივერიაში ცხოვრობდა.
 
- ეგ ქუქი არ იყო? 
- ვაა ორი აფხაზეთიდან დევნილი პერსონაჟი არ შეიძლება? 
- ორივე მარინე, ორივე ფერაძე, ორივე გიორგის ასული? 
- კაი, ფაცაცია სოხუმიდან იყო და თავის დასთან ერთად სასტუმრო „ხიბლში“ ცხოვრობდა? მოსულა? მოკლედ, პირველად მაგის ოთახში ვიწერავეთ. მერვე სართულზე ან მეცხრეზე რვაასცხრაში ან ცხრაასცხრაში.
- ხიბლს მერვე და მეცხრე სართულები არ აქვს.
- მესამეზე, ან მეოთხეზე, სამასცხრაში ან ოთხასცხრაში… მამაჩემი მაშინ ჯერ სვაბოდაზე იყო, კი არადა, ხო… მოიცა... 
- Destiny has a funny way When it comes and takes all your cares away -  მითხრა ფაცაციამ… კაი, მოიცა, ვსო… გადებული მაქვს, იმიტომ რომ ა) ჩემ თავს ვეკამათები. ბ) ფაცაცია ჩემ წინ ვერ იდგება. 
 
კაი, რა ვიცით? ვიცით რომ აიოვა სითიში ვარ, პარასკევია ან შაბათი და ღამის კლუბში ვარ, დიჯეი კაილი მინოუგის გვასმენინებს, ტვინი ასოციაციობანას მეთამაშება და ფაცაცია მეთამაშება თმაზე. 
 
არა, ბიჭოო, შანსი არაა, ფაცაცია აქ ვერ იქნება, ფაცაცია ხო მოიტაცეს… კი, კი, ფაცაციას და მამაჩემს მუხლებში ჩაუვარდა, როგორმე დამაბრუნებინეო და მერე მამაჩემმა კიკაჩას და პიჟონას დაურეკა და პიჟონამ კიდე ჩვენ სახლში ახვლედიანის ნახატს გვერდით რომ დრაბავიკი ეკიდა, ის ჩამოხსნა, ჩემი სტეჩკინი აბრატკას იძლევაო და მამაჩემმა, სტეჩნიკი აბრატკას არასდროს არ იძლევაო და ოეეე! რა სტეჩკინა, რა აბრატკა, რა დრაბავიკი? დრაბავიკი რატო ეკიდა კედელზე და მაინცდამაინც ახვლედიანის ნახატის გვერდით?  ვსო,  დავლაგდეთ - ღამის კლუბში ვარ, მილიონ ლიტრ სასმელს დამატებული ორი შოთი ტეკილა მაქვს მუცელში და ჩემ წინ სარა ცეკვავს, სარაა! დავიგინები, რომ სარა მეფერება თმაზე...  იმის გასარკვევად, ვიცით თუ არა რაიმე ჭეშმარიტად, პირველ რიგში, ყველაფერი, რაც ვიცით, კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ... თუ ეჭვის ქვეშ? ეჭვის ნიშნის ქვეშ? დეკარტის ფრაზაა ან მოლიერის ან ფლობერის… ფლობერზე ისიც ხოა, ფლობერის თუთიყუში - წიგნია ეგეთი, არ წამიკითხავს, თაროზე იდო… ხოოო, ხო! თაროზე იდო, თაროს გვერდით ახვლედიანი ეკიდა და ახვლედიანის გვერდით კი დრაბავიკი. დრაბავიკი პიჟონამ ჩამოხსნა და აი ეგ სამი გმირი მნათობი წავიდა და მერე, მეორე დილით რომ დაბრუნდნენ, ფაცაციაც მოიყვანეს, მაგრამ დრაბავიკი არ მოუტანიათ - მტკვარში გადავაგდეთო. მერე? მერე მე ფაცაცია მივაცილე სახლემდე და მიყვარხარ შეჩემა-მეთქი, ვუთხარი, იმიტომ რომ ვიცოდი, მიჭერილი ექნებოდა და დაბროს მომცემდა და ფაცაციამ დაბრო მომცა და დაბროს მოცემის დედა ვატირე… რვაასცხრაში ავედით ან ცხრაასცხრაში, კი არადა, სამასცხრაში ან ოთხასცხრაში და ფაცაციამ კაილი მინოუგი ჩართო და ვსო! ეხლა მართლა დავლაგდი! 
 
ფაცაცია იყო - ფაცაციამ მიმღერა და მერე ძაან ბევრი წელი რომ გავიდა - ანუ დღეს, დღეს უკვე სარამ მიმღერა იგივე და იმ შამანმაც ხო გამაფრთხილა, ეგ ყველაფერი ტრიალებს და შენ კიდევ ისეთ რამეებს გინდა კარი გამოუხურო, რომელ რამეებსაც საერთოდ არ სჭირდება კარ-ფანჯარა, რომ შენს გვერდით და შენში იყოს, მაგრამ გიყურებ აჰა და ვხედავ რომ კბოდესთან დგახარ და მაგ შენი წარსულის ბავშვისთვის ისე ძლიერად გაქვს ხელი ჩაჭიდებული, რომ დღეს თუ არა ხვალ მაინც გადაგჩეხავს უფსკულში, ანდაც შენ გადაჩეხავ შენ თავს, ანდაც შენი თავი - მაგ შენს ბავშვს და აჰა შეისუნთქეო, შეისუნთქეო, შეისუნთქეო და გაუშვიო, გაუშვი ეგ სხეული, გაუშვი ეგ სხეული, გაუშვი ეგ ტვინიო, გაუშვი ეგ ფიქრებიო. სუნთქვააო, ყველაფერი სუნთქვაა და სუნთქვა კიდევ ის არის, რას და როგორ ჩაისუნთქავ და რას და როგორ ამოისუნთქავო და ჩაისუნთქე ეგ წარსული, ჩაისუნთქე და აჰა შენ აქუა ვიტა და აჰა შენ გასაღები და აჰა შენ კარი ოღონდ კი გახსოვდეს - თუ მატყუებ და კარში შესვლა მხოლოდ იმიტომ გინდა რომ შენი წარსულის ბავშვი მის მიღმა გამოკეტო, იცოდე ეგ ყველაფერი არ მოგასვენებს, ეგ ყველაფერი დაგეწევა, ეგ ყველაფერი დატრიალდება, ეგ ყველაფერი წინ დაგხვდება, როგორც რომ კიკაჩას და პიჟონას დახვდათ ცოდვები და როგორც რომ კიკაჩა და პიჟონა ჩახოცეს ციხის ბუნტის დროს, ეგრე პირველივე აჯანყებაზე ჩაგხოცავს ეგ შენი ბავშვიო, და მეთქი კიკაჩა და პიჟონა შენ საიდან… და მერე მე ვერაფერი ვეღარ ვთქვი და ვერც ეხლა ვიტყვი ვერაფერს, იმიტომ რომ ეგ შამანებთან გარიგების წესია, რომ რასაც კარს მიღმა ნახავ - ეგ არ უნდა თქვა, კარს მიღმა გამოცდილებებზე მეცნიერები ნადირობენ და მეცნიერება კარგია, მაგრამ მაგია არ უნდა აიხსნას. მაგიას თუ ახსნი ფოკუსი გახდება, ფოკუსი კიდე ლაღობაა და კარს მიღმა მაგია კი, რა-რა და სალაღობო ნამდვილად არ არის… იქ დავტოვე… ის ბავშვი… იქ დარჩა, დამრჩა, ჩარჩა, ჩავრჩი, ჩამრჩა….
- ჰუ დე ფაქ იზ ვერაო? - სარა ისევ იქაა, მაგრამ ჩვენ ვართ სადღაც სხვაგან. გეი კლუბია, დრაგებზე მოვედით. 
- დრაგი რა ღირს?
- პირადში მოგვწერეთ.
 
PM 
- სამი დრაგი თუ შეიძლება, რამე მსუბუქი ოღონდ.
- მსუბუქი ბუმბულია.
- იყოს! სამი ბუმბული, ლამაზო.
- სამი ბუმბული ფილმია, ლაჩრობაზეა და არც არის ლაჩრობაზე, მისქომუნიქეიშენზეა - სამი ბუმბული მისქომუნიქეიშენზეა, ძმები კარამაზოვები რეალითი შოუა, კარდაშიანები და ჯეობარი, ვიდეო პატრული და სტუდია აუდიენცია... სოკოლოვი, ნათელი სანთელი... 
 
PM ის დასასრული
 
არ გამოდის, არ ეწყობა… ტვინი ცალკეა, ფიქრი ცალკე, ტვინში ფიქრი არ არის და ფიქრში გრამი ტვინი არ ურევია… გრამი ხო, გრამი გვინდა, არა გრამი ბევრია, სამნი ვართ, მარა არა სალაჰმა ხო დაითრია ვიღაცა, ვაფშე აქ დრაგებზე არ ვართ, სალაჰს აუჩუჩუნდა! დავაი, აჩუჩუნდა ასოციაციები! დავაი, მოძრაობა გააკეთეთ იბიომაწ… წვერები მოჯაჰედირი... ეს პიროვნება, თალიბანი… 
 
თალიბანელის მსუბუქი წვერი -
მე მუჯაჰედირის ჩავდე ვაზაში.
სარას კალთაში ვრგავ უხვად, ფეზუაშვილებს
მეტასტაზები წარსულის ბავშვის - სადღაც ასტრალში,
ვერ შემიჩერებს ფიქრის ფაღარათს ტრაკივით თავში
 
თალიბანელის მსუბუქი წვერი ანუ ბუმბული, ისევ ბუმბულებზე მივედით.
- სამი ბუმგული თუ შეიძლება.
- ეგ ფილმია, ფილმები გაგვითავდა… პერო რომ შემოგთავაზოთ? -  პერო… პერო ტრაკში… ტრაკი… დრაგი… დრაგები, ხო, დრაგებზე ვართ, ოღონდ რამე მსუბუქზე.
- დასაკრობია?
 
ეგ იყო… ეს დიალოგი იყო, თავს დავდებ იყო! სადღაც… მოზაიკაა ბარი, თბილისში. თბილისი საქართველოშია, საქართველო ამიერკავკასიში, რუსეთს და თურქეთს შორის, ორ ზღვას შუა ძველისძველად საომარი იყო ლელო, ის გადარჩა და სახელად ეწოდება - მამუკა… მამუკა ხაზარაძე! მამუკა ხაზარაძე თუ ვიტალი ხაზარაძე? ვიტალი პოლიტიკოსი იყო, ოთხმოცდაათიანების ბოლოს და ორიათასიანის დასაწყისში… ვიტალი ხაზარაძე, მამუკა ხაზარაძე, ნანიკო ხაზარაძეც ხო იყო? იყო!  
 
ხაძარაძეები არიან სოფელი ყაზარიდან, ყ დროთა განმავლობაში ხ-მ ჩაანაცვლა, ზოგადად ხო ეგრე ხდება ყ-ს ხ ანაცვლებს, ყველგან ეგრეა. პირველი ხაზარაძე იყო - დურგალი და ტანად ლამაზი და სახელად თეონა… თეონა ხაზარაძე… ბონდ, ჯეიმს ბონდ… ტიმოტი დალტონი… მარიამ დ’აბო… გენერალი კვინიტაძე… რუსები ხო, რუსებს რო მოვუტყან… ეგეც იყო… რუსებზე, იყო უკვე, ზუსტად ვიცი და ზუსტად ვიცი რომ დასაკრობ დრაგებზეც იყო დიალოგი… ბარია ეგეთი, მოზაიკა ქვია და თბილისშია. თბილისი ხო გავიარეთ სადაცაა? ხოდა მანდ, მოზაიკის ტუალეტთან იყო ეგ დიალოგი, იმიტო რომ მოზაიკის პირდაპირ არის საქსესი… საქსესი… ექსცესი… ექსცესი იყო რეპგრუპა, ორიათასიანებში, ვიტალი ხაზარაძეს და მამუკა ხაზარაძეს შორის და ნანუკას დროს…. ნანუკა მედიატორია… ნანუკა იყო ტოროლებში… მაესტროზე, მაესტრო კიდე ორია, ერთს რობიკო ქვია და მეორეს მორისი… რობიკო ლათინოამერიკული ცეკვების მაესტროა, მორისი - ფილიპ მორისია და სპექტაკლებს დგამდა, ოდესღაც კარგს, ეხლა კიბოა… 
მაგ მოზაიკის ტუალეტთან იყო. საქსესში არ ვიცი რა ხდებოდა ან აქეთ რატო გადმოირბინა, მაგრამ კიბეებზე ამორბოდა და ყვიროდა, ვინც ტუალეტის რიგს დამითმობს დრაგებს მივცემო. ზმეიკა შევიკარი და მეთქი, მაიტა, დასაკრობი დრაგი ქონდა.
 
- დასაკრობია? 
 
 ჩემს ყრმობაში ხუთ თეთრიან ჟვაჩკებს მოყვებოდა დასაკრობი ტატუები, მაგ ტატუების და ფხვშნადი ჟვაჩკის მიქსი იყო ყველაზე დიდი დრაგი, რაც ოდესმე მიმიღია, მერე მიშას დროს აკრძალეს. ჟვაჩკები აგვიკრძალეს, დრაგებიც! დრაგები ჩადებით, მაშინ და ახლაც… დრაგს ხომ არ ჩაიდებდით? 
ვაფშე… ვაშე დრაგი ბივაიუტ რაზნიე, არა, ეგ ძევუშკია. ხო, Девушки бывают разные - Чёрные, белые, красные და კიდე ბივაიუტ ძევუშკი, კატორიე ვაფშე… ვაშე ნი ძევუშკი - ა სავსემ ნა აბაროტ, ანი მუჟჩინი ნო პრიდპაჩიტივაიუტ შტობ ნაზივალის ძივჩონკამი და ერთ-ერთი ეგეთი ძივჩონკა მედგა წინ და სახელად ერქვა ლალო… ვაშეტა ერქვა ლევანი, მარა ეგრე არ ხდება, დაიბადო სახელი აგირჩიონ და მთელი ცხოვრება ეგ სახელი გაგყვეს… მთელი ცხოვრებით ის სახელი შეგრჩება, ვინმე ნაბოზარი რომ მოგიხდენს და შეგარქმევს და ისე მოხდა, რომ ერთმა ნაბოზარმა ნაზი მიხვრა-მოხვრის გამო ლევანს ლალო დაარქვა და ისე მოხდა რომ ის ნაბოზარი მე ვიყავი… თუ ვარ? 
 
კაროჩე ლალო იყო და მიცნო და ვიცანი და მიცანიო? და მეთქი, ვაფშე პირველად გხედავ და ხელზე ხელი მომიჭირა და კარგად შემომხედე, მიცანიო? და მეთქი, ან ხელს გაწევ ან მოგტეხავ და ბარემ ნაჩუქარში დედასაც მოგიტყნავ-მეთქი, იმან კიდე არ ქნა და ხელი არ გაწია და მე ვქენი და კიბეზე დავაგორე და “მაშინ ისეთი დრო იყოს” დედა ვატირე, მარა მაშინ ლალოს ვერ ვიცნობდი, ლალო რომ მეცნო, მთელი ჩემი წარსული უნდა მეღიარებინა და მაშინ კიდე ისეთი ყოჩაღი ვიყავი, ლალოს კი არა წარსულს არ ვცნობდი… 
მარა ლალო იქაც იყო - რეზერვაციაში… კარს მიღმაც იყო და კარს მიღმაც დარჩა, ჩარჩა, ჩამრჩა, ჩავრჩით - მე, ლალო და ჩემი წარსულის ბავში… რეზერვაციაში კიდევ იმიტომ ვიყავით რომ სარა ინდიელების ბიზნესებზე ჟურნალისტურ გამოძიებებს წერდა. აა, ხო - ინდიელებს ინდიელები არ უნდა დაუძახო - არაპოლიტკორექტულია… ხოდა. წერის დროს სარამ კაზინოს მფლობელი იმდენ რამეში გამოიჭირა რომ…  
- აბა, იოანე გელას ძე, მიდი და ეგ ამბები გაიხსენე. მიდი, აბა, დალაგებულად მოყევი, ეცადე მაინც, ფიქრები გამართე, წელშიც გაიმართე, ოღონდ, ემანდ, რამე სხვა მოგონებაზე ფეხი არ აგიცდეს … არ დაეზღნერთო იოანე! მაგრად დადექ! არ დაიღალო! 
 
- ძაან მოკლედ ოღონდ.
- იყოს მოკლედ.
 
- მოკლედ, ამერიკის მთავრობამ და მხედრობამ მისმა ინდიელებს ანუ ნეითივ ამერიკელებს - აქაოდა, მთელი საუკუნეები გსპობდით, მოდი, ეგ სპობა და გენოციდი, ნამეტან ბენეფიტებში გამოგვიქვითეთ და აჰა, თქვენ უფლებები, ბევრი და მრავალი და მათ შორის ერთ-ერთი, რომ კაზინოები წამოჭიმოთ თქვენს რეზერვაციებშიო და მეტი არაა ჩემი მტერი, წუთით ან წამის მეასედით შეგაწუხოთ, ოღონდ თქვენ ხმა არ ამოიღოთ და რაც და როგორც გინდათ, ის აკეთეთ იმ თქვენს კაზინოებშიო -  და იქ როგორი მამაძაღლობა და მონობა და ფულის გათეთრებები მიდიოდა, ჩემზე კარგად სარამ იცის, სარა იყო მაგ ამბების მახარობელი და კაზინოს მფლობელმა კი - ეგება და ამ ჩემი კაზინოს შესახებ წერას, შენი სულის სიღრმეების გამოკვლევა გერჩივნოსო და აბა როგორო, სარამ და ძაან კოხტადო, კაზინოს უფროსმა -  აქაო ჩვენთან, მარტო რულეტს და პროსტიტუტებს კი არ ვატრიალებთ, აქ სხვა ცოდვაც ტრიალებს, აქა შამანებიც გვყავს, თან სულ ნარჩევ-ნარჩევი, რამეთუ და რადგანაც ამ ახალ ამერიკელებს საკუთარი სულის ღრიჭოები კი ძალიან აინტერესებთ, მაგრამ პერუში და იმის იქით წასვლა, მაინც ესიკვდილებათ და, ხომ გაგიგიათ, წითელი არწივი თუ არ მიდის ჭასთან, ჭა მიდის წითელ არწივთანო - მეთქი, ეგ მთაზე და მუჰამედზეა - ვერ გაიგო - ა, ჟალ! ხოდა, მერე რაც მოხდა, იმას აქამდე მოვყავარ...
 
აქამდე არა… აქ სალაჰმა და სარამ მომიყვანეს - დრაგებიო. დრაგები არა, ჩემი ფეხები, სალაჰს აუჩუჩუნდა… მარა სანამ აქამდე მომიყვანდნენ, იქამდე ვიყავით სტრეპტოციდისდარ დისკოთეკაზე, უფრო იქამდე - დეივ’ს ფოქს ჰედში, ფოქს ჰედამდე კამპუსში ვსვამდით, კამპუსამდე რეზერვაციაში, რეზერვაციიამდე ვიყავი აიოვაში, აიოვაში სიდერ რეპიდიდან სარას ყოფილი შეყვარებულის პიკაპით ჩავედი, სიდერ რეპიდში ჩიკაგოდან ჩავფრინდი, ჩიკაგოში - მიუნხენიდან, მიუნხენში - თბილისიდან, თბილისის აეროპორტში ტაქსით მივედი, შესავლელთან ფაცაცია დამხვდა და ტრუხა ბაზარი - არ წახვიდე, იქნებ თავიდან დავიწყოთ, იქნებ ამჯერად გამოგვივიდეს და ა.შ-ო... ტაქსამდე ნაქირავებში ვიყავი, ნაქირავებამდე ჩემს და ფაცაციას სახლში, მაგ სახლამდე ქორწილი იყო, ქორწილამდე ფაცაცია თავის დასთან ერთად ცხოვრობდა, მე დედაჩემთან, მამაჩემი უკვე ესპანეთში იყო, მამაჩემის ესპანეთში მოხევამდე იყო უნივერსიტეტი, უნივერსიტეტამდე კოლეჯი, კოლეჯამდე სკოლა, სკოლა საიდანაც თაბაგარის დაჭრის გამო გამომაგდეს…. 
თაბაგარ, ამერიკიდანაც შეგეცი, ისე რო იცოდე შენ დას ახლოდან… 
 
ეს იყო უკვე… რა უცნაურია, რაც იყო, ის მეორდება და რაც არ მომხდარა,  არასდროს ხდება… კაი, თაბაგარი! თაბაგარი დავჭერი და სკოლიდან გამაგდეს და კოლეჯში გადამიყვანეს, ოღონდ კოლეჯში ქართული გაგებით, მეცხრედან მეთერთმეტე კლასამდე. ხო, ჩემ დროს სკოლა თერთმეტკლასიანი იყო, ესე იგი მეცხრე ბე კლასი გამოდის…  უნდა დავიმახსოვრო - მეცხრე ბე კლასი ერქმევა რომანს… შაოლინის ქალწულთა სწორფერის ახალი რომანი… ისე, სამწუხაროა, სარას ჩემამდე სხვა რო ყავდა… მარა შაოლინის ქალწულებს ქალიშვილობა არ მოეთხოვებათ, შაოლინის ქალწულთა სიწმინდე თუალებშია… თოლებში… თოლიებში… წეროებში… წეროები... მიფრინავენ... სად? შორს - აიოვაში! მე ვაფშე, სარამდე ცოლი მყავდა - ფაცაცია… სახელით მიმართვა ვერა და ვერ დავუმუღამე, სკოლა და მასწავლებლებში დალექილი საბჭოთა მენტალობა.
 
-  ფაცაცია 
-  გახლავართ! -  ვაფშე არავის ვახლავარ, ვახლივარ? მამენტ, ისე ვარ, რომ მართლა მაგიდაზე ვახლივარ. 
 
ფაცაციამ მომწერა, გშორდებიო, მაშინ, იქ - კოლეჯში. კოლეჯში კი არა… მოკლედ, მაგ კოლეჯს ეგეთი ტრადიცია ჰქონდა რომ სწავლის დაწყებამდე საზაფხულო ზბორებზე მივყავდით, სადღაც ხრამში, ან ტრაკში ან ქსანში, კაროჩე, სადღაც ჰესთან ახლოს - გვასხივებდნენ ეგ ბოზები! ხუთი ჯი? სტარლინკი? ელონ მასკი, თუ ილონ მასკი? ილონ, ილომ, ილოს… მე ბებია ილიკო და ილარიონ მასკი… ბილ გეითსი? სოროსი? სოროსის მოციქული მოერევა თუ შაოლინის სწორფერი… ბილ გეითსი ეხლა რო კაი ბიჭია, ორიათას თორმეტ წლამდე სად იყოო - სარამ იკითხა, რატო მაინცდამაინც ორიათას თორმეტი არ მახსოვს, მარა მახსოვს, ტყნაურობდა-მეთქი, ვუპასუხე. ვერ გაიგო - ა ჟალ! 
 
თან წაიღეთ ყველა ვინც მე ვერ გამიგო, რუსულ გამოთქმებთან ჩემი მეგობრობაც ხელს გააყოლეთ, მაწ ვაშუ! 
 
ხოდა, მაშინ სარამ ეგრე თქვა -  სოციალურად დაუცველებისთვის ლიბერტარიანელი იგივეა, რაც ჰომოსექსუალისთვის ჰომოფობიო. 
 
გეიბარში კიდე ბუმბულიბით მსუბუქი დრაგები და ბურლესკი გვაქვს, კაი ღონიერი ტრანსჯეელი ბრიტნი სპირსის ტოქსიკს მღერის… ხოდა, ეს ჯეელი იმას გავს... თან როგორ...
 
Aserejé მაწ ვაშუ
 
- რა გაყვირებს? - სარამ.
- ხმა არ ამომიღია.
- აბა რა Aserejé?
- ვაა, ბოლდით ნაფიქრი ისმის?
- მთვრალი ხარ და შენ ენაზე უბერავო.
სიმთვრალეში ბოლდებთან ფრთხილად, ჯიგრებო, იტალიკებს მიაწექით… სარა თან წამიღე, შენ რო შეგეცი!
- სარა!
- რა გაყვირებს?
- Aserejé!
- რა Aserejé?
- Aserejé-ს მღეროდა
- ვინ?
- ლალო, ასერე ჰეს, ოღონდ ქართულად - წამოდი ჰე, ჰა, ეჰე, ყველა ავამღეროთ...
 
Aserejé, ჩემმა ფსიქიატრმა, შენა, შემოქმედებითი ენერგია გაწუხებს, ვერ იღებ, ვერ ხარჯავ და ეგ გტანჯავსო. 
 
გავერჭე ჩემში შემოქმედს, ჩემს ენერგიას, ვერდახარჯვას, სულ დატანჯვას
Aserejé, შენ ცოლს შენი იმიტომ არ ესმის, რომ შენ არ გესმის შენი თავისო. 
გაუგე მკვლელ მამას, მამის მკვლელს, გაუგე ნაცემ დედას, გაუგე კიკაჩას, გაუგე პიჟონას, გაუგე თაბაგარს, გაუგე შენ თავს. შენ თავს გაუგე, შენ თავს გაუგე, შენ თავს გაუგე… ლალოს გაუგე? 
 
Aserejé, შენი სიზმრები დამჭირდება რომ ბოლომდე გაგაანალიზოო
თუ იპოვი თან წაიღე ჩემი სიზმრებიც, გათიშული ჩემი სხეული ანტისიზმარია, რეალობაში დაგდებული ხორცი...
 
Aserejé, შამანმა ის ბავშვი კარს მიღმა არ დატოვოო. 
 
არ დამიტოვებია, არა!
დამრჩა, ჩამრჩა, ჩარჩა, ჩავრჩი… იმ ბავშვმა რა ქნა, იცი?
 
- Aserejé, მაწ ვაშუ, ლას კეჩუპის ასერე ჰე ჩამირთეთ უნდა ვიმღერო
იმ ბავშვმა რა ქნა იცი? იმ ბავშვმა ლევანს ლალო დაარქვა, ხო რა, - გაერთო, დაცინა, ჩააჭირა და კლასელებიც აცინა, მერე ღამით ქსანში, ხრამში თუ ტრაკში დასალევად რომ გაიპარნენ და ფაცაცია რომ მესიჯით დაშორდა და რომ გაბრაზდა და რომ მოეკიდა არაყი და რომ მოეკიდა მესნების ნაჩუქარი ბალახ-ბულახი, ლას კეჩუპის ასერეჰეც ხომ ამღერა ლალოს, ოღონდ ქართულად… ტოროლები ერქვა არა ქართულად? 
 
- ქუჩები და ეზოები სიმღერებით ავაშენოთ -  ხო სასაცილო იყო? ხო ძაან ბევრი იცინა ყველამ და მესნებმა ხომ უთხრეს, ხვალაც გამოიარე და ხვალ კიდე უკეთეს მოსაწევს გაჩუქებთო და მთავარი მიზანიც ხომ ეგ იყო, არა? 
 
და ლალოს ჩაპრესვასაც რა უნდოდა, არა? ლალოს შეშინებას რა უნდოდა? მარა შეშინება თან წაიღეთ, ის ბავშვი ხო შეშინებაზე მეტი იყო, ის ბავშვი ხო კრიმინალ მამასთან და კრიმინალურ აზროვნებაში იზრდებოდა და იმ ბავშვმა ხო დამცირების ყველაზე გადასარევი ხერხები იცოდა, იმ ბავშვმა ხომ იცოდა რომ კი არ უნდა ურტყა - არა, დარტყმა თაბაგარისნაირი უაჟკაცების საქმეა, გირტყამენ და მერე თავისას იღებენ - დანას განაბ ტრაკში, დარტყმა მამაჩემისნაირების საქმეა, ურტყამს დედაშენს და დანა კისერში, ხრახნიანი პურის დანა დაძარღვულ ხორხში... გადარჩა ნაბიჭვარი, ოღონდ დიდი ხნით ვერა… ნათელი სანთელი კიკაჩას, პიჟონას, მამაჩემს და იმ ბავშვსაც, იმ ბავშვს, რომელმაც იცოდა, რომ თუ ვინმეს ჩაპრესვა გინდა, ჯერ უნდა დააჯერო, რომ ემეგობრები, მეგობრობის სახელით დამონებული ყველაზე მონაა, ლალოს ხო ეგონა… ლალოს ხო ეგონა, რომ ის ბავშვი დაიცავდა და ვითომ ხომ იცავდა, ოღონდ ეგ დაცვაც ხომ სპექტაკლი იყო და ეგ სპექტაკლი ხომ იქ დამთავრდა, გაგლეჯილმა მთვრალმა ლალომ რომ კედებზე დაარწყია, ბენ სიმონსებზე, მამამ გენაცვალოს მოპარული ფულით ნაყიდ ბენ მაწ ივო სიმონსებზე… ყველას კონვერსები და უცებ თესლი ბავშვი, ქალაქში პირველი ბენ სიმონსებით? ჯინსი, რა ჯინსი გეცვა? ლალოს რო ურტყამდი და აგინებდი, ფასსაც ხო გაუსვი ხაზი? ფასიც ხო თქვიი?
Aserejé მაწ მაიო
ის ბავშვი კარს მიღმა კი არ უნდა დატოვო, ჩატოვო, ჩაგრჩეს… ის ბავშვი თან უნდა წაიღო, ხელი უნდა მოკიდო და ბურლესკის საღამოს ჭრელი ბანტებით გაწყობილ სცენაზე უნდა აიყვანო და
Aserejé 
მეგობრად რომ გთვლიდა იმ ლალოს ცემას რა უნდოდა, არა? მერეც ხო ცემე, მოზაიკის კიბეებზეც ხო დააგორე და მაშინაც ხო ეგრე გათიშული დატოვე, ოღონდ ემანდ უკვე შენ შეგეშინდა, მანდ მაგრად მიიჭირე, მანდ ძაან დაგეწია, ყველაფერი, საერთოდ ყველაფერი და მერე ფსიქიატრი, მერე გაქცევა ჯერ ქვეყნიდან, მერე სხეულიდან, მერე შამანი…. 
Aserejé, ფსიქიატრმა შენ ცოლს შენი იმიტომ არ ესმის, რომ შენ არ გესმის შენი თავისო.
ჩემს ცოლს იმიტომ არ ესმის ჩემი რომ მე ყველაზე კარგად მესმის ჩემი თავის! გაგერჭე ფსიხოანალიზში, მანხეტენში და გალანდიაში… 
Aserejé, სიზმრები თუ არ გესიზმრება რა გიშველოო.
თან წაიღეთ ყველა ვინც ვერ მიშველა.
Aserejé, შენი წარსულის ბავშვი იმ კარს მიღმა არ დატოვოო.
იქნებ მე დამტოვა ჩემი წარსულის ბავშვმა კარს მიღმა? იქნებ იმ კარიდან ის ბავშვი გამოვიდა, ნაცემი ლალო რომ სადღაც სოფელში და მდინარის პირას დააგდო... იქნებ ლალო იმ ღამეს იქაურმა სოფლელებმა გააუპატიურეს, ხო რა - გაერთნენ, ნაზი ბიჭი იყო, გაიზრდებოდა და გეი გამოვიდოდა, გეებს ხო უხარიათ, რომ აუპატიურებენ, ქალებსაც ხომ უხარიათ რომ აუპატიურებენ, რომ ცემენ - აბა, გამომწვევად რატო იცვამენ? აბა, კაცებს ენას რატომ უბრუნებენ? აბა, ლალო რატო იყო ეგეთი ნაზი? ხო გადასარევად დააჯერე შენ თავს?  ხო გეგონა რომ მთელი წარსული - ყველაიან-ყველაფრიანად იმ კარს მიღმა შეჩურთე, შეკეტე, შემალე და შენ კიდევ მთელი და უვნებელი გამოიქეცი… ხოდა დაგეწიენ იოანე გელას ძე? დაგეწიენ! 
ხოდა, მოკიდე მაგ ბავშვს ხელი, ადი ბანტებიან სცენაზე და იმღერე 
Aserejé, თან წამიღეთ, მაწ მაიო...
 
Aserejé, ja deje tejebe tude jebere
sebiunouba majabi an de bugui an de buididipí 
წამოდი ჰე - ჰა - ეჰე
ყველა ავამღეროთ
ქუჩები და ეზოები სიმღერებით ავაშენოთ
სიხარულით გავაშენოთ ჰე
Aserejé, ja deje tejebe tude jebere
sebiunouba majabi an de bugui an de buididipí 
 
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული