• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ფილოსოფია

შემთხვევითობა

×
ავტორის გვერდი სიმონ ვეილი 20 სექტემბერი, 2024 318

სიმონ ვეილი 

თარგმანი: ალექსანდრა აროშვილი


არსებები, რომლებიც მიყვარს, ქმნილებები არიან. ისინი დაიბადნენ შემთხვევით. ჩემი მათთან შეხვედრაც შემთხვევითია. ისინი მოკვდებიან. რასაც ისინი ფიქრობენ, ამბობენ და აკეთებენ, შეზღუდულია და სიკეთისა და ბოროტების ნაზავია.

მე ეს მთელი სულით უნდა ვიცოდე და არანაკლებ მიყვარდნენ ისინი.

მე უნდა მივბაძო ღმერთს, რომელსაც უსაზღვროდ უყვარს სასრული რამეები, რადგან ისინი სასრული რამეებია.

ჩვენ გვსურს, რომ ყველაფერი, რაც ღირებულია, მარადიული იყოს. მაგრამ ყველაფერი, რასაც ღირებულება აქვს, შეხვედრის შედეგია - ამ შეხვედრის განმავლობაში გრძელდება და წყდება მაშინ, როდესაც ისინი, რაც ერთმანეთს შეხვდა, ერთმანეთს შორდება. ეს ბუდიზმის ცენტრალური იდეაა (ჰერაკლიტეს აზრი). ამას პირდაპირ ღმერთთან მივყავართ.

ფიქრი შემთხვევითობაზე, რომელმაც დედაჩემის და მამაჩემის შეხვედრა გამოიწვია, უფრო სასიკეთო ფიქრია, ვიდრე სიკვდილის შემთხვევითობაზე ფიქრი.

არის კი ჩემში რაიმე ისეთი, რაც სათავეს იმ შეხვედრიდან არ იღებს?

მხოლოდ ღმერთი. და, კიდევ ერთხელ, იდეა ღმერთის შესახებ სწორედ იმ შეხვედრიდან იღებს ჩემში სათავეს.

ვარსკვლავები და აყვავებული ხეხილი: აბსოლუტური ხანგრძლივობა და უკიდურესი წარმავალობა მარადისობის თანაბარ განცდას იძლევა.

თეორიები პროგრესისა და ენიოსის შესახებ, რომელიც ყოველთვის გამოჩნდება, როგორც გამრღვევი“ - იმიტომ ჩნდება, რომ აუტანელია დაშვება: რაც სამყაროში ყველაზე ძვირფასია, შემთხვევითობას იქნება მინდობილი.

და სწორედ იმიტომ, რომ აუტანელია, ჩვენ უნდა ჩავწვდეთ ამ დაშვებას.

სწორედ ამგვარი რამაა შექმნა.

ერთადერთი სიკეთე, რომელიც შემთხვევითობას არ ექვემდებარება, ამ სამყაროს მიღმაა.

ძვირფასი რამეების დაუცველობა მშვენიერია, რადგან დაუცველობა არსებობის ნიშანია.

ტროას განადგურება. ყვავილობისას ხეხილიდან ყვავილთა ფურცლების ცვენაიცოდე, რომ იმას, რაც ყველაზე ძვირფასია, ფესვები ვერ გაუდგამს არსებობაში -  მშვენიერია. რატომ? ის გვესაუბრება სულზე დროის მიღმა.

ქალი, რომელსაც უნდა შვილი - თეთრი, როგორც თოვლი და წითელი, როგორც სისხლი - იღებს ასეთს, თუმცა ის კვდება და ბავშვი დედინაცვალს გადაეცემა.

 

ნაწყვეტი წიგნიდან La pesanteur et la grâce“. 1947

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული