• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

ავტობუსის მძღოლი პატერსონში? რა პოეტურია! ამაზე შეიძლება უილიამ კარლოს უილიამსს ლექსი დაეწერა

×
ავტორის გვერდი დალილა გოგია 07 მარტი, 2018 4317

უილიამ კარლოს უილიამსი - უმნიშვნელოვანესი ამერიკელი პოეტი, მოდერნისტი, იმაჟისტი*, 1883 წელს რუტერფორდში, ნიუ-ჯერსიში დაიბადა.  მისი ცნობილი ეპიკური პოემა „პატერსონი“ ხუთი წიგნისგან შედგება. პირველი წიგნი 1946 წელს გამოვიდა, ბოლო კი 1958-ში.  „პატერსონს“ განსაკუთრებული ადგილი უკავია არა მხოლოდ უილიამსის შემოქმედებაში, არამედ მთლიანად ამერიკული პოეზიის ისტორიაში, რადგან  ის  იმ  დროისთვის დამკვიდრებული კლასიკური სალექსო ფორმების უარყოფისა და ახალი პოეტური ენის ძიების მცდელობას წარმოადგენს.  

უილიამ კარლოს უილიამსის კარიერა 1912 წელს პოეტური სკეტჩებით დაიწყო, რომელთაც კიტსის, ეზრა პაუნდისა და ჰილდა დულითლის  გავლენით წერდა. თუმცა იგი პოეტური პროზის გამორჩეული ნიმუშის  - „კორა ჯოჯოხეთში“ (1920) - გამოქვეყნებამდეც  ამბობს: „ნამდვილი წერა უნდა დავიწყო, ზუსტად იმ  ენით, რითიც აქ, ამერიკაში ვლაპარაკობთ.“  აშკარაა, რომ ამ პერიოდიდანვე უილიამსის ინტერესის ობიექტი და პოეტური შთაგონების წყარო ხდება  კონკრეტული გეოგრაფიული ადგილი, ხალხი, მათი ყოველდღიური ცხოვრების დეტალები, რეალური, ყოველდღიური ენა, რომელზეც საშუალო ფენა და მშრომელთა  კლასი საუბრობს და ამ ენის პოეზიაში შემოტანა. უილიამსი ხაზგასმით ამბობდა, რომ თანამედროვე პოეტის დანიშნულებად  ახალი პოეტური ენისა და ობიექტის შექმნა ესახებოდა და სხვა პოეტებსაც ამისკენ მოუწოდებდა.

უნდა აღინიშნოს, რომ „პატერსონი“ არის უილიამ კარლოს უილიამსის  კრიტიკული რეაქცია ელიოტის „უნაყოფო მიწის“ მიმართ. პოეტი  „პატერსონით“ თანამედროვე, პატარა ინდუსტრიულ ქალაქს ხატავს და ამით მეგაპოლისებთან შედარებით პატარა  ქალაქების უპირატესობასა და მუშათა კლასის მნიშვნელობას აჩვენებს, ის აღწერს ქალაქის  ისტორიას, გეოგრაფიას, კულტურულ თავისებურებებს, სოციალურ და ეკონომიკურ ძალას. „პატერსონით“ უილიამსი დროის, ადგილისა და პოეზიის ურთიერთკავშირის დამყარებას ცდილობს. 

არ შეიძლება არ ვახსენოთ, უილიამ კარლოს უილიამსზე ჯეიმს ჯოისის „ულისეს“ გავლენაც. ის ედიტ ჰილს*  სწერს: „დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე ჯეიმს ჯოისმა, რომელმაც „ულისეში“ დუბლინი მთავარ გმირად აქცია. ვკითხულობდი „ულისეს“ და ჯოისი სულ დამავიწყდა,  დუბლინი შემიყვარდა.“ უილიამსმაც, სწორედ ისე, როგორც ჯოისმა დუბლინი,  პატერსონი მითიურ პერსონაჟად წარმოაჩინა, რადგან ეს პატარა ქალაქი  განსაკუთრებული იყო მისთვის: „მინდოდა  დამეწერა იმ ხალხის შესახებ, რომელიც ჩემთან ახლოსაა. მინდა მათ ყოველწუთიერად ვადევნო  თვალი და მათი ცხოვრება დეტალურად შევისწავლო... მე ყოველთვის პროვინციელი  ბიჭი ვიყავი. ჩემთვის პატარა ქალაქი იყო რეალური, და ამასთანავე, პოეტური სამყარო.“ უილიამსი პატერსონის გვერდით, რუტერფორდში ცხოვრობდა და ექიმად მუშაობდა, მისი პაციენტები კი მშრომელი ადამიანები იყვნენ. ამიტომ იყო, რომ ის კარგად იცნობდა მუშათა კლასს, ღარიბ მოსახლეობას, მათ ყოველდღიურ ენას.

თავად უილიამ კარლოს უილიამსი „პატერსონის“ პირველი წიგნის შესახებ 1946 წელს ამბობს:  „ეს არის პირველი წიგნი  გრძელი  პოემისა, რომელიც ოთხი ნაწილისგან  შედგება, და სადაც ადამიანი თავადაა ქალაქი.“

ხოლო 1949 წელს გამოქვეყნებული მეორე წიგნის შესახებ ასეთ განმარტებას აკეთებს:  „მინდოდა დამეწერა გრძელი ლექსი თანამედროვე ადამიანის აზროვნებისა  და თანამედროვე ქალაქის  მსგავსების შესახებ.“

უილიამ კარლოს უილიამსი წერს ქალაქზე, სადაც მისი სიტყვებით, „ქალი ყვავილია და კაცი - ქალაქი.“ მის პოემაში მთავარი გმირი, დოქტორი პატერსონი დადის თავის ქალაქში, უყურებს მთას, საიდანაც მდინარე მოედინება, ჩანჩქერებს, და გრძნობს, რომ თავად არის  ქალაქის ხმა, მისი განუყოფელი  ნაწილი, მისი ცხოვრების და ცვლილებების უშუალო მონაწილე. 

თუმცა, გარდა უილიამსის მცდელობისა, მოგვითხროს რეალურ ქალაქზე, მის ისტორიაზე, მცხოვრებლებზე, ინდუსტრიალიზაციაზე, პოემას აქვს  უფრო შორსმიმავალი მიზანიც -  გაიგოს, როგორაა დაკავშირებული ერთმანეთთან იდეა სამყაროს შესახებ და თავად  სამყარო, ანუ  სამყარო და სიტყვა.

ლიტერატორების აზრით, „პატერსონი“ არის სამყაროს აღქმის სივრცითი კვლევა. „არ არსებობს იდეა განხორციელების გარეშე.“  რამდენჯერმე იმეორებს უილიამსი პოემაში და ამის უკან ნომინალისტებსა და რეალისტებს შორის უსასრულო დავა დგას.

სწორედ ამ აზრის ირგვლივ ვითარდება უილიამსის პოემა,  ის ერთგვარი ტრაქტატია სამყაროს აღქმის,  მისი ესთეტიკის შესახებ - პირველივე სტროფებში ის ამბობს:

„ძიების ავანტიურა, აი, რა არის მშვენიერება... “

ჯიმ ჯარმუშის „პატერსონში“, რომელიც რეჟისორმა უილიამ კარლოს უილიამსის „პატერსონის“ გავლენით გადაიღო, ზუსტად ისევე, როგორც   უილიამსის პატერსონში, მშრომელი ხალხი ცხოვრობს თავისი რუტინული ცხოვრებით.

თუ პოემაში პოეტი სეზონურ ციკლს გვიხატავს - გაზაფხულით იწყებს და ზამთრით ასრულებს, ჯარმუშის ციკლი ერთ კვირას მოიცავს.

როგორც პოემა, ფილმიც სამ  ძირითად სიმბოლოზეა აგებული: პირველი  -

ქალაქი პატერსონი, მეორე - მთა და მთიდან მომავალი  მდინარე თავისი ჩანჩქერებით,  და მესამე - ქალი და მამაკაცი, და მამაკაცის აზრები.

ფილმის  გმირი,  პატერსონი პატერსონში, ნიუ ჯერსიში, თავის საყვარელ  მეუღლესთან, ლაურასთან ერთად ცხოვრობს. ყოველდღე  დილით ადრე იღვიძებს და სამსახურში მიდის -  N23 ავტობუსის მძღოლია. შუადღისას ლანჩის შესვენება აქვს, საღამოს ინგლისურ ბულდოგთან, მარვინთან ერთად სეირნობს, ბარში ლუდის დასალევად შედის და მარვინს გარეთ აბამს. არც შაბათ-კვირაა განსაკუთრებული. განსხვავებული მხოლოდ წყვილის კინოში წასვლაა, სადაც „დაკარგული სულების კუნძული“ (1932) ნახეს. ფილმის მსვლელობის დროს ისეთი გრძნობა გიჩნდება, რომ ფილმში არაა საკმარისი ემოცია და აი, სადაცაა, რაღაც აუცილებლად უნდა მოხდეს. როცა ქუჩაში ბიჭები პატერსონს მარვინის შესახებ ეკითხებიან და აღნიშნავენ, რომ ინგლისური ბულდოგი ძალიან ძვირი ღირს, სულ მცირე, ელოდები, რომ ვიღაც მარვინს მოიპარავს, ან წყვილს ფინანსური პრობლემები შეექმნება და ძაღლს გაყიდიან. მაგრამ არა. თუმცა, არის ერთი ინტრიგა - პატერსონს აქვს თავისი საიდუმლო, რომელიც მხოლოდ ლაურამ იცის და არამარტო საგულდაგულოდ ინახავს, არამედ მხარშიც კი უდგას ქმარს. ეს საიდუმლო ისაა, რომ პატერსონი ლექსებს წერს (ფილმში გამოყენებულია ამერიკელი პოეტის, რონ პაჯეტის ლექსები). ის წერს თავის რვეულში, ავტობუსში, როცა გასვლას ელოდება,  ან ლანჩის დროს,  წერს, მაგრამ არ აქვეყნებს. მთელი ფილმი ელოდები, რომ აი, პატერსონი ფილმის ბოლოს ცნობილი პოეტი გახდება. მაგრამ არა, ფილმი ამ გზით არ მიდის.

ერთადერთი გარღვევა ამ ჩაკეტილი წრიდან მარვინია,  რომელიც ცდილობს, პატერსონი ერთფეროვან ყოველდღიურობას მოწყვიტოს: მაგალითად, საფოსტო ყუთს აყირავებს, რომ პატერსონმა გაასწოროს. სამსახურის შემდეგ კი ის იძულებულია მარვინი გაასეირნოს,  გარეთ გავიდეს, ლუდი დალიოს  და ხალხს დაეკონტაქტოს, მაგრამ ესეც რუტინის ნაწილი ხდება.

მისი სამსახურიც - საჭის ტრიალიც ხომ ერთ წრეზე ტრიალი და ჩაკეტილობაა, მაგრამ მისთვის საინტერესოა  მგზავრების საუბრის მოსმენა.  მისი ცოლის შავ-თეთრი ტონებიც, წრეებით გატაცებაც, წრეზე სიარულის მაჩვენებელია. და  მიუხედავად იმისა, რომ ლაურას სულ ახალ-ახალი იდეები უჩნდება, ის მაინც ვერ გამოდის ამ ჩაკეტილობიდან.

ფილმის მსვლელობისას ვხედავთ, რომ ის ცდება ჯარმუშის თავდაპირველ ჩანაფიქრს, შექმნას ფილმი „საშუალო კლასის“ პოეტზე. თანდათან გიჩნდება აზრი, რომ ჯარმუში ქალაქს ხედავს, როგორც ხელოვნების შექმნის ადგილს და გებადება კითხვა: ფილმი მას ხომ არ ეძღვნება,  ვინც მხოლოდ თავისთვის ქმნის ხელოვნებას? (როგორადაც  ჯარმუში საკუთარ თავს მიიჩნევს).

ან იქნებ, პროზაული, ანუ როგორც ჩვენ, ჩვეულებრივი, საშუალო  ადამიანები ვუწოდებთ,  სტაბილური, მოწესრიგებული და არარომანტიული ცხოვრება თავადაა პოეზია და პოეზიის შთაგონების წყარო? იქნებ სულ ტყუილად ვწუწუნებთ ჩვენი რუტინული ცხოვრებისა და მოწყენილობის გამო?  იქნებ ჩვენც ისე უნდა გვიყვარდეს, როგორც პატერსონს და ლაურას უყვართ ერთმანეთი - დღეს და ახლა, წარსულის რომანტიზირებისა და  და მომავლის გეგმების დასახვის გარეშე? ერთმანეთის პირადი სივრცის დარღვევის გარეშე? იქნებ არც ისაა შემთხვევითი, რომ პატერსონს მობილური ტელეფონი არ აქვს, რაც საყვარელი ადამიანისა და მისი მხრიდან შენს კონტროლს გამორიცხავს?  იქნებ სწორედ ისაა ნამდვილი შემოქმედი, ვინც პოეზიას ასეთ მარტივ ცხოვრებასა  და ისეთ ტრივიალურ საგნებშიც კი ხედავს, როგორიცაა ასანთი ან საქარე მინის საწმენდი? იქნებ სწორედ აქედან უნდა მიიღოს შემოქმედებითი  იმპულსი ადამიანმა?  იქნებ დრო მართლაც მეოთხე და ყველაზე სასიამოვნო განზომილებაა,  და ჩვენ ფეხსაცმლის ყუთში გამომწყვდეულად არ უნდა ვიგრძნოთ თავი?

მერე რა, რომ ახალს და განსაკუთრებულს ვერაფერს ვქმნით! რატომღაც გეუფლება განცდა, რომ რეჟისორი გვეუბნება: მოეშვით, საკუთარ ორიგინალურობაზე ფიქრს და დარდს თავი დაანებეთ,  ხელოვნებაში საკუთარი ხმის, საკუთარი ხაზის პოვნა ძალიან რთულიაო. ამას გვაფიქრებინებს ერთი თვალშისაცემი დეტალი -  პატერსონში ბევრი ტყუპია.  ჯარმუში თითქოს გვაჩვენებს, რომ ხელოვნებაში გარდაუვალია კოპირება, რადგან ბუნება ასეა მოწყობილი, ის სულაც არ არის ორიგინალური.

ამ კუთხით კიდევ ერთი მინიშნება, რომელსაც რეჟისორი  გვაძლევს, დღეს ხელოვნებაში გავრცელებული ინტერტექსტუალურობაა. ალბათ ამიტომაა, რომ ლაურა პატერსონის ლექსების რვეულს პატრარკას „საიდუმლო რვეულს“ ეძახის, ხოლო საკუთარ თავს პეტრარკას შეყვარებულ ლორასთან აიგივებს, პატერსონი კი  თავის ლექსებს უილიამ კარლოს უილიამსის ინტონაციით კითხულობს, და როცა ლაურას  ქლიავზე დაწერილ  უილიამსის ლექსს უკითხავს, მერე  ლაურას უძღვნის ლექსს, სახელად „გოგრა“.

მაშინაც, როცა წყვილი კინოში მიდის, რაც მათი რუტინიდან გადახვევად შეიძლება მივიჩნიოთ, ლაურა ამბობს:  „თითქოს მეოცე საუკუნეში ვცხოვრობთ“. ფილმის გმირიც ლაურას ტყუპისცალივით ჰგავს, თითქოს რეჟისორი ორი საუკუნის გაერთიანებას ცდილობს. თითქოს აქაც გვამშვიდებს, გვეუბნება, რომ წარსულს ადვილად ვერ მოვწყდებით.

უილიამსის „პატერსონის“ გმირივით, ჯარმუშის პატერსონიც  ქალაქში დადის, „საკუთარ ცხოვრებას ეძებს, პოულობს“, საბოლოოდ,  ისიც  თავისი ხმით, სიტყვებითა და გამომსახველობითი ფორმებით, რაც აუცილებლად ყველასთვის გასაგები უნდა იყოს, ქალაქის  განუყოფელი ნაწილი ხდება. ქალაქი ადამიანებს აერთიანებს, რომელსაც პოეტი თავის მუდმივ მოგზაურობასა და დაკვირვებებში აღმოაჩენს. ფილმი „პატერსონი“, პოემის მსგავსად, ქალაქის, მისი მაცხოვრებლების, პოეტური ენის, მისი ისტორიის შესახებ გვიამბობს.  ბარში, სადაც პატერსონი კათხა ლუდს სვამს,  ქალაქის  სახელგანთქმული მაცხოვრებლების ფოტოებს ვხედავთ.  მათ შორის არიან ლუ კასტელო  „აბოტი და კასტელოდან“* და  ალენ გინსბერგი.

ვინ არიან დღევანდელი პატერსონის მაცხოვრებლები? პატერსონში პატერსონი ავტობუსის ერთადერთი თეთრკანიანი  მძღოლია. მას ირანელი ცოლი ჰყავს, მისი თანამშრომელი, რომელიც მუდამ თავის ოჯახურ პრობლემებზე ესაუბრება, ინდოელია, ფილმში ვხვდებით ლათინოს ბავშვებს, აფროამერიკელ შეყვარებულებს, სხვადასხვა რასის მშენებლებს და ძალიან სერიოზულ თეთრ ბავშვებს „სავსე მთვარის სამეფოდან“*. 

უნდა ვაღიაროთ,  რომ ყველა ადამიანი, ვინც ეკრანზე ჩნდება  მაყურებლის სიმპატიას იმსახურებს.

მეორე მხრივ კი, იქნებ, უილიამსის მსგავსად,  ჯარმუშსაც იგივე მიზანი აქვს: დღევანდელი ამერიკული პატარა ქალაქებისკენ ყურადღების მიპყრობა? იქნებ, დღეს ამერიკის პატარა ქალაქებს და მათ მრავალეთნიკურ  მაცხოვრებლებს, მათი ცხოვრების სტილს განსაკუთრებული  გაძლიერება ან დაცვა  სჭირდება? იქნებ ჯარმუშის ფილმიც კრიტიკული რეაქციაა რაღაც მნიშვნელოვანზე, რაც ამერიკაში დღეს მოხდა ან ხდება?

შეგვიძლია ვთქვათ, რომ უილიამსის მსგავსად, ჯარმუშიც აიდეალებს ქალაქს და მის მაცხოვრებლებს.  მაგრამ პატერსონშიც ხდება დრამა - მარვინი პატერსონის ლექსებს ანადგურებს.  მიუხედავად იმისა, რომ პატერსონი აღელვებულ ლაურას ამშვიდებს სიტყვებით ”ეს მხოლოდ სიტყვები იყო”,  ნათელია, რომ ის სასოწარკვეთილია და თავის საყვარელ ადგილას, ჩანჩქერთან მიდის და  უყურებს, როგორ  ვარდება წყალი.  იქ ის  შემთხვევით ხვდება იაპონელ პოეტს,  რომელიც  მას ახალ რვეულს ჩუქნის.  ”ზოგჯერ სუფთა ფურცელი დიდ შესაძლებლობებს აჩენს” - ამ სიტყვებით ართმევს რვეულს პატერსონი.

მაგრამ ცხოვრება ჩვეული რიტმით გრძელდება.  პატერსონი იღებს სამყაროს და თავის ცხოვრებას ისეთს, როგორიც არის. და პირველი ლექსი („ერთი სტროფი“), რომელსაც პატერსონი ახალ რვეულში ჩაწერს, მის წარსულს ეხება. ის თავის წარსულზე წერს, როგორც უილიამსი წერდა ქალაქის წარსულზე.

ის იხსენებს ბაბუას სიმღერას, რომელშიც ასეთი შეკითხვა ისმოდა: „არ გინდა, იქცე თევზად?“  და შენთვის ფიქრობ, რატომ თევზი? პატერსონი ისევ წყალს ჩაიგუბებს პირში და ხმამაღლა არ ამცნობს სამყაროს თავისი პოეზიის შესახებ თუ?..

ორიოდე სიტყვა ალბათ ჩანჩქერებზეც უნდა ითქვას. უილიამსის „პატერსონში“ ქალაქი მამაკაცის სიმბოლოა, ხოლო მთა, საიდანაც მდინარე მოედინება - ქალის (ალბათ ამიტომაა, რომ ფილმში პატერსონი ლექსის წერის დროს ლაურას  წყალში წარმოიდგენს.) ალექსანდრე ჰამილტონმა* (ის  გამოსახულია უილიამსის „პატერსონის“ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული გამოცემის ყდაზე) პატერსონის ჩანჩქერების ნახვისას გამოთქვა აზრი, რომ ეს ჩანჩქერები უნდა გამხდარიყო ამერიკული ინდუსტრალიზაციის საწინდარი, და შექმნა კიდეც სპეციალური ჯგუფი (პოეტური სახელით „სასარგებლო წარმოების დასაწყისისთვის“), რომელმაც ერთ-ერთი პირველი ჰიდროელექტროკაშხალი ააგო ამერიკაში.

თუ სიმბოლოებზე ჩამოვარდა სიტყვა, ალბათ არც ისაა ფილმში შემთხვევითი, რომ პოეტი, რომელიც პატერსონს მისთვის მძიმე დროს ხვდება, იაპონელია. საქმე ისაა, რომ უილიამ კარლოს უილიამსი ფართო საზოგადოებისთვის უმთავრესად ცნობილია, როგორც იმაჟისტი პოეტი, მიუხედავად იმისა, რომ იმაჟიზმი*  უილიამსისთვის ძირითადი და ერთადერთი ლიტერატურული მიმართულება არ ყოფილა.  იმაჟიზმი წამის გაყინვას და მის აღწერას ნიშნავს, რაც სათავეს აღმოსავლური პოეზიიდან იღებს, კერძოდ იაპონური  ტანკადან და ჰაიკუდან.

დაბოლოს, იაპონელი პოეტის ფრაზა: „ლექსის თარგმნა საწვიმრით შხაპის მიღებას ჰგავს“  ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან თავადაც ხშირად ვატარებ ამ პროცედურას და ჟურნალის ამ ნომერშიც ფილმში გამოყენებული რონ პაჯეტის შვიდი ლექსისა და ჯიმ ჯარმუშის ერთი ლექსის, და ასევე, უილიამ კარლოს უილიამსისა და ალენ გინსბერგის ლექსების თარგმანებს გთავაზობთ. 

 

---------------------

* იმაჟიზმი — პოეტური მიმდინარეობა, რომელიც1912 წელს ჩამოყალიბდა. ამ მიმდინარეობის წარმომადგენელთა შორის იყვენ ეზრა პაუნდი, ემი ლოუელი და სხვა პოეტები, რომელთა მიზანი იყო, პოეტურ ნაწარმოებში ზუსტი ვიზუალური იმიჯის (სახის, ხატის) მეშვეობით, გამონათქვამის სიცხადის მიღწევა. ადრე ეს ტერმინი ხშირად იხმარებოდა მისი ფრანგული ფორმით – Imagisme.

Edith Heal უილიამ კარლოს უილიამსის ბიოგრაფი.

*ალექსანდრ ჰამილტონი (Alexander Hamilton) (11 იანვარი, 1755 ან 1757 — 12 ივლისი, 1804) — ამერიკელი პოლიტიკოსი, სახელმწიფო მოღვაწე, მწერალი, იურისტი და სამხედრო პირი. ჰამილტონის დამსახურებაა ახლად ჩამოყალიბებული სახელმწიფოს ეკონომიკური განვითარება, ის იყო ფინანსთა მინისტრი, მან ჩამოაყალიბა პირველი ამერიკული ბანკი, სახალხო კრედიტი და საფონდო ბირჟა. საკუთარი პოლიტიკური შეხედულებების თომას ჯეფერსონისა და ჯეიმზ მედისონისაგან დასაცავად, ჰამილტონმა დააარსა პირველი პოლიტიკური პარტია - ფედერალისტთა პარტია)

*აბოტი და კოსტელო  - იუმორისტული წყვილი 1940-1950-იან წლებში.

Moonrise Kingdom - კინოფილმი, რეჟისორი უეს ანდერსონი, 2012. 

 

დაიბეჭდა ჟურნალ "ახალ საუნჯეში"

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული