• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პროზა

რა ვქნა, მამაო?!

×
ავტორის გვერდი ზელიმხან უძილაური 28 აპრილი, 2024 880

(რომანის აჩრდილი)

 

მაღვიძებს და მეხვეწება: დამწერეო! მე რისი დამწერი ვარ აბა? თან ქალური რომანია, თამთა მელაშვილის რომანის ორეული. ეტყობა შთაბეჭდილებიდან ვერ გამოვდივარ, ამეკვიატა. ეთეროს ბედი და თავგადასავალი ხომ ზოგადად ქართველი ქალის ბედი და თავგადასავალია. კონსერვატორული, ჩამყაყებული გარემო, კრიმინალური გარემოცვა-სუბკულტურა და თან ალაგ-ალაგ კარგი ადამიანებიც, თავდადება და სიყვარული, უამრავი პატარა სიხარული… ასახვა და დაწერა თქვი შენ, ქარგა თუ სიუჟეტი როგორ შევკრა, თორემ დეტალები სულ თვალწინ მიდგას.

 

თვითონ ყვება ნათელ. იმერული დიალექტით, რასაკვირველია. ნათელ ეთეროსავით გაუთხოვარი და ძმისაგან დაშინებული არაა. დედისერთაა, ნებივრად გაზრდილი გოგო, დიდი ხნის ნანატრი, 11 წლის ოცნება, უტკუნა, ენაგატლეკილი და რაც მთავარია, პაწუა-მოხდენილი, ანუ როგორც დედა წამოსძახებდა ხოლმე გაბრაზებულზე, მამიდასავით „ჩაგუნდავებული“. დედა, დედა... 11 წელი ელოდა ქალი და ბოლოს მული გააჩინა?!

 

ნათელოს (ნათია იყოს თუნდაც) მშობლები კი არიან საბჭოთა წყობას შეწყობილები, წურავენ, მამა სახერხს განაგებს, დედა კიდევ სადღაც სარფიანად ბუღალტრობს, მაგრამ რაღაც დაეტაკებათ და უცებ ეროვნულ მოძრაობას მიემხრობიან. ჰოდა, მათ მოულოდნელად ესტუმრებიან მერაბი და ზვიადი, ზვიადი და მერაბი. ნათია ანუ ნათელ თვითონ ყვება ამ ამბავს, მამა რომ უცებ მუხლებზე დავარდება, დედა რომ დაცქრიალდება და მეფურ სუფრას გააწყობს, თუმცა სტუმრების ერთი პარტია ამსაათის გაშვებული ჰყავთ. ზვიადი რომ ეტყვის დედამისს, არ შეწუხდე ქალბატონო, პრასი და ჭადი იყოს, მეტი არაფერი გვინდაო! და მერაბი რას ამბობს იცით? ეს ნათელოს თავმომწონეობის პიკის ფრაზაა. ამ დროს ნათელ სტუდენტია უკვე თუ აბიტურიენტი და მშობლებმა ქართულში მოამზადეს ჯემალ აფციაურთან, რაც ხუმრობა საქმე არ იყო მაშინდელ ქვეყანაში. წიგნიც კი აჩუქა ცნობილმა ფილოლოგმა და რაც ზედ წაუწერა, კიდევ მთელი პოემაა! ისე შეირგო გოგომ ენა ქართული, რომ მერაბს ათქმევინა: ეს ბავშვი „ხახვსა“ და „სახელმწიფოს“ როცა წარმოთქვამს, ორი სხვადასხვა ხ გვესმისო! მერაბის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური მოვლენა, ასე ვთქვათ, სცენაა ამ რომანში და მკითხველო, შენ უნდა დაინახო ეს სუფრა, მოფუსფუსე დედა, გახარებული მამა, პრასა, სულგუნი, რასაკვირველია მერაბი და ზვიადი, მათი მცირე ამალა ანუ სხვა სტუმრებიც, ჯამში 80-იანები, ნათელას „… ხახვი… სახელმწიფო...“ და მერაბის აღფრთოვანება „საქართველოს ასულით“…

 

ახლა მეორე მთავარი სცენა გველის. ნათელ მოიტაცეს, ნათია, ჰო, იყოს ესაც, ნათოსაც დავუშვებ. ბავშვები ანუ სტუდენტი გოგოები არდადეგებზე ნათესავთან იყვნენ, „ისვენებდნენ“, როგორც ეძახიან, ერთ პატარა მეგრულ ქალაქში და იქ მოიტაცებენ ჯგუფურად, სამივეს. ერთი გოგო გადმოხტება მანქანიდან და გაექცევა მომტაცებლებლებს, ორი – ვერა. ამ მოტაცების მთელი ბარაბაროსულ-რომანტიკული ამბავი და ამბროზიაა მოსათხრობი. ხელს რომ არ აკარებენ მშობლების მოსვლამდე, მაგრამ გასაქცევი რომ მაინც არსაითაა. შეხედავს ნათო საქმროს, თითქოს არ ჩანს ცუდი ბიჭი, მაღალია თან და გადაწყვეტს, მოდი დაველაპარაკებიო! როგორ დაიწყო, რა უთხრა ნეტავ სულ პირველად? ალბათ ჰკითხა იმერული აქცენტით: „ბიჭო, კი მემიტაცე, მარა…“

 

მოკლედ, იწყება ოჯახური ცხოვრება. ნათელოს შეძლებული დედ-მამა ქუთაისის უნივერსიტეტსაც დაამთავრებინებს, ბეჯითი და ნიჭიერია ისედაც. იცინის და ყვება როგორ შეასია თანაკურსელები ოჯახს, ხელებდაკაპიწებული დიასახლისობს, ცქრიალა, კისკისა, ქაფქაფა, ხელიდან რომ თავისით გამოსდის ყველანაირი კერძი, უყვარს სმა-ჭამა, შემწვარი გოჭის გიჟია. ისტორიულს ამთავრებს, მშობლები საექთნოზე თუ საფერშლოზეც აგზავნიან მოსკოვში, მგონი იმ ჩაგვირისტებულ მამიდასთან, პოლონეთშიც გაიარა რაღაც კურსები თუ პრაქტიკა. თან გათხოვილიცაა, და ეს ყველაფერი ერთად როგორაა, თან ქმარი, თან სწავლა, თან ქეიფები, თან მოსკოვები და ვარშავები? არ ვიცი, ქუთაისური მოხერხების ამბავი ხომ მოგეხსენებათ!   ძნელია აღსაწერად ეს უცნაური პოლიფონია და ამიტომ თავს აღარ გამოვიდებ! ამასობაში კი სსრკ-ც სულ ღაფავს თუ დაღაფა უკვე და რომანში შემოდის მესამე ცენტრალური სცენა. ეს სცენა მკითხველს მარადიულად შემორჩება ხსოვნაში. შეიძლება ამ რომანი სახელიც კი დაავიწყდეს მკითხველს, მაგრამ ეს სცენა არ დაავიწყდება. აი, ნათელ და ქმარი ქუთაისში არიან, ისედაც მგონი მეტწილად იქ ცხოვრობენ, დაბლა სძინავს სიძეს, ნათო უკვე დაფუსფუსებს დილაადრიან მეორე სართულზე და თვალს ჰკიდებს თუ როგორ აიღებს და სუნავს მამა სიძის შარვალს, გულშიც ჩაიკრავს… როგორ ენატრება კაცს ბიჭი ოჯახში. ნამდვილი ამბავია, მწერალს არ მოუგონია, ნათო ყვება. შვილის მზერა იგრძნო ლვამ და დაიმორცხვა...

 

ნათო რასაც აიჩემებს, მშობლებმა უნდა უყიდონ, არ შეეშვება, ჟინიანია, იციან. ამის გამო სილაქებიც მოხვდა დედისაგან ქმრის თვალწინ და მსგავსი. საწოლში რომ შეაქვს ხოლმე სასუსნავი და მამა რომ შეშფოთდება, არ გადასცდეს რამე და არ დამეხრჩოს ბავშვიო! - ეს გითხარით უკვე?... 

 

ნათოს შვილი არ უჩნდება, მაგრამ ცხოვრება მაინც საამურია, სანამ 90-იანების სიბნელე მთელი ძალით დატრიალდებოდეს. 90-იანები თავისთავად და სადღაც ამ 90-იანების შუაში ნათოს მშობლებიც ერთმანეთს გაყვებიან, 50-50 წლისანი დაახლოებით. მანამდე კი რა სიბეჯითესა და სიყოჩაღეს გამოიჩენენ ოჯახის გადასარჩენად, ეს ცალკე დრამაა. კაცი, - მგონი შალიკო დავარქვით, - განათლებით აგრონომია და საზამთროს მოიყვანს, ხოლო ქალბატონი ანო თუ თინიკო, - ამერია დედისა და მამიდის სახელები, - ცალკე პეკინში ჩადის სავაჭროდ და ცალკე კიდევ ოდესაში და იქიდან ჩამოაქვს თუ ავტობუსით აგზავნის საქონელს. მოკლედ, ძაან რომ არ გადავიხლართოთ სიკვდილებში, გადავხტეთ ამ 90-იანებს თავის შევარდნაძიანად და ნაციონალებთან ამოვყოთ თავი.

 

მანამდე კი რაც დამავიწყდა, ნათოს ქმარი აბრაგია, აბრაგული ტრადიციის მიმდევარი, არცთუ ისეთი ჯილა, მაგრამ მაინც აბრაგია თუ რაც ქვია. როგორც ჩანს, ეს სახელი ცუდად არ ჟღერდა მაშინ და იქ და ნათოც ისე ნარნარად ყვება ქმრის 90-იანებისდროინდელ  ყაჩაღობის ამბებს რომ გეგონება ცუდი სულაც არაფერი ხდებოდეს, პირიქით, ოქროს ნაწილსაც კი უტოვებდნენ თურმე დაყაჩაღებულ ოჯახს!.. ქმარი როცა ციხეში ზის, ნათო სამეგრელოში ცხოვრობს, სოფელში, დედამთილთან, სულგუნი ამოყავს და ბოლავს, ძროხასაც წველის და რა ვიცი, იქ იმდენი ამბებია... მოაყოლეთ, თვითონ უკეთ არ იცის? ნაციონალების დროს ებრძვის ნაციონალებს ქმრის გამოსახსნელად, თან თანამშრომლობს მათთან! ნათოც თერჯოლელ გოგოებთან მეგობრობს მელაშვილის ეთოსავით და კინაღამ თერჯოლის დეპუტატობასაც კი გამოკრა ერთხანობას ხელი!

 

არ დაგავიწყდეთ, მეგობრებო, რომ თამთას რომანის ორეულს ვწერ, ვწერ კი არა, აღვწერ და მთავარ გარემომცველ სამყარომდე ჯერ არ მიმიყვანიხართ! რა გამომრჩა კიდევ: ერთხანობას ნათო-ნათელო-ნათია ქმრიანად თურქეთშიც კი მოხვდება და იქ რომ მაღალქუსლიანებზე დაბაკუნობს და რა პატივს სცემენ და რა კრძალვით ეპყრობიან თურქი კაცები და რა სუნამოები უწყვია სასტუმროში და მთელი იმერული ღირსებითა და ქუთაისური თავმომწონეობით რომ ჰყვება ამ ამბებს, მინდა რომ უსათუოდ იცოდეთ და გაისიგრძეგანოთ!

 

ახლა კი გავიჭედე. როგორ გავიდე ბოლომდე? მოკლედ, ნაციონალების ეპოქაა, ქმარი ისევ ციხეშია თუ მეტწილად ციხეშია. ცოტა ხანში გამოვა თუ გამოაყვანინებს ნათო  და ისაც წავა თავისი გზით ევროპებში, გაეყრება ნათოს სამუდამოდ. აი სადღაც ამ დროს, ნათო გამრევლდება ანუ გაეკლესიურდება. ნათოს მოსწონს ახალი სივრცე, ლაღადაა, იქ სულ სხვა გარემოა, კოლორიტული კალემეუფე ჰყავთ, გაშინაურებულები ერთმანეთთან, კაცთმოყვარეობაა შეთანადებული ეკლესიურ კალენდართან. მგალობლებთან ერთად რომაა ნათო და მეუფე რომ სულ 50-იანებს და ხანაც 100-იანებს ურიგებს ყველას. ნათო რომ სამარხვო ფლავს გააკეთებს და მიართმევს საეკლესიო ტრაპეზზე ისე ლამაზად მორთულს რომ მამა მელიტონი გაიოცებს:

- ფლავია ეს თუ ფეიერვერკი?

უამრავი საყვარლობები ტრიალებს იქ. თვითონ ნათელოს პირადი მამა-მღვდელი მოშტერო ბიჭია, იორამი. ბავშვობიდან ობოლი, ხალხს ბარგს უზიდავდა და 20-20 კაპიკს აძლევდნენ ამაში. იორამს ქადაგება უყვარს, მაგრამ ერთმანეთში ურევს თარიღებსა და მოვლენებს. გამოდის ნაწირვები და მისდევს ეზოში ნათო:

- იო, იო…

- რავა, ისევ შემეშალა რაცხა?

- ეს ამბავი ისე კი არა, ასე იყო, იმ დროს კი არა, ამ დროს მოხდა და ა.შ.

მერე რა სუფრებს აწყობენ მრევლის გოგო-ქალბატონები და ყველაფრის სული და გული ხომ ყოველთვის ვინაა თუ არა ნათო?

 

ნათოს ტაძარში თავისი ადგილი აქვს, მედავითნის გვერდით, სადღაც ამბიონის გასწვრივ და ყველამ იცის რომ ეს ადგილი მხოლოდ მისია, უთმობენ, ერთი საფეხურით მაღლდება და მიმინოსავით ზვერავს მთელ ტაძარს! ტაძრის გულია, ამაყია, ყველაზე უკეთესია, მაგრამ ყველასთან თანაბრობს! ირგვლივ ტაძრის სადაქალეთია, სამოთხური სულები!

მთავარი ჯერ კიდევ არ იცით თქვენ! ტაძარში ხომ კაც-ბიჭებიც დადიან. ჰოდა, მოვიდა იუდაც - ეს კაც-ბიჭები უჩივლებენ მამა-მღვდელთან ნათოს: საცდურში გვაგდებსო! რატომ? მართალია, ნათოს ტაძრულად აცვია, გრძელი კაბა, მაგრამ რა კაბა დაიჭერს ნათოს მრგვალობებს? მით უფრო გამოსჭვივის ყველაფერი, რაც უფრო ფარავს! თან ზედ ასკდება ყველაფერი, რასაც კი ჩაიცმევს!

 

- ბომბი ხარ გოგო, ბომბი! - ამკობს ტაძრის ეზოში ისევ იორამი, - შემომჩივიან კაცები, გვაცდუნებსო, ფიქრებში ვცოდავთო! არც ტყუის, გემოვნებაზეც არ დაობს და არც სიტყვა „სექსიზმი“ გაუგონია. როგორი ამბავია აბა, კაცი მსუყე გემოვნებისა ნამარხულევია, 5 თუ 7 კვირა ცოლსაც არ გაჰკარებია, ზიარების ლოცვებს კითხულობს, მედავითნეს გახედა და აჰა, ისაც აქ არ მდგარა? არ გაინძრა უცებ და არ ააფუთფუთა მთელი ქალური ოაზისი? ეჰ ღმერთო, შენ გადმოხედე ყველა ვნებულსა და ვნებიანს ეკლესიაშიც და მის გარეთაც!

- რა ვქნა მამაო, რა ჩემი ბრალია თუ ასეთი ვარ? - მიუგო ნათომ და თან მუცლის ცეკვა გაითამაშა უცებ!

 

ჰოდა, ამ თბილ, რბილ, ჰუმანურ, რელიგიურ-სიყვარულოვან გარემოში მეხთატეხა ატყდება. დანი ტაძრეულნი ქუთათურნი საპატრიარქოში იწყებენ საიდუმლო სერობებზე დენას და იქიდან ოცნების მაისურებით ბრუნდებიან. მოკლედ, პოლიტიკა შემოდის ტაძარში. მერე უფრო შემოდის, რაც ხელისუფლება იცვლება. რადიკალურად იცვლება ტაძრის სადაქალეთი მისადმი. არც ესალმებიან უკვე. უბრალო კეთილი ქოცები იყვნენო, ასე ხსნის ნათო, ბუნებრივად კეთილები, ისინი შეცვალა და გააბოროტაო პოლიტიკამ! მათნაირად თვითონ ვერ გადაეწყობოდა... იმდენი ისწავლა, ხომ გახსოვთ, ქართულში ვისთან მოემზადა, ისტორიული დაამთავრა, მერაბმა და ზვიადმა დალოცეს, პოლონეთშიც რაღაც ისწავლა და ისინი კიდევ უბრალო ქალები იყვნენო! მამა მელიტონი, ერთდროს რომ ნათოსეულ ფლავს ფეიერვერკი უწოდა, მთლად გააქტივისტდა. აღარ დაედგომლებოდა ნათოს ტაძარში. ერთადერთმა მანანამ მოიკითხა და იმასაც ერთი ამბავი აუტეხეს მერე. მამა იორამი კი თითქოს არ შეცვლილა, მაგრამ მამა მელიტონმა რომ დაინახა მანქანაში იორამთან ერთად ნათოც იჯდა, მაშინვე გადახტა მანქანიდან.

 

სადაა ამჟამად ნათელ?  რასაც აქამდე გიმალავდით: იტალიაში უვლის ბებერს. თავის სასიყვარულო ენერგიას ბებოს მოვლაში აქსოვს. ბებოს ეძახის სი ნონა, სი ბელა, ჩემი გოგოო და ჩაკონებით ჰკოცნის! ამ „გოგოს“ მეთვალყურე, შვილი ფრანჩესკო წაიქალაჩუნებს, მაგრამ ისაც კი გადაირია ნათელოზე. ნატალი დაარქვა და დღეში ერთხელ მაინც შემოივლის, თან დედას დახედავს, ყველ მოაქვს ნატალისთვის მხოლოდ ოცნაირი და თავს ევლება. საბოლოოდ რა მოხდება მათ შორის, მეც მაინტერესებს!

 

ერთ მშვენიერ დღეს ნათო-ნატალი იქვე მთრთოლავ ადრიატიკის ზღვაში შეცურდება და ბანაობს.  მას თვალს მოკრავს მდიდარი შეიხი და გადაირევა. სულეიმანის მსუყე გემოვნებას სიყვარულად  აქცევს ნათოს აზვირთებული ძუძუ-მკერდი და სხვა მახეები. სულ გაშმაგდება შეიხი, შეთანხმდებიან ცოლ-ქმრობაზე, გამიჯნურებული კაცი ზურმუხტისთვლიან უძვირფასეს ბეჭედ-საყურეებს მიართმევს საცოლეს, თავის საგვარეულო სკივრსაც მასვე ჩააბარებს, გამოტენილს დედისეული სამკაულებით, 500-ევროიანების 3 მილიონიანი დასტითა და სხვა ძვირაფასეულობით, სულ 10-11 მილიონი ევროს ქონებას მიანდობს...

 

რაღაც საქმეებზე შეყოვნდება სულეიმან მიჯნური თავის სამშობლოში, მაგრამ დათქმულ დღესა და საათზე ნათოს მისამართზე გამოცხადდება საქორწინოდ მორთული, მაყრიონით, ეტლებითა და ათასი ვარდით, მაგრამ ნათოს ვეღარ იპოვნის. სამაგიეროდ ჭიშკართან მიგდებულ ცარიელ სკივრს მოჰკრავს თვალს და თავისთვის ჩაიუბნებს: ახია ჩემზე, ცოლებში თავი არ მიჩანს და აბა რას ავვარდი ქალის უნახავივით?

 

21.11.22. - 31.03.2024.

 

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული