• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

მიშა და ცრუ რედი-მეიდი

×
ავტორის გვერდი ვაკო ნაცვლიშვილი 00 , 0000 3115

გამოხმაურება გიორგი მაისურაძის ბლოგზე "მუზა და მიშა"


ორი დღის წინ გამოქვეყნდა გიორგი მაისურაძის შესანიშნავი წერილი, რომელშიც ნაციონალური მოძრაობის მიერ შექმნილი პოლიტიკური სისტემის ესთეტიკური სახის პირველი კონტურები მოიხაზა: სააკაშვილის ესთეტიკა იმიტაციას ეფუძნება; მის მიერ შემოტანილი ყველა ფორმა სხვა ორიგინალის ასლია; საქართველოში შემორჩენილი ყველა ავთენტური ნაგებობის ადგილი კულტურული კონტექსტიდან ამოგლეჯილმა ბუტაფორიამ დაიკავა. 
 
მე-20 საუკუნის ათიანი წლების ბოლოს მარსელ დიუშანის გამოფენილმა პისუარმა შესაძლებელი გახადა ქარხნული წესით დამზადებული ობიექტების სამუზეუმო სივრცეში შეტანა. დიუშანი უარს ამბობს არტისტული აქციის პერსონალურობაზე, ქმნადობაზე, საკუთარ გემოვნებაზე; ხელებს იჭრის(ბადიუ). ხელოვანი არტისტულ ნაწარმოებს უკვე თავად ნიშნავს ხელოვნებად. რედი-მეიდის დიუშანური გამოყენების პრაქტიკა აუქმებს ინტელექტუალური საკუთრების უფლებას, ავტორობის პრივილეგიას და, როგორც უკვე ითქვა, თავისი რევოლუციურობით ემსგავსება კომუნისტურ რევოლუციას პოლიტიკის სფეროში.
 
ამ ამბიდან ათეულობით წლების შემდეგ შვეიცარიელი მხატვრები პიტერ ფიშლი და დევიდ ვაისი ამზადებენ ცრუ რედი-მეიდს - ერთი შეხედვით ინდუსტრიულ საგნებს, რომლებიც ინდუსტრიული საგნებისგან მხოლოდ შეხებით განირჩევიან: ხელში აღებისას მათი სიმსუბუქე ამხელს მათ სიცრუეს. ისინი ამ საგანთა (“ორიგინალ” ინდუსტრიულ საგანთა) ასტრალური სხეულების მეტაფორები არიან, მათი სული (გროისი). თუ დიუშანის რედი-მეიდი ფიზიკური შრომისგან ათავისუფლებდა მხატვარს, ცრუ-რედი მეიდი მხატვრის ნაწარმოებს უბრუნებს მანუალობას, ოფლის სუნს. თუმცა, ცრუ რედი-მეიდის, დიუშანის რედი-მეიდისგან განსხვავებით, ვერ გამოიტან მუზეუმიდან და ვერ გამოიყენებ დანიშნულების მიხედვით. მათ არ გააჩნიათ დანიშნულება. ფიშლი/ვაისის ცრუ რედი-მეიდები ანტი-რედი-მეიდადაც შეგვიძლია, მივიჩნიოთ.  
 
აქ დავუბრუნდეთ ნაციონალური მოძრაობის შექმნილი პოლიტიკური სისტემის ესთეტიკურ სახეს. ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული და კულტურული ნაგებობების მიმართ ჩადენილი ქმედებები ამ მსჯელობაში შემოსატანად ზედმეტად კრიმინალურია. განახლებული აღმაშენებლის გამზირი კი, რომელიც ევროპის ერთი ქუჩიდან “გადმოდგეს” და რომელიც თვალსა და ხელს შუა იფშვნება,  ინგრევა და იტეხება, შეგვიძლია, წარმოვიდგინოთ ნაციონალური მოძრაობის ესთეტიკის უხამსს სიმბოლოდ: ცრუ რედი-მეიდი, რომელიც მხოლოდ ძლიერი ქარის, წვიმის ან ხელით შეხებისას აჩვენებს მის ერთჯერად, სადემონსტრაციო, გამოუყენებად და უფუნქციო სახეს. აღმაშენებლის გამზირი მხოლოდ რუსთავი 2-ის სატელევიზიო სიუჟეტში, “მე მიყვარს ჩემი პრეზიდენტის” ფეისბუქ-გვერდზე, სერიალ “ჩემი ცოლის დაქალების” მიზანსცანაშია ნამდვილი და “მყარი” ქუჩა. გულისგულში კი მალავს გიფსოკარდონს, საბავშვო ფლომასტერებსა და შპალერს გარე ფასადზე.
ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული