• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

ტახიპაპას ამბავი

×
ავტორის გვერდი ეკა ჭითანავა 01 იანვარი, 2013 2345

რამდენიმე დღის წინ ყური მოვკარი საუბარს - დედა 5 წლის შვილს არწმუნებდა, სანტა არ არსებობს და ზღაპრების აღარ უნდა გჯეროდეს, უკვე დიდი ხარო. სასტიკმა ქალბატონმა თანამედროვე ინგლისელი მწერლის, ტერი პრატჩეტის იუმორისტული ფენტეზის პერსონაჟები გამახსენა. მათ „რეალობის აუდიტორები“ (Auditors of Reality) ჰქვიათ.  პრატჩეტი საქართველოში პოპულარული არაა, რაც შეიძლება მისი  თარგმნის სირთულესაც დავაბრალოთ. მგონია, რომ ეს ავტორი აუცილებლად ორიგინალში უნდა წაიკითხო, რადგან თარგმნისას, სიტყვების თამაში და ამბის სხარტი თხრობა, ხშირად, იკარგება.

მაშ ასე, რატომ გამახსენდა პრატჩეტი  და მისი საშობაო ნოველა Hogfather.  

ამბავი შობის წინა საღამოს, სანტას მკვლელობის დაკვეთით იწყება.

სანტას პრატჩეტის „ბრტყელ პლანეტაზე“ (Discworld) ჰქვია Hogfather (Godfather-თან სემანტიკური მსგავსება არ არის შემთხვევითი, იგი „ნათლიას“ ერთგვარი პაროდიაა).  ბევრი ვიმტვრიე თავი იმაზე ფიქრით, ქართულად როგორ მეთარგმნა მისი სახელი, და ბოლოს ჩემი ერთი  „პრატჩეტოლოგი“ მეგობრის წყალობით, ტახიპაპა დავარქვი. საუკეთესო ვარიანტი არაა, სამაგიეროდ, ავთენტურად ჟღერს. J

ტახიპაპას ტრადიციული, წითელზოლიანი ბეწვის ქურქი აცვია; რაც შეეხება ტრანსპორტს, დასრიალებს ციგით, რომელშიც ირმების ნაცვლად, ოთხი ღორია შებმული.  

„წარმოშობით“ ტახიპაპა ზამთრის ღმერთია. მას, ცოტა არ იყოს, მძიმე წარსული აქვს - ძველად, ზამთრის სუსხიან დღეებში, ხალხი შიშობდა, რომ გაზაფხული შეიძლება არასდროს მოსულიყო, ამიტომ ისინი ზამთრის ღმერთს მსხვერპლად ღორებს სწირავდნენ.

თანამედროვე ტახიპაპა „ჰოგსვოჩობის ღამეს“ (პრატჩეტი აქაც სიტყვებით თამაშობს: Hogswatchnight “hogwash”-ის, ქართულად ღორის სალაფავის, ასევე შოტლანდიელთა  Hogmanay-ის, ახალი წლის დღესასწაულის სემანტიკური პაროდიაა) საჩუქრებს ურიგებს იმ ბავშვებს, რომლებსაც მისი არსებობის სჯერათ.

დღესასწაულის სახელთან დაკავშირებით, „ბრტყელ პლანეტაზე“ ლეგენდაც არსებობს: ზამთრის ცივ ღამეს, როდესაც მეფემ ერთ-ერთ ქოხს ჩაუარა,  სამი გოგონას ტირილი შემოესმა. დები მშივრები იყვნენ. მეფემ მოწყალება გაიღო და გოგონებს ძეხვებით გატენილი ტომარა გადაუგდო (ერთ-ერთს, მგონი, ტომარა თავში მოხვდა, თუმცა ეს უმნიშვნელო დეტალია).

საჩუქრების დარიგების გარდა, პრატჩეტის სანტას ერთი მნიშვნელოვანი ფუნქციაც აკისრია: სწორედ მასზეა დამოკიდებული, ამოვა თუ არა მზე შობის დილას.

ერთ დღესაც, „ბრტყელ პლანეტაზე“ ყველაფერი თავდაყირა დგება. სიკვდილი, სიკვდილის ანთრომორფული პერსონიფიკაცია, ცელით შეიარაღებული, შავლაბადიანი ჩონჩხის სახით ეცხადება თავის შვილიშვილ სიუზანს და ტახიპაპას გაქრობის ამბავს ატყობინებს (სიუზანი განათლებული, სიმპათიური გოგოა; გუვერნანტად მუშაობს და ბავშვებთან ხშირი ურთიერთობა აქვს). სიკვდილი სიუზანს ეუბნება, რომ „ტახიპაპა“ დროებით თვითონ უნდა ჩაანაცვლოს და ბავშვებს  საახალწლო სურვილები აუსრულოს.

 

რატომ ქრება ტახიპაპა?

მის მოკვლას სიცოცხლისმოძულე ბიუროკრატები, „რეალობის აუდიტორები“ განიზრახავენ.

 

„რეალობის აუდიტორები“  ზებუნებრივი ძალის მქონე არსებები არიან.  მათ არ აქვთ იუმორის გრძნობა და ინდივიდუალიზმი. აუდიტორი საკუთარ თავს მხოლობით რიცხვში ვერ აღიქვამს, ამიტომ იყენებს „ჩვენ“-ს, „მე“-ს ნაცვლად. ისინი ყველაფერს კოლექტიურად აკეთებენ და ყველაფერზე ერთნაირი შეხედულება აქვთ. მათი აზრით,  სიტყვა მხოლოდ ბუკვალური მნიშვნელობით უნდა გამოიყენებოდეს, ამიტომ მეტაფორებს ემტერებიან. მოკლედ, „აუდიტორებს“ სძულთ ცხოვრება. იგი ზედმეტად ქაოსური და არაპროგნოზირებადია. იმისთვის რომ რაიმე ფენომენი არსებობდეს, მას უნდა ჰქონდეს ადგილი დროსა და სივრცეში. აბსტრაქტული აზროვნება და წარმოსახვა, რაც ადამიანებს ახასიათებს, აუდიტორებს თავგზას ურევს. სწორედ ამ ქაოსურობის მოსაწესრიგებლად, ისინი ტახიპაპას მოშორებას გადაწყვეტენ.

მოვლენები აპოკალიფსურად ვითარდება. ბავშვები ნელ-ნელა ტახიპაპას რწმენას კარგავენ.

და აი, სიკვდილის შვილიშვილი, სიუზანი იწყებს ტახიპაპას ძებნას. ძიება-ძიებაში აღმოაჩენს, რომ მისი  გაქრობით გამოთავისუფლებული რწმენის სივრცე უცნაური პაწუკა ღმერთებით ივსება: მაგალითად, ჩნდება ბილიოუსი, „ბახუსის ოჰ ღმერთი“ (Oh God of Hangover). მისი მრევლი ის ხალხია, დილით „პახმელიაზე“ რომ იღვიძებს და თავის ტკივილით გაბრუებული „ო ღმერთო ჩემოს“ იძახის. 

რომ არ გამიგრძელდეს, მთავარზე გადავალ. სიუზანი, საბოლოოდ, ბახუსის ღმერთთან ერთად მიაგნებს ტახიპაპას ადგილსამყოფელს.  აუდიტორებს იგი ღორად უქცევიათ და ბავშვების მიერ შექმნილ წარმოსახვით სამყაროში, „კიჭების სამეფოში“ (Tooth Fairy) ჰყავთ დატყვევებული. მკვლელებმა „კიჭის ფერია“ აიძულეს მილიონამდე ბავშვის კბილი მიეზიდა, რათა ამ კბილების საშუალებით მათი აზრები ეკონტროლებინათ, და  ტახიპაპა ბავშვების გონებიდან გაექროთ.

(შუასაკუნეების ევროპული ფოლკლორის მიხედვით, როცა ბავშვი კბილს მოიცვლიდა, ლოგინში ბალიშის ქვეშ უნდა შეეცურებინა იმ იმედით, რომ ღამით კბილის წასაღებად მისული „კიჭის ფერია“  სანაცვლოდ ფულს დაუტოვებდა).

საბოლოოდ, ყველაფერი „ჰეფი ენდით“ მთავრდება. სიუზანი მკვლელს კოშკიდან აგდებს და ტახიპაპას აცოცხლებს. იგი ღამის სივრცეში უჩინარდება. 

ტახიპაპას გადარჩენის შემდეგ, ბაბუა და შვილიშვილი მისი არსებობის საჭიროებაზე მსჯელობენ. სიკვდილის აზრით, ბავშვობის ფანტაზიები აუცილებელია იმისთვის, რომ ადამიანებმა ზრდასრულ ასაკში უფრო „დიდი ტყუილების“ (სამართლიანობა, მოწყალება და ა.შ.) მნიშვნელობა ირწმუნონ. „ჰო, მაგრამ რა კავშირშია ეს ტახიპაპასთან?“ - ეკითხება სიუზანი ბაბუას. სიკვდილი პასუხობს: „მიდი, აბა, დააქუცმაცე სამყარო, აქციე წვრილ ნამცეცებად... და მაჩვენე სამართლიანობის ერთი ატომი, მოწყალების ერთი მოლეკულა. ისე ამბობ, თითქოს სამყაროში რაიმე იდეალური წესრიგი არსებობდეს...“

ახლა ის ამბავი, რასაც „ტახიპაპას“ თავგადასავალი მოვაყოლე: შეიძლება სანტაზე ფიქრის აკრძალვას პრაგმატული მნიშვნელობა ჰქონდეს. ბოლოს და ბოლოს  ოჯახის ბიუჯეტზე სასიკეთოდ აისახება. მაგრამ პრატჩეტი გვეუბნება, რომ თოვლის პაპა მხოლოდ საჩუქრების დასარიგებლად არ გამოუგონიათ და მას უფრო დიდი მისია აკისრია. 

„HO! HO! HO!“  - ამბობს ტახიპაპა. ბედნიერ შობა-ახალ წელს გისურვებთ!

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული