• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
რეცენზია

Eyes Wide Shut

×
კადრი ფილმიდან Eyes Wide Shut
ავტორის გვერდი ალექსანდრე გაბელია 06 მარტი, 2018 5380

„რატომ გაქცევა? უფრო უსაფრთხოდ ბრბოში იქნები.

თუ მარტო დარჩები, მწუხარება შეგიპყრობს, და მისი სახე, ვინც დაგტოვა

იარსებებს  შენს თვალებში“.  -ოვიდიუსი

„მიყვარს სიყვარული და ძალადობაც“. - სებასტიან ტელიე

 

I. შიში ჭამს სულს

       1999 წელს  სტენლი კუბრიკი იღებს მისი შემოქმედების უკანასკნელ ფილმს-ეგზისტენციალურ სურათს ადამიანის ბუნებაზე, სექსუალობაზე, ოჯახურ ერთგულებასა და არჩევანის მნიშვნელობაზე. ცხოვრებისეული რიტუალები და ბანალობები, რაც კლავს ურთიერთობას და კუბრიკის სხვა ფილმების გმირებს ძილის სტადიაში ამყოფებს,  აქ დადებითი ხაზით გვევლინებიან და  ეხმარებიან მათ ცნობიერების ამაღლებაში. შეგვიძლია ვთქვათ  რომ სტენლისთვის, ცხოვრების ყოველდღიური ბანალურობა, რომელსაც შეუძლია იყოს მავნებელი ცოლ-ქმრული ნეტარებისთვის, შესაძლოა ასევე გახდეს საყრდენი ქორწინების. მისი მტერი და მარადისობის განმსაზღვერი კი დრო ხდება.

      კუბრიკის ისტორიის ცენტრში  წვრილბურჟუაზიული ოჯახი ექცევა, სადაც რეჟისორი პირველივე კადრიდან ხაზავს გარკვეულ როლურ არქეტიპებს. ბილი (ტომ კრუზი) წარმატებული ექიმი და გაწონასწორებული, ერთგული ქმარია. ელისი (ნიკოლ კიდმანი) მომნუსხველი ქალის იმიჯს ირგებს, რომლის დაუფლებაც ერთი შეხედვით შეუძლებელია. სურათი სწორედ მათი უსაზღვრო და გაიდიალებული სიყვარულის რეპრეზენტაციითა და „დაუსრულებელი ორობითობის“ მითის შექმნით იწყება. მაყურებელი კი ფანტასმაგორიული თამაშის ტყვე ხდება.

         პირველი ცენტრალური მიზანსცენა საშობაო წვეულებაზე თამაშდება. კუბრიკი სადღესასწაულო განწყობის ფონზე, მსუბუქი ირონიითა და მეტაფორული გადაწვეტებით,  ურთიერთობის ჩიხში შესვლის საფუძვლის გაჩენას ცდილობს. ანალიტიკური მონტაჟისა და კადრირების სიღრმისეული წყობის მეშვეობით  კი მაყურებელი მონაცვლეობით ხედავს ამ სივრცეში აღმოჩენილ ცოლ-ქმარს და წამიერად არღვევს მათი ორობითობის ცნებას. ერთი მხრივ,  ჩვენ ვუსმენთ ბილის დიალოგს ვნებიან და სექსუალურ მოდელებთან, მეორე მხრივ ვხედავთ  სასმლისაგან გათამამებულ ელისს, რომელიც უცნობ მამაკაცთან (სანდორი) ერთად ცეკვავს და არც ფლირტზე ამბობს მედიდურ უარს. მამაკაცი რომაელ პოეტს- ოვიდიუსსა და მის ხელოვნებასაც ახსენებს. კერძოდ „სიყვარულის ხელოვნებას“, რომლის მთავარი თემებაც  ცდუნება და ტყუილია.  ცეკვის სცენისას,  კუბრიკი ფერთა პალიტრას სიმბოლურ მნიშვნელობას სძენს. ელისის თვალები კაშკაშა და გამომხატველობითია, მაშინ როცა სანდორის თვალები ჩაბნელებულია და  იმ მონსტრის ალუზიას ქმნის, რომლის ერთადერთი სურვილი ობიექტის დაუფლებაა. მეორე მხრივ,  კუბრიკი თითოეულ ფერს გარკვეულ მნიშვნელობას სძენს. წითელი შიშის და შინაგანი მღელვარების გამომხატველი ხდება. თეთრისა და შავის მონაცვლეობა სიკვდილისა და სიცარიელის აურას ქმნის. ბილის ავთენტური ფერი ლურჯია, "ცისარტყელების სამყაროში" შესვლისას კი მისი შინაგანი ემოციური აშლილობა და ფლუსტრაცია იკითხება.  ყვითელი ელისის ფერია, ცბიერი მელიის, რომელიც ბილთან ერთად ხდება კონფლიქტის წარმომშობი მხარე.

         უწყინარი გარემოებები, წვეულების შემდგომ  სახლში განმარტოებული წყვილისთვის, პირველი კონფლიქტური დიალოგის მაწარმოებელი ფაქტორი ხდება. თავის მხრივ,  ბილი უარყოფს ქალებთან  ფლირტსა და ინტიმურ სურვილებს, რადგან მას ელისი უყვარს და არასდროს ატკენს  და მოატყუებს.  ქალის  შეკითხვა- „სად იყავი?“- კი გამოსახავს ფილმის მონოგამური იდეალების მიმართ ეჭვისშეტანის საკითხს,  ერთგვარ სოციალური დარწმუნების პატერნს, რისი მიზანიც  სუპერეგოს სრული კონტროლია. ხოლო "მილიონობით წლის ევოლუციის" ხსენებით, ელისი ხაზს უსვამს გენდერული როლების გადანაწილებას, რომელიც ქმნის მამის ხატის უფლებებისა და ქალის ვალდებულებების მოდელს. ამით კი კუბრიკი ბიოლოგიური დაგეგმარებაზე აქცენტირებს. ერთგვარ სისტემაზე, რომელიც ჯერ კიდევ განსაზღვრავს სოციალურ კლასიფიცირებას. ამ სივრცეში კი ქალის მიზანი  დაკარგული იერარქიული პოზიციების რეკონსტრუქცია ხდება.

          სექსუალობასა და ერთგულებაზე საუბრისას,  ელისი იხსენებს მათი ცხოვრების ერთ უბრალო ფრაგმენტს და წამს, როცა მას უცნობმა ოფიცერმა „მზერა ესროლა“. ექსპრესიული მიმიკებით როლში შეჭრილი ამატებს იმასაც რომ ამ წამს მზად იყო, რათა ეთქვა უარი ყველაფრზე  და მამაკაცს ვნებების ქარიშხალში გაჰყოლოდა. ამ მომენტში  ბილისადმი და მათი შვილისადმი სიყვარული საბრალო და სუსტ გრძნობად რეგისტრირდა; სწორედ ეხ ხდება ბილისთვის პირველი ეჭვიანობის საბაბი, ერთგვარი პრელუდია და თავის მხრივ მოტივი, რათა აწარმოოს  სექსუალური შურისძიება. გმირის  კოშმარი (ალისასა და საზღვაო ოფიცერის ეროტიკული სცენების წარმოდგენა) და ელისის ნაამბობის ქვეცნობიერში წარმოსახვის პერმამენტული რეპროდუცირებით  მის სოციალურ კასტრაციასა და უუნარობას ვხედავთ. როდესაც ბილი იწყებს ეჭვიანობას, შედის შიშების ლაბირინთში  და აკეთებს დაშვებას, რომ ცოლმა (მისმა მზის ღმერთმა) შესაძლოა უღალატოს, მიატოვოს ან მისდამი გრძნობები გაუნელდეს,  რომანტიკული სიყვარული  ჩიხში შედის. იმის მიუხედავად რომ  შეუძლებელია ნამდვილი გრძნობა  ერთი კონფლიქტით დაითრგუნოს და გაქრეს (რადგან ერთგვარ კონსტრუქციას წარმოადგენს),  მაინც  ეტაკება  წინაღობას ადამიანისგან, რომელიც მისთვის სამყაროს ცენტრია. ცენტრი, რომელსაც ბოლომდე გაუზიარა  საკუთარი შინაგანი სამყარო და ფსიქო-ემოციური იმპულსებისა თუ ინტიმური დეტალების სრული  კასკადი.  დაკარგა საკუთარი თავი, რათა მის სამყაროს ბოლომდე მიახლოვებოდა. ალან  ბადიუს სიტყვებით,  შეუპოვარი თავგადასავალის მონაწილე გახდა და მიუხედავად იმისა რომ სივრცე და დრო მას მტანჯველ და დაბრკოლებებით სავსე გამოცდილებებს უზიარებს (ამის მიუხედავად არ უშინდება ფატალურ ბედისწერას), ერთადერთ რწმენად მაინც სამარადჟამო ტრიუმფი დაუტოვა. თუმცა ეს განწირული თამაშია, რომელსაც შესაძლოა გამარჯვებული არ ჰყავდეს, ტრფობის ობიექტს სამუდამოდ დაემშვიდობოს და დასაბამი დაუდოს „სხვა სამყაროზე“ ოცნებას, სადაც მათი ურთიერთობა ყველა ბარიკადს გადალახავს. 

 

II.  რეალობა და სიზმრები

          შიშებით ფლუსტრირებული ბილი, კრიზისული მდგომარეობის გადალახვის მიზნით,  დროებით წყდება რეალობას და კოშმარულ სიზმარში (ჰიპერრეალობაში) გადაინაცვლებს. სასახლეში, რომელშიც ნიღბებში დამალული ელიტარული წრე (ან ოკულტური საზოგადოება) ბნელ და ბატონყმობის იდეით გაჯერებულ  „თამაშს“ თამაშობს. შავბნელ ლიტურგიას ჟოზელინ პუკის კომპოზიცია (Masked Ball) კიდევ უფრო ამძაფრებს და თავგადასავალს ჰორორ ელემენტებით ავსებს. „მუსიკალურ ელემენტში ჩაძირვისას, სადაც რეფრენი აგვირგვინებს ყოფიერებას, ჩვენ კვლავ ვუბრუნდებით ფილმისაგან მიღებულ ემოციებს, ყოველი ახალი შთაბეჭდილებებით კი ჩვენი გამოცდილება ღრმავდება“. თავად შენიღბულებს რაც შეეხება,  ჩვენ  ვერ ვხედავთ მათ სახეებს, თუმცა  გვეუფლებება განცდა რომ მოცემული სურათი უკვე ნანახი გვაქვს, რომელიც  ქვეცნობიერად  ფილმის საეტაპო მეჯლისზე გადაგვისვრის. სოციალურ ნიღბებს ვენეციური ნიღბები ცვლიან. კუბრიკი კი გვიჩვენებს ძალადობის, დამცირებისა და ბურჟუაზიული აღვირახსნილობით სავსე სცენებს, ერთგვარ სატანისტურ ორგიას; საგულისხმოა სასახლის პაროლიც, ერთგვარი სავიზიტო კოდი- Fidelio, რაც ერთგულების სინონიმია. ეს სივრცე კი ერთგულებისა და სიყვარულის თითოეულ გამოვლინებას ასამარებს. ასევე ხდება იმ გასაგნებული რეალობის მეტაფორა, რომელიც მონობისა და მბრძანებლობის დიქოტომიაზე დგას. ბილის ეს სიზმარი (რეალობა) კი თითოეული ადამიანის შიშებსა და შინაგან სურვილებს აწარმოებს (მათ შორის ნიკოლ კიდმანის გმირის. იმის მიუხედავად რომ კუბრიკი ამბავს ხლართავს და პირდაპირ არ მიგვითითებს რომ ელისიც ამ ორგიის ნაწილი იყო, ამის ალბათობა  ცხადია არსებობს). ლაკანზე დაყრდნობით,  „საჭიროება“ და  „სურვილი“, განსხვავებული ცნებებია. მეორე მათგანს იგი უფრო მრავალშრიან და აბსტრაქტულ განზომილებაში განიხილავს, ერთგვარ „დაუკმაყოფილებლობის“ სიბრტყეში, სადაც  „სურვილი არც დაკმაყოფილებისკენ მიდრეკილებაა და არც  სიყვარულის მოთხოვნილება, თუმცა განსხვავება, რომელიც პირველიდან მეორე სტადიაში სუბტრაქციით გამომდინარეობს, მათი დაყოფის ფენომენი ხდება“.  ნიღბებში გამოწყობილი ადამიანებისთვის კი ეს სივრცე დალუქული ოცნებების ატრაქციონს ქმნის. ამ ფანტაზიის სამყაროში შესულები ყოველგვარი გავლენებისა და ემოციებისაგან ვთავისუფლდებით. ემოცია ამ სტრუქტურაში მხოლოდ დამხმარე ჯაჭვს წარმოადგენს, რათა ფანზატია უფრო სასიამოვნო გახადოს. ემოციური ბუნების არსის უკუგდებით კი სურათი ცივი და აპათიური ხდება. კლავს რეალობის შეცნობის და „სინამდვილის დანახვის“ თითოეულ გამოვლინებას.

            ერთი შეხედვით უწყინარი მასკარადი  თავის თავში მოიაზრებს ისეთ ცნებებს, როგორებიცაა „სიკვდილი“ და „მსხვერპლშეწირვა“.  როცა სექტის წევრები იგებენ რომ ბილი „სხვაა“ და არა ერთ-ერთი მათგანი, რომანტიკოსი ექიმი პირისპირ ეტაკება სიკვდილს. მიზანსცენის ბოლოს კი უცნობი ქალი (სავარაუდოდ ის მეძავი, რომელთანაც იყო ბილი მისული, თუმცა აქტი ელისის სატელეფონო ზარმა 
„ჩაშალა“) გადაარჩენს, რაც მის გარდაუვალ დესტრუქციას მოასწავებს;  შემდეგი საკვანძო სცენა  ელისის საძინებელში თამაშდება, სადაც იგი საკუთარ ავხორცულ კოშმარს ყვება, სიზმარს ღალატზე, თავაშვებულ ორგიასა და მასში ჩართულობაზე. ელისის სიზმარი კი ბილის რეალობას (სასახლის ისტორიის) ფუნდამენტურად აირეკლავს და მამაკაცს ჯოჯოხეთში დროებით აბრუნებს. მეორე მხრივ, აკეთებს დაშვებას, რომ  სასახლეში ელისიც იმყოფებოდა. ამ გადაწყვეტით, კუბრიკი სიზმრისა და რეალობის ურთიერთმიმართების საკითხს უბრუნდება. ამასთანავე აკეთებს ცინიკურ კომენტარს გმირების ცხოვრებაზე და მათ გამოღვიძებისაკენ მოუწოდებს.

            შემდეგ მიზანსცენას კუბრიკი ბილისა და ვიქტორის (ცოლ-ქმარი საშობაო წვეულებაზე მან დაპატიჟა) დიალოგით აგებს. აქ ირკვევა რომ ვიქტორიც იმყოფებოდა სასახლეში და ყველაფერი იხილა.  ექიმს  კი უსიამოვნებისაგან თავის დაღწევა  მიულოცა. შეკითხვაზე,  იყო თუ არა მისი გადამრჩენი ქალი ამანდა (მეძავი),  პასუხი ბუნდოვანია. ვიქტორი ადასტურებს, თუმცა იმასაც ამატებს რომ ქალის შემდგომ სიკვდილთან ამ ორგიას კავშირი არ აქვს და „მსხვერპლშეწირვისა“ და „სიკვდილის“ ცნებები მხოლოდ დაშინებას ემსახურება: „არავის არავინ მოუკლავს. ვიღაც დაიღუპა. ეს ყოველთვის ხდება, ცხოვრება კი გრძელდება“.

           მათი დიალოგი განსაცვიფრებელი მონტაჟური ჭრით იცვლება და კამერას ელისის საძინებელ ოთახში გადავყავართ. ჩვენ ვხედავთ ძილის სტადიაში მყოფ ელისს და საწოლზე დადებულ ნაცნობ ნიღაბს. ამ მეტაფორით  კუბრიკი ამბობს რომ სიზმრების რეალობა  შეიძლება იყოს ყოფიერების სინონიმი და ადამიანის ვიტალური მოთხოვნილებების დაკმაყოფილების წყაროს წარმოადგენდეს. ხოლო ამ სივრცეში აღმოჩენილი ნიღაბი გმირების (ისევე როგორც მაყურებლის) ფარისევლურად  მორგებული „სახის“  გამოხატულება ხდება. როდესაც ბილი ამ ნიღაბს დაინახავს, მისი დაღლილი და ტრაგიკული სახე ბავშვური ქვითინით იფარება. თუმცა, სწორედ ამ მომენტში ტოვებს წარმოსახვით სამყაროს და რეალობას უბრუნდება, რასაც შემდგომი სიტყვები მოსდევს:  „ყველაფერს დაწვრილებით მოგიყვები".

            

 III. გამოღვიძება

         ნიკოლ კიდმანის და ტომ კრუზის პერსონაჟების სასიყვარული ინტრიგების, მისტიკის, ანონიმური ორგიებისა და ბუნდოვანი ნარატიული გადაწყვეტილების შემდგომ, კუბრიკი ფილმს იმედით სავსე დასასრულით ამთავრებს, სადაც სიყვარული ყველანაირ წინაღობას ანგრევს. ფილმის დასკვნითი სცენისას გმირები საყიდლებზე მიდიან. სურათი რომელიც მათი საძინებელ ოთახში განმარტოებით დაიწყო, საჯარო მაღაზიის ფონზე მთავრდება. მაღაზიის შუაგულში, სადღესასწაულო მუსიკისა და სიცილის ფონზე, შობის მაგიური განწყობა იქმნება. იმის მიუხედავად, იყო თუ არა ფილმში რეპრეზენტირებული ღალატი რეალური, თუ  განასახიერებდა წარმოსასხვას, მონოგამიური ურთიერთობის რღვევის საფრთხე არსებობს და ორივე გმირი ეტაკება ფაქტს, რომ მათი ქორწილი არ არის იმუნური ამ იდუმალი და ხშირად დაუძლებელი სურვილების გამო. გმირები ბედნიერები უნდა იყვნენ იმ გამოცდილების მიღებით, რაც ამ კონფლიქტმა მოუტანათ. მათი ამოცანა კი ხდება წინსვლა, რათა არ იცხოვრონ წარსულით; როგორც ალისა განმარტავს, მთავარია რომ მათ გამოიღვიძეს. ბილის შეკითხვა იმის შესახებ თუ რამდენად შეძლებენ ისინი ურთიერთგაგების შენარჩუნებას, პასუხია- სამუდამოდ. არ იციან თუ რას მოიტანს მომავალი, მაგრამ ეს მაინც ოპტიმისტური ფინალია. ქალმა  იცის რომ ქმარი უზომოდ უყვარს და ფილმის ფინალში გამოთქვამს ვარაუდს რომ არსებობს რაღაც "ძალიან მნიშვნელოვანი", რაც მათ რაც შეიძლება მალე  უნდა გააკეთონ, რასაც კიდმანის გმირი ფილმის უკანასკნელ სიტყვად იტყვის და კუბრიკი შემოქმედებით კარიერას ამ სიტყვით დაასრულებს. ეს სიტყვაა- სექსი, ჟიმაობა (Fuck)- ფიზიკური ურთიერთკავშირი, რომელიც გმირებს მარტო დარჩენის საშუალებას აძლევს, რათა გაიცნონ ერთმანეთი და გააქრონ სამყარო (გაახილონ ფართოდ დახუჭული თვალები).

კუბრიკი კუბრიკი რომ არ ყოფილიყო და ცხოვრებისეული ბანალობები პირდაპირი გზით გადმოეცა, მივიღებდით კოშმარულ სცენას, სადაც ელისი აუღელვებლად და მსუბუქი ირონიით გადმოცემდა ფინალურ სიტყვას და Happy End-ს მდორე რეალობით შეცვლიდა: „ბილ, დავიღალე შენი ტრაგიკული სახით. ჩვენი ურთიერთობა მოსაწყენია. მყარი ურთიერთობისთვის მზად არ ვარ. შემეშვი“. ვინ იცის, თუ რა პასუხს გასცემდა ბილი, ან რას მოიმოქმედებდა, თუმცა ერთი რამ ნათელია: „ზამთრის ზღაპარზე“ ოცნება დროებით დასრულებულია, იმისდა მიუხედავად რომ მისი ყოველი სიზმარი ელისის სახით იწყება და მთავრდება. შოსტაკოვიჩის ვალსი კი ამ ზმანების მუდმივი საუნდტრეკია.

 

(პირველად გამოქვეყნდა ონლაინ-ჟურნალში Magnette Magazine-ში; 2017 წ, 30 ივნისი)

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული