- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ სიმონ დე ბოვუართან
1965 “The Paris Review”
მთარგმნელი: დიანა მაკალათია
ბოლო შვიდი წელია მემუარებზე მუშაობთ, სადაც აღტაცებით წერთ თქვენი საქმიანობის, პროფესიის შესახებ. მაინტერესებს, რამ გიბიძგათ წერისკენ, იყო თუ არა ეს განპირობებული რელიგიური რწმენის დაკარგვით?
უკვე რვა წლის ასაკიდან დავიწყე მოთხრობების წერა, ვაღიარებ, ამას სხვა ბევრი რვა წლის ბავშვიც აკეთებდა, თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავდა იმას, რომ მათ ჩემს მსავსად წერისადმი ნამდვილი მიდრეკილება ჰქონდათ. ჩემს შემთხვევაში, წერა მომავალ საქმიანობადაც მესახებოდა, რაც იმ პერიოდში დიდი გარდატეხის წყალობით მოხდა-დავკარგე და გავთავისუფლდი რელიგიური რწმენებისაგან. სიმართლეა ისიც, რომ როცა წიგნებს ვკითხულობდი, მაგალითად ისეთს, როგორიცაა ჯორჯ ელიოტის „წისქვილი ფლოსზე“, იმდენად ღრმად ჩამითრევდნენ, რომ ჩემში ძალიან დიდი სურვილი იღვიძებდა ავტორთან ჩემი თავის გაიგივების, იმ ადამიანთან მიმსგავსების, რომლის წიგნებსაც სხვების გარდასახვა შეეძლო.
გხიბლავთ თუ არა ინგლისური ლიტერატურა და ხომ არ განიცდით მის გავლენას?
ბავშვობიდან ჩემი მთავარი გატაცება ინგლისურის სწავლა იყო. ჩემთვის ინგლისური საბავშო ლიტერატურა უფრო მეტადაა შთამბეჭდავი, ვიდრე ის, რაც ფრანგულად არსებობს. ბავშვობაში ისეთი წიგნების წაკითხვა მიყვარდა, როგორიცაა: „ელისი საოცრებათა ქვეყნიდან“, „პიტერ პენი“, ჯორჯ ელიოტისა და როსამონდ ლემანის წიგნები.
მაგალითად, ლემანის „დამტვერილი წერილი?“
დიახ, შესანიშნავი წიგნია, ძალიან მიყვარდა, თუმცა დღეს უკვე მეორეხარისხოვანი გახდა. ჩემი თაობის გოგოები აღმერთებდნენ მას. საკმაოდ ახალგაზრდა ავტორმა ბევრი გოგოს გულის მონადირება შეძლო, მან იცოდა მოზარდი გოგონების შესახებ ყველა მითი, სიმპათიური და მომხიბვლელი ახალგაზრდა ბიჭების საიდუმლო ცხოვრების შესახებ და სხვა მრავალი. მოგვიანებით წავიკითხე ემილი ბრონტესა და ვირჯინია ვულფის წიგნები: „ორლანდო“, „მისის დოლოვეი“, ასეცე „ტალღები“, რომელმაც ყველაზე ნაკლებად დამაინტერესა. ძალიან შემიყვარდა მისი წიგნი ელიზაბეტ ბარეტ ბრაუნინგის შესახებ. იმ პერიოდში ნამდვილად მშურდა ინგლისური საუნივერსიტეტო ცხოვრების, რადგან ვცხოვრობდი სახლში, სადაც არ მქონდა საკუთარი ოთახიც კი, ფაქტიურად არაფერი მქონდა. იმის გამო, რომ ცხოვრება მაინცდამაინც თავისუფალი არ მქონდა, მეორეს მხრივ, უფრო დაცულად ვგრძნობდი თავს და ეს იმ დროს მნიშვნელოვნად მეჩვენებოდა.
ვირჯინია ვულფი ახსენეთ, რას იტყვით მისი წერილების შესახებ?
წერილები ზედმეტად მხატვრული აღმოჩნდა ჩემთვის, რამაც ნაკლებად დამაინტერესა. მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის უცხოა, ვთვლი, რომ ეს წერილები საოცარია. დიდი შთაბეჭდილება მოახდინა „საკუთარმა ოთახმა“, სადაც ის საუბრობს ქალის მდგომარეობის შესახებ, ესეს მცირე მოცულობის მიუხედავად, ის ზუსტად გადმოსცემს სათქმელს და ძალიან კარგად ხსნის იმას, თუ რატომ არ შეუძლიათ ქალებს წერა. ვირჯინია ვულფი ის მწერალია, რომელიც ჩემი ინტერესის ქვეშ დიდი ხნის მანძილზე იყო და ახლაც არის. ნანახი გაქვთ მისი რომელიმე ფოტო? საოცარი მარტოსულობა გადმოდინდება სახიდან... შემიძლია ვთქვა, რომ ვირჯინია კოლეტზე მეტად მხიბლავს, რადგან ეს უკანასკნელი წერაზე უფრო ყოფით, საოჯახო საქმეებში იყო ჩართული. ვირჯინიას შემოქმედება კი უფრო ფართო და ღრმაა.
მისი წიგნები თარგმანში წაიკითხეთ?
არა ორიგინალში, ინგლისურად უფრო კარგად ვკითხულობ, ვიდრე ვსაუბრობ.
ფიქრობთ, რომ კოლეჯის ან უნივერსიტეტის განათლება მნიშვნელოვანია მწერლისთვის?
უნივერსიტეტმა ფილოსოფიის შესახებ ზედაპირული ცოდნა მომცა, თუმცა, მისდამი ინტერესი გააღრმავა. ყველაზე დიდი გამოცდილება მასწავლებლობამ შემძინა - ეს იყო შესაძლებლობა დროის დიდი ნაწილი კითხვის, წერისა და თვითგანვითარებისთვის დამეთმო. იმ პერიოდში სასწავლო პროგრამა გადატვირთული არ ყოფილა. ჩემმა მუშაობამ, კვლევითმა საქმიანობამ მომცა მყარი საფუძველი სახელმწიფო გამოცდის ჩაბარებისთვის. მხოლოდ ზოგადი კულტურით დაინტერესების შემთხვევაში კი ამას ვერ შეძლებდი. უნივერსიტეტმა საშუალება მომცა, მესწავლა წერის გარკვეული აკადემიური მეთოდი, რაც დამეხმარა „მეორე სქესზე მუშაობისას“ და შემდგომ საქმიანობაშიც. ამ ყველაფერში ვგულისხმობ კითხვის სწორი, სწრაფი სტრატეგიის ცოდნას, მნიშვნელობების მიხედვით ტექსტების დახარისხებისა და კლასიფიკაციის, ანალიზის, შეჯამებისა და ტექსტში ნავიგაციის უნარს.
კარგი მასწავლებელი იყავით?
სრულებით არ ვფიქრობ, რომ კარგი მასწავლებელი ვიყავი, რადგან მხოლოდ ბრწყინვალე სტუდენტები მაინტერესებდა და არა ყველა მათგანი, როცა კარგი მასწავლებელი ყველა სტუდენტით უნდა ინტერესდებოდეს. მაგრამ თუ შენ ფილოსოფიას ასწავლი, ეს ასე თავისთავად ხდება, ამას ვერაფრით უშველი. აუდიტორიაში სულ ოთხი თუ ხუთი სტუდენტი იყო, რომლებიც ღრმად ინტერესდებოდნენ სხვადასხვა საკითხით და მსჯელობდნენ მის ირგვლივ, სხვებს ეს ნაკლებად ანაღვლებდათ, მე კი ამ უკანასკნელებზე დიდად არ ვდარდობდი.
ათი წელი წერდით, სანამ 35 წლის ასაკში თქვენი პირველი ნაშრომი არ გამოაქვეყნეთ, რითი იყო ეს დაგვიანება განპირობებული?
იმ დროს წიგნის გამოქვეყნება საკმაოდ უჩვეულო იყო ახალგაზრდა მწერლისთვის. მხოლოდ ერთი ან ორი შემთხვევა მახსენდება ასეთი. სარტრსაც კი არ გამოუქვეყნებია 35 წლამდე, სწორედ ამ ასაკში გამოსცა მან „გულისრევა“ და „კედელი“. პირველად, როცა ჩემი წიგნის „ის მოვიდა, რათა დარჩეს“ გამოქვეყნებაზე უარი თქვეს, საშინლად უსიამოვნო შეგრძნება დამეუფლა. სწორედ მაშინ ვიფიქრე, რომ უფრო მეტი დრო უნდა დამეთმო წერისთვის და ნელა მემუშავა. ბევრი მაგალითი ვიცოდი მწერლების, რომლებიც წერის დაწყებასაც კი საკმაოდ დიდ დროს უთმობდნენ. ამ დროს ხალხს სტენდალის მაგალითი მოჰყავს ხოლმე, რომელსაც 40 წლამდე წერა არ დაუწყია.
რამდენად გაინტერესებთ ამერიკელი მწერლები?
„ის მოვიდა, რათა დარჩეს“ წერისას, სრულიად ჰემინგუეის გავლენის ქვეშ ვიყავი, ის იყო მწერალი, ვინც მასწავლა მარტივი დიალოგების წერა და ცხოვრებაში მცირე მოვლენებისთვის მნიშვნელობების მინიჭება.
ბევრი საუბრობს იმის შესახებ, რომ საკმაოდ დისციპლინირებული ადამიანი ხართ და არცერთ დღეს მუშაობის გარეშე არ ტოვებთ. ჩვეულებრივ რა დროს იწყებთ სამუშაო საათს?
ყოველთვის ვჩქარობ და ვცდილობ, რაც შეიძლება ადრე დავიწყო, ჯერ ვსაუზმობ, ვსვამ ჩაის, დაახლოებით 10 საათზე ვიწყებ მუშაობას და 13:00 - მდე ვაგრძელებ. ამის შემდეგ ვხვდები მეგობრებს და 17:00 ისევ ვუბრუნდები სამსახურს. თქვენთან დამშვიდობების შემდეგ კი ალბათ გაზეთს წავიკითხავ ან საყიდლებზე წავალ.
როდის ასწრებთ სარტრთან შეხვედრას?
ყოველ საღამოს, ხშირად კი ლანჩის დროს. შუადღით კი ზოგჯერ მის მაგიდასთან ვმუშაობ.
«სხვების სისხლსა» და «ყველა კაცი მოკვდავიაში» თქვენ დროის პრობლემაზე საუბრობთ, განიცდიდოთ თუ არა წერისას ჯოისის ან ფოლკნერის გავლენას?
არა, ეს პირადი აზრებია, დროის მსვლელობის გაცნობიერების განცდა ყოველთვის წარმოადგენდა ჩემი ფიქრის საგანს. ჯერ კიდევ, როცა 20 წლის ვიყავი, იმის წარმოდგენა, რომ შეიძლებოდა 30 წელს მალე მივახლოვებოდი საშინლად მთრგუნავდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, რომ დროს შეეძლო ბევრი რამის წართმევა ჩემთვის. ამავე დროს გაცნობიერებული მქონდა, რა შეიძლებოდა მიმეღო ცხოვრების გარკვეული პერიოდიდან, თუმცა, ყველაფრის მიუხედავად, მაინც შეშინებული ვიყავი დროის მოუხელთებლობის გამო და იმ ფაქტით, რომ სიკვდილი ახლოს შეიძლებოდა ყოფილიყო. ჩემთვის დროის პრობლემა სწორედ სიკვდილს უკავშირდება და იმ ფაქტს, რომ დროით გამოწვეული ლპობის საშინელებასთან ჩვენი მიახლოება გარდაუვალია.
სარტრი თავის ნაშრომებში თქვენგან განსხვავებით, სიკვდილის დამანგრეველ ბუნებაზე ნაკლებად საუბრობს, რითი შეიძლება ეს აიხსნას?
«სიტყვებში» წერს, რომ მას არასდროს უგრძნია სიკვდილის სიახლოვე მისი თანამედროვე მწერლებისგან განსხვავებით. სარტრი ხელოვნების გზით თავს უკვდავად თვლიდა. ის ყველაფერს საკუთარ ნაშრომებში დებდა, იმ იმედით, რომ სწორედ ისინი გაუძლებდნენ დროს და გადარჩებოდნენ. სარტრი ფიქრობდა, რომ ცხოვრება სიტყვებში შეგეძლო დაგეჭირა.
თქვენი აზრით, რატომ რჩება სარტრი თავისი 20 წლიანი რეპუტაციის მიუხედავად, დღესაც გაუგებარი როგორც მწერალი?
ეს პოლიტიკური მიზეზების გამო ხდება. სარტრი ის ადამიანია, ვინც იმ კლასს უპირისპირდებოდა, რომლის წარმომადგენელიც თავად იყო, ამან განაპირობა მათ მიერ მისი მტრად და მოღალატედ აღქმა. თუმცა, ეს არის ის კლასი, რომელსაც აქვს ფული, რასაც წიგნების ყიდვა შეუძლია. სარტრის სიტუაცია პარადოქსულია. ის ანტიბურჟუა მწერალია, რომელსაც ბურჟუები კითხულობენ და ადიდებენ, როგორც მათ პროდუქტს. ბურჟუაზიას აქვს მონოპოლია კულტურაზე და ამიტომ ფიქრობს, რომ მან შვა სარტრი. მაგრამ ამავდროულად მას სიძულვილის გრძნობა უჩნდება მისდამი, რადგან სარტრი ის მოაზროვნეა, რომელიც ყოველთვის უტევს და ეწინააღმდეგება ბურჟუაზიულ იდეოლოგიას.