• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ნობელისთვის მზად არ ვიყავი

×
ავტორის გვერდი ლუიზ გლიკი 06 ოქტომბერი, 2020 2599

მთარგმნელი: ინგა ჟღენტი

,,ამისთვის მზად არ ვიყავი“, ამბობს ლუიზ გლიკი ნობელის პრემიის მიღებასთან დაკავშირებით  ნიუ იურკ ტაიმსისთვის მიცემულ ინტერვიუში.  

,,წარმოუდგენლად მოულოდნელი იყო, რომ ჩემს ცხოვრებაში ოდესმე დადგებოდა მომენტი, როდესაც  ამ კონკრეტული ფაქტის პირისპირ აღმოვჩნდებოდი.“

 

გთავაზობთ გლიკის ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო ამონარიდს:

  • ,,არ ვთვლი, რომ  ჩემი ძალისხმევა და წარმატება  განსაკუთრებულია.“
     
  • „ჩემი მიზანი არ არის საკუთარი დაცემითა თუ მარცხით მოვექცე ყურადღების ცენტრში, არამედ მე  ყურადღებას ვუთმობ იმ ადამიანების მცდელობებსა და სიხარულს, რომლებიც, უბრალოდ, იბადებიან და შემდეგ იძულებულნი არიან, რომ გაუძლონ არსებობის სიმძიმეს.“
     
  • „ძალიან კომუნიკაბელური ადამიანი ვარ. რადგან ინტერვიუებზე ხშირად უარს ვამბობ, არ ნიშნავს, რომ კარჩაკეტილად ვცხოვრობ.“ 

2020 წლის 6 ოქტომბერს, სამშაბათს, ლუიზ გლიკმა ნობელის პრემია მიიღო ლიტერატურაში. დილის 7 საათიდან მის ტელეფონზე ზარები არ წყდებოდა. ჟურნალისტებმა მისი სახლის ქუჩაზე (კემბრიჯი, მასაჩუსეტი) დაიწყეს თავმოყრა.  ყურადღების ამ ერთბაშად მოვარდნილ ნიაღვარს პოეტმა   ,,კოშმარული” უწოდა.

ორმოცდაათწლიანი მოღვაწეობის განმავლობაში გლიკმა გამოსცა ლექსების თორმეტი კრებული და მიიღო თითქმის ყველა პრესტიჟული ლიტერატურული პრემია: წიგნის  ეროვნული ჯილდო, პულიცერის პრემია, წიგნის კრიტიკოსთა საზოგადოების პრემია და ამერიკის ეროვნული მედალი ჰუმანიტარული მეცნიერებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.   

მის ლექსებში კრიტიკოსები და პოეტები განსაკუთრებით აფასებენ თავისუფლებისა და უშუალობას შეგრძნებას და სათქმელის, როგორც აღიარების, გადმოცემის განსაკუთრებულ მანერას.

,,მისი ლექსები შინგან სამყაროსთან დიალოგს ჰგავს. შესაძლოა, ის საკუთარ თავს ესაუბრება, ან ჩვენ გვესაუბრება. ეს, გარკვეული თვალსაზრისით, ირონიაცაა“, -  განაცხადა მისმა ძველმა მეგობარმა და რედაქტორმა ჯონათან გალასმა. (Farrar, Straus & Giroux -ის პრეზიდენტი. ) ,,მისი პოეზიის ერთადერთი უცვლელი და განუყოფელი მახასიათებელი სწორედ ამ შინაგანი ხმის ჟღერადობაა. ის ყოველთვის გადმოსცემს იმ იდეალური მოცემულობის  გამოცდილებასა და შთაბეჭდილებას, რომლის მიღწევა შეუძლებელია.“

გლიკი  ორჯერაა განქორწინებული და ამჟამად მარტო ცხოვრობს. მისთვის   ბოლო თვეები განსაკუთრებით მძიმე იყო - პანდემიამდე ის კვირაში ექვსჯერ ყოველ  საღამოს მეგობრებთან სადილობდა. გაზაფხულზე შემოქმედებითი პაუზა ჰქონდა, მაგრამ მაინც შეძლო ახალი კრებულის დასრულება. წიგნის გამოცემას ეფესჯი (FSG)  მომავალ წელს გეგმავს. ,,ამ წიგნით ცხოვრების სირთულეებს გადავაგორებთ ისე, რომ ცხოვრების მეორე მხარეს ხელოვნება შემოგვეგებება,“ - განაცხადა ავტორმა ახალი კრებულის შესახებ.

ნიუ იორკ ტაიმსი გლიკს ნობელის პრემიის მიღებიდან რამდენიმე საათში ესაუბრა. გთავაზობთ საუბრის შემოკლებულ და რედაქტირებულ ვერსიას.

 

  • ეს ამბავი პირველად როგორ შეიტყვეთ?
     

დილით, დაახლოებით შვიდს რომ თხუთმეტი აკლდა, ტელეფონმა დარეკა. ახალგაღვიძებული ვიყავი. ადამიანმა,  რომელიც  შვედეთის აკადემიის მდივნად გამეცნო, მითხრა: ,,გირეკავთ და გატყობინებთ, რომ თქვენ მიიღეთ ნობელის პრემია.“  არ მახსოვს, რა ვუპასუხე, მაგრამ ჩემს პასუხში რაღაც ეჭვი და გაუგებრობა იგრძნობოდა. ვფიქრობ, ამისთვის მზად არ ვიყავი.

რა იგრძენით, როდესაც გააცნობიერეთ, რომ ეს ყველაფერი რეალობა იყო?

სრულიად განცვიფრებული ვიყავი იმით, რომ არჩევანი თერეთრკანიან ამერიკელ ლირიკოს პოეტზე შეაჩერეს. ჩემი ქუჩა ახლა ჟურნალისტებითაა სავსე. ადამიანები მუდმივად აღნიშნავენ, თუ როგორი თავმდაბალი ვარ. ამ დროს, არ ვარ.  გამარჯვებას არ ველოდი - ვფიქრობდი, ეს შეუძლებელია, რადგან იმ ქვეყნიდან ვარ, რომელიც ახლა გულზე არავის ეხატება, თან ამერიკელებს ხომ ყველა ჯილდო უკვე აღებული აქვთ.   წარმოდგენლად მოულოდნელი იყო, რომ ჩემს ცხოვრებაში ოდესმე დადგებოდა მომენტი, როდესაც  ამ კონკტერული ფაქტის პირისპირ აღმოვჩნდებოდი.“

როგორ ცხოვრობდით პანდემიის გამო  იზოლაციის პირობებში? ამ პერიოდმა წერაზე  თუ იქონია  გავლენა?

მე ცვალებადი და არასტაბილური მწერალი ვარ, რაც წერის მერყევ გრაფიკს გულისხმობს. თითქმის ოთხი წელია წიგნზე ვმუშაობ და ამ პროცესით დავიტანჯე.  შემდეგ უკვე ივლისსა და აგვისტოში რამდენიმე ახალი ლექსი დავწერე სრულიად მოულოდნელად, მერე უცებ ვიგრძენი, რომ შემეძლო დაწერილის დახვეწა და დასრულება. საოცარი განცდა დამეუფლა.  ჩემს ჩვეულ ეიფორიასა და შვების შეგრძნებას კოვიდი  აფერხებდა, რადგან  ყოველდღიურ შიშთან და აუცილებელ შეზღუდვებთან გამკლავება მიწევდა.

რაზეა თქვენი ახალი კრებული?

მარცხზე, დასასრულზე. წიგნში ბევრი მწუხარებაა,  ბევრი კომედიაც, ხოლო თავად  ლექსები სიურრეალისტურია. სიკვდილზე წერის დაწყების წამიდან ვწერ. დაახლოებით 10 წლის რომ ვიყავი, რომ უკვე ვწერდი სიკვდილზე. დიახ, ასე იყო, თან მაშინ ხომ სიცოცხლით სავსე და ხალისიანი გოგონა ვიყავი. სიბერე უფრო რთული აღმოჩნდა, ვიდრე მეგონა.  ეს მხოლოდ სიკვდილთან მიახლოების  განცდა არ არის, არამედ ეს ის რეალობაა, როდესაც შენს განსაკუთრებულ შესაძლებლობებს, როგორებიცაა  ფიზიკური მომხიბვლელობა და უნარები, საფრთხე ემუქრება. ამაზე ფიქრი და წერა კი ძალიან საინტერესოა.

თქვენს პოეზიაში სათქმელს ხშირად ამბობთ კლასიკური მითოლოგიის ელემენტების გამოყენებით, ხოლო უფრო  ბოლო პერიოდის ინტიმური ხასიათის ლექსებში,  ოჯახურ ურთიერთობებსა და კავშირებზე  აქცენტირება მითიურ არქეტიპებთანაა შერწყმული. როგორ მიდიხართ ამ სახეებთან და ეს სახე-სიმბოლოები როგორ ზემოქმედებს სათქმელის გადმოცემის თქვენეულ პოეტურ სტილზე?

ყველა,  ვინც კი რამეს წერს,  წერისთვის აუცილებელ საზრდოს და ენერგიას მოგონებებიდან იღებს, ასევე ბავშვობის იმ მოგონებებიდან, რომლებმაც აგაღელვა, შეგცვალა და სულიერად გამოგაფხიზლა. ჩემი შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებული მშობლები ბერძნულ მითებს მიკითხავდნენ და მერე, როდესაც დამოუკიდებლად კითხვა შემეძლო, თვითონ გავაგრძელე მათი კითხვა. ჩემთვის ბერძნული ღმერთების და გმირების სიმბოლოები უფრო მეტყველი და რეალური იყო, ვიდრე ლონგ აილენდის კვარტლებში მცხოვრები ბავშვების სახეები. ეს იმას არ ნიშნავს,  რომ ეს ყველაფერი ჩემი შემოქმედებისთვის  ინტელქტუალურობის ელფერის მისაცემად გამოვიყენე. ამბებს თვითონ ვიგონებდი.  ზოგიერთი მითიური ამბავი ჩემში მართლაც დადებით ემოციას იწვევდა, განსაკუთრებით პერსეფონეს მითი, რომელსაც თითქმის 50 და მეტი წელია ვწერ. ვფიქრობ, დედაჩემთან ისეთი ტიპის კონფლიქტი მქონდა, როგორიც ყველა ამბიციურ გოგოს შეიძლება ჰქონდეს. ისე არ გაიგოთ, თითქოს  ეს კონფლიქტი ჩემი ყოველდღიურობის სასიამოვნო და სასარგებლო მხარე იყო, მაგრამ წერის დროს, ნაცვლად იმისა, რომ დედაზე უკმაყოფილება გამომეთქვა, ჯავრს  დემეტრაზე  ვიყრიდი ხოლმე.

თქვენს პოეტურ ხმას სილვია პლათის სტილს ადარებენ და ამბობენ, რომ გლიუკის ლექსები ინტიმური და აღსარებითია. შემოქმედებაში  რა მასშტაბით ეყრდნობით და იყენებთ თქვენს გამოცდილებას  და რა კუთხით ეხებით ზოგადსაკაცობრიო უნივერსალურ  საკითხებს?

ბავშვობიდან დაწყებული მუდმივად საკუთარ გამოცდილებას და შთაბეჭდილებას ეყრდნობი და იყენებ, რადგან ეს შენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. მე არქეტიპული გამოცდილება მაინტერესებს და არ ვთვლი, რომ  ჩემი ძალისხმევა და წარმატება განსაკუთრებულია. ჩემი მიზანი არ არის საკუთარი დაცემითა თუ მარცხით მოვექცე ყურადღების ცენტრში, არამედ  მე ყურადღებას ვუთმობ იმ ადამიანების მცდელობებსა და სიხარულს, რომლებიც უბრალოდ იბადებიან და შემდეგ იძულებულნი არიან, არსებობის სიმძიმეს გაუძლონ. ბავშვობაში თავზარდამცემი და შოკისმომგვრელი იყო ჩემთვის იმის გაცნობიერება, რომ ერთ დღესაც სიცოცხლე  სიკვდილით უნდა დამთავრდეს. ვფიქრობ, ამიტომ ვწერ ამდენს სიკვდილზე, მოკვდავობასა და წარმავლობაზე.

 

კარიერის მანძილზე თქვენ არაერთი სხვადასხვა პოეტური ფორმა სცადეთ და გამოიყენეთ. მიუხედავად ამისა, თქვენი ხმა დღემდე გამორჩეული და განსაკუთრებულია. იყო თუ არა განსხვავებული პოეტური ფორმების გამოყენება  გამიზნული, გაცნობიერებული მცდელობა, რათა საკუთარი თავისთვის  მუდმივად ბიძგი მიგეცათ?

დიახ, ეს ჩემი სტილია.  წერა ხომ თავგადასავლის ძიებაა.   მინდა, მივაღწიო იმ წერტილს, რომლის  შესახებაც თავად არაფერი ვიცი. მინდა,  უცნობ რეალობაში აღმოვჩნდე, როგორც  უცხო და შორიდან მოსული. ასაკის მატებასთან დაკავშირებული ერთ-ერთი პოზიტიური ასპექტი  ახალი გამოცდილებაა.  სხეულის დაუძლურება არ არის მაინცდამაინც ის მოცემულობა, რასაც ადამიანები სიხარულით ელოდებიან, მაგრამ  პოეტისთვის, ან მწერლისთვის ეს მდგომარეობა უაღრესად ღირებული შეიძლება გახდეს. შემოქმედმა ყოველთვის უნდა შეინარჩუნოს  გაოცების უნარი  და ეცადოს, თავი ისევ დამწყებად იგრძნოს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მე პირადად ცრემლები დამახრჩობდა. ყოფილა მომენტები, როდესაც მიფიქრია, რომ ლექსი უნდა დავწერო, ამ თემაზე კარგი ლექსი გამომივა, მაგრამ მერე ვხვდები, რომ ეს უკვე დავწერე.

როგორ ფიქრობთ, სიბერე რა გავლენას ახდენს თქვენზე, როგორც პოეტზე,  რომ თქვათ ახალი სიტყვა?

უბრალოდ, ხვდები, რომ აქა-იქ შესაფერის არსებით სახელს ვერ პოულობ და შენს წინადადებებში ხარვეზებია, რის შემდეგაც გიწევს მთელი წინადადების სტრუქტურის შეცვლა, ან საერთოდ თავის მინებება. თან აცნობიერებ, რომ ასეთი ამბავი მანამდე არ მოგსვლია.  მიუხედავად იმისა, რომ ეს უიმედო და უსიამოვნო  მდგომარეობა ავისმომასწავებელია, შემოქმედის თვალთახედვიდან, გარკვეულწილად ამაღელვებელიცაა, რადგან  რაღაც სიახლის პოვნა აქაც შესაძლებელია.

თქვენს სტილს აღწერენ, როგორც თავისუფალს და მინიმალისტურს. არის თუ არა ეს თქვენი ბუნებრივი წრის ის მანერა, რაც თანდაყოლილა გაქვთ, თუ ეს ისეთი რამაა, რაც ისწავლეთ, განავითარეთ და თანდათან დახვეწეთ?

დიახ, ასეა, ზოგჯერ  მინიმალისტურად ვწერ. ზოგჯერ პირიქით - ვრცლად. ხმაზე, სტილზე, რომელიც შენს სათქმელს ამბობს,  ვერ იმუშავებ.  წინადადება თვითონ და თავისთავად პოულობს გამოხატვის გზას, ფორმას. მესმის, რომ ეს  ორაზროვნად ჟღერს. წერის სტილი, პოეტის ხმა განსახილველად რთული ფენომენია. ვფიქრობ, მე სინტაქსი  მხიბლავს და მის ძალას ყოველთვის ვგრძნობ, ხოლო ის ლექსები, რომლებმაც ჩემზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა, დიდი ვერბალური მრავალფეროვნებით არ გამოირჩევა. ასეთი პოეტები ბლეიკს და მილტონს ჰგვანან, რომელთა სინტაქსისი, უბრალოდ, აღგაფრთოვანებს, რადგან მასში დევს სათქმელის გადმოცემის მთელი ხელოვნება.

თქვენ იელში კითხულობთ ლექციებს  და ხშირად გითქვამთ, რომ სწავლების პროცესი  იმ სირთულეების დაძლევაში გეხმარებათ, რომლებიც წერას თან ახლავს.  როგორ ფიქრობთ, რა გავლენა იქონია სწავლებამ თქვენზე, როგორც მწერლის ჩამოყალიბებაზე?

როცა ასწავლი, მუდმივ სიახლეებთან და მოულოდნელობებთან გაქვს შეხება. იდეების და აზრების გადალაგებით სტუდენტების აღფრთოვანება უნდა შეგეძლოს. მე ჩემი სტუდენტები დღემდე მაოცებენ და მაცვიფრებენ. იყო ეტაპი, როდესაც ვერ ვწერდი, მაგრამ სხვის დაწერილს ყოველთვის ვკითხულობ.

მადლობას გიხდით დრო რომ დაგვითმეთ. რამეს ხომ არ დაამატებდით?

თუ ფიქრობთ, რომ რაღაცის თქმას  ვაპირებდი, მაგრამ განზრახ თავი ავარიდე, ან გადავიფიქრე, ასე არ არის. გრძელვადიან პერსპექტივაში რისი თქმაც მინდა, ეს ჩემს ლექსებში ჩანს, სხვა დანარჩენი კი უბრალოდ თავშესაქცევი გართობაა.

ესაუბრა ალექსანდა ოლტერი

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული