• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

მარინა

×
ავტორის გვერდი ტ.ს. ელიოტი 31 მაისი, 2021 1672
 
მთარგმნელი - ლუკა კუჭუხიძე
 
 
Quis hic lоcus, quae
regio, quae mundi plaga?1
 
 
რა ზღვები, რა ნაპირები, რა ნაცრისფერი კლდეები და რა კუნძულები
რა წყალი ხომალდს რომ არხევს
და ფიჭვის სურნელი და ნისლში შაშვი მგალობელი
რა ზმანებები გიბრუნდება შენ
გოგონავ ჩემო?
 
ვინც, ძაღლის დარად კბილს იბასრავენ
უტოლდებიან სიკვდილს
ვინც, კოლიბრთ დიდების დარად ბრმავდებიან
უტოლდებიან სიკვდილს
ვინც სიამოვნების საღორეებში სხედან
უტოლდებიან სიკვდილს
ვინც ცხოველთ ექსტაზში განისვენებენ
უტოლდებიან სიკვდილს
 
უსხეულონი გამხდარან თითქოს და დამცრობილან ქარით
ფიჭვების სუნთქვით, ტყეების ნისლით
სათნოებით, რომელიც ყველგან აღწევს.
 
რა არის ეს სახე, ასე უცნობი და უფრო ნაცნობი?
და მაჯისცემა შესუსტებული და უფრო ძლიერი?
ნიჭი არს ის თუ ვალად ნაბოძი? ვარსკვლავთ უფრო შორს და თვალით ჭვრეტაზე ახლოს,
ჩურჩული და სიცილი ფოთოლთა შორის და ნაბიჯები აჩქარებული
სიზმართა ქვეშ, სადაც ყოველი წყალი სხვა წყალს ხვდება.
 
ხომალდი გაიბზარა ამ ყინვებისგან და საღებავი ამ გვალვათაგან,
შევქმენ მე ეს ყოველივე და დავივიწყე
და კვლავ ვიხსენებ.
მოირყა გემსართავი, აფრა დაიფლითა 
ამ ივნისიდან იმ სექტემბრამდე
შეუცნობელი, ნახევრად ცნობიერი, უცნობი - ჩემად გავიხადე მე ეს ყოველივე.
დროა ღიობთა ამოვსების და ნაკერთა შედუღების 
ეს სახე, ეს ფორმა და ეს ცხოვრება
დაწყებული, იმ სიცოცხლისთვის, რომელშიც მე უკვე აღარ ვიქნები.
გიბრძანებ დატოვო ცხოვრება ჩემი, იმ მეორე ცხოვრებისთვის,
დატოვო სიტყვა ჩემი, ჯერ ართქმულისთვის
გაოცებული გაღვიძებისთვის, იმედისათვის, 
ახალ ხომალდთათვის, ახალ ჰორიზონტზე.
 
 
რა ზღვები. რა ნაპირები. გრანიტის რა მთები
ჩემს ძელებს რომ უახლოვდებიან
და შაშვის გალობა ნისლში
ჩემო გოგონავ.
 
 
 
 

ეს რა ადგილია, რა მხარე? სამყაროს რა ნაწილი?

სენეკა, „შეშლილი ჰერაკლე“
 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული