- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ედუარდ ჰარენცი დაიბადა 1981 წელს. დაამთავრა კაიროს სახელმწიფო უნივერსიტეტის არაბული ენისა და ლიტერატურის ცენტრი (2004) და ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტის მაგისტრატურა (2006).
იგი 10 პოეტური კრებულის ავტორია. მისი ლექსები არაერთხელ დაიბეჭდა სომხურ და უცხოურ ლიტერატურულ პრესაში, ანთოლოგიებში, ალმანახებში, წელიწდეულებსა და ენციკლოპედიებში.
ედუარდ ჰარენცი ყველა დროის ყველაზე ხშირად თარგმნილი სომეხი პოეტია. მისი პოეზია ითარგმნა და გამოიცა მსოფლიოს 70-ზე მეტ ენაზე.
2012 წლიდან არის სომხეთის მწერალთა კავშირის წევრი. მიღებული აქვს არაერთი ლიტერატურული ჯილდო. იგი "გრეთერთის" ხუთგზის გამარჯვებულია. 2013 წ. კრებულისთვის "ლეთარგიული გამოღვიძება" დაჯილდოვდა ირინა გიულნაზარიანის სახელობის პრემიით (აშშ-სომხეთი), "წლის საუკეთესო პოეტური წიგნი" I კლასის ჯილდო. 2016 წელს მიენიჭა საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდო „პეტერ ბოგდანი“ („წლის პოეზია - 2015“, კოსოვო). 2019 წელს მიიღო უმაღლესი საერთაშორისო ლიტერატურული პრემია „დარდანიკა“ (2019, ბელგია). 2020 წელს დაჯილდოვდა მსოფლიო ლიტერატურული გრან-პრით „პანორამა“ (ინდოეთი-იტალია). მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ საერთაშორისო პოეზიის ფესტივალში.
თავისუფლად ფლობს რამდენიმე უცხო ენას. ორიგინალიდან თარგმნის ფრანგულ, არაბულ და ებრაულ კლასიკურ და თანამედროვე პოეზიას. ფრანგულად თარგმნა თანამედროვე სომხური პოეზია.
***
ყოველ წამს ვკვდები
მომდევნო წამს კვლავ დაბადებით,
ჩემით ვჩნდები და
სიკვდილში კი თქვენ მეხმარებით.
სიკვდილისათვის პოემა ვარ,
ვიბადები, როგორც პოეტი,
როგორც არ უნდა მოვეფერო ტკივილის ხელებს,
მაინც არ ჰყოფნის, მეუბნება, რომ მოვენატრე.
პოემის კითხვა ცხოვრებას არ ეხალისება,
მხოლოდ ბედი სცემს პოეტებს თაყვანს,
მე ის სცენა ვარ, რომ აშორებს ბედს და ცხოვრებას,
გმირიც მე ვარ და თავი როლზე თავადვე ამყავს.
ყოველწამს ვკვდები,
მომდევნო წამს კვლავ დაბადებით.
***
ვან გოგმა ყური მოიშორა,
რადგან უკვე არ სჭირდებოდა,
გენიალური ჰანგი უკვე ხსოვნაში ჟღერდა.
ალ-მა არი კი სინამდვილეში იმდენს ხედავდა,
ზედმეტი იყო მისთვის თვალები.
ჩარენცს საფლავი არ გააჩნია,
რადგან იგი ჯერ არ მომკვდარა.
მარცხენა ხელით მივესალმე ადამიანებს,
მივაგებე მარჯვენა უფალს.
***
პოეტის დედა მშობიარობს
მხოლოდ ნახევრად.
მუდამ გრძელდება
ეს პროცესი
მომდევნო ლექსით...
***
მე, ის,
ვინც გუშინ უნდა
ეშვათ,
ხვალ დავიბადე. ‒
აწმყოც მე ვარ და
თქვენ ყველანი
სწორედ მე მცხოვრობთ.
***
დღეს, უფრო მეტად, ვიდრე არასდროს,
ვიწყებ ღმერთის ყოფნის საჭიროების ფლობას.
იმ შემთხვევაში, თუ ის არსებობს,
იმაზე მეტად, ვიდრე არასდროს,
იმ ლეგენდასაც დავიჯერებ,
რომ ვაჟიც ჰყავდა,
ჩვეულებრივი, ჩემნაირი ადამიანი,
თუმცა შეეძლო ზღვის ტალღების
ფეხქვეშ მომწყვდევა,
რადგანაც უკვე ამდენი წელი,
აი, უკვე რამდენი წელი,
კი არ დავდივარ,
უფრო დავრბივარ
სიყვარულისა და ტკივილის
ოკეანეზე.
***
ოცნებები... ოცნებები სულის ფრთებია,
რომლებიც სულზე ბევრად მაღლა დაფარფატებენ,
ბიოგრაფია ბედისწერის მხოლოდ ჩრდილია,
მაშინ ჩანს, როცა განათებას ბოლომდე ჩართავ.
აღსარებები პატიების თამაშებია,
და გრძელდებიან მაშინ, როცა ვამთავრებთ თამაშს.
დაბრუნებებმა გააჩინეს მონატრებები,
და გაცილებით ადრე, ვიდრე თავადვე გაჩნდნენ.
***
ახლა სათითაოდ ვწყვეტ დუმილის წამწამებს
და ვკემსავ ჩემს ლოცვას,
სიტყვის ფერმა რომ ჩამოარღვია,
ახლა ფერი ხმაზე მეტია,
და ახლა
ფეხშიშველი შევდივარ იმედის ეკლესიაში,
რათა ჩემმა ნაბიჯებმა ბედს
ხმის კვალი არ დაახატონ.
რამდენი ჩურჩულისგან რამდენი ნაფეხური გაბზარულა...
ხოლო ჩემი ნაკვალევი
ჩემი სიყვარულის ლოცვაა,
რომელიც არასდროს მთავრდება,
რადგან სიტყვა ვერ აფერადებს.
ახლა კი
მთავარ ფერს გაგიმხელ –
სიყვარული გრძნობის ლექსია...
არცერთი მუზა არ სჭირდება შთაგონებისთვის.
***
დღე ‒ მოკბეჩილი ფორთოხალი,
ქალწულის მენჯი...
ძაღლიშვილები წყურვილისგან
ჩაძაღლდებიან
საკუთარი საფეთქლების ლოკვით.
ანგელოზის ბალიში გაიოფლება
მისივე სიზმრით.
სიტყვის გაბზარული კვირისტავიდან
გამოწკრიალდებიან
სინათლის ბუშტები...
***
დღე სველია, როგორც კარი,
რომლითაც შენში შემოვდივარ,
ხმაურს ზურგს ვაქცევ,
თითქოს ტაძრიდან გამოვდიოდე...
ჩემით მთვრალ იმედის ბარძიმებს
ფეხი უცურავთ ყვავილებზე
და ნაფოტ-ნაფოტ
ქედს გიხრის ჩემი ზურგი
შენი ბრწყინვალე ზღურბლის
უსახო აფიქსებზე.
და შენ უცებ არხედვით ხედავ,
რომ მე მხოლოდ შენგან ვინგრევი,
ერთმანეთს აღარ მოიცავენ ჩვენი ხელები.
შენი ხელები ტაძარში დარჩნენ
და ლოცულობენ ჩახუტების
ნატვრით კილოზე.
***
შენი სიკვდილი შეიყვარე,
ჩემში, გოგონავ,
რათა იცხოვრო,
როცა მოვკვდები,
მაგრამ შენს სიკვდილს
დაავიწყე ჩემი სახელი,
რომ შენ არ მოკვდე,
როცა მე წავალ.
***
მოვა დღე, როცა
შენ თავს იპოვი, მაგრამ
ვერ იცნობ.
მოვა დღე, მაგრამ
გამომიცნობ,
რომ აღარ შეგხვდე.
მოვა დღე, როცა
დღეს ვიხილავთ,
მაგრამ ვერ ვიცნობთ...
***
ამ კანში სული რომ მეხუთება,
ქაღალდის თეთრი კანით ვსარგებლობ.
ხე დაუწერელ ლექსებს
მახსენებს,
რომ მავიწყდები,
ხეს ვეხუტები.
შენგან და შენთან
შენი სიტყვის სივრციდან
შენთან მოვდივარ.
შენ იცინი ჩემს დუმილს...
მე ვხდები შენი სული,
შენ ხდები ჩემს სულში...
შენ ღმერთებს მპარავ,
შენთან იბირებ,
ჩემს ცოდვას შენი ცოდვით ვანაცვლებ,
შენ ღმერთებს მპარავ
და მიგზავნი დღესასწაულებს,
შენი სიზმრის ნესტიან ხელისგულებს აბრტყელებენ,
რკინის ბრჭყვიალით ძარცვავენ შენს ღმერთს.
***
სიყვარული შეუძლებელი გრამატიკაა.
შეძელი დაიზეპირო
მჭიდროდ ამოზრდილი
არასდროსობის უღლებანი.
საზღვრისიქითა მოწყენილობის
ხეების ბრწყინვა
შინაგანი ზმნის ყველა კილოთი
გაანაოსნე.
****
შენი ლურჯი ძალიან წითელია,
ჩემი წითელი ძალიან თეთრი,
მე – ცხოვრებაში და მის გარეთ
ბედის ნათრევი გიჟი ფრინველი,
გულზე ირაო მამჩნევია – სურვილის კვალი.
სურვილებს – ღამით მფეთქავ თვალებს
მჭრელი ლოცვებით ვასველებდი.
ცა ჩემში, ცაში მე,
ცაში ფრთა გავშალე,
ჩემი ფრთის კვალი
– მხნეობის მომცემი,
ჩემი ძარღვები, ფრინველური, სუსტი, უფერო. .
ჩემი თვალების მონატრება თოვლად იქცევა,
მაგრამ იცის უძილო გულმა:
ჩემი ფრენის ლურჯი ძარღვისთვის
შემოუნახავთ ბროწეულებს ტკბილი სიზმარი.
მე ‒ მეწამული, მდნარი დაისი,
უკანასკნელი ფრინველი ‒ ფიფქი,
შესცივდა ჩემს ფრთებს?
თუ ეს შენი ხიბლის სითბოა?
რადგანაც ყოველთვის, როცა მეჩვენები,
შენი სახელისფრად კრთებიან ეთერები,
არავის მუზა ვარ,
ჩუმი და მდუმარი,
პოეტი – სიცოცხლის სიკვდილი თუ ვარ...
შენი ლურჯი ძალიან წითელია,
ჩემი წითელი – ძალიან თეთრი.
***
დავდივარ, როგორც ყვავილები აკმევენ სურნელს,
ამომეზარდა ნაბიჯები სიყვარულის სერპანტინებზე,
და ვცხოვრობ, როგორც მონატრება, გზას რომ გაჰყურებს,
ყვავილის სუნი დაბრუნებას როდის ინებებს.
მე სურნელს ვაფრქვევ და აგრძელებს სვლას ანგელოზი,
წკრიალით, როგორც წმინდა მწუხრი ანდა ცისკარი,
თოვლის დნობისას მიღვივდება სულში ლერწამი
და ვდუმვარ, როგორც თოვლი ცეკვავს და თოვლი მღერის.
ვიღიმი ისე, ცისარტყელას როგორც სდის ცრემლი,
ცრემლი სდის, მაგრამ ნესტს არ იკარებს,
მწამს ისე, როგორც პატიება შესწევთ ბაგეებს,
წამისთვის, გულში ერთადერთხელ რომ დაიბადა...
და ისე ვკვდები, როგორც ღეროს წყდება ყვავილი.
***
ჩემი სიტყვებიდან შენი სული ჟონავს,
ჩემს სიტყვებს შორის გაბზარული მინებიდან,
შენ – როგორც ლურჯის მწვანე ანარეკლი.
ჩემი გრძნობის ტბას აფენია შენი ჩრდილები,
რომელთაც ჩემი ოცნებების შროშანი მოსავთ
და სურთ ისუნთქონ ჩემი ცრემლი, როგორც მირონი.
ცრემლებს სუნთქავენ – ყოფის მირონს და მიცურავენ,
ღამის წყვდიადში ჩემი ბედის კუნძულისაკენ,
იქ წამწამები ხელუხლებელ სიზმრებს ჰყვებიან,
ტკივილისაგან გახუნდნენ და ჰყვებიან ზღაპრებს.
განთიადი კი კვლავ მიამბობს საკუთარ სიზმარს,
მე შენ გპოულობ, ჩემი სულის ფერებით მოსილს,
და სიტყვებისგან გაბზარული მინა იღიმის,
ჩემს ბზარებს შორის შენი სული მიჟონავს როცა.
**
მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი,
ჩემი გვარია სიყვარული,
სახელი – კოცნა,
რა გამომარჩევს?
მწვანე თვალები, მოლურჯო მთვარე,
კოსმოსის ძარღვი, სადაც დილა მოედინება.
მარადიული საუკუნის რიჟრაჟზე გავჩნდი,
ყოფნის ღიმილის წლის წამურ თვეში,
ლეგენდის იმ დღეს,
საიდუმლო რომ თენდებოდა,
მონატრების და დაბრუნების სიყვარულმა
შვა მითიური სხეული ჩემი.
ჰო, ერთი რამეც უნდა გითხრა,
ის, ვინც მე მიყვარს,
კოცნაა გვარად,
სიყვარულის სახელი ჰქვია,
მოდი, გავიცნოთ ერთმანეთი!