- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
დაივიწყე, რაც სხვა ჟურნალებში წაგიკითხავს. საზოგადოების ერთადერთი პროგრესული ელემენტი გარყვნილები და მუტანტები არიან. შეხედე ევოლუციას - თევზი, რომელიც არ გარდაქმნილა, ვერასოდეს იქცევა ამფიბიად; ბაყაყი, რომელსაც მუტაცია არ განუცდია, ვერ გახდება რეპტლია; გველმა-კონფორმისტმა ვერ შეძლო ძუძუმწოვრად ქცევა და ა.შ. ნორმალური ადამიანები ადამიანებად დარჩებიან. მათ ახალი ათასწლეულის მონსტრები გაანადგურებენ.
"Answer Me!"
ალბათ გასაკვირი იმაში არაფერია, რომ მეც ისევე მიწევს ეკო დეისაძეზე წერის დაწყება, როგორც სლავოი ჟიჟეკს დევიდ ლინჩზე. (lol) ვგულისხმობ იმას რომ ბატონი სლავოი, იმ ეთიკურ პარადოქსზე ამახვილებს ყურადღებას, როდესაც კონსერვატიული საოჯახო ფასეულობების მქონე „Walt Disney“, დევიდ ლინჩის, ტრანსგრესიის, სექსისა და ძალადობის გამოხატულებად მიჩნეული რეჟისორის ფილმის („უბრალო ისტორია“) გადაღებას თანხმდება.
ჩვენს შემთხვევაშიც, „ბაკურ სულაკაურის“ გამომცემლობა, რომელიც ალბათ ვერ იარსებებდა, რომ არა მის მიერ გამოცემული საბავშვო ლიტერატურა, ბეჭდავს ერეკლე დეისაძის „საიდუმლო სირობას“, მანამდე, ზაზა ბურჭულაძის „Adibas”-ს, წიგნებს, რომელთა დაბეჭდვაც ადრე, ვთქვათ A.K.Press-ში ან X-Press-ში თუ მოხერხდებოდა. ამ შემთხვევაშიც საქმე ამ პარადოქსთან გვაქვს, რომ „პოსტმოდერნიზმში ტრანსგრესიული ექსცესი კარგავს თავის სკანდალურ ფასეულობებს და მთლიანად ინტეგრირდება ხელოვნების არსებულ ბაზართან“.
რამდენიმე დღის წინ ლიტერატურულ კაფე „ლიგამუსში“ გაიმართა „საიდუმლო სირობის“ პრეზენტაცია. კონსულტანტი ასე უხასიათებდა მყიდველებს წიგნს: „ყველაზე დიდი საზიზღრობაა, რაც კი ოდესმე წამიკითხავს!“ ეს უკვე მშვენიერი რეკლამა იყო. ჩემი აზრით წიგნს, ჩვეული ანოტაციის ნაცვლად, სწორედ ასეთი ფრაზა მოუხდებოდა ყდაზე.
ერეკლეს შემთხვევაში ვერ ვხვდებით, სად მთავრდება თვითონ ავტორი და იწყება პერფორმანსი. თავისი პირველი წიგნის პრეზენტაციაზე (წიგნში 4 მოთხრობაა შესული) ის ზუსტად ბეგბედერივით არის გამოწყობილი. ამბობს რომ შუადღისას მობილურში რამდენიმე ზარი შემოვიდა და რომ პრეზენტაციის გაკეთების შემთხვევაში მას გაქრობით დაემუქრნენ, მაგრამ მის უკან კორპორაცია დგას, რომელიც ამას არაფრის დიდებით არ დაუშვებს.
არსებულ წესრიგში, როდესაც საგნები იკავებენ ადამიანების ადგილს, ნებისმიერი იარლიყი - უკვე კომპრომისია. ამიტომ ის ამბობს, რომ მორწმუნე, მართმადიდებელი ქრისტიანია, ქურდობა სურდა და აფხაზეთი მისი, ჩვენი, კიდევ ალბათ უცხოპლანეტელების ტკივილია... და ერთია ტექსტი, მეორე ის „ტიპი“, რომელიც ამ ტექსტს ქმნის. ასე რომ ტაბუს, სოციო-კულტურული ნორმებისა და სტერეოტიპების რღვევა, რაც მის მოთხრობებშია, შეიძლება მხოლოდ პერსონჟების საცხოვრებელ არეალში დარჩეს. და ეს არ არის ორმაგი სტანდარტები. რეალობა ანადგურებს ამბოხის უტოპიურ აბსტრაქციებს. ასე რომ დღეს შეიძლება ირუჯებოდე კანში და მეორე კვირას მიგყავდეს გადაცემა და აღტაცებული ლაპარაკობდე ლევ ტროცკიზე.
პრეზენტაციაზე ახსენეს ისიც, რომ საქმე ტრანსგრესიულ ლიტერატურასთან გვქონდა. ჩემი აზრით ეს უფრო თრეშ-ლიტერატურაა. თრეშსა და ტრანსგრესიულ ლიტერატურას შორის განსხვავება ის არის, რომ ტრანსგრესიულ ლიტერატურაში აღწერილი „გულისამრევი“, ავადმყოფური, ზღვარგადასული ქმედებები ან სიტუაცია თვითმიზანი არ არის. ეკოს შემთხვევაში კი მომენტებში ვხვდებით, რომ ზოგიერთი პასაჟი, მხოლოდ ჭკუიდან აწეული, განრისხებული, კონსერვატორი, მორწმუნე, კეთილშობილი მოქალაქისა და მკითხველის სახის წარმოდგენის შემდეგ არის აღწერილი:
„თითოეულ ჩვენგანს აქვს უფლება, სიცოცხლეში ერთხელ ჩაიდინოს რაღაც ამორალური, რათა საკუთარ ძალებში დარწმუნდეს.“ - წერს ეკო. მაგალითად ჟორჟ ბატაის, უილიამ ბეროუზის ან ირვინ უელშის არცერთი გმირი ამას არ იტყვის, არ დაიწყებს „თავის მართლებას“, მტკიცებას, რომ მას აქვს უფლება, ჩაიდინოს რაღაც ამორალური. არა, ეს უბრალოდ, თავისთავად ხდება. და ალბათ მთლიანად ეს წიგნიც 18 წლის ავტორისთვის, სწორედ საკუთარ ძალებში დარწმუნებაა.
რაიმონდ ჩანდლერი წერდა: „თუკი იდეები გაგითავდა, აიძულე ვინმე კარი შემოგიმტვრიოს და იარაღით ხელში შემოგივარდეს სახლში.“ ეკო დეისაძეც სწორედ ასე იქცევა.