• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
კრიტიკა/ესსე

ლიტერატურული ფარისევლობანი

×
ავტორის გვერდი ლელა კოდალაშვილი 00 , 0000 5185

 

ადამიანებს მხოლოდ ერთმანეთის მიმართ კი არ გვიყვარს მეტისმეტი მონდომების გამოჩენა - არაგულწრფელი ჰოტბა-დიდება, პანეგირიკი, უსაგნო, უსაფუძვლო ქება-ჟღურტული და ყალბი ღირებულებების შეთხზვა...

იგივეს ვაკეთებთ, როცა საქმე ლიტერატურას ეხება. ერთი მარტივი რამ არ გვესმის – არ არის აუცილებელი, კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოების (თუნდაც შედევრის)დადებითი პერსონაჟი გავაიდეალოთ და მას არარსებული თვისებები მივაწეროთ. კარგად რომ დავფიქრდეთ, მივხვდებით, რომ ტექსტის მოწონება გმირის დაუმსახურებელი ქების გარეშეც შესაძლებელია. გარდა ამისა, როცა საქმე საუკუნეების წინანდელ პერსონაჟს ეხება, ადვილი შესაძლებელია, მისი, როგორც ადამიანის უნაკლობას ყავლი გაუვიდეს, რადგან, დროთა განმავლობაში, თვისებათა გადაფასება, ფასეულობათა მეტამორფოზა ხდება. ხელოვნების ნაწარმოები მკვდარი სუბსტანცია არ არის. მისი საწყისი ცოცხლობს, სუნთქავს, ფერს იცვლის - ხან სიძველისგან ჟანგდება, საერთო ნიჰილიზმისა და დეკადანსის ნაკადს უერთდება, ხან კი ფასი ემატება, როგორც მუხის კასრში დავარგებულ ღვინოს. ჩვენც ვსუნთქავთ, აზრებსა და შეხედულებებს ვიცვლით, ახალი დამოკიდებულებები, თვალსაზრისები გვიჩნდება. და განა შესაძლებელია, ათი, ოცი, ოცდაათი და ორმოცდაათი წლის წინ დაწერილი სახელმძღვანელო, გმირის მასში გაანალიზებული თვისებები, ფსიქოლოგიური არსი დღესაც შეუცვლელი კანონი იყოს ჩვენთვის? განა შეიძლება, საუკუნეების წინანდელი მორალური ფასეულობები ინსტრუქცია იყოს დღევანდელი ადამიანისთვის?

თავის დროზე ამ ნაწარმოებების შესახებ დაწერილმა, ახლა უკვე კლასიკად ქცეულმა ლიტერატურულმა წერილებმა მთავარი გზამკვლევის ფუნქცია იკისრა უფრო მეტად პედაგოგებისთვის, ვიდრე საზოგადოების დანარჩენი ნაწილისთვის, რადგან ეს უკანასკნელი სკოლის ან უმაღლესი სასწავლებლის დოგმატურ შეხედულებათა და სქოლასტიკურ მსჯელობათა გისოსებში ნაკლებადაა მოქცეული და საკუთარ თავსაც მეტ თავისუფლებას აძლევს. მაგრამ არც ნეოფობიით განმსჭვალულ პედაგოგებს დაქვემდებარებული ადამიანების რიცხვია ხელწამოსაკრავი – მოსწავლეები, მათი მშობლები, და-ძმები და ახლობლები...

ჩვენს ქვეყანაში მთავრობები საკმაო სიხშირით იცვლებიან. პერესტროიკიდან მოყოლებული, ერთ პოლიტიკურ ძალას მეორე – რადიკალურად დაპირისპირებული მთავრობა ცვლის, მაგრამ ლიტერატურული ფარისევლობანი კვლავინდებურად უცვლელი რჩება, რადგან პროგრამა, რომლითაც ვხელმძღვანელობთ, ლიტერატურათმცოდნეობის ძველ სახელმძღვანელოებს მოიცავს, რომელთაგან ბევრი ფასეული და მნიშვნელოვანია, მაგრამ ბევრი რამ აშკარად საჭიროებს ლიტერატურულ რევიზიას.

მე არაერთხელ ვცადე, გავსაუბრებოდი ქართული ენისა და ლიტერატურის პედაგოგებს. ზოგიერთი ნაწარმოების პერსონაჟის უარყოფით თვისებებზე ყურადღებაც გავუმახვილე, მაგრამ თითქმის ერთი და იგივე, დაზუთხული პასუხი მივიღე. უფრო გასაგები რომ იყოს ეს ყველაფერი, რამდენიმე ლიტერატურულ მაგალითს განვიხილავ.

ჯერ ფოლკლორული ნიმუში აიღოთ, სადაც არანაირი პასუხისმგებლობა შემთხზველის წინაშე არ გვავალდებულებს, პერსონაჟები გავაიდეალოთ. თუმცა კი, დღემდე მიჩნეულია, რომ ხალხური ზღაპრის, ,,ეთერიანის” ფაბულა აგებულია კეთილისა და ბოროტის დაპირისპირების კლასიკურ შემთხვევაზე. ცხადია, გავრცელებული აზრით, ,,კეთილი” პერსონაჟები არიან აბესალომ და ეთერი, ხოლო მურმანი - ერთადერთი ბნელი ძალა, რომელიც ამ სიკეთეს ასამარებს. არადა, გონების დაძაბვა არ სჭირდება, უბრალოდ, მივყვეთ ამბავს და ყველა გმირს თავისი ადგილი მივუჩინოთ.

მხოლოდ იმის გამო, რომ ეთერს მკბენარი ,,შეზდინდა ტანზედა, ხამსა და ხამსა უცვლიან, ბირნა ავიდა თავზედა”, აბესალომი გულგრილად თმობს საყვარელ ქალს და ამბობს, ,,ვის გინდათ ქალი ეთერი, მე სანადიროდ მივალო” (სხვათა შორის, ამ ნიუანსზე, თავის დროზე, ჩემმა შუათანა გოგონამ გამიმახვილა ყურადღება, რომელიც მაშინ 5 წლის იყო და არანაირი პასუხისმგებლობა არ ჰქონდა, პედაგოგის მიერ ნაკარნახევი მოსაზრება გაეზიარებინა. ასეთ ასაკში ბავშვები გაცილებით ნამდვილები არიან ხოლმე, რადგან ჯერ არ იციან ფარისევლობის და ამ თვისების მეშვეობით საზოგადოებაში დამკვიდრებული კონსენსუსის შესახებ. რამდენიმე წელიწადში იგივე ბავშვმა, ამჯერად უკვე სკოლიდან, სულ სხვა თვალსაზრისი მოიტანა და ვეღარ გარკვეულიყო, რატომ არწმუნებდა მასწავლებელი აბესალომის კეთილშობილებაში, როცა ასე არ იყო...). დავუბრუნდეთ აბესალომს. მის გულგრილობას ღვარძლიანობა, შური და ვერაგობაც ემატება, როდესაც ძმადნაფიც მურმანს სასიკვდილოდ აგზავნის (მან ხომ არ იცის, რომ ეთერის დაკარგვა მურმანის დაგეგმილია). სიკვდილის წინ კი კიდევ ერთხელ ავლენს ეგოიზმსა და ბოროტებას, როცა ეთერს მოუწოდებს: ,,ეთერო, დახსენ ძუძუნი, ჩემთან შენც დასთმე თავია”, რის შემდეგ ეთერი მართლაც ამბობს: ,,აბესალომის დანაო, ჯიბეს მიდევხარ განაო, ამოგიღებ დ დაგიცემ მარჯვენა ძუძუსთანაო.” ბავშვები ხვდებიან, რომ აბესალომი მთელ ამ ისტორიაში ვერაგობით, კაცთმოძულეობით და ეგოიზმით გამორჩეული პერსონაჟია. მაგრამ ფოლკლორისტები, ფილოლოგები და სხვა ზრდასრული ადამიანები საკითხს ასე სვამენ: ,,როგორ, აბა, მურმანის გამართლება გინდათ?”, ,,კი, მაგრამ, ზღაპარში კეთილის და ბოროტის ჭიდილი უნდა იყოს აღწერილი, ასე კი ქარგა ირღვევა” ვფიქრობ, პედაგოგთა ამ არგუმენტებზე კომენტარიც კი ზედმეტია.

რაც შეეხება ეთერს, ის, ცხადია, მსხვერპლია, თუმცა, უბიწო მსხვერპლის ტიტულს არ იმსახურებს. პირველი – მას არ გააჩნია საკუთარი აზრი, გრძნობა, პროტესტი. ის მარიონეტს უფრო ჰგავს, ვიდრე ადამიანს. ჯერ აბესალომს მიჰყვება ცოლად, შემდეგ კი, როცა აბესალომი გაწირავს, ის უმტკივნეულოდ გადათამაშდება მურმანზე... ქმარსვე აძლევს პირობას, რომ არსად წავა მის ჩამოსვლამდე, თუმცა კი ამ პირობას მალევე არღვევს და აბესალომთან მიდის, სადაც ამჯერად უკვე მის ნებას დაჰყვება და თავს იკლავს.

საბოლოოდ დასკვნა ასეთია, რომ ,,ეთერიანის” პერსონაჟები ერთმანეთზე უფრო ნეგატიური თვისებების მატარებელნი არიან და ამ ნიშნით მხოლოდ მურმანის გამორჩევა უსამართლო და მიზანშეუწონელია.

იქნებ ბევრად უფრო მართებულია, რომ პერსონაჟებში ადამიანი დავინახოთ, რომელიც ღირსებებთან ერთად სისუსტეებს ატარებს? ავიღოთ იაკობ ხუცესის თხზულება, ,,წამებაი წმინდისა შუშანიკისი”. გასაგებია, რომ ძეგლი აგიოგრაფიულია, და ჟანრის კანონის თანახმად, მოთხრობილია შუშანიკ დედოფლის ეგზოტერიკული მოწამეობისა და სიკვდილის შესახებ. მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ლიტერატურის მკვლევრებს, ფსიქოლოგებს, ან თუნდაც განათლების სისტემაში მომუშავე ადამიანებს არ ჰქონდეთ უფლება, გარკვეული კორექტივები შეიტანონ, გნებავთ, მთავარი გმირის დახასიათებაში, გნებავთ - თხზულების ჟანრში... და ეს არანაირად არ ნიშნავს იმას, თითქოს ამით ნაწარმოების მხატვრულ ღირსებას, მის რელიგიურ-იდეალისტურ მიზანსწრაფვას რამე აკლდებოდეს. დაფიქრდეს ყველა ის პედაგოგი, ვინც შუშანიკის პიროვნებას, როგორც ქართველი ქრისტიანი ქალის იდეალს, ისე აწვდის თავის მოსწავლეებს, დაფიქრდეს იმაზე, თუ თავად რამდენად ემხრობა შუშანიკის გადაწყვეტილებას, მის ამა თუ იმ ქმედებას, თავად რამდენად თანაუგრძნობს მას.... ჩემ მიერ ჩატარებულ მცირე სტატისტიკას თუ დავეყრდნობით, რომელიც საშუალოდ ასიოდე პერსონას ითვლის, თითქმის ყველა გამოკითხული ადამიანი აღშფოთებულია შუშანიკ დედოფლის უკიდურესად აგრესიული ქმედებებით, რელიგიური ფანატიზმით, უაზრო და უმისამართო თავგანწირვით. ყველაზე მეტად კი ჩემს რესპონდენტებს აღელვებთ ის, რომ შუშანიკი ცუდი დედაა. გახსოვთ ალბათ: ,,და ვიდრე მუნ ჟამადმდე მოვიდიან შვილნი იგი მისნი ხილვად დედისა თჳსისა, ხოლო რაჟამს მიაქცინეს და უვარ-ყვეს ღმერთი, ვერღარა იკადრეს ხილვად მისა, არამედ სახელი-ცა მათი სძაგდა სმენად.” ისინი თვლიან, რომ ქალის მიერ შვილებისგან ზურგშექცევას არანაირი გამართლება არა აქვს, რადგან ამქვეყნიურ ცხოვრებაში დედის უპირველესი მოვალეობა სწორედ მათი სამსახურია, რაც თავის თავში სწორედ უფლისადმი სიყვარულს მოიცავს.

აღნიშნავენ იმასაც, რომ შუშანიკი უსამართლო და გაუწონასწორებელი ადამიანია. გავიხსენოთ, როგორ ექცევა ის უდანაშულო რძალს: ,,განყარა ჴელი და ჭიქაჲ იგი პირსა შეალეწა და ღჳნოჲ იგი დაითხია.”

ჩემს რესპონდენტებს შორის არიან ისეთებიც, რომელთაც ღირსეული ქალის, მით უფრო, დედოფლის მიმართ სხვა მოთხოვნებიც აქვთ, რასაც შუშანიკი ვერ აკმაყოფილებს: ,,...დაუსივდეს ფერჴნი მისნი და თხრამლი აღმოსდიოდა ადგილდ-ადგილდ. და წყლულებანი დიდ-დიდნი იყვნეს და მატლი-ცა დასხმულ იყო წყლულთა მათ, რომელ-იგი აღიღო ჴელითა თჳსითა და მიჩუენებდა მე და ჰმადლობდა ღმერთსა. და თქუა: "ხუცეს, ნუ მძიმე გიჩნ ესე, რამეთუ მუნი იგი მატლი უდიდჱს არს და არა მოკუდების". და მე, ვითარცა ვიხილე მატლი იგი, მოუგონებელად დიდად მწუხარე ვიყავ და ვტიროდე ფრიად. კუალად მრქუა მე რისხვით: "ხუცეს, რად

მწუხარე ხარ? ვიდრე უკუდავთა მათ მატლთა შეჭმასა, უმჯობჱს იყავნ ამათ მოკუდავთა შეჭმაჲ აქა-ვე ამას ცხორებასა".

ალბათ არაერთი კანონიკური მორწმუნე შემომედავება და მეტყვის, რომ მარტვილობა თავის თავში მოიცავდა ხორციელ გვემას, მაგრამ ვინ დააწესა ეს წესი, ვის სჭირდებოდა ღვთისადმი სიყვარულის ამგვარი დასტური, რა ფასეულობა ფასდებოდა მატლებდასეული, ჩირქიანი, მყრალი სხეულის დემონსტრირებით, იქნებ აგვიხსნას ვინმემ? განა დედოფალს სარწმუნოების მიმართ ერთგულების გამოხატვა ქმრისგან უბრალო განდგომით და ლოცვით არ შეეძლო? განა ეკლესიის მსახურებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ეპატიება საერო პირს? გარდა ამისა, ნებით თუ უნებლიეთ, შუშანიკი სუიციდურ ფსიქოტიპად გვევლინება. ის უარს ამბობს ხუცესის დახმარებაზე – ჭრილობების მორჩენაზე, კვებაზე და ამით წინ აღუდგება როგორც ღმერთის, ასევე თავისი მოძღვრის ნებას - არ თქვას უარი ღვთით ბოძებულ სიცოცხლეზე... ის ყველას და ყველაფერს ეურჩება, თითქოს უნდა, აჩვენოს ვარსქენს, თუ რა უკიდურეს ზომებს იღებს მისი საქციელის პასუხად. შუშანიკის პროტესტი ისტერიაში მყოფი ჯიუტი ადამიანის ქმედებაა, რაც გვაფიქრებინებს, რომ მთელ ამ ისტორიაში საქმე გვაქვს ოჯახურ, სასიყვარულო დრამასთან და არა ქრისტიანობისთვის თავდადებული დედოფლის მარტვილობასთან. გავიხსენოთ მისი ნათქვამი ქმრის მიმართ: ,,მე თუ კარად ანუ ჩორდ წარმცე, ვინ უწყის, თუ მუნ კეთილსა რას-მე შევემთხჳო და ბოროტსა ამას განვერე”. ამ სიტყვებით ერთგვარად ნიშნს უგებს ვარსქენს და ისიც ეჭვიანობისგან განრისხებული პასუხობს: "ნუუკუე მთავართაგანსა ვის-მე ეცოლოს"... და ამის მერე სადმე წასვლას აღარ სთავაზობს.

ასე რომ, იოლaდ სავარაუდოა, რომ სწორედ ვარსქენის მიერ სპარსთა მეფის ასულის ცოლად მოყვანაა მისი ოჯახის ტრაგედიის სათავე, რასაც, ბუნებრივია, თავმოყვარე დედოფალი არ აღიარებს და თავის განრისხებულ ქმედებებს ქმრის სარწმუნოების შეცვლით ხსნის. შუშანიკი სიყვარულის სიწმინდის, ღირსების დამცველი ტრაგიკული ქალია და არა სარწმუნოებას შეწირული წმინდანი. ცხადია, ეს მოსაზრება მის პერსონას კიდევ უფრო ამდიდრებს, კიდევ უფრო ხელშესახებს და ნამდვილს ხდის, რაც მთავარია, გაცილებით მეტ თანაგრძნობას იმსახურებს.

ერთგვარი რევიზია სჭირდებათ ,,ვეფხისტყაოსანის” პერსონაჟებსაც, რომლებიც გაიდეალიზებულნი არიან მკვლევრების მიერ. ვიცი, რომ შემომედავებით და მეტყვით, რომ ისინი გარკვეულ სიმბოლურ დატვირთვას ატარებენ და უმართებულოა, განვიხილოთ მათი მიწიერი თვისებები.

მაგრამ „ვეფხისტყაოსნის“ სიუჟეტს საფუძვლად დრამატული ამბავი უდევს, რაც შესაბამის გავლენას ახდენს გმირების მოქმედებებზე, თვისებებსა და სულიერ განწყობაზე. რუსთველოლოგიაში არსებული მოსაზრება პერსონაჟების, როგორც ლიტერატურულ-ფილოსოფიური სიმბოლოების შესახებ, საბოლოოდ მიწიერი, ხელშესახები ადამიანების სახით გამოისახება, რომელთა შორისაც მკითხველი სულიერ ნათესაობას ესწრაფვის და ცდილობს, მოახდინოს იდენტიფიცირება თავის თავში წარმოდგენილ ადამიანურ იდეალებსა და პოემაში დახატული პერსონაჟებს შორის. თუმცა, ,,ვეფხისტყაოსნის” დიდებული გმირები ხანდახან გაუმართლებელ მოქმედებას სჩადიან და დაბნეული მკითხველი ლამობს, გაერკვეს, საქმე რომელიმე მხატვრულ-ფილოსოფიურ ალეგორიასთან აქვს და ამიტომ შემწყნარებლობის გამოჩენა მართებს თუ გმირების ადამიანური ნიშან-თვისებების ტრანსკრიფცია მარტივად უნდა მოახდინოს და თავს განსჯის უფლება მისცეს. სამწუხაროდ, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ნაწარმოების მიმართ მოწიწება პერსონაჟებზეც გადააქვთ ხოლმე და მიაჩნიათ, რომ მხოლოდ პოემა კი არა, მისი მოქმედი პირებიც ,,ხელიხელ საგოგმანები” არიან. თუმცა კი, ისინი ყოველთვის არ იძლევიან ამის საშუალებას.

დავიწყოთ ტარიელით, რომელიც გარდა იმისა, რომ რაინდის კვალობაზე მეტისმეტად, კომიკურად ემოციურია, დაუნდობლობით და სისასტიკითაც გამოირჩევა:

,,მონათა ხელი გამართეს მის ყმისა შესაპყრობელად.

მან, გლახ, იგინი დახადნა მტერთაცა საწყალობელად:

ჰკრა ერთმანერთსა, დახოცნა თავსა ხელ-აუპყრობელად,

ზოგსა გადაჰკრის მათრახი ქვე მკრდამდის გასაპობელად.” ხოლო ნესტანის რჩევით, რომელიც ასევე უკადრისი საქციელისკენ – სასიძოს მიპარვით მოკვლისკენ უბიძგებს თავის მიჯნურს, ტარიელი უსიტყვოდ ასრულებს ბრძანებას: ,,კარვის კალთა ჩახლათული ჩავჭერ, ჩავაკარაბაკე, ყმასა ფერხთა მოვეკიდე, თავი სვეტსა შევუტაკე.” გარდა სისასტიკისა და მუხანათობისა, ტარიელი ფლიდი და მატყუარაცაა, რა მოტივითაც არ უნდა იყოს ეს საქციელი ნაკარნახევი. როცა მეფე უსაყვედურებს: ,,ხვარაზმშას სისხლი უბრალო სახლად რად დამადებინე?თუ ჩემი ქალი გინდოდა, რად არა შემაგებინე?” ტარიელი პასუხობს: ,,მე, თქვენმან მზემან, მაშოროს ნდომა თქვენისა ქალისა!”იქვე: ,,შენი ქალი არად მინდა, გაათხოვე, გამარიდე!”

უცნაურია თინათინის უცხო მოყმის მიმართ ცნობისმოყვარეობაც. მხოლოდ და მხოლოდ ამ ახირების გამო, ის არ ინდობს თავის მიჯნურს – ავთანდილს და უბრძანებს მას: ,,სამსა ძებნე წელიწადსა იგი შენი საძებნარი”, რასაც ავთანდილი მორჩილად ასრულებს. მართალია, პოემა სიყვარულისადმი მიძღვნილი ჰიმნია, რომლის შესრულება ნაწარმოების მთავარ გმირებს აკისრიათ, მათ გადაულახავი დაბრკოლებების დაძლევა მართებთ, რათა შეასრულონ უზენაესი მისია, მაგრამ პერსონაჟებს მოვლენების დრამატული განვითარება გამოუვალ სიტუაციებში აყენებს, საიდანაც ხანდახან უბიწოდ ვერ გამოდიან. ასე ემართება ავთანდილსაც, რომელსაც ფატმან-ხათუნი სასიყვარულო წერილს სწერს. მისი პირველი რეაქცია ასეთია: ,,რა უთქვამს, რა მოუჩმახავს, რა წიგნი მოუწერია!" მაგრამ როცა დაფიქრდება და გაიაზრებს, თუ რა სამსახური შეიძლება გაუწიოს ამ ქალთან ურთიერთობამ, წერს: ,,მიუწერა: "წავიკითხე შენი წიგნი, ჩემი ქება. შენ მომასწარ, თვარა შენგან მე უფრო მჭირს ცეცხლთა დება.”

გაქნილი და ,,შებერტყილი” ავთანდილი არც სისხლისღვრას გაურბის. ფატმანის მოწოდებით კლავს უცხო ყმას ისე, რომ მის შესახებ არაფერი იცის.

ერთი ჩემი ძველი მეგობრის დედა ამბობდა: რა საბრალო არსებები ვართ ეს ქალები. ჩვენზე ჯერ მამა ბატონობს, მერე ქმარი, მოგვიანებით კი შვილიო... გამოდის, რომ დღემდე ბევრი არაფერი შეცვლილა. მე-XIX საუკუნის 80-იან წლებში კი ქართულ ლიტერატურაში გამოჩნდა ქალი პერსონაჟი, რომლის ემანსიპირებულობა, პატრიარქალური საზოგადოებისგან თავდაღწევა ავტორმა მხოლოდ მისი დაქვრივებით შეძლო. ისევე, როგორც ეკატერინე გაბაშვილის მაგდანა ან ნიკო ლომოურის დეიდა სიდონია, ილია ჭავჭავაძის ოთარაანთ ქვრივიც ქმრის სიკვდილის შემდეგღა ხდება ბორკილახსნილი. მწერალიც თითქოს მმართველი მამაკაცის გაქრობის შემდეგღა აძლევს ქალს უფლებას, დატკბეს დამსახურებული თავისუფლებით. მე-19 საუკუნის ავტორი ჯერჯერობით ვერ ბედავს საზოგადოებასთან კონფლიქტს, არ თელავს მის ღირებულებებსა და ტრადიციებს.

და მიუხედავად ამისა, ოთარაანთ ქვრივი მაინც თვალშისაცემი, კაშკაშა პერსონაჟია. ის არაფრით არ ჩამოუვარდება ღირსეულ მამაკაცს და ამიტომ მწერლისგან თამამად ეძლევა ყველა ის ტვირთი, რაც კაცმა შეიძლება ამგვარივე ღირსებით ზიდოს. ავტორმა საზოგადოებას აჩვენა, რომ ქალი მამაკაცის თანასწორია თუნდაც იმით, რომ საკუთარი ხელით შეუძლია ბარვა, თოხნა, მარგვლა, თესვა. ,,მითამ მე რითა ვარ ნაკლები აიმ დამპალ გოგიაზედ! თუ იმასა ჰშვენის ბარი და თოხი, მე რაღა ღვთისაგან შერისხული ვარ. რა ვუყოთ, რომ ის მამაკაცია და მე დედაკაცი. მითამ ჩემზედ წინ რით არის?” - ამბობს ოთარაანთი.

მაგრამ მიუხედავად მთელი რიგი დადებითი თვისებებისა, ოთარაანთ ქვრივის დღემდე დედისა და ზოგადად ქალის იდეალად მიჩნევა გარკვეული გაგებით გაუმართლებელია. ეს ის შემთხვევაა, როცა ახალმა საუკუნემ ახალი ფასეულობები მოიტანა და ეს პერსონაჟი მხოლოდ იმ ეპოქის ძეგლად აქცია.

სავარაუდოდ ორმოცი-ორმოცდახუთი წლის ოთარაანთ ქვრივი სქესჩამქრალი, და ამიტომაც, ნაადრევად დაბერებული ადამიანია. აბა, დავფიქრდეთ, ბავშვობიდან მოყოლებული, მისი სახით ღრმად მოხუცი თუ არა, ხანშიშესული, ნაოჭებით დაღარული ქალი მაინც ხომ წარმოგვიდგება. მისი ქალურობა ქმრის სიკვდილის მერე დაიტკეპნა, გაისრისა. მის აღქმაში ერთადერთი ყურადღების ცენტრში მყოფი მამაკაცი გიორგიღაა, თუმცა ის შვილია და ოთარაანთ ქვრივიც ღრმად დამარხულ ქალურ თვისებებს – ეჭვიანობას, მესაკუთრულ გრძნობას, მისთვის საკუთარი აზრის თავს მოხვევის მცდელობას – გიორგისთან ახორციელებს. მას ქალობის არეალი გაუქრა, ამიტომაც იძულებულია, მამაკაცად ,,იქცეს”. ამის გამოა თუნდაც, რომ საკმაოდ უკმეხია, და რიგ შემთხვევებში უზრდელიც კი (გავიხსენოთ კესოსთან მისი სტუმრობა და დიალოგი). თუმცა, ამ თვისებას სოფელიც პატიობს და ავტორიც. სწორედ ამიტომაა, რომ ჩვენც ლოიალურ განწყობას ვინარჩუნებთ. გარდა ამისა, მას ზომიერების გრძნობა ღალატობს და გიორგის თავისუფლებას ლახავს, არ უთმობს პირველობას და თავის დაქვემდებარებაში ამყოფებს მას. “თუმცა ასეთი იყო გიორგი, მაგრამ თავისი დედის ყურმოჭრილი ყმა იყო თითქმის. თუმცა კარგა მოზრდილი იყო, მაგრამ გიორგი სახლსა და ოჯახში ბატონობას არ შეეცილა დედასა. გვგონია, პირველობას და უფროსობას არც კი დედა დაუთმობდა...” რომ არა გიორგის წრეგადასულად დამთმობი ბუნება, რაც, როგორც წესი, ახალგაზრდებს ნაკლებად ახასიათებთ ხოლმე, აუცილებლად მოხდებოდა მძაფრი კონფლიქტი და ნაწარმოებიც სულ სხვა მიმართულებით – თაობათა მიერ ერთმანეთის უფლებების შელახვის თემაზე აიგებოდა.

ოთარაანთ ქვრივს სრულფასოვანი ოჯახი რომ ჰქონოდა, ან ქმრის სიკვდილის შემდეგ სოსია მეწისქვილეს შეყვარება და მასზე დაქორწინება შეძლებოდა, მისი წრეგადასული ფიქრები აღარ შეეხებოდა გიორგის: ,,ჩემგან მიდის, თითქო ძაფიც არ იჭერს; სხვაგან მიდის, თითქო თოკით ეწევიანო.— ჩემგან მიდის და პატარა ნაღველიც უკან არ ახედებს... განა აქ არა დაჰრჩა-რა!.. სხვაგან მიდის და სიხარული მარტო წინ აყურებინებს… განა ყველაფერი იქ არის, სულ ყველაფერი!.. — დაიკვნესა ხელახლად დედის გულმა.”

ქვრივი ცხოვრებისგან დაბეჩავებული, ქალობაგამოცლილი, ტრაგიკული ადამიანია და მისი შეცდომებიც ყოველივე ამ ზემოჩამოთვლილის ბუნებრივი შედეგია. მისაბაძია მისი უნარი, მედგრად გაუძლოს ყოფით გაჭირვებას და ოპტიმიზმის განცდით დაამკვიდროს სწორი და სამართლიანი აზრი, მისაბაძია მისი მცდელობა, ჩაწვდეს შვილის დარდს და ხელი არ შეუშალოს სურვილების შესრულებაში, მაგრამ მიუღებელია დედის ეგოცენტრიზმი ვაჟის მიმართ გრძნობებში, წვრილმან საკითხებში მისი დათრგუნვა და დამორჩილება; მიუღებელია, საკუთარი პიროვნებით ესოდენი გატაცება და თავისთვის მეტისმეტი უფლების მიცემა - აქაოდა, სამართლიანი ადამიანის სახელი მაქვს და ყველაფრის თქმა მეპატიებაო...

ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, უეჭველია დასკვნა, რომ ინდივიდუაილზმი და თვითმყოფადობა დაბრკოლებაა საზოგადოებისთვის საკაცობრიო ღირებულებათა, ტრადიციათა და მორალურ ნორმათა დამკვიდრების გზაზე, მაგრამ სწორედ ინდივიდუალიზმია ცხოვრებაში თუ ლიტერატურაში მოცემული რეალობა, რომელსაც უმალ თვალის გასწორება სჭირდება და არა ნორმირებულ იდეალად მოქცევა, უნიფიკაცია, საყოველთაო-უნივერსალურობის კანონთა რიგში ჩასმა. სწორედ ამიტომაც, სჯობია, აღვიქვათ სამყარო, ლიტერატურული პერსონაჟები და ზოგადად, ადამიანები ინდივიდუალიზმის ხიბლით და არა - არარსებული საყოველთაო ღირებულებების ყალბ ბურუსში ჩაძირულები.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული