- პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ ვლადიმირ სოროკინთან
(თარგმანი: პაატა შამუგია)
თქვენმა ტექსტებმა უკვე მოახდინა გადატრიალება საზოგადოებრივ ცხოვრებაში. რა როლი შეიძლება, დღეს მწერალს ჰქონდეს?
პირადად ჩემთვის, ლიტერატურა ცხოვრებისგან გამოყოფილია. ჩემი ტექსტები არავითარ კავშირში არაა იმასთან, როგორც ვცხოვრობ, მწამს და მიყვარს. მე ვცდილობ, გამოვათრიო რუსული ლიტერატურა იმ ობობას ქსელიდან, რომელშიც ის გაახვიეს უკანასკნელი ორი საუკუნის განმავლობაში. ის აზრი, რომ მწერალი წინასწარმეტყველი ან საზოგადოების მასწავლებელი უნდა იყოს – პირდაპირი შედეგია მეცხრამეტე საუკუნის მეორე ნახევრის არასწორი შეხედულებებისა. გარდა ამისა, აქ ორი მომენტი თამაშობდა მთავარ როლს: ერთი ის, რომ ამ დროს გაჩდნენ დოსტოევსკი და ტოლსტოი, და მეორე მხრივ, მართლმადიდებლობა შესუსტებული იყო. ანუ მწერლობამ დაიკავა მართლმადიდებლობის როლი, ხოლო მწერალმა წინასწარმეტყველის, პატრიარქის და ა.შ. სრული მარაზმია. მეორე მარაზმი დაიწყო ბოლშევიკების გამარჯვებიდან. ამ დროიდან ლიტერატურა იქცა სერიოზულ სახელმწიფოებრივ საქმიანობად. სწორედ სტალინს ეკუთვნის ის ამაზრზენი გამოთქმა: „მწერალი – ეს სულის ინჟინერია“. ამ დროს მწერალი უკვე ღმერთი იყო, ღმერთი, რომელიც მოკლეს ბოლშევიკებმა და რეინკარნირდა მწერლის სახით.
„ოპრიჩნიკის დღის“ პრეზენტაცია ეკატერინბურგში გამართეთ. მოსკოვში პრინციპულად არ გააკეთეთ?
ყელშია უკვე ეს მოსკოვური ფსევდოლიტერატურული ტუსოვკები. მოსკოვი გასუქებული და ამპარტავანია. დებილიზაციის ხარისხი იზრდება. თანაც, წიგნი ეკატერინბურგში დაიბეჭდა და მაღაზიამ «100.000 книг» შემომთავაზა, პრეზენტაციაც აქვე გაგვეკეთებინა.
თქვენ წერთ არსებული ხელისუფლების არარაობაზე. არ გეშინიათ შეტევების? თქვენი წიგნები ხომ უკვე დაწვეს...
ვისაც მგლის ეშინია, ტყეში არ უნდა იაროს (Волков бояться – в лес не ходить). მთავარია, ტექსტი გამოვიდეს, რეაქციები ნაკლებად საინტერესოა.
თქვენი ურალში გამგზავრება ძალიან ჰგავდა კოელიოს ციმბირში მოგზაურობას.
კოელიო არ მომწონს, ჯანდაბამდე გზა ჰქონია, მე ჩემი გზა მაქვს. საქმე ისაა, რომ დედაქალაქზე მეტად რუსეთის პროვინციები მიზიდავს. მოსკოვი ახალი „ოპრიჩნიკების“ ციტადელად იქცა. ქალაქისგან მხოლოდ უფერული ჩონჩხი დარჩა, მოსკოვი გოგონაა, რომელიც ადრე ლამაზი და სიმპათიური იყო, ახლა ის მოდელია სილიკონის მკერდით, გაქუცული ტრაკით და სასოწარმკვეთად დაბერილი ტუჩებით. კარგი ისაა, რომ ლექსების სახლში კითხვის ტრადიცია აღდგა. იკრიბება რაღაც ჯგუფი, ისინი მიდიან სახლში და კითხულობენ ბროდსკის, პუშკინს, თანამედროვე ავტორებს.
თქვენს ყურადღებას ვინ იქცევს თანამედროვეთაგან?
ახლა კაშკაშა ვარსკვლავებს ვერ ვხედავ. მეოცე საუკუნიდან შემომრჩა რამდენიმეს სიყვარული; ეროფეევი, იური მამლეევი, დმიტრი პრიგოვი, ვერა პავლოვა...
უკვე ნახეთ ხერმანისის სპექტაკლი, რომელიც თქვენი ტექსტის მიხედვით დაიდგა და ტექსტთან ადეკვატური იყო თუ არა?
და რატომ უნდა ყოფილიყო ადეკვატური? სპექტაკლი – ეს პარალელური პროდუქტია, რომელიც, როგორც ექო, მხოლოდ მიგვანიშნებს წიგნზე.
იშვიათია მწერლისგან ასეთი განცხადება. მწერლები, როგორც წესი, პედანტები არიან ასეთ ამბავში.
მე ძალიან ტიპური მწერალი ვარ, მაგრამ არ ვარ ტიპური რუსი მწერალი, მეტიც – არარუსი მწერალი ვარ, როგორც ასეთი.
თქვენ ერთმნიშვნელოვნად განაცხადეთ, რომ ახლა ლიტერატურის დრო აღარაა.
ეს მე ვთქვი?
დიახ! მხედველობაში გქონდათ, თუ არ ვცდები, ვიზუალური ხელოვნების უპირატესობა.
ა, ჰო. თუმცა რუსეთი მაინც გადავსებულია ლიტერატურით.
თეატრი? თეატრის დროც წასულია?
საერთოდ, იშვიათად დავდივარ თეატრში. ბოლოს ედუარდ ბოიაკოვის სპექტაკლზე ვიყავი და მომეწონა. ზოგადად, რაც რუსულ თეატრში ხდება, ეს სრული პორნოგრაფიაა. მსახიობების გამოსვლას რომ ვუყურებ, სირცხვილისგან სად წავიდე, აღარ ვიცი. მართლა ძალიან მრცხვენია.
თქვენ თანამედროვეობის დე სადს გიწოდებენ...
მარკიზ დე სადი მნიშვნელოვანი მწერალია. მაგრამ მისი პროზა საკმაოდ შეზღუდულია. ის მთელი ცხოვრება სასტიკი ტანჯვით ჭრიდა პრობლემას – სიამოვნების ძალადობისგან დამოუკიდებლობას. მე კი სხვა პრობლემები მაქვს...
ძალიან განიცადეთ, როცა თქვენი წიგნები სახალხოდ დაწვეს?
მე ვგრძნობ, რომ ჩემი წიგნები ბრაზიანი მოსახლეობის ხელში ხვდება ხოლმე. და ეს ხდება ჩემი ნების საწინააღმდეგოდ. მე უბრალოდ, ლიტერატურულ–ფილოსოფიურ პრობლემებს ვხსნი პერსონაჟების გავლით და ეს ვიღაცებს მაგრად ხვდებათ გულზე.
გიყვართ ძველი ფილმები?
ვაღმერთებ. საერთოდ, ყველა კარგი ფილმი უკვე გადაღებულია.
ასე შეიძლება ლიტერატურაზეც ვთქვათ: ყველა კარგი ლიტერატურა უკვე დაწერილია.
რა, ასე არ არის?!