• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
ინტერვიუ

ინტერვიუ ზურა ჯიშკარიანთან (წვდომა N1) – იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიორობოტი

×
ზურა ჯიშკარიანი
ავტორის გვერდი ალექსი ჩიღვინაძე 05 იანვარი, 2012 2833

 

Next - ზურა ჯიშკარიანი/ me – ალექს ჩიღვინაძე

“ცაში როცა ვიყურებით, ვხედავთ სამყაროს წარსულს...”

me:  საკუთარი არსებობა რომ წარმოვადგინოთ, როგორც პროექტი, რომელზეც განუწყვეტლივ ვმუშაობთ, ვიწყებთ და მერე თავისით გრძელდება, ინერციით... ვამუშავებთ, ვხვეწთ, ვცვლით მიზნებს, ამოცანებს. წარვუდგენთ სხვებს, მერე ვხვდებით, რომ შეიძლება, არც არავინ გვჭირდებოდა, რადგან საკუთარ თავთან ლაპარაკი უკვე ნიშნავს, რომ პარალელურად უამრავ ადამიანს ელაპარაკები და თან ყველა ისეთი ყურადღებით გისმენს, პატარა რამესაც ვერ გამოაპარებ. მოკლედ, შენს პროექტზე მოყევი რამე...

Next:  ალბათ ბევრი ადამიანი არსებობს მსოფლიოში, რომელიც გრძნობს, რომ საკუთარი "სიცოცხლის პროექტის" შემქმნელი და წარმმართველია, აუცილებლად იარსებებენ ეგეთი ადამიანები და მაგათი ძალიან მშურს. იმიტომ, რომ თუ საკითხს ამ მხრივ მივუდგები – ამ პროცესს შევადარებ რაღაც უცნობ უზამაზარ მისტიკურ კომპიუტერულ სოფტს, პროგრამას, რომელიც რენდომულად განუწყვეტლივ აგენერირებს ახალ პროგრამებს და ბრძანებებს, უშვებს ნეტში ისე, რომ არ რჩება დრო, დაამუშავოს პროგრამის ხარვეზები, უპოვოს კეთილგანწყობილი გარემო და ეს პროგრამები ხვდებიან სხვადასხვა კომპიუტერებში, ზოგი ისეთში, სადაც არავის ჭირდება მათი ფუნქციების ნაკრები, ზოგი ისეთში, რომ იმ კომპიუტერში ვირუსად იქცევა, კიბოს უჯრედად, რომელიც  უნდა მოკვდეს ან მოკლავს სხვა პროგრამებს და მგონია, რომ მეც ჩემი თაობის ბევრ სხვა ადამიანთან ერთად ასეთი რენდომული, ბრმა გენერირების შედეგად ნასროლი პროგრამა ვარ, პროექტი, რომელსაც მე, სამწუხაროდ, ვერ ვმართავ. 

ადრე, რომელიღაც არხზე ვნახე  კუების დაბადება, დედა კუ ტოვებს კვერცხებს ნაპირზე, საიდანაც იჩეკება უამრავი კუ და ყველა ეგრევე მირბის ოკეანისკენ – არცერთი კუ არ სვამს კითხვას – ვინ ვარ, რა მინდა, რა უნდა ვაკეთო... ყველა ეგრევე ჩატვირთული პროგრამით მიექანება გადარჩენისკენ. ასეთ ადგილებში, სადაც ჩვენ ვართ, არ რჩება დრო ასეთი კითხვების დასმისა და ანალიზისთვის.  აქ, ევრაზიაში, ჩვენ ვართ ჩვენი მოხეტიალე დედების და მამების სასქესო კომბინაციებით შექმნილი ბიორობოტები, ქვეპროგრამები მოყოლილები უაზრო, ქაოტური დიდი პროგრამების წნეხში, ასე რომ ჩემი სიცოცხლე, როგორც პროექტი, არასოდეს მეკუთვნოდა ბოლომდე მე და გარემოსთან "ადაპტაციის" თუ ბრძოლის გარდა, სულ მიწევს საკუთარ "პროექტთან" ჩხუბიც.

ალბათ ადამიანად არ უნდა ვითვლებოდე იქამდე, სანამ სხვების მიერ შექმნილ პროექტს,  რომელიც "მე" ვარ, ბოლოს არ მოვუღებ. მანამდე ყველა ვარიანტში დავრჩები ადამიანის პრე-ვერსიად. ამ პროექტს კი იმდენი მოდიფიკაცია უნდა გაუკეთდეს, სანამ არ განადგურდება თავისი პირვანდელი ბრმა სახით – დაწყბეული გენეტიკური მასალიდან, რისგანაც შევდგები, დამთავრებული მენტალური რუკებით და კომპასებით, რომლებიც ძალით ჩამტენეს.

ასე რომ ჩემი "პროექტი" არის ჩემივე პროექტის განადგურების [ტოტალური მოდიფიკაციის] მცდელობა, უცნობი "მეს" წმინდა გიორგის გალაშქრება -- ნაცნობი "მეს" გველეშაპის წინააღმდეგ, ტროცკის პერმანენტული რევოლუციის იდეის განხორციელება საკუთარი სხეულის საზღვრებიდან სხვა სხეულებით გაგრძელებული... 

me:  რამდენიმე დღის წინ, საავადმყოფოში გავახილე თვალი და ვტიროდი და ვკიოდი: ჯიბეები ჰეროინით მაქვს გატენილი და თავი საშიში აზრებით-მეთქი. ერთ პოლიციელს, რომელსაც ექიმმა მისცა ცნობა, რომ იმ ღამეს შეუძლებელი იყო ჩემი დაკითხვა, ვეკითხები, საიდან ძალა, რომ გააგრძელო სიცოცხლე-მეთქი... „აბა სხვა რა უნდა ვქნაო“ -- ძენ-ბუდისტურად მითხრა. ძირითადად კი პასუხები ერთმანეთს ჰგავს. მე თვითონ არ მაქვს ამაზე პასუხი. მგონია, რომ თვითგანადგურება არის ერთადერთი სწორი გამოსავალი. მხოლოდ მაგარი ბიჭები ჰოლივუდის ფილმებიდან ამტკიცებენ საპირისპიროს. და მგონი ამ თვითგანადგურებას მოჰყვება ის, რასაც შენ ეძახი სხვების მიერ შექმნილი პროექტის განადგურებას...

და რას იტყვი ამ პროცესების კულტურაში ტრანსლირებაზე ?

 Next:  "თვითგანადგურება" ჩემთვის პოზიტიური ტერმინია, იმ გაგებით, რომ ეს არის ის, რასაც დავარქვი საკუთარი პროექტის დაბრუნება, პროგრამის ტოტალური მოდიფიკაცია. მეორე მხრივ, კულტურისთვის და საზოგადოებისთვის ეს ნეგატიური პროცესია, იმიტომ, რომ ხშირ შემთხვევაში ასეთი მოდიფიკაციის დროს ალბათ მოგიწევს ისეთი ფუნდამენტური ხელშეკრულებების გაუქმება ან გვერდზე გადადება, რომელსაც ემყარება კულტურა, მაგრამ აქ ალბათ მთავარია, გახსოვდეს, რომ ყველა ეს "არსება" პირობითია და მხოლოდ ჩვენი მათდამი რწმენით იკვებება. ჩვენ ვართ, როგორც დამტენი ელემენტები ამ არსებებისთვის. როგორც მაშინ, როცა გძინავს და ხედავ სიზმარს და რამე საშინელ მონსტრებს, რომელთა არსებობის რეალურად გწამს სიზმარში და მხოლოდ გამოღვიძების ან სიზმრის ლუსიდური გაცნობიერების მერე ხვდები, რომ ესენი მხოლოდ კოშმარული სიზმრის პერსონაჟები არიან - ასეთი "გამოღვიძების" მერე ალბათ მთლიანად ხდება ყველა იმ პირობითობის თუ საგნების და ობიექტების  გაცნობიერება, რომელსაც გაცილებით ზემდეტ ყურადღებას ვანიჭებთ, ვიდრე უნდა მიენიჭოს. ჩემთვის პირადად გაცილებით საინტერესოა პროცესი, ვიდრე პროდუქტი, ცხოვრება რამე კონცეფციის დატესტვით, ვიდრე იდეოლოგია. ჩემი და ჩემი მეგობრების სიზმრები და სიმღერები, ვიდრე ზოგადად ქვეყნის კულტურული მდგომარეობა. ასეთ შემთხვევაში შენ, უბრალოდ, აკეთებ, რასაც აკეთებ და დანარჩენი სხვადასხვა ფორმით ტრანსლირდება თუ იბეჭდება "კულტურაში", რომელიც სხვა არაფერია თუ არა მკვდარი ემოციების მუზეუმი, ცნობები სასკოლო წიგნებისთვის და იერარქიული მონოლითი,  სხვადასხვა კლანების მიერ ამორჩეული ავტორების თავის ქალებისგან დადგმული ძეგლი.

მთავარია, ადამიანებმა საკუთარი არსებობა გადააქციონ სიცოცხლის კარნავალად, თავის ყოველდღიურობაში გახდნენ ბლოკბასტერების თუ დაბალბიუჯეტიანი დოკუმენტურის გმირები, მეორეა, როგორ აისახება ეს "კულტურაში". თუ ამ გზაზე მოგინდა თამაში ამ სათამაშოსთან, მაშინ აუცილებლად უნდა ითამაშო -- და თუ კულტურა კონსტრუქციაა, მაშინ შეგიძლია აირჩიო მისი ნაწილები და იჟონგლიორო -- ამ შემთხვევაში ძალიან საინტერესოა მედია ტაქტიკები, ის რასაც ქვია "culture jamming" და საკუთარი კონცეპტებისა თუ ვირუსების გავრცელება კულტურის არხებით. კოდური სიგნალების დაგზავნა არმიისთვის, რომელიც ყოველთვის ელოდება გადამწყვეტ სიგნალს "ყოველდღიურობის რევოლუციის" დასაწყებად. ალბათ ამ არხით შეიძლება საკუთარი არსებობების კულტურაში ტრანსლირება  -- თამაშით, საზოგადოებრივი მყარი როლების ტეხით და ყოველდღიური ცვლით. ერთ დღეს ანარქისტი ხარ, მეორე დღეს - სკოლის მასწავლებელი, მესამე დღეს - ემტივის ვარსკვლავი, მეოთხე დღეს - მოტომრბოლელი…

როლების გადანაწილების სისტემა ყველაზე თესლი პროგრამაა ბიორობოტების ჩასატოვებლად იერარქიულ "თამაშში". პირველ რიგში, ალბათ უნდა მიხვდე ამ როლების პირობითობასაც და დაიწყო მათი მორგება საკუთარ თავზე და ტეხა შიგნიდან. ზუსტად ასე უნდა გატეხო  ალბათ კულტურაც, სხვანაირად ის თვითგანადგურება, რომელზეც მე და შენ ვლაპარაკობთ, არასოდეს მოხდება "მთავარ არხებზე" იმ სახით, რა სახითაც ამას ვხედავთ და განვიცდით.

ერთი ასეთი იგავ-არაკი მოვისმინე : იყო და არა იყო რა, იყო ერთი ბიორობოტი, რომელმაც გადაწერა საკუთარი კოდი და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აუცილებელია დაინახოს ატომური აფეთქებების განთიადი ღამეში. ეს მისი ოცნება გახდა, მაგრამ იცოდა პატარა ბიორობოტმა, რომ ვერასოდეს მიუახლოვდებოდა იმ მისტიკურ წითელ ღილაკს, რომელიც უშვებს ამ ბომბებს

და მაშინ პატარა ბიორობოტმა დაივიწყა საკუთარი პროგრამა, დააყენა მასზე ტაიმერი და დააძინა პროგრამა 20 წლით.

ამ 20 წლის განმავლობაში მან დიდი სამხედრო და ფილოსოფიური კარიერა გაიკეთა, ძალიან მაღლა აიწია იერარქიულ კიბეზე, გახდა გენერალი და ერთ დღეს მას, როგორც სახელმწიფოს ყველაზე გამორჩეულ და ერთგულ რობოტს, დამსახურების ნიშნად გადასცეს ატომური ბომბის მართვის ჩემოდანი, თავისი წითელი ღილაკით.

ისტორია ასე მთავრდება:

ზის კაბინეტში გენერალი, მუხლებზე უდევს ატომური ჩემოდანი 

და იხსნებს მთელ ცხოვრებას

იღიმება

ხსნის ჩემოდანს

და აჭერს ღილაკს თითს.

 

ჭირი იქა, ქატო აქა,

არაყი იქა, ნარკატა აქა...

 

 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული