• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოლიტიკა

უსახელო და სახელიანი ნაბიჭვრები

×
ავტორის გვერდი პაატა შამუგია 00 , 0000 3398

მარკესი "პატრიარქის შემოდგომაში" საინტერესო ფაქტს აღწერს: პერსონაჟი დიქტატორი, რომელმაც უკვე მოასწრო ყველას დაშინება, დატერორება, ბავშვების ჩახოცვა და ა.შ. აი, ასეთი დიქტატორი ოთხშაბათობით რადიომიმღებთან ჯდება და უიღბლო სიყვარულზე დაწერილი რადიოპიესის გაგრძელებას ელოდება. უსმენს და თვალცრემლიანი ფიქრობს: კვდება თუ არა პიესის მთავარი გმირი ქალი? მისი უშიშროების სამსახური გაიკითხ–გამოიკითხავს და გაარკვევს, რომ - დიახაც, კვდება. არ მოკვდესო! – ბრძანებს დიქტატორი, იცოცხლოს, გათხოვდეს, შვილები დააჩინოს და სიბერემდე მიაღწიოსო.

ასეთია დიქტატორის სახე მარკესთან, ათასობით ადამიანების მკვლელი, ჩვილების მხოცველი დიქტატორი სრულიად უაზრო გულჩვილობას ავლენს. მაგრამ ამას სხვა ფსიქოლოგიური წინაპირობა აქვს: ის ამ გულჩვილობაშიც დიქტატორია, მას კათარზისზე მონოპოლია აქვს, ამიტომ მას სანამდეც უნდა, იქამდე გაწელავს, სასპენსს უსასრულოდ გაიგრძელებს.

როცა ორგანიზაცია "იდენტობამ" უსახლკაროთათვის თავშესაფრის აშენება განიზრახა, საპატრიარქოს პოზიცია ასეთი იყო: ჩვენ ამას არ დავუშვებთ და ვაი მას, ვინც ამას განიზრახავს! ვინმეს სიკეთის ქმნა თუ სურს, აგერ ვართ ჩვენ და მოგვმართეთ, ჩვენ გარეშე სიკეთე არ გამოვაო. როცა "ჩა"ეკითხნენ - მამავ ბატონო, ადამიანები ზამთარში უსახლკაროდ იყინებიან, ქუჩაში იხოცებიან და ალბათ თქვენ აპირებთ თავშესაფრის გაკეთებასო - ამაზე ჟურნალისტებმა კატეგორიული პასუხი მიიღეს მამა-ბატონისგან: არა, ჩვენ არ ვაპირებთ, მაგრამ სხვასაც არ გავაკეთებინებთო.

ერთი სიტყვით, ამ ქვეყანაში სიკეთეზე მონოპოლია ჩვენ გვაქვსო, არ ვაკეთებთ, მაგრამ მაინცო...

ადრე ქურდები ეკლესიებს აშენებდნენ. თბილისში ყველამ იცის, რომელი ეკლესია რომელი ქურდის აშენებულია. ერთგვარი ინდულგენცია იყო, ვაიდა, არსებულიყო ღმერთი, სადმე თბილ ბაითს გაუჩითავდნენ სამოთხეში. როცა მღვდლებს ამაზე ეკითხებოდნენ, მახსოვს, ისინი პასუხობდნენ, მერე რაა, მთავარია, სიკეთეს ემსახურება ეკლესია და რა მნიშვნელობა აქვს, ვინ ააშენაო.  

ცხადია, მამავ, სამაგიეროდ, უფლებამდაცველ ორგანიზაციას ეკრძალება სიკეთის გაკეთება, გაყინული ადამიანების შეფარება, მათი გადარჩენა. ეს საპატრიარქომ უნდა გააკეთოს. არა, საპატრიარქო ამას არ აპირებს, სულაც მაგ ღვთივკურთხეულ ფეხზე ჰკიდია ეგ შენი უსახლკაროები, მაგრამ მაინც...

და ამის მერე ზოგი "ინტელექტუალი" ბალანს აიშლის, როგორ ებრძვიან ამ კეთილ ინსტიტუტს, დეჰუმანიციაა ეგაო.

რამ გამოიწვია ეს ყველაფერი? ეს გამოიწვია ზოგის ნამეტნავად მონდომებულმა მცდელობამ, რომ, თითქოს ფუნდამენტალისტები და ანტიფუნდამენტალისტები ერთ მხარეს უნდა გაამწკრივო, რომ სიტყვით, ცივილიზებურად, პატიოსნად მოკამათე ადამიანი და სისხლსმოწყურებული მაფიოზა-ეპისკოპოს-მღვდლების ქცევა გაათანაბრო  და აღნიშნო, რომ ეს ერთი და იგივეა, რომ ორივე ძალადობაა.

საოცარი ლოგიკაა ის, რომ ფუნდამენტალისტებს (რომლებიც ხალხს ფიზიკურად უსწორდებიან და 94-პროცენტიანი, ყველაზე მდიდარი და გავლენიანი ინსტიტუტი ზურგს უმაგრებს) თურმე სჩაგრავს სამი-ოთხი კინკილა ინტელექტუალი და სასტიკად ატერორებს. ეს წყეული ინტელექტუალები ცემა-ტყეპის პასუხად იყენებენ ისეთ დამთრგუნველ (მავანი იტყოდა, მადეჰუმანიზებელ) იარაღს, როგორიცაა ბლოგები და ფეისბუკ-ჩანაწერები. პირდაპირ გული დამეთუთქა, ისეთ წამებულებად გამოჰყავთ ფუნდამენტალისტები. არა, კი სცემენ ხალხს და ინსტიტუტიც არათუ აჩერებს, პირიქით - ღიად აქეზებს, მაგრამ ამაზე ხმა არ უნდა ამოიღო და იდიოტები (კინაღამ წამომცდა, ყლეები-მეთქი) არ უნდა ეძახო თურმე, არაპოლიტკორექტული თუ არაჰუმანური ყოფილა. კი, უსახლკაროებს ფეხებზე იკიდებს  და არც თვითონ აპირებს თავისი 25 მილიონიანი დაფინანსებიდან რამე გადმოისროლოს, მაგრამ მაინც... არ უნდა შეედავო, რა სისასტიკეა! დეჰუმანიზაცია!

ასეთი ლოგიკის შედეგად, ჩვენ ვიღებთ სრულიად ქსენოფობიურ, სიძულვილზე ორიენტირებულ საზოგადოებას და რაც მთავარია, ამ სიძულვილის მკვებავ დრაკონს - სასულიერო ფენას, რომელიც უკვე ჩამოყალიბდა საქართველოს ყველაზე ძლიერ და მდიდარ კლასად, მსხვილ ბურჟუაზიად.

ასეთი უსინდისო და უპასუხისმგებლო "გაპრავების" შედეგია ის, რომ საეკლესიო მაფიოზები უკვე ყველა სფეროში აფათურებენ ხელებს და, აკადემიურად რომ ვთქვათ, ბესპრიძელს აწვებიან.

მესმის, რომ უმრავლესობის მხარეს ყოფნა კომფორტულია, მაგრამ რაღაც ლოგიკური ხაზი მაინც დაიცავით. მათ კი, ვისაც ეშინია "ბნელს" ბნელი უწოდოს (და ამას ხან რომელი ფილოსოფოსის უკონტექსტო ციტირებით ამართლებს, ხან უსუსტესი დემაგოგიით), ვუტოვებ ერთი კარგი კაცის კარგ ნათქვამს:

"აწ რომ ავი არ ვაძაგო, კარგი როგორ უნდა ვაქო?

ავს თუ ავი არ უწოდო, კარგს სახელად რა დავარქო?"

პ.ს. გიწვევთ ახალგაზრდა პოეტების საქველმოქმედო აქციაზე, რომელიც სწორედ ამ  თავშესაფრის კეთილმოწყობის მხარდასაჭერას ისახავს მიზნად.

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული