• პირველი სამამულო წარმოების არტპორტალი
პოეზია

პილოტი და სხვა ლექსები

×
ავტორის გვერდი გიორგი ჩუთლაშვილი 10 იანვარი, 2018 3084

პილოტი


მე პილოტი ვარ!
ჩემი თეთრი ლექსის ერთ-ერთ სტრიქონში
ვჯდები და მივფრინავ სამხრეთისკენ.
რთულ კონსტრუქციას მარტივად ვმართავ
და არ მაშინებს მოღრუბლული ცა,
არც სტრიქონების გაუმართაობა.
უსაფრთხოების ბალიშების
გარეშე ყოფნაც არ მაღელვებს.
მე მფრინავი ვარ!
ამაზონის ტყეებში
ბევრჯერ ვყოფილვარ,
პირდაპირ ლექსიდანაც
დავშვებულვარ პარაშუტით.
ჰოკაიდოს მთებზეც
გადამიფრენია.
ერთხელ,
ჩიტებთან ერთადაც
ვისაუზმე,
ლექსიდან გადმოუსვლელად
ნევადაში,
თუ, მასაჩუსეტში,
ზუსტად არ მახსოვს.
ახლა სამხრეთისკენ მივფრინავ.
რადიო შხრიალებს.
ბილ ევანსის მუსიკა შუა ნაწილში შეწყდა.
,,ახალი ამბები,, საშინელ ავიაკატასტროფაზე
საუბრით დაიწყო,
რომელიც,თურმე უამინდობამ გამოიწვია.
მდინარე ევფრატში ჩემი ლექსის ნაწილები
და პირადი ნივთები აღმოაჩინეს მყვინთავებმა,
მე დაკარგულად მცნობენ.
რა სიცრუეა... რა სისულელეა...
მე ცოცხალი ვარ, მე ისევ აქ ვარ,
ჩემს ლექსში ვზივარ და
თავს სრულიად უსაფრთხოდ ვგრძნობ.
შესაძლოა მართლაც დავიკარგო, მაგრამ
ამისთვის უკვე დიდი ხანია მზად ვარ...
მე ხომ უკვე წლებია ასე ვარ:
ხმელეთიდან სტრიქონზე.
სტრიქონიდან ცაში.
ხმელეთიდან სტრიქონზე...
 


ძილის წინ

უსინათლო მთვარის ჩრდილი
სიზმრის სარჩულად გამოვიყენოთ.
გავიხსენოთ პირადი ომები და
რეპრესიები.
გავიხსენოთ როგორ ვებრძოდით
სიკვდილს
და როგორ უცბად გადმოგვაგდო
მან ხომალდიდან,
რომელშიც შემოვრჩით ათწლეულები.
გამოგვეტენა ყბები სიცოცხლით
და გვიჭირს მისი
გადმოფურთხება
ამ მტვრიან გზაზე...
სადაც ყოველდღე
შორიდან ქალებს
თითო წყვილი ღრუბელი მოაქვთ
აუჩქარებლად
ხელის ურიკით...
და როგორც წამლებს ისე გვაწვდიან,
ჩვენ კი მათ თითქოს ენის ქვეშ ვიდებთ
და მოცვლილ თვალებს არ ვახამხამებთ...
არც გვცივა და არც გვწყურია,
ჩვენ მხოლოდ ვოხრავთ,
დაბანილ ტანს რომ ვამზეურებთ
მოწმენდილ ცის ქვეშ...
ჩვენ მხოლოდ ვოხრავთ...

           


ბათინკი

ჩემს გაცვეთილ ბათინკებს ვრეცხავ და
მენთოლიან საღეჭ რეზინს ვღეჭავ...
ლიფტიდან გამოსული ქალის
სუნამოს სურნელს
სააბაზანოში ვისაკუთრებ.
პატარა სარკმელს ვკეტავ,
და მაინც...
შუქნიშნის მეოთხე ფერზე ვფიქრობ!
ვდგავარ ფეხსაცმლის საწმენდი ჯაგრისით ხელში
და ვუყვირი გადამწვარ ნათურას,
რომელსაც სინათლე სიკვდილის ფასად დაუჯდა..
რა სიგიჟეა!..
მე ახლა შიშველი ფეხი არყოფნაში ჩავდგი,
სადაც მზე სუბტიტრების თანხლებით ჩადის...
ახლა არ ვიცი, სად ვარ.
ბათინკი სუფთაა!...



მაცდუნებელი  ლექსი

ძალ-ღონე მოვიკრიბე.
ფურცელი ამოვიღე
საწერი მაგიდის უჯრიდან
და წერა დავიწყე.
პირველი სტრიქონის
წერისას, ჰაერი არ მყოფნიდა
და
მარცხენა ფეხზე გამძვრალ
ფეხსაცმელს
მარჯვენა ფეხით
იატაკზე ვასრიალებდი.
მეორე სტრიქონის წერის დროსაც,
ღრმად ვსუნთქავდი და
უფრო და უფრო
მაცდუნებელი ხდებოდა,
ამ ლექსის შესავალი:

სუნთქვა მიჭირდა და
განათების ბოძთან ჩავიკეცე...
იქვე, ,,ბალახის ფოთლებში,, კატა იწვა
და კუდს ილოკავდა,
მე უიტმენს ვეძებდი ჩაკეცილი,
ცალი თვალით,
მაგრამ ის არსად არ ჩანდა.
მაშინ 400-ჯერ დავარტყი მიწას ხელი და
4-ჯერ ვაუწყე მას
ჩემი ზრახვები,
რომ ვუღალატებდი გამთენიისას,
როცა ეს ლექსი დასრულდებოდა
და საჰაერო ბურთით გავფრინდებოდი...

გავიდა დრო და
ლექსი დაუმთავრებელი დამრჩა.
ვერც საჰაერო ბურთით ვიმგზავრე.
მოვიდა დრო და
სიკვდილის ერთ-ერთი სავარაუდო პასუხი
გამეზარდა ფრჩხილივით და თვალი დაიდგა...

გუშინ, ფრანსუა ტრიუფოს ფილმი
გამახსენდა, სადაც ფილმის მთავარი გმირი
ყვავილებს ღებავს.
მე კედლების და განათების ბოძების ღებვა
დავიწყე.
თეთრი ფერი ქვამ წაიღო.
ლურჯი ფერი თვალმა წაიღო.

იქნებ დღეს მაინც დავამთავრო ეს ლექსი.
იქნებ მაცდუნებელი გამოვიდეს ლექსის
ბოლოც,
როგორც შესავალი.
ახლა მთავარია ჰაერი მეყოს.



თევზის კუდი. ძაღლის კუდი.


მოსაღამოვდა,
ავდექი
და
თევზი მოვხარშე.
ემალის ქვაბში,
ძველებურ გაზქურაზე.
(აწმყოს გავუსინჯე გემო
და, მეტი სიმჟავე შევამჩნიე
ჩემს პირველ წარსულს...)
მერე
ქვაბიდან ამოვიღე
მოხარშული
თევზის კუდი და
თეფშზე დავდე გასაგრილებლად.
ნიავზე ძაფის გამობმა ვცადე,
მაგრამ არ გამიმართლა,
ძაფი გამიწყდა,
არ გამიმართლა და
ხატვა დავიწყე
უბის წიგნაკში რატომღაც თვალების,
რომელიც არც შენია, არც ჩემია,
უბრალოდ თვალებია
თევზის თვალები...
ახლა ლიმონს ვჭრი და
რა საჭიროა, რომ მოვკვდე...
როცა შემიძლია მთელი საღამო
მოწყენილობით გამოვკვებო
ძაღლის კუდზე გამობმული მთვარე
დავემორჩილო ოთახის ფანჯრებს,
ვისკის ახალი ბოთლი გავხსნა
და გავიხსენო
ის დილა,
ხელისცეცებით
საცვლებს რომ ვეძებდით
მოპრიალებულ იატაკზე...
სადაც შენი ნაფეხურები ისე მკვეთრად ჩანდა,
როგორც კედელზე მიწისძვრის
შედეგად გაჩენილი დიდი ბზარები..



ნემსი და ძაფი

ნემსის ყულფში აღარ დარჩა ძაფი.
ძაფი განბანეს ნერწყვით და
მიაგდეს აღმოსავლეთით.
ჰოროსკოპების კითხვა, რომ დაამთავრეს,
საგიჟეთის პალატაში პოლიეთილენის პარკები
გაგვიშალეს ლოგინივით.
მე წყალი მომინდა, მას შხაპის მიღება.
ხელის დაბანაც ვერ მოვასწარით,
სასთუმალთან დაგვიდეს ერთი ნაჭერი შავი პური
და ნახევარი ჭიქა უასპირინო წყალი.
დაგვაწვინეს. ტემპერატურა დაეცა.
იყო ყვირილი;
,,დააბით ხორცი გაკრახმალებული,
დააბით ხორცი,,
ჩვენ ახლა არათანაბრად ვსუნთქავთ,
ფრჩხილები გვიხურს.

ნემსის ყულფში კი გაძვრნენ კრავები,
ბაბუაწვერას მინდვრები ხეხეს და გაძღნენ.
და გამოცხვა ჭვავის ქალი.
და გამოცხვა პური რენტდგენის სხივებში.
პილიგრიმები კი ამთქნარებდნენ და
თესავდნენ ნემსს და ძაფს.
ზამბახები ავრცელებდნენ განვლილი
საუკუნეების, რევოლუციების დემო ვერსიებს.
ნემსის ყულფში კი უკვე რამდენმა
ორთქლმავალმა გაიარა...
(მე ბევრჯერ მოვიზომე
ანაფორა შიზოფრენიის).
მადლენ, შეხედე,
როგორ გაიქცნენ ბავშვები კენკრის საკრეფად.
ალბათ, ნემსის ყულფში გატყორცნილ ქარსაც
მოერგებიან...
ტემპერატურამ იმატა.
ჩვენ ახლა თანაბრად ვსუნთქავთ...
,,აუშვით ხორცი გახამებული, აუშვით
ხორცი,,.
 

ამავე რუბრიკაში
  კვირის პოპულარული